უკვე 11-ზე მეტი თვე ჟურნალისტი მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობაში რჩება. სილის გაწვნის გამო მას 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
2025 წლის 16 დეკემბერს მზია ამაღლობელს ევროკავშირის ადამიანის უფლებების უმაღლესი ჯილდოს – სახაროვის პრემიას გადასცემენ. ამ პრემიის მიღება აჩვენებს, როგორ ყალიბდება ავტორიტარული სისტემა საქართველოში მოსამართლეების ხელშეწყობით.
იმ კონკრეტულ 12 მოსამართლეზე გიყვებით, რომლებმაც ჟურნალისტი მზია ამაღლობელი ციხეში გამოკეტეს. მოსამართლეების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით „ოცნების“ რეჟიმი საქართველოში ამ დრომდე ცდილობს პროტესტის ჩახშობას, მზია ამაღლობელი კი, უწყვეტი წინააღმდეგობისა და პროტესტის სიმბოლოდ იქცა.
ჟურნალისტი მზია ამაღლობელი გამოცემების – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელი და დირექტორია. მზია ამაღლობელი პირველი ქალი ჟურნალისტია საქართველოში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რომელიც დააპატიმრეს.
პირველი ინსტანციის სასამართლოში მზია ამაღლობელს ორწლიანი პატიმრობა მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მიუსაჯა, მეორე ინსტანციაში კი – მომხსენებელმა ნიკოლოზ მარგველაშვილმა და კიდევ ორმა მოსამართლემ.
- ნიკოლოზ მარგველაშვილი – სააპელაციოს მოსამართლემ უკანონო განაჩენი ძალაში დატოვა
2025 წლის 18 ნოემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი მზია ამაღლობელის მიმართ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმეს განიხილავდნენ: ნიკოლოზ მარგველაშვილი [მომხსენებელი მოსამართლე], მარინა სირაძე და ნანა ჯოხაძე. მზია ამაღლობელის ადვოკატები ითხოვდნენ მის უდანაშაულოდ ცნობას და გათავისუფლებას, პროკურატურა კი – ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოტანილი განაჩენის გამკაცრებას და მზია ამაღლობელისათვის პატიმრობის შეფარდებას არა 2 წლით, არამედ 4-დან 7 წლამდე ვადით.

ნიკოლოზ მარგველაშვილი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეობამდე ნიკოლოზ მარგველაშვილი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე იყო 2019 წლიდან.
ნიკოლოზ მარგველაშვილი უვადოდ გამწესებული მოსამართლეა 2018 წლიდან. მან მოსამართლეობა 2016 წელს დაიწყო თბილისის საქალაქო სასამართლოში.
მოსამართლეს საცხოვრებელი სახლი [143.49კვ.] ქუთაისში 2020 წელს აჩუქეს ბერძენაძის ქუჩაზე. ნიკოლოზ მარგველაშვილს ბინა თბილისში 2017 წელს უყიდია 60 ათას დოლარად.
ნიკოლოზ მარგველაშვილს 2024 წელს ავტომანქანა MW X6 შეუძენია 22 ათას დოლარად.
2024 წელს ნიკოლოზ მარგველაშვილი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე იყო. მას ჯამაგირის სახით წელიწადში, ჯამურად, 105 064 ლარი მიუღია. ნიკოლოზ მარგველაშვილის ცოლი თამარ დოღონაძე 2024 წელს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მუშაობდა.
საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება და ასევე ემიგრანტების ჯგუფები სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებთან მუშაობენ იმისთვის, რომ დასანქცირდეს მზია ამაღლობელის საქმის ყველა მოსამართლე.
- მარინა სირაძე – კრასნოიარსკის განათლებით და კრასნოიარსკში შს ინსპექტორად მუშაობის გამოცდილებით
კიდევ ერთი მოსამართლე, რომელმაც მზია ამაღლობელის საქმე განიხილა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და განაჩენი ძალაში დატოვა, მოსამართლე მარინა სირაძეა. იგი 1982 წლიდან 1991 წლამდე მუშაობდა კრასნოიარსკის შს სამხარეო სამმართველოს საინფორმაციო განყოფილებაში უფროსი ინსპექტორის თანამდებობაზე.
მარინა სირაძეს 1992 წელს დაუმთავრებია კრასნოიარსკის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

მარინა სირაძე
მარინა სირაძე მოსამართლეა 1999 წლიდან. თავდაპირველად იგი ქუთაისის საოლქო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობდა. 2005 წლიდან დღემდე კი – უკვე 20 წელია – მარინა სირაძე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა. 2009-2012 წლებში მარინა სირაძე იყო ხარაგაულის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში.
2019 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.
ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მარინა სირაძეს 3 ბინა აქვს: 2024 წელს მოსამართლეს ბინა 66 ათას დოლარად თბილისში შეუძენია. 2015 წელსაც შეუძენია მარინა სირაძეს ბინა თბილისში 45 ათას ლარად. მოსამართლეს ასევე აქვს ბინა ქუთაისში, რომელიც 2003 წელს უყიდია 25 ათას ლარად.
2024 წელს მოსამართლე მარინა სირაძის ჯამაგირი 104 344 ლარი იყო.
საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება და ასევე ემიგრანტების ჯგუფები სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებთან მუშაობენ იმისთვის, რომ დასანქცირდეს მზია ამაღლობელის საქმის ყველა მოსამართლე.
- ნანა ჯოხაძე – აშშ-სგან დასანქცირებულ კლანს ამ მოსამართლემ მხარი დაუჭირა
მოსამართლე ნანა ჯოხაძემაც განიხილა მზია ამაღლობელის საქმე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში. ამ მოსამართლემაც უარი თქვა უკანონო პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელის გამართლებაზე.
ნანა ჯოხაძემ 2023 წელს დაუჭირა მხარი სასამართლო კლანს და უარი განაცხადა აშშ-ში სასწავლო ვიზიტით წასვლაზე. აშშ-მ სანქციები დაუწესა საქართველოში სამ მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლეს: ლევან მურუსიძეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, ირაკლი შენგელიას, ასევე ყოფილი მოსამართლე ვალერიან ცერცვაძეს.

ნანა ჯოხაძე
ნანა ჯოხაძე 2024 წლიდან არის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე. მანამდე იგი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობდა 2021-2024 წლებში.
მოსამართლის თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ 2019 წლიდან. ქონებრივ დეკლარაციაში არ იძებნება ინფორმაცია ამ მოსამართლის მნიშვნელოვანი ქონებრივი შენაძენის შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება და ასევე ემიგრანტების ჯგუფები სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებთან მუშაობენ იმისთვის, რომ დასანქცირდეს მზია ამაღლობელის საქმის ყველა მოსამართლე.
ნინო სახელაშვილი – მოსამართლე, რომელმაც მზია ამაღლობელს უკანონოდ მიუსაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა
2025 წლის 6 აგვისტოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ჟურნალისტ მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამ მოსამართლემ ჟურნალისტის მიმართ გამოტანილ უკანონო განაჩენში საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებები დამალა და არ შეაფასა.
არსებითი განხილვის დასრულდებამდე კი, მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელის მიმართ სამართლებრივი დასაბუთების გარეშე აღკვეთი ღონისძიების ყველაზე მკაცრი ზომა – პატიმრობა გამოიყენა. ადვოკატების განმარტებით, ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელი სამართლებრივი დასაბუთების გარეშე დააპატიმრა.
როცა ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს 2025 წლის 14 იანვარს პატიმრობა შეუფარდა, ის გამოსაცდელი ვადით იყო გამწესებული, მზია ამაღლობელის დაპატიმრების შემდეგ კი, ნინო სახელაშვილი, რომელსაც სისხლის სამართლის კვალიფიკაცია არ აქვს, უვადო მოსამართლედ გაამწესეს.

მოსამართლე ნინო სახელაშვილი
ნინო სახელაშვილი დასანქცირებული მოსამართლეა. ის ესტონეთმა 2025 წლის 3 მარტს დაასანქცირა სწორედ „მზია ამაღლობელის საქმეზე“ – ჟურნალისტის მიმართ უფლების დარღვევის გამო.
ნინო სახელაშვილს 2022 წელს შეუძენია ბინა თბილისში 55 ათას დოლარად. ის ასევე არის 5 სხვადასხვა მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ტყიბულში, რომლებიც მას აჩუქეს. ნინო სახელაშვილი არის ავტომანქანა Ford c max-ის მესაკუთრე, რაც მოსამართლეს 2021 წელს შეუძენია 5270 აშშ დოლარად.
ნინო სახელაშვილმა 2024 წელს ჯამაგირის სახით 95 271 ლარი მიიღო, ანუ თვეში 7939 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება და ასევე ემიგრანტების ჯგუფები სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებთან მუშაობენ იმისთვის, რომ დასანქცირდეს მზია ამაღლობელის საქმის ყველა მოსამართლე.
ვიქტორ მეტრეველი – მოსამართლე, რომელმაც მზია ამაღლობელი მტკიცებულებების გარეშე დატოვა.
ვიქტორ მეტრეველი ის მოსამართლეა, რომელმაც მზია ამაღლობელი პრაქტიკულად დაცვის უფლების გარეშე დატოვა. მან წინასასამართლო სხდომაზე, 2025 წლის 4 მარტს საქმიდან ამორიცხა მტკიცებულებების დიდი ნაწილი – 17 მოწმე, 18 ვიდეომტკიცებულება, 13 დათვალიერების ოქმი და 14 წერილობითი მტკიცებულება.
მზია ამაღლობელის უფლებადამცველების განცხადებით, აღნიშნული ქმედებით სასამართლომ ის დატოვა დაცვის უფლების განხორციელების გარეშე და პროცედურულადაც კი, არ უზრუნველყო მისი უფლება სამართლიან სასამართლოზე.

მოსამართლე ვიქტორ მეტრეველი
ვიქტორ მეტრეველმა 4 მარტს სხდომაზე მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობაში დატოვა.
საინტერესო დეტალი: პროკურატურამ ამ სხდომაზე მზია ამაღლობელის პატიმრობაში დატოვება მოითხოვა „ახალი დანაშაულის ჩადენის რისკის“ ასაცილებლად და არგუმენტად მოიხმო მზია ამაღლობელის უკანონო ადმინისტრაციული დაკავების შემთხვევა. ეს მაშინ, როცა მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავების საქმე, ანუ სტიკერის გამო მზია ამაღლობელის დაკავების საქმე გაყალბებულია და ეს 2025 წლის 11 იანვრის საპროტესტო აქციაზე გადაღებული უწყვეტი ვიდეოჩანაწერით დასტურდება.
ვიქტორ მეტრეველი 2024 წელს გახდა მოსამართლე. მოსამართლეობამდე ის თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების აპარატში მუშაობდა სხვადასხვა პოზიციაზე.
ვიქტორ მეტრეველის ქონებრივ დეკლარაციაში არ იძებნება ინფორმაცია ამ მოსამართლის მნიშვნელოვანი ქონებრივი შენაძენის შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება და ასევე ემიგრანტების ჯგუფები სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებთან მუშაობენ იმისთვის, რომ დასანქცირდეს მზია ამაღლობელის საქმის ყველა მოსამართლე.
სალიხ შაინიძე – მოსამართლე, რომელმაც პოლიციის მაღალჩინოსნების მიერ საქმის გაყალბებაზე თვალი დახუჭა
ეს ის მოსამართლეა, რომელმაც მზია ამაღლობელი პოლიციის დეპარტამენტის შენობის ღობეზე სტიკერის გაკვრის გამო დააჯარიმა.
სასამართლო განხილვაზე დადასტურდა, რომ საქმე პოლიციის მაღალჩინოსნებმა გააყალბეს, თუმცა მოსამართლე სალიხ შაინიძემ 2025 წლის 18 მარტს მზია ამაღლობელი 2 ათასი ლარით დააჯარიმა.

მოსამართლე სალიხ შაინიძე. მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი ადმინისტრაციულ საქმეზე. 13 მარტი, 2025 წელი
2025 წლის 11 იანვარს, ვიდრე სილის გაწვნის ფაქტზე სისხლის სამართლის წესით დააკავებდნენ, მზია ამაღლობელი ადმინისტრაციული წესით დააკავეს სტიკერის გაკვრისთვის – „იფიცება საქართველო“. მანამდე, ცოტა ხნით ადრე, პოლიციელებმა აქტივისტი ციალა ქათამიძე დააკავეს, რომელმაც ასევე საჯარო სივრცეში, ასფალტზე იგივე სტიკერი დააკრა.
მოსამართლე სალიხ შაინიძემ ციალა ქათამიძეც 2 ათასი ლარით დააჯარიმა.
რატომ არის გაყალბებული „მზია ამაღლობელის საქმე“? – მოსამართლე სალიხ შაინიძემ მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული საქმის განხილვის დროს, 13 მარტის სხდომაზე, დაადასტურა იმ ფაქტების ნამდვილობა, რაც მას მზია ამაღლობელის ადვოკატებმა წარუდგინეს. საუბარია ვიდეოზე, სადაც ჩანს, რომ მზია ამაღლობელს უშუალოდ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, გრიგოლ ბესელია აკავებს, დაკავების ოქმის მიხედვით კი, მზია ამაღლობელი თითქოს სხვა პოლიციელმა – გოჩა ვანაძემ დააკავა.
მოსამართლე სალიხ შაინიძემ უდავოდ მიიჩნია ის ვიდეო, სადაც ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ხმა ისმის, მზია ამაღლობელი ასკ-ის 150-ე მუხლის გამო დავაკავეთო. გაყალბებულ ოქმში კი წერია, რომ მზია ამაღლობელი ასკ-ის 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს. ეს მუხლი ითვალისწინებს პოლიციელების შეურაცხყოფას და კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას.
შსს მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული საქმის გაყალბებაში იმდენად აირია, რომ საბოლოოდ მოსამართლის ხელშეწყობით ასეთი სამართალი მივიღეთ: ერთი და იგივე ქმედების გამო – სტიკერის გაკვრისთვის მზია ამაღლობელი ორჯერ დააჯარიმეს. მეორედ მას შემდეგ, როცა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, გრიგოლ ბესელია მზია ამაღლობელის ადვოკატებმა ტყუილში გამოიჭირეს და თქვა, რომ მზია ამაღლობელს შსს სტიკერის გაკვრასაც ედავებოდა. ასეთი ოქმი 2025 წლის 28 აპრილს, როცა გრიგოლ ბესელიამ მისცა ჩვენება ბათუმის საქალაქო სასამართლოს, ბუნებაში არ არსებობდა.
ორ დღეში მზია ამაღლობელს სტიკერის გაკვრისთვის კიდევ ერთი ოქმი შეუდგინეს.
ქონებრივ დეკლარაციაში არ იძებნება ინფორმაცია ამ მოსამართლის მნიშვნელოვანი ქონებრივი შენაძენის შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება და ასევე ემიგრანტების ჯგუფები სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებთან მუშაობენ იმისთვის, რომ დასანქცირდეს მზია ამაღლობელის საქმის ყველა მოსამართლე.
მარიანა ფომაევა – მოსამართლე, რომელმაც მზია ამაღლობელი ერთი და იმავე ქმედებისთვის ხელახლა გაასამართლა
მარიანა ფომაევამ მზია ამაღლობელი ერთი და იმავე ქმედების – აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობის ღობეზე სტიკერის გაკვრის გამო ხელახლა გაასამართლა.
ერთი და იმავე ქმედების გამო პირის ორჯერ გასამართლება კანონით დაუშვებელია.
მზია ამაღლობელის ხელახლა გასამართლება „ოცნების“ სასამართლოს მას შემდეგ დასჭირდა, როცა გრიგოლ ბესელია – აჭარის პოლიციის უკვე ყოფილი უფროსი მზია ამაღლობელის ადვოკატებმა 2025 წლის 28 აპრილის სხდომაზე სიცრუეში გამოიჭირეს. გრიგოლ ბესელიამ თქვა, რომ მზია ამაღლობელს შსს ედავება შსს-ს ღობეზე სტიკერის გაკვრასაც, მაგრამ როცა ბესელიამ სასამართლოს ეს ჩვენება მისცა, ბუნებაში მსგავსი ოქმი არ არსებობდა.
ბესელიას ჩვენებამდე მზია ამაღლობელი გაასამართლეს პოლიციელების შეურაცხყოფისთვის – თითქოს მზია ამაღლობელი იმიტომ დააკავეს, რომ ის პოლიციელებს „რუსებს“ და „მონებს“ ეძახდა. ეს სიყალბე და ამბის გამოგონება პოლიციელებს დასჭირდათ იმიტომ, რომ მზია ამაღლობელი – როგორც ეს უწყვეტ ვიდეოკადრებში ჩანს – სტიკერის გაკვრის დროს თვითონ გრიგოლ ბესელიამ დააკავა. უწყვეტ კადრებში ისმის ირაკლი დგებუაძის ხმაც, რომ მზია ამაღლობელი ასკ-ის 150-ე მუხლით დაკაავეს.
ასკ-ის 150-ე მუხლი კი, პირის დაკავებას საერთოდ არ ითვალისწინებს.
ამიტომაც, მზია ამაღლობელი გაასამართლეს პოლიციელების შეურაცხყოფის მუხლით [ასკ-ის 173-ე მუხლი], შემდეგ კი, როცა სიყალბე, სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს, უკვე გრიგოლ ბესელიას ჩვენებითაც გამოაშკარავდა, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ შსს-ში ახალი ოქმი დაწერეს: გრიგოლ ბესელიას ჩვენების მიცემიდან ორ დღეში – 2025 წლის 30 აპრილს 11 იანვარს გაკრულ სტიკერზე ახალი ოქმი შედგა.
ამ შემთხვევაში მზია ამაღლობელი მოსამართლე მარიანა ფომაევამ დააჯარიმა 1000 ლარით.

მოსამართლე მარიანა ფომაევა
მოსამართლე მარიანა ფომაევამ 2025 წლის მარტში 5-5 ათასი ლარით დააჯარიმა ბათუმის პროევროპული აქციის მონაწილეები. მათ შსს ზებრა გადასასვლელზე ხელოვნურად ბარიერის შექმნას ედავებოდა.
ქონებრივ დეკლარაციაში არ იძებნება ინფორმაცია ამ მოსამართლის მნიშვნელოვანი ქონებრივი შენაძენის შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება და ასევე ემიგრანტების ჯგუფები სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებთან მუშაობენ იმისთვის, რომ დასანქცირდეს მზია ამაღლობელის საქმის ყველა მოსამართლე.
- ზაზა რამიშვილი – მოსამართლე, რომელმაც სტიკერის გაკვრისთვის ორჯერ გასამართლებული მზია ამაღლობელის სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა
მოსამართლე ზაზა რამიშვილმა იმსჯელა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, მარიანა ფომაევას მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ასკ-ის 150-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდა მზია ამაღლობელს, ძალაში დატოვა.
„ფაქტობრივად, სააპელაციო სასამართლომ თქვა, რომ ნებისმიერი მოქმედება, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს ადამიანის კონსტიტუციურ უფლებებს, აზრის გამოხატვას ან პოზიციის გამოხატვას და ეს შეიძლება გააკეთო უწყინარ ფორმატში, სტიკერი გააკრა, სამართალდარღვევაა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ მზია ამაღლობელის ადვოკატმა გიორგი ხიმშიაშვილმა 2025 წლის 9 სექტემბერს.
როგორ გასამართლდა მზია ამაღლობელი ორჯერ? – 2025 წლის 11 იანვრის საპროტესტო აქციაზე მზია ამაღლობელმა შსს-ს პოლიციის დეპარტამენტის შესასვლელთან მდებარე დამხმარე ნაგებობაზე სტიკერი გააკრა, რომელზეც ეწერა – „იფიცება საქართველო“. მზია ამაღლობელი დააკავეს, თუმცა სტიკერის გაკვრის გამო პოლიციელებს მოქალაქის დაკავების უფლება არ აქვთ, ამიტომაც, პოლიციელებმა თქვეს, რომ მზია ამაღლობელი მათ შეურაცხყოფდა და აგინებდა. გაყალბებული საქმის მიუხედავად 18 მარტს მზია ამაღლობელი მოსამართლე სალიხ შაინიძემ სამართალდამრღვევად ცნო და 2 ათასი ლარით დააჯარიმა.

ზაზა რამიშვილი
ზაზა რამიშვილი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა 2023 წლიდან. იგი უვადოდ არის გამწესებული.
ზაზა რამიშვილი მომხსენებელი მოსამართლე იყო „საარჩევნო დავების საქმეზე“, როცა საია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხმების ფარულობის დარღვევაზე დავობდა.
ქონებრივ დეკლარაციაში არ იძებნება ინფორმაცია ამ მოსამართლის მნიშვნელოვანი ქონებრივი შენაძენის შესახებ.
მოსამართლე ზაზა რამიშვილმა 2024 წელს საარჩევნო დავა შოთა სირაძესთან ერთად განიხილა. შოთა სირაძე ერთ-ერთი გავლენიანი პოლიციელის – ვაჟა სირაძის მამაა.
მოსამართლე შოთა სირაძესაც მოუწია მზია ამაღლობელის საქმის განხილვა.
საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება და ასევე ემიგრანტების ჯგუფები სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებთან მუშაობენ იმისთვის, რომ დასანქცირდეს მზია ამაღლობელის საქმის ყველა მოსამართლე.
- შოთა სირაძე – მოსამართლემ შსს-ს ვიდეოებით მანიპულირება არ შეიმჩნია, მისი შვილი შსს-ს მაღალჩინოსანია
2025 წლის ივნისში მოსამართლე შოთა სირაძემ მზია ამაღლობელის სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა. ადვოკატები მზია ამაღლობელის პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვდნენ.
მოსამართლე შოთა სირაძეს მზია ამაღლობელის ადვოკატებმა წარუდგინეს ფრანგი და ქართველი ექსპერტების საექსპერტო დასკვნები, რაც ადასტურებს პოლიციის მიერ მტკიცებულებებით/ვიდეოკადრებით მანიპულირებას. დაცვის მხარისთვის უცნობია, რა გარემოებებზე დაყრდნობით არ გაითვალისწინა სასამართლომ საექსპერტო დასკვნები.
ექსპერტების დასკვნის მიხედვით, მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეზე შსს ვიდეოებით მანიპულირებდა.
შოთა სირაძემ ზეპირი მოსმენაც კი არ ჩანიშნა, ანუ მხარეებისთვის სხდომაზე არ მოუსმენია, ისე თქვა უარი საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

შოთა სირაძე საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსის და ამჟამად უკვე თბილისი პოლიციის უფროსის, ვაჟა სირაძის მამაა. 2024 წელს, საპროტესტო აქციების დროს ვაჟა სირაძე ჩეხეთმა, ლატვიამ, ლიეტუვამ და ესტონეთმა დაასანქცირეს.
2025 წლის შევსებული დეკლარაციის მიხედვით, მოსამართლე შოთა სირაძემ 2024 წელს 23 ათასი დოლარი გადაიხადა ავტომანქანაში, მისმა მეუღლემ ეკა ლატარიამ კი 24-ათასდოლარიანი ავტომანქანა იყიდა 2023 წელს.
ამ მოსამართლეს წყლის ტრანსპორტიც ჰქონია – 8 ათას დოლარად Hurricane შოთა სირაძეს 2024 წელს შეუძენია.
მოსამართლე შოთა სირაძის ჯამაგირი თვეში დაახლოებით 8737 ლარია. შოთა სირაძის მეუღლე ადვოკატია, აქვს ბიზნესიც და მისი შემოსავალი 2024 წელს 175 ათასი ლარი იყო.
საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება და ასევე ემიგრანტების ჯგუფები სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებთან მუშაობენ იმისთვის, რომ დასანქცირდეს მზია ამაღლობელის საქმის ყველა მოსამართლე.
- მალხაზ ოქროპირაშვილი – მოსამართლე, რომელმაც მოშიმშილე ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის საჩივარი არც კი განიხილა
2025 წლის 21 იანვარს მალხაზ ოქროპირაშვილმაც დაუშვებლად ცნო საჩივარი, რომლითაც მზია ამაღლობელის ადვოკატებმა მოსამართლე ნინო სახელაშვილის მიერ მოშიმშილე მზია ამაღლობელისთვის პატიმრობის შეფარდება გაასაჩივრეს.
მოსამართლე მალხაზ ოქროპირაშვილი ესტონეთმა და ლიეტუვამ „მზია ამაღლობელის საქმის“ გამო დაასანქცირეს 2025 წელს.

მოსამართლე მალხაზ ოქროპირაშვილი
2025 წლის 24 იანვარს მოქალაქეებმა მოსამართლე მალხაზ ოქროპირაშვილის სახლთან აქცია გამართეს. მოქალაქეებმა მალხაზ ოქროპირაშვილის გადაწყვეტილება გააპროტესტეს, როცა მან მოშიმშილე ჟურნალისტის საჩივარი არც კი განიხილა. ამ პროტესტის გამო მუსიკოსი ნინო ქათამაძე, ფსიქოლოგი მაია ცირამუა, ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი, მასწავლებელი და ეროვნული ჯილდოს მფლობელი ლადო აფხაზავა, ჟურნალისტები – ხვიჩა ვაშაყმაძე, ქეთევან ფილაური, ეკა კუხალაშვილი, ირმა ზარანდია, გივი ცინცაძე – მოსამართლე ციცინო მოსიძემ სამართალდამრღვევად მიიჩნია და ისინი 5-5 ათასი ლარით დააჯარიმა.
მალხაზ ოქროპირაშვილი მოსამართლეა 2005 წლიდან. იგი უვადო მოსამართლედ 2018 წელს გაამწესეს. მალხაზ ოქროპირაშვილს 2024 წელს ხელფასის სახით 109 ათასი ლარი მიუღია.
საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება და ასევე ემიგრანტების ჯგუფები სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებთან მუშაობენ იმისთვის, რომ დასანქცირდეს მზია ამაღლობელის საქმის ყველა მოსამართლე.
- ვერა დოლიძე – მოსამართლე, რომელიც, „ოცნების“ შეფასებით ენმ-ს მმართველობის დროს უკანონო გადაწყვეტილებებს იღებდა და დააწინაურეს
ვერა დოლიძე კიდევ ერთი მოსამართლეა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, რომელმაც უარი თქვა მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობის გადახედვაზე. ამ მოსამართლემაც ნახა, როგორ გააყალბა შსს-მ „მზია ამაღლობელის საქმე“.
მზია ამაღლობელის ადვოკატები მოსამართლე ვერა დოლიძესთან ასაჩივრებდნენ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მოსამართლე ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო ადვოკატების შუამდგომლობა პატიმრობის შეცვლაზე. ამ ეტაპზე „მზია ამაღლობელის საქმის“ ადვოკატებმა გამოკვეთეს რამდენიმე გარემოება, რაც ადასტურებდა იმას, რომ „მზია ამაღლობელის საქმე“ გაყალბებულია.

ვერა დოლიძე
2009-2012 წლებში ვერა დოლიძე ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე იყო, 2012 წლიდან კი, არის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე.
ერთ საინტერესო საქმეს გაგახსენებთ, რომელიც ვერა დოლიძემ ბათუმის სასამართლოში განიხილა: 2011 წელს მოსამართლე ვერა დოლიძემ 23 წლის სტუდენტს, ცოტნე ანანიძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ანანიძეს გამოძიება პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევას და აჭარის ტელევიზიის ხელში ჩაგდების მცდელობას ედავებოდა. ცოტნე ანანიძის პატიმრობა „ოცნების“ მთავრობამ უკანონობად შეაფასა და პოლიტიკური პატიმრების სიაში შეიყვანა. ცოტნე ანანიძე დღეს „ოცნების“ დეპუტატია აჭარის უმაღლეს საბჭოში.
„ოცნების“ ლოგიკით უკანონო გადაწყვეტილების მიმღები მოსამართლე – ვერა დოლიძეც დაწინაურებულა. ის 2012 წლიდან უკვე ზემდგომი ინსტანციის, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გახდა.
ვერა დოლიძეს ბინა ბათუმში 2019 წელს შეუძენია 49 500 დოლარად შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, 80 კვ. მეტრი ბინა კი თბილისში იყიდა, რაშიც 70 ათასი დოლარი გადაიხადა 2014 წელს.
ვერა დოლიძის მეუღლე გენადი კუჭუხიძე ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოადგილეა. მას შეუძენია ბინა ქუთაისში 2021 წელს, 101 კვ. მეტრი 135 ათას ლარად. გენადი კუჭუხიძის ხელფასი 2024 წელს თვეში 2475 ლარი იყო, ვერა დოლიძისა – 8695 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება და ასევე ემიგრანტების ჯგუფები სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებთან მუშაობენ იმისთვის, რომ დასანქცირდეს მზია ამაღლობელის საქმის ყველა მოსამართლე.
- ლევან ყოლბაია – კიდევ ერთი მოსამართლე, რომელმაც გაყალბებული საქმე არ შეიმჩნია
2025 წლის 14 თებერვალს მოსამართლე ლევან ყოლბაიამ მზია ამაღლობელის ადვოკატების შუამდგომლობა აღკვეთი ღონისძიების – პატიმრობის გაუქმებაზე დაუშვებლად ცნო.
ადვოკატები მოსამართლე ლევან ყოლბაიას მიუთითებდნენ რამდენიმე გარემოებაზე, რის გამოც მოსამართლეს მზია ამაღლობელი უნდა გაეთავისუფლებინა, მათ შორის, იყო ადმინისტრაციული დაკავების ოქმი, რაც გაყალბებულია. პროკურორებმა – ვლადიმერ თურმანიძემ და თორნიკე გოგეშვილმა აღკვეთი ღონისძიების შეფარდების დროს [2025 წლის 14 იანვარი] სწორედ გაყალბებული ადმინისტრაციული დაკავების ოქმის საფუძველზე მოითხოვეს მზია ამაღლობელის დაპატიმრება, მოსამართლე ნინო სახელაშვილი კი, ყალბ დოკუმენტს დაეყრდნო, მაგალითად, მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავების ოქმის მიხედვით, იგი პოლიციელების შეურაცხყოფის გამო დააკავეს [ასკ-ის 173-ე მუხლი], თუმცა „ბათუმელების“ მიერ გადაღებული ვიდეოთი სიყალბე დასტურდება: მზია ამაღლობელს ასკ-ის 150-ე მუხლის გამო [სტიკერის გაკვრა] აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, გრიგოლ ბესელია აკავებს.

ლევან ყოლბაია
ლევან ყოლბაია 2021 წლიდან გაამწესეს მოსამართლედ. მანამდე იგი აფხაზეთის მთავრობაში მუშაობდა. მოსამართლეს ჰქონია NGO სექტორში მუშაობის გამოცდილებაც: 2010-2013 წლებში ლევან ყოლბაია თავმჯდომარის მოადგილე იყო არასამთავრობო ორგანიზაციაში – „დევნილთა მხარდაჭერისთვის”.
ლევან ყოლბაიას ჯამაგირი 2024 წელს 95 271 ლარი იყო, თვეში – 7940 ლარი.
2024 წელს ლევან ყოლბაიას თბილისში სახლი შეუძენია [თანასაკუთრება, 50 %] 303 000 ლარად.
საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება და ასევე ემიგრანტების ჯგუფები სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებთან მუშაობენ იმისთვის, რომ დასანქცირდეს მზია ამაღლობელის საქმის ყველა მოსამართლე.
ამ საქმეზე:
მზია ამაღლობელის საქმე – რეპორტაჟი სააპელაციო სასამართლოს დარბაზიდან






