განათლება,მთავარი,სიახლეები

დიდია მასწავლებლების გადაწვის და სკოლიდან წასვლის რისკი – რატიანი

12.04.2021 • 5631
დიდია მასწავლებლების გადაწვის და სკოლიდან წასვლის რისკი – რატიანი

ვებინარზე, რომელიც შეეხებოდა პანდემიის გამო მოსწავლეთა აკადემიური ჩამორჩენის დაძლევის სტრატეგიებს, მკვლევარის სტატუსით მიწვეული იყო მანანა რატიანი, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის უფროსის მოადგილე. მან მოსწავლეთა აკადემიური ჩამორჩენის დაძლევის შესაძლო გზებზე ისაუბრა და იმ გამოწვევებზე, რაც კვლევის პროცესში გამოჩნდა. რატიანის თქმით, კვლევის შედეგებიც მაისის ბოლოს იქნება ცნობილი.

კვლევა რემედიაციის [აკადემიური ჩამორჩენის დაძლევის გზები] საკითხებსაც მოიცავს.

მანანა რატიანის თქმით, კვლევის თანახმად, როგორც სკოლის დირექტორები, ასევე პედაგოგები იაზრებენ იმას, რომ მიუხედავად ონლაინსწავლებაში მოსწავლეების ჩართულობისა, „მათ ვერ დადეს“ ის შედეგები, რაც მათ პირისპირ სწავლების დროს უნდა დაედოთ.

რატიანის თქმით, პანდემიამ გააჩინა კიდევ ერთი ტერმინი – ციფრული გაყოფა, რომელმაც ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობას თავისი კვალი დაატყო და კიდევ უფრო გაზარდა სოციალური უთანასწორობა.

„გარდა იმისა, რომ მოსწავლეების გარკვეული ნაწილი ვერ ერთვებოდა ონლაინგაკვეთილებში იმის გამო, რომ არ ჰქონდათ კომპიუტერი, ინტერნეტი და გაჩნდა სხვა ბევრი ტექნიკური პრობლემა, პანდემიამ აჩვენა მოსწავლეებისა და მშობლების კომპეტენციების პრობლემაც ციფრული ტექნოლოგიების ფლობაში.

ჩვენ გვგონია, რომ თანამედროვე მოსწავლეები თითქოს გაწაფული არიან ტექნოლოგიებში, რადგან იციან კომპიუტერული თამაშები, შეუძლიათ ონლაინშოფინგი და ჯავშნის გაკეთება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათ ასევე კარგად შეუძლიათ საგანმანათლებლო პროგრამების გამოყენება ტექნოლოგიურად. იმ ოჯახებმა, სადაც მშობლებს ჰქონდათ მეტი კომპეტენციები ტექნოლოგიებში, უფრო მარტივად გაიარეს ეს პროცესი და აქაც გამოჩნდა მოსწავლეების და ოჯახების გაყოფა“, – ამბობს რატიანი.

რაც შეეხება რემედიაციას, თუ როგორ უნდა დაძლიონ სკოლებმა აკადემიური ჩამორჩენა, მანანა რატიანის თქმით, აქ მოსაზრებები განსხვავებულია.

„ვფიქრობ, რომ კვლევითი ჯაჭვი ამ მიმართულებით თავად  სკოლებმა უნდა გააკეთონ. სკოლებმა უნდა გააკეთონ  ამ პრობლემების იდენტიფიცირება და შეიმუშაონ ის პროგრამები, რომელთა მეშვეობითაც აპირებენ რემედიაცია განახორციელონ. ცენტრალიზებულად ამის განხორციელდება ძალიან გართულდება“, – ამბობს რატიანი.

მისი თქმით, ცენტრალიზებულად შეიძლება შემუშავდეს გარკვეული ტესტური ინსტრუმენტები, რომელზე დაყრდნობითაც გამოთვლიან სკოლები სად არის დანაკარგი და რაში სჭირდებათ მოსწავლეებს დახმარება. „სხვა დანარჩენ შემთხვევაში ამის შესწავლა და განხილვა სკოლაში უნდა მოხდეს, რომ სკოლებმა თავად დაიწყონ ეფექტური რემედიაციის პროგრამების განხორციელება – ჩვენ რაც არ უნდა ეფექტური შევიმუშაოთ, ყველა მოსწავლეზე, ყველა ინდივიდზე ვერ ვიქნებით და ვერ ვიფიქრებთ ერთი კაბინეტიდან“, – ამბობს მანანა რატიანი.

რაც შეეხება ონლაინსწავლების რეკომენდაციებს, მანანა რატიანის თქმით, მასწავლებლები მოითხოვენ კურიკულუმის მოქნილობას, რაც მეტ თავისუფლებას მისცემს მასწავლებლებს. „კურიკულუმის მოქნილობა ხელს შეუწყობს იმას, რომ ონლანსწავლების პროცესი მასწავლებლებისთვის აღარ იქნება დამთრგუნველი და აღარ ექნება ადგილი მასწავლებლების გადაწვას. რადგან მათ თითქმის ორი წელია პანდემიის გამო უწევთ ჰიბრიდულ ფორმატში მუშაობა და არ იციან, როგორი იქნება ხვალინდელი დღე.

მუდმივი ცვლილება, არასტაბილურობის განცდა იმ ნერვიულობის ფონზე, რომელიც უწევს ოჯახის წევრების თუ საკუთარი ჯანმრთელობის გამო, ყველაფერს კიდევ უფრო ართულებს.

ამიტომ ამ პროცესში არ უნდა დაგვავიწყდეს მასწავლებელი და მთელი ტვირთი მასზე არ უნდა გადავიტანოთ. სისტემაც უნდა ეცადოს მისთვის კომფორტული გახადოს ეს პერიოდი, რადგან ვხედავთ, რომ პანდემია დროებითი არ არის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან დიდია მასწავლებლების გადაწვის და მათი სკოლიდან წასვლის რისკი“, – ამბობს რატიანი.

რატიანის თქმით, თუკი მასწავლებლები დაინახავენ, რომ ამ დატვირთვის ფონზე კიდევ გაჩნდება დამატებით რეგულაციები – რაღაც ახალი ფუნქციები, ეს მათ ცხოვრებას კიდევ უფრო გაართულებს. „ასეთ შემთხვევაში არათუ მოსწავლეების აკადემიური ჩამორჩენა, შესაძლოა სწავლის პროცესიც ვეღარ მივიდეს ბოლომდე“.

ვებინარის ორგანიზატორი იყო კოალიცია „განათლება ყველასათვის“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: