ბათუმი,მთავარი,სიახლეები

„კოვიდის ვაქცინების ფასები კომერციული საიდუმლოა“ – დაავადებათა კონტროლის ცენტრი

06.04.2021 • 1409
„კოვიდის ვაქცინების ფასები კომერციული საიდუმლოა“ – დაავადებათა კონტროლის ცენტრი

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო და სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი [NCDC] არ ასაჯაროებენ, თუ რამდენი გადაიხადეს ქვეყნის ბიუჯეტიდან კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინებში.

რამდენი ვაქცინა შეიძინა საქართველომ და რა ფასად? – ამ კითხვით „ბათუმელებმა“ სამინისტროს და ეროვნულ ცენტრს ერთდროულად, წერილობით, 31 მარტს მიმართა.

პასუხი მხოლოდ ცენტრისგან მივიღეთ, ისიც, მხოლოდ ვაქცინების რაოდენობაზე და არა მათ ღირებულებაზე.

„რაც შეეხება, განცხადებით მოთხოვნილ Covid 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ღირებულებას, გაცნობებთ, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ვაქცინების გლობალურ ალიანსთან გაფორმებული აქვს ე.წ. „Covax Facility shareholders council confidentiality agreement“ [კონფიდენციალურობის ხელშეკრულება – ავტ.]. ასევე, როგორც მოგეხსენებათ, მწარმოებელ კომპანიებთან კომუნიკაციის დოკუმენტაცია წარმოადგენს მათ კომერციულ საიდუმლოს“, – მოგვწერა NCDC-მ.

ეროვნულ ცენტრს ვკითხეთ ასევე, თუ რა თანხა გადაიხადა ქვეყანამ კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინებში ჯამურად, თუმცა, პასუხი ამ დრომდე ვერც ამ კითხვაზე მივიღეთ.

NCDC-ის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2021 წლის 5 აპრილის მდგომარეობით, ქვეყანაში შემოტანილია შემდეგი ვაქცინები:

[checklist]

  • AstraZeneca – 43 200 დოზა (10-დოზიანი)
  • Pfizer – 29 250 დოზა (6-დოზიანი)
  • „სინოფარმი“ – 100 000 დოზა (1-დოზიანი)

[/checklist]

ვაქცინაცია საქართველოში ნელი ტემპით მიმდინარეობს. 6 აპრილის 12:00 საათისთვის საქართველოში სულ 12 846 ადამიანი იყო აცრილი.

საქართველოში ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტს მედპერსონალის აცრით დაიწყო. მანამდე კი, 13 მარტს, ამოქმედდა ონლაინპორტალი, სადაც აცრის გაკეთების მსურველ ჯანდაცვის მუშაკებს ვაქცინის მისაღებად დარეგისტრირება შეეძლოთ. Covid-19 ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის მიხედვით, 2021 წელს ჯანდაცვის სექტორის მუშაკების 65%-ის ანუ 46 420 მედპერსონალის აცრა იგეგმება. რაც შეეხება ქვეყნის სრულ მოსახლეობას, გეგმის მიხედვით უნდა აიცრას მოსახლეობის 60%, ანუ 1 691 214 ადამიანი.

stopcov.ge-ის მონაცემებით, 2021 წლის 6 აპრილის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსი 284 958 ადამიანს დაუდასტურდა, მათ შორის 3 832 გარდაიცვალა.

„ეპიდსიტუაცია საკმაოდ დაძაბულია ქვეყანაში, სულ უფრო და უფრო უარესდება. მივდივართ იქითკენ, რომ მესამე ტალღა იყოს ქვეყანაში… თუ ეპიდსიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდა, ვიმსჯელებთ გამკაცრებაზე“, – განაცხადა 6 აპრილს ამირან გამყრელიძემ.

NCDC-ი არ ასაჯაროებს ასევე იმ ინფორმაციასაც, თუ რამდენი ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით საქართველოში რეგიონების მიხედვით.

„Covid19-ით განპირობებული სიკვდილიანობის სტატისტიკის მოთხოვნა გეოგრაფიულ, სქესობრივ-ასაკობრივ და სიკვდილის მიზეზების ჭრილში, შესაძლებელი გახდება 2021 წლის 30 ივნისის შემდეგ,“ – მოგვწერეს NCDC-დან 2021 წლის 22 თებერვალს.

განახლება: ვაქცინის ფასებთან დაკავშირებით „ბათუმელების“ წერილზე პასუხი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროდან 14 აპრილს მივიღეთ:

„COVAX პლატფორმის ფარგლებში მარტის თვეში შემოვიდა ასტრაზენეკას წარმოების 43 200 ვაქცინა და ფაიზერის წარმოების 29 250 ვაქცინა. აპრილის დასაწყისში ქვეყანამ მიიღო ჩინური წარმოების სინოფარმის 100 000 დოზა ვაქცინა. მაისის დასაწყისში ქვეყანა COVAX-ის ფარგლებში კვლავ მიიღებს 83 000 დოზა ფაიზერის წარმოების ვაქცინას. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვადასხვა მწარმოებელთან და ევროკავშირის ქვეყნებთან, ვაქცინების დამატებითი დოზების მიღებასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება, ვაქცინების ფასებს, გაცნობებთ, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ვაქცინების გლობალურ ალიანსთან გაფორმებული აქვს ე.წ. “Covax Facility shareholders council confidentiality agreement”. ასევე, როგორც მოგეხსენებათ, მწარმოებელ კომპანიებთან კომუნიკაციის დოკუმენტაცია წარმოადგენს მათ კომერციულ საიდუმლოს.“ – აღნიშნულია სამინისტროდან მიღებულ წერილში.


1-ელ აპრილს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სპეციალურ ბრიფინგზე, ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოში შემოტანილი ვაქცინების ფასებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ყველაზე ძვირი, ამ ეტაპზე, ჩინური ვაქცინა უჯდება, რადგან „ფაიზერი“ და „ასტრაზენეკა“კოვაქსის პროექტის ფარგლებში არასაბაზრო ფასით არის შეძენილი:

რას იხდის ვაქცინებში საქართვლო – ფაიზერი, ასტრაზენეკა და სინოფარმი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: