მთავარი,სიახლეები

დაბრუნდით კანონის ჩარჩოებში – არასამთავრობო შსს-ს მიმართავს

11.04.2021
დაბრუნდით კანონის ჩარჩოებში – არასამთავრობო შსს-ს მიმართავს

სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) ნამოხვანში კარვების აღებას ეხმაურება და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს “მათ მიერ მიღებული ზომები დაუყოვნებლივ დააბრუნოს კანონის ჩარჩოებში”.

„[შსს-მ] უზრუნველყოს რიონის ხეობის მცველების და მათი მხარდამჭერების შეკრების, გამოხატვისა და გადაადგილების თავისუფლების უზრუნველყოფა. მოვუწოდებთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, საელჩოებსა და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ინსტიტუტებს: მათი მანდატისა და მათ ხელთ არსებული შესაძლებლობების ფარგლებში, მიიღონ ყველა ზომა რიონის ხეობაში დღეს მიმდინარე პროცესების ადამიანის უფლებების ფარგლებში, დემოკრატიული და მშვიდობიანი გზით წარმართვისათვის,“ – ნათქვამია სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრძანებით, რიონის ხეობაში პროტესტის მონაწილეების კარვები დღეს, 11 აპრილს, დაშალეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კარვების დაშლა რიონის მოსალოდნელი ადიდების და იქ მიმდინარე სამძებრო-სამაშველო სამუშაოების მოტივით ახსნა. გუშინ, 10 აპრილს, კარვების სიახლოვეს უბედური შემთხვევა მოხდა, ერთი პირი მდინარე რიონში შევიდა და გაუჩინარდა.

„ამ დრომდე გუმათჰესთან იმყოფებიან რიონის ხეობის მცველები, რომლებიც ცდილობენ ნამოხვანის კარვების მიმართულებით გადაადგილებას, თუმცა პოლიცია მათ სრულიად უკანონოდ და დაუსაბუთებლად უზღუდავს ნამოხვანში შესვლას.

მივიჩნევთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოხმობილი დასაბუთება არადამაჯერებელია და ის მხოლოდ რიონის ხეობის მცველების მშვიდობიანი და კანონიერი პროტესტის ხელშეშლას ისახავს მიზნად, რაც სრულიად მძიმე გაუმართლებელი და არაპროპორციული ჩარევაა შეკრების და გამოხატვის თავისუფლებაში.

რიონის ხეობის მცველების ფუნდამენტური უფლებების ამგვარი უხეში და დაუსაბუთებელი შეზღუდვა ქმნის პროცესების დამატებითი გამწვავების რისკებს, რასაც ხელისუფლება არათუ არ აზღვევს, ხელს უწყობს და განაპირობებს მისივე მოქმედებებით, რაც მოვლენების შემდგომ განვითარებას სრულად ხელისუფლების პასუხისმგებლობის ქვეშ აქცევს,“ – ნათქვამია სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებაში.

მთავარი ფოტო: სოციალური სამართლიანობის ცენტრი

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: