მოსახლეობისთვის კორონავირუსის პრევენციისა და ვაქცინაციის პროცესის შესახებ ინფორმაციის მიწოდების, ასევე „ვაქცინაციის ხელშწყობისთვის“ საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი [NCDC] გარე რეკლამაში 15 148 ლარს ტენდერის გარეშე გადაიხდის. ამ მიზნით, თანხმობისთვის, ცენტრმა შესყიდვების სააგენტოს მიმართა. აღნიშნული თანხით დამზადდება 14 ბილბორდი, თუმცა კონკრეტულად სად განათავსებენ მათ, ცენტრის განაცხადში არ არის დაკონკრეტებული.
„განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საკომუნიკაციო კამპანიის ყველა მიმართულებას, მათ შორის ყველა ტიპის რეკლამას, განსაკუთრებით კი გარე რეკლამას, რომელზე წვდომა აქვს ნებისმიერ ადამიანს განურჩევლად ასაკისა, სქესისა, ეროვნებისა, ოჯახური მდგომარეობისა და სოციოეკონომიური სტატუსისა…“ – აცხადებს NCDC.
ცენტრის ინფორმაციით, მათ, 14 გარე ბილბორდის [8 ბიბორდი ზომით 3 მ. X 6 მ.; 4 ბილბორდი ზომით 2.8 მ. X 5.8 მ. და 2 ბილბორდი ზომით 2.77 მ. X 3.8 მ.] დამზადება და განთავსება, ყველაზე დაბალ ფასად, შპს „ალმამ“ შესთავაზა. შესაბამისად, ხელშეკრულება ამ კომპანიასთან გაფორმდება.
„COVID-19 პანდემიასთან და მის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით ინფორმაცია მუდმივად ცვალებად რეჟიმშია მსოფლიოში. ასევე ცვალებადია ავტორიტეტულ ორგანოებზე დაყრდნობით სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. მუდმივად მიმდინარე გამოკითხვებისა და კვლევების საფუძველზე ასევე ცვალებადია ინფორმაციის სხვადასხვა წყაროზე მოთხოვნილება. საგანმანათლებლო და საკომუნიკაციო კამპანია ფართოვდება სხვადასხვა მიმართულებით და ამ ეტაპზე მწვავედ დადგა გარე რეკლამის საკითხი, რაც მოითხოვს გადაუდებელ გადაწყვეტას, თუ გვინდა მივაღწიოთ დასახულ მიზანს – ავცრათ მოსახლეობის 60%“, – აღნიშნულია NCDC-ის განაცხადში.
საქართველოში ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტს მედპერსონალის აცრით დაიწყო, თუმცა პროცესი ნელი ტემპით მიმდინარეობს. ცენტრის ინფორმაციით, 11 აპრილის დილის მონაცემებით საქართველოში სულ აცრილია 19 694 ადამიანი.
დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსის ე.წ მესამე ტალღა უკვე დაიწყო.
რაც შეეხება საქართველოში შემოტანილი ვაქცინების ფასებს, NCDC-ში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ეს კომერციული საიდუმლოა:
საქართველოში კოვიდზე ვაქცინაციის კუთხით მოსახლეობის ინფორმირების მიზნით საკომუნიკაციო კომპანიის [კონსულტანტის] დაიქირავებას გეგმავს ჯანდაცვის სამინისტროც [შესყიდვების პორტალის მიხედვით, ხელშეკრულება ამ დროისთვის რომელიმე კომპანიასთან გაფორმებული არ არის].
ამ თემაზე:
ბათუმის რესპუბლიკურს ეყოლება 3 ამცრელი ბრიგადა – კოვიდზე აცრის ჩატარების წესი