მთავარი,სიახლეები

პოლიციელი, რომელიც ნასვამი იყო და ავარიაში მოყვა, ბათუმში მოსამართლემ დარბაზიდან გაათავისუფლა

14.12.2025
პოლიციელი, რომელიც ნასვამი იყო და ავარიაში მოყვა, ბათუმში მოსამართლემ დარბაზიდან გაათავისუფლა

ბათუმში მოსამართლემ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა პოლიციელი, რომელიც ნასვამი მართავდა ავტომანქანას, თავისი ბრალეულობით დაეჯახა სხვა ავტომანქანას, ხოლო ავტომანქანაში მყოფმა მგზავრმა მიიღო „სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება“.

განაჩენის გამოტანის შემდეგ ამ პოლიციელს არც ერთი დღე არ გაუტარებია ციხეში. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული განაჩენი ძალაში დატოვეს სააპელაციო და უზენაესმა სასამართლოებმა.

პოლიციელი მ.თ. მხოლოდ 2024 წლის 6 აპრილიდან იმავე წლის 31 ოქტომბრის პერიოდში იყო ციხეში. ეს ის პერიოდია, როცა პოლიციელის საქმეს განიხილებოდა სასამართლოში და მას ბრალდებულის სტატუსი ჰქონდა.

საუბარია აჭარის ერთ-ერთ სოფელში 2024 წლის 5 აპრილს მომხდარ შემთხვევაზე.

ამ საქმეზე სასამართლომ დაადგინა შემდეგი: „JEEP GRAND CHEROKEE LAREDO-ს“ მარკის ავტომანქანას  ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მართავდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უმცროსი ინსპექტორი, მ. თ.

მან ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-15 პუნქტის, 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის და 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები და დაეჯახა „AUDI Q5-ს“ მარკის ავტომანქანას, რომელსაც მართავდა ა. კ., რის შედეგადაც, „AUDI Q5-ის“ მარკის ავტომანქანის მგზავრმა, ვ. კ.-მ მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება,“ – აღნიშნულია უზენაესი სასამართლოს მიერ 2025 წლის 18 ნოემბერს მიღებულ განჩინებაში.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ პოლიციელი 2024 წლის 31 ოქტომბერს დამნაშავედ მიიჩნია სსკ-ის 275-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით [ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესების დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია, ჩადენილი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ]. სასამართლომ მ.თ.-ს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რაც ჩაეთვალა პირობით.

პოლიციელს შეეხო „ამნისტიის შესახებ“ კანონი, რომლის მიხედვითაც, მ.თ.-ს საბოლოოდ განესაზღვრა 4 წლით და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა.

„მსჯავრდებულ მ. თ-ეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო – 2024 წლის 6 აპრილიდან იმავე წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან,“ – აღნიშნულია უზენაესი სასამართლოს განჩინებაში.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 27 მაისის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენი დარჩა უცვლელად.

პროკურატურას უფრო მკაცრის სასჯელის განსაზღვრა მოუთხოვია და ზემდგომი ინსტანციებისთვის მიუმართავს.

„დაუშვებლად იქნეს ცნობილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს  პროკურორ პაატა ცეცხლაძის  საკასაციო საჩივარი,“ – ვკითხულობთ უზენაესი სასამართლოს განჩინებაში.

ეს განჩინება უზენაეს სასამართლოში მოსამართლეებმა: მერაბ გაბინაშვილმა [თავმჯდომარე], ნინო სანდოძემ და ლევან თევზაძემ მიიღეს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: