მთავარი,სიახლეები

ბათუმის 25-წევრიან საკრებულოში 22 თანამდებობის პირი იმუშავებს – ხელფასები იზრდება

13.12.2025 •
ბათუმის 25-წევრიან საკრებულოში 22 თანამდებობის პირი იმუშავებს – ხელფასები იზრდება

ბათუმის საკრებულოში რიგითი წევრს უფლებამოსილების განხორციელებისთვის მხოლოდ 996 ლარამდე ერიცხება. თანამდებობის პირების ხელფასები კი 4000-მდე ლარიდან იწყება.

25-წევრიან საკრებულოს განკარგულების პროექტის მიხედვით, რაც ხელფასების ზრდას ითვალისწინებს, საკრებულოში 22 თანამდებობის პირი იქნება: თავმჯდომარე, მისი სამი მოადგილე, 5 კომისიის თავმჯდომარე, 3 ფრაქციის თავმჯდომარე, ჯამში 10 მოადგილით.

კიდევ ერთი ფაქტი – 25-წევრიან საკრებულოში ოპოზიციას მხოლოდ 3 წევრი ჰყავს.

ამონარიდი განკარგულების პროეტიდან

ამ დროისთვის საკრებულოში თავმჯდომარის, მისი სამი მოადგილის, ხუთი კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე 9 პირია არჩეული.

თავმჯდომარის ხელფასი 2026 წლის იანვრიდან 9600 ლარი იქნება იმ პროექტის მიხედვით, რომელსაც საკრებულო თავადვე დაამტკიცებს. პირველი მოადგილის ხელფასი 8000 ლარი, ხოლო მეორე და მესამე მოადგილეები 7200 ლარს მიიღებენ. კომისიების თავმჯდომარეების ანაზღაურება კი 5600 ლარია.

თვითმმართველობის კოდექსი საკრებულოში ფრაქციის შექმნას ითვალისწინებს, თანამოაზრეებმა ერთად მუშაობა და ინიციატივების წარდგენა რომ შეძლონ.

ფრაქციის თავმჯდომარეს ხელფასი ეკუთვნის და შეუძლია ხელფასიანი მოადგილეც ჰყავდეს. ფრაქციის თავმჯდომარის ხელფასი 5600 ლარი, ხოლო მოადგილის ხელფასი 4000 ლარია.

ბათუმის საკრებულოში 3 ფრაქცია შექმნეს. ,,ევროპელი სოციალისტების“ დარეგისტრირების შესახებ გადაწყვეტილება გუშინ, 12 დეკემბერს გამართულ ბიუროს სხდომაზე ცნობად მიიღეს. ფრაქციის თავმჯდომარე ირაკლი დევაძე იქნება, ფრაქცია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე – ნინო ცხვარაძე, ხოლო ფრაქცია ,,ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“ დავით მახარაძე ხელმძღვანელობს.

სამი ფრაქციის თავმჯდომარეს ჯამში ათი მოადგილე ეყოლება.

ერთ პირს 2 თანამდებობაზე ვერ აირჩევენ. ეს იმას ნიშნავს, რომ საკრებულოში „ოცნების“ სიით შესულ ყველა პირს თანამდებობა შეხვდება, რიგით წევრად დარჩება მხოლოდ სამი ოპოზიციონერი: ვაჟა დარჩია „ლელოდან“, გიორგი მასალკინი „გირჩიდან“ და სულიკო გოგოლიშვილი გახარიას პარტიიდან.

თანამდებობების წინასწარ განსაზღვრული სარგოების მიხედვით რომ დავთვალოთ, ბათუმის საკრებულოს თანამდებობის პირების ხელფასების დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან თვეში 116 400 ლარი დაიხარჯება, წლის განმავლობაში კი 1 მილიონ 396 800 ლარი. ამაში არ შედის უფლებამოსილების განხორციელების სხვა ხარჯები, მაგალითად გადაადგილების, სამივლინებო და სხვა.

საკრებულოს ასევე ემსახურება აპარატი.

მთავარი ფოტო: ბათუმის საკრებულო

გადაბეჭდვის წესი