მთავარი,სიახლეები

„სასჯელის ზომა 2 წელი“ – მოსამართლემ მზია ამაღლობელის ბრალი გადააკვალიფიცირა

06.08.2025
„სასჯელის ზომა 2 წელი“ – მოსამართლემ მზია ამაღლობელის ბრალი გადააკვალიფიცირა

დღეს, 6 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა განაჩენი ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეზე.

მოსამართლემ გადააკვალიფიცირა სისხლის სამართლის მუხლი – 353-ე პრიმა, რომლითაც მზია ამაღლობელს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში სდებდა ბრალს.

„სასამართლომ დაადგინა, რომ მზია ამაღლობელის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

მზია ამაღლობელი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით.

მზია ამაღლობელის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

მზია ამაღლობელს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან – 2025 წლის 12 იანვრიდან. განაჩენი რეაგირებისთვის გადაეგზავნოს სასჯელაღსრულების შესაბამის დაწესებულებას.

ნივთიერი მტკიცებულებად ამოღებული მობილური ტელეფონი, გასაღები და საბანკო ბარათი დაუბრუნდეს მფლობელს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში“ – თქვა ნინო სახელაშვილმა.

353 მუხლის პირველი ნაწილი – პოლიციის მუშაკის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე აშკარად უკანონო ქმედებისთვის მისი იძულება, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით – ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ექვს წლამდე. 

მზია ამაღლობელის საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში დასრულდა. განაჩენის გამოცხადების შემდეგ მოქალაქეებმა მზია ამაღლობელი შეძახილებით – „თავისუფლება მზიას!“ – გააცილეს ბათუმის საქალაქო სასამართლოდან.

მზია ამაღლობელი 2025 წლის 12 იანვარს დააკავეს სისხლის სამართლის წესით. იგი 200 დღეზე მეტია წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. მიუხედავად იმისა, რომ მისი წინასწარ პატიმრობაში დატოვების საფუძველი არ არსებობდა, მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ეს არ გაითვალისწინა და მზია ამაღლობელი ყოველი შუამდგომლობის შემდეგ მაინც უკანონო პატიმრობაში დატოვა. მზია ამაღლობელს პატიმრობაში მხედველობა მკვეთრად დაუქვეითდა.

„სილა რეჟიმს“ – მზია ამაღლობელმა ეს წარწერა აჩვენა პენიტენციური მანქანის შუშიდან ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან შეკრებილ მოქალაქეებს.

ნახეთ ვიდეო:

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: