მთავარი,სიახლეები

ისრაელში დასაქმებისთვის მოქალაქეები დარეგისტრირებას დღეიდან შეძლებენ

12.04.2021
ისრაელში დასაქმებისთვის მოქალაქეები დარეგისტრირებას დღეიდან შეძლებენ

დღეიდან, 12 აპრილიდან, საქართველოს მოქალაქეების ისრაელში ლეგალურ დასაქმებაზე რეგისტრაცია დაიწყო.  რეგისტრაცია შესაძლებელია პორტალზე:  workabroad.moh.gov.ge

ისრაელის სახელმწიფოსა და საქართველოს მთავრობების   შეთანხმების თანახმად, საქართველოს მოქალაქეები ისრაელის სახელმწიფოში ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში დამხმარეს პოზიციაზე დასაქმდებიან.

დასაქმების ხანგრძლივობა 1 წელია, ისრაელში ჩასული დასაქმებული მიიღებს ერთწლიან ვიზას, რომლის მოქმედების ვადის გაგრძელება შესაძლებელია ყოველწლიურად, მაქსიმუმ 5 წლის განმავლობაში.

ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, კანდიდატს უნდა ესმოდეს და ეთანხმებოდეს, რომ აუცილებლად უნდა დატოვოს ისრაელი სამუშაო ვიზის ვადის გასვლის შემდეგ. ასევე, უნდა აცნობიერებდეს, რომ იგი ვერ შეძლებს მომავალში ისრაელში მუშაობას.

2021 წლის განმავლობაში დაგეგმილია  1000 საქართველოს  მოქალაქის დასაქმება ისრაელში.

საქართველოს მოქალაქეები ისრაელში ხანგრძლივი მოვლის საჭიროების მქონე პაციენტებისათვის განკუთვნილ სამკურნალო დაწესებულებებში დასაქმდებიან. მათ ევალებათ ხანდაზმულების/შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პაციენტების მოვლა.

ისრაელში დასაქმებული დამხმარეს ფუნქცია-მოვალეობებია:

• პაციენტის მოვლა და გადაადგილებაში დახმარება;
• პაციენტის ჰიგიენაზე ზრუნვა [მათ შორის, დაბანა, მოწესრიგება, თეთრეულის გამოცვლა]
• პაციენტის კვება/კვებაში დახმარება;
• პაციენტთან კომუნიკაცია;
• პალატის სისუფთავის დაცვა;
• ექთნის ზედამხედველობისა და მითითებების შესაბამისად პაციენტებისათვის საჭირო სხვა დახმარების გაწევა.

დასაქმება გულისხმობს მუშაობას სრული განაკვეთით – კვირაში 6 სამუშაო დღე, 42 საათი კვირაში. შესაძლებელია ზეგანაკვეთური მუშაობა [კვირაში დამატებით 16 საათი ან მეტი], რომელიც ანაზღაურდება გაზრდილი ტარიფით.

ისრაელში დასაქმებას საქართველოს 1000 მოქალაქე შეძლებს – რეგისტრაცია 12 აპრილს დაიწყება

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: