მთავარი,სიახლეები

„ივანიშვილი ატარებს დიდ ტრიუკს, რომ პროექტი რაღაც ეტაპზე ჩაიშალოს“ – ინტერვიუ

13.11.2025 •
„ივანიშვილი ატარებს დიდ ტრიუკს, რომ პროექტი რაღაც ეტაპზე ჩაიშალოს“ – ინტერვიუ

„გოგა ხაინდრავა რომ ამბობს, 300 წელი არაბები იყვნენ საქართველოში და გაარაბება არ მოხდაო, გოგა ხაინდრავასნაირი ქართველები არ იყვნენ და იმიტომ – 300 წლის განმავლობაში ქართველები მუდმივ წინააღმდეგობას უწევდნენ არაბებს და „აბა ომი გინდათ?“ – არ უძახიათ ჩვენს წინაპრებს. ჩვენი წინაპრები პირდაპირი მნიშვნელობით იბრძოდნენ. აი, ეს არის მიზეზი, რატომაც არ გაარაბდა ეს ქვეყანა. მაგრამ სამწუხაროდ, როგორც ახლა ჩანს, ეს ქვეყანა გაგრუზინდა,“ – ამბობს პოლიტოლოგი ლელა ჯეჯელავა, მას არაბულ ინვესტიციებზე ვესაუბრეთ და „ოცნების“ ახალ გზავნილებზე.

პოლიტოლოგის დაკვირვებით, საქმე ივანიშვილის მორიგ ტრიუკსა და აფერასთან გვაქვს. ლელა ჯეჯელავას არ სჯერა, რომ არაბული ქალაქები მართლაც აშენდება საქართველოში.

„ჩემი ფრთხილი ვარაუდით, ეს არის რაღაც აფერა, ვიდრე რეალური ინვესტიცია. ამ აფერისგან ივანიშვილი ელის დიდ ფინანსურ სარგებელს… იმ გამოცდილებით, რაც გვაქვს მიღებული, მაგალითად, ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით, გონივრული ეჭვი ჩნდება, რომ შეიძლება, აი, ეს ინვესტიცია იყოს სწორედ – ნამახვანჰესი 2.

ივანიშვილი ამით შეიძლება ატარებდეს დიდ ტრიუკს – პროექტი რაღაც ეტაპზე ჩაიშალოს, დაეკისროს საქართველოს ძალიან დიდი კომპენსაციის გადახდა, შემდეგ ინვესტორთან შეთანხმებით ეს თანხები, ასე ვთქვათ, გადანაწილდეს,“ – მიიჩნევს ლელა ჯეჯელავა.

„ბათუმელებმა“ პოლიტოლოგ ლელა ჯეჯელავასთან ინტერვიუ ჩაწერა:

  • ქალბატონო ლელა, თქვენი აზრით, როგორ უყურებს „ოცნება“, პირველ რიგში, თავის ამომრჩეველს, რომელსაც ქართველობის დაკარგვით აშინებს, ამავდროულად კი ეუბნება, 300 წელი იყვნენ არაბები თბილისში, მაგრამ ამით საქართველოს საფრთხე არ შეჰქმნიაო. 

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერის ფობიები იყო მრავალგვარი: ეს იყო ეთნიკური  თუ რელიგიური ფობიები… ბოლოს, ისინი ძალიან დაკონკრეტდნენ და შემოიფარგლნენ მხოლოდ და მხოლოდ სექსუალური ფობიებით. აღმოჩნდა, რომ ქართველობის წართმევის საფრთხე დადის მხოლოდ სექსუალური ორიენტაციის საკითხზე: „კაცებს ვერ გაგვათხოვებენ“ – ამაზე დავიდა ბოლოს ქართველობის დაცვის მთელი „ფილოსოფია“.

რაც შეეხება არაბულ ინვესტიციას: მთავარ რისკებს ვხედავ არა ინვესტიციების წარმომავლობაში, არამედ მის გაუმჭვირვალობაში.

საამიროები შეერთებული შტატების პარტნიორი ქვეყანა, 6 მილიარდი კი ძალიან დიდი თანხაა. ის არ მიიღებს გადაწყვეტილებას ამ ოდენობის თანხის ჩადებაზე ისეთ ქვეყანაში, სადაც შეერთებული შტატებისთვის გარკვეული რისკები არსებობს. შეერთებულ შტატებში „ქართულ ოცნებას“ მოიაზრებენ, როგორც ანტიამერიკულ ხელისუფლებას. ასეთი განცხადებები კეთდება ამერიკელი კონგრესმენებისა და სენატორების მხრიდან. ამიტომ, პირველი სიცრუე, რომელიც გვაფიქრებინებს, რომ რაღაც ისე ვერ არის, როგორც უნდა იყოს, გახლავთ ის, რომ ეს არ არის ემირატების სახელმწიფო ინვესტიცია საქართველოში.

ლელა ჯეჯელავა

მეორეცაა: „ოცნების“ წარმომადგენლები გამუდმებით ამტკიცებდნენ, რომ ეს არის EMAAR ჯგუფის ინვესტიცია. აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ არის და არის კერძო ჯგუფის ინვესტიცია, რომელსაც EMAAR-თან მხოლოდ პერსონა აკავშირებს მმართველის სახით.

ეს ყველაფერი უკვე აღძრავს დანარჩენ ეჭვებს: რეალურად რამდენად არის ეს ინვესტიცია საამიროების პოლიტიკური გადაწყვეტილება?

კითხვებს რაც აჩენს, არის გაუმჭვირვალობა და ის, რომ კონტრაქტი არის გასაიდუმლოებული. კომერციული საიდუმლოება გასაგებია – არსებობს გარკვეული შემთხვევები, როდესაც ის უნდა იყოს დაცული, მაგრამ დამალო მთელი კონტრაქტი, ეს წარმოუდგენელია.

იმ გამოცდილებით, რაც გვაქვს მიღებული, მაგალითად, ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით, გონივრული ეჭვი ჩნდება, რომ შეიძლება, აი, ეს ინვესტიცია იყოს სწორედ – ნამახვანჰესი 2.

  • რატომ შეიძლება ეს აწყობდეს „ოცნებას“, რა ტრიუკს შეიძლება ატარებდეს ივანიშვილი?

ივანიშვილი ამით შეიძლება ატარებდეს დიდ ტრიუკს, რომ პროექტი რაღაც ეტაპზე ჩაიშალოს, დაეკისროს საქართველოს ძალიან დიდი კომპენსაციის გადახდა, შემდეგ კი, ინვესტორთან შეთანხმებით, ეს თანხები, ასე ვთქვათ, გადანაწილდება.

მეორეა ის, რომ საერთოდ არ მივიდეს ინვესტიციის განხორციელებამდე საქმე. ამ შემთხვევაში, რა ბედი ეწევა ამ მიწებს: ის რჩება ინვესტორის ხელში, თუ ის არის კვლავ ქართული მხარის საკუთრება? ესეც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და ვიდრე ეს არ გვეცოდინება, რა პირობით შედის ჩვენი მხარე ამ კონტრაქტში, ბუნებრივია, ვერ გვექნება პასუხები ვერაფერზე.

არაბული მხარის ინტერესი ჩემთვის სრულიად გასაგებია. ვიცით, რომ ყველაზე სერიოზული პრობლემა, რომელიც კლიმატური ცვლილებების პერიოდში ყურის ქვეყნებს დაუდგებათ, ეს არის წყლის რესურსების პრობლემა. ბუნებრივია, მომგებიანია ინვესტირება იმ ქვეყანაში, რომელიც არის წყლის რესურსებით განსაკუთრებით მდიდარი.

ივანიშვილი ამ მიწებს რომ არიგებს აქეთ-იქით, ეს ხომ ხალხის საკუთრებაა? გრძელვადიან პერსპექტივაში წყლის რესურსი ქართველი ხალხისთვის შეიძლება იყოს ისეთივე სიმდიდრის წყარო, როგორიც იყო ნავთობი, მაგალითად, ყურის ქვეყნების მოქალაქეებისთვის. დღეს ეს ყველაფერი გადადის ბიძინა ივანიშვილის ხელში, ერთი კაცის ხელში სრულიად გაუმჭვირვალე პირობებით.

ბუნებრივია, მოქალაქეების პოზიცია ამ დროს არის ნეგატიური და კრიტიკული, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, რომ ამ პროტესტით შემდეგ არ ისარგებლონ სხვა დაინტერესებულმა მხარეებმა.

  • ვინ შეიძლება ისარგებლოს პროტესტით, როცა მოქალაქეები ითხოვენ, პირველ რიგში, ინვესტორთან გაფორმებული ხელშეკრულების გასაჯაროებას?

ვფიქრობ, არაბული ინვესტიციების შემოსვლა ძალიან არ შედის რუსეთის ინტერესებში. ამიტომაც, ბუნებრივია, არ გამოვრიცხავდი, მათი დაინტერესებაც იყოს, პროცესი არ მივიდეს ბოლომდე.

ამ ეტაპზე ძალიან გაგვიჭირდება დასაბუთებული მსჯელობა, რადგან წარმოდგენა არა გვაქვს არაფერზე და გვაქვს ძალიან ბუნდოვანი სურათი.

მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ მთელი ამდენი ხნის განმავლობაში, ძალიან მკაცრად იყო განსაზღვრული ქვეყანაში ინვესტიციის ზედა ჭერი, გამომდინარე ბიძინა ივანიშვილის პირადი ფინანსური ინტერესებიდან…

  • საუბარია 6,6 მილიარდ აშშ დოლარის ინვესტიციაზე. ეს ივანიშვილის ქონებაზე მეტია. რა ლოგიკით შეიძლება აწყობდეს ივანიშვილს თავისი ფინანსური გავლენის ალტერნატივა გაჩნდეს საქართველოში?

ბიძინა ივანიშვილმა თავისი თანხების რაღაც ნაწილი დაკარგა, მისი დღევანდელი კაპიტალი ექვსი მილიარდი აღარ არის. რა სარგებელი აქვს ბიძინა ივანიშვილს აქედან? – ეს კითხვა ბუნებრივად ჩნდება, იმიტომ, რომ ის პირადი სარგებლის გარეშე არაფერს არ აკეთებს. ჩვენ ხომ ეს უკვე ვნახეთ არამარტო ამ 13 წლის განმავლობაში, არამედ წინა 10 წლის განმავლობაში?

შეიძლება არაბების კაპიტალი პოლიტიკური ინტერესისკენ უშუალოდ არ იყოს მიმართული, მაგრამ ყველაზე მეტად მეუცნაურება ის, რომ ინსტიტუციური გარანტიები არ არსებობს საქართველოში ლეგალური ინვესტიციისათვის. თუ ინვესტიციას საფრთხე შეექმნება, მას სჭირდება დაცვა, ქართული სასამართლოს პირობებში კი, ეს არის შეუძლებელი და ეს უკავშირდება მერე საკმაოდ დიდ ფინანსებს და დავებს საერთაშორისო არბიტრაჟში.

ჩვენი შენატანი კაპიტალი მიწის სახით, რომელიც ქართულ მხარეს შეაქვს, რა ღირებულებით არის შეფასებული? ესეც არ ვიცით და აქაც შეიძლება ხაფანგი იყოს დაგებული: რამდენად თანაზომადია ქართველების კაპიტალი ინვესტიციასთან?

ძალიან ბევრი კითხვაა, მაგრამ საზოგადოება არაბებს კი არ ერჩის და არაბულ კაპიტალს – გაუმჭვირვალე კაპიტალს ერჩის, გაუმჭვირვალე კონტრაქტს. ჩვენი კითხვები არ არის არაბულ მხარესთან, არის კითხვები „ქართულ ოცნებასთან“.

გოგა ხაინდრავა რომ ამბობს, 300 წელი არაბები იყვნენ საქართველოში და გაარაბება არ მოხდაო, გოგა ხაინდრავასნაირი ქართველები არ იყვნენ და იმიტომ – 300 წლის განმავლობაში ქართველები მუდმივ წინააღმდეგობას უწევდნენ არაბებს და „აბა ომი გინდათ?“ – არ უძახიათ ჩვენს წინაპრებს. ჩვენი წინაპრები პირდაპირი მნიშვნელობით იბრძოდნენ.

აი, ეს არის მიზეზი, რატომაც არ გაარაბდა ეს ქვეყანა, მაგრამ სამწუხაროდ, როგორც ახლა ჩანს, ეს ქვეყანა “გაგრუზინდა”.

ჩემი ფრთხილი ვარაუდით, ეს არის რაღაც აფერა, ვიდრე რეალური ინვესტიცია. ამ აფერისგან ივანიშვილი ელის დიდ ფინანსურ სარგებელს, მაგრამ მე არ ველი, რომ ექვსი წლის განმავლობაში აქ უნდა იყოს ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ამ ინვესტიციის განხორციელებას შეეცდება.

  • არაბული ინვესტიციების გაუმჭვირვალობას აპროტესტებს, როგორც პროდასავლური, ისე პრორუსული პოლიტიკური ძალები. ამაზე რას ფიქრობთ?

ინვესტიცია ჩვენს მდგომარეობაში მყოფმა ქვეყანამ არ უნდა გააპროტესტოს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა პირობით შემოდის ეს ინვესტიცია. მაგალითად, ნამახვანჰესის გამო ქვეყანას 450 მილიონი დოლარი გვაქვს გადასახდელი, ანუ თითქმის ნახევარი მილიარდი. პასუხი ამ კონტრაქტის შედგენასა და ჩავარდნაზე, ქვეყნის შიგნით არავის გაუცია.

მე ვფიქრობ, თუ ბიძინა ივანიშვილი, როგორც პროექტი საქართველოში, რუსეთისთვის უკვე მიუღებელია, ასეთ შემთხვევაში მის წინააღმდეგ ამ თემის აგორება არის ძალიან მომგებიანი პოლიტიკურად.

თუმცა თუ რუსეთი ცვლის, ის ცვლის ისევ თავისი კანდიდატით. ამიტომაც, ვფიქრობ, რომ პროდასავლური ოპოზიცია უნდა იყოს თავის განცხადებებში ძალიან ფრთხილი ამ საკითხთან დაკავშირებით და მთელი აქცენტი და პრესინგი უნდა იყოს ხელისუფლებაზე – გასაჯაროვდეს კონტრაქტი და არა იმაზე, რომ აი, ქართულ მიწას გვართმევენ და ჩვეულებრივი, იგივე ლოზუნგებით გამოვიდეთ, როგორც გამოდიოდა წლების წინ „ქართული ოცნება“. კარგად გვახსოვს წულუკიანის განცხადებები, რომ ქართული მიწა არ გაიყიდება, მაშინ ირანელ ინვესტორსაც მოუწია დაეტოვებინა საქართველოში უკვე აწყობილი ბიზნესი და ნაყიდი მიწები ხომ?

ვიხუმრე ერთხელ, რომ დიდ ქოციანობას, ეტყობა, დიდი არაბობა დაასრულებს-მეთქი. ეს თემა გახდება ივანიშვილისთვის სერიოზული პრობლემა. ასევე დავწერე: ივანიშვილო, მზად ხარ კრწანისის ბრძოლისთვის-თქო?

საფრთხეს აშკარად ვხედავ, ჩვენ შეიძლება აღმოვჩნდეთ ისევ რუსეთის თამაშში. მართლა შემოსევა არ მოხდება საქართველოში არაბების, მაგრამ საქართველო რომ წამგებიან მდგომარეობაში აღმოჩნდება საბოლოოდ ამ პროექტით – ამაში ეჭვი არ მეპარება.

ნამახვანი ხომ გამოდგა აფერა, არა? შედგა ცუდი კონტრაქტი, ჩვენთვის წამგებიანი, მერე ამ კონტრაქტს, დააკვირდით ვინ დაუპირისპირდა. საპატრიარქო დაუპირისპირდა. მაშინაც პრორუსული და პროდასავლური, ასე ვთქვათ, ბაბლი აღმოჩნდა ერთ მხარეს. ღარიბაშვილმა კონტრაქტი გააუქმა და შედეგად მივიღეთ ნახევარი მილიარდით დაზარალებული ქართული სახელმწიფო. არ მივიღეთ დასჯილი არცერთი პიროვნება.

ჩვენ დღესაც არ ვიცით, რა მოხდა ნამახვანჰესთან დაკავშირებით, რატომ შედგა ასეთი წამგებიანი კონტრაქტი?

___

მთავარი ფოტო: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანს შეხვდა. ფოტო „ქართული ოცნების“ ფეისბუქგვერდიდან

ამ თემაზე:

არაბული კომპანიის და „ოცნების“ ახალი გეგმები გონიოში – ტერიტორია ჯერ განაღმული არ არის

გადაბეჭდვის წესი


ასევე: