მთავარი,სიახლეები

მზია ამაღლობელის საქმე – რეპორტაჟი სააპელაციო სასამართლოს დარბაზიდან

11.11.2025
მზია ამაღლობელის საქმე – რეპორტაჟი სააპელაციო სასამართლოს დარბაზიდან

დღეს, 11 ნოემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის განხილვა დაიწყო. „ბათუმელები“ გთავაზობთ პირდაპირ, განახლებად რეპორტაჟს მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესიდან. 

მზია ამაღლობელის ადვოკატები ასაჩივრებენ 6 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ნინო სახელაშვილის გამოტანილ განაჩენს, რომლის თანახმადაც მზია ამაღლობელს 2 წლით პატიმრობა მიესაჯა. ისინი გამამართლებელი განაჩენის გამოტანას მოითხოვენ. სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის მომხსენებლი მოსამართლეა ნიკოლოზ მარგველაშვილი. კოლეგიაში შედიან მოსამართლეები – მარინა სირაძე და ნანა ჯოხაძე.

მას შემდეგ, რაც „ოცნების“ მთავრობამ სასამართლოებში ფოტო/ვიდეო გადაღება აკრძალა, სასამართლო პროცესების ოპერატიულად გაშუქების ერთადერთ გზად ჟურნალისტების მიერ პროცესზე გაკეთებული ჩანაწერები გახდა. 

13:05 სთ – მზია ამაღლობელის სხდომა 13:00 საათზეა დანიშნული, თუმცა ჯერ არ დაწყებულა. მანდატურები ამბობენ, რომ სხდომა 24-კაციან დარბაზში უნდა ჩატარდეს. დასწრების მსურველი ბევრად მეტია.

მზია ამაღლობელი რამდენიმე წუთის წინ მოიყვანეს რუსთავის ქალთა კოლონიიდან სასამართლოს შენობაში. პენიტენციური მანქანის დაბურულ შუშაში მისი გადაღება გამოცემა „მედიაჩექერმა“ შეძლო.

13:10 სთ – დარბაზში უკვე შევიდნენ პროკურორები – თორნიკე გოგეშვილი და შოთა ჩხაიძე.

“სამარცხვინო!” – ამ რეპლიკებით შეაცილეს ისინი ამაღლობელის მხარდასაჭერად შეკრებილებმა.

მზია ამაღლობელის კოლეგებმა, ოჯახის წევრებმა და მხარდამჭერებმა სხდომის დაწყებამდე, სასამართლოსთან სიმბოლური აქცია გამართეს. მათი მოსაზრებები შეგიძლიათ მოისმინოთ “ბათუმელების” პირდაპირ ეთერში.

13: 15 სთ – მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად მოსული მოქალაქეების ნაწილი სასამართლოს ჭიშკრებთან შეაყოვნეს. მათ სასამართლოს ეზოშიც კი არ უშვებენ. მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად, სასამართლოს უკანა ეზოსთან დაგეგმილმა სიმბოლურმა აქციამ სასამართლოს ცენტრალურ შესასვლელთან გადაინაცვლა. შეკრებილები სასამართლოს ეზოში შემოსვლას მოითხოვენ, თუმცა ჭიშკარს არ აღებენ.

13: 20 სთ – „სილა რეჟიმს“- ამ წარწერით და მზია ამაღლობელის გამოსახულებით მაისური აცვია გოჩა მჟავანაძეს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აჭარის რეგიონულ წარმომადგენელს.
სხდომათა დარბაზში შემოსვლისას მას მანდატურმა უთხრა, რომ მაისური უნდა გაეხადა, ან ზემოდან შემოეცვა რამე. გოჩა მჟავანაძემ უარი თქვა მაისურზე გამოსახული წარწერის დაფარვაზე. მანდატურმა უთხრა, რომ გაფრთხილებას აძლევს და მისი დარბაზში დარჩენის, ან გაძევების შესახებ გადაწყვეტილებას მოსამართლე მიიღებს.

13: 30 – მზია ამაღლობელი უკვე დარბაზშია. ტრადიციულად, ის დგას მისი უფლებადამცველების უკან, არ ჯდება ბრალდებულის სკამზე.

მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილმა სხდომა გახსნა. ის მზია ამაღლობელს საკუთარ უფლებებს განუმარტავს.

„საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოლაპარაკება?” – იკითხა მოსამართლემ.

„არა“ – უპასუხა მას პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა.

ადვოკატი კახა წერეთელი დარბაზის შეცვლის შუამდგომლობას აყენებს. მან მოსამართლეს განუმარტა, რომ სხვა ქალაქებიდან ჩამოსულია ბევრი ადამიანი, რომლებსაც სხდომაზე დასწრება უნდათ და სთხოვა, უფრო დიდ დარბაზში გადასვლა.

მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ეს საკითხი უკვე განიხილეს, თუმცა დღეს უფრო დიდ დარბაზში გადასვლის შესაძლებლობა არ არსებობს. მან ადვოკატს უთხრა, რომ თხოვნას მომდევნო სხდომისთვის გაითვალისწინებენ.

ადვოკატი მაია მწარიაშვილი აყენებს შუამდგომლობას დამატებითი მტკიცებულებების დაშვების შესახებ.

მაია მწარიაშვილმა ჩამოთვალა ის პრიზები და პრემიები, რომლებიც მზია ამაღლობელმა ბოლო თვეების განმავლობაში მიიღო საერთაშორისო ორგანიზაციებისგან. მათ შორის, ევროკავშირის უმაღლესი ჯილდო ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, სახაროვის პრემია.

გარდა ამისა, მწარიაშვილმა მოითხოვა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან და იუსტიციის სამინისტროსთან მიმოწერის დამადასტურებელი დოკუმენტების დასაშვებად ცნობა.

ამ წერილებით მზია ამაღლობელის ადვოკატები მოითხოვენ მოსამართლე ნინო სახელაშვილის განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს სისხლის სამართლის სპეციალიზაციაში. ისინი განმარტავენ, რომ მათ ჯერ კიდევ საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას არაერთხელ დააყენეს სახელაშვილის აცილების შუამდგომლობა იმ საფუძვლით, რომ მოსამართლეს არ აქვს შესაბამისი კომპეტენცია.

მაია მწარიაშვილმა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიას სთხოვა, გაითვალისწინონ ის გარემოება, რომ მათ დღემდე არ აქვთ იმ მოსამართლის განათლების დამადასტურებელი დიპლომი, რომელმაც მზია ამაღლობელს 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

აქვს თუ არა მოსამართლე ნინო სახელაშვილს იურისტის დიპლომი? – ადვოკატები განმარტებას ითხოვენ

გარდა ამისა, მაია მწარიაშვილმა წარადგინა დოკუმენტები მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის დინამიკის შესახებ. მან განსაკუთრებით ყურადღება გაამახვილა მზია ამაღლობელის მხედველობის პრობლემაზე.

ამ თემაზე წაიკითხეთ: 

„სასამართლომ განაჩენში დამალა, რომ მზიას მხედველობა ციხეში დრამატულად გაუარესდა” – ადვოკატი

14:00 სთ – კიდევ ერთი შუამდგომლობა ეხება მზია ამაღლობელის მობილური ტელეფონისა და სხვა პირადი ნივთების დაბრუნების საკითხს, რომელიც, როგორც ადვოკატმა განმარტა, დღემდე არ დაუბრუნებიათ მისთვის.

ადვოკატი კახა წერეთელი განმარტავს, რომ მზიასთვის პატიმრობის მისჯიდან დღემდე მის მიმართ სხვა გამამტყუნებელი განაჩენები რომ გამოეტანათ, ისინი აუცილებლად დაერთვებოდა საქმეს დამატებით მტკიცებულებებად. ზუსტად ამავე ლოგიკით უნდა დაერთოს საქმეს ის საერთაშორისო ჯილდოები, რომლებიც მან მიიღო.

პროკურორი თორნიკე გოგეშვილი აცხადებს, რომ ის ჯილდოები, რომლებიც მზია ამაღლობელმა თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის, ასევე სიტყვის თავისუფლებისთვის ბრძოლისთვის მიიღო, არ არის რელევანტური მიმდინარე საქმისთვის.

მან თქვა, რომ ეს ჯილდოები არის კონკრეტული ორგანიზაციების გადაწყვეტილება, რომელსაც შემხებლობა არ აქვს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან.

გარდა ამისა, პროკურორი არ ეთანხმება, რომ საქმეს დაერთოს ის დოკუმენტები, რომლითაც ადვოკატებმა მოსამართლე ნინო სახელაშვილის განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები გამოითხოვეს იუსტიციის სამინისტროდან და ტექნიკური უნივერსიტეტიდან. გოგეშვილი მიიჩნევს, რომ საკმარისია ზეპირი განმარტება, რომელიც სახელაშვილმა ჯერ კიდევ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას გააკეთა და სააპელაციოში ამის განხილვა დროს გაწელავს.

პროკურორი თანახმაა, რომ საქმეს დაერთოს მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტები. ის თანახმაა, საქმეს დაერთოს მოთხოვნა, ამაღლობელის პირადი ნივთების – მობილური ტელეფონის, გასაღებისა და პლასტიკური ბარათის დაბრუნების შესახებ. პროკურორმა განმარტა, რომ მინდობილ პირს ნებისმიერ დროს შეუძლია წაიღოს ამაღლობელის საბანკო ბარათი და გასაღები. რაც შეეხება მობილურ ტელეფონს, პროკურორის განმარტებით, მასზე დანიშნული ექსპერტიზის პასუხი ჯერ კიდევ არ მიუღიათ. შესაბამისად, მისი დაბრუნება, ამ ეტაპზე, ფიზიკურად არ შეუძლიათ.

14:15 სთ – „თქვენი ხმა ძალიან ცუდად მოდის ჩემამდე” – მიმართავს მზია ამაღლობელი მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილს. მოსამართლე ჰპირდება, რომ უფრო ხმამაღლა ისაუბრებს.

რამდენადაც დამსწრეთა სკამიდან ჩანს (დარბაზი საკმაოდ გრძელია და ტრიბუნის მიღმა მოსამართლის დანახვა ჭირს), მოსამართლის წინ მიკროფონი არ არის დამაგრებული.

სხდომა მზია ამაღლობელის მხარდამჭერი შეძახილების ფონზე მიმდინარეობს. „თავისუფლება მზია ამაღლობელს“ – ისმის სასამართლოს ეზოში მიმდინარე აქციიდან.

 

როგორც ჩანს, მსგავსი პერფორმანსი უცხოა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მანდატურებისთვის. მათ სცადეს ხმის ჩახშობა – ფანჯრების დახურვა, თუმცა ყველა ფანჯარა უკვე დახურული აღმოჩნდა, შეძახილების ხმა კი დარბაზში მაინც ისმის.

უკვე თითქმის ერთი საათია, რაც სხდომა მიმდინარეობს. ყველა ზის, გარდა მანდატურებისა და თავად მზიასი.

მზია ამაღლობელი არ არღვევს მისივე დადებულ პირობას – არ ჯდება ბრალდებულის სკამზე.

ის დგას ბრალდებულებისთვის გამოყოფილი შემინული სივრცის უკიდურეს მარჯვენა ნაწილში, მოსამართლის მხარეს.

აცვია ცისფერი პერანგი, თმა ისევ მოკლედ აქვს შეჭრილი, ბათუმის საქალაქო სასამართლოში განაჩენის გამოცხადების – 6 აგვისტოს შემდეგ, თითქოს, უფრო გამხდარია.

ხელში უჭირავს კალამი და ქაღალდი. პერიოდულად იკეთებს მხედველობის სათვალეს – მაშინ, როცა რამეს ინიშნავს. თუმცა, ძირითადად სათვალის გარეშეა.

ეტყობა, რომ გულისყურით უსმენს სხდომის მიმდინარეობას და ცდილობს, არაფერი გამორჩეს. პროკურორების საუბრისას, ძირითადად, იღიმება.

„მეტი სანქციები, რაც შეიძლება“ – უპასუხა მან მოსამართლის კითხვას, ხომ არ სურდა რამის დამატება ადვოკატის სიტყვის შემდეგ.

იქამდე, ადვოკატი მაია მწარიაშვილი საუბრობდა მოსამართლე ნინო სახელაშვილის სანქცირებაზე და განმარტავდა, რა საფუძვლით ითხოვენ მის აცილებას.

შეგახსენებთ, რომ სანქცირებულები არიან საქმის პროკურორებიც — თორნიკე გოგეშვილი და შოთა ჩხაიძე.

15:30 სთ – მას შემდეგ, რაც დაცვის მხარის მიერ წარდგენილი დამატებითი მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი განიხილეს, მსჯელობა გაგრძელდა იმ შუამდგომლობების განხილვით, რომელიც მზია ამაღლობელის ადვოკატებს საქალაქო სასამართლოში არ დაუკმაყოფილეს.

პირველ რიგში განიხილეს მოსამართლე ნინო სახელაშვილის აცილების შესახებ შუამდგომლობა. მაია მწარიაშვილმა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებსაც დეტალურად განუმარტა, რის საფუძველზე ითხოვდნენ სახელაშვილის აცილებას – გარდა იმ კითხვის ნიშებისა, რომელიც მის კომპეტენციასთან დაკავშირებით არსებობს, ადვოკატებმა ყურადღება გაამახვილეს საერთაშორისო სანქციებზეც, რომელიც სახელაშვილს სწორედ მზია ამაღლობელის საქმისადმი მიკერძოებული დამოკიდებულების და პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებების გამო შეეხო, თუმცა, მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილმა არ დააკმაყოფილა მოსამართლე ნინო სახელაშვილის აცილების შუამდგომლობა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მომდევნო განჩინება, რომელსაც დაცვის მხარე სააპელაციოში ასაჩივრებს, ეხება მზია ამაღლობელის დამკავებელი პოლიციელების დაკითხვას.

მაია მწარიაშვილმა განმარტა, რომ პოლიციელები, რომლებიც ხელს აწერენ მზია ამაღლობელის დაკავების ოქმს (საუბარია ადმინისტრაციულად დაკავებაზე), არ გამოკითხულან სასამართლოში. მათ მოსთხოვეს მათი დაკითხვა სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, რაზეც მოსამართლე ნინო სახელაშვილმა უარი თქვა.

მაია მწარიაშვილი სააპელაციო სასამართლოში განმარტავს, რატომ არის მნიშვნელოვანი იმ პოლიციელების გამოკითხვა, რომლებმაც მზია ამაღლობელ ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ადვოკატის თქმით, ამ პოლიციელების გამოკითხვით სასამართლო დარწმუნდება, რომ მზია ამაღლობელის საქმე არის ფაბრიკაცია.

მაია მწარიაშვილი მოითხოვს, სააპელაციო სასამართლომ გამოჰკითხოს პოლიციელები – ნოდარ ზენაიშვილი და გოჩა ვანაძე.

15:55 სთ – საქალაქო სასამართლოს კიდევ ერთი განჩინება, რომელსაც ადვოკატები სააპელაციოში ასაჩივრებენ, ეხება მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავების ამსახველი ვიდეოების დართვას სისხლის სამართლის საქმეზე.

ადვოკატმა განმარტა, რომ მზია ამაღლობელის დაკავებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმებში მზია ამაღლობელის დაკავების საფუძვლად განსხვავებული გარემოებებია მითითებული:

თუ ერთ შემთხვევაში დაკავების საფუძვლად პოლიციის შენობის დამხმარე შენობაზე საპროტესტო სტიკერის მიკვრა, პარალელურად კი პოლიციელების შეურაცხყოფაა (ვიდეოში, სადაც მზია ამაღლობელი სტიკერს აკრავს, ჩანს/ისმის, რომ ის საერთოდ არ იღებს ხმას), მეორე შემთხვევაში წერია, რომ ის წინააღმდეგობას უწევდა ვიღაც (არაიდენტიფიცირებად) პოლიციელებს, ვიღაც (არაიდენტიფიცირებული) პირების დაკავებაში.

ვიდეოები, რომელშიც ასახულია რა ხდებოდა რეალურად მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ დაკავებამდე, ნინო სახელაშვილმა არ დაურთო საქმეს. დაცვის მხარე ითხოვს, აღნიშნული ვიდეოები სააპელაციო სასამართლომ მაინც დაურთოს საქმეს და მისცეს მათი გამოკვლევის შესაძლებლობა. საუბარია სულ სამ ვიდეოფაილზე.

ნინო სახელაშვილის კიდევ ერთი განჩინება, რომელიც სააპელაციოში საჩივრდება, ეხება “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გამოკითხვის შესახებ შუამდგომლობას. ნინო სახელაშვილმა ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

მაია მწარიაშვილმა განმარტა, რომ 2025 წლის 25 აპრილს, კობახიძემ გადაცემა “ღამის კურიერში” მზია ამაღლობელი დაადანაშაულა იმაში, თითქოს ის “კონკრეტულ დავალებას ასრულებდა”. სწორედ ამ ბრალდების განმარტებისთვის მოითხოვა დაცვის მხარემ კობახიძის გამოკითხვა.

„ჩვენ ჩავთვალეთ, რომ უმაღლესი თანამდებობის პირი რატომღაც ფლობდა ინფორმაციას, რომელსაც არ უნდა ფლობდეს […] ჩვენ მივმართეთ, რომ მას წარმოედგინა ინფორმაცია, რომელსაც ფლობდა და სასამართლომ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა”, – განაცხადა მაია მწარიაშვილმა.

მსგავსი განცხადება კობახიძემ გააკეთა 2025 წლის 10 ივლისსაც. ნინო სახელაშვილმა არც ამჯერად დააკმაყოფილა კობახიძის დაკითხვის შუამდგომლობა.

პაპუაშვილ-კობახიძის კიდევ ერთი თავდასხმა მზია ამაღლობელზე ევროკავშირის პრიზის მიღების შემდეგ

მსგავსი შუამდგომლობა ეხებოდა „ქართული ოცნების“ დეპუტატ, ნინო წილოსანს. საფუძველი ამ შემთხვევაშიც იგივეა – მზია ამაღლობელის საქმის შესახებ გაჟღერებული ინფორმაცია და ბრალდებები.
მაია მწარიაშვილმა მოითხოვს, როგორც კობახიძე, ისე წილოსანი დაკითხონ სააპელაციო სასამართლოში.

16:30 სთ – ადვოკატის შუამდგომლობებზე საკუთარ პოზიციას აყალიბებს პროკურორი თორნიკე გოგეშვილი. ის მიჩნევს, რომ მზია ამაღლობელის ადმინისტრაცული წესით დაკავების კანონიერების განხილვა სისხლის სამართლის საქმის სააპელაციო ეტაპზე შეუსაბამოა. გოგეშვილმა თქვა, რომ ეს გამოიწვევს საქმეების აღრევას ერთმანეთში.

“სასამართლო არ უნდა გადაიტვირთოს ზედმეტი ინფორმაციით”, – განაცხადა გოგეშვილმა ირაკლი კობახიძის დაკითხვის შესახებ შუამდგომლობაზე საუბრისას. მან თქვა, რომ კობახიძის განცხადებები იყო მხოლოდ შეფასება, მსგავსი პოზიცია შეიძლება გააჟღეროს სხვა არაერთმა ადამიანმა და ყველას დაკითხვა სასამართლოში მიზანშეწონილი არ არის.

პროკურორმა შოთა ჩხაიძემ განაცხადა, რომ კობახიძეს არ აქვს ინფორმაცია 12 იანვარს (მზია ამაღლობელის დაკავების დღეს) განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, შესაბამისად, მისი დაკითხვა არარელევანტურია.

მაია მწარიაშვილმა არაერთხელ განმარტა, რომ ადამიანის დადანაშაულება, მით უფრო, მიმდინარე სისხლის სამართლის ფარგლებში განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, ვერ იქნება მხოლოდ შეფასება.

ადვოკატის თქმით, კობახიძის განცხადებები ცხადჰყოფდა, რომ მას შეიძლება ჰქონოდა დამატებითი ინფორმაცია და სწორედ ამ ინფორმაციის მისაღებად იყო საჭირო მისი გამოკითხვა. მით უფრო, რომ ის განცხადებები, რომელსაც კობახიძე აკეთებდა, ეხმიანებოდა იმ მტკიცებულებს, რომლებიც პრიკურატურას ისედაც ჰქონდა საქმის მასალებში.

„პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ არ აქვს მნიშვნელობა პიროვნებას … ნიკოლოზ მარგველაშვილი იქნება ეს თუ ირაკლი კობახიძე, ყველა ადამიანს აქვს ვალდებულება მიაწოდოს ინფორმცია სასამართლოს”, – ასე დაიწყო საკუთარი პოლიზიის დასაბუთება მოსამართლე მარგველაშვილმა, თუმცა მან მაინც არ დააკმაყოფილა ირაკლი კობახიძის გამოკითხვის შუამდგომლობა.

“მე არ მინდა, პოლიტიკურ პროცესში გადავიდე”, – თქვა მოსამართლემ, მაგრამ დასძინა, რომ პოლიტიკური განცხადებები არ უნდა გახდეს გამოკითხვის აუცილებლობის საფუძველი.

ნიკოლოზ მარგველაშვილმა, კოლეგიის წევრებთან თათბირის შემდეგ, განაცხადა, რომ “ქართული ოცნების” ლიდერების განცხადებები მზია ამაღლობელის შესახებ, კავშირში არ არის მიმდინარე სისხლის სამართლის საქმესთან.

ნიკოლოზ მარგველაშვილმა არ დააკმაყოფილა არც მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული წესით დამკავებელი პოლიციელების გამოკითხვის შუამდგომლობა. მან ადვოკატს ჰკითხა, თუ ნოდარ ზენაიშვილს და გოჩა ვანაძეს ცრუ-მოწმეებს უწოდებს, რა გარანტია აქვს, რომ ისინი სააპელაციოში იტყვიან სიმართლეს.

16:40 სთ – შუამდგომლობების წარდგენს იწყებენ პროკურორები. თორნიკე გოგეშვილმა განაცხადა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაუსაბუთებლად შეცვალა მათ მიერ წარდგენილი მუხლი. ის ითხოვს, მზია ამაღლობელი გასამართლდეს იმ მუხლით, რომელიც თავდაპირველად წარუდგინეს მას – პოლიციელზე თავდასხმა.

„რა ინტენსივობის უნდა ყოფილიყო ეს ქმედება, რომ ეს არის თავდასხმა და არა პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევა? […] ამის განსაზღვრა ობიექტურად შეუძლებელიც არის”, – ამბობს გოგეშვილი და განმარტავს, რომ ნინო სახელაშვილის გადაწვეტილება არ არის საკმარისად დასაბუთებული იმის შესახებ, თუ რატომ გადააკვალიფიცირა ბრალი.

მან თქვა, რომ როგორც წარდგენილი, ისე გადაკვალიფიცირებული მუხლები არის ფორმალური ხასიათის. მისი თქმით, ამ მუხლებს შორის ძირითადი განსხვავება არა ქმედების ინტერვისობაში ან შედეგში კი არა, იმაშია, რა გარემოებებში განხორციელდა ქმედება და რა იყო მიზანი.

„ძალადობრივი ქმედება იყო თვითმიზანი, თუ ძალადობრივი ქმედება იყო მექანიზმი სხვა ქმედებისთვის, მაგალითად პოლიციელისთვის ხელის შეშლისთვის?!” – სვამს კითხვას პროკურორი და აცხადებს, რომ არასწორია, როცა ნინო სახელშვილი ეყრდნობა მზია ამაღლობელის მიერ ირალი დგებუაძისთვის სილის გარტყმის ინტენსივობას, შედეგს და ა.შ. მაშინ, როცა მან უნდა შეეფასებინა ის, თუ რა იყო მზია ამაღლობელის მიზანი.

გოგეშვილმა გაიხსენა მზია ამაღლობების განცხადებები იმის შესახებ, რომ მისი მიზანი ირაკლი დგებუაძის, როგორც პოლიციელისთვის ხელის შეშლა არ იყო. პროკურორი ირწმუნება, რომ მზია ამაღლობელი თავს დაესხა ირაკლი დგებუაძეს.

თორნიკე გოგეშვილი ამბობს, რომ საქალაქო სასამართლმ არასწორად შეაფასა საქმის გარემოებები და გადაწყვეტილება მსჯავრდებულის სასარგებლად მიიღო.

17:00 სთ – მზია ამაღლობელის პოლიციელზე თავდასხმის მუხლით გასამართლების შესახებ პროკურორების შუამდგომლობის შემდეგ, მოსამართლემ პოზიცია დაცვის მხარეს ჰკითხა.

მზია ამაღლობელმა სიტყვა ითხოვა და თქვა, რომ სანამ მისი ადვოკატები სამართლებრივ პოზიციას ჩამოაყალიბებენ, სურს თავად გააჟღეროს საკუთარი აზრი.

„მინდა გამძლეობა და გამარჯვება ვუსურვო წინააღმდეგობაში მყოფ საზოგადოებას, დარბაზში მყოფ აუდიტორიას და დარბაზს გარეთ მყოფ თანამოაზრეებსაც მადლობა მინდა ვუთხრა და ოჯახს, რომ მარტო არ მტოვებენ ამ დარბაზში.

სამწუხაროდ ისევ შუშის საკნიდან მიწევს საუბარი, თუმცა სასამართლოს ახლა შემადგენლობასთან. თუმცა, ბრალდებულის არა და უკვე მსჯავრდებულის სტატუსით. მინდა ვთქვა, რომ მიუღებლობა მაქვს ამ სტატუსთან“, – განაცხადა მზია ამაღლობელმა.

ამ დროს მოსამართლე მარგველაშვილმა მზია ამაღლობელი შეაჩერა და შესთავაზა შემინული სივრციდან გამოსვლა. მან ბადრაგის სამსახურს მიმართა, რომ თუ პროტოკოლით დაშვებულია, ის აძლევს მზია ამაღლობელს უფლებას გამოვიდეს შემინული სივრციდან.

მზია ამაღლობელის გამოვიდა შემინული კაბინიდან და დაჯდა მისი ადვოკატების გვერდით. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა მზია ამაღლობელს სასამართლო პროცესზე ადვოკატების გვერდით დაჯდომის შესაძლებლობა მიეცა. 

ბმულზე წაიკითხეთ მზია ამაღლობელის სიტყვა სრულად:

მზია ამაღლობელი: არ მგონია, სასამართლოს გამოუვიდეს, ჩემგან საშიში კრიმინალი შექმნას 

17:10 სთ – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ფაქტობრივად, არცერთი ქსელის ინტერნეტი არ იჭერს ან ძალიან ცუდად იჭერს. ამის გამო ინფორმაციის უწყვეტ რეჟიმში მიწოდება რთულდება.

17:30 სთ – პროკურორების შემდეგ, საკუარი პოზიცია ჩამოაყალიბა ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა.

მან დეტალურად მიმოიხილა მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმე და ბათუმის საქალაქო სასამართლოში განხილვის ძირითადი აქცენტები.

„ბრალდება ისე ითხოვს ამაღლობელის ბრალდებას 353-ე პრიმა მუხლით, რომ არც გვეუბნება რას გვაბრალებს და არც ასაბუღებს რის საფუძველზე აბარალებს”, – ასე შეაჯამა სიტყვა მაია მწარიაშვილმა.

17:40 სთ – სასამართლო სხდომის დასასრულს განსაზღვრეს მომდევნო პროცესების თარიღი: 14 ნოემბერი, 14:00 საათი და 18 იანვარი, 13:00 საათი. სავარაუდოდ, ამავე დღეს გამოცხადდება გადაწყვეტილება.

_________________

  • რა ხდება? 

ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი 10 თვეა უკანონო პატიმარია. მისი სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა მის წინააღმდეგ მიმართული „ოცნების“ დეზინფორმაციის ფონზე, ცრუ მოწმე პოლიციელების გამოყენებით.

დაკავებისას მზია ამაღლობელს ღირსების შემლახავად და არაადამიანურად მოექცნენ, თუმცა პროკურატურას საქმის გამოძიება არ დაუწყია. დაკავების დღიდან, პროტესტის ნიშნად, მზია ამაღლობელი 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. მას პატიმრობაში მკვეთრად დაუქვეითდა მხედველობა.

მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავების საქმის განხილვა უკვე დაიწყო სტრასბურგის ევროპულმა სასამართლომ.

2025 წლის 22 ოქტომბერს მზია ამაღლობელმა მიიღო სახაროვის პრემია აზრის თავისუფლებისთვის, ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო და არაერთი პრიზი ჟურნალისტური საქმიანობისთვის. სააპელაციო სასამართლომდე ერთი დღით ადრე, გუშინ, 10 ნოემბერს, მზია ამაღლობელი ვენაში დააჯილდოვეს პაულ ვაიზის პრიზით. 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: