სიახლეები

რა მიუსაჯეს კაცს ლიფტში ცოლის ცემისთვის

12.04.2021
რა მიუსაჯეს კაცს ლიფტში ცოლის ცემისთვის

იმის გამო, რომ ბრალდებულმა დათო ბ.-მ აღიარა დანაშაული და ნაცემი ცოლიც შეურიგდა, სასამართლომ მას მხოლოდ პირობითი მსჯავრი შეუფარდა. დათო ბ.-მ ცოლს საკუთარი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში, შემდეგ კი, საძინებელში სცემა.

„ოჯახის წევრები იმყოფებიან მის [ბრალდებულის] კმაყოფაზე,“ – ვკითხულობთ განაჩენის იმ ნაწილში, სადაც მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე გადაწყვეტილებას სამართლებრივად ასაბუთებს.

განაჩენის მიხედვით, შემთხვევა ბათუმში ღამის ორის ნახევარზე მოხდა, როცა დათომ „ოჯახის წევრს, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს, ხატია თ.-ს ძლიერად მოქაჩა თმა და ძალის გამოყენებით შეიყვანა საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში, ლიფტის კაბინაში, სადაც კაბინის კედელზე რამდენჯერმე დაარტყმევინა თავი და ხელი გაარტყა სახის არეში,“ – აღნიშნულია განაჩენში.

კონფლიქტი სახლშიც გაგრძელდა. დაზარალებულმა ქალმა პოლიციელებს უთხრა, რომ საძინებელში ყოფნის დროს ქმარმა მას ფეხი სხვადასხვა ადგილზე ჩაარტყა, ხოლო მისი მობილური ტელეფონი იატაკზე დააგდო და დააზიანა.

სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ხატიას მარჯვენა მხრის სახსრის და თხემის მიდამოებში აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები, რომლებიც განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.

„ბრალდებული ნასამართლობის არ მქონეა, აღიარებს ჩადენილს, დაზარალებულთან შერიგებულია და დღესაც ერთად ცხოვრობენ. წარმოდგენილია წერილობითი განცხადება, სადაც დაზარალებული აცხადებს, რომ ბრალდებულის მიმართ რაიმე სახის პრეტენზია არ გააჩნია.  არის დასაქმებული, ჰყავს ოთხი შვილი, ოჯახის წევრები იმყოფებიან მის კმაყოფაზე,“ – აღნიშნავს მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე.

დათო ბ.-ს მოსამართლემ 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, რაც ჩაუთვალა პირობით 2 წლის გამოსაცდელი ვადით.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: