„ადვოკატებს უმნიშვნელოვანესი როლი აქვთ სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში და ქვეყნის მართვისას ამ პრინციპის დაცვის უზრუნველყოფაში,“ – ამბობს ანა რეხვიაშვილი, იურიდიული ფირმა BLB-ის პარტნიორი.
ანა რეხვიაშვილი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრობის კანდიდატია.
არჩევნები ასოციაციაში 14 დეკემბერს გაიმართება. აირჩევენ აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის და სარევიზიო კომისიის წევრებს და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს.
„ადვოკატთა ასოციაციის უპირველესი მისია, მისივე წესდების თანახმად, მართლმსაჯულების განხორციელების და კანონის უზენაესობის განმტკიცების ხელშეწყობაა. ასოციაციას უფლება აქვს მონაწილეობდეს კანონშემოქმედებით საქმიანობაში.
დღეს, როგორც არასდროს ისეა მნიშვნელოვანი ადვოკატების ხმის გაძლიერება საქართველოში სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის დასაცავად,“ – ამბობს ანა რეხვიაშვილი.
ანა რეხვიაშვილი ამბობს, რომ სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი დემოკრატიული სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი ქვაკუთხედია. სახელმწიფო უნდა იყოს შეზღუდული ადამიანის უფლებებითა და თავისუფლებით, და სახელმწიფო უნდა იმართებოდეს სამართლიანი კანონების საფუძველზე.
„ევროპის ადვოკატთა ასოციაციების და სამართლის საბჭოს (ევროპის ყველზე გავლენიანი ადვოკატთა გაერთიანება, რომლის ასოცირებული წევრია საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია) ევროპელ ადვოკატთა ქცევის კოდექსა და იურიდიული პროფესიის ძირითადი პრინციპების ქარტიაში ერთმნიშვნელოვნად მითითებულია, „ადვოკატის პროფესიული ფუნქციისადმი პატივისცემა წარმოადგენს არსებით პირობას საზოგადოებაში სამართლის უზენაესობისა და დემოკრატიის უზრუნველსაყოფად“.
ადვოკატების როლია მონაწილეობა მიიღონ მართლმსაჯულების სამართლიან განხორციელებაში, მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის და სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვის უზრუნველყოფაში. ევროპის ადვოკატთა ასოციაციების და სამართლის საბჭო მიუთითებს, რომ ადვოკატები და ადვოკატთა ასოციაციები უნდა იყვნენ ამ უფლებებისთვის ბრძოლის წინა ხაზზე ყველგან, სადაც აღნიშნული უფლებები შესაძლოა საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს.
ასოციაცია თავისი მიზნებიდან გამომდინარე, ადვოკატებისთვის სწორედ ამ ბრძოლის პლატფორმაა და ამიტომაც გადავწყვიტე არჩევნებში მონაწილეობის მიღება“, – ამბობს ანა რეხვიაშვილი.
ანა რეხვიაშვილი 2013 წლიდან არის ჩართული იურიდიულ პრაქტიკაში. დღეისათვის იურიდიული ფირმა BLB-ის პარტნიორი და იურიდიული ფირმების ასოციაციის გამგეობის წევრი. ანა საუბრობს ეთიკის კომისიის მნიშვნელობაზე ადვოკატის საქმიანობაში.
„ეთიკის კომისია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლია არამხოლოდ ასოციაციის მართვაში, არამედ ზოგადად ჩვენს პროფესიაში კეთილსინდისიერი საქმიანობის უზრუნველსაყოფად. მე ვფიქრობ, რომ შემიძლია ჩემი გამოცდილების გაზიარებით და კონტრიბუციით ამ კომისიის საქმიანობაში სარგებელი მოვუტანო, როგორც ასოციაციას, ასევე ჩვენს პროფესიას. არჩევნებში წარმატების შემთხვევაში, ჩემი საქმიანობა ეთიკის კომისიაში ფოკუსირებული იქნება სამართლიანი და მიუკერძოებელი პრაქტიკის განვითარებაზე.
საადვოკატო საქმიანობაში ეთიკის პრინციპებისადმი ერთგულება, მუდმივი მზაობა ამ მიმართულებით სტანდარტების ამაღლებასა და დაცვაში, უმნიშვნელოვანესია არამხოლოდ ახალბედა, არამედ გამოცდილი ადვოკატებისთვის. ჩვენი პროფესია და მისი გამოწვევები ვითარდება თანამედროვე სამყაროსთან ერთად, შესაბამისად, მნიშვნელოვანია განგრძობადი განათლება ამ მიმართულებით. დროს არ დავიშურებ ამ მიმართულებით საზოგადოებასა და ჩვენი პროფესიის წარმომადგენლებში ინფორმირების ხარისხის ამაღლებაში,“ – ამბობს ანა რეხვიაშვილი.
ადვოკატი საუბრობს იმ გამოწვევებზეც, რის წინაშეც დგეს დგანან საქართველოში მომუშავე ადვოკატები.
„ჩვენს ქვეყანაში უმთავრესი გამოწვევა რაც არის, ადამიანის უფლებების განუხრელი დაცვა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის დაცვა, ისევე აისახება ადვოკატებზე, როგორც ყველა პროფესიის წარმომადგენელზე და ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეზე.
რაც განასხვევებს ადვოკატებს სხვა პროფესიის წარმომადგენლებისგან არის ძირითადად ორი რამ: პირველი, მართლმსაჯულების სისტემაში არსებული ურთულესი გამოწვევები ხშირად შეუძლებელს ხდის ჩვენი საქმიანობის განხორციელებას და მეორე, ხშირად ჩვენი თავისუფალი საქმიანობის უფლებაში ჩარევა ხდება ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი პირების გათვალისწინებით. ადვოკატები არაერთხელ გამხდარან სამიზნე იმის მიხედვით, თუ ვის უფლებებსა და ინეტერესებს იცავენ მართლმსაჯულების სისტემაში.
რეგიონის თვალსაზრისით, განსაკუთრებული გამოწვევებია რესურსების ხელმისაწვდომობის კუთხით, იურიდიული ბაზრის სიმჭიდროვის კუთხით. ძირითადად ჩვენი ბაზარი ცენტრალიზებულია თბილისში, რასაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა განაპირობს და რთულია ვიწრო პროფესიულ ჭრილში ამ გამოწვევაზე პასუხი. თუმცა, ასოციაციას აქვს შესაძლებლობა თავისი რესურსების სამართლიანი განაწილება უზრუნველყოს საქართველოს მასშტაბით, მეტად ფოკუსირდეს ადვოკატთა გაძლიერების პროგრამებზე რეგიონში და იმუშავოს რეგიონში მოღვაწე ადვოკატების ინტეგრირებაზე დედაქალაქში, სადაც იურიდიულ მომსახურებაზე მოთხოვნა გაცილებით დიდია ვიდრე, რეგიონებში,“ – ამბობს ანა რეხვიაშვილი.
ადვოკატი საუბრობს „პოლიტიკური ნეიტრალიტეტის“ შესახებ და ამბობს, რომ ადვოკატთა შესახებ საქართველოს კანონი არ ავალდებულებს ადვოკატებს დაიცვან პოლიტიკური ნეიტრალიტეტი. ადვოკატები თავისუფალი არიან თავიანთ საქმიანობაშიც და პოლიტიკურ შეხედულებებშიც.
„ჩემთვის პოლიტიკური ნეიტრალიტეტის ცნება ადვოკატის პროფესიაში ნიშნავს, რომ მე, როგორც ადვოკატი ვალდებული ვარ ჩემი საქმიანობის განხორციელებისას პოლიტიკური მიკუთვნებადობის მიხედვით არ გავარჩიო ჩემი კლიენტების ინტერესები.
ვალდებული ვარ, იურიდიული მომსახურება გავწიო კეთილსინდისიერად და ჩემი კლიენტის ინტერესის დაცვა იყოს ჩემთვის ამოსავალი წერტილი, მიუხედავად კლიენტის პოლიტიკური შეხედულებისა და რომელიმე პარტიაზე მიკუთვნებისა.
პოლიტიკური ნეიტრალიტეტის სხვა ნებისმიერი გაგება უცხოა ჩემთვის.
ადამიანის უფლებათა დაცვის ყველა დოკუმენტი თავისი შინაარსით პოლიტიკურია. სამართლებრივი სახელმწიფოს დაცვის პრინციპისთვის ბრძოლა პოლიტიკურია. პოლიტიკაა, რაც განსაზღვრავს როგორ იმართება სახელმწიფო, რა ტიპის კანონებით ხელმძღვანელობს სახელმწიფო.
საზოგადოებაში ადვოკატის როლის განუყოფელი ნაწილია და მისი საქმიანობის ქვაკუთხედია სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობის, რაციონალური კანონების შექმნის, ადამიანის უფლებების დაცვის პოლიტიკაში მონაწილეობა.
პოლიტიკა ცუდი სიტყვა არ არის, პოლიტიკაში მონაწილეობა კეთილშობილური საქმიანობაა, როდესაც შენ პროფესიას და ქვეყანას კეთილსინდისიერად და ღირსეულად ემსახურები“, – ამბობს ანა რეხვიაშვილი.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია 11 ათასზე მეტ ადვოკატს აერთიანებს, აქედან 5 500 ადვოკატს აქვს მოქმედი სტატუსი.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება 13-14 დეკემბერს გაიმართება. 14 დეკემბერს კი ჩატარდება არჩევნები.
„იმედი მაქვს, ეს არჩევნები ჩატარდება სამართლიანად და შედეგები გამოხატავს იურიდიული საზოგადოების ნამდვილ არჩევანს,“ – ამბობს ანა რეხვიაშვილი.


