მთავარი,სიახლეები

„აბა, სხვაგან სად წავიდოდა?“ – კომენტარი კობახიძის თურქმენეთში ვიზიტზე

12.12.2025
„აბა, სხვაგან სად წავიდოდა?“ – კომენტარი კობახიძის თურქმენეთში ვიზიტზე

„სიმართლე გითხრათ, „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსები სხვა გარემოში ვერ წარმომიდგენია. ვერ წარმომიდგენია ისინი დემოკრატიული სამყაროს ლიდერებთან ერთად… რა თქმა უნდა, არიან იქ, სადაც ჯერ კიდევ ჩაესვლებათ. ახლა მათი ბუნებრივი და ორგანული მოკავშირეები, სამწუხაროდ, არიან ის ქვეყნები, რომლებსაც ადამიანების ბედი და მდგომარეობა არ ანაღვლებთ. მათ შორის, რა თქმა უნდა, რუსეთი,“ – ასე ეხმაურება „თავისუფლების მოედნის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ცუცქირიძე, თურქმენეთში ირაკლი კობახიძის ვიზიტს.

„ქართული ოცნების“ პრემიერი თურქმენეთში დაესწრო ფორუმს, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინიც ესწრებოდა.

კობახიძის თურქმენეთში ვიზიტს მკვეთრად უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა ქართული ოპოზიციის მხრიდან.

„ახლა „ოცნების“ მთავარი ამოცანა არის შემდეგი: მას სურს მუდმივად შეინარჩუნოს ძალაუფლება, რომ ბოლომდე გაძარცვოს ეს ქვეყანა, გაყიდოს ნაკრძალები, მიიღოს კორუფციული ფული და დანარჩენი საზოგადოება ამყოფოს შიშსა და იზოლაციაში. ასე უფრო ადვილი სამართავია ხალხი.

ავტორიტარული რუსეთი ამ საქმეში მისთვის მთავარი მოკავშირეა. ძალიან სამარცხვინოა, რომ ხელისუფლებაში არის პარტია, რომელიც ვერც კი ბედავს ოკუპაციაზე ხმის ამოღებას, როდესაც ოკუპანტი სახელმწიფოს პრეზიდენტი ზის მათთან ერთად.

მაგრამ არა უშავს… ეს პოლიტიკური თავგადასავალი თუ თავსდატეხილი განსაცდელი უნდა გამოვიაროთ და კიდევ უფრო ძლიერ დემოკრატიად და ძლიერ სახელმწიფოდ უნდა ჩამოვყალიბდეთ. ჩვენ ვიცით, როგორ უნდა ვიბრძოლოთ ავტორიტარიზმის წინააღმდეგ და ეს ბრძოლა უნდა მივიყვანოთ ბოლომდე.

პირადად ჩემთვის, სამწუხაროდ, მოულოდნელობა არ ყოფილა კობახიძის აშხაბადში გამგზავრება. აბა, სხვაგან სად წავიდოდა?“ – სვამს კითხვას ლევან ცუცქირიძე.

არც „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ გვერდს და არც საქართველოს მთავრობის გვერდს არ გამოუქვეყნებია თურქმენეთში ვიზიტის ამსახველი ისეთი ფოტო, რომელზეც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც იქნებოდა.

ირაკლი კობახიძემ თავის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ სიტყვით გამოვიდა თურქმენეთში, საერთაშორისო ფორუმის პლენარულ სესიაზე – „მშვიდობა და ნდობა: მიზნების ერთობლიობა მდგრადი მომავლისთვის“.

12 დეკემბერს, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე თურქმენეთში დაესწრო ფორუმს, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც მონაწილეობდა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: