შსს-ს ინფორმაციით, ბათუმში 1995 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.კ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
შემთხვევა ბათუმში 9 აპრილს, საღამოს მოხდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, 50 წლამდე ქალი მისმა დისშვილმა დაჭრა.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 9 აპრილს, ბათუმში, ურთიერთშელაპარაკებისას, 1967 წელს დაბადებული ნ.შ. ცივი იარაღის გამოყენებით ზურგის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ქალი სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება,“ – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
პოლიციამ ლ.კ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბათუმში დააკავა. „ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა“ – წერს შსს.
განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.