„ძალიან მძიმეა ის, რომ ერთი მხრივ, რეკავენ დედები, რომელთა შვილებმაც მიიღეს დაზიანებები და ეს დაზიანებები გაგრძელდა რაღაც პერიოდი: ფილტვების ანთება, ცხვირიდან სისხლდენა, სისუსტე, ხველა… ეს არის განგრძობადი 3-4 თვის განმავლობაში.
გვაქვს ისტორია, მაგალითად, სამმილიმეტრიანი ანევრიზმის გახეთქვის, რომელიც საკმაოდ მძიმეა, იმიტომ, რომ 50 წელს გადაცილებულია ეს ქალბატონი. გვაქვს ისტორია, როდესაც ადამიანს ჰქონდა მხედველობის პრობლემა მინუს ერთი, ეხლა აქვს მინუს სამი,“ – თბილისის აქციაზე დაშავებული ადამიანების ისტორიებზე გვესაუბრება „ფედერალისტების“ წევრი ნინო თოდრია.
პროევროპულ აქციებზე დაშავებულების ისტორიები ახლა მტკიცებულებების სახით გროვდება საერთაშორისო გამოძიებისთვის.
2025 წლის პირველ დეკემბერს გამოქვეყნებული BBC-ის საგამოძიებო ფილმის მიხედვით, 2024 წელს ანტისამთავრობო მომიტინგეების წინააღმდეგ „ოცნების“ ხელისუფლებამ პირველი მსოფლიო ომის ეპოქის ქიმიური იარაღი გამოიყენა.
ამ ფილმის გამოქვეყნების შემდეგ სუსმა გამოძიება 5 დღეში ჩაატარა და თქვა, რომ შსს-მ 2024 წლის 4-5 დეკემბრის ღამეს, პროევროპული აქციების დარბევისას, გამოიყენა არა „კამიტი“, რაც აკრძალული ქიმიური ნივთიერებაა, არამედ „ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი“, იგივე ცრემლსადენი გაზი.
2024 წელს მშვიდობიანი, პროევროპული აქციების დარბევების და წყლის ჭავლით დაშლის დროს ასეულობით ადამიანი დაშავდა.
უფლებადამცველები და იურისტები განმარტავენ, რომ „ქართული ოცნების“ ანტიკონსტიტუციურ და არალეგიტიმურ ხელისუფლებას საერთაშორისო სასამართლოში მოუწევს პასუხისგება აკრძალული ქიმიური ნივიერების აქციაზე გამოყენების გამო.
ვინ აგროვებს მტკიცებულებებს „ქიმიური მოწავმლის საქმეზე“ საერთაშორისო გამოძიებისთვის? – ცალკეული სამოქალაქო ორგანიზაციები სტრასბურგში გასაგზავნი საქმის მასალებისთვის კონკრეტულ ისტორიებს სწავლობენ, „ფედერალისტებში“ კი, ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც აქვს რაიმე სახის მტკიცებულება „ქიმიური მოწამვლის საქმეზე“, შეუძლია დარეკოს ცხელ ხაზზე 032 2 420 737, ან პირდაპირ შეავსოს ანკეტა.
ანკეტა ითვალისწინებს ექიმის მიერ თავის დროზე გაცემული დასკვნის, აქციაზე მიღებული დაზიანების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალის, ან სხვა სახის მტკიცებულებების დართვას.
„ვაგროვებთ ყველა სახის ინფორმაციას, განსაკუთრებით გვაინტერესებს ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ წყლის ჭავლის დროს დაზარალდნენ. ვაგროვებთ მათ სახელს, გვარს, ტელეფონის ნომერს, პირად ინფორმაციას, რომ მერე მათთან კომუნიკაცია გაგვიმარტივდეს. ასევე ვაგროვებთ ფოტოსურათებს, ექიმის დასკვნას… ძალიან ბევრ ადამიანს ერთნაირი სიმპტომი ჰქონდა იმ პერიოდში. ასევე იყო დაზარალებულების ნაწილი, ვისაც არ მიუმართავს ექიმისთვის.
კანზე გამონაყარი, სიწითლე ალერგიული ხველა 3-4 თვის განმავლობაში გაუგრძელდათ ადამიანებს, ასევე ცხვირიდან სისხლდენა. დემონსტრანტების ნაწილმა შემდგომ პერიოდში მიმართა ექიმს,“ – გვიყვება ფედერალისტი ნინო თოდრია.
სამედიცინო დოკუმენტაციის გარდა, „ფედერალისტები“ აგროვებენ სხვა სახის მტკიცებულებებსაც, მაგალითად, ინფორმაციას, რომელიც ამ პარტიის და „თავისუფლების ინსტიტუტის“ ერთობლივ ცხელ ხაზზე შედიოდა პროევროპული აქციების დარბევების დროს.
„ფედერალისტები“ აგროვებენ და დასავლეთში შესაბამის ინსტიტუტებს აწვდიან მონაცემებს პოლიტიკური პატიმრების საქმეების ფიგურანტების: ცრუ მოწმეების, პროკურორების, მოსამართლეების შესახებ.
ამ დრომდე „ფედერალისტებთან“ მხოლოდ 30 ანკეტააა შევსებული „ქიმიური მოწამვლის საქმეზე“:
„შეიძლება ადამიანები ფიქრობდნენ, რომ მცირე იყო დაზიანება და ამიტომ არ ვავსებ. მეორეა, რომ ვითხოვთ ამ ადამიანებს იდენტიფიკაციას: სახელს, გვარს, ტელეფონის ნომერს. ბევრია ისეთი, რომელსაც არ სურს სახელის და გვარის გამჟღავნება, მხოლოდ იმიტომ, რომ ის ადამიანები, რომლებიც BBC-მ ჩაწერა და სიუჟეტში მოხვდნენ, დაიბარეს დაკითხვაზე.
თავდაპირველად, როგორც კი, ეს ანკეტის ფორმა დავდეთ, მომენტალურად 15-მა, 16-მა ადამიანმა შეავსო და მერე უკვე, როდესაც ნახეს, რომ ნაწილი ადამიანების დაიბარეს გამოკითხვაზე, შეფერხდა ეს პროცესი. არ მგონია, რომ ეს 30 ადამიანია მხოლოდ დაზარალებული. სავარაუდოდ, ინფორმაცია ამ ადამიანებამდე არ მისულა, ან ეშინიათ და არ ავსებენ,“ – ამბობს ნინო თოდრია.
ფედერალისტი ნინო თოდრია ამ მონაცემების ისტორიულ მნიშვნელობაზეც ამახვილებს ყურადღებას:
„საქართველოში დადგება მომენტი, როდესაც ეს რუსული რეჟიმი აგებს პასუხს საკუთარი მოსახლეობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებებზე. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს ინფორმაცია არ დავაძველოთ და არ დავივიწყოთ, პირიქით, მივცეთ საშუალება საკუთარ თავს, რომ ეს ისტორიები ერთ ადგილას იყოს თავმოყრილი.
როცა ისტორიული სამართლიანობის მომენტი დადგება, გამოვიყენოთ ეს მომენტი ჩვენს სასიკეთოდ, რომ მსგავსი რამ აღარასდროს აღარ განმეორდეს ამ ქვეყანაში”.
ნინო თოდრია ამ თემაზე საუბრის დროს ვენერა მეშველიანს იხსენებს. მას დღიურის სახით დაწერილი და შენახული ჰქონდა საკუთარი ისტორია აფხაზეთზე.
„როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო და ჩვენ დავიწყეთ კამპანია „ბუჩამდე იყო აფხაზეთი“, შემთხვევით მივაგენით ვენერას, რომელსაც უკვე გამზადებული ჰქონდა საკუთარი ისტორია. ეს ისტორია მოისმინეს ყველგან: ამერიკის შეერთებულ შტატებში, შვეიცარიაში, პარიზის პარლამენტში, მოისმინეს ევროპარლამენტარებმა.
ამიტომაც, ჩვენ გვჯერა, რომ ეს ისტორიები რაღაც მომენტში აუცილებლად გაცოცხლდება და იმ კითხვებს გასცემს პასუხს, რომლებიც დღეს ჩვენ ყველას გვაქვს.
ჩვენ დოკუმენტური ფილმის გადაღება გვინდა, სადაც დემოკრატიული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები მოყვებიან საკუთარ ისტორიებს აქციების დარბევებზე. პირველი, სადაც აი, ამ დოკუმენტურ ფილმს გავაგზავნით, ეს იქნებიან ჩვენი მეგობარი პარტნიორები, რომლებსაც შეეძლებათ, ნახონ, რა მოხდა რეალურად ნოემბერსა და დეკემბერში საქართველოში, როგორ ებრძოდა ხელისუფლება ჩვეულებრივ თავისუფლების მოყვარე ადამიანებს საპროტესტო აქციაზე,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ ნინო თოდრიამ.
ამ თემაზე:
რა ელის „ოცნებას“, თუ საერთაშორისო სასამართლოში ქიმიური იარაღის გამოყენებას დაუმტკიცებენ – ინტერვიუ






