სიახლეები

ბათუმელი მედროშე მე-18 დღეა შიმშილობს: „არ ნებდება, მხნედ ვარო“

13.12.2025 •
ბათუმელი მედროშე მე-18 დღეა შიმშილობს: „არ ნებდება, მხნედ ვარო“

უკვე მე-18 დღეა შიმშილობს ბათუმის პროევროპული აქციების მედროშე ზურაბ ჭავჭანიძე. ის პატიმრობაში რჩება.

„გუშინ ვესაუბრე ტელეფონით, მითხრა ნორმალურად ვარ, მხნედ ვარო… არ ნებდება. მთავარია, სულიერად ვიყოთ ძლიერად,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ზურაბ ჭავჭანიძის მეუღლემ, მარინა გორჯელაძემ.

ზურაბ ჭავჭანიძე შიმშილობის პირველ დღეებში წყალსაც არ სვამდა, თუმცა 9 დეკემბრიდან მან ე.წ. მშრალი შიმშილობა შეწყვიტა.

ზურაბ ჭავჭანიძის ადვოკატის, ნინო ლომინაძის თქმით, ზურაბ ჭავჭანიძის ჯანმრთელობის მდგომარეობას საკანში სამედიცინო პერსონალი ამოწმებს, რომელიმე კონკრეტული ექიმის ჩართვა კი, მას არ მოუთხოვია.

„ექიმების ყურადღებას არ უჩივის. ერთადერთი ტელევიზორს ითხოვს, ადმინისტრაცია დაპირდა, მაგრამ ჯერ არ მიუტანიათ “, – გვითხრა ადვოკატმა ნინო ლომინაძემ.

„ვესაუბრე ზურაბ ჭავჭანიძეს… თავს სუსტად გრძობს, ამბობს, რომ დაემატა განსხვავებული სიმპტომები, რომლებთანაც გამკლავება უჭირს. მისი შიმშილობა განპირობებული იმით, რაზეც მან ისაუბრა სასამართლო პროცესზე,“ – ამბობს აქტივისტი ნათია თოხაძე.

ზურაბ ჭავჭანიძე ბათუმის პროევროპული საპროტესტო აქციის მედროშეა. მას პროკურატურა ედავება სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას ჯგუფურად და სსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას. სასჯელის სახით ეს მუხლი 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მისი ადვოკატის თქმით, ზურაბ ჭავჭანიძის საქმეში მხოლოდ ერთი ვიდეოკადრია, რომელზეც ზურაბ ჭავჭანიძე ჩანს დროშით ხელში. 

9 დეკემბერს გამართულ სასამართლო პროცესზე ზურაბ ჭავჭანიძემ მოსამართლესაც მიმართა:

„მე ვარ სოხუმელი და 15 ვაჟკაცი სოხუმში დამეღუპა საქართველოსთვის ბრძოლაში, იმისთვის, რომ ყველამ ვიცხოვროთ კარგ საქართველოში. ვილაპარაკებ ფაქტებით: რას ნიშნავს რუსული მმართველობა? მილიონამდე ქართველი მოკლეს, ყველა რუსი მმართველის ოცნებაა „საქართველო ქართველების გარეშე“.

მიუხედავად იმისა, ვინ ვართ და ვის ვემხრობით, მიმდინარეობს მიზანმიმართული გენოციდი, საქართველოს გაქრობა, გადაშენება, ან გადაჯიშება. ამის მაგალითებს ვხედავთ. „მე თუ კარგად ვარ, ცხოვრება აწყობილიაო“ – ფიქრობენ ადამიანები. ყველას გვემუქრება ხიფათი.

ნებისმიერი ძალადობის წინააღმდეგი ვარ მთელი ცხოვრებაა. „ღმერთი სიყვარულია, გიყვარდეთ“ — დიდ კედელზე მაქვს დაწერილი. სიკეთე, სიყვარული, პატიოსნება და კანონმორჩილება მამოძრავებს.

სუსის თანამშრომელი მოვიდა სახლში და მითხრა თვითონვე, ყველაფერი ვიცით შენზე და კარგი კაცი ხარო. ერთადერთი ჩემი მოწოდება არის სიკეთე და სიყვარული, „მე მოსისხლე მტერიც მიყვარს და თუ მიყვარს, მართლა მიყვარს“ — ესაა ქართული სულის გამოძახილი. პატიოსნებისა და სიყვარულის მეტი მე არაფერი გამაჩნია“ – თქვა სასამართლო სხდომაზე ზურაბ ჭავჭანიძემ.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: