ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის უფლებადამცველები 4 მარტს ჩატარებული სასამართლო პროცესის შემდეგ განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ ქართულმა მართლმსაჯულებამ ამაღლობელს დემონსტრაციულად ჩამოართვა უფლება, დაიცვას თავი და ამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა.
4 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა. სასამართლომ აღნიშნულ სხდომაზე (მოსამართლე – ვიქტორ მეტრეველი) იმსჯელა მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობის, აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გადასინჯვისა და საქმის არსებითი განხილვისათვის გადაცემის შესახებ.
სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და დაცვის მხარის მოწმედ დასაკითხ პირთა ნუსხიდან ამოიღო 17 პირი, 18 ვიდეომტკიცებულება, 13 დათვალიერების ოქმი და 14 წერილობითი მტკიცებულება.
მზია ამაღლობელის უფლებადამცველების განცხადებით, აღნიშნული ქმედებით სასამართლომ ის დატოვა დაცვის უფლების განხორციელების გარეშე და პროცედურულადაც კი არ უზრუნველყო მისი უფლება სამართლიან სასამართლოზე.
როგორც მზია ამაღლობელის უფლებადამცველები აცხადებენ, სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას არ მოეძებნება პრეცედენტი ქართულ მართლმსაჯულებაში.
„სასამართლომ მზია ამაღლობელი კვლავ უკანონო პატიმრობაში დატოვა. პროცესზე ბრალდების მხარემ დააფიქსირა პოზიცია იმის შესახებ, რომ აღარ არსებობდა მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე, თუმცა, ახალი დანაშაულის ჩადენის და მიმალვის საფრთხის საფუძვლით, კიდევ ერთხელ სრულიად დაუსაბუთებლად მოითხოვა მზია ამაღლობელის პატიმრობაში დატოვება. ბრალდების მხარე ამ არგუმენტს კვლავ ამყარებდა მზია ამაღლობელის უკანონო ადმინისტრაციული დაკავების ფაქტით, რომლის უკანონობის დამადასტურებელი ვიდეომტკიცებულებები დაცვის მხარის მიერ წარდგენილი იყო ამავე საქმეში, რომლებიც დაუშვებლად ცნო სასამართლომ.
სასამართლომ პატიმრობის ძალაში დატოვების საფუძვლად მიუთითა მხოლოდ ის, რომ არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი ჩადენილი დანაშაულის ხასიათისა და ხერხის გათვალისწინებით. აღნიშნული ცალსახად წარმოადგენს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის უხეშ დარღვევას, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდება არც კი მიუთითებდა, თუ რომელი კონკრეტული მტკიცებულება თუ ფაქტობრივი გარემოება მიანიშნებდა ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეზე.
დაცვის მხარემ იშუამდგომლა სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტაზე, ვინაიდან საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულებები, რაც ალბათობის მაღალი ხარისხით საკმარისი იქნებოდა ვარაუდისთვის, რომ საქმეზე დადგება გამამტყუნებელი განაჩენი. დაცვის მხარის მიერ პროცესზე წარდგენილ იქნა უზენაესი სასამართლოს მიერ 20-მდე მსგავს საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებები, რომელთა მიხედვითაც პოლიციელზე თავდასხმად სასამართლომ არ შეაფასა ისეთი ძალადობრივი ქმედებებიც კი, როგორებიცაა: პოლიციელისთვის თავში ბოთლის ჩარტყმა, თავში ქვის ჩარტყმა, სახის არეში მუშტის გარტყმა არაერთხელ, თვალბუდის, ტუჩის დაზიანება, 4 პირის მიერ 2 პოლიციელის ცემა და ა. შ. აღნიშნულით საბუთდება, რომ მზიას არ ჩაუდენია მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაული და შესაბამისად, არ არსებობს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის კანონით დადგენილი სტანდარტი.
სასამართლომ, ასევე, იმსჯელა მტკიცებულებათა დასაშვებობის საკითხზე და მიღებული გადაწყვეტილებით, მხოლოდ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა დაცვის მხარის 1 შუამდგომლობა, ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ნუსხიდან მოწმე ეთერ თურაძის ამოღებასთან დაკავშირებით, მაშინ, როდესაც სასამართლომ დაუშვებელ მტკიცებულებად არ ცნო ბრალდების მხარის უკანონო და საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის საწინააღმდეგოდ გაცემული განჩინება, რომლითაც საგამოძიებო ორგანოს მიეცა უფლება, მზია ამაღლობელის მობილური ტელეფონიდან გამოითხოვოს პირადი, პერსონალური მასალა შეუზღუდავად. ამით, ირღვევა მისი საკუთრების, პირადი კომუნიკაციისა და პროფესიული საქმიანობის კანონითა და კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები.
სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და დაცვის მხარის მოწმედ დასაკითხ პირთა ნუსხიდან ამოიღო 17 პირი, 18 ვიდეომტკიცებულება, 13 დათვალიერების ოქმი და 14 წერილობითი მტკიცებულება. აღნიშნული ქმედებით სასამართლომ მზია ამაღლობელი დატოვა დაცვის უფლების განხორციელების გარეშე და პროცედურულადაც კი არ უზრუნველყო მისი უფლება სამართლიან სასამართლოზე. სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას არ მოეძებნება პრეცედენტი ქართულ მართლმსაჯულებაში.
მიუხედავად ზემო აღნიშნულისა, მზია ამაღლობელის დაცვის მხარე გაასაჩივრებს წინასასამართლო სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას მზია ამაღლობელის დაცვის უფლების გარეშე დატოვების თაობაზე 5 დღის ვადაში. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ მექანიზმს მზია ამაღლობელის უფლებების დასაცავად ეროვნულ თუ საერთაშორისო დონეზე.
მიგვაჩნია, რომ მზია ამაღლობელი არა მხოლოდ რჩება უკანონო პატიმრობაში, არამედ მას ქართულმა მართლმსაჯულებამ დემონსტრაციულად ჩამოართვა უფლება დაიცვას თავი და ამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა“, – ნათქვამია მზია ამაღლობელის უფლებადამცველების განცხადებაში.
მზია ამაღლობელის უფლებებს იცავენ:
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
- იურიდიული ფირმა BLB და მისი უფროსი პარტნიორი, მაია მწარიაშვილი;
- ადვოკატები – რაჟდენ ხიმშიაშვილი და კახა წერეთელი.
- რა ხდება?
ბათუმის პოლიციის უფროსზე სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან მზია ამაღლობელს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლით, რომელიც არის მძიმე კატეგორიის დანაშაული და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები ნათლად აჩვენებს, რომ პოლიციელისთვის სილის გაწვნა პოლიციელზე თავდასხმა არ არის.
ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ღამით ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა – „იფიცება საქართველო“, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციულ ქმედებებს მოჰყვა.
2025 წლის 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მიიღო.
მზია ამაღლობელის პატიმრობის საფუძველი გაყალბებული ოქმი გახდა – ადმინისტრაციული დაკავების ოქმის მიხედვით, მზია ამაღლობელი პოლიციელების სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო დააკავეს [ასკ-ის 173-ე მუხლი]. სინამდვილეში კი, დაკავების დროს გადაღებულ და გავრცელებულ ვიდეო კადრში არა მხოლოდ ჩანს, თუ როგორ აკავებს მას „სტიკერის“ გაკვრის გამო აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გრიგოლ ბესელია, არამედ ისმის კიდევაც ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ხმა, რომ მზია ამაღლობელს სტიკერის გაკვრისთვის აკავებენ 150-ე მუხლით.
გარდა იმისა, რომ სტიკერის გაკვრა ადმინისტრაციულ შენობაზე არ წარმოადგენს სამართალდარღვევას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, ასევე, არ არსებობს ამავე კოდექსის 150-ე მუხლით პირის დაკავების უფლება. ამდენად, გრიგოლ ბესელიამ მზია ამაღლობელი დააკავა უკანონოდ და იმ სამართალდარღვევის გამო, რომელიც მას არ ჩაუდენია.
მითითებული გაყალბებული ოქმის საფუძველზე პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ მოითხოვა მზია ამაღლობელის პატიმრობა სისხლის სამართლის საქმეზე. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა სწორედ ამ გაყალბებული ოქმის საფუძველზე მზია ამაღლობელს უკანონოდ შეუფარდა პატიმრობა.
13 თებერვალს მზია ამაღლობელის ადვოკატებმა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს და მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმება მოითხოვეს. თუმცა, 14 თებერვალს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო შუამდგომლობა მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე. 19 თებერვალს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ვერა დოლიძემ მზია ამაღლობელის საჩივარი კვლავ დაუშვებლად მიიჩნია.