მთავარი,სიახლეები

„წინააღმდეგი ვარ პლაჟების კერძო საკუთრებაში გადაცემის“ – ბათუმის ბულვარის დირექტორი

30.03.2021 • 4980
„წინააღმდეგი ვარ პლაჟების კერძო საკუთრებაში გადაცემის“ – ბათუმის ბულვარის დირექტორი

ირაკლი ჯინჭარაძე, ბათუმის ბულვარი დირექტორი მივიდა დღეს საკრებულოს სხდომაზე, სადაც ბულვარის მოპირდაპირე მხარეს, პლაჟის სასტუმროსთვის გადაცემის საკითხი განიხილება და განაცხადა, რომ ბულვარი საჯარო ადგილია და ის ყველასთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი.

„ბულვარი არის საჯარო და უნდა იყოს ყველასათვის მისაწვდომი.

მე, როგორც ბულვარის დირექტორმა ეს დავაფიქსირე, ეს ჩემი ვალდებულება იყო და ეს გავაკეთე.

სულ რაღაც ათ დღეში შემოვა უკვე ბულვარის განაშენიანების დოკუმენტი და დაველოდოთ და შემდგომ მივიღოთ გადაწყვეტილება, იქნება პრივატპლაჟები თუ ყველასათვის.

არა გვაქვს ჩვენ ფუფუნება, ძალიან პატარა სანაპირო გაგვაჩნია, ამიტომ უნდა იყოს ყველასათვის.

ბათუმის ბულვარის პლაჟს სარგებლობს როგორც ბათუმელი, გურული, იმერელი, კახელი, თბილისელი და არ ყოფნის!

მე წინააღმდეგი ვარ პლაჟების გადაცემის კერძო საკუთრებაში. პრაქტიკიდან გამომდინარე, არ მოგვიტანა შედეგი.

ვხედავთ, რომ შუაგულ ძეგლში, ძველ ტერიტორიაზე, აუზია შემოღობილი, უნდა „ალიანსს“ ასევე პლაჟი „მერიოტისათვის“ და უნდა სხვადასხვა კომპანიას.

ხვალ ჩვენ მოვალთ ისე, რომ ვერავინ ვერ შევალთ, თუ არ გადავიხდით 50 და 100 ლარს. ეს შეუძლებელია, ბულვარი არის საჯარო სივრცე, ქვეყნის მთავარი საჯარო სივრცე და არა მარტო ქალაქის,“ – განაცხადა ირაკლი ჯინჭარაძემ საკრებულოს სხდომიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან.

მას საკრებულოს შენობის წინ შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა ტაში დაუკრეს.

დღეს, 30 მარტს, ბათუმის საკრებულოში დილიდან ხმაურია. საკრებულო სხვა საკითხებთან ერთად განიხილავს სასტუმრო „ლე მერიდიანის“ მფლობელი კომპანიისთვის ბულვარის გასწვრივ, „ლე მერიდიანის“ შენობის პირდაპირ, 3380 კვ.მ. ტერიტორიის გრძელვადიანი იჯარით გადაცემის საკითხს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: