მთავარი,სიახლეები

სააპელაციო სასამართლომ მზია ამაღლობელისთვის მისჯილი 2-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

18.11.2025
სააპელაციო სასამართლომ მზია ამაღლობელისთვის მისჯილი 2-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

დღეს, 18 ნოემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი მზია ამაღლობელის განაჩენი, რომლის მიხედვითაც მზია ამაღლობელს 2 წლით შეეფარდა პატიმრობა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმეს განიხილავდნენ: ნიკოლოზ მარგველაშვილი (მომხსენებელი მოსამართლე), მარინა სირაძე და ნანა ჯოხაძე. მზია ამაღლობელის ადვოკატები ითხოვდნენ მზია ამაღლობელის უდანაშაულოდ ცნობას და მის გათავისუფლებას, პროკურატურა კი – ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოტანილი განაჩენის გამკაცრებას და მზია ამაღლობელისათვის პატიმრობის შეფარდებას არა 2 წლით, არამედ 4-დან 7 წლამდე ვადით.

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და მედიამენეჯერი, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი უკვე 312 დღეა უკანონო პატიმარია. იგი დააკავეს 2025 წლის 11-12 იანვრის ღამეს, ჯერ ადმინისტრაციული წესით და უკანონოდ – სტიკერის გაკვრისთვის და მეორედ სისხლის სამართლის წესით – ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის აქციაზე სილის გაწვნის გამო.

მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობდა მის წინააღმდეგ მიმართული „ოცნების“ დეზინფორმაციის ფონზე, ცრუ მოწმე პოლიციელების გამოყენებით.

დაკავებისას მზია ამაღლობელს ღირსების შემლახავად და არაადამიანურად მოექცნენ, თუმცა პროკურატურას საქმის გამოძიება არ დაუწყია. დაკავების დღიდან, პროტესტის ნიშნად, მზია ამაღლობელი 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. მას პატიმრობაში მკვეთრად დაუქვეითდა მხედველობა.

მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავების საქმის განხილვა უკვე დაიწყო სტრასბურგის ევროპულმა სასამართლომ.

2025 წლის 22 ოქტომბერს მზია ამაღლობელმა მიიღო სახაროვის პრემია აზრის თავისუფლებისთვის, ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო და არაერთი პრიზი ჟურნალისტური საქმიანობისთვის.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: