მთავარი,სიახლეები

საქსტატის ცნობით, საქართველოში საშუალო ხელფასი 2 271 ლარია

16.12.2025
საქსტატის ცნობით, საქართველოში საშუალო ხელფასი 2 271 ლარია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2025 წლის III კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.4 პროცენტით (214.9 ლარით) გაიზარდა და 2 271.6 ლარი შეადგინა.

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

  • ინფორმაცია და კომუნიკაცია – 4 212.9 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 5.9 პროცენტით);
  • მშენებლობა – 3 682.9 ლარი (გაიზარდა 15.2 პროცენტით);
  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 3 526.0 ლარი (გაიზარდა 10.7 პროცენტით);
  • სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება – 3 154.3 ლარი (გაიზარდა 30.6
    პროცენტით).

საქსტატი წერს, რომ 2025 წლის III კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 797.4 ლარი, ხოლო კაცების – 2 738.1 ლარი იყო.

„ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 146.8 ლარი (8.9%) შეადგინა, ხოლო კაცებში – 287.1 ლარი (11.7%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს“ – წერს საქსტატი.

პრესრელიზის თანახმად, 2025 წლის III კვარტალში ბიზნესსექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი გაიზარდა 230.8 ლარით (10.5%) და 2 420.9 ლარი შეადგინა.

საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი დაფიქსირდა ინფორმაციის და კომუნიკაციის (4 277.5 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 5.2 პროცენტით) და მშენებლობის (3 687.6 ლარი, გაიზარდა 15.1 პროცენტით) სფეროებში.

2025 წლის III კვარტალში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 187.4 ლარით (10.3%) გაიზარდა და 2 000.9 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს.

საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში ლიდერობს თბილისი და მცხეთა-მთიანეთი.

დიაგრამაზე წარმოდგენილია 2025 წლის III კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი რეგიონების მიხედვით:

წყარო: საქსტატი

____________

მოამზადა მარია ბასილაძემ.

ფოტო: „ბათუმელები“

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: