მთავარი,სიახლეები

ვერცხლის 5-ლარიანი მონეტის რეალიზაცია ივლისიდან დაიწყება

28.04.2017
ვერცხლის 5-ლარიანი მონეტის რეალიზაცია ივლისიდან დაიწყება

ქართული ვაზის თემაზე საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტის რეალიზაცია მიმდინარე წლის ივლისიდან დაიწყება.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მონეტა იაპონიის ზარაფხანაში იჭრება. ის 15,5 გრამს იწონის. სულ მოიჭრება 1500 ცალი მონეტა. რაც შეეხება მონეტის შეძენას, ეს შესაძლებელი იქნება როგორც ეროვნული ბანკის საკასო ცენტრსა და ყვარლის ფულის მუზეუმში, ისე ეროვნული ბანკის ვებგვერდზე განთავსებული ონლაინმაღაზიის მეშვეობით. მონეტის სარეალიზაციო ფასი მოგვიანებით დადგინდება.

„2017 წელს საფრანგეთში, ბორდოს ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში საქართველო საპატიო სტუმარი იქნება, სადაც იგი წარმოაჩენს როგორც  მევენახეობა-მეღვინეობას, ასევე ქართულ კულტურას, ეთნოგრაფიასა და ისტორიას. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გადაწყვიტა ამ მოვლენას გამოეხმაუროს და ქართული ვაზის თემაზე საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტა გამოუშვას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც ქვეყნის პოპულარიზაციასა და ქართული ღვინის კულტურის მსოფლიო ცნობადობის ამაღლებას,“ – აცხადებს ეროვნული ბანკი.

ავერსი:

Print

მონეტის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს ოქროსფერი ქვევრის სქემატური გამოსახულება პირობითი ჭრილით. მუქი წითელი ფერით გამოსახულია ღვინო ქვევრში. ქვევრს გასდევს ვაზის გამოსახულება. მცენარის ფესვები ხაოიან ზედაპირზეა ამოტვიფრული, ვარჯი, ფოთლები და მტევნები ხაოიანია და განთავსებულია პრიალა ზედაპირზე.

მონეტის რკალს ქვედა ნაწილში წრიულად მარცხნიდან მარჯვნივ გასდევს შემდეგი წარწერები: „საქართველო“, „2017“, „GEORGIE“ (ფრანგულ ენაზე ), „5 ლარი“.

რევერსი:

Print

მონეტის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს საფრანგეთის ქალაქ ბორდოში მდებარე ღვინის ცივილიზაციის მუზეუმის შენობის გრაფიკული გამოსახულება, სადაც 2017 წელს საქართველო  საპატიო სტუმარი იქნება.

მონეტის მარჯვენა ზედა ნაწილში გამოსახულია ნომინალი და ლარის სიმბოლო – „5 ლ“, ხოლო რკალს წრიულად გასდევს წარწერები ფრანგულ ენაზე – „LA GÉORGIE – PREMIER VIGNOBLE INVITÉ DE LA CITÉ DU VIN DE BORDEAUX“ – „საქართველო – ბორდოს ღვინის ცივილიზაციის ცენტრის პირველი საპატიო სტუმარი“.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მონეტის დიზაინი ღია კონკურსის წესით შეირჩა და მისი ავტორი ნინო გონგაძეა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: