მთავარი,სიახლეები

რა გადაწყვიტა სასამართლომ – ბათუმში დაკავებული აქტივისტების საქმე

12.04.2021 • 1370
რა გადაწყვიტა სასამართლომ – ბათუმში დაკავებული აქტივისტების საქმე

დღეს, 12 აპრილს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაიმართა მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისში დაკავებული აქტივისტების, გენრი დოლიძისა და გიგა ნაკაშიძის სასამართლო პროცესი.

მოსამართლე ირმა ტოგონიძემ გენრი დოლიძის ნაწილში ადმინისტრაციული სამართალწარმოება შეწყვიტა, ხოლო გიგა ნაკაშიძე გინებისთვის 500 ლარით დააჯარიმა. კიდევ ერთი აქტივისტის, ირაკლი კუკანიას სასამართლო განხილვა გადაიდო.

„მე ვიზიარებ, ბატონო გენრი, თქვენს პოზიციას… ვთვლი, რომ სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია… იყო გარკვეული ნიშნები, უწმაწური სიტყვებიც, მაგრამ აუცილებელია ამის კომპლექსში განხილვა,”- აღნიშნა მოსამართლე ირმა ტოგონიძემ.

მოსამართლის აზრით, როცა მოქალაქე ქუჩაში იგინება, პოლიციელმა იგი პირდაპირ კი არ უნდა დააკავოს, არამედ გაარკვიოს, რა ხდება და შენიშვნით, მოწოდებით სცადოს მისი დამშვიდება.

მოსამართლემ გიგა ნაკაშიძის ნაწილში ასევე არ მიიჩნია, რომ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ჰქონდა ადგილი. ის მხოლოდ წვრილმანი ხულიგნობისთვის დაჯარიმდა.

„პოლიციელები გვეძახდნენ ლაწირაკებს…“ – უთხრა მოსამართლე ირმა ტოგონიძეს მოწმის სახით დაკითხულმა თამარ კურატიშვილმა. ის მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთი ორგანიზატორია და 3 აპრილს „სირცხვილიას“ ბათუმის ოფისში პოლიციელების შეჭრასა და აქტივისტების დაკავებაზე მისცა ჩვენება.

„პოლიციელები ითხოვდნენ დაგვეტოვებინა შენობა, მაგრამ ვერ გვიხსნიდნენ, რატომ… მუდმივად ვუმეორებდი ამ კითხვას პოლიციელებს, ერთი მათგანი მპასუხობდა, მადროვეთ, მადროვეთო, ირაკლი ერქვა, გვარი არ მახსოვს.  სხვა პასუხი არ მომისმენია…

ეს იყო ფაქტობრივად წამება, ადამიანები წააქციეს, ურტყამდნენ, აგინებდნენ,”- დაასრულა თამარ კურატიშვილმა.

„იგინებოდა თუ არა გენრი დოლიძე დაკავების დროს?“ –  ჰკითხა „სირცხვილიას“ აქტივისტს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა, რომელიც სასამართლო პროცესზე ამ უწყებას წარმოადგენდა.

„არ ვიცი, იგინებოდა თუ არა… რთული იყო ამის დადგენა, იმდენი ვინმე იგინებოდა,“ – აღნიშნა თამარ კურატიშვილმა

„როგორ იქცეოდა გენრი დოლიძე დაკავების დროს?“- ისევ იკითხა პოლიციელმა.

„ის უწევდა წინააღმდეგობას პოლიციელებს, რადგან მისი დაკავების არანაირი საფუძველი არ არსებობდა,“ – უპასუხა პოლიციელს „სირცხვილიას“ აქტივისტმა.

საუბარია 3 აპრილს კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით გამართულ აქციაზე ბათუმსა და თბილისში. სწორედ ამ აქციას მოჰყვა სამი აქტივისტის დაკავება. ბათუმელი აქტივისტები, რომლებიც მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისში საპროტესტო აქციის შემდეგ შეიკრიბნენ, 4 აპრილს, გამთენიისას დააკავეს. სულ დაკავებული იყო სამი ადამიანი: გენრი დოლიძე, მუსიკოსი გიგა ნაკაშიძე და „გირჩის“ წარმომადგენელი ირაკლი კუკანია. ირაკლი კუკანია ამბობს, რომ დაკავებისას მას ფეხები ურტყეს და დაზიანებები აღენიშნება. გენრი დოლიძის თქმით კი, მას სისხლნაჟღენთები აქვს და მრავლობითი ნაკაწრი.

არსებითი განხილვა ამ საქმეზე 5 აპრილს დაიწყო,  სადაც პოლიციელებმა სასამართლოს ჩვენება მისცეს, თუმცა ვერ თქვეს, კონკრეტულად რა იყო სამართალდარღვევა, რის გამოც ისინი „სირცხვილიას“ ოფისში შეიჭრნენ და აქტივისტები დააკავეს.

„დააკავეთ გენრი დოლიძე – ეს მითითება იყო და პოლიციელმაც დაადასტურა“ – თავის გამოსვლაში პოლიციელის ჩვენების ამ ნაწილზე გაამახვილა ყურადღება ადვოკატმა ნოდარ ბოლქვაძემ. მისი აზრით, სწორედ მითითების ეს ფორმა ადასტურებს რეპრესიულ დამოკიდებულებას გენრი დოლიძის მიმართ.

„ზოგადად უნდა დააკაონ ის, ვინც კანონს არღვევს და არა გენრი დოლიძე… პოლიციელმა კი თქვა, მივიღეთ ბრძანება, გენრი დოლიძე დააკავეთო,“- აღნიშნა ნოდარ ბოლქვაძემ.

იურისტმა ილონა დიასამიძემ კი პოლიციელის, ანრი მახაჭაძის ჩვენების იმ ნაწილზე გააკეთა აქცენტი, სადაც მოწმე ამტკიცებდა, რომ გენრი დოლიძე პოლიციელებს აგინებდა.

წინა პროცესზე პოლიციელმა ფურცელზე დაწერა გინება და მოსამართლეს, ასევე მხარეებს აჩვენა, ასე იგინებოდა გენრი დოლიძეო.

„მაგრამ ვიდეომტკიცებულებაში სხვა გინება ისმის,“ – შენიშნა ილონა დიასამიძემ. ის საიას იურისტია და სასამართლოში გენრი დოლიძის ინტერესებს იცავდა.

„თუმცა ამ ვიდეოში გენრი დოლიძის ხმა იდენტიფიცირებული არ არის,“- ესეც დასძინა ადვოკატმა.

„სისხლის გამოდენამდე მომიჭირეს ხელი,“- მიმართა მოსამართლეს გენრი დოლიძემ. მან დაუდასტურა მოსამართლეს, რომ ფაქტით აღშფოთებული იყო და აღშფოთდა იმიტომაც, რომ მის მეუღლეს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

„თქვენს ადგილზე ამ ვიდეოს საერთოდ არ წარმოვადგენდი“- მიმართა შსს-ს წარმომადგენელს იურისტმა გიორგი სურმანიძემ. ის ადმინისტრაციული წესით დაკავებული გიგა ნაკაშიძის ინტერესებს იცავს.

გიორგი სურმანიძემ პოლიციელების სამხრე კამერების ჩანაწერებზე ისაუბრა, რის გამოც ერთი კვირის წინ სასამართლო სხდომა გადაიდო. ეს ჩანაწერები დღეს ნახა მოსამართლემ.

„კადრებში ჩანს აღშფოთებული მოქალაქეები, რომლებიც რაღაცის გამო გაამწარეს, მაგრამ არ ჩანს, რა მოხდა მანამდე, ეს მოჭრილია… ამ მოძრაობას „სირცხვილია“ ჰქვია, ისინი აპროტესტებენ ბევრ რამეს,”- თქვა ადვოკატმა გიორგი სურმანიძემ და შემდეგ მოსამართლეს გახედა:

„თუ თქვენ დღეს დასჯით ამ ადამიანებს, გამოვა, რომ ახალგაზრდებს გაჩუმებისკენ მოუწოდებთ, როცა ისინი უსამართლობას დაინახავენ,“ – დაასრულა ადვოკატმა.

„იმედია, სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებთ,“ – მხოლოდ ეს უთხრა მოსამართლეს გიგა ნაკაშიძემ.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: