მთავარი,სიახლეები

11 სკოლა დახურულია, ინფიცირებული მოსწავლეების რიცხვს არ ასახელებენ – კოვიდი აჭარაში

12.04.2021
11 სკოლა დახურულია, ინფიცირებული მოსწავლეების რიცხვს არ ასახელებენ – კოვიდი აჭარაში

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, დღეს, 12 აპრილის მდგომარეობით, აჭარაში 11 საჯარო სკოლაა დახურული.

„ბათუმელების“ კითხვას, აჭარაში რამდენი მოსწავლეა ამ დროისთვის კოვიდით ინფიცირებული, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი არ პასუხობს. ცენტრში გვითხრეს, რომ ინფიცირებულთა რაოდენობის შესახებ მხოლოდ თვეში ერთხელ გააჟღერებენ ინფორმაციას და დაასახელებენ მხოლოდ პროცენტულ მაჩვენებელს.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, დღეს საკლასო ოთახში სწავლებას ბათუმის მე-14 საჯარო სკოლა დაუბრუნდა:

„ხვალიდან ლეღვას პირველი საჯარო სკოლა დაუბრუნდება და კვირის განმავლობაში იგეგმება კიდევ სხვა სკოლების გახსნაც. დღეს დაიხურა ორი საბავშვო ბაღი, ხვალიდან კი ფუნქციონირებას განაახლებს ქობულეთის ერთი ბაღი,“ – განაცხადა დღეს, 12 აპრილს, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ნონა ეფაძემ.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის აჭარაში ონლაინსწავლებაზეა 14 კლასი.

ნონა ეფაძის თქმით, სკოლებსა და ბაღებში წერტილოვანი შეზღუდვები უკავშირდება გამოვლენილ შემთხვევათა რაოდენობას და ვირუსის გავრცელების პრევენციას.

რაც შეეხება კორონავირუსის მესამე ტალღას, როგორც ნონა ეფაძე ამბობს, აჭარაში შემთხვევათა მატება გვაქვს:

„ეს არ არის მკვეთრი მატება და ჯერჯერობით ამ შემთხვევებს ვერ დავარქმევთ მესამე ტალღას, თუმცა ძალიან საყურადღებოა და მნიშვნელოვანია რეკომენდაციების დაცვა და გადაწყვეტილებებიც ეპიდსიტუაციის მიხედვით იქნება მიღებული,“ – ამბობს ნონა ეფაძე.

ოფიციალური მონაცემებით, დღეს აჭარაში კორონავირუსის 46 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: