„სასამართლომ განაჩენში დამალა და არ მიუთითა დაცვის მხარის მიერ სასამართლოზე გამოკვლეული მტკიცებულებები,“ – აღნიშნულია სააპელაციო საჩივარში „მზია ამაღლობელის საქმეზე“.
მზია ამაღლობელის საქმის ადვოკატები საჩივარში დეტალურად აღწერენ, როგორ დამალა მოსამართლე ნინო სახელაშვილმა კონკრეტული მტკიცებულებები, რაც ადასტურებდა ბრალდების აბსურდულობას, ასევე იმას, თუ როგორ არღვევდნენ კანონს თავად პოლიციელები.
მეტიც, სააპელაციო საჩივარში პრაქტიკულად ლაპარაკია იმაზე, რომ მოსამართლემ მოსამართლეობაზე უარი თქვა: მან შეფასების გარეშე დატოვა მტკიცებულებები.
„…ყველა მტკიცებულებას ტოვებს ყოველგვარი შეფასების გარეშე და განაჩენის დასაბუთებით ნაწილში არ უთითებს, გაიზიარა თუ არა, ან რატომ არ გაიზიარა, ბრალდების რა მტკიცებულებამ დაარწმუნა, რომ დაცვის მტკიცებულება არ იყო სარწმუნო და არც იმას უთითებს, რომ ჩვენ მიერ წარდგენილი რომელიმე მტკიცებულება ვერ აკმაყოფილებდა მტკიცებულებათა შეფასების რომელიმე სტანდარტს,“ – აღნიშნულია სააპელაციო საჩივარში.
- მზია ამაღლობელი გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელი და დირექტორია. ის 8 თვეზე მეტია უკანონო პატიმრობაშია. მზია ამაღლობელს სილის გაწვნის გამო პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდა. 2025 წლის 6 აგვისტოს ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდება გადააკვალიფიცირა პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლზე [სსკ-ის 353-ე მუხლი]. მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მზია ამაღლობელის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა: იურიდიული კომპანია BLB-ის უფროსმა პარტნიორმა, მაია მწარიაშვილმა, საიას იურისტმა ჯუმბერ ქათამაძემ და გიორგი ხიმშიაშვილმა სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 4 სექტემბერს მიმართეს:
- „იქმნება აღქმა, რომ ის დაწერილია იმ პირის მიერ, ვინც არ ესწრებოდა სასამართლო სხდომებს…“
„გასაჩივრებული განაჩენი მოიცავს 123 გვერდს, თუმცა მთელი განაჩენი არის მხოლოდ მოწმეთა ჩვენებების ციტირება იმის მითითების გარეშე, თუ რა დაადგინა სასამართლომ ამ ჩვენებებიდან, რა გაითვალისწინა ან არ გაითვალისწინა.
გასაჩივრებული განაჩენი უბრალოდ ჩამოთვლის ბრალდების მხარის მიერ საქმეზე დართულ წერილობით მტკიცებულებებს, ყოველგვარი შეფასების გარეშე და ასევე არ მიუთითებს, თუ რა გარემოება დაადგინა ან არ დაადგინა ამ მტკიცებულებებიდან. ამასთან, სასამართლო არ მიუთითებს და შესაბამისად, არ აანალიზებს და არ აფასებს დაცვის მხარის არც ერთ შედავებას ბრალდების მიერ წარმოდგენილ რომელიმე დოკუმენტთან ან რომელიმე მოწმის ჩვენებასთან.
…სასამართლო არსად არ უთითებს, თუ რა გარემოებები დაადგინა ბრალდების მოწმეთა ჩვენებებიდან ან სხვა აქ მითითებული წერილობითი დოკუმენტებიდან. ამასთან, გადაწყვეტილების ამ ნაწილში სასამართლო სრულად იგნორირებს დაცვის მოწმეებს და სხვა მტკიცებულებებს, მათ შორის ვიდეო მტკიცებულებებს, ისე თითქოს დაცვას არც წარუდგენია არცერთი მტკიცებულება. ამასთან, არც იმას მიუთითებს, რომ დაცვის რომელიმე მტკიცებულება არარელევანტურია ან მოპოვებულია კანონით დადგენილი წესის დარღვევით.
გასაჩივრებული განაჩენით იქმნება აღქმა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოში არ ყოფილა მზია ამაღლობელის საქმის 5 თვიანი განხილვა და დაცვის მხარეს მონაწილეობა არ მიუღია ამ განხილვებში.
გასაჩივრებული განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, უკიდურესად შაბლონური, რომელიც სრულებით არ ასახავს არც სასამართლო სხდომებზე მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგებს, ასევე არ პასუხობს დაცვის მხარის არათუ რომელიმე არგუმენტს, არამედ არ პასუხობს დაცვის მხარის არცერთ არგუმენტს და არ აფასებს დაცვის მხარის არცერთ მტკიცებულებას.
განაჩენი იმდენად დაუსაბუთებელია როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით, რომ იქმნება აღქმა, რომ ის დაწერილია იმ პირის მიერ, ვინც არ ესწრებოდა სასამართლო სხდომებს, რაც მიმდინარეობდა 5 თვის განმავლობაში ან ესწრებოდა, მაგრამ არ მოუსმენია, შესაბამისად, არც გაუანალიზებია და არც შეუფასებია რამე, რასაც დაცვის მხარე უთითებდა, ასაბუთებდა ან ედავებოდა ბრალდებას, მათი დასკვნითი სიტყვის ჩათვლით,“ – აღნიშნულია სააპელაციო საჩივარში, სადაც მზია ამაღლობელის ადვოკატებმა ნინო სახელაშვილის განაჩენს სამართლებრივად აფასებენ.
- „სასამართლო აიგნორებს დაცვის 19 ვიდეომტკიცებულებას…“
რამდენიმე გარემოებაზე გიყვებით, რაც ამყარებს ადვოკატების შეფასებას, რომ მზია ამაღლობელის განაჩენი უკანონოა:
მაგალითად, სააპელაციო საჩივარში საუბარია ვიდეო მტკიცებულებებზე, რაც დაცვის მხარემ წარადგინა სასამართლოში. ეს ის ვიდეოებია, რომელიც თავდაპირველად წინასასამართლო სხდომიდან მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა ამორიცხა, გასაჩივრების შემდეგ ეს ვიდეოები საქმეში დააბრუნეს, თუმცა საბოლოოდ, როცა მოსამართლე ნინო სახელაშვილს ეს ვიდეო მტკიცებულებები უნდა შეეფასებინა დამოუკიდებლად და სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, მან – როგორც ამას ადვოკატები განმარტავენ – ეს ვიდეო მტკიცებულებები „დააიგნორა“ და „საქმიდან გააქრო“.
დაცვის მხარის ერთ-ერთი მტკიცებულება იყო, მაგალითად, ვიდეო, სადაც ირაკლი დგებუაძე [ბათუმის პოლიციის უფროსი, რომელმაც განაჩენის გამოცხადების შემდეგ ეს პოსტი დატოვა] მზია ამაღლობელს აგინებს და ემუქრება.
„დაცვის მხარე აპელირებდა დაზარალებულის მხრიდან ბრალდებულის დაკავების შემდეგ მის მიმართ განხორციელებულ უკანონო მოქმედებებზე. სასამართლო მითითებულ გარემოებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ განსახილველი სისხლის სამართლის საქმის განხილვის პროცესში აღნიშნული შესაბამისი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა“, – ჩაწერა განაჩენში მოსამართლე ნინო სახელაშვილმა.
„სასამართლომ ეს დაადგინა ისე, თითქოს სასამართლოსთვის არ წარგვედგინა ვიდეო მტკიცებულება #9, სადაც ვიზუალურად ჩანს, თუ როგორ მისდევს ი. დგებუაძე მ. ამაღლობელს ანგარიშსწორების მიზნით, როგორ იჭერს მას 2 პოლიციელი, რათა იქვე არ გაუსწორდეს მ. ამაღლობელს, როგორ ცდილობს ი. დგებუაძე მიsწვდეს მხარში და ამავდროულად როგორ აგინებს და ემუქრება…“ – ვკითხულობთ სააპელაციო საჩივარში.
ადვოკატები ყურადღებას ამახვილებენ იმაზეც, რომ სასამართლოს მიერ დაიგნორებული ვიდეო მტკიცებულებების ნამდვილობაზე პროკურორებსაც კი არ უდავიათ.
„განაჩენში სასამართლომ არსად არ მიუთითა, თუ რა მოვლენებს ასახავდა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი 19 ვიდეო ფაილიდან ერთ-ერთი მაინც. როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, სასამართლომ მხოლოდ მიუთითა 10 ვიდეო ფაილის ზომა და სახელწოდება. სასამართლომ საერთოდ გააქრო ყოველგვარი მსჯელობიდან ამ ვიდეო ფაილების შინაარსი,“ – წერია საჩივარში.
მოსამართლეს იმ განჩინებაზეც აუვლია გვერდი, რომლის მიხედვითაც „აჭარის ტელევიზიას“ 11 იანვრის მოვლენების ამსახველი ვიდეო მასალა გამომძიებელ გურამ დიასამიძეს უნდა ამოეღო. საქმეში კი, აჭარის ტელევიზიის“ მხოლოდ 44-წამიანი ცნობილი კადრია, სადაც სილის გაწვნის მომენტია ასახული.
„…განაჩენი სასამართლომ ასევე დააყრდნო პოლიციის 2 გამომძიებლის [თ. კერესელიძე და მ. დარჩია] ჩვენებას, თუმცა გაუგებარია, რატომ არ მიუთითა და/ან არ გაიზიარა ბრალდების მიერ დაკითხული სხვა გამომძიებლების, მაგალითად გამომძიებელ გ. დიასამიძის ჩვენება, რომელსაც არაერთი საათის განმავლობაში კითხავდა დაცვის მხარე იმ გარემოების გამო, თუ რატომ არ შეასრულა მან 2025 წლის 16 იანვრის სასამართლო განჩინება აჭარის ტელევიზიიდან ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ.
სინამდვილეში, გამომძიებელმა გურამ დიასამიძემ არ შეასრულა მითითებული განჩინება, რომლის თანახმადაც გამოძიებას აჭარის ტელევიზიიდან უნდა ამოეღო 2025 წლის 11-12 იანვარს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციის [ტბელ აბუსერიძის #11] ამსახველი ვიდეოჩანაწერები, მათ შორის დაუმუშავებელი, რომლებიც არ გასულა ეთერში. გამომძიებელმა გ. დიასამიძემ, ნაცვლად 11-12 იანვრის სრული ჩანაწერებისა, ამოიღო მხოლოდ 44 წამიანი ვიდეოჩანაწერი, სადაც მხოლოდ მზია ამაღლობელის ბოლო ფრაზა ისმის და ჩანს სილის ეპიზოდი.
44 წამიან ვიდეოში არ ჩანს პოლიციელთა ქმედებები სილის ინციდენტამდე, მათ შორის არ ჩანს ის გარემოება [რაც დაცვის მოწმემ, ე. დავითაძემ მიუთითა], რომ იქამდე, ვიდრე ჭიშკარში გამოვიდოდა, ი. დგებუაძემ მოითხოვა მზია ამაღლობელი და იქ მყოფი მოქალაქეები მოეცილებინათ ჭიშკრიდან და გასცა განკარგულება „ესენი მოაცილეთ აქედან“. ამ 44 წამიან ვიდეოში არ ჩანს, რომ სინამდვილეში ი. დგებუაძე არც განმარტებების გასაკეთებლად გამოვიდა და არც მისცა ვინმეს რაიმე განმარტება.
სრულ და არა 44-წამიან კადრში ასევე გამოჩნდებოდა ის, თუ როგორ ემუქრებოდა ი. დგებუაძე მზია ამაღლობელს სისხლის სამართლის წესით დასჯით და ასევე გამოჩნდებოდა, თუ როგორ იწევდა ის მზია ამაღლობელზე ფიზიკური ანგარიშსწორებისათვის პირდაპირ პოლიციის ეზოში.
სრულ ვიდეო კადრებში გამოჩნდებოდა ის, რომ მზია ამაღლობელი არ ლანძღავდა პოლიციელებს არც სილის ინციდენტამდე, არც მის მიერ „სტიკერის“ გაკვრამდე და მით უფრო არ უწევდა წინააღმდეგობას პოლიციას ვინმეს დაკავებაში.
სრულ ვიდეომასალაში ასევე გამოჩნდებოდა აქციის სხვა არაერთი მონაწილის კანონსაწინააღმდეგო დაკავება, მათ შორის ძმები გაბაიძეების კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი დაკავება. უდავო ფაქტია, რომ აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები და ვიდეოკამერები 2025 წლის 11-12 იანვარს აჭარის პოლიციის წინ მიმდინარე მოვლენებს აშუქებდნენ მუდმივ რეჟიმში, რომლის დამადასტურებელი ვიდეო მტკიცებულებები ჩვენ წარმოვუდგინეთ სასამართლოს. სწორედ ეს ვიდეო მტკიცებულებები არ მიუთითა განაჩენში სასამართლომ,“ – აღნიშნულია სააპელაციო საჩივარში.
- რა ბედი ეწია სხვა მტკიცებულებებს?
„სასამართლომ განაჩენში დამალა და არ მიუთითა დაცვის მხარის მიერ სასამართლოზე გამოკვლეული მტკიცებულებები. სასამართლომ 3.46 პუნქტში მიუთითა მხოლოდ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა 100 (13.01.2025), საიდანაც ხაზი გაუსვა მხოლოდ იმას, რომ ამ დოკუმენტის მიხედვით მზია ამაღლობელს 8 წლის წინ გადატანილი ჰქონდა თვალის კერატოკონუსი.
სინამდვილეში კი, სასამართლომ დამალა ამ დოკუმენტის ის ნაწილები, რაზეც ჩვენ მივუთითეთ სასამართლოში და საგანგებოდ მივაქცევინეთ ყურადღება. კერძოდ:
ფორმა 100-ში მითითებულია, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებამდე მზია ამაღლობელის მარცხენა თვალის მხედველობა იყო მხოლოდ 0.02 [დაახლოებით 2%], მარჯვენა თვალის კი 0,3 [დაახლოებით 30%], რაც სათვალის გამოყენებით შესაძლოა გაუმჯობესებულიყო 90%-დე. ამავე დასკვნით მას მარჯვენა თვალზე არ ჰქონდა კერატოკონუსი, არამედ ჰქონდა მხოლოდ მარცხენა თვალზე. ამ ფორმა 100-ის მიხედვით, სწორედ ეს გარემოებები იყო მნიშვნელოვანი და არა ის, რომ 8 წლის წინ მ. ამაღლობელმა გადაიტანა თვალის დაავადება – კერატოკონუსი, რაც არასწორია. ამავე დოკუმენტით 8 წლის წინ მას ჰქონდა ჩატარებული თვალის ოპერაცია, ხოლო კერატოკონუსი მას ჰქონდა ამ ფორმა 100-ის გაცემის მომენტისთვის და არა 8 წლის წინ;
სასამართლომ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ზერელედ მიუთითა მხოლოდ ფორმა 100, რომელიც აღწერდა მისი თვალის მდგომარეობას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებამდე, მაგრამ არ მიუთითა იმ დოკუმენტებზე, რომლებიც ადასტურებდნენ, რომ მისი მხედველობა დრამატულად გაუარესდა მისი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსების შემდეგ…“, – აღნიშნულია სააპელაციო საჩივარში. ამ გარემოებითაც დასტურდება, როგორ გაქრა მტკიცებულებები „მზია ამაღლობელის საქმიდან“.
- რა თქვა მოსამართლემ ირაკლი დგებუაძის ლოყაზე?
„…სასამართლოზე ასევე გამოვიკვლიეთ ვიდეო მტკიცებულება #11 და #12, სადაც კარგად ჩანს ი. დგებუაძის სახე, როგორც პროფილში, ისე ანფასში, სილის ინციდენტიდან ძალიან მოკლე დროში. ამ კადრების მიხედვით, მას არანაირი სიწითლის კვალი სახეზე არ აღენიშნება,“ – აღნიშნულია სააპელაციო საჩივარში.
ადვოკატები საუბრობენ დაცვის მხარის კონკრეტულ მოწმეებზე: ექიმ-ნევროლოგსა და იმპლანტოლოგ-ქირურგზე. მათი ჩვენებების მიხედვით, ირაკლი დგებუაძეს არ ეტყობოდა ტკივილის ობიექტური ნიშნები, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტმა გივი ჩხარტიშვილმა კი, ადვოკატებს სხდომაზე უპასუხა: როდესაც არ არის დაზიანების ნიშანი, განცხადება ტკივილის შესახებ შეიძლება იყოს სიმულაციურიო.
„მიუხედავად ექსპერტის ჩვენების ციტირებისა, სასამართლო არ მიუთითებს, თუ რა დაადგინა ი. დგებუაძის მიერ ვითომდა განცდილ ტკივილთან დაკავშირებით ამ ექსპერტის განმარტებიდან და ასევე გადაწყვეტილების დასაბუთების ამ ნაწილში, რაც ეხებოდა ტკივილს სასამართლომ საერთოდ გამოტოვა ემსჯელა დაცვის მხარის მტკიცებულებებზე – ექიმი-ნევროლოგის, ნ. ხარატის დასკვნაზე, მის ჩვენებაზე და ასევე იმპლანტოლოგ-ქირურგის, მოწმე თ. ანდღულაძის მონაწილეობთ ჩატარებულ ვიდეო დათვალიერებასა და ასევე მის ჩვენებაზე.
სასამართლომ უბრალოდ გააქრო მსჯელობიდან ამ მტკიცებულებათა არსებობა საქმეში ისე, რომ ვერც კი შეედავა.
…შეუძლებელია სასამართლომ ამ გარემოების ყოველგვარი კრიტიკული შეფასების გარეშე გაიზიაროს, მოწმე პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა ი. დგებუაძის ლოყის სიწითლესთან დაკავშირებით, მაშინ, როდესაც არსებობს ამ გარემოების გამომრიცხავი ვიდეო მტკიცებულებები (ვიდეო #11 და #12) და ექსპერტ ნ. ხარატის დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ სიწითლე ვერ აღმოცენდებოდა დარტყმიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, ვერ იქნებოდა 30 წუთის განმავლობაში და შემდეგ ვერ გაქრებოდა ყოველგვარი დაზიანების კვალის დატოვების გარეშე,“ – აღნიშნულია სააპელაციო საჩივარში.
- რა თქვა სასამართლომ ცრუ მოწმე პოლიციელების ჩვენებებზე?
სააპელაციო საჩივარში ადვოკატები დეტალურად აღწერენ, სასამართლო პროცესებზე როგორ გამოიჭირეს ტყუილში ესა თუ ის პოლიციელი, მათ შორის, ირაკლი დგებუაძე – ბათუმის პოლიციის უკვე ყოფილი უფროსი, ან გრიგოლ ბესელია – აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უკვე ყოფილი უფროსი.
მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ბრალდების მოწმეთა ცრუ ჩვენებებიც შინაარსობრივი შეფასების გარეშე დატოვა.
ამ ნაწილში ადვოკატები თავად მოსამართლეს ამხელენ სიცრუეში:
„სასამართლო ცრუობს, როდესაც მიუთითებს, რომ არ გამოკვეთილა არცერთი წინააღმდეგობა ბრალდების მოწმეთა ჩვენებების სანდოობასთან დაკავშირებით და დაცვის მხარემ ვერ მიუთითა რაიმე წონად და დასაბუთებულ არგუმენტზე, იმის დასადასტურებლად, რომ ბრალდების მოწმეებს გააჩნდათ დაინტერესება ბრალდების მიმართ.
გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი ვივარაუდოთ, რომ ამ განაჩენის დამწერს არ მოუსმენია ჩვენი არაერთსაათიანი მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ ამ საქმეს არათუ იძიებდა შედეგით დაინტერესებული საგამოძიებო უწყება აჭარის პოლიციის დეპარტამენტის სახით, არამედ უკლებლივ ყველა მოწმე არის ი. დგებუაძესთან სამსახურებრივ დაქვემდებარებაში მყოფი პირი და როგორც ერთი, ისე ყველა მოწმე სასამართლოზე მიუთითებდა, რომ ი. დგებუაძისათვის გაწნული სილა იყო ასევე მათი პირადი შეურაცხყოფა. სასამართლოს ასევე მივუთითეთ, რომ ამ პირების სუბორდინირებული დაქვემდებარება იმდენად თვალშისაცემია, რომ უკლებლივ ყველა მოწმე პირად ესკორტში ჰყავდა ირაკლი დგებუაძეს, მაშინ, როდესაც ის ჩვენების მისაცემად გამოცხადდა სასამართლოში;
სასამართლოს მივუთითეთ ასევე, რომ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ დაწყებული ყალბი ადმინისტრაციული საქმის წარმოება ინიციირებული იყო და მიჰყავდა თავად ირაკლი დგებუაძის სამსახურს და მთავარი ყალბი მოწმე ამ ყალბ საქმეში ასევე არის ირაკლი დგებუაძის მეორე მოადგილე გოჩა ვანაძე, რომლის დაკითხვის შუამდგომლობა არ დაგვიკმაყოფილა ამ სასამართლომ;
სასამართლომ ამ განაჩენიდან კვლავ გამოტოვა, რომ საკამათო სიტყვაში არაერთი საათი მოვანდომეთ მხოლოდ ბრალდების მოწმეთა სიცრუის ილუსტრირებას, ყველა მოწმესთან კავშირში. კერძოდ, სასამართლოს მივუთითეთ ბრალდების ყველა მოწმის ცრუ და წინააღმდეგობრივი განცხადებები. დეტალურად მივუთითეთ მოწმეების ბ. ფერაძე, გ. ბჟალავა, ა. ანთაძე, გ. ბესელია და ი. დგებუაძის ჩვენებების მონაკვეთები, ასევე პროცესის მწარმოებელი პირების სხვა ცრუ განცხადებები. ყოველი ჩვენი მითითება სიცრუეზე ეყრდნობა სხვა მტკიცებულებას და ძირითადად მათივე მოწმეების ურთიერთსაწინააღმდეგო, შეუთანხმებელ ჩვენებებს და ჩვენს ვიდეო მტკიცებულებებს, რაც ვიზუალურად ამხელს, აჩვენებს, თვალნათელს ხდის ბრალდების მოწმეთა არაერთ სიცრუეს. სწორედ ამიტომ, სასამართლომ უბრალოდ გააქრო განაჩენიდან დაცვის მხარის ყველა ვიდეო მტკიცებულება და მათი შეფასება, ისე, თითქოს არც ყოფილა,“ – აღნიშნულია სააპელაციო საჩივარში.
საჩივარში არაერთი მაგალითია დასახელებული იმის საჩვენებლად, რომ მოწმე პოლიციელებმა იცრუეს. ერთი ასეთი ამბავი ხელბორკილს უკავშირდება: პოლიციის დეპარტამენტის შენობაში, მესამე სართულზე და პოლიციელების გარემოცვაში დაკავებული მზია ამაღლობელი რამდენიმე საათი ხელბორკილდადებული ჰყავდათ.
ბორკილების დადებაზეც პოლიციელების ჩვენებები ურთიერთგამომრიცხავი იყო:
„მოწმე გიორგი ბჟალავამ სასამართლოში განაცხადა, რომ მზია ამაღლობელს პირველ სართულზე მდებარე ოთახში მისი განკარგულებით დაადეს ხელბორკილი, რათა მას თავისთვის ან სხვისთვის არ მიეყენებინა დაზიანება, მაშინ, როდესაც გამომძიებელმა თამარ კერესელიძემ განაცხადა, რომ მან თავად მიიღო გადაწყვეტილება ბორკილის დადების შესახებ მის ოთახში მესამე სართულზე და დაადო ბორკილი;
პროკურორმა დასკვნით სიტყვაში განაცხადა, რომ მზია ამაღლობელს ბორკილი დაადო თამარ კერესელიძემ და არ ახსენა, რომ გიორგი ბჟალავას ჩვენებით, მან დაადო ბორკილი. აღნიშნულით, ბრალდებამ აღიარა, რომ ბჟალავა ცრუობდა.
გასაჩივრებული განაჩენის 97-ე გვერდზე სასამართლომ გაიზიარა, რომ მზიას ხელბორკილი დაადო გიორგი ბჟალავამ, ხოლო ამავე განაჩენის 95-ე გვერდზე გამომძიებელ თამარ კერესელიძის ჩვენების ციტირებისას „გამოტოვა“ მისი ჩვენების ის მონაკვეთი, სადაც ის ამბობს, რომ ბორკილი მზიას თავად დაადო. შესაბამისად, სასამართლომ აღნიშნულით დაადასტურა, რომ თ. კერესელიძე ცრუობდა,“ – აღნიშნულია სააპელაციო საჩივარში.
სააპელაციო საჩივრით მზია ამაღლობელის ადვოკატები ითხოვენ 2025 წლის 6 აგვისტოს მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი გაუქმდეს და მზია ამაღლობელი გამართლდეს.
„გასაჩივრებული განაჩენი ადასტურებს, რომ მზია ამაღლობელი უდანაშაულოა და მისი მსჯავრდების და პატიმრობის უკან არ დგას სისხლის სამართლებრივი არგუმენტები,“ – ამ ჩანაწერით სრულდება მზია ამაღლობელის სააპელაციო საჩივარი.






