მთავარი,სიახლეები

“ლაივი მქონდა, პოლიციელები თმაში მწვდნენ და ტელეფონი დამაგდებინეს” – გენრი დოლიძის ცოლი

04.04.2021
“ლაივი მქონდა, პოლიციელები თმაში მწვდნენ და ტელეფონი დამაგდებინეს” – გენრი დოლიძის ცოლი

დღეს, 4 აპრილს მოძრაობა “სირცხვილიას” ოფისში რამდენიმე აქტივისტი დააკავეს. დაკავებულებიდან ერთი პირი, ირაკლი კუკანია ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. სხვა დაკავებულები, მათ შორის გენრი დოლიძე ამ დრომდე პოლიციის განყოფილებაში რჩებიან.

გენრი დოლიძე სამართალდამცველებმა დაკავების შემდეგ ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილებაში მიიყვანეს. დაკავების ფაქტის შემსწრე და თვითმხილველი იყო ონლაინ გამოცემა “ასეას” დამფუძნებელი და გენრი დოლიძის ცოლი თამარ თედიაშვილი.

“გენრისთან ერთად მესამე განყოფილებაში არის კიდევ ერთი ბიჭი გეგა ნაკაშიძე. საფუძველი არ ვიცი. იმ წუთას იყო ასეთი სიტუაცია  – მე შემიშალეს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი. ლაივი მქონდა. პოლიციელები თმაში მწვდნენ და ტელეფონი დამაგდებინეს. ეს რომ დაინახა გენრიმ გაბრაზდა. ეგრევე გადაუგრიხეს ხელები. გარედან ვნახე განყოფილებაში – ტანსაცმელი შემოხეული აქვს და დაზიანებები აქვს სხეულზე. არ ვიცი უშვებენ თუ არა,” – უთხრა “ბათუმელებს” თამარ თედიაშვილმა.

“ბათუმელები” ასევე ესაუბრა ხელწერილით გათავისუფლებულ ირაკლი კუკანიას, რომელმაც მომხდარის დეტალები გაიხსენა:

“მეგობრები ვიყავით შეკრებილი ოფისში. ეს არ იყო კომერციული ხასიათის ღონისძიება, რომ ოფისში შემოსვლის რაიმე მიზეზი ჰქონოდათ. როდესაც მოვიდნენ პოლიციელები, შემოსვლის მომენტში მათ ვთხოვეთ წარმოედგინათ რაიმე საბუთი, რომ მათ ამ ოფისში შემოსვლის უფლება ჰქონდათ. მათ რა თქმა უნდა არაფერი არ წარმოადგინეს და ხულიგნურად შემოვიდნენ. კარებში მე ვიდექი. რომ არ ვუშვებდი, შემომახიეს ტანსაცმელი, ტელეფონი დამიმტვრიეს, დაკავების დროს, როდესაც წამაქციეს (არ მახსოვს, რაღაცას ჩავეჭიდე), ფეხებს მირტყამდნენ სახეში და ხელებზე რომ ხელი გამეშვა.

მაკავებდნენ და რისი გულისთვის მაკავებდნენ, არც განუმარტავთ. დაზიანებები მაქვს სხეულზე. თავიდან აპირებდნენ ჩემს ე.წ. კაპეზეზე გადაყვანას, სავარაუდოდ იმიტომ, რომ დაზიანებები აღმენიშნება, მერე გადაიფიქრეს და ხელწერილით გამომიშვეს. დაკავების ოქმზე ხელი არ მოვაწერე, რადგან იქ ეწერა რომ თითქოს საზოგადოებრივ წესრიგს ვარღვევდი, მაგრამ მე არაფერს არ ვარღვევდი, ამიტომ არ მოვაწერე,” – უთხრა “ბათუმელებს” ირაკლი კუკანიამ.

“ბათუმელებს” ამ დრომდე არ მიუღია ოფიციალური ინფორმაცია შსს-სგან თუ რამდენი პირია დაკავებული და რის საფუძველზე.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: