სიახლეები

მოსამართლე სახელაშვილი უვადოდ დანიშნეს, მან მზია ამაღლობელი ყალბი ოქმის საფუძველზე დააპატიმრა

10.03.2025 •
მოსამართლე სახელაშვილი უვადოდ დანიშნეს, მან მზია ამაღლობელი ყალბი ოქმის საფუძველზე დააპატიმრა

მოსამართლე ნინო სახელაშვილი, რომელმაც მზია ამაღლობელს 2025 წლის 14 იანვრის სხდომაზე პატიმრობა შეუფარდა, უვადო მოსამართლედ გაამწესეს.

ნინო სახელაშვილი ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოსაცდელი, სამწლიანი ვადით 2022 წლის 10 მარტიდან გაამწესეს. გამოსაცდელი ვადის ამოწურვამდე მოსამართლე უვადოდ უნდა დანიშნონ ან გაათავისუფლონ.

ამ მოსამართლის უვადოდ გამწესების შესახებ ინფორმაციის დასაზუსტებლად ბათუმის საქალაქო სასამართლოში დავრეკეთ. სასამართლოს ადმინისტრაციაში გვითხრეს, რომ შეკითხვას – გამწესდა თუ არა მოსამართლე ნინო სახელაშვილი უვადოდ – იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა უპასუხოს. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საქალაქო ტელეფონზე სამუშაო საათებში ასევე ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე არავინ გვიპასუხა.

პრესსამსახური და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური კი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს თვეებია აღარ ჰყავს.

ნინო სახელაშვილი რომ უვადოდ გამწესებულია, აჩვენებს სასამართლო სხდომების ჩამონათვალი – ნინო სახელაშვილი დღეს, 10 მარტს, 6 პროცესს ჩაატარებს, შემდეგ სასამართლო სხდომას –  19 მარტს.

ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი განიხილა, თუმცა მას სისხლის სამართლის კვალიფიკაცია არ აქვს. მან გაყალბებული ოქმის საფუძველზე შეუფარდა პატიმრობა მზია ამაღლობელს.

„მზია ამაღლობელის საქმეზე“ წინასასამართლო სხდომა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 4 მარტს გაიმართა. ახალდანიშნულმა მოსამართლემ, ვიქტორ მეტრეველმა მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობაში დატოვა.

მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობაშია. პროტესტის ნიშნად იგი 38 დღე შიმშილობდა.

  • რა ხდება?

ბათუმის პოლიციის უფროსზე სილის გაწვნის გამო, პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან მზია ამაღლობელს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლით, რომელიც არის მძიმე კატეგორიის დანაშაული და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები ნათლად აჩვენებს, რომ პოლიციელისთვის სილის გაწვნა პოლიციელზე თავდასხმა არ არის.

ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ღამით ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა – „იფიცება საქართველო“, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციულ ქმედებებს მოჰყვა.

2025 წლის 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მიიღო.

მზია ამაღლობელის პატიმრობის საფუძველი გაყალბებული ოქმი გახდა – ადმინისტრაციული დაკავების ოქმის მიხედვით, მზია ამაღლობელი პოლიციელების სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო დააკავეს [ასკ-ის 173-ე მუხლი]. სინამდვილეში კი, დაკავების დროს გადაღებულ და გავრცელებულ ვიდეო კადრში არა მხოლოდ ჩანს, თუ როგორ აკავებს მას „სტიკერის“ გაკვრის გამო აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გრიგოლ ბესელია, არამედ ისმის კიდევაც ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ხმა, რომ მზია ამაღლობელს სტიკერის გაკვრისთვის აკავებენ 150-ე მუხლით.

გარდა იმისა, რომ სტიკერის გაკვრა ადმინისტრაციულ შენობაზე არ წარმოადგენს სამართალდარღვევას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, ასევე, არ არსებობს ამავე კოდექსის 150-ე მუხლით პირის დაკავების უფლება. ამდენად, გრიგოლ ბესელიამ მზია ამაღლობელი დააკავა უკანონოდ და იმ სამართალდარღვევის გამო, რომელიც მას არ ჩაუდენია.

მითითებული გაყალბებული ოქმის საფუძველზე პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ მოითხოვა მზია ამაღლობელის პატიმრობა სისხლის სამართლის საქმეზე. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა სწორედ ამ გაყალბებული ოქმის საფუძველზე მზია ამაღლობელს უკანონოდ შეუფარდა პატიმრობა.

13 თებერვალს მზია ამაღლობელის ადვოკატებმა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს და მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმება მოითხოვეს. თუმცა, 14 თებერვალს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო შუამდგომლობა მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე. 19 თებერვალს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ვერა დოლიძემ მზია ამაღლობელის საჩივარი კვლავ დაუშვებლად მიიჩნია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: