აეროზოლების კვლევის საზოგადოების [GAeF] წამყვანი მეცნიერები აცხადებენ, რომ ქუჩაში კოვიდით ინფიცირების რისკი მინიმალურია. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ სუფთა ჰაერზე გასეირნება კოვიდით მასობრივ ინფიცირებას არ იწვევს.
აეროზოლების კვლევის საზოგადოების მკვლევარებმა 11 აპრილს გაავრცელეს ღია წერილი. მათ გერმანიის მთავრობას მიმართეს და მოუწოდეს, პანდემიის სამართავად არ გამოიყენონ კომენდანტის საათი.
გარდა ამისა, მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ნიღბის ტარება ქუჩაში და ამავდროულად ნიღბის გარეშე ყავის დალევა კაფეში მეგობრებთან ერთად არ არის ის ზომები, რაც კორონავირუსის გავრცელებას შეაჩერებს.
„დოიჩე ველე“ წერს, რომ რობერტ კოხის ინსტიტუტში მათთან მეცნიერების წერილზე კომენტარი არ გააკეთეს, თუმცა კოხის ინსტიტუტის ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ სუფთა ჰაერზე კოვიდით ინფიცირება იშვიათად ხდება და საჭირო დისტანციის შენარჩუნების შემთხვევაში ინფიცირების რისკი მინიმალურია.
„თუ შემოვიღებთ აკრძალვას სახლიდან გასვლაზე, ეს იქნება სიგნალი მოსახლეობისთვის, რომ ქუჩაში გასვლა საშიშია. მაგრამ ეს სრულებით არ არის ასე,“ – აცხადებს ფიზიკოსი გერჰარდ შოიხი, რომელიც ადრე GAeF-ს ხელმძღვანელობდა.
მართალია, ქუჩაში კოვიდით ინფიცირების საფრთხე უფრო დაბალია, ვიდრე დახურულ შენობაში, თუმცა მნიშვნელოვანია კორონავირუსის იმ ვარიანტების გათვალისწინება, რომელთაც მუტაცია განიცადეს.
ინფექციის გადაცემაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ე.წ. აეროზოლები – სითხის უმცირესი ნაწილაკები, რომლებსაც ინფიცირებული სუნთქვისას გამოყოფს. ექსპერტები ამბობენ, რომ სუფთა ჰაერზე ეს ნაწილაკები უფრო ნაკლებად არიან საშიში, ვიდრე დახურულ შენობაში.
„ეს დაკავშირებულია ჰაერის აქტიურ ცირკულაციასთან“ – განმარტავს „დოიჩე ველესთან“ ნიკო მუტერსი, ბონის უნივერსიტეტის ჰიგიენისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტის ხელმძღვანელი.
მას ეთანხმება ბირგიტ ვენერიც, ლაიბნიცის ტროპოსფერული კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი. მეცნიერის თქმით, სუფთა ჰაერზე სუნთქვისას სითხის ნაწილაკები უფრო სწრაფად შრება.
მიუხედავად ამისა, ქუჩაში კორონავირუსით ინფიცირების რისკის გამორიცხვა არ შეიძლება. ინფიცირება შესაძლებელია, როცა საუბარია განსაზღვრულ ფართობზე ადამიანების დიდ თავშეყრაზე. ასე, რომ სოციალური დისტანციის დაცვა [მეტრ-ნახევარი] სუფთა ჰაერზეც საჭიროა.
„თუ ასე არ ვიზამთ და ვილაპარაკებთ ერთმანეთთან სახის სახესთან ახლოს მიტანით და ხმამაღლა, შეიძლება დავაინფიციროთ თანამოსაუბრე,“ – ამბობს გერმანელი ვირუსოლოგი ალექსანდრ კეკულე.
დასკვნა ასეთია: საჭიროა გადახვევისა და გადაკოცნისგან თავის შეკავება, ხოლო ჩვეულებრივი შეხვედრისას, როცა, მაგალითად, გვერდით ჩაუვლით ადამიანს, ინფიცირების რისკი არ დგება – ამბობს ექსპერტი.
ყველასათვის ცნობილი Speedtest® აპლიკაციას მომხმარებლებს სთავაზობს Ookla – ოკლა, მსოფლიოში აღიარებული მობილური და ფიქსირებული ინტერნეტ სიჩქარის ტესტირების და მონაცემთა ანალიზის კომპანია. Ookla Speedtest აპლიკაციის მეშვეობით სილქნეტი გამოვლინდა, როგორც 2020 წლის ბოლო 6 თვის განმავლობაში ყველაზე სწრაფი მობილური ქსელის მომწოდებელი საქართველოში.
ამერიკული კომპანია Ookla, აწარმოებს ინტერნეტ სიჩქარის ტესტირებას ოკლას სპეციალური აპლიკაციის Speedtest.net მეშვეობით. ამ აპლიკაციით საქართველოში და მთელს მსოფლიოში ყოველდღიურად ათობით მილიონზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს. ოკლას მიერ ხდება მონაცემთა ზუსტი ანალიზი, რომლიც მიხედვითაც დგინდება ქსელის სისწრაფე. მისი მეთოდოლიგია ყველაზე სრულყოფილი ანალიტიკური პლატფორმის მეშვეობით ახდენს მსოფლიოს მაშტაბით სხვადასხვა ქვეყნებში არსებული ინტერნეტ (ფიქსირებული და მობილური) ქსელების ხარისხს.
ოკლას მომსახურებით დღესდღეობით ძალიან ბევრი სერვის პროვაიდერი და მობილური ოპერატორი სარგებლობს, მისი პროდუქტები 30 ენაზეა ნათარგმნი და მას იყენებს ათასობით ბიზნეს კომპანია, სხვადასხვა ქვეყნების მთავრობები, უნივერსიტეტები და კომერციული ორგანიზაციები.
საქართველოში მობილური ინტერნეტ ქსელის ტესტირება კომპანია ოკლამ გასული წლის მეორე ნახევარში განახორციელა. სიჩქარის ტესტირების ჯილდო – Speedtest Awards™ეყრდნობა კონკრეტული პერიოდის ექვთვიანი ტესტირების შეჯამებულ, ეგრეთწოდებულ ჯილდოს პერიოდის შედეგებს, რომლის დროსაც გენერირდება მონაცემები შემდგომი გადამუშავებისა და ანალიზის მიზნით.
საქართველოში გასული წლის ექვსთვიანი პერიოდის განმავლობაში ოკლას Speedtest® აპლიკაციით ჩატარებულმა ტესტირებამ გამოავლინა, რომ საქართველოში სილქნეტს ყველაზე სწრაფი მობილური ქსელი აქვს.
„ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ჩვენი ბოლო პერიოდის ინტენსიურმა მუშაობამ ჯეოსელის ქსელის გასაუმჯობესებლად დაატკიცა, რომ საუკეთესო ვართ ხარისხისა და სისწრაფის კუთხით. ჩენი მიზანია, ვიყოთ მომხმარებლის ნომერ პირველი არჩევანი და სწრედ მომხმარებელზე ზრუნვით არის განპირობებილი, რაც აქამდე გავაკეთეთ.
ამის დასტურია მსოფლიოში ცნობილი ანალიტიკური ბრენდის ოკლას მიერ გაცემული ჯილდო: „ყველაზე სწრაფი მობილური ქსელი საქართველოში, 2020“. ჩვენ კვლავაც ვაგრძელებთ ქსელის გაძლიერებას. ეს მუდმივი პროცესია იმისთვის, რომ მსოფლიოს ტექნოლოგიურ წინსვლას ყოველთვის ავუწყოთ ფეხი და მომხმარებელს საუკეთესო ქსელი შევთავაზოთ“ – სილქნტის კომერციული დირექტორი, ბაჩო ჩინჩალაძე.
“ნახევარ მილიარდზე მეტი მომხმარებლი გამოიყენებს ჩვენს აპლიკაციას ყოველწლიურად ინტერნეტის სიჩქარის გასაზომად. Ookla ახდენს ტესტირების შედეგების ანალიზს რათა მიიღოს მობილური და ფიქსირებული ინტერნეტის მონაცემების ობიექტური შეფასება მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
მოხარულები ვართ, განვაცხდოთ, რომ სილქნეტის მობილური ქსელი – ჯეოსელი ყველაზე სწრაფი მობილური ქსელია საქართველოში. ეს ჯილდო ადასტურებს სილქნეტის ქსელის შეუფერხებელ მუშაობას, რაც გამოსცადეს მისმა მომხმარებლებმა გასული წლის მესამე და მეოთხე კვარტლის განმავლობაში“,- განაცხადა კომპანია Ookla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა დაუგ სათლსმა.
* Ookla® of Speedtest Intelligence® Q3–Q4 2020-ის მონაცემების ანალიზის მიხედვით. Ookla – ლიცენზირებული სავაჭრო ნიშანი და უფლებები დაცულია.
57 ქვეყანაში მცხოვრები ქალების თითქმის ნახევარს უფლება არ აქვს თავად გადაწყვიტოს, ჰქონდეს თუ არა სექსი თავის პარტნიორთან, გამოიყენოს თუ არა კონტრაცეპტივები ან სამედიცინო დახმარება მოიძიოს – ნათქვამია გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) 2021 წლის საფლაგმანო ანგარიშში „მსოფლიოს მოსახლეობის მდგომარეობა“.
პრესრელიზის თანახმად, პირველად ხდება, რომ გაერო თავის ანგარიშში სხეულის ავტონომიაზე ამახვილებს ყურადღებას; ეს გულისხმობს საკუთარ სხეულთან დაკავშირებით არჩევანის გაკეთების ძალაუფლებას ძალადობის ან სხვების გადაწყვეტილებების თავს მოხვევის შიშის გარეშე.
სხეულის ავტონომიის დარღვევის ფორმებში შედის სექსუალური ძალადობა, ბავშვთა/ადრეული ქორწინება, ღირსების გამო მკვლელობა და სხვა.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ იმ ქვეყნებში, სადაც მონაცემები ხელმისაწვდომია: ქალების მხოლოდ 55 პროცენტია სრულად უფლებამოსილი გააკეთოს არჩევანი ჯანდაცვასა და კონტრაცეფციასთან დაკავშირებით და ასევე შეუძლია, რომ სექსზე თანხმობა ან უარი თქვას.
ამ ქვეყნების მხოლოდ 71 პროცენტში არის გარანტირებული წვდომა დედათა ჯანმრთელობის მომსახურებაზე.
ქვეყნების მხოლოდ 75 პროცენტში არის სამართლებრივ დონეზე უზრუნველყოფილი სრული და თანაბარი ხელმისაწვდომობა კონტრაცეფციაზე.
ქვეყნების მხოლოდ 80-მდე პროცენტს აქვს სექსუალური ჯანმრთელობის და კეთილდღეობის ხელშემწყობი კანონები.
ქვეყნების მხოლოდ 56-მდე პროცენტში არსებობს კანონები და პოლიტიკა, რომელიც მხარს უჭერს ყოვლისმომცველ განათლებას ადამიანის სექსუალობის შესახებ.
აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ისეთ ქვეყნებში, სადაც მონაცემები ხელმისაწვდომია, ქალებს უფრო მეტად აქვთ სხეულზე ავტონომია. თუმცა წილი იმ ქალებისა, რომლებიც არ არიან საკმარისად გაძლიერებული იმისთვის, რომ მიიღონ გადაწყვეტილებები ჯანდაცვაზე, კონტრაცეფციაზე და არ აქვთ შესაძლებლობა, განაცხადონ თანხმობა ან უარი სექსზე, კვლავ მაღალია:
19 პროცენტი უკრაინაში, 23 პროცენტი ყირგიზეთში, 31 პროცენტი ალბანეთში და 34 პროცენტი სომხეთში. ტაჯიკეთში ქალების 67 პროცენტს არ შეუძლია დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება ამ ფუნდამენტურ საკითხებზე.
ანგარიშში ნათქვამია, როგორ ირღვევა ქალების, მამაკაცების, გოგოებისა და ბიჭების ავტონომია თავიანთ სხეულზე:
20 ქვეყანაში თუ ტერიტორიაზე მოქმედებს კანონი „მოძალადეზე დაქორწინების შესახებ“, სადაც მამაკაცს შეუძლია სისხლისსამართლებრივ დევნას გაექცეს, თუ ის დაქორწინდება იმ ქალზე ან გოგოზე, რომელიც გააუპატიურა.
43 ქვეყანაში არ არსებობს კანონმდებლობა დაქორწინებულ პირებს შორის გაუპატიურების შესახებ (გაუპატიურება მეუღლის მიერ).
30-ზე მეტ ქვეყანაში შეზღუდულია ქალების უფლება გადაადგილდნენ სახლის გარეთ
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგოები და ბიჭები თითქმის სამჯერ უფრო მეტი ალბათობით შეიძლება დაექვემდებარონ სექსუალურ ძალადობას და ამ თვალსაზრისით, გოგოები ყველაზე დიდი რისკის წინაშე დგანან.
„ყველასთვის შემაშფოთებელი უნდა იყოს ის ფაქტი, რომ ქალების თითქმის ნახევარს ჯერ კიდევ არ შეუძლია საკუთარი გადაწყვეტილების მიღება იმის შესახებ, ჰქონდეს თუ არა სქესობრივი კავშირი, გამოიყენოს თუ არა კონტრაცეფცია, ან სამედიცინო დახმარება მოიძიოს. ასობით მილიონ ქალს და გოგონას საკუთარი სხეული თავად არ ეკუთვნის. მათ ცხოვრებას სხვები მართავენ,“ – აღნიშნავს UNFPA-ს აღმასრულებელი დირექტორი, დოქტორი ნატალია კანემი.
_________________
ფოტო: ფრაგმენტი ტაილერ სპენგლერის გრაფიკული ნამუშევრიდან, რომლითაც ანგარიშია ილუსტრირებული.
სკოლებში, სადაც მოსწავლეთა რაოდენობა 1000-ს აღემატება, სამედიცინო კაბინეტები 2021 წლის 15 სექტემბრამდე უნდა გაიხსნას, ხოლო იმ სკოლებში, სადაც მოსწავლეთა რაოდენობა 1000-ზე ნაკლებია – 2022 წლის 15 სექტემბრამდე.
სკოლებში სამედიცინო კაბინეტების მოწყობას „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ახალი ცვლილებები ითვალისწინებს, რომლებიც 2021 წლის 13 აპრილიდან ამოქმედდა.
ამ კანონით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში/სკოლაში, სამედიცინო სივრცის [კაბინეტი/პუნქტი] ფუნქციონირება, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს.
სკოლა კი ვალდებულია, „მოსწავლეთა ჯანმრთელობის დაცვისა და მათი სრულყოფილი განვითარებისთვის უზრუნველყოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში/სკოლაში სამედიცინო მომსახურების სივრცის [კაბინეტი/პუნქტი] ფუნქციონირებისთვის შესაბამისი პირობების შექმნა.“
განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროებმა 2021 წლის 13 ივლისამდე სკოლების სამედიცინო პერსონალის საქმიანობის სტანდარტი და სკოლებში სამედიცინო კაბინეტის ფუნქციონირების წესები უნდა დაამტკიცონ.
ამავე პერიოდში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების კანონში შესულ ახალ ცვლილებებთან შესაბამისობა.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, 15 აპრილის მდგომარეობით, აჭარის სამ მუნიციპალიტეტში – ბათუმში, ხელვაჩაურსა და ქობულეთში, ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამო, სრულად ონლაინსწავლებაზეა გადასული 10 სკოლა და 21 ცალკეული კლასი.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, 15 აპრილის მდგომარეობით, აჭარის სამ მუნიციპალიტეტში – ბათუმში, ხელვაჩაურსა და ქობულეთში სრულად ონლაინსწავლებაზეა გადასული 10 სკოლა და 21 ცალკეული კლასი.
გუშინ, 14 აპრილს, აჭარაში 6 კლასი გადავიდა ონლაინსწავლებაზე კოვიდის შემთხვევების გამო.
კორონავირუსის შემთხვევების გამო დახურულია ორი საბავშვო ბაღი – ერთი ბათუმში და ერთი ქობულეთში.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში აჭარაში კოვიდის 103 ახალი შემთხვევაა დადასტურებული.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსზე მხოლოდ 24 917 ადამიანია აცრილი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ცნობით, 15 აპრილის 21 საათიდან 16 აპრილის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო
ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო
მთიან მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია:
დღისით: 8 – 13 გრადუსი სითბო
ღამით: 0 – 5 გრადუსი სითბო
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 17-18 აპრილს, მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა.
Stopcov.ge-ს ცნობით, 15 აპრილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდის 1 030 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჩატარდა 32 801 კვლევა ტესტით.
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდით 7 პაციენტი გარდაიცვალა.
14 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.14 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.68%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.82 %.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 030 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 538 შემთხვევა, აჭარაში – 103, იმერეთში – 73, ქვემო ქართლში – 63, შიდა ქართლში – 30, გურიაში – 24, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 119, კახეთში – 42, მცხეთა-მთიანეთში – 25, სამცხე-ჯავახეთში – 11, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 2.
ამ ეტაპზე ქვეყანაში დადასტურებულად ინფიცირებულია 8 921 ადამიანი. მათგან 2 616 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 76 პირი.
394 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, 5 911 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
თვითიზოლაციაშიიმყოფება 14 639 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 7 437 პირი, აჭარაში – 2 475, იმერეთში – 1 024.
2021 წლის 14 აპრილს, ბათუმში საზღვაო საწვრთნლი ცენტრი „ქუალშიფ ჯორჯია“ (QUALSHIP GEORGIA MARITIME TRAINING CENTER) ოფიციალურად გაიხსნა.
„ქუალშიფ ჯორჯია“ ქართველ მეზღვაურებს მაღალი დონის, მოკლევადიან საწვრთნელ კურსებს შესთავაზებს. სასწავლებელი აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი თანამედროვე სიმულატორებით და ტრენაჟორებით და ყველა პირობას ქმნის წვრთნების მაღალ დონეზე ჩასატარებლად. „ცენტრში მეზღვაურები პრაქტიკულ ტრენინგებს საგემბანე და სამანქანე განყოფილების ოფიცრები წვრთნას A კლასის ხიდის და ძრავის სიმულატორებზე გაივლიან,“ – აღნიშნა სასწავლებლის ხელმძღვანელმა, სოსლან ჩხაიძემ.
ცეტრის ხელმძღვანელ პირებს ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა თამარ იოსელიანმა საზღვაო სასწავლებლის აღიარების სერტიფიკატი გადასცა და ახალი ტრენინგ-ცენტრის გახსნის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „საზღვაო სფეროში საქართველოსა და საბერძნეთს ძალიან მჭიდრო, ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებთ. ეს ძალიან მაღალ დონეზე აღჭურვილი საზღვაო სასწავლებელიც ამის დასტურია, რომლის გახსნაც მნიშვნელოვანია რამოდენიმე თვალსაზრისით: პირველ რიგში, ქართველი მეზღვაურების პროფესიონალიზმისა და კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით. ბოლო პერიოდში პანდემიის მიუხედავად, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი მოთხოვნა ქართველ მეზღვაურებზე და შესაბამისად მზარდი მოთხოვნაა მოკლევადიან გადამზადების კურსებზეც“. მისი თქმით, „ქუალშიფ ჯორჯია“ მეექვსე საზღვაო საწვრთნელი ცენტრია საქართველოში და ასეთ მაღალ დონეზე აღჭურვილი ტრენინგ-ცენტრის გახსნა, მნიშვნელოვანია ზოგადად საზღვაო სასწავლებლების განვითარებისა და კონკურენციის გაზრდისთვისაც.
სააგენტოს ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა ქართველი მეზღვაურებისა და საქართველოსადმი ბერძნული კომპანიების გაზრდილ ინტერესზე და აღნიშნა, რომ სახელმწიფო მნიშვნელოვან ძალისხმევას დებს ქართველ მეზღვაურთა დასაქმებისა და საზღვაო ბიზნეს გარემოს გასაძლიერებლად: „ძალიან გვახარებს, რომ ბერძნული საზღვაო კომპანიები ინტერესდებიან ქართველი მეზღვაურებით, საქართველოში ინვესტიციების ჩადებით. გასულ წელს ჩვენი მეზღვაურების ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი სწორედ ბერძნულ-ქართული კომპანია – „ელ-ვიქტორი“ იყო. სახელმწიფო საზღვაო დარგის სტრატეგიული განვითარების პოლიტიკის ფარგლებში მხარს უჭერს საზღვაო ბიზნესების განვითარებას ქვეყანაში და ქართველი მეზღვაურების ღირსეულ დასაქმებას“, – განაცხადა თამარ იოსელიანმა.
თამარ იოსელიანმა ახალი საზღვაო საწვრთნელი ცენტრი სასწავლებლის ბერძენ მფლობელთან ალექსანდერ გალანაკისთან და მეზღვაურთა წვრთნის ხელმძღვანელ დიმიტრის კალოსაკასთან ერთად დაათვალიერა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიულ და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სასამართლო განჩინების საფუძველზე ქალაქ ბათუმში 1987 წელს დაბადებული რ.წ. 1993 წელს დაბადებული ფ.წ. 1997 წელს დაბადებული თ.ჭ. 1995 წელს დაბადებული თ.ჭ. 1999 წელს დაბადებული გ.ჭ. და 2000 წელს დაბადებულ ი.ჭ. ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს.
დაკავებულებსშორის არიან ძმები – ფირუზ და რევაზ წულუკიძეები და, ასევე, ძმები – ირაკლი და გელა ჭელიძეები.
ძმები ჭელიძეები პოლიციამ თავიანთ სახლში დააკავა, ხოლო წულუკიძეები – ქუჩაში.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 12 აპრილს ქალაქ ქუთაისში, გუმათჰესის დასახლებაში ,,ნამახვანჰესის” მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, ჯგუფურად იძალადეს და ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს აქციაზე მყოფ სამ პირს. ასევე, დააზიანეს ერთ-ერთი დაზარალებულის კუთვნილი ავტომანქანა,“ – წერს შს სამინისტრო.
სამინისტროს ცნობით, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით მიმდინარეობს.
დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
_______________
ფოტოზე: ფირუზ წულუკიძე „რიონის ხეობის დამცველების“ აქციაზე. ფოტო: „ნეტგაზეთი“/ლუკა პერტაია
დღეს, 15 აპრილს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ბათუმის ოფისის შუშის კარი ჩამტვრეული დახვდათ.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ამ დროისთვის უცნობია, არის თუ არა დაზიანებული ოფისში არსებული ტექნიკა ან წაღებულია თუ არა რაიმე პარტიის ოფისიდან.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, ბათუმში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის ოფისის კარი ჩამტვრეული ადრეც დახვდათ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის #187-ე მუხლით, რაც ნივთის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.
ტაქსებსა და მსუბუქ ავტომობილებში არასრულწლოვანთა თანდასწრებით სიგარეტის მოწევა შესაძლოა აიკრძალოს. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დადგენილებაშია აღნიშნული.
„ტაქსებსა და მსუბუქ ავტომობილებში თამბაქოს არასრულწლოვანთა თანდასწრებით მოხმარების აკრძალვის დაწესებაზე მსჯელობის დაწყება დროულია და მისი დაწესება გააძლიერებს თამბაქოს კონტროლის ღონისძიებებს,“ – წერია საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში.
საქართველოში 2018 წლის პირველი მაისიდან ამოქმედდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის თანახმადაც თამბაქოს მოხმარება აკრძალულია ყველა საჯარო შენობა-ნაგებობასა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში [კანონით, მოწევა ასევე აკრძალულია სადარბაზოშიც, რადგან სადარბაზო არის მრავალბინიანი სახლის საერთო ქონება ისევე, როგორც ვესტიბიული, დერეფანი, კიბის უჯრედი, სარდაფი, სხვენი, სახურავი და ლიფტი].
ახალი დადგენილება პარლამენტმა სწორედ „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის აღსრულების მდგომარეობის თაობაზე მიიღო 13 აპრილს.
პარლამენტმა კანონის აღსრულების მდგომარეობა დადებითად შეაფასა და ხაზი გაუსვა, რომ „სანიმუშოა მოსახლეობის ფართო ფენების (მათ შორის, მწეველთა) [ამ კანონისადმი] მხარდაჭერის მაჩვენებელიც. კერძოდ, ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული გამოკითხვებით დასტურდება, რომ აღნიშნული რეფორმის მხარდაჭერას და მისი განხორციელების გამო კმაყოფილებას საქართველოს მოსახლეობის 86% გამოხატავს.“
პარლამენტში მიიჩნევენ, რომ საქართველოს კანონი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ [რომლითაც მთელი რიგი აკრძალვები დაწესდა], „მსოფლიოში თამბაქოს კონტროლის სფეროში მომუშავე ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ ახალი თაობის ერთ-ერთ ეფექტიან კანონადაა აღიარებული; მათ შორის, ელექტრონული სიგარეტის, გასახურებელი თამბაქოს და თამბაქოს სხვა ნაწარმის მოხმარების, რეკლამის, პოპულარიზაციისა და სპონსორობის შეზღუდვის მიმართულებებით“.
ოჯახის წევრის ინფორმაციით, ბათუმში გუშინ, 14 აპრილს, ფირუზ წულუკიძე და მისი ძმა რევაზ წულუკიძე დააკავეს სამართალდამცველებმა. დააკავეს ასევე ძმები ირაკლი და გელა ჭელიძეები. ოჯახის ინფორმაციით, მათი დაკავება „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ აქციაში მონაწილეობის დროს მომხდარ ინციდენტს უკავშირდება.
ძმები ჭელიძეები პოლიციამ საკუთარ სახლში დააკავა, ხოლო წულუკიძეები – ქუჩაში.
ძმები წულუკიძეები ჭელიძესთან ერთად იმერეთში აქციაზე, რამდენიმე დღის წინ ჩავიდნენ და აქციის მონაწილეებს მხარდაჭერა გამოუცხადეს.
„ბათუმელები“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან კომენტარს ელოდება.
„ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგებოდა კანონის მოთხოვნებს, რასაც საბოლოო შეფასებას მისცემს სასამართლო,“ – მიიჩნევს პაატა დიასამიძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი ბათუმის ბულვარის დირექტორის, ირაკლი ჯინჭარაძის გათავისუფლების შესახებ.
ირაკლი ჯინჭარაძე თანამდებობიდან 12 აპრილს გაათავისუფლეს. მანამდე, 30 მარტს, ირაკლი ჯინჭარაძემ ბათუმის საკრებულოს სხდომაზე საჯაროდ გააპროტესტაპლაჟების კერძოს საკუთრებაში გადაცემა.
ირაკლი ჯინჭარაძის გათავისუფლების მიზეზად აჭარის მთავრობამ აუდიტის დასკვნა დაასახელა, რომელიც 2020 წლის ნოემბერში გამოქვეყნდა.
იურისტი პაატა დიასამიძე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ განკარგულების გამოცემამდე აჭარის მთავრობამ კანონით სავალდებულო მოთხოვნები უგულებელყო, მაგალითად, არ მოუსმენიათ ირაკლი ჯინჭარაძის ახსნა – განმარტება იმ დარღვევებზე, რაც სახელმწიფო აუდიტმა დააფიქსირა.
„აქტის გამოცემა უკვე ნიშნავს იმას, რომ ადმინისტრაციული წარმოება ჩატარდა, მინიმუმ ის, რომ ვიღაც დაჯდა და აუდიტის დასკვნის საფუძველზე ეს აქტი დაწერა… შესაძლოა, მან თქვა, რომ არ სჭირდებოდა ახსნა-განმარტება, მაგრამ ფაქტია, რომ ამ საქმეზე გამოძიება დასრულებული არ არის და ამ საქმის გარემოებები არავის გამოუკვლევია.
ეს შეიცავს სავარაუდო დისკრიმინაციის ნიშნებს, რომ ირაკლი ჯინჭარაძე რეალურად თავისი კრიტიკული მოსაზრების გამო დაისაჯა. ამას ადასტურებს უმაღლესი საბჭოს წევრის, დავით ბაციკაძის განცხადებაც [„ბურდღუ გაყოყოჩდა“ – ასე შეაფასა დავით ბაციკაძემ ირაკლი ჭინჭარაძის გათავისუფლების საკითხი ], რომ რეალურად დასაჯეს ადამიანი.
ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ირაკლი ჯინჭარაძე დისკრიმინაციის მსხვერპლია,“ – მიიჩნევს პაატა დიასამიძე.
საიას აჭარის ფილიალის ხელმძღვანელისთვის ის ფაქტიც, რომ აუდიტის დასკვნის გამოკვლევით მთავრობა არ დაკავებულა და ამაზე თანამდებობის პირის საჯარო პროტესტის შემდეგ ჰქონდა რეაქცია, აჩვენებს იმას, რომ აჭარის მთავრობის რეაგირების მიზანი დასჯა იყო.
„მაშინვე უნდა მოეხდინათ რეაგირება, როცა ამდენი დრო გავიდა…
ახლა ჩნდება შთაბეჭდილება, რომ დასჯის მიზნით მოახდინეს რეაგირება… გამოსაკვლევია ისიც, ხარვეზები, რაც დაადგინა აუდიტმა დოკუმენტების შედარების შედეგად, მართლაც ტექნიკური ხარვეზი იყო, როგორც ამას ირაკლი ჯინჭარაძე ამბობს, თუ სხვა პრობლემა,“ – აღნიშნა პაატა დიასამიძემ „ბათუმელებთან“.
„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის აღსრულების მდგომარეობის თაობაზე საქართველოს პარლამენტმა დადგენილება მიიღო, რომლის მიხედვითაც, „თამბაქოს მოხმარების წესები უმეტესად საჯარო სექტორსა და სამედიცინო დაწესებულებებში ირღვევა, რაც ამ სექტორსა და დაწესებულებებში მონიტორინგის გააქტიურებას საჭიროებს“.
პარლამენტი ავალებს მთავრობას ინტენსიურად იმუშაოს შესაბამის უწყებებთან და დროულად დაასრულოს პროცედურები, „საჯარო დაწესებულებაში თამბაქოს კონტროლთან დაკავშირებული სახელმწიფო პოლიტიკის დაცვისა და სახელმწიფოს თამბაქოს ინდუსტრიაში ჩაბმულ პირთან ურთიერთობის წესის“ მისაღებად.
ამასთან, „გამოვლინდა თამბაქოს ღერებით გაყიდვის მავნე პრაქტიკა, რაც ამ მიმართულებით ადმინისტრირების გაძლიერებას საჭიროებს“.
„გამოვლინდა თამბაქოს ნაწარმის პირდაპირი კომუნიკაციის ფორმით, ორგანიზებულად რეკლამირების (სუპერმარკეტებში თამბაქოს ნაწარმის კონკრეტული ბრენდების პრომოგოგონების საშუალებით პოპულარიზაციის) ფაქტები, რაც სახელმწიფოს მიერ რეაგირების დაგვიანების შემთხვევაში შესაძლებელია დარღვევების არეალისა და მასშტაბის გაზრდის წამახალისებელი ფაქტორი გახდეს,“ – აღნიშნულია დადგენილებაში.
მთლიანობაში, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების მდგომარეობა პარლამენტმა დადებითად შეაფასა.
დადგენილების მიხედვით, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა კანონის აღსრულების მდგომარეობა 2019 წლის მარტი-ივნისის პერიოდში შეისწავლა და შესაბამისი ანგარიში შეიმუშავა.
ამასთან, „კომიტეტმა შეისწავლა თამბაქოს მოწევის აკრძალვის მონიტორინგის შედეგები, სავაჭრო ქსელის ანალიზის შედეგები, სავაჭრო ობიექტების შიდა რეკლამასთან დაკავშირებული საკითხები და ტრანსპორტის მონიტორინგის შედეგები“.
ამ შესწავლის შედეგად კი:
„გამოიკვეთა ზოგიერთი დაავადების შემთხვევების შემცირების ტენდენცია. კერძოდ, 2019 წლის მონაცემების 2017-2018 წლების ანალოგიური პერიოდის (იანვარი-მარტი) მონაცემებთან (წინასწარი მონაცემები) შედარებისას საგულისხმოა სხვადასხვა ნოზოლოგიის (სტენოკარდიის, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის, მიოკარდიუმის განმეორებითი ინფარქტის, გულის მწვავე იშემიური დაავადების სხვა ფორმების, სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევის, ინტრაცერებრული სისხლჩაქცევის, ინსულტის, რომელიც არ არის დაზუსტებული, როგორც სისხლჩაქცევა ან ინფარქტი, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების) კლება;
გამოიკვეთა თამბაქოს მოხმარების წესების დარღვევის შემთხვევათა პროგრესიული შემცირებისა და, შესაბამისად, სამართალდარღვევებზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორების გამოძახებათა კლების ტენდენცია;
აღმოჩნდა, რომ „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების პროცესში თამბაქოს ნაწარმის რეკლამის აკრძალვის მაჩვენებელი მაღალია – 96-98%“.
[toggle title=”პარლამენტის დადგენილება სრულად ნახეთ აქ:“]
„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების მდგომარეობის თაობაზე
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 38-ე მუხლის შესაბამისად, 2019 წლის მარტი−ივნისის პერიოდში შეისწავლა და გააანალიზა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონში 2017 წლის 17 მაისს საქართველოს პარლამენტის მიერ ცვლილებების შეტანის შემდეგ ამ კანონის აღსრულების მდგომარეობა და შესაბამისი ანგარიში შეიმუშავა. კერძოდ, კომიტეტმა შეისწავლა და გააანალიზა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედების პერიოდში გამოვლენილი ხარვეზები და დასახა მათი აღმოფხვრისთვის საჭირო ღონისძიებები. ამასთანავე, ამ კანონის სპეციფიკიდან გამომდინარე, კომიტეტმა შეისწავლა თამბაქოს მოწევის აკრძალვის მონიტორინგის შედეგები, სავაჭრო ქსელის ანალიზის შედეგები, სავაჭრო ობიექტების შიდა რეკლამასთან დაკავშირებული საკითხები და ტრანსპორტის მონიტორინგის შედეგები.
მოპოვებული სტატისტიკური მონაცემების, აგრეთვე გამოკითხვებისა და ზეპირი მოსმენის დროს მიღებული ინფორმაციის თანახმად:
ა) გამოიკვეთა ზოგიერთი დაავადების შემთხვევების შემცირების ტენდენცია. კერძოდ, 2019 წლის მონაცემების 2017-2018 წლების ანალოგიური პერიოდის (იანვარი−მარტი) მონაცემებთან (წინასწარი მონაცემები) შედარებისას საგულისხმოა სხვადასხვა ნოზოლოგიის (სტენოკარდიის, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის, მიოკარდიუმის განმეორებითი ინფარქტის, გულის მწვავე იშემიური დაავადების სხვა ფორმების, სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევის, ინტრაცერებრული სისხლჩაქცევის, ინსულტის, რომელიც არ არის დაზუსტებული, როგორც სისხლჩაქცევა ან ინფარქტი, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების) კლება;
ბ) გამოიკვეთა თამბაქოს მოხმარების წესების დარღვევის შემთხვევათა პროგრესიული შემცირებისა და, შესაბამისად, სამართალდარღვევებზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორების გამოძახებათა კლების ტენდენცია. კერძოდ, 2018 წლის 1 მაისიდან „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების მაჩვენებელი ზეპირი მოსმენის გამართვის დროისთვის (2019 წლის 30 მაისი) 96% იყო, ხოლო ზამთრის პერიოდში, მცირედით გაუარესების გამო − 86-87%;
გ) აღმოჩნდა, რომ სამასპინძლო ბიზნესში შემოსავლებისა და მომხმარებლების რაოდენობათა მნიშვნელოვანი მატების ტემპი შენარჩუნებულია ან გაზრდილია;
დ) გამოიკვეთა, რომ თამბაქოს მოხმარების წესები უმეტესად საჯარო სექტორსა და სამედიცინო დაწესებულებებში ირღვევა, რაც ამ სექტორსა და დაწესებულებებში მონიტორინგის გააქტიურებას საჭიროებს;
ე) გამოიკვეთა, რომ ტაქსებსა და მსუბუქ ავტომობილებში თამბაქოს არასრულწლოვანთა თანდასწრებით მოხმარების აკრძალვის დაწესებაზე მსჯელობის დაწყება დროულია და მისი დაწესება გააძლიერებს თამბაქოს კონტროლის ღონისძიებებს;
ვ) 2018 წლის ბოლოსა და 2019 წლის დასაწყისისთვის სავაჭრო ობიექტებში თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციასთან დაკავშირებულმა დარღვევებმა მნიშვნელოვნად იკლო;
ზ) აღმოჩნდა, რომ „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების პროცესში თამბაქოს ნაწარმის რეკლამის აკრძალვის მაჩვენებელი მაღალია – 96–98%;
თ) გამოვლინდა თამბაქოს ნაწარმის პირდაპირი კომუნიკაციის ფორმით, ორგანიზებულად რეკლამირების (სუპერმარკეტებში თამბაქოს ნაწარმის კონკრეტული ბრენდების პრომოგოგონების საშუალებით პოპულარიზაციის) ფაქტები, რაც სახელმწიფოს მიერ რეაგირების დაგვიანების შემთხვევაში შესაძლებელია დარღვევების არეალისა და მასშტაბის გაზრდის წამახალისებელი ფაქტორი გახდეს;
ი) გამოვლინდა თამბაქოს ინტერნეტით რეკლამირების (განსაკუთრებით − ელექტრონული სიგარეტის, გასახურებელი თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს ახალი ნაწარმისა და მათი აქსესუარების სოციალური და სხვა ქსელებით რეკლამირების) და საცალო რეალიზაციის ფაქტები. საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტისთვის ეს ყურადსაღებია, რათა მან საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად, საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, ამ მიმართულებით ადმინისტრირების გასაძლიერებლად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − შემოსავლების სამსახურისთვის შესაბამისი რეკომენდაციები შეიმუშაოს;
კ) გამოვლინდა თამბაქოს ღერებით გაყიდვის მავნე პრაქტიკა, რაც ამ მიმართულებით ადმინისტრირების გაძლიერებას საჭიროებს;
ლ) გამოიკვეთა, რომ ტელეარხები, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მრავალგზის მიმართვის მიუხედავად, თამბაქოს კონტროლის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის ეფექტიანი დანერგვისა და თამბაქოთი გამოწვეული ზიანის თაობაზე ცნობიერების ამაღლების მიზნით შექმნილი სოციალური რეკლამის განთავსებაზე ზოგჯერ უარს ამბობენ;
მ) გამოვლინდა, რომ საზოგადოებაში არსებობს თამბაქოსთვის თავის დასანებებლად კონსულტაციების მიღებისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების მოთხოვნილება, და გამოიკვეთა მისი ზრდის ტენდენცია;
ნ) გამოიკვეთა, რომ აუცილებელია თამბაქოთი უკანონო ვაჭრობის ადმინისტრირების გასაძლიერებლად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ჩარჩო კონვენციის „თამბაქოს ნაწარმით უკანონო ვაჭრობის აღმოფხვრის ოქმთან“ საქართველოს შეერთებისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დაწყების საჭიროების შეფასება. ამასთანავე, აუცილებელია თამბაქოს ღერებით გაყიდვის მავნე პრაქტიკის აღმოფხვრის, აგრეთვე თამბაქოს ინტერნეტით რეკლამირების (განსაკუთრებით − ელექტრონული სიგარეტის, გასახურებელი თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს ახალი ნაწარმისა და მათი აქსესუარების სოციალური და სხვა ქსელებით რეკლამირების) და საცალო რეალიზაციის აღკვეთის მიზნით შემოსავლების სამსახურის მიერ ადმინისტრირების ღონისძიებების გაძლიერება და თამბაქოს ნაწარმზე კანონით დადგენილი სამედიცინო გაფრთხილების (მათ შორის, პიქტოგრამის) განთავსების პერიოდში იმპორტიორის შესახებ ინფორმაციის ოპერატიულად გაცვლისთვის შემოსავლების სამსახურსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს შორის უწყებათაშორისი საკომუნიკაციო, საინფორმაციო მექანიზმის/ფორმატის შექმნა;
ო) საქართველოს მთავრობამ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა ერთიანი ძალისხმევით დანერგეს „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანის შემდეგ მისი აღსრულების ეფექტიანი მექანიზმები. დღევანდელი მდგომარეობით, ამ რეფორმის განხორციელების მაჩვენებელი 96%-ია. ამასთანავე, სანიმუშოა მოსახლეობის ფართო ფენების (მათ შორის, მწეველთა) მხარდაჭერის მაჩვენებელი. კერძოდ, ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული გამოკითხვებით დასტურდება, რომ აღნიშნული რეფორმის მხარდაჭერას და მისი განხორციელების გამო კმაყოფილებას საქართველოს მოსახლეობის 86% გამოხატავს. ამ საერთო ძალისხმევის შედეგია მსოფლიოში თამბაქოს კონტროლის სფეროში მომუშავე ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის ახალი თაობის ერთ-ერთ ეფექტიან კანონად აღიარება, მათ შორის, ელექტრონული სიგარეტის, გასახურებელი თამბაქოს და თამბაქოს სხვა ნაწარმის მოხმარების, რეკლამის, პოპულარიზაციისა და სპონსორობის შეზღუდვის მიმართულებებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 38-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების მდგომარეობა დადებითად შეფასდეს.
2. საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა უზრუნველყოს „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების მდგომარეობის თაობაზე ანგარიშის საქართველოს მთავრობისა და შესაბამისი სამინისტროებისთვის მიწოდება და 1 თვის ვადაში მათ მიერ განხორციელებული სათანადო ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მიღება.
3. საქართველოს მთავრობამ „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების თანახმად, საქართველოს მთავრობის მიერ მისაღები ნორმატიული აქტის (საჯარო დაწესებულებაში თამბაქოს კონტროლთან დაკავშირებული სახელმწიფო პოლიტიკის დაცვისა და სახელმწიფოს თამბაქოს ინდუსტრიაში ჩაბმულ პირთან ურთიერთობის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი) დროულად მიღებისთვის შესაბამის უწყებებთან ინტენსიური კომუნიკაცია განახორციელოს და დაასრულოს აღნიშნული აქტის მისაღებად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურები.
ზესტაფონის ბაზართან ახლოს კერძო კომპანიამ 11 180 კვ.მეტრი ტერიტორია გადათხარა. ახლა აქ დაახლოებით 3-სართულიანი სახლის სიმაღლის ორმოა ამოთხრილი. არ ვიცით, ამის გამო რა საფრთხე შეექმნა აქ არსებულ შენობებს, სადაც მოქმედი კომერციული ობიექტებია განთავსებული, რადგან ეს საკითხი ჯერ არავის შეუსწავლია. კომპანიას აქ სასარგებლო წიაღისეულის ამოღების უფლება ისე მისცეს, რომ მისი მოპოვების ტექნოლოგიური სქემა არ წარუდგენია. ამ ლიცენზიაში „ოცნების“ შემწირველმა ბიზნესმენმა და მისმა პარტნიორმა მილიონი ლარი გადაიხადეს.
ჭანტურიას ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ცენტრი ზესტაფონის მუნიციპალიტეტისთვის დასაქმების მთავარი ადგილია. აქ ერთ მონაკვეთში, სავაჭრო ცენტრის მიმდებარედ, ჯერ კიდევ იყო შემორჩენილი ძვირფასი ლითონი სილიკომანგანუმი.
ძვირფასი ლითონის ამოსაღებად კომპანია თვეების განმავლობაში სამუშაოებს აწარმოებდა ისე, რომ ამ ტერიტორიაზე არსებულ კომერციულ ობიექტებში ადამიანები მუშაობდნენ. სამთავრობო სტრუქტურებიდან არავის უფიქრია იმაზე, რომ აქ დასაქმებულებისთვის კომპენსაცია თუნდაც იმისთვის გაეთვალისწინებინათ, რომ სამუშაოების წარმოების პერიოდში, როდესაც მათი შენობების ქვეშ „ყველაფერი ზანზარებდა“, დროებით შეჩერების შესაძლებლობა მისცემოდათ.
2020 წლის ოქტომბერში, პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ლითონის ქერქული ნარჩენების მოპოვებაზე ლიცენზია საქართველოს ეკონომიკისა და მდგარი განვითარების სამინისტრომ წიაღის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ბრძანების საფუძველზე გასცა.
ლიცენზიის მფლობელ კომპანიას შპს „ემანუკას“ 11 180 კვადრატულ მეტრზე 83 151 ტონა ნედლეულის ამოღების უფლება მოიპოვა და ამოიღო კიდეც. კომპანიას ასევე მისცეს ტერიტორიის 10 მეტრ სიღრმეზე ამოთხრის უფლება – ამ ლიცენზიის მოპოვებისთვის კომპანიამ 1 მილიონი ლარი გადაიხადა.
ლიცენზიის მოქმედების ვადად ერთი წელი განისაზღვრა, კომპანიას 2021 წლის ოქტომბრამდე აქვს სამუშაოების გაგრძელების ვადა და ვინაიდან ქუჩის მოპირკეთება ჯერ კიდევ არ დაუწყია, სავარაუდოდ ზესტაფონში ბაზრის მიმდებარე ტერიტორია მინიმუმ წლის ბოლომდე გადათხრილი იქნება.
„ჭანტურიას ქუჩაზე, რომელიც არის მოქმედი სავაჭრო გზა და ერთადერთი ადგილი ზესტაფონში, სადაც ადამიანები არიან დასაქმებული, შემოსავლის ერთადერთი წყარო მცირე მეწარმეებისთვის არის ეს ქუჩა. ამ ქუჩის ქვეშ არსებული სილიკომანგანუმის მოპოვებისთვის გასცეს ლიცენზია ისე, რომ არავის არ უფიქრია ამ ადამიანებისთვის კომპენსაციის გაცემაზე, ასევე ამ ქუჩის მიმდებარე შენობების კონსტრუქციულ მდგრადობაზე, იმ საფრთხეებზე, რომლებსაც ეს სამუშაოები მათ შეუქმნის. ფიზიკურად ვერ ფუნქციონირებდა ეს ქუჩა პანდემიის პირობებში, როცა ყველაფერი დაკეტილი იყო და ისედაც უკიდურეს მდგომარეობაში ჩავარდა ეს ხალხი“, – ამბობს ანა ბიბილაშვილი, არქიტექტორ-ურბანისტი.
ანა ზესტაფონელია და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამავე ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად იყო წარდგენილი „ლელოდან“. წინასაარჩევნოდ მან ქალაქში არსებული პრობლემების გაცნობის შემდეგ შესაბამისი დოკუმენტებიც გამოითხოვა და შეისწავლა.
ის, როგორც არქიტექტორ-ურბანისტი, ეჭვქვეშ აყენებს ასევე ამოთხრილი ტერიტორიის შევსების ტექნოლოგიას:
„ეს ორმო შეავსეს ორ დღეში, შესაბამისი სამუშაოები არ ჩატარდა, ამიტომაც ეს ქუჩა ყოველთვის პრობლემური იქნება. ამაზე გადაგებული ასფალტი იქნება დროებითი და ის ერთი წელიც ვერ იმუშავებს. ამ ქუჩის მშენებლობის ნებართვა გასცა ზესტაფონის მერიამ 12 თვის ვადით. ეს არის კატასტროფა ამ ადამიანებისთვის. ანუ აგვისტოსა და სექტემბერში იქ გაუსაძლისი ვითარება იქნება, ამას ემატება სატრანსპორტო კოლაფსი, რაც იქ არის შექმნილი. ადამიანები მუშაობდნენ პირობებში, როდესაც მათი შენობის ქვეშ ყველაფერი ზანზარებდა.“
სალიცენზიო პირობები წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსის 2020 წლის ბრძანებით განისაზღვრა [ #1166ს] შესაბამისი სამუშაოების დაწყების ნებართვა ზესტაფონის მერისგან კომპანიამ 2021 წლის იანვარში მიიღო. ნებართვის მიხედვით, მერიამ ლიცენზიის მფლობელ კომპანიას სამუშაოების წარმოების უფლება მისცა, ბრძანებაში ჩაიწერა, რომ ეს არის ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოები.
შპს „ემენუკა“ 2020 წლის ივლისში დააფუძნეს, კომპანიის 50-50 პროცენტს შალვა სირაძე და გიორგი ხუტაშვილი ინაწილებენ.
შალვა სირაძემ 2019 წელს საქართველოს პარლამენტისა და საკრებულოების შუალედური არჩევნების დროს „ქართულ ოცნებას“ 60 000 ლარი შესწირა, ხოლო 2018 წელს კი „ოცნების“ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს ასევე 60 000 ლარი. შალვა სირაძე რამდენიმე კომპანიის დამფუძნებელი და წილების მფლობელია. ის იყო ასევე შპს „აუდორ მედია ჰაუის“ დირექტორი, სადაც მისი პარტნიორი დავით კეზერაშივილიც იყო.
ზესტაფონში კიდევ სამი ქუჩაა გადათხრილი, რაც ადგილობრივების თქმით, გაუსაძლის ვითარებას ქმნის – გადაადგილება უჭირს სასწრაფო დახმარების ჯგუფს როგორც გამოძახების ადგილზე, ასევე გამოძახებიდან საავადმყოფომდე.
დღეს, 14 აპრილს, ბათუმის მე-18 საჯარო სკოლის მეცხრეკლასელ მოსწავლეს კოვიდი დაუდასტურდა. ინფორმაციას სკოლის დირექტორი გვიდასტურებს.
სკოლის დირექტორის, რუსუდან დავითაძის თქმით, მოსწავლე ორშაბათს სკოლაში იმყოფებოდა, შესაბამისად, მისი კლასი იზოლაციაში გადავიდა.
მოსწავლეს კორონავირუსის ტესტი მას შემდეგ გაუკეთეს, რაც მისი ოჯახის ერთ-ერთ წევრს დაუდასტურდა ვირუსი.
დღეს აჭარაში კორონავირუსის 96 ახალი შემთხვევა დადასტურდა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მოსწავლეებში კოვიდის დადასტურების მაჩვენებელი ამ დროისთვის უკვე 0,04 პროცენტია, მასწავლებლების კი – 0,03 პროცენტი.
რეჟისორი ელენე მაცხონაშვილი მსახიობ ბესო ზანგურს ძალადობაში ამხელს, ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. ელენე მაცხონაშვილის თქმით, მან თავად დაინახა, როგორ სცემდა ბესო ზანგური შეყვარებულს აუდიტორიაში.
როგორც ელენე მაცხონაშვილი წერს, შემთხვევა წლების წინ მოხდა.
„დიახ, ეს კაცი არის მოძალადე! თეატრალურ უნივერსიტეტში, ბევრი წლის წინ ჩემი თვალით ვნახე, ვნახე ბესო ზანგური როგორ სცემდა (თავისივე შეყვარებულ) გოგოს. სცემდა აუდიტორიაში და სცემდა უმოწყალოდ! საკმაოდ რთულად და დიდი გაჭირვებით გამოვართვით ის გოგო მაშინ ხელიდან! იმედი მაქვს, სხვა თეატრები და თეატრალები მაინც ილაპარაკებენ ძალადობაზე, ილაპარაკებენ ადეკვატურად და საღად! „დაგმობა“ ცოტაა!“ – წერს ელენე მაცხონაშვილი ფეისბუქზე.
ბესო ზანგური ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფს. როგორც მან „ბათუმელებს“ უთხრა, თეატრალურ უნივერსიტეტში სწავლისას ჰყავდა მეუღლე – ანა ყაჭეიშვილი და არ ჰყოლია შეყვარებული.
„თუ ანა ყაჭეიშვილს გულისხმობს ელენე მაცხონაშვილი, ჩემს ცოლს, მე რომ ვსწავლობდი, უკვე დამთავრებული ჰქონდა თეატრალური უნივერსიტეტი. თუ ამას წერს ნინუცა მაყაშვილზე, ესეც სისულელეა, რადგან ნინუცამ 8-9 წლის შემდეგ ჩააბარა თეატრალურში – მას შემდეგ, რაც მე დავამთავრე სწავლა. თან ამ დროს ნინუცა იყო ასაკით ძალიან პატარა. ასეთ კომენტარებს სამართლებრივად ვუპასუხებ. ვინ არის ელენე მაცხონაშვილი? რას შეესწრო და ვის შეესწრო წარმოდგენა არ მაქვს”, – ამბობს ბესო ზანგური.
ელენე მაცხონაშვილმა „ბათუმელებთან“ დააზუსტა, რომ შემთხვევა დაახლოებით 1999-2000 წლებში მოხდა, როცა ბესო ზანგური პირველ კურსზე იყო და ჯერ არ იყო დაქორწინებული ანა ყაჭეიშვილზე. ელენეს თქმით, ის და მისი მეგობარი ბიჭი [რომელსაც იდენტიფიცირება ბესო ზანგურთან მეგობრობის გამო არ სურს] შეესწრნენ როგორ სცემდა ზანგური შეყვარებულს.
„საღამო იყო, რეპეტიციები დამთავრებული იყო, შესაბამისად და აუდიტორიებიც იყო ცარიელი. ერთ-ერთი ასეთი ცარიელი აუდიტორიიდან მე და ჩემს ერთ მეგობარ ბიჭს ხმაური შემოგვესმა და გოგოს ხმა, რომელიც შველას ითხოვდა. ბესოს გამოვგლიჯეთ ეს გოგო და კონფლიქტიც იქ მორჩა. პოლიციისთვის არ მიგვიმართავს, ხომ იცით, ეს რა დროც იყო, პატრულიც კი არ არსებობდა.
მერე ვხედავდით, რომ წყვილმა ურთიერთობა გააგრძელა ჩვეულებრივად. ვერ დაგისახელებთ ვინ შეესწრო ჩემთან ერთად ამ ფაქტს. ეს ბიჭი ბესო ზანგურის მეგობარია და არ სურს გამოჩნდეს. ვერც გოგოს სახელს გეტყვით, ვისაც სცემდა ზანგური, არ ვიცი ის ისურვებდა თუ არა ამის გამხელას“, – გვითხრა ელენე მაცხონაშვილმა.
მსახიობმა და ტელეწამყვანმა ნინუცა მაყაშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მასზე თანაცხოვრების დროს სისტემატურად ძალადობდა ყოფილი მეუღლე – ბესო ზანგური. ქალი ამბობს, რომ ზანგური მას, მათ შორის, ორსულობის დროს სცემდა. თავად მსახიობი ამას უარყოფს.
ბესო ზანგური ბრალდებას უარყოფს.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ნინუცა მაყაშვილი შს სამინისტროში დაიბარეს.
„ბათუმელებმა“ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსგან მიღებულ წერილზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვეყანა 83 000 დოზა „ფაიზერის“ წარმოების ვაქცინას მიიღებდა.
ინფორმაციის გავრცელების შემდეგ დაგვიკავშირდნენ ჯანდაცვის სამინისტროდან და გვითხრეს, რომ სამინისტროს წერილში იყო ტექნიკური შეცდომა და „ფაიზერის“ ნაცვლად უნდა იყოს „ასტრაზენეკა“.
სამინისტროდან თავდაპირველად მიღებულ წერილში ეწერა, რომ „მაისის დასაწყისში ქვეყანა COVAX-ის ფარგლებში კვლავ მიიღებს 83 000 დოზა ფაიზერის წარმოების ვაქცინას“.
დამატებით მიღებულ წერილში კი აღნიშნულია, რომ „კორესპონდენციაში ნაცვლად 83000 დოზა ფაიზერის წარმოების ვაქცინისა, უნდა იყოს მითითებული 83000 დოზა ასტრაზენეკას წარმოების ვაქცინა და წინადადება უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “მაისის დასაწყისში ქვეყანა COVAX-ის ფარგლებში კვლავ მიიღებს 83000 დოზა ასტრაზენეკას წარმოების ვაქცინას”.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, წელს რუსთაველის სამეცნიერო ფონდი უპრეცენდენტოდ მაღალ დაფინანსებას – 8 მილიონ ლარს მიიღებს ფუნდამენტური კვლევებისთვის.
„დაფინანსება მოიცავს ისეთ სამეცნიერო მიმართულებებსა და დარგებს, რომლებიც ევროპული კვლევების საბჭოს კლასიფიკაციითაა დადგენილი“, – აცხადებენ სამინისტროში.
სამეცნიერო კვლევების დაფინანსებისთვის კონკურსია გამოცხადებული, „რომლის მთავარ ამოცანას წარმოადგენს ახალი იდეებისა და კონცეფციების შესწავლა-ანალიზი. კონკურსმა ხელი უნდა შეუწყოს კონკურენტული კვლევითი გარემოს შექმნას, სამეცნიერო კვლევების საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებასა და ინტერნაციონალიზაციას“, – ვკითხულობთ განათლების სამინისტროს განცხადებაში.
შემზღუდველი საკონკურსო პირობები და არათანაბარი მიდგომა
„ბათუმელები“ გაეცნო 2021 წელს სახელმწიფო აუდიტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს, რომელიც რუსთაველის სამეცნიერო ფონდში, 2017-2019 წლებში, გრანტების გაცემის და სახელშეკრულებო პირობების შესრულებას ეხება.
მაგალითად, სახელმწიფო აუდიტი ამ ფონდის მიერ გამოცხადებული ფუნდამენტური კვლევების კონკურსთან დაკავშირებით წერს, რომ 2017-2018 წლებში, ტექნიკური ექსპერტიზის სამუშაო ჯგუფისა და ფონდის ხელმძღვანელობის დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებებით, დაზუსტების უფლების გარეშე, საგრანტო კონკურსიდან 1 116 855 ლარის ღირებულების შვიდი სამეცნიერო პროექტი მოიხსნა. „მაშინ, როცა სხვა ანალოგიურ შემთხვევებში, ფონდმა საშუალება მისცა კონკურსანტებს დაეზუსტებინათ ხარვეზის მქონე დოკუმენტაცია ან ინფორმაცია. აღნიშნულის შედეგად, მონაწილეები აღმოჩნდნენ არათანაბარ პირობებში“.
აუდიტის დასკვნაში ნათქვამია, რომ ფონდის მიერ შემუშავებული რეგულაციები არ არის შესაბამისობაში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებთან:
„აღნიშნულის შედეგად, მხოლოდ 2018 წელს, ფუნდამენტური და გამოყენებითი საგრანტო კონკურსის ფარგლებში, პირველივე ეტაპიდან მოიხსნა 45 საგრანტო პროექტი“.
შეფასება განსხვავებული საპროექტო დოკუმენტაციით
ამ ნაწილში აუდიტი ამბობს, რომ საგრანტო წინადადებების შესაფასებლად ექსპერტებს წარედგინებათ აპლიკანტის ინგლისურენოვანი ვერსია, ხოლო ხელშეკრულება ფორმდება ქართულ ვერსიაში ჩამოყალიბებული პირობების საფუძველზე.
„ფონდი არ ახორციელებდა საპროექტო დოკუმენტაციის ინგლისური და ქართული ვერსიების შედარებას. შედეგად, გარკვეულ შემთხვევებში პროექტის ინგლისურენოვან ვერსიაში ექსპერტი აფასებდა კვლევის მიზნებს, ამოცანებს, მეთოდოლოგიასა და ინოვაციურობას, რომელზეც შემდგომ, ხელშეკრულების თანახმად, კონკურსანტი არ იღებდა ვალდებულებას“.
აუდიტის მასალების მიხედვით, 2017-2019 წლებში ასეთი 12 შემთხვევა გამოვლინდა, სადაც მნიშვნელოვანი სხვაობები ფიქსირდება პროექტის ქართულ და ინგლისურენოვან ვერსიებს შორის.
ეს „მოქმედი რეგულაციების შესაბამისად, შესაძლოა კონკურსიდან მოხსნის საფუძველი გამხდარიყო“, – ამბობს აუდიტი.
სამეცნიერო შეფასება დაუსაბუთებელი ჩარევით
სახელმწიფო აუდიტი ფუნდამენტური კვლევების კონკურსის დროს გამოვლენილ კიდევ ერთ დარღვევაზე საუბრობს. კერძოდ, დასკვნაში ვკითხულობთ, რომ ფონდის არათანმიმდევრული და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების შედეგად არათანაბარ პირობებში აღმოჩნდნენ კონკურსანტები 2017 წელს ჩატარებულ კონკურსში:
„პროექტების შეფასების შედეგების ხელახლა გადახედვას 192 პროექტის ნაცვლად, დაექვემდებარა მხოლოდ 82 პროექტი, რამაც გავლენა იქონია კონკურსის საბოლოო შედეგებზე“.
გამოყენებითი კვლევების კონკურსი
აუდიტმა დარღვევები გამოავლინა ფონდის მიერ ჩატარებულ გამოყენებითი კვლევების კონკურსშიც. კერძოდ, გამოვლინდა ადმინისტრირების ნაკლოვანებები:
„ტექნიკური ექსპერტიზის არასრულყოფილად განხორციელების შედეგად, ფონდის მიერ დაფინანსებულია 1 959 600 ლარის ღირებულების ისეთი პროექტები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებდნენ გამარჯვებისთვის დადგენილ კრიტერიუმებს“.
არაპატენტუნარიანი სამეცნიერო პროექტები
ამავე დასკვნის მიხედვით, გამოყენებითი საგრანტო კვლევების კონკურსის ადმინისტრირებისას არ არის გათვალისწინებული პატენტის ერთადერთი მარეგისტრირებელი ორგანოს, საქპატენტის დასკვნები, კონცეფციის პატენტუნარიანობასთან დაკავშირებით.
დარღვევა გამოვლინდა 2017 წელს საგანმანათლებლო პროგრამის საგრანტო კონკურსის დაფინანსების ნაწილშიც, რომელსაც რუსთაველის სამეცნიერო ფონდი და გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრი ერთობლივად ახორციელებდნენ.
„ფონდმა აიღო ვალდებულება დაეფარა დაფინანსების 50%, რაც ეწინააღმდეგება მინისტრის ბრძანებით დადგენილ ნორმას, რომლის მიხედვით, დაფინანსება უნდა შეადგენდეს 30%-ს. შესაბამისად, ფონდის ხელმძღვანელობამ დაუსაბუთებელად აიღო ვალდებულება, ზედმეტად აენაზღაურებინა გრანტის მიმღები სუბიექტებისთვის 35 334 ლარი,“ – წერია აუდიტის დასკვნაში.
დაუსაბუთებელი სამივლინებო ანაზღაურება
რუსთაველის სამეცნიერო ფონდმა, სამეცნიერო კვლევითი პროექტის ფარგლებში, მოქმედი მარეგულირებელი ნორმების შეუსაბამოდ დააფინანსა სასტუმროსა და დღიური ნორმის ხარჯები, საერთო ღირებულებით – 20 055 ლარი.
აუდიტი ამბობს, რომ მივლინებული პირები იმყოფებოდნენ 30 კმ-მდე მანძილზე, საიდანაც შესაძლებელი იყო სამუშაო (საცხოვრებელ) ადგილზე იმავე დღეს დაბრუნება. თუმცა, მივლინებული პირები იმავე ადგილას უზრუნველყოფილი იყვნენ მუდმივი საცხოვრებლით“.
დაუსრულებელი კვლევები
აუდიტის დასკვნის მიხედვით, ფონდში აღრიცხულია 8 313 517 ლარის საგრანტო პროექტები, რომლებიც 2010 -2019 წლებში უნდა დასრულებულიყო, თუმცა „ფონდს არ აქვს შემუშავებული კრიტერიუმები შესრულების ვალდებულების გადავადების შესახებ. შედეგად, ფონდმა დააკმაყოფილა ყველა მიმართვა ვალდებულების გადავადებასთან მიმართებით და არ შეწყვიტა ხელშეკრულება არც ერთ გრანტის მიმღებთან,“ – წერს აუდიტი.
ამავე დასკვნის მიხედვით, ფონდის გადაწყვეტილებები ხელშეკრულების პირობების ცვლილებასთან დაკავშირებით არ არის სათანადოდ დასაბუთებული. „საპასუხო წერილებში არ არის ასახული ის ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც უარი ეთქვათ განმცხადებლებს ცვლილებებზე.
რიგ შემთხვევებში ცვლილების საფუძველია სამეცნიერო ჯგუფებთან გამართული ინდივიდუალური შეხვედრები ან სატელეფონო საუბრები. შედეგად, ხელშემკვრელ მხარეებთან საკითხების დაზუსტება არათანაბარ პირობებში ხორციელდება,“ – ამბობს აუდიტი.
სამეცნიერო ღირებულების შეფასების უგულებელყოფა
სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში ასევე საუბარია იმაზე, რომ 2017-2019 წლებში საგრანტო დაფინანსებისთვის გაწეულია 50 849 179 ლარის საკასო ხარჯი. თუმცა ფონდი „სამეცნიერო ღირებულებისა და ეფექტიანობის შეფასებას არ ახორციელებს“.
ეთანხმება თუ არა რუსთაველის სამეცნიერო ფონდი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებებს და რა შეიცვალა ფონდში ამ დასკვნების გაცნობის შემდეგ? – ამ კითხვით „ბათუმელებმა“ ფონდსაც მიმართა. თუმცა ჯერჯერობით ფონდის ხელმძღვანელობას ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია.
პაკეტების გააქტიურება შესაძლებელია შეუზღუდავად – ერთად და ცალ-ცალკე.
აქცია ხელმისაწვდომია ფიზიკური და იურიდიული პირი აბონენტებისათვის.
ერთზე მეტი პაკეტის შეძენის შემთხვევაში თითოეულს შეუნარჩუნდება ინდივიდუალური ვადა.
აქცია საშუალებას მისცემს აბონენტს მინიმალურ ფასად სასურველი პირობა გაიაქტიუროს, ისარგებლოს უსწრაფესი ინტერნეტით და სასაუბრო წუთებით თბილისსა და რეგიონებში.
პაკეტებში შემავალი მეგაბაიტების ამოწურვისას, პაკეტის ვადის განმავლობაში ინტერნეტით სარგებლობის ტარიფი შეადგენს – 1 MB – 15 თეთრი.
*წუთები არ ვრცელდება გლობალსელის და ასანეტის მიმართულებებზე, ასევე სპეციალური დანიშნულების ნომრებზე.
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აბიტურიენტები საქართველოში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან. ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს, 14 აპრილს, მიიღო საქართველოს პარლამენტმა.
საკანონმდებლო ცვლილებასთან დაკავშირებით პარლამენტს საქართველოს განათლების სამინისტრომ მიმართა.
განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკა დგებუაძემ, პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, რომ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირები, რომლებსაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და საგანმანათლებლო პროგრამის არარსებობის გამო არ ჰქონდათ სრული ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობა და ამისთვის გადმოდიოდნენ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მისაღებად, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე უნდა ჩაირიცხონ და დაფინანსდნენ.
დგებუაძის თქმით, ჩარიცხვისა და დაფინანსების წესის შესახებ დეტალები დაზუსტდება განათლების მინისტრის დადგენილებაში.
მსგავსი ინიციატივა სამინისტროს პარლამენტში უფრო ადრე ჰქონდა წარდგენილი, თუმცა იქ დაკონკრეტებული იყო მხოლოდ სენსორული დარღვევების მქონე პირები, ინიციატივას საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა იმ დათქმით, რომ ფორმულირება არა მარტო სენსორული დარღვევის მქონე პირებს, არამედ მთლიანად შშმ პირებზე გავრცელდება.
საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად დაუშვა პარლამენტარების სარჩელი პარლამენტის წინააღმდეგ. საუბარია პარლამენტის სამ წევრზე, რომლებიც პარლამენტში მოხვდნენ, მანდატების შეჩერებას ითხოვენ, მაგრამ ამაზე პარლამენტი უარს ამბობს. საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით თამარ კორძაიამ, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ და ელენე ხოშტარიამ მიმართეს.
მოსამართლე ევა გოცირიძე გამონაკლისია. ის მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტარების ეს სარჩელი საერთოდ არ უნდა განიხილოს. მოსამართლე რამდენიმე არგუმენტს ასახელებს, მათ შორის, აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ საკონსტიტუციოს მოუწევს პოლიტიკური დღის წესრიგით მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასება. ეს კი „მიუღებელია სასამართლოს როლიდან გამომდინარე,“ – აღნიშნავს მოსამართლე ევა გოცირიძე.
„საკონსტიტუციო სასამართლოს მოუწევს პოლიტიკური მიზანშეწონილობით მიღებული პარლამენტის სადავო დადგენილებები შეაფასოს სამართლებრივი კრიტერიუმებით, რაც შეუძლებელია, ანდა ის შეაფასოს პოლიტიკური კრიტერიუმებით, რაც ასევე შეუძლებელი და მიუღებელია სასამართლოს როლიდან გამომდინარე.
ხსენებული დადგენილებები წმინდა პოლიტიკური ხასიათის გადაწყვეტილებებია, მიღებულია პოლიტიკური მიზანშეწონილობის საფუძველზე, პოლიტიკური მიზანშეწონილობით ნაკარნახევი ბოიკოტის საპასუხოდ და წარმოადგენს მიმდინარე პოლიტიკური (სავარაუდოდ, ჯერ კიდევ დაუსრულებელი) პროცესის ნაწილს.
საკონსტიტუციო სასამართლო არ არის იმ მდგომარეობაში, რომ იურიდიული კატეგორიებით შეაფასოს კონსტიტუციურობა ისეთ პოლიტიკურ პროცესში – პარლამენტის ბოიკოტის რეჟიმში – მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რომელიც ისედაც ამოვარდნილია ორდინარული კონსტიტუციური მართლწესრიგიდან.
რადგან ჩემმა კოლეგებმა საქმე მიიღეს არსებითად განსახილველად, მათ არსებითი განხილვის დროს, სავარაუდოდ, მოუწევთ ან საკითხის პოლიტიკური კონტექსტის მთლიანად უგულვებელყოფა და არაორდინარული შემთხვევების ორდინარულ, კონსტიტუციით გათვალისწინებულ შემთხვევებად მიჩნევა, რაც შეცდომა იქნება, ანდა ნებსით თუ უნებლიედ, პოლიტიკაში შეჭრა და პოლიტიკური კატეგორიებით ოპერირება, რაც ასევე შეცდომა იქნება.
უფრო გონივრული იქნებოდა, საკონსტიტუციო სასამართლოს განეხორციელებინა თვითშეზღუდვა საკითხის ბუნების, მისი წმინდა პოლიტიკური ხასიათის გამო და ე.წ. პოლიტიკური საკითხის დოქტრინაზე დაყრდნობით, უარი ეთქვა კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებაში პარლამენტის სადავო დადგენილებების შეფასებაზე და სახელმწიფოს ეს გადაწყვეტილებანი პოლიტიკური ხელისუფლების მიხედულების ფარგლებში დაეტოვებინა,“ – წერს ევა გოცირიძე.
მოსამართლე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ოპოზიციიდან პარლამენტში შესული დეპუტატების უმრავლესობამ ერთდროულად მოითხოვა უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა. „…ამ გზით მიზნად ისახავენ ვადამდელი არჩევნების მიღწევას და ეს ყველაფერი საჯაროდ დეკლარირებული აქვთ,“ – დასძენს მოსამართლე.
მოსამართლე ევა გოცირიძე მიიჩნევს, რომ პარლამენტს მსგავს ვითარებაში ფართო დისკრეცია უნდა ჰქონდეს და სასამართლო ამ პროცესში არ უნდა ჩაერიოს.
„ვითარების არაორდინარულობა თავისთავად მიუთითებს იმის საჭიროებაზე, რომ პარლამენტს უნდა ჰქონოდა მოქმედების მეტი თავისუფლება და რომ 39-ე მულის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი თავისი ვიწრო, ფორმალური, სიტყვასიტყვითი გაგებით განსახილველ შემთხვევებს არ მიემართება.
საქართველოს პარლამენტმა, სავარაუდოდ, სწორედ ზემოთ დასახელებული მიზეზებით, აღწერილ არაორდინარულ ვითარებაში საკუთარ თავს მიანიჭა დისკრეციული თავისუფლება, ემსჯელა 51 პარლამენტის წევრისათვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის გამართლებულობაზე და უარი თქვა მათი პირადი განცხადებების დაკმაყოფილებაზე,“ – წერს მოსამართლე.
ევა გოცირიძე თავის განსხვავებულ აზრში ასევე ხსნის, თუ როგორ ესმის მას „თავისუფალი მანდატი“.
„საზოგადოდ პარლამენტის წევრად არჩევის შემთხვევაში პიროვნებამ შეიძლება გადაიფიქროს და უარი თქვას მოპოვებულ მანდატზე, თუმცა ეს „უფლება“ „თავისუფალი მანდატის“ პრინციპში კი არ ძევს, არამედ ადამიანის უფლებაში, არ დაკავდეს ისეთი საქმიანობით, რომელიც მის ნება-სურვილს არ შეესაბამება. ამასთან მიმართებაში (როდესაც, ცხადია, საკითხი შეეხება ორდინარულ შემთხვევებს და არა მასობრივ ბოიკოტს), შესაძლებელია, რელევანტური იყოს პიროვნების თავისუფალი განვითარების, პიროვნული ავტონომიურობის, შრომის თავისუფლების, იძულებითი შრომის აკრძალვისა და სხვა საკითხები კონკრეტული ვითარებებისა და გარემოებების გათვალისწინებით.
თუმცა ძალზე არასერიოზული იქნებოდა გვეფიქრა, რომ თავისუფალი მანდატის მფლობელი პარლამენტის წევრი, ვითომდა სწორედ იმიტომ, რომ თავისუფალი მანდატის მფლობელია, თითქოს უფრო მეტად თავისუფალია, უარი თქვას პარლამენტის წევრობაზე, ვიდრე იმპერატიული მანდატის მფლობელი,“ – წერს მოსამართლე ევა გოცირიძე.
მასალაში თავდაპირველად ეწერა, რომ საქართველო 83 000 დოზა „ფაიზერის“ წარმოების ვაქცინას მიიღებდა. აღნიშნული ინფორმაცია „ბათუმელებმა“ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსგან მიღებულ წერილზე დაყრდნობით გაავრცელა. მასალის გამოქვეყნების შემდეგ დაგვიკავშირდნენ ჯანდაცვის სამინისტროდან და გვითხრეს, რომ სამინისტროს წერილში იყო ტექნიკური შეცდომა და „ფაიზერის“ ნაცვლად უნდა იყოს „ასტრაზენეკა“.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანა 83 000 დოზა „ასტარაზენეკას“ წარმოების ვაქცინას მაისის დასაწყისში მიიღებს.
„მაისის დასაწყისში ქვეყანა COVAX-ის ფარგლებში კვლავ მიიღებს 83 000 დოზა „ასტრაზენეკას“ წარმოების ვაქცინას. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკება სხვადასხვა მწარმოებელთან და ევროკავშირის ქვეყნებთან, ვაქცინების დამატებითი დოზების მიღებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია სამინისტროდან „ბათუმელებისთვის“ გამოგზავნილ წერილში.
სამინისტროს ვაქცინებსა და მის ფასებთან დაკავშირებით წერილობით მარტის ბოლოს მივმართეთ.
„COVAX პლატფორმის ფარგლებში მარტის თვეში შემოვიდა ასტრაზენეკას წარმოების 43 200 ვაქცინა და ფაიზერის წარმოების 29 250 ვაქცინა. აპრილის დასაწყისში ქვეყანამ მიიღო ჩინური წარმოების სინოფარმის 100 000 დოზა ვაქცინა“, – მოგვწერეს სამინისტროდან.
რაც შეეხება ვაქცინების ფასებს, „გაცნობებთ, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ვაქცინების გლობალურ ალიანსთან გაფორმებული აქვს ე.წ. “Covax Facility shareholders council confidentiality agreement”. ასევე, როგორც მოგეხსენებათ, მწარმოებელ კომპანიებთან კომუნიკაციის დოკუმენტაცია წარმოადგენს მათ კომერციულ საიდუმლოს“, – აღნიშნულია სამინისტროდან მიღებულ წერილში.
„…საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკებისას ნი…ძემ ხელში აიყვანა ოჯახის წევრი – ბებია, მიიყვანა ღია ფანჯარასთან და ფანჯრიდან გადაგდების ფორმით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რაც ბებიამ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში,“ – წერია განაჩენში, რომელიც ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ მიიღო.
განაჩენის მიხედვით, ფანჯრის ეპიზოდამდე ბრალდებულმა ბებიას ძლიერად მოუჭირა ხელები, რამაც ქალში ძლიერი ტკივილი გამოიწვია. საქმის მასალების მიხედვით, ეს არ იყო ძალადობის პირველი შემთხვევა – ბრალდებულის მიმართ შემაკავებელი ორდერი მანამდეც იყო გამოცემული.
ბებიას და არც რომელიმე სხვა მოწმეს სასამართლოსთვის ჩვენება არ მიუცია, რადგან ბრალდებულმა ჩადენილი დანაშაული აღიარა და უდავოდ მიიჩნია ყველა ის მტკიცებულება, რაც პროკურორმა ამ საქმეზე შეაგროვა.
„ამჟამად ერთად ცხოვრობენ და კონფლიქტი მათ შორის არ გრძელდება,“ – ვკითხულობთ განაჩენში.
მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ ბრალდებულს 185 საათით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა შეუფარდა, თუმცა იმის გამო, რომ ბრალდებული 6 დღე წინასწარ პატიმრობაში იყო, მას სასჯელი 35 საათით შეუმცირეს.
ბრალდებული 2 ათასი ლარი გირაოს საფუძველზე იყო გათავისუფლებული.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, ბაგრატიონის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების გამო საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივად, ვაჟა-ფშაველას ქუჩიდან მელიქიშვილის მიმართულებით, 15 აპრილიდან 2 თვის განმავლობაში შეიზღუდება.
„შესაბამისად, აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრავი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტები დროებით შეიცვლება. გადაადგილება შესაძლებელი იქნება გურამიშვილისა და ჩოლოყაშვილის ქუჩებით.
სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, ბაგრატიონის ქუჩა ეტაპობრივად გადაიკეტება და სამუშაოები 15 თვის ვადაში დასრულდება,“- აცხადებს მერია.
მერიის ინფორმაციით, ბაგრატიონის ქუჩის რეაბილიტაციისთვის 9 მილიონამდე ლარია გამოყოფილი.
ბაგრატიონის ქუჩის (შარტავას წრიულიდან ვაჟა-ფშაველას ქუჩამდე) რეაბილიტაციის სამუშაოებზე მერიის კეთილმოწყობის სამმართველოს ტენდერი 11 867 002 ლარით ჰქონდა გამოცხადებული. ხელშეკრულება კი 2021 წლის 26 მარტს, კომპანია „ზიმო 7“-თან 8 646 623 ლარზეა გაფორმებული [ტენდერში „ზიმო 7“-ის გარდა კიდევ 6 კომპანია მონაწილეობდა].
ხელშეკრულების მიხედვით სამუშაოების შესრულების ვადაა 2022 წლის 15 ივნისი.
საზოგადოება „ბათომი“ მხარდამჭერებთან ერთად დღეს, 14 აპრილს, 17:00 საათზე, აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციას გამართავს.
„ჩვენ არ დავთმობთ ბულვარს,“ – იქნება აქციის სლოგანი.
„დადგა ის მომენტი, როდესაც ჩვენი დასაცავია არა მხოლოდ ბათუმი და მისი ისტორია, ბულვარი, პლაჟი, რივიერა და მისი ულამაზესი სივრცე, არამედ ჩვენი დასაცავი არიან სიმართლის მთქმელი საჯარო მოხელეებიც, რომლებიც სისტემას პროფესიულად უპირისპირდებიან.
14 აპრილს, 17:00 საათზე, აჭარის მთავრობის სახლთან შევიკრიბოთ და ერთად ვუთხრათ ხელისუფლებას, რომ განსხვავებული აზრის დევნა, საზოგადოებრივი ინტერესების იგნორირება და ქალაქის ინტერესების წინააღმდეგ წასვლა დანაშაულია,“ – წერია ღონისძიების ფეისბუქგვერდზე.
საჯარო მოხელე, რომლის პოსტიდან გათავისუფლებასაც დღეს ბათუმში გააპროტესტებენ, ირაკლი ჯინჭარაძეა, ბათუმის ბულვარის ახლა უკვე ყოფილი დირექტორი.
12 აპრილს ის ბულვარის დირექტორობის თანამდებობიდან გაათავისუფლეს, რასაც წინ უძღოდა მისი საჯარო პროტესტი ბათუმის საკრებულოს 30 მარტის სხდომაზე.
ამ დღეს საკრებულოში ბულვარის მოპირდაპირე მხარეს პლაჟის სასტუმროსთვის გადაცემის საკითხი განიხილებოდა, ირაკლი ჯინჭარაძემ კი განაცხადა, რომ ბულვარი საჯარო ადგილია და ის ყველასთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი.
ჯინჭარაძემ 30 მარტს განაცხადა, რომ წინააღმდეგია პლაჟების კერძო საკუთრებაში გადაცემის, რადგან მსგავს პრაქტიკას შედეგი არ მოუტანია. ბულვარის ყოფილმა დირექტორმა მაშინ ასევე აღნიშნა, რომ პლაჟის კერძო მფლობელობაში გადასვლის შემთხვევაში არსებობს საფრთხე, დადგეს რეალობა, როცა ვეღარავინ შევა პლაჟზე თანხის გადახდის გარეშე.
„ეს კი შეუძლებელია, ბულვარი არის საჯარო სივრცე, ქვეყნის მთავარი საჯარო სივრცე და არა მარტო ქალაქის. არ გვაქვს ჩვენ ფუფუნება, ძალიან პატარა სანაპირო გვაქვს, ამიტომ ის უნდა იყოს ყველასათვის.
ბათუმის ბულვარის პლაჟით სარგებლობს როგორც ბათუმელი, გურული, იმერელი, კახელი, თბილისელი და არ ჰყოფნით!“ – განაცხადა საკრებულოს სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან ირაკლი ჯინჭარაძემ.
ირაკლი ჯინჭარაძემ 12 აპრილს თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ აჭარის ტელევიზიით შეიტყო, რის შემდეგაც განაცხადა, რომ ქალაქის დასაცავად იბრძოლებს.
„დაიცავი ბულვარის“ აქტივისტი, ირმა ზოიძე ამბობს, რომ ირაკლი ჯინჭარაძის პროტესტმა 30 მარტის სხდომაზევე გააღიზიანა საკრებულოს წევრები.
„ბულვარის დირექტორს, რომელსაც პირდაპირ აქვს ვალდებულება დაიცვას და გაუფრთხილდეს ბულვარს, იყოს პასუხისმგებელი ყველაფერზე, რაც იქ ხდება, სთხოვდნენ დაეტოვებინა დარბაზი, სადაც ბულვარის საკითხი განიხილებოდა, წარმოგიდგენიათ ხომ?
მოსალოდნელი იყო რომ ამ ტიპის პროტესტის შემდეგ, რაც ჯინჭარაძემ გამოხატა, მას თანამდებობას დაატოვებინებდნენ, მაგრამ მაინც გვჯეროდა, რომ ასე ღიად ვერ დაუპირისპირდებოდნენ.
საკრებულო და მთავრობის თავმჯდომარე მიხვდნენ, რომ ირაკლი არ ხუმრობდა და მისი პროტესტი სხვა საჯარო მოხელეებისთვისაც იყო ნიშანი, ამიტომ მისი სამაგალითოდ დასჯა იყო აუცილებელი. ეს იყო გაფრთხილება, მინიშნება სხვა საჯარო მოხელეებისთვის, რომ ამგვარი განცხადებები დასჯადია.
ეს არის ადამიანის დევნა, ბრძოლა იმის წინააღმდეგ, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს.
მოვითხოვთ და ვაფრთხილებთ ხელისუფლებას, რომ ამ ფორმით ურთიერთობა და მართვა სისტემური დანაშაულია, რასც არ შევეგუებით“ – ამბობს „დაიცავი ბულვარის“ აქტივისტი, ირმა ზოიძე.
პროკურატურის ცნობით, 14 წელს მიუღწეველ გოგონას მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველოს პროკურატურამ, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე, არასრულწლოვნის დედას ე.ს.-ს ბრალდება წარუდგინა.
„გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლიდან 2020 წლამდე ზ.მ. იყენებდა მისთვის წინასწარი შეცნობით 14 წლის ასაკს მიუღწეველი გოგონას ასაკით გამოწვეულ უმწეობას და ძალადობის გამოყენებით, სისტემატურად აუპატიურებდა მას. ზ.მ.-ს ქმედების შედეგად, არასრულწლოვანი დაორსულდა და 2020 წლის 21 ივნისს ბავშვი გააჩინა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ე.ს.-სთვის ცნობილი გახდა ზ.მ.-ს მიერ მისი შვილის გაუპატიურების ფაქტი, თუმცა ამის შესახებ სამართალდამცავ ორგანოს არ შეატყობინა“ – წერს პროკურატურა.
ე.ს.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით (დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანება შეიცავს სავარაუდო დისკრიმინაციის ნიშნებს, იგი ემსახურება ირაკლი ჯინჭარაძის დასჯას ბულვარის ინტერესების დასაცავად საჯაროდ დაფიქსირებული კრიტიკული მოსაზრებების გამო“ – ამ განცხადებას ბათუმში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციები და სამოქალაქო აქტივისტები ავრცელებენ.
ორგანიზაციები ეხმიანებიან ირაკლი ჯინჭარაძის ბათუმის ბულვარის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებას.
2021 წლის 12 აპრილს სსიპ „ბათუმის ბულვარის“ დირექტორი ირაკლი ჯინჭარაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. როგორც ჯინჭარაძემ თქვა, უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ მან აჭარის ტელევიზიით შეიტყო.
2021 წლის 30 მარტს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, სადაც განიხილებოდა სასტუმრო „ლე მერიდიანის“ მფლობელი კომპანიისთვის ბულვარის გასწვრივ, „ლე მერიდიანის“ შენობის პირდაპირ, 3380 კვ.მ. ტერიტორიის გრძელვადიანი იჯარით გადაცემის საკითხი, ირაკლი ჯინჭარაძემ ღიად განაცხადა, რომ არ ეთანხმებოდა ამ საკითხს.
„გასათვალისწინებელია ისიც, რომ რამდენიმე დღეში ბულვარის განაშენიანების გეგმის წარდგენა უნდა მომხდარიყო, რომელიც ბულვარის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისა და საჯარო სივრცის განვითარებისა და კონსერვაციის ხედვებს ასახავდა“, – ამბობენ განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები.
საზოგადოებრივი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ არსებული გარემოებები, კერძოდ, ის, რომ საჯაროდ გაცხადებული კრიტიკული მოსაზრებებიდან რამდენიმე დღეში ირაკლი ჭინჭარაძე გაათავისუფლეს ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის დირექტორის თანამდებობიდან ისე, რომ მისი მოსაზრებები გათავისუფლებამდე არც კი მოუსმენიათ, ასევე, ის გარემოება, რომ მან გათავისუფლების შესახებ მედიით შეიტყო და გათავისუფლების ბრძანება დაგვიანებით ჩაბარდა, დასაბუთებულ ეჭვს აჩენს მისდამი დისკრიმინაციულ მოპყრობაზე და იგი ემსახურება ირაკლი ჭინჭარაძის დასჯას საჯაროდ დაფიქსირებული კრიტიკული მოსაზრებების გამო.
„ხაზგასასმელია, რომ ეს არ წარმოადგენს აჭარის ხელისუფლების მიერ ბათუმის ბულვარის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესის დაცვის მიზნით კრიტიკული მოსაზრების ჩახშობის პირველ მცდელობას და ამ პრაქტიკამ უკვე საგანგაშო სახე შეიძინა. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში ბათუმის ბულვარში 19-სართულიანი სასტუმროს მშენებლობის მიმართ კრიტიკის გამო აჭარის კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს წევრის სტატუსი შეუწყვიტეს საზოგადოება ბათომის ორ წარმომადგენელს,“ – ნათქვამია განცხადებაში. ]
განცხადებას ხელს აწერენ: „საზოგადოება ბათომი“, სამოქალაქო მოძრაობა „დაიცავი ბათუმის ბულვარი“, „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“, „დემოკრატიის ინსტიტუტი“, „მწვანე სექტორი“, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალი, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი – ბათუმის ოფისი, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალი.
ხელმომწერი ორგანიზაციები და სამოქალაქო აქტივისტები სოლიდარობას უცხადებენ ბათუმის ბულვარის ყოფილ დირექტორს ირაკლი ჭინჭარაძეს და ბათუმის ბულვარის დასაცავად ოთხშაბათს, 14 აპრილს, 17:00 საათზე აჭარის მთავრობასთან აქციას აანონსებენ.
მედიაწიგნიერების ქალაქს საფრთხე ემუქრება! მას დოქტორ ფეიკი ოთხ ბოროტმოქმედთან ერთად დაესხა თავს. მისი დამარცხება მხოლოდ შენ შეგიძლია!
დოქტორ ფეიკი შემეცნებითი-გასართობი ტიპის თამაშია, რომელიც Deep Fake-თან, ყალბ ამბებთან და ყალბ ანგარიშებთან დაკავშირებულ ინფორმაციასა და მათი გამოვლენის ინსტრუმენტებს აერთიანებს.
სახალისო თამაშში დოქტორ ფეიკის მხარდამჭერების — დიპფეიკის, ტროლის, კლონისა და ფიშერის დამაბნეველ კითხვებს უნდა ვუპასუხოთ. ბოროტმოქმედებს სუპერგმირის დახმარებით ვებრძვით და ყოველი სწორი პასუხის შედეგად ქალაქის გათავისუფლებას ვუახლოვდებით.
როგორ ვითამაშოთ
მედიაწიგნიერების ქალაქში სიმშვიდის დასაბრუნებლად თითოეულ ბოროტმოქმედს ცალ-ცალკე უნდა შეებრძოლო. ყოველი სწორი პასუხის შემდეგ შენს მოწინააღმდეგეს ასუსტებ და მის დამარცხებას უახლოვდები.
პირველი, ვის წინააღმდეგაც გალაშქრება გვიწევს, მისტერ დიპფეიქია. მოთამაშის დასაბნევად ის ყველასთვის საყვარელ და ნაცნობ პერსონაჟებს იყენებს და მათ ყალბ ვიდეოებს გვთავაზობს. შემდეგი მისტერ ტროლია, რომელმაც ათეულობით იდენტობა მოიპარა. მთავარია, მის ხაფანგს არ წამოვეგოთ და დაკვირვებით ამოვიცნოთ ყალბი ანგარიშები.
ფოტო: Doctor Fake
დავალება კიდევ უფრო რთულდება, როცა საქმეში მისტერ კლონი ერთვება. მას შეუძლია ცნობილი მედიაგამოცემებში მცირედი ცვლილებები შეიტანოს და “კლონირებული გვერდებით” დეზინფორმაცია გაავრცელოს. მათ ამოსაცნობად კი დეტალებზე დაკვირვებაა საჭირო. სულ ბოლოს მისტერ ფიშერს უნდა შევებრძოლოთ, რომელიც ჩვენს გასაცურებლად ბევრი ტყუილის თქმას ეცდება.
როგორ შეიქმნა თამაში
თამაში დოქტორ ფეიკი მითების დეტექტორის მედიაწიგნიერების პროგრამის კურსდამთავრებულებისა და რეგიონული ქსელის წევრების ინიციატივაა, რომელიც Hacking the Fake News-ის ფარგლებში შეიქმნა. გუნდის შემადგენლობაში მარიამ დანგაძე, მარიამ თოფჩიშვილი, ანი ქისტაური, მარია ტარიელაშვილი და ზიზი ნიშნიანიძე იყვნენ. მუსიკის ავტორი კი ივა შელიაა.
შემეცნებითი-გასართობი თამაშის იდეაზე და მის კონცეფციაზე მისმა შემქმნელებმა On.ge-სთან ისაუბრეს.
ბოროტმოქმედების დასამარცხებლად თამაში პასუხების სავარაუდო ვარიანტებს გვთავაზობს, რომლებიც, ცხოვრებაშიც ძალიან გამოსადეგია. მაგალითად, როგორ შევძლოთ ყალბი ფოტოს ამოცნობა ან როგორ გადავამოწმოთ ამა თუ იმ გვერდის სანდოობა.
“[მათ] დასამარცხებლად მედიაწიგნიერი უნდა იყო, თუმცა ამავდროულად თამაში ამ უნარის განვითარებაში გეხმარება”, — აღნიშნავს დანგაძე.
გუნდის კიდევ ერთი წევრი, მარიამ თოფჩიშვილი ყვება, რომ მთავარი იყო ისეთი კითხვების შედგენა, რომელიც მომხმარებლისთვის ჩამთრევი იქნებოდა. მიზანი იყო ისიც, რომ მათ, პასუხის გაცემის გარდა, ყოველ ჯერზე რაღაც ახალი ესწავლათ:
“ესეც ძალიან რთული კომპონენტი იყო — თუკი არასწორად პასუხობდა, გასაგებად აგვეხსნა, რა შეეშალა”.
ფოტო: MDF
თამაშის შექმნისთვის ორი თვე დასჭირდათ. გუნდი ეცადა გამორჩეული სიუჟეტი შეემუშავებინა — სწორედ აქედან დაიბადა სუპერგმირის იდეაც. სუპერგმირი, რომელიც ყალბი ამბების დასამარცხებლად მოეშურება, კლასიკური სუპერმენის კონცეფციაზე შეიქმნა.
“გვინდოდა ცოტა მოულოდნელი ყოფილიყო და გოგო შემოვიყვანეთ. გვინდოდა პერსონაჟი ყველასთვის ახლობელი ყოფილიყო, ამიტომ აქვს ქამარი, სადაც რაღაცები უწყვია და თმა უბრალოდ უკან აქვს შეკრული, ერთი შეხედვით ჩვეულებრივი გოგოა”, — ყვება ზიზი ნიშნიანიძე.
გუნდის წევრები ფიქრობენ, რომ სამომავლოდ ეს თამაში ყალბი ამბების აღმოჩენის კუთხით თავის როლს ითამაშებს, რადგან სხვა რესურსებისგან განსხვავებით, უფრო სახალისოა.
“[ფეიქნიუსებს] ვერ აღმოფხვრით, ხალხს მაინც შეეშლება, მაგრამ თუ მედიაწიგნიერების შესახებ ცოდნის გაღრმავებას უფრო სახალისოს გავხდით, გაცილებით მეტი ადამიანი ისწავლის”, — ამბობს ზიზი ნიშნიანიძე.
თავიდან სამიზნე აუდიტორია ახალგაზრდები იყვნენ, თუმცა მას შემდეგ, რაც დოქტორ ფეიკის კითხვებს გუნდის წევრების ახლობლებმა და მეგობრებმა უპასუხეს, მიხვდნენ, რომ ის გაცილებით მეტ ადამიანს მოიცავდა. კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც ამ ქვიზ-თამაშს გამოარჩევს, ის საკითხებია, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში გვჭირდება.
ფოტო: Doctor Fake
“მე, როგორც დეველოპერს, სულ მიწევს, ვინმეს თუ რამე პრობლემა აქვს კომპიუტერთან, დავეხმარო — მეუბნებიან, ვინდოუსი გადამიყენე, ვირუსი მაქვს კომპიუტერში და ა.შ. ეს ძირითადად იმის გამო ხდება, რომ ხალხი ვერ არჩევს, რა არის ტროლი, რა არის ფიშინგი, აჭერენ რაღაცებს და კომპიუტერი ვირუსებით ივსება. ამიტომ ქვიზით ასეთი ინფორმაციის მიწოდება მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის, რადგან ბევრმა არ იცის”, — აღნიშნავს მარია ტარიელაშვილი.
გუნდის წევრები არ გამორიცხავენ, რომ სამომავლოდ თამაშში მეტი პერსონაჟი და კითხვა გაჩნდეს, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციულობის კუთხით ცნობიერების ამაღლებას და შესაბამისი უნარების გამომუშავებას.
რატომ უნდა ვითამაშოთ
ყალბ ამბებთან ბრძოლა არახალია. ჯერ კიდევ 2014 წელს, როცა რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა, მსოფლიომ ყველაზე კარგად შეიგრძნო ჰიბრიდული ომის საცეცეები. მანიპულაცია, მიზანმიმართული ტყუილი, შიშისა და გაურკვევლობის დათესვა — ეს ის მცირე ჩამონათვალია, რისი გაკეთებაც ჩვენ გარშემო მითებს შეუძლიათ. ეს ხდება საქართველოშიც.
ყალბი ამბების აღმოფხვრა წარმოუდგენელია — ყოველთვის იქნება ადამიანი, ორგანიზაცია ან ქვეყანა, რომელიც ეცდება საზოგადოების ცნობიერება მართოს. თუმცა ჩვენ შეგვიძლია მას შევებრძოლოთ და საპასუხო დარტყმა მივაყენოთ.
დოქტორ ფეიკის თამაში გართობით, მაგრამ თვალნათლივ გვაჩვენებს, რა უნდა ვიცოდეთ, რა ვისწავლოთ და რა გავითვალისწინოთ. ეს თამაში გვასწავლის, რატომ არ უნდა დავუჯეროთ მოულოდნელად მოსულ შეტყობინებას, რომ იმ იშვიათ ათას ადამიანს შორის ვართ, რომელმაც ტელეფონი მოიგო. ან როგორ გადავამოწმოთ, რომ რუსულად მომღერალი ილონ მასკი რეალურად დიპფეიკია.
ჩვენც შეგვიძლია დავდგეთ სიმართლის სადარაჯოზე. თუ გინდა, რომ შეითავსო სუპერგმირობა და ბოროტი ყალბი ამბების დამარცხებაში მიიღო მონაწილეობა, ბმულზე გადადი.
15 აპრილიდან კორონავირუსზე ვაქცინაციის ჩატარების უფლება ექნებათ როგორც ექთნებს, ასევე დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის ნებისმიერ სუბიექტს, სახელმწიფო სერტიფიკატით ნებადართული სპეციალობისა და კომპეტენციის მიუხედავად.
შესაბამისი ცვლილება იზოლაციისა და კარანტინის წესებში მთავრობამ 13 აპრილს შეიტანა.
ამ დრომდე ვაქცინაციის ჩატარების უფლება ჰქონდათ მხოლოდ შინაგანი მედიცინის სპეციალისტებს, ინფექციონისტებს, ოჯახის ექიმებს, ალერგოლოგებს, პედიატრებს, ქირურგებსა და ექთნებს, შესაბამისი ტრენინგებით უზრუნველყოფის შემდეგ.
[checklist]
„ახალი კორონავირუსული დაავადების − COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა განხორციელდეს იმ სამედიცინო დაწესებულებებში, რომლებიც დააკმაყოფილებენ სამინისტროს მიერ განსაზღვრულ კრიტერიუმებს, ამასთან, ამ პუნქტის მიზნებისთვის, ვაქცინაციის ჩატარების უფლება მიეცეთ ექთნებსა და დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის ნებისმიერ სუბიექტს, სახელმწიფო სერტიფიკატით ნებადართული სპეციალობისა და კომპეტენციის მიუხედავად“ – სწორედ ეს პუნქტი ამოქმედდება 2021 წლის 15 აპრილიდან.
[/checklist]
[crosslist]
ცვლილების შეტანამდე კი, ეს პუნქტი შემდეგნაირად იყო ჩამოყალიბებული: „ახალი კორონავირუსული დაავადების − COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა განხორციელდეს იმ სამედიცინო დაწესებულებებში, რომლებიც დააკმაყოფილებენ სამინისტროს მიერ განსაზღვრულ კრიტერიუმებს, ამასთან, ამ პუნქტის მიზნებისთვის, ვაქცინაციის ჩატარების უფლება მიეცეთ შინაგანი მედიცინის სპეციალისტებს, ინფექციონისტებს, ოჯახის ექიმებს, ალერგოლოგებს, პედიატრებს, ქირურგებს, ექთნებს, შესაბამისი ტრენინგებით უზრუნველყოფის შემდეგ“.
[/crosslist]
2021 წლის 8 აპრილიდან ნებისმიერი სტაციონარული დაწესებულება, რომელიც ფლობს სტაციონარული დაწესებულების ნებართვასა და დანართებს რეანიმაციული ან გადაუდებელი სამედიცინო დახმარების (EMERGENCY) მომსახურებაში, ჯანდაცვის სამინისტროს მითითების საფუძველზე, ვალდებულია, დაწესებულების ბაზაზე უზრუნველყოს COVID 19 ვაქცინაციისთვის შესაბამისი ამცრელი კაბინეტებისა და ბრიგადების ორგანიზება:
Stopcov.ge-ს ცნობით, 14 აპრილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდის 1 085 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჩატარდა 35 863 კვლევა ტესტით.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 7 ადამიანი გარდაიცვალა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 085 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 664 შემთხვევა, აჭარაში – 96, იმერეთში – 52, ქვემო ქართლში – 40, შიდა ქართლში – 31, გურიაში – 24, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 120, კახეთში – 24, მცხეთა-მთიანეთში – 22, სამცხე-ჯავახეთში – 5, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 7.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 604, საიდანაც 2 546 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 5 720 ადამიანი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 13 708 ადამიანი. თბილისში – 7 103 პირი, აჭარაში – 2 261, იმერეთში – 994.
_____________
ფოტოზე: რესპუბლიკური საავადმყოფოს ექთანი. წყარო: nplg.gov.ge, ციფრული ფოტოგამოფენა„ქართველი ექთნები ეპიდემიის წინა ხაზზე“
იზოლაციისა და კარანტინის წესებში შესული ახალი ცვლილებით, ინდოეთის რესპუბლიკიდან მომავალი ნებისმიერი პირი [მოქალაქეობისა და ვაქცინაციის სრული კურსის ქონის მიუხედავად] ექვემდებარება საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენას საზღვარზე და შემდგომ – საზღვრის კვეთიდან 3 დღის განმავლობაში [72 საათი] სავალდებულო თვითიზოლაციას. ამასთან, მე-3 დღეს ამ პირმა საკუთარი ხარჯით PCR კვლევა უნდა ჩაიტაროს.
ცვლილება 2021 წლის 15 აპრილიდან ამოქმედდება.
ამ დრომდე, უცხო ქვეყნიდან ჩამოსულ ნებისმიერ პირს (მოქალაქეობის მიუხედავად), ნებისმიერი ტიპის კოვიდვაქცინის სრული კურსის (ორი დოზა, ხოლო johnson&Johnson ვაქცინაციის შემთხვევაში – ერთი დოზა) დამადასტურებელი დოკუმენტის საზღვარზე წარდგენის შემთხვევაში, თავისუფლად შეეძლო საქართველოში შემოსვლა. განსაზღვრულია ასევე ის ქვეყნები, რომელთა მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა მხოლოდ PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენით შეუძლიათ.
მთავრობის გადაწყვეტილებით, 15 აპრილიდან, ინდოეთის რესპუბლიკიდან მომავალი სტუდენტების საქართველოში შემოსვლა განხორციელდება მხოლოდ ჩარტერული რეისებით;
ამასთან, „ინდოეთის რესპუბლიკიდან საქართველოში ჩარტერული რეისის შესრულებისას, ავიაკომპანიას ეთხოვოს მგზავრების დოკუმენტაციის ვალიდურობის ადგილზე გადამოწმება, წამოსვლამდე“, – აღნიშნულია მთავრობის დადგენილებაში.
„უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტები (გარდა უცხოელი სტუდენტებისა, რომლებიც არ მოემგზავრებიან ინდოეთის რესპუბლიკიდან), საქართველოში შემოსვლის მიზნით, ვალდებულნი არიან, დარეგისტრირდნენ ელექტრონული წესით საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე – „StopCov.ge“, ელექტრონულ პროგრამაში… საქართველოში შემოსვლისას საზღვარზე წარადგენენ ნებისმიერი ტიპის კოვიდვაქცინის სრული კურსის (ორი დოზა, ხოლო johnson&Johnson ვაქცინაციის შემთხვევაში − ერთი დოზა) დამადასტურებელ დოკუმენტს, ხოლო ინდოეთის რესპუბლიკიდან მომავალი უცხოელი სტუდენტები (მიუხედავად მოქალაქეობისა და ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარებისა) კი, დამატებით წარადგენენ საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიურ პასუხს, საზღვრის კვეთიდან 3 დღის განმავლობაში გაივლიან სავალდებულო თვითიზოლაციას და მე-3 დღეს უზრუნველყოფენ საკუთარი ხარჯით PCR კვლევის ჩატარებას“, – აღნიშნულია დადგენილებაში.
14 აპრილიდან თურქეთში ორი კვირით ამოქმედდება შეზღუდვა გადაადგილებასთან დაკავშირებით.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის 14 აპრილიდან თურქეთში მოქალაქეებს ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ კვირის სამუშაო დღეებში საღამოს 7-დან დილის 5 საათამდე.
ასევე, ძალაში რჩება შაბათ-კვირას ქუჩაში გასვლის შეზღუდვა, რომელიც თურქეთში 30 მარტს ამოქმედდადიდ ქალაქებში.
გარდა ამისა, სამუშაო დღეებში საღამოს 7 საათიდან დილის 5 საათამდე და შაბათ-კვირას, გადაუდებელი შემთხვევების გარდა, მოქალაქეებს ეკრძალებათ საქალაქთაშორისო მიმოსვლა.
ინფორმაციას ამის შესახებ ავრცელებს საქართველოს საელჩო თურქეთში.
თურქული მედიის ცნობით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში თურქეთში კორონავირუსის 59 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა. ეს კორონავირუსის ახალი ანტირეკორდია თურქეთში.
15 აპრილს მოდის სახლმა Gucci წელს თავისი პირველი კოლექცია უნდა წარადგინოს სახელწოდებით ,,Aria”. დასავლიური მედია წერს, რომ Gucci-ს კრეატიული დირექტორი, ალესანდრო მიკელე წლევანდელი კოლექციის წარდგენისას აჩვენებს მოდის სახლ ,,Balenciaga“-სთან ერთად შექმნილ ნამუშევრებსაც, რომლის კრეატიული დირექტორიც ქართველი დიზაინერი დემნა გვასალიაა.
როგორც ცნობილია, მოდის სახლი „Gucci“ არასდროს თანამშრომლობს შემთხვევით მოდის სახლებთან. შარშან, მაგალითად, იმუშავა „The North Face“-თან, ცოტა ხნის წინ კი სამხრეთ კორეელ პოპვარსკვლავ KAI, იგივე კიმ ჯონგ-ინისთან.
„Gucci“ ახალ კოლექციას, სახელწოდებით ,,Aria” 15 აპრილს წარუდგენს მსოფლიოს ციფრულ პლატფორმებზე მოკლემეტრაჟიანი ფილმის სახით. 2021 წელი Gucci-ს საიუბილეო თარიღია, ბრენდი 100 წლისაა.
თუმცა ჯერ არც „Gucci“ და არც „Balenciaga“ ამაზე კომენტარს არ აკეთებს.
მსოფლიო მოდის სიახლეებზე ორიენტირებული გამოცემა WWD საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აქამდე ერთმანეთის კონკურენტი ეს ორი სამოდელო სახლი „Gucci“ და „Balenciaga“ ერთიანდება. მათივე შეფასებით ეს ისეთივე მოულოდნელი კოლაბორაცია იქნება, როგორიც შეიძლება იყოს „Adidas“-ის და „Nike“-ის გაერთიანება.
ონლაინ გაყიდვების რეიტინგის მაჩვენებელი პლატფორმა Lyst-ის მიხედვით, ბოლო სამი თვის განმავლობაში მოდის სახლი Gucci სიის პირველი ნომერია, წელს ონლაინსივრცეში ბრენდმა ყურადღება მიიქცია ერთდროულად მოდისა და კინოს ონლაინფესტივალით, რომელსაც #GucciFest ერქვა, ასევე ამერიკულ Vogue-ში გამოქვეყნებული ჰარი სტაილზის სამოსით.
Balenciaga ონლაინგაყიდვების რეიტინგში სიით მეორეა. კომპანია აგრძელებს ციფრულ ტექნოლოგიებზე ორიენტირებული ინიციატივების ინვესტირებას – Balenciaga-მ 2021 წლის შემოდგომის კოლექციაც ვიდეოთამაშის სახით წარმოადგინა.