განათლება,სიახლეები

ვინ მიიღო სამოქალაქო განათლების საუკეთესო მასწავლებლის სტატუსი აჭარიდან

12.04.2021 • 2054
ვინ მიიღო სამოქალაქო განათლების საუკეთესო მასწავლებლის სტატუსი აჭარიდან

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმმა წლიურ გამოფენაზე 2019-2020 წლის სამოქალაქო განათლების საუკეთესო მასწავლებლები და სკოლებში სამოქალაქო განათლების ხელშემწყობი პედაგოგები დაასახელა.

ბათუმიდან სამოქალაქო განათლების საუკეთესო მასწავლებლად დაასახელეს თამარ ბაუჟაძე, სკოლა „ევრო 2000“-ის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი.

„ატარებს ღია გაკვეთილებს და სწავლების პროცესის გამრავალფეროვნების მიზნით მოსწავლეებთან ერთად ახორციელებს პროექტებს სამოქალაქო განათლების სხვადასხვა თემაზე. მან შექმნა ელექტრონული სასწავლო რესურსები, გამოიყენა ონლაინპლატფორმები, მოსწავლეებს დაეხმარა ვიდეოებისა და მოკლე ფილმების შექმნაში, მუდმივად ზრუნავს პროფესიულ განვითარებაზე“, – ასე დაახასიათეს სამოქალაქო განათლების ბათუმელი მასწავლებელი თამარ ბაუჟაძე სიგელის გადაცემის წინ.

იგი 2019 წლის სამოქალაქო განათლების საუკეთესო მასწავლებლად დაასახელეს. გასულ წელს დაჯილდოების ცერემონია კორონავირუსის პანდემიის გამო არ გაიმართა.

2020 წლის სამოქალაქო განათლების წარმატებულ მასწავლებლად დასახელდა ნინო გათენაძე, აჭყვის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან.

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმმა გამოავლინა სამოქალაქო განათლების კლუბის 2020 წლის საუკეთესო მეურვეებიც. რამდენიმე მეურვე დასახელდა აჭარიდან.

სიგელი გადაეცა ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვერნების სკოლის მასწავლებელს ინდირა გაბაიძეს.

„მისი ხელშეწყობით მოსწავლეებმა განახორციელეს პროექტები ქალთა უფლებებზე და ბავშვთა მიმართ ძალადობაზე, მოამზადეს ვიდეორესურსები და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით გაავრცელეს თემში, დისტანციური სწავლების პერიოდში პედაგოგმა ორგანიზება გაუკეთა შეხვედრებს მოზარდთა ფსიქოლოგიური დახმარების არჩევნების მნიშვნელობისა და სამართლის საკითხებზე. ასევე, სკოლაში ჩაატარა ვიქტორინა ევროინტეგრაციის საკითხებზე,“ – აღნიშნეს დაჯილდოების ცერემონიაზე.

ასევე, სიგელი 2020 წლის განმავლობაში მოსწავლეთა სამოქალაქო განათლების პროექტების მხარდაჭერისთვის გადაეცა ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ახოს საჯარო სკოლის პედაგოგს მაყვალა ლემსაძეს.

სიგელით დაჯილდოვდა ბათუმის №10 საჯარო სკოლის მასწავლებელი ქეთევან დიასამიძე:

„პედაგოგი აქტიურად მონაწილეობს პროფესიული განვითარების ღონისძიებებში, ეხმარება მოსწავლეებს სამოქალაქო განათლების პროექტების განხორციელებაში ისეთ თემებზე, როგორიცაა: ბავშვთა უფლებები, ცხოვრების ჯანსაღი წესის მნიშვნელობა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაძლიერება,“ – აღნიშნეს დაჯილდოების ცერემონიაზე.

ქეთევან დიასამიძე

კლუბის საუკეთესო მეურვედ დასახელდა ასევე თამილა რიონიძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის მასწავლებელი.

დაჯილდოების ცერემონია 10 აპრილს გაიმართა თბილისში და პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ფეისბუქგვერდზე.

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი 2011 წელს ჩამოყალიბდა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში.

პროგრამას ახორციელებს PH-International-ი კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან და პროგრამის რეგიონულ პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.

პროგრამის მიზანია, გააუმჯობესოს სამოქალაქო განათლების სასკოლო პროგრამის ხარისხი და გააქტიუროს ახალგაზრდების მონაწილეობა დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: