განათლება,მთავარი,სიახლეები

„დავკარგავთ საერთაშორისო აკრედიტაციას კომპიუტერულ პროგრამებზე“ – ილიაუნის პროფესორი

13.12.2025 •
„დავკარგავთ საერთაშორისო აკრედიტაციას კომპიუტერულ პროგრამებზე“ – ილიაუნის პროფესორი

„წელი მთავრდება, უნივერსიტეტებს ბიუჯეტები აქვთ დასაგეგმი და არავინ იცის, როგორ უნდა დაგეგმონ. გარდა ამისა, უცხოელი სტუდენტების მიღებაზეც სერიოზული პრობლემებია. გვიგზავნიან აპლიკაციებს, უნდათ ჩვენთან ჩაბარება და ამაზეც არ ვიცით რა პასუხი გავცეთ. აბსოლუტური ქაოსია“, – ამბობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი და ილიაუნის ტექნოლოგიის სკოლის საერთაშორისო აკრედიტაციისა და განვითარების მენეჯერი, ერეკლე მაღრაძე.

„ბათუმელები“ ერეკლე მაღრაძეს „ქართული ოცნების“ ე.წ რეფორმაზე ესაუბრა.

  • ბატონო ერეკლე, რა ტიპის საფრთხეებს უქმნის „ქართული ოცნების“ საუნივერსიტეტო რეფორმა ილიაუნის იმ პროგრამებს, რომლებსაც უკვე აქვთ საერთშორისო აკრედიტაცია?

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ოთხი ფაკულტეტია და მათ შორის ერთ-ერთია ბიზნესის, ტექნოლოგიის და განათლების ფაკულტეტი. ამ ფაკულტეტში არის სამი სკოლა და ერთ-ერთია ტექნოლოგიის სკოლა, რომელიც აერთიანებს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს.

საბაკალავრო პროგრამები არის კომპიუტერული მეცნიერების, კომპიუტერული ინჟინერიის, სამოქალაქო ინჟინერიის, ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის, არქიტექტურის და მათემატიკის. არის სამაგისტრო პროგრამები – პროგრამული ინჟინერიის, არქიტექტურის და მათემატიკის მიმართულებით და არის ერთი სადოქტორო პროგრამა მათემატიკის მიმართულებით.

ტექნოლოგიის სკოლაში არის კიდევ ბევრი კვლევითი ცენტრი, გამოყენებითი ფიზიკის, ენერგეტიკის და სამოქალაქო ინჟინერიის, ასევე კვანტური ფიზიკის მიმართულებით, ტექნოლოგიის სკოლის სტრუქტურაში შედის ასევე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოთვლითი ცენტრი, და ბუნებრივია, ამ ყველაფრის არსებობას და განვითარებას ექმნება საფრთხე.

როცა ამბობენ, რომ სამ წლამდე ჩამოდის ბაკალავრიატში სწავლის ხანგრძლივობა, ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა და დანაშაული იმიტომ, რომ, ჩამოთვლილი საინჟინრო და ტექნოლოგიური პროგრამები, ე.წ. STEM პროგრამები, შეიქმნა „მილენიუმის“ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასთან და სან დიეგოს უნივერსიტეტთან თანამშრომლობით და ორიენტირებულია საერთაშორისო აკრედიტაციის მიღებაზე.

ამ 4-წლიან პროგრამებიდან, ჯერ მხოლოდ კომპიუტერულ ინჟინერიას აქვს მიღებული როგორც საერთაშორისო აკრედიტაცია (ABET), ასევე ადგილობრივი ქართული აკრედიტაციაც, ხოლო დანარჩენ პროგრამებს ჯერ-ჯერობით აქვთ მიღებული მხოლოდ ადგილობრივი აკრედიტაცია, მაგრამ ორიენტირებულია ABET აკრედიტაციის მიღებაზე. ილიაუნის ტექნოლოგიის სკოლაში, ABET აკრედიტაციის მისაღებად აქტიურად მიმდინარეობდა და მიმდინარეობს მზადება, მაგრამ, თუ ჩვენ იძულებულები ვიქნებით, რომ პროგრამა შევცვალოთ ეს უკვე გამორიცხული იქნება, რადგან სამ წელში ამ ABET-ის სტანდარტებით გათვალისწინებულ საგნებს ვერ ჩავატევთ, არ მოესწრება.

შესაბამისად, ეს სამწლიანი სწავლების სქემა ავტომატურად გულისხმობს, რომ ვერც ილიაუნი და ვერც სხვა ქართული სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს ვერ მისცემს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის კვალიფიკაციას რაზეც იყო გათვლილი ეს პროგრამები, რაშიც უზარმაზარი თანხები ჩაიდო, როგორც ამერიკის მთავრობის მხრიდან, ასევე საქართველოს მთავრობის მხრიდან, ასევე ილიას უნივერსიტეტის მხრიდან და შესაბამისად, ეს „რეფორმა“ ამ ყველაფერს ჩამოანგრევს.

ამ ეტაპზე მიდის საუბარი იმაზე, რომ სტუდენტების მიღება შემდეგი წლიდან ფაქტობრივად აღარ გვექნება. რაც იმას ნიშნავს, რომ ეს პროგრამები განწირულია დახურვისთვის.

  • მიღება აღარ გვექნება“ როცა ამბობთ, ამაში გულისხმობთ იმას, რომ შესაძლოა „ოცნების“ ხელისუფლებამ დახუროს?

დიახ, ჯერ-ჯერობით ეს ინფორმაცია გვაქვს, რომ ახალი სასწავლო წლიდან მთავრობა გვიკრძალავს ილიაუნიში, ამ „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტი“ პრინციპით სტუდენტების ტექნოლოგიურ და საინჟინრო პროგრამებზე მიღებას.

  • თქვენ როგორ გაიგეთ ეს ფორმულა -„ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“?

აბსოლუტური ბუნდოვანება, გაურკვევლობა, რადგან კითხვებს რომ ვსვამთ, პასუხს არავინ გვაძლევს. არადა, საგანმანათლებლო პროცესი ისეთია, 4-5 წელი მაინც წინასწარ უნდა დაგეგმო, ადამიანების მომავალზეა საუბარი და ასე ხელაღებით, აგდებით საუბარი გამორიცხულია. ან ასეთი გაურკვევლობის შექმნა და შემდეგ კითხვებზე პასუხების არ გაცემა არის პირდაპირ დანაშაული იმ სტუდენტების მიმართაც, ვინც ახლა სწავლობს, რადგან მათ ჰქონდათ მოლოდინი, რომ დაამთავრებდნენ საერთაშორისოდ აკრედიტებულ პროგრამებს და ამ შესაძლებლობას ფაქტიურად ართმევენ.

  • ახლა ვინც სწავლობს, მათ არ შეეხება ეს რეფორმაო, ამბობენ…

ჩვენ შემთხვევაში ეხებათ. იმიტომ რომ განათლების სამინისტროს და საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდა აღებული ვალდებულება 2027 წლის ჩათვლით, რომ მხარს დაუჭერდნენ ამ პროგრამებს საერთაშორისო აკრედიტაციის მოპოვების პროცესში. მათ შორის ფინანსურადაც, იმიტომ, რომ ეს აკრედიტაციის პროცესი საკმაოდ ძვირადღირებულია და ამიტომ იყო სახელმწიფოსთან შეთანხმების ნაწილი, რომ მათი თანამონაწილეობაც ყოფილიყო.

თუ ეს დაფინანსება არ იქნება, აკრედიტაციაც ვერ მოხდება და თუ აკრედიატიაც ვერ მოხდება, ახლა ვინც სწავლობენ ის სტუდენტებიც ვერ დაასრულებენ იმ პროგრამებს რაზეც მათ ჩააბარეს და რაზეც მათ მიიღეს დაპირება როგორც სახელმწიფოსგან, ასევე უნივერსიტეტისგან.

  • რამდენი სტუდენტი სწავლობს ამ სპეციალობებზე?

საერთაშორისო აკრედიტირებულ ან სააკრედიტაციო პროგრამაზე დაახლოებით 500-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს და ჯამში, ტექნოლოგიის სკოლაში 1000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს.

  • გახსოვთ ალბათ, კობახიძე რომ შეხვდა რექტორებს, ამ შეხვედრაზე იყო ილიაუნის რექტორიც. ალბათ ისაუბრებდა ქალბატონი ნინო ამ თემაზე და თუ გაქვთ ინფორმაცია, რა ითქვა ამ პრობლემაზე?

კონკრეტული არაფერი. აბსოლუტური ბუნდოვანება. როგორც ნებისმიერ კითხვაზე ახერხებენ ზოგადი პასუხის გაცემას, – „განვიხილავთ, დავფიქრდებით, შეგატყობინებთ გადაწყვეტილებას“, აი ასეთი მიდგომა აქვთ, რომლიდანაც დასკვნას ვერ გააკეთებ და ასეთი პასუხები მიიღო ყველამ ყველაფერზე, მათ შორის რექტორებმაც. ჩვენ ოფიციალური წერილიც გავაგზავნეთ სამინისტროში საერთაშორისო აკრედიტაციისთვის საჭირო თანხების მოთხოვნაზე, მაგრამ არანაირი პასუხი არ მოგვსვლია ჯერჯერობით.

არადა წელი მთავრდება. მარტო ჩვენ კი არა, სხვა სახელმწიფო უნივერსიტეტებსაც აქვთ 2026 წლის ბიუჯეტი დასაგეგმი და არავინ იცის, ამ მოცემულობით როგორ უნდა დაგეგმონ. გარდა იმისა, რომ ბიუჯეტს ვერ გეგმავენ, უცხოელი სტუდენტების მიღებაზეც სერიოზული პრობლემებია. უცხოელები გვიგზავნიან აპლიკაციებს, უნდათ ჩვენთან ჩაბარება და ამაზეც არ ვიცით რა პასუხი გავცეთ. აბსოლუტური ქაოსია.

  • ამაზე პირდაპირ ითქვა, რომ არ დაუტოვებენ სახელმწიფო უნივერსიტეტებს უცხოელ სტუდენტებს.

კი ბატონო, მაგრამ რამე წესი გვითხრან მაშინ, დადგენილება გვაჩვენონ. მთელი უზარმაზარი დეპარტამენტია უნივერსიტეტში საერთაშორისო სტუდენტების რეკრუტირებაზე, ცალკე განყოფილება მუშაობს და მაშინ ესეც უნდა გაუქმდეს. სადღაც ინტერვიუებში, ალაგ-ალაგ ნათქვამი ამბები მოგვდის, მაგრამ კონკრეტულს არავინ არაფერს გვეუბნება.

  • არც კვოტირებაზე საუბრობენ, განათლების მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ ამას სპეციალურად არ ამბობენ, რადგან ელოდებიან ეკონომიკის სამინისტროს, მან უნდა მოგვაწოდოს ადგილების რაოდენობაზე ინფორმაციაო და თქვენი აზრით, ეს ნორმალურია?

ერთადერთი შეფასება რაც შეიძლება ამას მივცეთ, არის ის, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება. ეს არ ეფუძნება არანაირ წინასწარ კვლევას, განათლების სფეროს ექსპერტთა თუ მცოდნე ხალხთან კომუნიკაციას, არაფერს არ ეფუძნება აბსოლუტურად. წმინდა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომ პოლიტიკური ბერკეტების ამოქმედებით მაქსიმალური კონტროლი მიიღონ სახელმწიფო უნივერსიტეტებზე, რადგან სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჯერ კიდევ შესაძლებელია თავისუფალი აზრის ფორმირება, თავისუფლად საუბარი და მსჯელობა. ამის მოგუდვა უნდათ.

  • ავტორიტარიზმს სწირავენ საუნივერსიტეტო განვითარების ამდენწლიან ისტორიას?

საქართველოში ბოლო 20 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ეს რეფორმები განათლების სისტემაში და ახლა, როცა იმდენად გაიმართა პროცესები, რომ უკვე შესაძლებელი გახდა ის, რომ ახალგაზრდები დაბრუნდნენ კვლევაში, დაინტერესდნენ მეცნიერებით, საერთაშორისო თანამშრომლობით და ასე შემდეგ, ახლა იწყება ამ ყველაფრის მოშლა.

„აგენტების კანონი“, რომ მიიღეს და გრანტებზე წვდომა შეზღუდეს, ამან ხომ ძალიან დააზარალა საერთაშორისო თანამშრომლობები, თუმცა რაღაც დოზით მაინც ვინარჩუნებდით ამ კონტაქტებს და ეს მიღწევები გადაიყრება წყალშისაუნივერსიტეტო განათლება მარტო ცოდნის გადაცემას არ გულისხმობს, ეს კვლევასაც გულისხმობს. თითზე ჩამოსათვლელია კერძო უნივერსიტეტები, სადაც კვლევები ხორციელდება. ძალიან დიდი ფუფუნებაა ეს კერძო უნივერსიტეტისთვის. ძირითადი კვლევის კერები მაინც იყო სახელმწიფო უნივერსიტეტები და ამ რეფორმით, ჩათვალეთ რომ ეს კვლევის კერებიც მოკვდება. კვლევის გარეშე კი ხარისხიანი განათლება არ არსებობს.

  • სახელმწიფო დააფინანსებსო, ამბობენ, თუმცა ფაქტია, რომ მეცნიერებას ყველაზე ნაკლებად აფინანსებდნენ. ასევე არ მალავენ იმას, რომ უნდათ სტუდენტების შემცირება თბილისში. რეგიონებში გადავიყვანთო. ამაზე რას ფიქრობთ?

არ ეკითხებიან ამ სტუდენტებს, უნდათ თუ არა ქუთაისში წასვლა? შეძლებენ იქ თავის რჩენას, საკუთარი თავის გატანას? ამ ადამიანების ბედზე ასე ხელაღებით საუბარი როგორ შეიძლება.

ჰკითხეს სტუდენტბს უნდათ თუ არა თბილისიდან გადასვლა? ან ეს, რომ ბიუროკრატიულ ქაოსს გამოიწვევს ხვდებიან? ახლა სტუდენტებმა იციან რა პროგრამებზე სწავლობენ, რა საგნები აქვთ სასწავლი, რა საგნები უნდა გაიარონ და ასე შემდეგ. იქ სხვა პროგრამა, სხვა საგნები და ლექტორები დახვდებათ, იმათთან ადაპტაციაც ხომ მოითხოვს დროს.

  • რას ამბობს ის 500 სტუდენტი, რომლებიც ამ გაურკვევლობის წინაშე დააყენეს, არ აქვთ პროტესტი?

გაურკვევლობაში არიან და როგორი განწყობა აქვთ, იცით? იმდენი ფრუსტრაცია განიცადეს ამ ასაკში, რომ თითქოს აღარ აქვთ იმედი, რაიმე უკეთესობისკენ რომ შეიცვლება. „რა აზრი აქვს თქმას, მაინც არაფერი შეიცვლება“ – აი, ეს არის მათი განწყობა.

  • გამოდის, ეგუებიან იმ ყველაფრის ჩამოშლას, რისთვისაც შრომობდნენ?

სამწუხაროდ მიყვებიან დინებას, იმდენად აქვთ იმედები გაცრუებული ყველაფერზე.

  • იქნებ ეს იყო რეჟიმის გათვლაც. ივანიშვილმაც ხომ თქვა, რომ დაღლიდა საზოგადოებას. როგორ ფიქრობთ, მიაღწია მიზანს?

ვერ ვიტყოდი, რომ ყველა მასიურად დაღლილია და ყველას იმედი აქვს დაკარგული. მაგრამ რაღაც ნაწილი საკმაოდ ინერტულია და აქვს იმედგაცრუების მომენტი. აქ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ძალიან დიდი ბუნდოვანებაა შექმნილი და ეს ბუნდოვანებაც გამიზნულად შექმნეს და ამღვრეულ წყალში იჭერენ თევზებს. ამის გამო სტუდენტებიც ერთიან აზრზე ვერ ჩამოყალიბდნენ.

ნაწილობრივ უყურებენ იმას, რომ ასე ოფიციალური გადაწყვეტილება ჯერჯერობით არაფერზე არ არის, აჩერებთ ის,ფრაზაც, რომ ახლანდელ სტუდენტებს არ შეეხებიან და ვინც სწავლობს, მათ თავიანთი სწავლა ადარდებთ, მაგრამ ABET კარედიტაციაზე ორიენტირებული პროგრამების შემთხვევაშ იმ ხარისხის განათლებას ვერ მიიღებენ თუ საერთაშორისო აკრედიტაცია ვერ მოვიპოვეთ.

  • ოცნების“ რეფორმა ასევე ითვალისწინეს იმას, რომ ერთი პროფესორი დარჩეს ერთ ფაკულტეტზე, რაც გამოიწვევს უმუშევრობის გაზრდას. თქვენს მომავალს როგორ ხედავთ ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში?

ტექნოლოგიურ სფეროში ვინც არის ჩართული, აბსოლუტური უმრავლესობა ვართ აქტიური სპეციალისტები. ანუ ინდუსტრიაშიც ვართ და განათლებაშიც. მარტო საქართველოში არა, ყველა წამყვან ქვეყანაში ასეა. აქ იმდენად რთული და გაურკვეველი სიტუაციაა, მე პირადად ასეთი რეფორმის შემთხვევაში განათლების სისტემაში დარჩენას ნამდვილად აღარ ვგეგმავ.

ჩემი კოლეგების უმრავლესობაც თავს ვეღარ ხედავს საუნივერსიტეტო სივრცეში. დაახლოებით შვიდი წელია დრო შრომა და ენერგია ჩავდე ამ ყველაფერში და ახლა სახელმწიფო მეუბნება, რომ გარანტიას ვერ მოგცემ, რომ რაიმე იქნება სტაბილურად.

რაც იშრომე და აკეთე, ყველაფერს ხაზი უნდა გადავუსვათ. აქედან გამომდინარე, საერთოდ აღარ მაქვს მოტივაცია, რომ დავრჩე საგანმანათლებლო სივრცეში, რადგან ამ სფეროს სჭირდება გრძელვადიანი სტაბილური გარემო. ასეთი რყევები მხოლოდ და მხოლოდ ანგრევს და შლის ყველაფერს. რეფორმას სჭირდება შეთანხმება, გააზრება, დაფიქრება. მაგალითად ფინეთში საგანმანათლებლო რეფორმა რომ დაიწყეს, ორი წელიწადი მარტო მსჯელობა მიდიოდა. აქ ვინ გადაწყვიტა ან საერთოდ ვის თავში მოიხარშა ეს სიგიჟე არაფერი ვიცით.

25 წელია ვაშენებთ ამ სისტემას დასავლეთის დახმარებით, ძალიან დიდი ფინანსური რესურსი და ძალისხმევა ჩაიდო, როგორც პირდაპირი ინვესტიციით, ისე გაცვლითი პროგრამების ხელშეწყობით და ასე თუ ისე, განათლების სისტემა ისე დადგა ფეხზე, რომ დღეს მაგალითად ილიას უნივერსიტეტი ყველაზე რეიტინგული კვლევებით პირველია საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის, ციტირების ინდექსითაც და საერთაშორისო ჟურნალებში გამოქვეყნებული სტატიების რაოდენობით. ეს ხომ ჰაერიდან არ ჩამოვარდნილა? მაგალითად ილიას უნივერსიტეტმა ააშენა ტექნოლოგიური კორპუსი, ათასწლეულის გამოწვევის ფონდთან ერთად, რომელიც უახლესი ლაბორატორიებით აღიჭურვა. ასეთი ჩვენც კი არ გვაქვსო, სან დიეგოს უნივერსიტეტიდან გვეუბნებოდნენ. ახლა გამოდის, ამხელა ინვესტიცია, ამხელა მხარდაჭერა წყალში უნდა გადაიყაროს. ეს შრომა, გამოზრდილი თაობები, სპეციალისტები და ასე შემდეგ, ფაქტობრივად რჩება ჰაერში. ჯერ ალტერნატიული გეგმა მაინც უნდა იქმნებოდეს, ხომ? და ესენი რეფორმას იწყებენ ნგრევით. არც გეგმა აქვთ ახლის აშენების, არც მიდგომა. აბსოლუტურად არაფერი, ცარიელ მინდორზე არიან და ჯერჯერობით მხოლოდ ანგრევენ.

ან, ბაზარი დაარეგულირებსო რომ ამბობენ, ეს იმას ნიშნავს, რომ ფაქტობრივად სახელმწიფოს გააზრებული არა აქვს უნივერსიტეტის ფუნქცია, დანიშნულება, რომ უნივერსიტეტი მარტო ბაზრის მოთხოვნები არ არის. ეს არის კვლევითი და ღირებულებითი დაწესებულება. სახელმწიფოს მხრიდან ეს მიდგომა აჩვენებს, რომ კვლევა და მეცნიერება სახელმწიფოს განვითარების სტრატეგიიდან არის ამოვარდნილი. იმის მაგივრად, რომ პირიქით იყოს.

ნებისმიერი ცივილიზებული სახელმწიფოს სტრატეგიული განვითარების გეგმაში სწორედ მეცნიერება და განათლებაა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი და ამაზე დგას ყველაფერი. აქ არც რეფორმა გვაქვს და არც სახელმწიფოს განვითარების სტრატეგიული გეგმა.

ცალსახად ხდება იმის ხაზგასმა, რომ ეს ქვეყანა უნდა გადაიქცეს მომსახურების სფეროდ. ამას ემსახურება ყველაფერი და რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი და რუსეთის ფედერაცია განგვიხილავს საქართველოს მხოლოდ ხინკლის, ღომის და ცეკვა-სიმღერის ქვეყნად.

  • ერის მასობრივი განადგურების ტოლფასია“ ეს რეფორმაო ამბობდა ერთ-ერთი ყოფილი რექტორი. თქვენ თუ იზიარებთ ამ აზრს?

მე განვმარტე პრინციპში რატომ იქნება ეს მტრობა ქვეყნის, რადგან ნებისმიერ დემოკრატიულ საზოგადოებას თავისი განვითარების სტრატეგიული გეგმის ნაწილად აქვთ ქცეული მეცნიერების და განათლების მხარდაჭერა. აქ კი გვეუბნებიან, რომ თქვენ საერთოდ წადით, ხმა ჩაიკმინდეთ, არავის თქვენი აზრი არ აინტერსებს. ჩვენ გადავაქცევთ ამ ქვეყანას ერთ დიდ რესტორნად ან სასტუმროდ და თქვენ თავში ქვა გიხლიათ.

  • თუმცა ხალხს არწმუნებენ, რომ ეს ყველაფერი ხარისხისთვის კეთდება.

რა თქმა უნდა, 1984 ბიძინა ივანიშვილის სამაგიდო წიგნია. ნებისმიერი ტყუილი უნდა გაასაღოს სიმართლედ და ყველაფერი კარგად იქნება. ყველანაირ მავნებლობას ასაღებენ სიკეთედ. ახლა ლოზუნგად აიფარეს, რომ განათლება გავხადეთო უფასო პირველად საქართველოს ისტორიაშიო. ამაზე დიდი ტყუილი არ არსებობს. შეამცირეს დასაფინანსებელ სტუდენტთა რაოდენობა, შეამცირეს სახელმწიფო უნივერსიტეტებში პროგრამების რაოდენობა, კერძო უნივერსიტეტებში გრანტების რაოდენობა და რეალურად, უფასო კი არ გახადეს, არამედ ბევრად გააძვირეს საქართველოში უმაღლესი განათლების მიღება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: