რა შემთხვევაში შემოვა რუსეთის მოქალაქე საქართველოში

2021 წლის პირველი თებერვლიდან რუსეთის მოქალაქეს შეუძლია საქართველოში შემოსვლა მხოლოდ საჰაერო გზით, თუ ის წარადგენს ნებისმიერი ტიპის კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელ დოკუმენტს.

„სახმელეთო გზით კი საქართველოში შემოსვლა [გარკვეული გამონაკლისის გარდა] არც ერთი ქვეყნის მოქალაქეს არ შეუძლია“, – გვითხრეს საქართველოს სამთავრობო ცხელ ხაზზე – „გამონაკლისია საქართველოს მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში ბრუნდება, უცხოელი ბიზნესმენი, საერთაშორისო გადაზიდვის მძღოლი ან უცხოელი, რომელიც ქორწინებაშია საქართველოს მოქალაქესთან და სხვა. მხოლოდ ამ კატეგორიის მოქალაქეებს აქვთ უფლება შემოვიდნენ სახმელეთო გზით საქართველოში, ისიც იმ რეგულაციების დაცვით, რაც ქვეყანაში მოქმედებს]“.

2020 წელს, პანდემიის პერიოდში, სახმელეთო გზით [საბაჟო გამშვები პუნქტ „ყაზბეგიდან“] საქართველოში რუსეთის 78 365 მოქალაქე შემოვიდა. ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებია [მარტი-დეკემბერი].

მაგალითად, 2020 წლის მარტში „ყაზბეგიდან“ რუსეთის 32 788 მოქალაქე შემოვიდა, აპრილში – 3 496, დეკემბერში კი – 6 190.

შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე საბაჟო დეპარტამენტის განმარტებით, ეს რუსეთის ის მოქალაქეები არიან, რომლებიც არიან ან საერთაშორისო [სატრანზიტო] გადაზიდვების მძღოლები, ან ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები, ან რუსეთის მოქალაქეები, ვისი მეუღლე ან 13 წლამდე შვილი საქართველოს მოქალაქეა.

2020 წლის იანვარ-თებერვალში კი [ანუ პანდემიის გამო შეზღუდვების შემოღებამდე], იგივე „ყაზბეგიდან“ საქართველოში რუსეთის ორჯერ მეტი – 151 715 მოქალაქე შემოვიდა.

„ყაზბეგიდან“ საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა 2020 წელს[თვეების მიხედვით]:

წყარო: შსს

„საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის“ მიხედვით, 2020 წლის 18 მარტიდან, საჰაერო სივრცის გამოყენებით ნებისმიერი ქვეყნიდან საქართველოში შემოსვლის უფლება აქვთ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს და მათი ოჯახის წევრებს“.

მთავრობის განკარგულებით, სწორედ ეს შეზღუდვა აღარ ვრცელდება, 2021 წლის პირველი თებერვლიდან, „ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეზე, ნებისმიერი ქვეყნიდან გამომგზავრებისას, რომელიც წარადგენს ნებისმიერი ტიპის კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების (ორი დოზა) დამადასტურებელ დოკუმენტს“.

ამასთან, ზემოთ აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება ასევე „ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების, ისრაელის სახელმწიფოს, შვეიცარიის კონფედერაციის, ნორვეგიის სამეფოს, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს, საუდის არაბეთის სამეფოს, კატარის სახელმწიფოს, არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და ბაჰრეინის სამეფოს მოქალაქეებსა და ამავე ქვეყნების ბინადრობის (ცხოვრების) უფლების მქონე პირებზე, რომლებიც საქართველოში მოემგზავრებიან ამავე ქვეყნებიდან – PCR კვლევის დამადასტურებელი დოკუმენტით – (მათ შორის, ტრანზიტული მგზავრობისათვის მესამე ქვეყნების გამოყენების შემთხვევაშიც)“.

თუმცა, ამ ქვეყნების მოქალაქეებმა, სასაზღვრო პუნქტზე უნდა წარადგინონ უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო საზღვრის კვეთიდან მე-3 დღეს უზრუნველყონ საკუთარი ხარჯით PCR კვლევის ჩატარება [გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ პირებს აქვთ უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში მოგზაურობის ისტორია და ექვემდებარებიან 12 დღით საკარანტინე სივრცეში გადასვლას].

აღნიშნული პირები საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთამდე ავსებენ სპეციალურ ელექტრონულ ანკეტას, სადაც უნდა მიუთითონ ბოლო 14 დღის მოგზაურობის ისტორია, საქართველოში ვიზიტის დროს განსაზღვრული ადგილსამყოფელი, საკონტაქტო ინფორმაცია და სხვა.

„ნაცვალგების პრინციპისა და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, ამ სახელმწიფოების ჩამონათვალი ექვემდებარება პერიოდულ გადასინჯვას“, – აღნიშნულია მთავრობის 2021 წლის 29 იანვრის განკარგულებაში.

ამ პრინციპით კი, იმ ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც PCR ტესტით შემოდის ვიზიტორი, 4 თებერვლიდან დაემატა თურქეთის რესპუბლიკა.

თურქეთის მოქალაქე, რომელსაც აქვს ბოლო 72 საათში გაკეთებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი, საქართველოში შემოვა მხოლოდ საჰაერო გზით.

___

მთავარი ფოტო: 2017 წელი. ლარსის გამშვები პუნქტი (ს.ს.კ.გ. “ყაზბეგი”). ფოტო: გურამ როგავა

ამ თემაზე:

რა შემთხვევაში შეძლებენ თურქეთის მოქალაქეები საქართველოში შემოსვლას

 

აჭარის მთავრობა: საპროტესტო აქციას არ აქვს ხალხის ნდობა

„2 თვეზე მეტია აჭარის მთავრობის სახლთან იმართება აქცია, რომელსაც არ აქვს ხალხის ნდობა და საზოგადოების მხარდაჭერა. შესაბამისად, აქციის მონაწილეები სხვადასხვა ხერხით, პერიოდულად მიმართავენ დესტრუქციულ ქმედებებს…“ – აღნიშნულია აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღეს, 4 თებერვალს, საპროტესტო აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის სახლის უკანა მხარეს გადავიდნენ. ისინი ამბობენ, რომ თორნიკე რიჟვაძეს დისკომფორტს შეუქმნიან და გადაადგილებას შეუზღუდავენ.

აჭარის მთავრობის პრესცენტრმა ინფორმაცია დღეს, მას შემდეგ გაავრცელა, როცა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, ელგუჯა ბაგრატიონს შეხვდა.

„ოპოზიციის მოთხოვნით შედგა შეხვედრა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესა და ნაციონალური მოძრობის წარმომადგენელს შორის. როგორც მოსალოდნელი იყო, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი შეეცადა ჩვეული ხელწერით, საქმიანი და კონსტრუქციული საუბარი დესტრუქციაში გადაეყვანა. აჭარის მთავრობა აგრძელებს ხალხის მიერ გამოცხადებული ნდობით და მანდატით აღასრულოს დაკისრებული უფლებამოსილება და არ დაუშვას პროვოკაცია,“ – აღნიშნულია აჭარის მთავრობის პრესცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღეს, დღის მეორე ნახევარში, საპროტესტო აქციის მონაწილეები ისევ მთავრობის სახლის შესასვლელთან გადმოვიდნენ, სადაც კარვები 2 ნოემბრიდან არის გაშლილი და საპროტესტო აქცია გრძელდება. საპროტესტო აქციის მონაწილეები არჩევნების ხელახლა ჩატარებას ითხოვენ.  ამჯერად ამ მოთხოვნას თორნიკე რიჟვაძის თანამდებობიდან გადადგომა დაემატა.

ბათუმში წყალი 8 ქუჩაზე შეწყდა – როდის აღდგება მიწოდება

კომპანია „ბათუმის წყლის“ ცნობით, ავარიული დაზიანების გამო ღამის 02:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდა შემდეგ ქუჩებს:

  • 26 მაისის ქუჩას – რუსთაველის ქუჩიდან გორგილაძის ქუჩამდე
  • მელიქიშვილის ქუჩას – რუსთაველის ქუჩიდან გორგილაძის ქუჩამდე
  • ვაჟა-ფშაველას ქუჩას – რუსთაველის ქუჩიდან გორგილაძის ქუჩამდე
  • ლუკა ასათიანის ქუჩას – რუსთაველის ქუჩიდან გორგილაძის ქუჩამდე
  • რუსთაველის ქუჩას – მელიქიშვილის ქუჩიდან ლუკა ასათიანის ქუჩამდე
  • კლდიაშვილის ქუჩას – მელიქიშვილის ქუჩიდან ვაჟა ფშაველას ქუჩამდე
  • მემედ აბაშიძის ქუჩას – მელიქიშვილიდან ლუკა ასათიანის ქუჩამდე
  • ზურაბ გორგილაძის ქუჩას – მელიქიშვილიდან ვაჟა-ფშაველას ქუჩამდე.

„წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით. „ბათუმის წყალი“ მოუწოდებს აღნიშნულ დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას, წყლის მიწოდების აღდენის შემდეგ, ონკანი გააღონ და რამდენიმე წუთის განმავლობაში ჰქონდეთ მოშვებულ მდგომარეობაში“ – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

ბათუმში ოპოზიცია რიჟვაძის გადადგომას ითხოვს

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლის წინ, ოპოზიციამ დღეს, 4 თებერვალს, ახალი მოთხოვნა გააჟღერა. ოპოზიციის მომხრეები აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის გადადგომასაც ითხოვენ.

დღეს დაპირისპირება მთავრობის სახლთან აქციის მონაწილეების მთავრობის სახლის მეორე შესასვლელთან გადანაცვლებას მოჰყვა. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ არ მისცემდნენ თორნიკე რიჟვაძეს და მთავრობის სხვა წევრებს გადაადგილების საშუალებას.

დღესვე თორნიკე რიჟვაძე შეხვდა ელგუჯა ბაგრატიონს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. ელგუჯა ბაგრატიონი ამბობს, რომ რიჟვაძემ აქციის მონაწილეებს ხულიგნები უწოდა.

„… შევედი შეხვედრაზე, რომ მეთქვა ამ ადამიანისთვის, რომ ამ ადამიანების [აქციის მონაწილეების] მოთხოვნა ისევ ძალაშია და როგორც პოლიტსაბჭოს წევრს, მიეწოდებინა თავისი ხელმძღვანელობისთვის ეს წინადადებები.

…საუბრის დროს, ცინიკური დამოკიდებულება, როგორც არაერთხელ გამოუხატავს აქციის მონაწილეების მიმართ… თქვენ თუ ფიქრობთ, რომ 20 კაცით, იქ ხულიგნები გყავს შემოკრებილი, მე გადავდგები, ძალიან ცდებით, დიდხანს მოგიწევთ აქ ყოფნაო“, – ამბობს ელგუჯა ბაგრატიონი.

დღეს ოპოზიციის აქციაზე გაისმა ახალი მოთხოვნა – თორნიკე რიჟვაძე გადადგეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტიდან.

„ეს ახალი მოთხოვნა იქნება, რადგან ეს ადამიანი ვერ ითავისებს რა თანამდებობაზეა, ბაძავს კალაძეს უზრდელობაში, მეტს არაფერს არ აკეთებს. ადამიანს არა აქვს არც თმენის ვალდებულება, არც პატივისცემა იმ გულწრფელ პროტესტზე, სამ თვეზე მეტია ხალხი დგას ქუჩაში,“ – განაცხადა ელგუჯა ბაგრატიონმა.

აქციაზე თორნიკე რიჟვაძის შეფასებას „ხულიგნებზე“ აღშფოთებით შეხვდნენ. აქციის მონაწილის, ფირუზ წულუკიძის განაცხადებით, რიჟვაძეს არ მისცემენ თავისუფლად გადაადგილების უფლებას.

„სპეცრაზმის დახმარებით თუ შეიყვანენ… არ არის ის ჩვენი მთავრობის თავმჯდომარე“ – განაცხადა ფირუზ წულუკიძემ.

2 ნოემბრიდან ანუ მას შემდეგ, რაც ბათუმში ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით საპროტესტო აქციები იმართება, აჭარის მთავრობის წევრები მთავრობის შენობაში შენობის უკანა მხარეს არსებული შესასვლელიდან შედიან.

ალტერნატიულ შესასვლელთან მობილიზებულია პოლიცია. მათ ცოცხალი ჯაჭვი აქვთ მოწყობილი. საპროტესტო აქციის მონაწილეები არ აკონკრეტებენ, რა ფორმით აპირებენ თორნიკე რიჟვაძისთვის დისკომფორტის შექმნას.

ბათუმში მოპედის მძღოლი ავარიაში დაიღუპა

ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე, ახალგაზრდა მამაკაცი მოპედით შეეჯახა სატვირთო ავტომობილს, ის ადგილზე დაიღუპა.

შემთხვევა ბათუმში გუშინ, 3 თებერვალს, ღამით მოხდა.

შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით,  გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით – ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

აქცია აჭარის მთავრობის ალტერნატიულ შესასვლელთან გადმოვიდა

“დისკომფორტს შევუქმნით, თორნიკე რიჟვაძეს აქედანაც არ შევუშვებთ,” – აცხადებენ ბათუმის აქციის მონაწილეები, რომლებმაც დღეს აჭარის მთავრობის სახლის უკან მხარეს გადაინაცვლეს. აქ მთავრობის სახლის ალტერნატიული შესასვლელია.

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, ამ წუთებში [13:50] ენმ-ს ერთ-ერთ რეგიონულ ლიდერს, ელგუჯა ბაგრატიონს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ხვდება.

2 ნოემბრიდან, ანუ მას შემდეგ, რაც ბათუმში ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით საპროტესტო აქციები იმართება, აჭარის მთავრობის წევრები მთავრობის შენობაში შენობის უკან მხარეს არსებული შესასვლელიდან შედიან.

ალტერნატიულ შესასვლელთან მობილიზებულია პოლიცია. მათ ცოცხალი ჯაჭვი აქვთ მოწყობილი. საპროტესტო აქციის მონაწილეები არ აკონკრეტებენ, რა ფორმით აპირებენ თორნიკე რიჟვაძისთვის დისკომფორტის შექმნას.

ფერიის ბავშვთა პანსიონში 25 ბავშვს და 7 ზრდასრულს კორონავირუსი დაუდასტურდა

ფერიის ბავშვთა პანსიონში 25 ბავშვს და 7 ზრდასრულს კორონავირუსი დაუდასტურდა.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბავშვთა სახლი განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ იყო და ტარდებოდა ინტენსიური ტესტირება.

32-ვე კოვიდდადებითი კოვიდსასტუმროშია გადაყვანილი. ბავშვებს მეთვალყურეობენ ეპიდემიოლოგები, პედიატრები და იზოლირებულები არიან, რადგან მაღალი რისკის კონტაქტები იყვნენ.

პრესსამსახურის ცნობით, ყველა ინფიცირებულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ფერიის მატათა მოციქულის გიმნაზია-პანსიონი საპატრიარქროს დაქვემდებარებაშია.

“სილქფესტი“ ინტერნეტ და სასაუბრო კომბინაციებს ულიმიტო პირობით შეთავაზებს მომხმარებლებს

5 თებერვალს, სილქნეტი აბონენტებს  ულიმიტო სასაუბრო და  ინტერნეტ პაკეტებს შეთავაზებს

კომბინაციით *202# აბონენტი (ფიზიკური/იურიდიული) 30 დღით გაიაქტიურებს:

ულიმიტო სასაუბრო პაკეტს + 5 GB ინტერნეტი 18 ლარადპაკეტი ვრცელდება ადგილობრივ ზარებზე*.
ულიმიტო სასაუბრო პაკეტს + ულიმიტო ინტერნეტი 28 ლარადპაკეტი ვრცელდება ადგილობრივ ზარებზე*.

პაკეტის ვადის ფარგლებში, მეგაბაიტების ამოწურვის შემთხვევაში 1მბის ფასი შეადგენს 0.15 ლარს.
*პაკეტებში შემავალი სასაუბროს/მეგაბაიტების დაჯამება შეზღუდულია
**სასაუბრო დრო არ ვრცელდება გლობალსელის და ასანეტის მიმართულებებზე.

კომპანია, რომელიც შეზღუდვებს არ დაემორჩილება, შეღავათებით ვერ ისარგებლებს – მთავრობა

ორგანიზაციები, ბიზნესსუბიექტები, რომლებიც მიზანმიმართულად დაარღვევენ კანონს და შეზღუდვების პერიოდში განახორციელებენ აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას, ვეღარ ისარგებლებენ პანდემიის დროს დაწესებული შეღავათებით, სუბსიდირებით და სხვადასხვა პროგრამით – ეს ინფორმაცია საქართველოს მთავრობამ დღეს, 4 თებერვალს, გაავრცელა.

მთავრობის ინფორმაციით, ბოლო 7 დღის დადებითობის საშუალო მაჩვენებელი ქვეყანაში შემცირდა 4%-მდე, შესაბამისად, შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქება დაგეგმილზე ადრე იწყება.

ორშაბათიდან, 8 თებერვლიდან – თბილისში, რუსთავში და ქუთაისშიც ანუ უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით:

  • განახლდება მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა (თბილისის მეტრო, ავტობუსები, ე.წ სამარშრუტო ტაქსები) – გარდა შაბათ-კვირისა
  • გაიხსნება ღია და დახურული ბაზრობები – გარდა შაბათ-კვირისა

ერთი კვირის შემდეგ ანუ 15 თებერვლიდან მთელი საქართველოს მასშტაბით:

  • ბავშვები სწავლას საკლასო ოთახებში განაგრძობენ (ამასთან, მშობლებს კვლავაც ექნებათ უფლება სურვილის შემთხვევაში აირჩიონ დისტანციური სწავლება)
  • კვების ობიექტები ღია სივრცეებში სტუმრების მიღებას შეძლებენ – გარდა შაბათ-კვირისა

მკაცრდება სანქცია პირბადის ტარების წესის დარღვევაზე და მეორედ დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა გაიზრდება.

ორგანიზაციები, ბიზნესსუბიექტები, რომლებიც მიზანმიმართულად დაარღვევენ კანონს და შეზღუდვების პერიოდში განახორციელებენ აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას, ვეღარ ისარგებლებენ პანდემიის დროს დაწესებული შეღავათებით, სუბსიდირებით და სხვადასხვა პროგრამით.

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, რესტორნებისთვის საბანკო სესხის სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მიღების თხოვნით მთავრობას დაახლოებით 2000-მა რესტორანმა მიმართა, საიდანაც განაცხადი 420-ს დაუკმაყოფილდა. პრემიერის თქმითვე, დღეს მიიღეს გადაწყვეტილება პროგრამის მოთხოვნები ისე შემსუბუქდეს, რომ დანარჩენ კვების ოქბიექტებსაც პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა მიეცეთ. სახელმწიფო პროგრამა საპროცენტო განაკვეთის 80%-ის სუბსიდირებას ითვალისწინებს.

ამავე თემაზე:

შაბათ-კვირას ვერც მაღაზიაში წახვალთ, ვერც კაფეში | შეზღუდვები

შაბათ-კვირას ვერც მაღაზიაში წახვალთ, ვერც კაფეში | შეზღუდვები

საქართველოს მთავრობამ კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი შეამსუბუქა, ბათუმში უკვე გაიხსნა ღია კაფეები და მაღაზიები, 8 თებერვლიდან იგეგმება ბაზრობების გახსნაც, თუმცა შაბათ-კვირას ყველა არსებული შეზღუდვა ისევ ამოქმედდება, რაც ნიშნავს, რომ:

  • შაბათ-კვირას არ იმუშავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი 
  • შაბათ-კვირას არ იმუშავებენ მაღაზიები და ბაზრობები 
  • შაბათ-კვირას არ იმუშავებენ ღია კაფეები

კაფე/რესტორნები და მაღაზიები შაბათ-კვირას იმუშავებენ მხოლოდ ონლაინშეკვეთებზე.

აღნიშნული შეზღუდვები შაბათ-კვირას იმოქმედებს თებერვალში.

ძალაში რჩება კომენდანტის საათი, გადაადგილება საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდე კვლავ შეზღუდული იქნება.

ასევე, კვლავ შეზღუდულია საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა.

________________

ფოტოზე: ღია კაფე ბათუმში, ევროპის მოედანზე

8 თებერვლიდან ბაზრობები გაიხსნება

8 თებერვლიდან ბაზრობები იხსნება. ამის შესახებ დღეს, 4 თებერვალს, პრემიერმა გიორგი გახარიამ ისაუბრა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დაწყებამდე.

პრემიერის თქმით, კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი 4 პროცენტამდე ჩამოვიდა, რაც რიგი შეზღუდვების შემსუბუქების საფუძველი გახდა.

ყველა ტიპის ბაზრობის გახსნა 15 თებერვლისთვის იყო დაგეგმილი. ბათუმში, ყოფილი „უნივერსამის“ სავაჭრო ცენტრის მოვაჭრეები ბაზრობის გახსნის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს მართავდნენ.

პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევისას ჯარიმა გაორმაგდება – გახარია

„დღეს მივიღებთ გადაწყვეტილებას მიზანშეწონილობის შესახებ იმაზე, რომ როდესაც, მაგალითად, პირბადის ტარების წესის დარღვევა მოხდება განმეორებით, შესაბამისი სანქცია, ჯარიმა გაორმაგდეს,“ –  განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე დღეს, 4 თებერვალს.

პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ჯარიმა 20 ლარია.

პრემიერის თქმით, შეზღუდვების შემსუბუქებასთან ერთად წესების დაცვაც უნდა გამკაცრდეს.

„ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ თანამედროვე მსოფლიოში ვერავინ უფრო ეფექტური რამ პანდემიის წინააღმდეგ, ვიდრე პირბადე და დისტანციის დაცვა, ტესტირება და შემდგომ უკვე ვაქცინაციაა, ვერ მოიგონა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს წესები დავიცვათ ეფექტურად, ეს ჩვენი ეკონომიკის და ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების დაცვის ინტერესშია,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

მოქმედი რეგულაციებით პირბადის ტარება სავალდებულოა ღია და დახურულ საჯარო სივრცეში, ასევე საზოგადოებრივ ტრანსპორტში.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ასევე ისაუბრა, რომ 8 თებერვლიდან მუნიციპალური ტრანსპორტი საქართველოს ყველა ქალაქში ამოქმედდება, ასევე 15 თებერვლიდან სწავლა დაიწყება საკლასო ოთახებში. ჯერჯერობით არ იხსნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტი.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ 8 თებერვლიდან ბაზრობები გაიხსნება.

ძალაში რჩება კომენდანტის საათი, გადაადგილება საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდე კვლავ შეზღუდული იქნება.

შაბათ-კვირას ვერც მაღაზიაში წახვალთ, ვერც კაფეში | შეზღუდვები

 

კომენდანტის საათი ძალაში რჩება | მთავრობა

მთავრობა კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებას აანონსებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით:

  • 8 თებერვალს ქვეყანაში აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა, თუმცა შაბათ-კვირას საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვა ისევ რჩება;
  • 8 თებერვლიდან, ასევე  სრულად  ამოქმედდება ბაზრობები;
  • 15 თებერვლიდან რესტორნები ღია სივრცეში მუშაობის განახლებას შეძლებენ მთელი საქართველოს მასშტაბით;
  • 15 თებერვლიდან სკოლები საკლასო ოთახებში სწავლებას განაახლებენ მთელს ქვეყანაში.

ძალაში რჩება შეზღუდვა კომენდანტის საათზე, გადაადგილება საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდე კვლავ შეზღუდული იქნება.

ასევე, კვლავ შეზღუდული იქნება საქალაქთაშორისო გადაადგილება.

„ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი, დადებითობის მაჩვენებელი ჩამოვიდა 4%-ზე ქვემოთ, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, თამამად, მაგრამ ფრთხილად გავაგრძელოთ შეზღუდვების შემსუბუქება. რაც უფრო თამამად ვამსუბუქებთ შეზღუდვებს, მით მეტი პასუხისმგებლობაა თითოეული ჩვენგანის, რომ აუცილებელი წესები დავიცვათ.

არაგონივრული, არა ფრთხილი, სწრაფი შეზღუდვების მოხსნა-გაუქმება არის პირდაპირი გზა ამ შეზღუდვების თავიდან დაწესების. ამიტომ, ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ იმისთვის, რომ ის მიღწევები, რომელიც გვავს, ინფექციის მართვის თვალსაზრისით, შევინარჩუნოთ იმისთვის, რომ გაზაფხულის ბოლოს, ზაფხულის დასაწყისში კიდევ უფრო თამამად შევუწოთ ხელი ეკონომიკასა და ტურიზმს, რომ ამოქმედდეს უფრო ეფექტურად. ამიტომ, დღევანდელი დადებითობის მაჩვენებელი გვაძლევს შესაძლებლობას, რომ შეზღუდვების შემსუბუქება, რომელიც დაგეგმილი გვქონდა, ცოტა უფრო სწრაფად განვახორციელოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქალაქთაშორისო ტრანსპორტი ჯერჯერობით არ იმოძრავებს – გახარია

8 თებერვლიდან მუნიციპალური ტრანსპორტი საქართველოს ყველა ქალაქში ამოქმედდება, ასევე 15 თებერვლიდან სწავლა დაიწყება საკლასო ოთახებში. ამის შესახებ დღეს, 4 თებერვალს, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ისაუბრა.

მანვე თქვა, რომ ჯერჯერობით არ იხსნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტი.

პირველი თებერვლიდან მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა არ განახლდა თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში, აქ ასევე არ დაწყებულა სასწავლო პროცესი სკოლებში. გიორგი გახარიას თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი ამ ქალაქებში 4 პროცენტამდე ჩამოვიდა და შესაძლებელია შეზღუდვების შემსუბუქება.

თბილისში 8 თებერვლიდან ამოქმედდება მეტროც.

კოვიდის 583 ახალი შემთხვევა საქართველოში, 19 პაციენტი გარდაიცვალა

4 თებერვლის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების 583 ახალი  შემთხვევა  დადასტურდა, ჩატარდა 16 605 კვლევა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 671 პირი.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 19 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსით ჯამში 3 240 პირი გარდაიცვალა.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირებულია  5 466 ადამიანი. აქედან 2 341  ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოებში, მათგან 529 მძიმე პაციენტია.

 

ბათუმში მოსწავლეს კოვიდი დაუდასტურდა, კლასი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა

ბათუმის #8 საჯარო სკოლაში მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ბათუმის რესურსცენტრის ცნობით, საუბარია უფროსკლასელზე.

„ჩვენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს მივაწოდეთ ინფორმაცია, შეისწავლეს კონტაქტები და მოგვცეს რეკომენდაცია, დისტანციურ სწავლებაზე გადავიდეს კონკრეტული კლასი,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, გოჩა დავითაძემ.

სწავლა საკლასო ოთახებში ბათუმში პირველ თებერვალს განახლდა. ყველა სკოლაში, სადაც სასწავლო პროცესი საკლასო ოთახში მიმდინარეობს,  მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის მინიმუმ 20%-ს სავალდებულო სისტემატური ტესტირება ჩაუტარდება კორონავირუსზე 2 კვირაში ერთხელ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შემუშავებული პროტოკოლის საფუძველზე.

აჭარაში კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა დადასტურდა | 4 თებერვალი

4 თებერვლის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის კოვიდკლინიკაში მკურნალობს 184 პაციენტი, მათგან 6 პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

კოვიდსასტუმროებში იმყოფება 122 ინფიცირებული.

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კოვიდისგან განიკურნა 22 პაციენტი.

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, პირველ ეტაპზე „ფაიზერის“ ვაქცინით აიცრება 14 ათასამდე მედპერსონალი: ექიმები, ექთნები და დამხმარე პერსონალი, რომელთაც ყველაზე მეტი შეხება აქვთ კოვიდინფიცირებულებთან. მისივე თქმით, „ისინი, ვისაც გადატანილი აქვს კოვიდი, გადატანიდან სამი თვის განმავლობაში არ აიცრებიან“.

პირველ ეტაპზე „ფაიზერის“ ვაქცინით აიცრება 14 ათასი მედმუშაკი – გამყრელიძე

ალეკო ელისაშვილის პარტია ბათუმში დაიშალა

“ხანგრძლივი ფიქრის და განსჯის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო პარტია “მოქალაქეები”, ოჯახი, რომლის მშენებლობაშიც სული და გული ჩავდე ჩემს მეგობრებთან ერთად,” – წერს ფეისბუქგვერდზე პარტია “მოქალაქეების” პოლიტსაბჭოს წევრი გენრი დოლიძე. მან პარტია “მოქალაქეები” დატოვა გიორგი გაბაიძესთან, მირიან მერცხალაძესთან და გუჯა ხაბაძესთან ერთად.

“ეს არ უკავშირდება ალეკო ელისაშვილის პარლამენტში შესვლას… ეს უფრო იყო შიდაპარტიული დემოკრატიის საკითხი, რაზეც მომავალში ვისაუბრებ. მე ვუბრუნდები სამოქალაქო აქტივიზმს,”- უთხრა “ბათუმელებს” გენრი დოლიძემ. მისი თქმით, ელისაშვილის პარტია ბათუმში ფაქტობრივად დაიშალა.

“მოქალაქეების” დეპუტატობის კანდიდატი ბათუმში გიორგი მასალკინი იყო, თუმცა ის პარტიის წევრი არ ყოფილა.

გენრი დოლიძე ასევე ფიქრობს, რომ ალეკო ელისაშვილს პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება ანგარებით არ მიუღია.

“დრო გამოაჩენს, სწორად მოიქცა თუ არა, მე არ შევაფასებ… მე ასე არ მოვიქცეოდი, მაგრამ მე გენრი ვარ, ის ალეკოა,” – დასძინა გენრი დოლიძემ.

___

პარტია მოქალაქეების ორი წევრი – ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი, სხვა ოპოზიციონერი დეპუტატებისგან განსხვავებით, მეათე მოწვევის პარლამენტში გუშინ შევიდნენ.

„სკოლის სევდა“ ანუ დანიელ პენაკის გზა კლასის მაჩანჩალობიდან მწერლობამდე

 

კლასის მაჩანჩალა, ტყისმჭრელი, ტაქსის მძღოლი, ილუსტრატორი, სკოლის მასწავლებელი და მწერალი – მოკლედ და მშრალად ასეთია 77 წლის ფრანგი მწერლის, დანიელ პენაკის ცხოვრების გზა. იგი ბოლო 30 წელია პარიზიდან შორს, ვერკორში ცხოვრობს მეუღლესთან ერთად.

მთაგორიანი ვერკორი ხეობებით და ქედებით შემოსაზღვრული მხარეა, სადაც მშვიდად წერისთვის დანიელ პენაკი ფიცრულ ქოხს მიაშურებს ხოლმე. მისი წიგნები ძირითადად ბავშვებზე, მოზარდებსა და ბავშვური სულის უფროსებზეა. ახმოვანებს ტექსტებს და წერს როგორც სატელევიზიო, ასევე კინოსცენარებს. ქართველი მკითხველისთვის უკვე ცნობილია პენაკის წიგნების თარგმანები: „რომანივით საკითხავი“, „პროზის გამყიდველი გოგონა“, „ძაღლი, ძაღლი“, „კამო, ანუ საუკუნის იდეა“, „ფერია კარაბინით“, და „კაციჭამიათა საბედნიეროდ“.

2010 წელს დაწერილი რომანი ,,სკოლის სევდა“/Chagrin d’école, რომელიც ქართულად მერაბ ფიფიამ თარგმნა, ახლახან მეორედ გამოიცა მკითხველთა დიდი ინტერესის გამო. წიგნი ავტობიოგრაფიულია. პენაკი მოსწავლის და მასწავლებლის თვალით დანახულ სკოლის ცხოვრებაზე წერს, საკუთარი მოსწავლეობის ხანაზე 60-იანი წლების საფრანგეთში.

წიგნი კლასის ჩამორჩენილი მოსწავლის გულისმომკვლელ განცდებზეა, სიზარმაცის ფსიქოლოგიაზე, მოზარდების ტანჯვაზე, როცა გარშემომყოფები მისგან კარგს არაფერს ელიან და „მაჩანჩალას“, „უცოდინარის“, „ჩლუნგის“ იარლიყს აწებებენ.

,,სკოლის სევდა” საზოგადოებისგან მიკრული იარლიყების მოშორებაზეცაა, რისთვისაც უზარმაზარი ენერგიაა საჭირო და კიდევ ბედნიერი დამთხვევები – სასწაულებრივად და საჭირო დროს გვერდით აღმოჩენილი ადამიანები, ისინი, ვისაც შესწევთ ძალა, უიმედობის რელსებიდან სულ სხვა მხარეს გადაგვისროლონ.

,,სკოლის სევდა”. ფრანგული გამოცემის გარეკანი.

„სკოლის სევდა“ ერთი ამოსუნთქვით იკითხება. წიგნი 60-იანი წლების საფრანგეთში სასწავლო პროცესის, მასწავლებელთა მიდგომების შესახებ გვაწვდის ინფორმაციას, იმდროინდელი ევროპული საზოგადოების სტერეოტიპებზეც მიგვანიშნებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ტექსტია ,,სკოლის სევდა“ მასწავლებლების,  მოზრდილებისა და მშობლებისთვის – ყველასთვის, ვისაც რაიმე კავშირი მაინც აქვს სკოლასთან, ბავშვებთან ან ოდესმე თავად ყოფილა სკოლის ჩამორჩენილი მოსწავლე.

  • „მე ვარ სრული ნული“

„მე ვარ სრული ნული“ –  სწორედ ამ განცდით ცხოვრობენ კლასის „მაჩანჩალა“ მოსწავლეები, რომელთა მარტოობაც და სევდაც განუზომელია ყოვლისმცოდნეთა სამყაროში.

პენაკი კლასში რამდენჯერმე ჩარჩა სხვადასხვა დროს და სკოლის გამოსაშვებ გამოცდასაც რამდენიმე წელი აბარებდა, ატესტატი რომ მიეღო. იგი სიზარმაცეს ისე საინტერესოდ გვაჩვენებს, ვერცკი წარმოვიდგენთ, ასეთი თვალით შევხედოთ ჩამორჩენილ მოსწავლეებს და მათ განცდებს.

დანიელ პენაკის „გაუვალი სიშტერე“ მისი მშობლების და ოჯახის მთავარი სადარდებელი იყო. ავტორი საინტერესოდ ხსნის, რატომ გრძნობდა თავს არარაობად და უფუნქციოდ, რატომ ზარმაცობდა. ამის მიზეზი შეიძლება ფანტაზიებიც კი იყოს და სტრესი: ერთხელ თურმე ქალაქის დიდი ნაგავსაყრელის ორმოში ჩავარდა. ორმოში წუმპე იდგა და ნაგავი ეყარა. დიდხანს, დიდხანს იჯდა შიგ პატარა პენაკი, მანამ, სანამ შემთხვევით არ იპოვეს და ამოიყვანეს. მერე სეფსისი დაემართა. 2 თვე უკეთებდნენ ნემსებს და როცა სკოლაში დავბრუნდი, დიდხანს მეგონა, რომ მეც იმ ორმოში მოსროლილი ნაგავი ვიყავი, საიდანაც ამომათრიესო – წერს.

ამის შემდეგ ყოველი ახალი გაკვეთილი იმ უზარმაზარ, საზარელ, საჩხვლეტ ნემსებად ეჩვენებოდა, მედდები რომ უკეთებდნენ ყოველდღე.

მთელი წელი დასჭირდა პენაკს, ერთი ასო  – ,,Aa“ რომ ესწავლა, ვერ იმახსოვრებდა ვერაფერს, რაც მთავრული ასოთი იწყებოდა. საერთოდ, არაფერი ესმოდა მათემატიკის. ყველა გაკვეთილი, რასაც ძმა საღამოობით ასწავლიდა, დილით პირწმინდად მიფრინავდა მისი გონებიდან.

დანიელ პენაკი მოსწავლეობისას.

წერს, რომ დიდი, მთავრული ასოებით დაწყებული სიტყვების დაუძლეველობას თავისი მიზეზი ჰქონდა:

„ქალაქები, მდინარეები, ომები, გმირები, ხელშეკრულებები, პოეტები, გალაქტიკები, თეორემები რიგრიგობით იშლებოდნენ მეხსიერებიდან ერთადერთი ნიშნით – ნებისყოფის მტრით, დიდი ასოთი იწყებოდნენ. „სდექ! – ყვიროდა დიდი ასო – აქეთ არ შეიძლება! ეს საკუთარი სახელია და კრეტინებისთვის შემოსვლა აკრძალულია!”

მართალია, წიგნი მოსწავლის სევდიან განცდებზეა, მაგრამ თხრობა მსუბუქი ირონიითაა გაჯერებული და კითხვისას არსად არაფერი გბეზრდება. პენაკის თვითირონია ტექსტს უზომოდ სახალისოს ხდის.

  • საბედისწერო ადამიანები უიმედობის ბურუსისგან თავდასაღწევად

სად არის ზღვარი, რა ჯადოსნური ამბავი უნდა მოხდეს, რომ მოზარდი, ნულამდე დასული თვითშეფასებით სრულფასოვან ცხოვრებას დაუბრუნდეს? პენაკის შემთხვევაში ცვლილებებს ადამიანები განაპირობებენ: მამა, მათემატიკის მასწავლებელი ბატონი ბალი და მეგობრის მამა – ჟან როლენი. სამივე მათგანს ის აერთიანებს, რომ არცერთისთვის არაა ტრაგედია დანიელის წარუმატებლობები.

„მამაჩემი არ იყო გულღრძო ადამიანი. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ერთგვარ გარიგებას მოვაწერეთ ხელი – ურთიერთობის ფორმად იუმორი ავირჩიეთ,“ – წერს პენაკი მამაზე, რომელიც ეხუმრებოდა, არაუშავს მთელი წელი თუ  გჭირდება ერთი ასოს შესასწავლად, სულ რაღაც 26 ასოა ფრანგულში და 26 წელიწადში მაინც გეცოდინება ანბანიო.

მათემატიკის მასწავლებლის, ბარონი ბალის შემთხვევა კი სხვაგვარია. მას უბრალოდ ძალიან უყვარს მათემატიკა, მთელი არსებითაა ჩაყურყუმელავებული მეცნიერებაში და ეს ამბავი მას უზომოდ კეთილშობილ ადამიანად აქცევს.

ბავშვები გრძნობდნენ, რამდენად წრფელი იყო ბატონი ბალის სურვილი ესწავლებინა მათთვის ის, რითაც თავად იყო გატაცებული. ეს სასწაულებრივად მოქმედებდა და კლასში აზრადაც არ მოსდიოდა ვინმეს ეხმაურა ან ბატონი ბალისთვის არ  მოესმინაო, ამბობს „სკოლის სევდის“ ავტორი.

მეგობრის მამა, ჟან როლენი, პენაკს ყოველი ვერჩაბარებული გამოსაშვები გამოცდის შემდეგ საუკეთესო რესტორანში პატიჟებდა და ძვირფასი ღვინით უმასპინძლდებოდა, არწმუნებდა, რომ ყველა ადამიანს განვითარების საკუთარი ტემპი აქვს და შემდეგ ან შემდეგის შემდეგ წელს მაინც, აუცილებლად დაამთავრებ სკოლასო. „სკოლის სევდა“ პენაკმა სწორედ ჟან როლენს მიუძღვნა.

იყო კიდევ ერთი მოტივი, რამაც დანიელი საკუთარ თავში დარწმუნებულ, სხვა ტემპით მცხოვრებ ადამიანად აქცია:

„მე ქალს ვუყვარდი! შეყვარებული პირველად მომმართავდა სახელით! ახლა უკვე მართლა ვცხოვრობდი, ვარსებობდი ქალის თვალებში, გულსა და ფიქრებშიც კი. მისი მზერა ყველაფერს ამბობდა! მან მე ამირჩია! მე! მან!“

  • ბავშვი – საბაზრო ეკონომიკის მნიშვნელოვანი რგოლი კაპიტალიზმის ეპოქაში

მოგვიანებით, როცა პენაკმა დაამთავრა სკოლაც და ფილოლოგიის ფაკულტეტიც უნივერსიტეტში, გადაწყვიტა, რომ სკოლის მასწავლებელი გამხდარიყო, დაბრუნებულიყო სკოლაში ისე, „როგორც დამნაშავეები უბრუნდებიან დანაშაულის ადგილს“, რომ ემუშავა „სანაგვეზე მოსროლილ ბავშვებთან“ და არასდროს დავიწყებოდა როგორი იყო ბავშვობაში.

წიგნში პენაკი საკუთარ მოსწავლეებზეც წერს, მათ შორის, იმაზეც, რომ მოზარდებისთვის თავშესაფარი ხშირად მოდაა, რაც ბიზნესისთვის ხელსაყრელია. ავტორი მიიჩნევს, რომ ჩვენს ეპოქაში ბაზარი ცდილობს ბავშვი სრულუფლებიან და დამოუკიდებელ კლიენტად აქციოს. ის ისეთივე მნიშვნელოვან ეკონომიკურ როლს ასრულებს, როგორსაც მისი მშობლები. კლიენტი-ბავშვის სურვილები განუწყვეტლივ იზრდება, ამ თვალსაზრისით კი ის მნიშვნელოვანი პერსონაა.

ბავშვის სურვილების ასრულება მშობლებისა და ახლობლების სიყვარულის ხარისხის მაჩვენებელია, მომხმარებელთა საზოგადოებაც ასე ვითარდება ავტორის დაკვირვებით: გიყვარდეს შვილი ნიშნავს გიყვარდეს მისი სურვილები, რაც ძირითადად ნივთებით შემოიფარგლება. საბაზრო ფასი კი ხანდახან ნამდვილ ფასეულობებს ანაცვლებს.

დანიელ პენაკი

რატომ შემცირდა სეზონური გრიპის შემთხვევები?

სეზონური გრიპის ვირუსი, რომელიც ყოველწლიურად ცირკულირებს მთელ მსოფლიოში და მილიონობით ადამიანის ავადობას იწვევს, წელს გაცილებით უფრო ნაკლებად ცირკულირებს მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც, ვიდრე გასულ წლებში. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც (ჯანმო) იუწყება.

“COVID 19-ის მიმდინარე პანდემიამ სხვადასხვა მასშტაბით იმოქმედა მსოფლიოში სეზონური გრიპის ვირუსის ცირკულაციის შემცირებაზე. კერძოდ SARS-CoV-2 ვირუსის გადაცემის შემცირების მიზნით, ქვეყნების მიერ დანერგილმა ჰიგიენისა და ფიზიკური დისტანცირების სხვადასხვა ზომამ, დიდი ალბათობით, თავისი როლი შეასრულა გრიპის ვირუსის გადაცემის შემცირებაში”, – წერია ჯანმოს იანვრის თვის ანგარიშში.

გრიპის სეზონი დგება გასული წლის მე-40 კვირიდან და გრძელდება მიმდინარე წლის მე-20 კვირის ჩათვლით, ანუ იწყება ნოემბრის პირველი რიცხვებიდან და მთავრდება დაახლოებით მაისის 20 რიცხვისთვის.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ანგარიშში ჩანს, რომ 2020-2021 წლის მონაცემები, გასული ორი წლის მონაცემებთან შედარებით გაცილებით დაბალია:

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, რუსუდან შავიშვილი ამბობს, რომ წელს აჭარაში სეზონური გრიპის შემთხვევები უპრეცედენტოდ ნაკლებია:

“შარშანდელი გრიპის სეზონი იყო საკმაოდ მშვიდი, იქამდე იყო წლები, როცა ნამდვილად ბობოქრობდა, მაგრამ წელს უპრეცედენტოდ დაბალი რაოდენობაა”, – ამბობს ის.

რუსუდან შავიშვილი გრიპის სეზონის ასეთ მშვიდ მიმდინარეობას კოვიდ19-ის პრევენციულ ზომებს უკავშირებს და ასევე ვაქცინაციის მაჩვენებელს, რომელიც წელს საქართველოში ძალიან მაღალი იყო.

“რასაკვირველია ამას, პირველ რიგში, ვუკავშირებ დიდ ვაქცინაციას… ნამდვილად იყო კარგი ათვისება, მაგრამ პირბადის ტარებამ და, ზოგადად, კოვიდის საწინააღმდეგოდ  ჩატარებულმა დამცავმა რეგულაციებმაც იმუშავეს – ესენი არიან მონათესავე რესპირატორული ინფექციები, რომელთაც ერთი და იმავე გავრცელების გზა აქვთ. ამიტომ პირბადე მუშობს, როგორც კოვიდის საწინააღმდეგოდ, ისე, ზოგადად, ვირუსული ინფექციების საწინააღმდეგოდ”, – განმარტავს ის.

“ახლა ადამიანები ჩასაფრებულები არიან სიმპტომატიკაზე, სხვა დროს მაღალი ტემპერატურით სამსახურში დადიოდა ხალხი, ახლა დაბალ ტემპერატურაზეც ფრთხილად არიან, ხელს იბანენ ხშირად, ატარებენ პირბადეს, ამ ყველაფერმა უდავოდ გამოიღო შედეგი. ასეთი დაბალი მაჩვენებელი განაპირობა ორმა ფაქტორმა – ვაქცინაციამ და კოვიდის საწინააღმდეგო რეგულაციებმა”.

მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელი მონაცემებით მძიმე მწვავე რესპირაციული დაავადება (SARI) ჯერჯერობით აჭარაში არ დაფიქსირებულა. “შეიძლება იყოს გრიპისმაგვარი ინფექციები… დღეს გავაკეთეთ ანალიზი და მიმდინარე ბოლო ორი კვირა არის ე.წ. მსუბუქად მიმდინარე გრიპი და გრიპისმაგვარი დაავადებები”, – ამბობს რუსუდან შავიშვილი.

წელს აჭარაში მეოთხე კვირის ინციდენტობა იყო 33; მეხუთე კვირისა – 155; გასული წლის იმავე პერიოდში მეოთხე კვირაში იყო 348, მეხუთეში – 351;

სეზონური გრიპის ინციდენტობა აჭარაში

 

 

„საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებას სასამართლო არ ასრულებს“ – რატომ მალავენ განაჩენებს

გასული წლის აპრილის შემდეგ სასამართლოების ერთიან პორტალზე, კანონის მოთხოვნის მიუხედავად, სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები აღარ ქვეყნდება.

რატომ აღარ ქვეყნდება სასამართლოს გადაწყვეტილებები საჯაროდ ერთიან პორტალზე, რომელიც 2019 წელს შეიქმნა და არსებობს კანონის მოთხოვნა, რომ ეს გადაწყვეტილებები უნდა იყოს საჯარო და გამოქვეყნდეს?

„კანონის მოთხოვნა არ სრულდება… ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას პარლამენტი არ ასრულებს და არც საერთო სასამართლოები“, – ასეთია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის IDFI-ის კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების მიმართულების ხელმძღვანელის – ქეთევან კუკავას შეფასება. ეს ორგანიზაცია ამ საკითხზე მუშაობს და არ გამორიცხავს საერთო სასამართლოებს და პარლამენტს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასრულებს, ისევ საკონსტიტუციოში უჩივლოს.

სასამართლოს ღია სხდომებზე მიღებული გადაწყვეტილებები რომ უნდა გამოქვეყნდეს, ეს „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში 2017 წელს ჩაიწერა სასამართლო რეფორმის მესამე ტალღის ფარგლებში. ამ პროცესს დღემდე დასავლელი პარტნიორები უჭერენ მხარს. საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ შეიქმნა ერთიანი პორტალიც, სადაც გადაწყვეტილებების გამოქვეყნება დაიწყეს, თუმცა დაშტრიხული ფორმით, ანუ გადაწყვეტილებებში პერსონალური მონაცემები დაფარული იყო.

პერსონალური მონაცემების დაფარვის კუთხით არსებული სამართლებრივი ნორმები საკონსტიტუციო სასამართლოში „მედიის განვითარების ფონდმა“ და „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ გაასაჩივრეს. სარჩელი 2019 წლის 7 ივნისს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა.

„ამავე დროს საკონსტიტუციო სასამართლომ  პარლამენტს განუსაზღვრა საკანონმდებლო ცვლილებებისთვის ვადა – 2020 წლის პირველი მაისი. ამ პერიოდამდე პარლამენტს უნდა განესაზღვრა გამონაკლისი შემთხვევები, როცა პერსონალური მონაცემები შესაძლოა ისევ დაეფარა სასამართლოს. პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ამ დრომდე არ შეუსრულებია,“ – განმარტავს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის IDFI-ის კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების მიმართულების ხელმძღვანელი ქეთევან კუკავა.

იურისტი მიიჩნევს, რომ ამის მიუხედავად, სასამართლოებს შეეძლოთ და ახლაც შეუძლიათ კონსტიტუციური სტანდარტით იხელმძღვანელონ და გამოაქვეყნონ ღია სხდომებზე მიღებული გადაწყვეტილებები.

„მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილების შემდეგ, მაგალითად, ჩვენ თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებიდან გადაწყვეტილებების მიღებაზე მივიღეთ უარი, გავასაჩივრეთ ეს უარი, მაგრამ არ დააკმაყოფილეს სწორედ იმ მოტივით, რომ პარლამენტს არ აქვს საკანონმდებლო ცვლილება მიღებული… რეალურად 2020 წლის მაისიდან ძალადაკარგულია ის სამართლებრივი ნორმები, რომელიც კრძალავდა პერსონალური მონაცემების გასაჯაროებას და არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც არ სრულდება,“ – აღნიშნავს ქეთევან კუკავა „ბათუმელებთან“.

როგორ განესაზღვრა ცალკეულ სასამართლოს, რა შემთხვევაში დაეფარა პერსონალური მონაცემები, როცა პარლამენტს საგამონაკლისო შემთხვევები არ დაუდგენია? – ქეთევან კუკავა მიიჩნევს, რომ ეს თითოეულმა სასამართლომ უნდა განსაზღვროს „პირად ცხოვრებაზე გავლენის მოხდენის“ კუთხით.

„საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე თქვა თავის გადაწყვეტილებაში, რომ გარკვეული კატეგორიის მონაცემები არ გაიცემა და მაგალითის სახით მიუთითა არასრულწლოვანები, ასევე პირის ჯანმრთელობის თუ მისი ცხოვრების ინტიმური დეტალის შესახებ ინფორმაცია… ის ფაქტი, რომ პარლამენტმა არ შეასრულა თავისი ვალდებულება და რეგულაცია არ მიიღო, რა თქმა უნდა, ვერ გაათავისუფლებს სასამართლოს გადაწყვეტილებების საჯაროდ გამოქვეყნების ვალდებულებისგან“, – გვითხრა ქეთევან კუკავამ.

რატომ აღარ ქვეყნდება სასამართლოს გადაწყვეტილებები? – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრესცენტრის განმარტებით, შეფერხება გამოიწვია იმან, რომ პარლამენტმა შესაბამისი რეგულაციები არ მიიღო. პრესცენტრს ვთხოვეთ დამატებით განემარტა, საერთო სასამართლოებს გადაწყვეტილების გამოქვეყნებაში პარლამენტის უმოქმედობა როგორ უშლის ხელს? – უწყებიდან დამატებითი განმარტება ამ დრომდე არ მიგვიღია.

სარფში მედიკამენტების უკანონოდ შემოტანისთვის უცხოელები 14 ათასი ლარით დააჯარიმეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სარფის საბაჟოზე მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების ა.მ.-ს და ა.ი.-ს მართვის ქვეშ არსებული, სატვირთო ავტოტრანსპორტის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული, სხვადასხვა დასახელების მედიკამენტი აღმოაჩინეს.

მედიკამენტების საერთო წონამ 18 კილოგრამი შეადგინა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, საერთო ჯამში, 14 620 ლარი შეეფარდათ.

სოფელ თხილნარის საჯარო სკოლაში ახალი ბიბლიოთეკა გაიხსნა

დღეს, 3 თებერვალს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის #1 საჯარო სკოლაში ახალი ბიბლიოთეკა გაიხსნა.

აჭარის განათლების სამინისტროს ცნობით, პროექტის ფარგლებში კეთილმოეწყო ბიბლიოთეკა, აღიჭურვა თანამედროვე ინვენტარითა და ტექნიკით, სკოლას გადაეცა 800 ახალი მხატვრული ლიტერატურა.

აჭარის განათლების მინისტრის განცხადებით, ეს ბიბლიოთეკა იქნება ადგილი, სადაც სკოლის მოსწავლეებს ექნებათ საშუალება ისაუბრონ ლიტერატურაზე, გამართონ წიგნების განხილვა და განახორციელონ პროექტები.

სამინისტროს ცნობით, დღეს თხილნარის #1 საჯარო სკოლაში „ვეფხისტყაოსნის“ საჯაროდ კითხვა და აპლიკაციის პრეზენტაცია გაიმართა. „ვეფხისტყაოსნის“ აპლიკაცია ავტორებმა, შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის პროფესორმა შორენა მახაჭაძემ და მეთორმეტეკლასელმა კობა ჟღენტმა წარადგინეს.

აჭარის განათლების სამინისტროში გვითხრეს, რომ თხილნარის #1 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკა არა მხოლოდ ამ სკოლის, არამედ ახლო ტერიტორიაზე მდებარე სკოლების მოსწავლეებისთვისაც ღია იქნება და მათ ასევე შეეძლებათ ისარგებლონ ბიბლიოთეკით.

აღნიშნული პროექტის განხორციელება – ბიბლიოთეკის მოწყობა, აღჭურვა ტექნიკით, ინვენტარით და ა.შ. სამინისტროს 58 900 ლარი დაუჯდა.

სამინისტროს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ 2021 წელს აჭარის განათლების სამინისტრო აჭარის კიდევ ორ სკოლაში გახსნის ახალ, თანამედროვე ბიბლიოთეკას.

სკოლები ჯერჯერობით შერჩეული არ არის, თუმცა პროექტის განხორციელებისთვის სკოლა გარკვეულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს, მათ შორის – უნდა ჰქონდეს საკმარისი ფართობი თანამედროვე ბიბლიოთეკის მოსაწყობად.

სოფელ თხილნარის სკოლის ბიბლიოთეკა
სოფელ თხილნარის სკოლის ბიბლიოთეკა
სოფელ თხილნარის სკოლის ბიბლიოთეკა
სოფელ თხილნარის სკოლის ბიბლიოთეკა
სოფელ თხილნარის სკოლის ბიბლიოთეკა

 

7 ჰექტარზე გავრცელებული ხანძარი ჩაქვში ლიკვიდირებულია

ჩაქვის ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. ხანძარი დაახლოებით 7 ჰექტარზე იყო გავრცელებული.

ხანძარი ჩაქვის ციტრუსების მეურნეობის ტერიტორიაზე, იმ ადგილთან ახლოს იყო, სადაც ბათუმის ახალი სასაფლაო უნდა გახსნილიყო.

სახანძრო სამსახურის ინფორმაციით ძირითადად ეკალ-ბარდი დაიწვა.

დაახლოებით 7 ჰექტარზე ჩაქვში ეკალ-ბარდი დაიწვა / ხანძარი ლიკვიდირებულია / 3.02.2021 / გურამ მურვანიძის ფოტოები

 

 

ისევ რატომ იღუპებიან ადამიანები მშენებლობებზე – ინტერვიუ

სამშენებლო ბადის გარეშე მიმდინარე ეს მშენებლობა ბათუმის პროფკავშირის წარმომადგენელმა 30 იანვარს გადაიღო. სტატიის მთავარ ფოტოზე აეროპორტის გზატკეცილის 73-ია ასახული, სადაც მშენებარე ობიექტის მე-11 სართულიდან 34 წლის მამია ბერიძე ჩამოვარდა და დაიღუპა. კომპანია „სუპერ გრუპში“ ამ დრომდე არაფერი უთქვამთ მუშის დაღუპვის გამო.

30 იანვარს მუნიციპალურმა ინსპექციამ ხელახლა დაიწყო საქმისწარმოება, რადგან მანამდე „სუპერ გრუპს“ ხარვეზის გამოსასწორებლად მიუთითეს. მერია არ აკონკრეტებს, რა ხარვეზი იყო.

მშენებლობებზე კიდევ ერთი ახალგაზრდის დაღუპვის შემდეგ მოკვლევა დაიწყო შრომის უსაფრთხოების ინსპექციამ და დაიწყო გამოძიებაც. თუმცა კანონის გამკაცრების თუ პარალელური საქმისწარმოების მიუხედავად, არავინ იცის, როგორ მუშაობდა მშენებელი კომპანია ქალაქის ცენტრში სამშენებლო ბადის გარეშე ან დასჯიან თუ არა ამჯერად ვინმეს?

EMC-ის მიერ მოპოვებული სტატისტიკით, 2020 წელს იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით [სამშენებლო წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევა] სულ 185 საქმეზე დაიწყო გამოძიება, აქედან მხოლოდ 20 პირის წინააღმდეგ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა, 170-ე მუხლით კი [შრომის დაცვის წესის დარღვევა] 23 საქმეზე 4 შემთხვევაში დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა. ამ საქმეების უმრავლესობა საპროცესო შეთანხმებით დასრულდა. პროფკავშირების მონაცემებით, გასულ წელს ქვეყანაში 37 ადამიანი დაიღუპა საწარმოო ტრავმების შედეგად და მათ შორის, 12 სამშენებლო ობიექტებზე, დაშავდა – 180.

მშენებლობებზე ისევ რატომ იღუპებიან ადამიანები იმის მიუხედავად, რომ ბოლო წლებში შრომის ინსპექციაც ამუშავდა და კანონი გამკაცრდა? – „ბათუმელები“ ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის EMC-ის აღმასრულებელ დირექტორს, ლინა ღვინიანიძეს ესაუბრა. ამ ორგანიზაციას სპეციალური ანგარიში ჰქონდა „სამუშაო ადგილზე დასაქმებულთა დაღუპვის შემთხვევების გამოძიების შეფასება“.

  • ქალბატონო ლინა, ბათუმში მომხდარი ბოლო შემთხვევით რომ დავიწყოთ – პროფკავშირების წარმომადგენლის თქმით, ობიექტზე, სადაც მუშა ჩამოვარდა, არ იყო უსაფრთხოების ბადე და სამშენებლო ღობე.  

ჩვენ ყველა ვხედავთ, რომ საწარმოებში შრომის უსაფრთხოების სტანდარტების შემოწმება გააქტიურდა, თუმცა, მეორე მხრივ, დაღუპვის ან მძიმე დაზიანებების შემთხვევები არსებითად არ მცირდება. თბილისსა და ბათუმში, ესენია ყველაზე დიდი ქალაქები ინფრასტრუქტურული პროექტებით, შემთხვევები ისევ ხდება… დიდ კომპანიებზე, რომლებიც დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებენ, წელიწადზე მეტია უკვე ეს კანონმდებლობა ვრცელდება, არსებობს ზედამხედველობის მექანიზმი. იმის მიუხედავად, რომ შრომის ინსპექცია მართლაც აქტიურად მუშაობს, შედიან ობიექტებში და იყენებენ კიდეც გარკვეულ მექანიზმებს, მათ მაინც ვერ შეძლეს ფუნდამენტურად შეეცვალათ შრომის უსაფრთხოების სტანდარტები.

ჩვენი აზრით, პირველი და მთავარი პრობლემა არის არა ის, რომ მათ არ აქვთ სამართლებრივი მექანიზმები და ბერკეტები, ეს პრობლემა მათ არ უდგათ, არამედ ინსპექციას არ აქვს საკმარისი ადამიანური რესურსი, აქტიურად და დამოუკიდებლად რომ იმუშაონ. შესაძლოა, ვისაუბროთ სხვადასხვა მხარდამჭერი რესურსის დეფიციტზე, მათ შორის, კომპეტენციაზე.

  • არსებობს მოსაზრება, რომ ბათუმშიც უნდა არსებობდეს შრომის ინსპექციის წარმომადგენლობა დროული რეაგირებისთვის. ეთანხმებით ამ პოზიციას?

უნდა იყოს, ბუნებრივია. შრომის ინსპექციას არ ჰყავს რეგიონული წარმომადგენლები, რომლებიც შეძლებდნენ უფრო ფოკუსირებულად ემუშავათ სხვადასხვა ქალაქში. შრომის ინსპექცია ძირითადად ახერხებს დამდგარ შედეგებზე რეაგირებას, ვიდრე პროაქტიულ საქმიანობას და პრევენციულ მუშაობას. შრომის ინსპექცია შედის ობიექტზე, ატარებს მოკვლევას, წერს დასკვნას, მათ შორის, აჩერებს მუშაობას, აჯარიმებს და ასე შემდეგ, მაგრამ ვერ ახერხებს იმას, რომ პროაქტიულად, მასობრივად შევიდეს ობიექტებზე.

ლინა ღვინიანიძე
  • როცა ობიექტს აჩერებენ, აჯარიმებენ, ანუ პოსტფაქტუმ სანქციებს რატომ არ აქვს შედეგი? ეს ხომ უნდა მოქმედებდეს სხვა მშენებლებზე? 

იმიტომ, რომ ეს არ არის საკმარისად მასობრივი. მაგალითად, ბათუმი ცალსახად უნდა იყოს შრომის ინსპექციის პრიორიტეტი, რადგანაც ძალიან ბევრი შემთხვევაა. პრიორიტეტი უნდა იყოს კონკრეტული ქალაქები და ინდუსტრიები, სადაც ყველაზე მაღალია ამგვარი შემთხვევები. ინსპექციის სამუშაო არ უნდა იყოს ორიენტირებული მხოლოდ შემთხვევების შემდეგ რეაგირებაზე. მას უნდა ჰქონდეს უფრო მეტად საკუთარი ინიციატივით შემოწმების შესაძლებლობა, რომ ამას ჰქონდეს პრევენციული ეფექტი. ფაქტია, რომ შრომის ინსპექცია ჯერ კიდევ არის სუსტი მექანიზმი.

  • რატომ არ იდგმება კონკრეტული ნაბიჯები ამ მექანიზმის გასაძლიერებლად? 

შრომის ინსპექციაც ადასტურებს საჯარო შეხვედრების დროს, რომ რესურსი მცირეა. ინსპექცია ასევე ამბობს, რომ წლიდან წლამდე ძლიერდება, მაგრამ გამოდის, რომ ეს გაძლიერება ძალიან ნელა ხდება იმისთვის, რომ კანონის მიზანს დროულად უპასუხოს. შრომის ინსპექციის გაძლიერება უნდა იყოს მთავრობის პრიორიტეტი და ამ დროს პირიქით, კოვიდსიტუაციის დროს შრომის ინსპექციის ძირითადი რესურსი გადართულია კოვიდის წინააღმდეგ ბრძოლაზე, სხვადასხვა სივრცის მონიტორინგზე, თუ რამდენად ასრულებენ ისინი დადგენილ სტანდარტებს. ეს არ არის მისი ძირითადი ფუნქცია. ეს არის მისი დამატებითი ფუნქცია, რაც მას მთავრობამ განუსაზღვრა.

  • ანგარიშში აღნიშნავთ, რომ პრობლემაა ორი პარალელური წარმოებაც, ანუ შრომის ინსპექციაც შედის სამშენებლო ობიექტზე შემთხვევის შემდეგ და საგამოძიებო ორგანოც. 

ინსპექცია ძირითადად ადგენს მოკვლევის შედეგად არის თუ არა დაცული უსაფრთხოების სტანდარტები, თუმცა თუ უკვე გვაქვს მძიმე შედეგი, როგორიცაა ადამიანის დაღუპვა, იწყება გამოძიება. აქ მთავარი საკითხია, როგორია სისხლის სამართლის პოლიტიკა ამ მიმართულებით. საქმეები, რომლებზეც ჩვენ ვმუშაობთ, ვხედავთ, რომ შსს-ს, ასევე პროკურატურას არ გააჩნია არანაირი მეთოდოლოგია, როგორ უნდა აწარმოონ ამ საკითხებზე გამოძიება, რა ტიპის საგამოძიებო მოქმედებები რა თანმიმდევრობით უნდა ჩაატარონ…

  • ფიქრობთ, რომ სპეციალური მოდელი უნდა შეიქმნას მშენებლობების შემთხვევებზე? 

დიახ, ამაზე საუბრობს შინაგან საქმეთა სამინისტროც. ისინი ადასტურებენ, რომ ეს არის ძალიან სპეციფიკური საქმეები და განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს შემთხვევები ხდება მძიმე ინდუსტრიაში, მაგალითად, შახტაში. მათ სჭირდებათ გადამზადება. ჩვენ არაერთხელ მივუთითეთ, რომ სხვადასხვა მტკიცებულება, რომლებიც საქმისთვის იყო მნიშვნელოვანი, განადგურდა და გამოუყენებელი გახდა. არის კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც  არ ტარდება გამოძიების პროცესში, რადგანაც არსებობს მეთოდოლოგიის და გადამზადების პრობლემა.

მთავარი პრობლემა არის ასევე ის, რომ საბოლოოდ სისხლისსამართლებრივი დევნა შესაძლოა დაიწყოს და გამამტყუნებელი განაჩენი დადგეს იმ ადამიანის მიმართ, რომელიც არც კი იყო პასუხისმგებელი პროცესზე, ეს ძირითადად საშუალო ან ქვედა რგოლის მენეჯმენტია. გამოძიება არც კი სვამს კითხვებს, რომლებიც მას მისცემდა საშუალებას, გასულიყო მაღალი რგოლის მენეჯმენტის პასუხისმგებლობაზე. დევნა ხშირად არ იწყება, როგორც ეს სტატისტიკიდან ჩანს და თუ იწყება საერთოდ, მაღალი რგოლის მენეჯმენტის პასუხისმგებლობა არის გამორიცხული. ეს, ჩვენი აზრით, პრობლემაა.

  • სტატისტიკა ასევე აჩვენებს, რომ ამ საქმეების უმრავლესობა საპროცესო შეთანხმებით და ჯარიმით სრულდება. მიიჩნევთ, რომ რეალური სასჯელი ანუ თავისუფლების აღკვეთა უფრო ეფექტური იქნება?

რეალური სასჯელი იშვიათად გამოიყენება და ჩვენი აზრით, ამ შემთხვევებზე საპროცესო შეთანხმების გამოყენებას არ აქვს პრევენციული ეფექტი. გვგონია, რომ ადამიანებს, რომლებიც ერთად მუშაობენ და ამ დროს იღუპება თანამშრომელი, უნდა ჰქონდეთ განცდა, რომ პროპორციულად მოხდება სასჯელის შეფარდება. თუ ასეთი განცდა არ იარსებებს, მაშინ შეუძლებელია ვისაუბროთ იმაზე, რომ სისხლისსამართლებრივი მართლმსაჯულება მუშაობს.

შესაძლოა, არ იყოს გამოყენებული თავისუფლების აღკვეთა, მაგრამ როცა ვხედავთ, რომ ამას ტენდენციის ხასიათი აქვს და ძირითადად საპროცესო შეთანხმებას იყენებ, ჩნდება კითხვა, რომ სისხლის სამართლის პოლიტიკა ამ მიმართულებით არის განზრახ სუსტი. ჩვენ გვაქვს, მაგალითად, ტყიბულის შემთხვევა, როცა კონკრეტული პირი ჯერ დააკავეს, შემდეგ საპროცესო გაუფორმეს და ისევ იმ კომპანიაში დასაქმდა უფრო მაღალ პოზიციაზე. იქ არ აქვს ვინმეს იმის განცდა, რომ ვინმე დაისაჯა. ამ მომენტს აქვს გადამდები ეფექტი დასაქმებულებზე. სისხლის სამართლის პოლიტიკის მიზანი უნდა იყოს ძალიან ცხადი და არა ისეთი სუსტი, როგორსაც დღეს ჩვენ ვხედავთ კერძო დამსაქმებლების შემთხვევაში.

  • თქვენ ახსენეთ, რომ სისხლის სამართლის პოლიტიკა ამ მიმართულებით შესაძლოა განზრახ სუსტია. ვის აწყობს ეს განზრახ სისუსტე? ხელისუფლება ცდილობს, რომ „ხელი არ შეუშალოს“ ბიზნესს, თუ მას არ ჰყოფნის მგრძნობელობა მუშების დაღუპვაზე?

მინიმუმ ორ ფაქტორზე შეგვიძლია ვისაუბროთ: პირველი, ეს არის კომპეტენციის სისუსტე, ჩვენ ამას ვხედავთ, როცა საქმეებს ვაწარმოებთ. მეორე ალბათ არის ის, რომ ეს საკითხები არ არის პრიორიტეტი სისხლის სამართლის პოლიტიკისთვის, განსხვავებით სხვა კატეგორიის საქმეებისა, რომლებიც წლების განმავლობაში არ იყო ასევე პრიორიტეტული, თუმცა მოგვიანებით გახდა, მაგალითად, ოჯახში ძალადობა გახდა შსს-სთვის პრიორიტეტული მიმართულება. ჯერჯერობით შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო ადამიანების დაღუპვა არ არის ხელისუფლებისთვის პრიორიტეტული მიმართულება. შესაძლოა ეს განზრახ ხელშეწყობაც არის.

მშენებლობა აეროპორტის გზატკეცილზე, ნომერ 73-ში, სადაც 30 იანვარს 34 წლის მუშა დაიღუპა

სილამაზის ინდუსტრიას შეწირული ცხოველები – როგორ ამოვიცნოთ ჰუმანური ბრენდები

მაკიაჟისა თუ თავის მოვლის სხვა საშუალების შეძენისას ბევრს არ ახსენდება, რომ შესაძლოა ამ პროდუქციის უსაფრთხოებაში დასარწმუნებლად, მწარმოებელი კომპანია სხვადასხვა ქიმიურ ნივთიერებას ცოცხალ ცხოველებზე ტესტავს, შედეგად კი ყოველწლიურად მილიონობით ცხოველი ტკივილითა და ტანჯვით იხოცება ამ არაჰუმანური და სასტიკი პრაქტიკის გამო.

ვეგანი და აქტივისტი ია გრიგოლაშვილი საუბრობს ამ ინდუსტრიის მიღმა არსებულ სისასტიკეზე და იმაზე, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი არ ვიყიდოთ/მოვიხმაროთ ამ კომპანიების ნაწარმი და ჩვენი ფინანსები მივმართოთ სწორედ ისეთი ბრენდების მხარდასაჭერად, ვისთვისაც ჰუმანურობა მნიშვნელოვანია.

„ჩვენ ყველას გვიყვარს ცხოველები. ეს ბუნებრივია ადამიანისთვის და არც ერთ ჩვენგანს არ უნდა, რომ მათ ეპყრობოდნენ სასტიკად. იმ კრემის მიღმა, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, შეიძლება იყოს თვეების განმავლობაში ჩვენს საყვარელ ცხოველებზე ტოქსიკური ნივთიერების ზემოქმედების შედეგად დამდნარი თვალები, გადიდებული შინაგანი  ორგანოები და ეს ყველაფერი ხდება ყოველგვარი გაუტკივარების გარეშე.

პარფიუმერული პროდუქციის ინდუსტრიის მიღმა არის ძალიან დიდი სისასტიკე, რომელიც რეალურად არც ერთ ჩვენგანს არ უნდა და სწორედ ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ როცა გვაქვს არჩევანი, ერთი კრემი ავიღოთ თუ მეორე, შევხედოთ, არის თუ არა იქ კურდღლის პატარა ნიშანი, რომელიც მიგვანიშნებს, რომ ეს პროდუქცია არის სისასტიკისგან თავისუფალი“, – ამბობს ია.

ცხოველთა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია PETA-ს მონაცემებით, ყოველწლიურად 100 მილიონზე მეტი ცხოველი – მათ შორის თაგვები, ვირთხები, ბაყაყები, ძაღლები, კატები, კურდღლები, ზაზუნები, მაიმუნები, თევზები და ფრინველები იხოცებიან მხოლოდ აშშ-ის ლაბორატორიებში ბიოლოგიის გაკვეთილების, სამედიცინო ტრენინგების, უბრალო ცნობისმოყვარეობის გამო ჩატარებული ექსპერიმენტებისთვის, ასევე ქიმიკატების, წამლების, საკვებისა და კოსმეტიკის ტესტირებისთვის. როგორც წესი, ასეთ ცხოველებს ექსპერიმენტის ბოლოს კლავენ – „სიკვდილამდე ზოგ ცხოველს აიძულებენ შეისუნთქოს ტოქსიკური ორთქლი, ზოგს თავის ქალაქში ნახვრეტებს უკეთებენ, ზოგს კი ტყავს უწვავენ“.

PETA: უშუალოდ ექსპერიმენტის დროს მიყენებული ტანჯვის გარდა ლაბორატორიებში ცხოველებს ართმევენ ყველაფერს, რაც მათთვის ბუნებრივი და მნიშვნელოვანია – ისინი გამომწყვდეულნი არიან ვიწრო გალიებში, არიან სოციალურად იზოლირებულები და ფსიქოლოგიურად ტრავმირებული. მგრძნობიარე, ცოცხალ არსებებს, რომლებსაც იყენებენ ექსპერიმენტებში, ექცევიან ისე, როგორც ერთჯერად ლაბორატორიულ ინვენტარს.

PETA წერს, რომ ლაბორატორიაში ცხოველებში ხელოვნურად გამოწვეული დაავადებები არასოდეს არის იდენტური იმ დაავადებებისა, რომლებიც ბუნებრივად გვხვდება ადამიანებში და რადგან ცხოველთა სახეობები ბიოლოგიურად განსხვავდება ერთმანეთისგან მრავალი მნიშვნელოვანი თვალსაზრისით, კიდევ უფრო ნაკლებად სავარაუდოა, რომ ცხოველებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა ის შედეგი გამოიღოს, რომელიც სწორად იქნება ინტერპრეტირებული და მისადაგებული ადამიანებს.

ია გრიგოლაშვილი

ია გრიგოლაშვილი მიიჩნევს, რომ გარდა ცხოველების მიმართ სისასტიკისა, ეს პრაქტიკა უსაფუძვლოა, რადგან  ცხოველებზე დატესტილი სხვადასხვა ნივთიერება, რომელიც ცხოველებს არ ვნებს, არ იძლევა იმის გარანტიას, რომ იგივე ნივთიერება ადამიანისთვის უსაფრთხო იქნება და პირიქით, ცხოველებისთვის ალერგიული ნივთიერებები შესაძლოა სულაც არ იწვევდეს ადამიანებშიც იმავე რეაქციას:

„მაგალითად, პარაცეტამოლი, რომელსაც ყველა ვიცნობთ და ვიყენებთ, როცა დაიტესტა კატებზე, გამოიწვია საშინელი ალერგიული რეაქციები… ასეთი ბევრი მაგალითია, რომელიც ამტკიცებს ცხოველებზე ტესტირების აბსურდულობას, მით უმეტეს, როცა უკვე გვაქვს 8000-მდე, ადამიანისთვის სრულიად უსაფრთხო ინგრედიენტის სია. ახალი ნივთიერებების დასატესტად გვაქვს შემუშავებული ხელოვნური კანი, გვაქვს უჯრედული კულტურები, კომპიუტერული მოდელები და თავისუფლად შეგვიძლია ამ ყველაფერზე დავტესტოთ”, – ამბობს ის.

ცხოველთა სისასტიკისგან დაცვის კიდევ ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია CrueltyFreeInternational-ი წერს, რომ ცხოველებზე ტესტირების ალტერნატივა ხშირად უფრო იაფი, სწრაფი და ეფექტურია.

  • მაგალითად, ზღვის გოჭებზე ჩატარებული კანის ალერგიის ტესტები შემთხვევათა მხოლოდ 72%-ში პროგნოზირებდნენ ადამიანის რეაქციას. მაგრამ ქიმიურ და უჯრედზე დაფუძნებული ალტერნატიული მეთოდების კომბინაციამ აჩვენა, რომ შემთხვევათა 90%-ში ზუსტად პროგნოზირებს ადამიანის რეაქციას.
  • ასევე, ორსულ ვირთხებზე ჩატარებულ სტანდარტულ ტესტს, იმის დასადგენად, აყენებს თუ არა ქიმიკატები ან წამლები ზიანს განვითარებად ბავშვს, საშიში ნივთიერებების მხოლოდ 60%-ის დადგენა შეუძლია. მაგრამ ცხოველებზე ტესტირების უჯრედოვანმა ალტერნატივამ 100%-იანი სიზუსტე უჩვენა ძალზე ტოქსიკური ქიმიკატების გამოვლენისას.

CrueltyFreeInternational-ის ცნობით, ცხოველებზე ტესტირების შენარჩუნების მიზეზი ხშირად სამეცნიერო დაწესებულების კონსერვატიზმია – უფრო ადვილია და კომფორტულია გაკეთდეს ის, რაც ყოველთვის კეთდებოდა. მაგალითად, ცხოველებზე ჩატარებული ტესტების შედეგები მარტივად შეიძლება შედარდეს ცხოველებზე ჩატარებულ ადრეულ ტესტებთან.

ბოლო დროს, სულ უფრო და უფრო მეტი ბრენდი ხდება Cruelty-free ანუ სისასტიკისგან თავისუფალი, ზოგიერთი სრულად გადაერთო ვეგანური პროდუქციის წარმოებაზე, ზოგიერთი კი ნაწილობრივ აწარმოებს ვეგანურ პროდუქციას. ასეთი კომპანიების სიების განახლებასა და კონტროლზე მუშაობს ორგანიზაცია crueltyfreekitty, მათ მიერ ბოლოს განახლებული Cruelty-free კომპანიების სია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე

ცხოველებზე გაუტესტავი ანუ სისასტიკისგან თავისუფალი პროდუქცია საქართველოშიც მრავლადაა. ია გრიგოლაშვილი მიიჩნევს, რომ მათი არჩევა ერთგვარი ჰუმანური აქტია, რითიც სამყაროს ცოტათი უფრო ნაკლებ ზიანს ვაყენებთ, მთავარია, პროდუქციის შეძენისას შეფუთვაზე ან მის ანოტაციაში შესაბამისი ნიშანი მოძებნოთ.

  • რა ნიშნებს უნდა მიაქციოთ ყურადღება თავის მოვლის საშუალებებისა თუ კოსმეტიკის შეძენისას:

ვეგანური  –  ასევე შეიძლება პროდუქციას ეწეროს VEGAN და ნიშნავს, რომ ეს პროდუქცია არ არის დატესტილი ცხოველებზე და არ შეიცავს ცხოველურ ინგრედიენტებს.

 

 

 

Crueltyfree (სისასტიკისგან თავისუფალი) – ნიშნავს, რომ ეს პროდუქცია არ არის დატესტილი ცხოველებზე, მაგრამ შესაძლოა იყენებდეს ცხოველურ ინგრედიენტებს (მაგ. თაფლი, რძე და სხვ.)

Fairtrade-ს საერთაშორისო სისტემის ლიცენზიის ნიშანია. Fairtrade ეხება უკეთეს ფასებს, ღირსეულ სამუშაო პირობებს, ადგილობრივ მდგრადობას და ვაჭრობის სამართლიან პირობებს ფერმერებისა და მუშებისთვის განვითარებად ქვეყნებში. ამ ნიშნის მატარებელი პროდუქტები აკმაყოფილებს სამართლიანი ვაჭრობის საერთაშორისოდ აღიარებულ, სოციალურ, ეკოლოგიურ და ეკონომიკურ სტანდარტებს. თუ იგივე ნიშანი არის თეთრ ფონზე, გვერდით კონკრეტული ინგრედიენტის დასახელებით, ეს ნიშნავს, რომ ამ პროდუქტში მხოლოდ ამ კონკრეტულ ინგრედიენტს აქვს fairtrade-ს ლიცენზია.

ბათუმის 13 საჯარო სკოლა მზის ენერგიის გამოყენებას მარტიდან დაიწყებს

ბათუმის ცამეტ საჯარო სკოლაში მზის მიკროელექტროსისტემების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის გამოყენებას უკვე მარტის თვიდან დაიწყებენ. ამის შესახებ „ბათუმელებს“ საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდში უთხრეს.

მზის მიკროელექტროსისტემები, როგორც ფონდში გვითხრეს, უკვე დამონტაჟებულია 13-ვე სკოლაში და დარჩენილია დამიწების წრედის მოწყობა.

ეს საჯარო სკოლებია – N: 1, 6, 8, 9, 10, 13, 14, 16, 17, 22, 23, 28 და 30.

აქედან, ათ საჯარო სკოლაში [N: 16, 8, 14, 17, 22, 30, 28, 1, 10, 13] დამიწების წრედის მოწყობაზე ენერგეტიკის განვითარების ფონდს ტენდერი აქვს გამოცხადებული, სადაც წინადადებების მიღება 15 თებერვალს დასრულდება. სამუშაოები კი გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 14 დღეში უნდა დასრულდეს. სატენდერო თანხა 52 ათასი ლარია.

რაც შეეხება დარჩენილ სამ სკოლას, როგორც ფონდში გვითხრეს, მე-6 და 23-ე სკოლებში ახალი კორპუსები შენდება და დამიწების სისტემას მშენებელი კომპანია მოაწყობს, მე-9 საჯარო სკოლაში კი, აღნიშნული სისტემის მოწყობის აუცილებლობა ტექნიკურად არ დგას.

„ჩატარდება სკოლებში ტრენინგები, თუ როგორ უნდა მართონ ეს სისტემები და ამის შემდეგ, მარტის თვეში, მათ უკვე გადაეცემათ სისტემები და დაიწყება ექსპლუატაცია“, – გვითხრეს ფონდში.

მზის ელექტროსისტემების ჯამური სიმძლავრე 333 კვტ-ია. როგორც ფონდში გვითხრეს, „თითოეულ სკოლაში დამონტაჟებულია იმ სიმძლავრეზე გათვლილი სისტემა, რა ელექტროენერგიასაც სკოლა მოიხმარს. შესაბამისად, დამონტაჟებული სისტემები სრულად დააკმაყოფილებს ელექტროენერგიაზე იმ მოთხოვნებს, რაც დღეს აქვთ ამ სკოლებს“.

მზის მიკროელექტროსისტემები ბათუმის სკოლებში „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდისა“ და ლიეტუვური კომპანია შპს Via Solis-ის პარტნიორობით შემუშავებული პროექტის ფარგლებში დამონტაჟდა. პროექტმა ლიეტუვის გარემოს დაცვის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოს მიერ გამოყოფილი გრანტი მოიპოვა. პროექტის ჯამური ღირებულებაა 502 667 ევრო (დღგ-ს გარეშე).

ენერგეტიკისა და განვითარების ფონდის ინფორმაციით, „მზის მიკროელექტროსადგურების პროექტი სრულად შეესაბამება გაეროს დღის წესრიგის მე-13 მიზანს, რომელიც ითვალისწინებს კლიმატის ცვლილებისა და მისი ზეგავლენების წინააღმდეგ გადაუდებელი ზომების გატარებას“.

ამ თემაზე:

ბათუმის 13-მა საჯარო სკოლამ 502 ათასი ევროს გრანტი მოიპოვა

 

 

ვენახის ჩაყრას რომ ვაპირებდი, ის მიწაც გავყიდე – რესტორნის მუსიკოსი პანდემიაში

სამი ავტომანქანა გავყიდე, მიკროფონი, რომელიც 700 დოლარად ვიყიდე, 400 ლარში გავყიდე, დინამიკები, აპარატურა – ყველაფრის გაყიდვა მომიწია. კახეთში, სადაც პატარა სახლი მაქვს, მიწაც მქონდა, ვენახი უნდა ჩამეყარა და ისიც კი გავყიდე. ძალიან განიცადა მამაჩემმა, მე მისი ცრემლები უფრო დამენანა. როგორი იყო და როგორია დღეს მუსიკოსის ყოფა, ზეზვა სარდალაშვილი ამის შესახებ „ბათუმელებს“ ესაუბრა ზეპირი ისტორიების სერიისთვის – „ადამიანები პანდემიის დროს“.

 სანამ პანდემია დაიწყებოდა

სანამ ყველაფერი დაიკეტებოდა, რესტორანში და სარიტუალო დარბაზში ვმუშაობდი – მოსვენება არ მქონდა, ვმღეროდი, ვუკრავდი, საკმაოდ კარგი შემოსავალი მქონდა. ოჯახში ხუთნი ვართ, მყავს სამი შვილი. ორი სრულწლოვანია და ისინიც მუშაობდნენ, სკოლაში ცეკვას ასწავლიდნენ ბავშვებს და თავიანთი  შემოსავალი ჰქონდათ. საკუთარი ბინაც შევიძინე და რემონტიც დავიწყე, თუმცა გადასვლა ვეღარ შევძელით. პანდემია დაიწყო და შემოსავალიც დავკარგეთ.

პანდემიაში

პირველი კრიზისი უფრო მსუბუქად გადავიტანეთ,  დანაზოგი გვქონდა, მაგრამ რადგან ბინა სესხით მქონდა ნაყიდი, თითქმის ყველაფერი ბანკის გადასახადებში წავიდა. თვეში 500 დოლარის შეტანა მიწევდა. პროცენტი სამჯერ გადავავადებინე ბანკს, მაგრამ ახლაც ისეთ მდგომარეობაში ვარ, რომ გადახდა მიჭირს. გადავადების გამო სესხი მინიმუმ 7 ათასი ლარით გამიძვირეს.

ქირაში ვცხოვრობდი და როცა ქირაც ვერ გადავიხადე, ნათესავთან გადავედით საცხოვრებლად, ადვილი არ არის 5 ადამიანის სხვის სახლში შეკედლება. რომ მცოდნოდა ერთი წელი უმუშევარი ვიქნებოდი, არც ბინას ვიყიდდი და არც რემონტს დავიწყები, რადგან მუშებისთვის ხომ უნდა გადამეხადა ფული. დღეს უკვე ბანკის გადასახადს ვეღარ ვწვდები. არსებობა ხომ გვჭირდება, ხან აქ ვისესხე, ხან იქ, რომ დავითვალე, 15 ათასამდე ლარი მაქვს ნასესხები.

ყველაფრის გაყიდვა მიმოწია. სამი ავტომანქანა გავყიდე, მიკროფონი, რომელიც 700 დოლარად ვიყიდე, 400 ლარში გავყიდე, დინამიკები, აპარატურა, – ყველაფრის გაყიდვა მომიწია. კახეთში, სადაც პატარა სახლი მაქვს, ვენახი უნდა ჩამეყარა და ის მიწაც გავყიდე. ძალიან განიცადა მამაჩემმა, მე მისი ცრემლები უფრო დამენანა. მაგრამ ისე წავიდა საქმე, რომ იძულებული ვიყავი.

კორონავირუსის არსებობა მაშინ დავიჯერე, როცა დამემართა

ვხუმრობდი კიდეც, მომიყვანეთ კორონავირუსიანი, უნდა ჩავეხუტო-მეთქი. არ მჯეროდა, რომ არსებობდა. შემდეგ მეც დამემართა და დავიჯერე. ისეთ დღეში შემიყვანა, 12 დღე სიცხე მქონდა, წელი მტკიოდა, სახსრები. ფილტვების გადასაღებად რომ წავედი, დავმალე,  კოვიდი რომ მქონდა, არ მინდოდა კლინიკაში ან სასტუმროში გადასვლა.

ვიცოდი, რომ სახლში თუ დავრჩებოდი, უფრო მივხედავდი თავს, ამიტომ, ოფიციალურად არ ვყოფილვარ აღრიცხვაზე. ნაცნობ ექიმებს ვეკონტაქტებოდი და მათგან ვიღებდი რჩევას, თვითიზოლაციაში  სახლში ვიყავი. წესებს კარგად ვიცავდი და ოჯახის წევრებს არ გადასდებიათ.

რა იქნებოდა გამოსავალი

რეგულაციები საჭირო იყო, მაგრამ შეიძლებოდა, რომ ბოლომდე არ ჩაკეტილიყო რესტორნები და წესების დაცვით გვემუშავა. თუ ზაფხულამდე არ გაიხსნება, ეს კრიზისს გააღრმავებს ჩვენთვის, მუსიკოსებისთვის, რადგან უკვე უკიდურეს მდგომარეობაში ვართ.

ხელოვანები, მუსიკოსები ყველაზე დაჩაგრული გამოვედით ამ პანდემიაში. ოპერატორები, ფოტოგრაფებიც შემოსავლის გარეშე არიან. ერთმა მეგობარმა გუშინ ფოტო გამომიგზავნა, კაფელს აგებდა, მეორემ მანქანების შეკეთება დაიწყო. მე მარტო სიმღერა შემიძლია – ამით ვსუნთქავდი და ვარსებობდი. ვზივართ და ველოდებით რესტორნების გახსნას.

ზეზვა სარდალაშვილი პენდემიამდე რესტორანში მღეროდა.

26 კომპანიას 194 მილიონის პირგასამტეხლო აქვს გადასახდელი აჭარის ბიუჯეტში

აჭარაში, დღევანდელი მონაცემებით, 26 კომპანიას, ჯამში 194 895 438 ლარი პირგასამტეხლო ერიცხება. ეს ის კომპანიებია, რომლებმაც სხვადასხვა დროს გარკვეული ვალდებულებების შესრულების პირობით შეიძინეს [ან გადასცეს] აჭარის ქონება, მაგრამ ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულეს, რის გამოც დაერიცხათ პირგასამტეხლო ან/და ჯარიმა ბიუჯეტის სასარგებლოდ.

აჭარის 2021 წლის ბიუჯეტი 328 მილიონი ლარია.

სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით, ეს თანხა 2019 წლის დეკემბრის მდგომარეობით, 75 136 588 ლარი იყო. ანგარიშში აღნიშნული იყო, რომ აუდიტის მიერ „მოპოვებული მტკიცებულებებით, მოვალეების მიერ ვალდებულება აღიარებული არ არის, ხოლო აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დავალიანების ამოღებაზე რეაგირება არ განუხორციელებია.“

რა ღონისძიებები გატარდა/ტარდება დავალიანებების ამოსაღებად? – ამ კითხვით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წერილობით მივმართეთ.

„სამინისტრო აჭარის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის შედეგად მყიდველის/მოიჯარის მიერ ვალდებულებათა დროულად შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლოს აკისრებს მასთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში. შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მყიდველს/მოიჯარეს ეძლევა წერილობითი გაფრთხილება, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობის მითითებით.

ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის განმეორებით გამოვლენის შემთხვევაში და/ან დაწესებულ ვადაში ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისას, მათ შორის პირგასამტეხლოს გადაუხდელობა, მიიჩნევა – სამინისტროს მიერ დამატებითი გაფრთხილებისა და ადმინისტრაციული წარმოების დაწყების გარეშე – ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის საფუძვლად.

ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, სამინისტროს მიერ დაკისრებული პირგასამტეხლო, როგორც წესი, ნებაყოფლობით არ გადაიხდევინება მხარის მიერ და დავა გრძელდება სასამართლოში“, – მოგვწერეს სამინისტროდან.

სამინისტრო: „გამომდინარე იქედან, რომ სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, „სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო“, სამინისტროს მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა შეფასებითია და სასამართლო, სახელშეკრულებო დავების განხილვისას, როგორც წესი, მნიშვნელოვნად ამცირებს მის ოდენობას“.

სამინისტროს ინფორმაციით, სახელშეკრულებო პირობების დარღვევის გამო გადასახდელი პირგასამტეხლოს დაკისრებასა და ამოღების მიზნით 2019 და 2020 წლებში, სამართალწარმოება მიმდინარეობდა 16 საქმეზე.

როგორც სამინისტროში გვითხრეს, ამ 16 საქმიდან ნაწილი კვლავ სასამართლოშია, რამდენიმე მათგანი კი, უკვე გადაცემულია აღსრულებაზე. ამ საქმეებიდან ჯამში რა თანხის გადახდას ედავებიან კომპანიებს ბიუჯეტის სასარგებლოდ, სამინისტროს „ბათუმელებისთვის“ არ მოუწოდებია.

„ასევე გაცნობებთ, რომ 2019 და 2020 წლებში ჯამურად 2 651 669 ლარის და 350 000 დოლარის ექვივალენტი ლარის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია იქნა გამოთხოვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან ინვესტორების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო და ჩაირიცხა ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტში, კანონით დადგენილი წესის შესაბამისად“, – მოგვწერეს სამინისტროდან.

2021 წლის იანვრის მდგომარეობით რამდენ იურიდიულ/ფიზიკურ პირს ერიცხება ჯარიმა და პირგასატეხლო [ბიუჯეტის სასარგებლოდ] და რამდენი?- ეს ინფორმაციაც „ბათუმელებმა“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან ოფიციალურად გამოითხოვა.

გთავაზობთ სამინისტროდან მიღებულ მონაცემებს ფიზიკური/იურიდიული პირის დასახელების, მასზე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობისა და პირგასამტეხლოს დათვლის თარიღის მითითებით [ეს თანხა, როგორც აღვნიშნეთ, ჯამში 194 895 438 ლარს შეადგენს]:

  • ირის ბორჩაშვილი (შემდგომში შპს „დს გრუპი“) – 5 190 531 ლარი [დათვლის თარიღი: 12/2/2020]
  • შპს „Tam Geo” (შემდგომში შპს „ემ სი კონსტრაქშენი“) – 56 009 109 ლარი [12/2/2020]
  • სს „მეტრო გოდერძი“ – 24 109 830 ლარი [12/2/2020]
  • ზარიფა ჰამზაევა (შემდგომში შპს „გლორია“) – 3 752 892 ლარი [8/31/2017]
  • შპს „ისპანი“ – 30 286 102 ლარი [12/2/2020]
  • შპს „კახური ტრადიციული მეღვინეობა – აგრო-ქედა“ 183 299 ლარი [12/2/2020]
  • შპს „ნიუ გოდერძი“ – 93 601 ლარი [12/2/2020]
  • სს „გომარდული“  – 2 978 069 ლარი [12/2/2020]
  • შპს „გიაგო“ – 50 949 ლარი [10/19/2020]
  • შპს „გივა“  – 96 048 ლარი [10/19/2020]
  • სს „ია-ფეთ იალჩინ პეტროლ თურიზმ თიჯარეთის წარმომადგენლობა საქართველოში“ – 26 614 094 ლარი [12/7/2020]
  • შპს „ჯეო დეველოპმენტი“2 554 242 ლარი [11/30/2020]
  • შპს „კრისტალ ბილდინგი“  – 25 496 634 ლარი [1/26/2021]
  • შპს „ეიჩ გრუპი“  – 1 058 755 ლარი [10/20/2020]
  • შპს „ორბი ჯგუფი მილენიუმი“  – 3 371 200 ლარი [12/1/2020]
  • შპს „აჭარა რიზორთს დეველოპმენთ კომპანი“ – 105 258 ლარი [12/3/2020]
  • შპს „ხიდი 2006“ – 189 213 ლარი [12/4/2020]
  • შპს „აიბამბუ“ – 6 919 ლარი [1/26/2021]
  • შპს „ვუდვორქინგი“ – 19 610 ლარი [1/26/2021]
  • შპს „ოცნება“ – 14 615 ლარი [1/26/2021]
  • შპს „ბათუმის სამშობიარო სახლი“  – 11 875 117 ლარი [12/16/2020]
  • შპს „ქობულეთის პირველადი ჯანდაცვისა და გადაუდებელი მედიცინის ცენტრი“ – 1 223 709 ლარი [12/31/2020]
  • შპს „გულები“ (შემდგომში შპს „პრიმულა“) – 10 488 ლარი [12/31/2020]
  • შპს „გზები“ – 508 103 ლარი [12/31/2020]
  • შპს „მესხეთი“ – 292 928 ლარი [12/31/2020]
  • შპს „ათინა“ – 27 832 ლარი [12/31/2020]

ამ კომპანიებს, საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში, ვალდებულების შესრულების პირობით, პირგასამტეხლოს არ გადაახდევინებენ. სამინისტროში გვითხრეს, რომ საბანკო გარანტიების წარდგენისთვის კომპანიებს ვადა 2021 წლის ივნისამდე აქვთ.

2020 წლის ნოემბერში აჭარის მთავრობამ 29 კომპანიას და ფიზიკურ პირს ვალდებულებები გადაუვადა, ხოლო 37 პირი სამი თვის საიჯარო ქირის გადახდისგან გაათავისუფლა.

ამ თემაზე ნახეთ ვრცლად:

„რივიერა“, „ორბი“, „ამბასადორი“, „ალიანსი“ – რა შეღავათებს იღებენ მდიდარი კომპანიები

ბათუმის რესპუბლიკურის დირექტორი საკადრო ცვლილებებზე: ჭარბია მედპერსონალი

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში თანამშრომლების შესარჩევად კონკურსები ტარდება. რესპუბლიკურის ძველ შენობაში დარჩენილი თანამშრომლები ეჭვობენ, რომ მათ ახალ რესპუბლიკურში პანდემიის ჩავლის შემდეგ ადგილი აღარ მოუწევთ, რადგან „იქ მენეჯმენტი თავიანთ კადრებს ასაქმებს“.

„ბათუმელებთან“ საუბრის დროს ბათუმის რესპუბლიკურის რამდენიმე თანამშრომელმა ვერ დაგვისახელა ნეპოტიზმის კონკრეტული შემთხვევა. გამოცდილი თანამშრომლების თქმით, მათ საპენსიო ასაკის გამო აღარ მოუწევთ ადგილი ახალ რესპუბლიკურში. კლინიკის დირექტორი ამას უარყოფს, თუმცა სოლომონ ფუტკარაძე ასაკს ერთ-ერთ ფაქტორად განიხილავს, რის გამოც შესაძლოა, მაგალითად, ექთანი ახალ კლინიკაში ვეღარ დასაქმდეს.

„ერთ-ერთ შეხვედრაზე გვითხრეს, რომ პენსიონერი ვინც ხართ, ვეღარ იმუშავებთ, ახალ კლინიკას ენერგიული თანამშრომლები სჭირდებაო. პენსიონერი კი ვარ, მაგრამ გვაქვს ენერგია,“ – გვითხრა რესპუბლიკურის ერთ-ერთმა ექთანმა, რომელსაც ვინაობის გამხელა არ სურს. მისივე თქმით, თანამშრომლების ნაწილი აჭარის ჯანდაცვის მინისტრს შეხვედრია და დაპირება მიუღიათ იმაზე, რომ საკადრო ცვლილებები სამართლიანად ჩაივლის.

„ვერ გეტყვით, რამდენი დარჩება უმუშევარი, შესაძლოა ის, ვინც ვერ დააკმაყოფილებს შესაბამის მოთხოვნებს, გააჩნია პოზიციას… არიან ისეთები, რომლებმაც შესაძლოა ვერ დააკმაყოფილონ პირობები, მაგალითად, ასაკის გამო, 80 წელს მიტანებულია, ავადმყოფობის გამო,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ სოლომონ ფუტკარაძე, ბათუმის რესპუბლიკური კლინიკის დირექტორი. ის განმარტავს, რომ ეს არ არის ასაკის ნიშნით დისკრიმინაცია, რადგან საკონკურსო პირობებში საპენსიო ასაკი შეფასების კრიტერიუმი არ იქნება. დირექტორი პასუხისმგებლობას საკონკურსო კომისიას აკისრებს.

„თუ ახალგაზრდა აჯობებს, მაგას გადაწყვეტს საკონკურსო კომისია, მე არ ვარ კომისიაში…“ – ამბობს სოლომონ ფუტკარაძე ასაკის გამო თანამშრომლების შესაძლო უმუშევრად დარჩენაზე.

რესპუბლიკურის დირექტორს ვკითხეთ ნეპოტიზმზეც.

„თუ ვინმე ახლობელს და ნათესავს ვასაქმებ, მოვიდეს და პირდაპირ თქვას. ადგილობრივი კონფერენციები ტარდება, პირდაპირ რომ გამოდიან ასე საინფორმაციო წყაროებში, ჩემთვის არც ერთი ნათესავი და ახლობელი არ არის… პირდაპირ გეტყვით, ნათესავს არა, მაგრამ ვაპირებ დასაყრდენი პირების დანიშვნას ადმინისტრაციის წამყვან პოზიციებზე, ვეძებ ასეთ კადრებს, რომ ვიყო მშვიდად ფინანსური მხრივ…“ – განმარტავს სოლომონ ფუტკარაძე.

ბათუმის რესპუბლიკურის დირექტორის თქმით, ექთნებისთვის კონკურსი დაახლოებით აპრილში გამოცხადდება. ჯერ უცნობია, ისინი გასაუბრებას გაივლიან, ტესტირებას, თუ ორივეს ერთად. ზუსტ ციფრებს სოლომონ ფუტკარაძე ვერ ასახელებს, მაგრამ ამბობს, რომ ახალ რესპუბლიკურში დაახლოებით 280 ექთანი დასაქმდება, დღეს კი დაახლოებით 200 მუშაობს.

„ახალი არავინ ამიყვანია, ესენი არიან დროებით აყვანილი პანდემიის გამო, უკონკურსოდ არ მოხდება საშუალო რგოლის, ანუ ექთნების შერჩევა, ესენი არიან საავადმყოფოს, ასე ვთქვათ, გამწევი ძალა. თანაბარ პირობებში, ანუ თანაბარი ქულების მიღების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ ექთნებს, რომლებიც რესპუბლიკურში აქამდე მუშაობენ,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ სოლომონ ფუტკარაძემ.

სოლომონ ფუტკარაძის ინფორმაციით, კლინიკა უკონკურსოდ გადაიყვანს სანიტრებს და კონკურსს იმ შემთხვევაში გამოაცხადებს, თუკი სანიტრების დამატება იქნება საჭირო.

„აქ მედპერსონალი ჭარბია“ – მიიჩნევს ბათუმის რესპუბლიკურის დირექტორი. ის ისტორიას იხსენებს, როცა წლების წინ ბათუმის რესპუბლიკური და ქალაქის პირველი საავადმყოფო გაერთიანდა.

„…ამ შეერთების შედეგად ჭარბი მედპერსონალია. არ შეიძლება სახელმწიფომ აიყვანოს იმაზე მეტი ექიმი, რაც საშტატო ერთეულით არის საჭირო… პირველ რიგში, დაკმაყოფილდებიან ისინი, რომლებიც ძირითადად აქ მუშაობენ, დანარჩენები კი, თუ საჭირო იქნება, დარჩებიან, ან სხვაგან გააგრძელებენ მუშაობას… კონკურსს დავარქმევთ ამას, თუ არ დავარქმევთ, ჯერ არ ვიცით,“ – გვითხრა სოლომონ ფუტკარაძემ.

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ძველი შენობა

ქობულეთის მერიის ყოფილი მაღალჩინოსნის კომპანიის მილიონიანი ტენდერები – „გამჭვირვალობის“ კვლევა

„ქობულეთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის ყოფილი უფროსის, ბადრი რომანაძის კომპანია „ჯორჯიან სტოუნი“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის შესყიდვებიდან ისევ დიდ მოგებას იღებს – კომპანიამ 2020 წელს ელექტრონული ტენდერებიდან მიღებული შემოსავლის 58% (5, 837, 734 ლარი) ქობულეთის მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან მიიღო,“ – ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ კვლევაში, რომელიც ორგანიზაციამ დღეს, 3 თებერვალს გამოაქვეყნა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ჯერ კიდევ გასულ წელს აცხადებდა, რომ ქობულეთის მერიის მიერ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით კორუფციის რისკები იკვეთებოდა.

„გამჭვირვალობის“ ცნობით, 2020 წელს კომპანია „ჯორჯიან სტოუნმა“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2 მსხვილი შესყიდვიდან 5, 837, 734 ლარი (ელექტრონული ტენდერებიდან მიღებული მთელი შემოსავლის 58%) მიიღო. ერთ მათგანში ტენდერის სავარაუდო ღირებულება 4,7 მილიონი ლარი იყო, კონკურენტს დისკვალიფიკაცია მისცეს.

„ჯორჯიან სტოუნით“ დაინტერესება სწორედ ამ გარემოებამ გამოიწვია: ქობულეთის ზღვისპირა პარკის მოწყობის მეორე ეტაპის ტენდერში მუნიციპალიტეტმა დისკვალიფიკაცია მიანიჭა კომპანია Award-ს, რომელმაც თითქმის ნახევარი მილიონი ლარით დაბალი ფასი შესთავაზა და ყოფილი თანამდებობის პირის კომპანიას კონტრაქტი 4, 637, 636 ლარზე გაუფორმა, რაც მცირედით ჩამორჩებოდა ტენდერის სავარაუდო ღირებულებას (4, 773, 769 ლარი). 2019 წელს ზღვისპირა პარკის მშენებლობის პირველი ეტაპის ტენდერიც „ჯორჯიან სტოუნმა“ მოიგო და 2,770,077 ლარი მიიღო,“ – წერს „გამჭვირვალობა“.

კომპანია „ჯორჯიან სტოუნის“ დირექტორი, ბადრი რომანაძე 2011-2014 წლებში ქობულეთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის უფროსი იყო. ქობულეთის მერიამ მის კომპანიასთან საქმიანი ურთიერთობა სწორედ რომანაძის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ დაიწყო: 2015-2020 წლებში ადგილობრივი თვითმმართველობის შესყიდვებიდან კომპანიამ 24,647,168 ლარი (ტენდერებიდან მიღებული სრული შემოსავლის 65%) მიიღო, აქედან 6 მილიონზე მეტი ლარი – უკონკურენტო პირობებში.

„გამჭვირვალობის“ ცნობით, „ჯორჯიან სტოუნთან“ დაკავშირებით საეჭვო ტენდენცია ფოთისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტების შესყიდვებშიც გამოიკვეთა:

„კომპანიამ 2020 წელს ფოთის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გამოცხადებულ 3 სახელმწიფო შესყიდვაში პრეტენდენტებს დაბალი ფასის შეთავაზებით აჯობა, თუმცა საბოლოოდ, ხელშეკრულებები კომპანიასთან იმაზე დიდ თანხებზე გაფორმდა, ვიდრე ეს სხვა პრეტენდენტებმა წარადგინეს.

მეტიც, ხელშეკრულებების თანხამ ტენდერის სავარაუდო ღირებულებას გადააჭარბა. საეჭვო გარემოებებია „ჯორჯიან სტოუნთან” გაფორმებულ მსხვილი შესყიდვის ხელშეკრულებაში თერჯოლის მუნიციპალიტეტის შემთხვევაშიც. ყურადღებას იქცევს ამ დოკუმენტში შეტანილი ცვლილებების რაოდენობაც“.

„გამჭვირვალობა“ მიმართავს  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ დეპარტამენტს, დაუყოვნებლივ დაიწყოს მოკვლევა გამოქვეყნებულ ფაქტებთან დაკავშირებით.

____________

ფოტოზე: ბადრი რომანაძე

ამავე თემაზე: 

ქობულეთის მერიის ყოფილმა მაღალჩინოსანმა 4 წელში ქობულეთის მერიისგან 18 მილიონის ტენდერი მოიგო – TI

 

რა შემთხვევაში შეძლებენ თურქეთის მოქალაქეები საქართველოში შემოსვლას

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოში მხოლოდ PCR ტესტის საფუძველზე, სავალდებულო თვითიზოლაციის გარეშე შემოვლენ, თურქეთიც დაემატა.

საქართველოში შემოსვლისას თურქეთის მოქალაქემ PCR ტესტის უარყოფითი პასუხი უნდა წარმოადგინოს, საქართველოში ყოფნის მესამე დღეს კი, კორონავირუსზე PCR ტესტი საკუთარი ხარჯებით უნდა გაიკეთოს. ამ შემთხვევაში მას არ აქვს იზოლაციის ვალდებულება.

მთავრობის გადაწყვეტილებით, თურქეთის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა 4 თებერვლიდან საჰაერო გზით შეეძლებათ.

„ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც PCR ტესტით შემოდის ვიზიტორი, ემატება თურქეთის რესპუბლიკა. ჩვენი დიდი მეზობელი.. აქედანაც ველოდებით ვიზიტორებს უფრო გამარტივებული წესებით. ეს არის კარგი, დამაიმედებელი ინფორმაცია როგორც ბიზნესისთვის, ასევე ტურიზმისთვის, რადგან ჩვენი მეზობელი ქვეყანა ყოველთვის წყარო იყო ტურისტების, ასევე საკმაოდ ბევრი ბიზნესვიზიტორი გვსტუმრობს თურქეთიდან,“ – განაცხადა დღეს, 3 თებერვალს, საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.

ასევე, საქართველოში ყველა ქვეყნიდან, მათ შორის, თურქეთიდან შემოსვლას უპირობოდ შეძლებენ ის პირები, რომელთაც Covid19-ის ვაქცინა ექნებათ გაკეთებული.

ორთავე შემთხვევაში ამ კატეგორიის მოქალაქეები საქართველოში შემოვლენ მხოლოდ საჰაერო გზით და ვერ შემოვლენ სახმელეთო გზით – განმარტეს საქართველოს მთავრობაში.

პირველ ეტაპზე „ფაიზერის“ ვაქცინით აიცრება 14 ათასი მედმუშაკი – გამყრელიძე

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, პირველ ეტაპზე „ფაიზერის“ ვაქცინით აიცრება 14 ათასამდე მედპერსონალი: ექიმები, ექთნები და დამხმარე პერსონალი, რომელთაც ყველაზე მეტი შეხება აქვთ კოვიდინფიცირებულებთან.

გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში 75 ათასი მედმუშაკია და წლის ბოლომდე იგეგმება 49 ათასი მედმუშაკის აცრა.

„ვისაც გადატანილი აქვს კოვიდი, გადატანიდან სამი თვის განმავლობაში არ აიცრებიან.

„ფაიზერის“ ვაქცინით აცრა იქნება მხოლოდ კლინიკებში, სულ ათი საავადმყოფოა შერჩეული, თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ  პირველ რიგში აიცრება კოვიდკლინიკების მედპერსონალი.

„რეანიმატოლოგები, ინტენსიური თერაპიის მედპერსონალი, მიმღების, ემერჯენსის, სასწრაფოს ექიმები, ვისაც ყველაზე მეტი შეხება აქვთ კოვიდინფიცირებულებთან“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მან აღნიშნა, რომ ბათუმში ორი ჰოსპიტალია შერჩეული, თუმცა არ დაუსახელებია, კონკრეტულად რომელი კლინიკების მედპერსონალის ვაქცინაცია დაიწყება აჭარაში. დიდი ალბათობით ერთ-ერთი იქნება ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო, რომელიც რეგიონის მთავარი კოვიდკლინიკაა.

გამყრელიძის განცხადებით, „ფაიზერის“ ვაქცინა გალღობის შემდეგ, 5 დღის განმავლობაში, შეიძლება შეინახოს ჩვეულებრივ, მაცივრის ტემპერატურაზე.

თითოეული ბრიგადა შედგება 3 ადამიანისგან – ამცრელი, ექიმი, ვინც ეკითხება პიროვნებას, სპეციალურად შემუშავებული კითხვარით, ასევე, რეგისტრატორი, ვისაც შემდგომ შეაქვს ვაქცინირებული პირის მონაცემები იმუნიზაციის ელექტრონულ მოდულში. თითოეული ბრიგადა აცრის 40-42 ადამიანს.

3 კვირის შემდეგ თითოეულ ადამიანს მიუვა სატელეფონო ტექსტური შეტყობინება, მიეცემა სპეციალური ფორმა და დაბარებული იქნება, რომ ვაქცინის მე-2 დოზა გაიკეთოს.

13 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით, დადასტურდა 688 ახალი შემთხვევა

3 თებერვლის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების 688 ახალი  შემთხვევა  დადასტურდა, ჩატარდა 15 792 კვლევა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 788 პირი.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 13 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსით ჯამში 3 221 პირი გარდაიცვალა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 688 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 295 შემთხვევა
  • აჭარაში – 23
  • იმერეთში – 126
  • ქვემო ქართლში – 31
  • შიდა ქართლში – 45
  • გურიაში – 32
  • სამეგრელო – ზემო სვანეთში – 69
  • კახეთში – 50
  • მცხეთა-მთიანეთში – 7
  • სამცხე-ჯავახეთში – 7
  • რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 3

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირებულია  5 573 ადამიანი. აქედან 2 384 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოებში, მათგან 559 მძიმე პაციენტია.

_________________

ფოტოზე: რესპუბლიკური საავადმყოფოს ექთანი. წყარო: nplg.gov.ge, ციფრული ფოტოგამოფენა „ქართველი ექთნები ეპიდემიის წინა ხაზზე“

აჭარაში კოვიდის 23 ახალი შემთხვევა დადასტურდა | 3 თებერვალი

3 თებერვლის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

მთავრობის ინფორმაციით, აჭარის კოვიდკლინიკებში დღეის მონაცემებით 179 ადამიანი მკურნალობს კოვიდზე. მათგან 45 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. 

აჭარაში კორონავირუსის გამო კოვიდსასტუმროშია 81 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 734  პირი.

ტერაბანკის სტუდენტური სესხი – საუკეთესო შესაძლებლობა სწავლის დაფინანსებისთვის

ტერაბანკი გრძელვადიანი სტუდენტური სესხის შეთავაზებას აგრძელებს. საერთაშორისო გამოცდილების საფუძველზე შექმნილი პროდუქტი მსურველებს საუკეთესო შესაძლებლობას აძლევს, ფულადი რესურსის არქონის შემთხვევაში განათლება თავად დაიფინანსონ, სესხის დაფარვა სწავლის დასრულებიდან ერთი წლის შემდეგ დაიწყონ, ეს პერიოდი კი მთლიანად დასაქმებისთვის გამოიყენონ.

ტერაბანკის მიერ შეთავაზებული დაფინანსების მოდელის უპრეცედენტო პირობა საშეღავათო პერიოდია, რომელიც 60 თვემდე ვადით გრძელდება, სწავლის პერიოდთან ერთად დამატებით 12 თვეს მოიცავს და სტუდენტის მოთხოვნებს სრულად პასუხობს. ამას გარდა, პროდუქტით სარგებლობისთვის მსურველებს მშობლების თანამონაწილეობა არ სჭირდებათ და სესხის აღება დამოუკიდებლად შეუძლიათ.

სტუდენტური სესხის პროგრამა ათასწლეულის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და განკუთვნილია ქვეყანაში მოქმედი, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე უმაღლესი და პროფესიულ-საგანმანათლებლო სტუდენტებისთვის, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან. დაფინანსების პროცესში პრიორიტეტი საბუნებისმეტყველო და საინჟინრო (STEM) სპეციალობებს ენიჭება.

ტერაბანკი ერთ-ერთი პირველი საფინანსო ინსტიტუტია, რომელმაც საქართველოში სტუდენტის საჭიროებაზე მორგებული სესხის შეთავაზება დაიწყო. პროექტი, რომელიც  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა, ბანკს შესაძლებლობას აძლევს, ქვეყნის საგანმანათლებლო სფეროს განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს და სტუდენტებისთვის განათლების ხელმისაწვდომობას ხელი შეუწყოს.

პროდუქტის შესახებ დეტალების გასაცნობად ეწვიეთ ბმულს: https://terabank.ge/ge/studentloan

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ან პროდუქტით სარგებლობისთვის ეწვიეთ ტერაბანკის ბათუმის ფილიალებს მისამართებზე: ჭავჭავაძისა და ლუკა ასათიანის ქუჩების კვეთა, რუსთაველის N10 ან დარეკეთ ნომერზე: 2 55 00 00

Exit mobile version