ბათუმის რესურსცენტრის ინფორმაციით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ბათუმის სკოლებში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ბათუმში კორონავირუსი დაუდასტურდა ერთ მოსწავლეს და ერთ მასწავლებელს. მოსწავლე საჯარო სკოლაში სწავლობს, პედაგოგი კი კერძო სკოლაში ასწავლის.
როგორც ბათუმის რესურსცენტრში „ბათუმელებს“ უთხრეს, ინფიცირებული პედაგოგის და მოსწავლის კონტაქტები შესწავლილია, თუმცა მათ ამ დროისთვის კორონავირუსის სიმპტომები არ გამოვლენიათ.
„მასწავლებელი და მოსწავლე იმყოფებიან იზოლაციაში, თვითიზოლაციაში არიან მათთან კონტაქტში მყოფი პირებიც,“ – გვითხრა ბათუმის რესურსცენტრის უფროსმა გოჩა დავითაძემ.
მისი თქმით, ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფ პირებს PCR არ ჩატარებიათ.
აჭარაში სკოლის შენობებში სასწავლო პროცესი გასული წლის მარტში შეწყდა და მხოლოდ წელს, პირველ თებერვალს განახლდა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მშობლებს, ვისაც სურვილი აქვთ, რომ დისტანციური სწავლების ფორმატში გააგრძელონ თავიანთმა შვილებმა სასწავლო პროცესი, განცხადებით უნდა მიმართონ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 1990 წელს დაბადებული ლ.კ. ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე, გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ტრანსგენდერ ქალს, რომელმაც მომხდარის შესახებ აცნობა პოლიციას.
სამართალდამცველებმა ლ.კ. მომხდარიდან მალევე ბრალდებულის სახით დააკავეს.
სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა ბათუმში აქციის მონაწილეების დაკავების საქმეზე გამოძიება დაიწყო. ეს უწყება იმ შემთხვევებს სწავლობს, როცა დანაშაული ან სამართალდარღვევა სავარაუდოდ სამართალდამცველს აქვს ჩადენილი.
ინსპექტორმა გამოძიება დაიწყო 6 თებერვალს ღამით ბათუმში აქციის 11 წევრის დაკავებაზე. ისინი მაშინ დააკავეს, როცა კომენდანტის საათი დემონსტრაციულად დაარღვიეს და ქუჩაში გამოვიდნენ “არაგონივრული შეზღუდვების” გაუქმების მოთხოვნით. აქციის მონაწილეების თქმით, მათზე პოლიციამ დაკავების დროს იძალადა.
სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით. ეს მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ხუთიდან რვა წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
დღეს, 7 თებერვალს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე კობა გოცირიძემ აქციაზე დაკავებული 9 პირი 1000-1000 ლარით დააჯარიმა, ორი პირს კი, 1500-1500 ლარის გადახდა დააკისრა. მათ აქციაზე პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა დაუდგინდათ. დაკავებულები ასევე დაჯარიმდნენ კომენდანტის საათის დარღვევისთვის 2000-2000 ლარით.
“პოლიტიკა მე არ მაინტერესებს,” – ხმამაღლა თქვა მოსამართლე კობა გოცირიძემ და ადვოკატ დავით ჯაფარიძეს სიტყვა შეაწყვეტინა. ადვოკატმა იმის ახსნა სცადა, რომ ფირუზ წულუკიძე პოლიტიკური პატიმარია და მასთან გარიგებას მაღალჩინოსნები ცდილობდნენ.
ფირუზ წულუკიძის და ასლან ჩოგაძის საქმე დღეს, 7 თებერვალს, განიხილა მოსამართლე კობა გოცირიძემ. ფირუზ წულუკიძე 1500 ლარით დააჯარიმეს, ასლან ჩოგაძე – 1000 ლარით.
საუბარია 6 თებერვალს ღამით ბათუმში აქციის 11 წევრის დაკავებაზე. ისინი მაშინ დააკავეს, როცა კომენდანტის საათი დემონსტრაციულად დაარღვიეს და ქუჩაში გამოვიდნენ “არაგონივრული შეზღუდვების” გაუქმების მოთხოვნით.
“მაინცადამაინც ქუჩაში უნდა გამოსულიყავით და კომენდანტის საათი დაგერღვიათ, რომ ეს გაგეპროტესტებიათ?” – მიმართა მოსამართლემ ფირუზ წულუკიძეს.
“მე აქამდე არ დამირღვევია კომენდანტის საათი… ჩვენ გამოვედით ქუჩაში იმიტომ, რომ თბილისის აქციას გამოვუცხადეთ სოლიდარობა,” – უპასუხა მოსამართლეს ფირუზ წულუკიძემ.
“თბილისში რატომ არ წადით?” – მოსამართლემ მიიჩნია, რომ ეს შეკითხვაც რელევანტური იყო.
“ეს ჩვენი საქმეა. ვიცოდით, რომ დაგვაჯარიმებდნენ 2-2 ათასი ლარით, მაგრამ დაკავების საფუძველი იქ არ იყო… ჩვენთვის პოლიციელებს არ განუმარტავთ, რისთვის გვაკავებდნენ, გაიცა ბრძანება და დაგვაკავეს. ჩვენი მხრიდან დაუმორჩილებლობა იქ არ ყოფილა,” – მიმართა ისევ მოსამართლეს ფირუზ წულუკიძემ.
“კომენდანტის საათის დროს რომ ქუჩაში გამოდით, როგორ ფიქრობთ, ეს არ იყო დაუმორჩილებლობა?” – იკითხა მოსამართლემ.
“დაუმორჩილებლობა იყო ის, რომ კომენდანტის საათი დავარღვიეთ, მაგრამ პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობა ეს არ ყოფილა…,” – თქვა ფირუზ წულუკიძემ.
“რაღაცას დავამატებ,” – წამოიწყო პოლიციელმა, თუმცა ის გაღიზიანებულმა ადვოკატმა შეაჩერა:
“მტკიცებულება მოგეტანა ან ვიდეოთვალი მაინც, რა უნდა დაამატო”, – გაცხარდა დავით ჯაფარიძე.
ამ შემთხვევაშიც მოსამართლეს არც ერთი მტკიცებულება არ უნახავს და არც მოწმეებისთვის მოუსმენია, თუმცა ფირუზ წულუკიძის შემთხვევა გამონაკლისი იყო: აქ პოლიციელმა დაადასტურა დაკავების დროს პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენება.
“სპორტსმენია, როგორც იცით და ამიტომ მოგვიხდა ძალის გამოყენება,” – თქვა პოლიციელმა, რომელიც პოლიციის მე-6 განყოფილებაში მუშაობს და სასამართლო სხდომაზე პოლიციას წარმოადგენდა.
“სპორტსმენი კი არა, ევროპის ჩემპიონია,” – წამოიძახა ადვოკატმა დავით ჯაფარიძემ.
“…ის ინანიებს ჩადენილ ქმედებას”, – მეორე პოლიციელის, თენგიზ კომახიძის ამ ფრაზამ მიიქცია მოსამართლის ყურადღება მეორე დაკავებულის – ასლან ჩოგაძის საქმეზე.
“ინანიებს?” – დაინტერესდა მოსამართლე.
“ასე გამოდის მისი საუბრიდან…” – უხერხულობა დაეტყო პოლიციელს.
“მე არ მიღიარებია, თუმცა პოლიციას პატივს ვცემთ…” – გისოსებს მიღმა სივრციდან მიმართა მოსამართლეს ასლან ჩოგაძემ.
აქციაზე დაკავებულების საქმის განხილვა დასრულდა. კომენდანტის საათის დარღვევისთვის აქციის მონაწილეები 2-2 ათასი ლარით დააჯარიმა პოლიციამ, სასამართლომ კი, მათ 1000-1000 ლარი დაუმატა “პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის”.
სასამართლომ 1500 – 1500 ლარით მხოლოდ ფირუზ წულუკიძე და ხათუნა ბერიძე დააჯარიმა.
არ არის გამორიცხული, აქციის შემდეგ დაჯარიმებული პირებიდან 4-ის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს პანდემიის პირობებში არსებული შეზღუდვების განმეორებით დარღვევისთვის. აქციის 4 მონაწილე წინა დღეებშიც დააჯარიმეს კომენდანტის საათის დარღვევისთვის. ისინი გამოკითხვაზე უკვე დაიბარეს პოლიციის განყოფილებაში.
ის ფიზიკური პირი/მეწარმე ან/და მათ მიერ დაფუძნებული მეწარმე სუბიექტი, რომელიც შეზღუდვების პერიოდში „იზოლაციისა და კარანტინის წესებით“ აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას განაახლებს, 2021 წლის 5 თებერვლიდან ვეღარ ისარგებლებს სახელმწიფოს მიერ პანდემიის დროს დაწესებული შეღავათებითა და სხვადასხვა პროგრამით.
შესაბამისი ცვლილება იზოლაციისა და კარანტინის წესებში მთავრობამ 5 თებერვალს შეიტანა.
ახალი ცვლილებით, აღნიშნული წესების მე-6 მუხლის პირველი – 71 პუნქტების დარღვევის თაობაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აქტის გამოცემაზე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოები ვალდებულნი არიან, დარღვევის თაობაზე შესაბამისი აქტის გამოცემიდან, აღნიშნული ფიზიკური პირის/მეწარმე სუბიექტის თაობაზე ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდონ „აწარმოე საქართველოში“ ან/და სოფლის განვითარების სააგენტოს.
ადმინისტრაციულმა ორგანოებმა აწარმოე საქართველოში და სააგენტოს ინფორმაცია უნდა მიაწოდონ მხოლოდ 2021 წლის 5 თებერვლიდან გამოცემული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აქტების თაობაზე.
[toggle title=”კარანტინის წესებისმე-6 მუხლის პირველი – 71 პუნქტები სრულად ნახეთ აქ“]
მუხლი 6. ეკონომიკურისაქმიანობისრეგულირება
1. დაშვებულია ყველა ეკონომიკური საქმიანობა, გარდა:
ა) სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირებისა;
ბ) გასართობი დაწესებულებების საქმიანობისა და გასართობი ღონისძიებების ორგანიზებისა/ჩატარებისა;
გ) ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდებისა ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელებისა;
დ) სპორტული/სავარჯიშო დარბაზების, საუნებისა და სხვა სპა პროცედურების, ასევე საცურაო აუზების საქმიანობებისა.
21. დასაშვებია რესტორნების/ბარების/კაფეების, სპორტული დარბაზებისა და საცურაო აუზების ფუნქციონირება სასტუმროებსა და განთავსების მსგავს საშუალებებში მხოლოდ სასტუმროსა და განთავსების მსგავსი საშუალებების სტუმრებისთვის მომსახურების გაწევის მიზნით 21:00 საათამდე, ხოლო 21:00 საათიდან დასაშვებია მხოლოდ ნომერში მომსახურების სერვისი.
31. ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურში, ხულოს მუნიციპალიტეტში კურორტ გოდერძიზე და მესტიის მუნიციპალიტეტის დაბა მესტიაში, ხოლო შაბათ-კვირას ქ. თბილისში, ქ. ბათუმში, ქ. ქუთაისში, ქ. რუსთავში, ქ. გორში, ქ. ზუგდიდში, ქ. ფოთში, ქ. თელავში ნებისმიერი საქონლის/პროდუქტის, როგორც საცალო, ისე საბითუმო რეალიზება ხორციელდება დისტანციურად, მომხმარებლის სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის გარეშე. ეს შეზღუდვა არ ეხება:
ა) სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის, ვეტერინარიული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების რეალიზაციას;
გ) სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციას;
დ) პრესის ჯიხურებს.
[ 31 . ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურში, ხულოს მუნიციპალიტეტში კურორტ გოდერძიზე და მესტიის მუნიციპალიტეტის დაბა მესტიაში, ხოლო შაბათ-კვირას ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე ნებისმიერი საქონლის/პროდუქტის, როგორც საცალო, ისე საბითუმო რეალიზება ხორციელდება დისტანციურად, მომხმარებლის სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის გარეშე. ეს შეზღუდვა არ ეხება:
ა) სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის, ვეტერინარიული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების რეალიზაციას;
გ) სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციას;
დ) პრესის ჯიხურებს. (ამოქმედდეს 2021 წლის 8 თებერვლიდან)]
32. ქ. თბილისში, ქ. ბათუმში, ქ. ქუთაისში, ქ. რუსთავში, ქ. გორში, ქ. ზუგდიდში, ქ. ფოთში, ქ. თელავში ამ დადგენილებით ნებადართული საქმიანობის განხორციელების მიზნით, შრომის ინსპექციის სამსახური გასცემს დადებით ან უარყოფით დასკვნას საქმიანობის განხორციელების თაობაზე, თუ საქმიანობის განსახორციელებლად „კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებით დამტკიცებული დანართ 1-ის პირველი პუნქტის „შ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული რეგულაციების შესაბამისად მოთხოვნილია ობიექტზე საქმიანობის განმახორციელებელი პირების სავალდებულოდ ტესტირება, ამავე განკარგულებით დადგენილი წესით.‘
41. გარდა ამ მუხლის 42 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, კვების ობიექტების/რესტორნების/ბარების/კაფეების ფუნქციონირება დასაშვებია მხოლოდ მიტანის მომსახურებითა (ე. წ. „დელივერი“ სერვისი) და პროდუქტის გატანით (ე. წ. „თეიქ ევეი“ და „დრაივი“), ხოლო სავაჭრო ცენტრებში განთავსებული კვების ობიექტების/რესტორნების/ბარების/კაფეების ფუნქციონირება დასაშვებია მხოლოდ მიტანის მომსახურებით (ე. წ. „დელივერი“ სერვისი).
[ 41 . გარდა ამ მუხლის 42 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, შაბათ-კვირას კვების ობიექტების/რესტორნების/ბარების/კაფეების ფუნქციონირება დასაშვებია მხოლოდ მიტანის მომსახურებითა (ე. წ. „დელივერი“ სერვისი) და პროდუქტის გატანით (ე. წ. „თეიქ ევეი“ და „დრაივი“), ხოლო სავაჭრო ცენტრებში განთავსებული კვების ობიექტების/რესტორნების/ბარების/კაფეების ფუნქციონირება შაბათ-კვირას ასევე დასაშვებია მხოლოდ მიტანის მომსახურებით (ე. წ. „დელივერი“ სერვისი). (ამოქმედდეს 2021 წლის 15 თებერვლიდან)]
42. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე დასაშვებია კვების ობიექტების/რესტორნების/ბარების/კაფეების ფუნქციონირება გარე სივრცეში სტუმრის მიღებით, გარდა მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სოციალური ღონისძიებებისა.
[ 42 . ქვეყნის ტერიტორიაზე დასაშვებია კვების ობიექტების/რესტორნების/ბარების/კაფეების ფუნქციონირება გარე სივრცეში სტუმრის მიღებით, გარდა მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სოციალური ღონისძიებებისა და შაბათ-კვირისა. (ამოქმედდეს 2021 წლის 15 თებერვლიდან)]
51. ქ. თბილისში, ქ. ბათუმში, ქ. ქუთაისში, ქ. რუსთავში, ქ. გორში, ქ. ზუგდიდში, ქ. ფოთში, ქ. თელავში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურში, ხულოს მუნიციპალიტეტში კურორტ გოდერძიზე და მესტიის მუნიციპალიტეტის დაბა მესტიაში მდებარე ღია და დახურული ბაზრების/ბაზრობების საქმიანობა დასაშვებია მხოლოდ დისტანციურად. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება აგრარული ბაზრების/ბაზრობების საქმიანობაზე.
[ 51 . ქვეყნის ტერიტორიაზე მდებარე ღია და დახურული ბაზრების/ბაზრობების საქმიანობა შაბათ-კვირას დასაშვებია მხოლოდ დისტანციურად. კვირის დანარჩენ დღეებში ღია და დახურული ბაზრების/ბაზრობების საქმიანობა ხორციელდება არსებული ეპიდემიოლოგიური წესების დაცვით. ამ მუხლის პირველი წინადადებით განსაზღვრული შეზღუდვა არ ვრცელდება აგრარული ბაზრების/ბაზრობების საქმიანობაზე. (ამოქმედდეს 2021 წლის 8 თებერვლიდან)]
6. აზარტული და მომგებიანი თამაშობების მომსახურების მიწოდება დასაშვებია ელექტრონული ფორმით. აღნიშნული შეზღუდვა არ ეხება წამახალისებელ გათამაშებას.
7. სასტუმროებისა და განთავსების მსგავსი საშუალებების საქმიანობა დასაშვებია მხოლოდ:
ა) საკარანტინე სივრცეების მოწყობის მიზნით;
ბ) შრომის ინსპექციის სამსახურის უშუალოდ ან ამ წესის მე-9 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული უწყებების დახმარებით განხორციელებული შემოწმების შედეგად სამუშაო ადგილებზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესრულებაზე გაცემული დადებითი დასკვნის საფუძველზე.
71. ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურში, ხულოს მუნიციპალიტეტში მდებარე კურორტ გოდერძიზე და მესტიის მუნიციპალიტეტის დაბა მესტიაში არსებული სასტუმროების საქმიანობა დასაშვებია მხოლოდ საკარანტინე სივრცეების მოწყობის მიზნით.
[/toggle]
რა პროგრამებით ვერ ისარგებლებს წესების დამრღვევი
იზოლაციისა და კარანტინის წესებში შეტანილი ცვლილების მიხედვით, ის ფიზიკური პირი, მეწარმე ან/და მათ მიერ დაფუძნებული მეწარმე სუბიექტი, რომელმაც დაარღვია ამ წესის მე-6 მუხლის პირველი − 71 პუნქტები და აღნიშნული დარღვევის თაობაზე ინფორმაცია მიღებული აქვს აწარმოე საქართველოში და სოფლის განვითარების სააგენტოს:
ვერ ისარგებლებს საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 დეკემბრის №728 და 2021 წლის 4 თებერვლის №50 დადგენილებებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამებით − „თანადაფინანსების მექანიზმი სარესტორნო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის“ და „სუბსიდირების მექანიზმი სპორტული ობიექტებისა და საბავშვო ბაღების ხელშეწყობისთვის“ განსაზღვრული თანადაფინანსებით/სუბსიდირებით [აქვე იგულისხმება 2020 წლის 3 დეკემბრის №728 დადგენილების პირველი მუხლის „დ“ და 2021 წლის 4 თებერვლის №50 დადგენილების პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული ფიზიკური პირიც, რომელიც არ საჭიროებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრაციას და ამავე პირის მიერ დაფუძნებული საწარმო], თუ ამ წესის შესაბამისად განსაზღვრული ინფორმაცია [დარღვევის შესახებ] საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − აწარმოე საქართველოში შესაბამისი უწყების მხრიდან მიღებული აქვს კომერციული ბანკისათვის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციისათვის/ ლიზინგის გამცემისათვის თანადაფინანსების/სუბსიდირების თანხის ჩარიცხვამდე 5 სამუშაო დღით ადრე;
ვერ ისარგებლებს საქართველოს მთავრობის 2020 წლის 12 ნოემბრის №678 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამით − „ღონისძიებების ორგანიზატორთა მიერ კომერციული ბანკისგან/მიკროსაფინანსო ორგანიზაციისგან/ლიზინგის გამცემისგან მიღებული სესხის/მიკრო სესხის/სალიზინგო პროექტის სუბსიდირების მექანიზმი“ განსაზღვრული სუბსიდირებით, თუ ამ წესის შესაბამისად განსაზღვრული ინფორმაცია საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − აწარმოე საქართველოში შესაბამისი უწყების მხრიდან მიღებული აქვს კომერციული ბანკისათვის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციისათვის/ ლიზინგის გამცემისათვის სუბსიდირების თანხის ჩარიცხვამდე 5 სამუშაო დღით ადრე;
ვერ ისარგებლებს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის №163 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამით − „საკრედიტო საგარანტიო სქემა“, თუ ამ წესის შესაბამისად განსაზღვრული ინფორმაცია საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − აწარმოე საქართველოში შესაბამისი უწყების მხრიდან მიღებული აქვს სქემის ფარგლებში სესხის დამტკიცებამდე 2 სამუშაო დღით ადრე. აწარმოე საქართველოში ვალდებულია, შეწყვიტოს პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხის უზრუნველყოფა და მოითხოვოს გაცემული საგარანტიო თანხის უკან დაბრუნება, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მიღებული აქვს ინფორმაცია დარღვევის შესახებ;
ვერ ისარგებლებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის − „აწარმოე საქართველოში“ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტით, თუ ამ წესით განსაზღვრული ინფორმაცია საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − აწარმოე საქართველოში შესაბამისი უწყების მხრიდან მიღებული აქვს ხსენებულ მეწარმე სუბიექტთან ხელშეკრულების გაფორმებამდე 5 სამუშაო დღით ადრე. აწარმოე საქართველოში ვალდებულია, შეწყვიტოს პროგრამის ფარგლებში გაცემულ სესხზე/ლიზინგის საგნის ღირებულებაზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის სუბსიდირება, თუ საანგარიშო თვეში სუბსიდირების თანხის ჩარიცხვამდე 5 სამუშაო დღით ადრე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მიიღებს ინფორმაციას დარღვევის შესახებ;
ვერ ისარგებლებს „დანერგე მომავალი“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 თებერვლის №56 დადგენილებით, „აგროდაზღვევის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 აპრილის №236 დადგენილებითა და „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტისა და გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №139 განკარგულებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამებით/პროექტებით, თუ ამ წესის შესაბამისად განსაზღვრული ინფორმაცია სოფლის განვითარების სააგენტოს შესაბამისი უწყების მხრიდან მიღებული აქვს მეწარმე ფიზიკური პირისთვის/იურიდიული პირისთვის თანადაფინანსების/დაფინანსების/სუბსიდირების თანხის ჩარიცხვამდე 5 სამუშაო დღით ადრე. სოფლის განვითარების სააგენტო ვალდებულია, შეწყვიტოს პროგრამის/პროექტის ფარგლებში თანადაფინანსების/დაფინანსების გაცემა ან/და გაცემულ სესხზე/ლიზინგის საგნის ღირებულებაზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის სუბსიდირება, თუ თანადაფინანსების/დაფინანსების გაცემის დღისთვის ან საანგარიშო თვეში სუბსიდირების/თანადაფინანსების/დაფინანსების თანხის ჩარიცხვამდე 5 სამუშაო დღით ადრე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მიიღებს ინფორმაციას პირის მიერ წესების დარღვევის შესახებ.
[/crosslist]
ორგანიზაციები, ბიზნესსუბიექტები, რომლებიც მიზანმიმართულად დაარღვევენ კანონს და შეზღუდვების პერიოდში განახორციელებენ აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას, ვეღარ ისარგებლებენ პანდემიის დროს დაწესებული შეღავათებით, სუბსიდირებით და სხვადასხვა პროგრამით – ეს ინფორმაცია საქართველოს მთავრობამ 4 თებერვალს გაავრცელა:
“რა მტკიცებულება სჭირდება ამას? რა ვიდეოს წარმოდგენაა საჭირო? ფაქტია, რომ კომენდანტის საათი დაირღვა…” – იკითხა მოსამართლე კობა გოცირიძემ, როცა ადვოკატმა აქციაზე დაკავებულების გათავისუფლება და პროცესის გადადება ითხოვა ვიდეომტკიცებულებების წარმოდგენის მოტივით.
მოსამართლემ უარი თქვა პროცესის გადადებაზე, რის გამოც თავად მოსამართლის აცილება ადვოკატმა დავით ჯაფარიძემ ითხოვა.
“მე არავითარი თქვენი კონსტიტუციური უფლება არ შემიზღუდია, შემჭიდროებული ვადები არსებობს…” – უარი თქვა აცილების დაკმაყოფილებაზეც მოსამართლემ და პროცესი განაგრძო.
დღეს, 7 თებერვალს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში 6 თებერვლის ღამით დაკავებულების საქმე განიხილეს. მოსამართლემ 1000-1000 ლარით დააჯარიმა აქციის 7 მონაწილე, პოლიციისთვის დაუმორჩილებლობისთვის. კომენდანტის საათის დარღვევისთვის კი იგივე პირები წუხელ თავად პოლიციამ 2000-2000 ლარით დააჯარიმა.
აქციის მონაწილეები გუშინ, 6 იანვარს, დაახლოებით ღამის 11 საათზე დააკავეს, როცა ისინი პანდემიის პირობებში დაწესებულ შეზღუდვებს, მათ შორის, კომენდანტის საათს აპროტესტებდნენ. აქციის მონაწილეების თქმით, დაკავების დროს პოლიციამ მათ სცემა. ამ დაკავების შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლები აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის – ირაკლი ჭედიშვილის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვენ.
“თვითონ იძალადეს ჩემზე, როცა პოლიციის განყოფილებაში გადამიყვანეს… კისერში მიჭერდა ხელს პოლიციელი, თქვენ სანამ ასეთ აზრებს არ ამოიგდებთ თავიდანო,” – უთხრა მოსამართლეს ქეთი კობაურმა. ისიც გუშინ ღამით დააკავეს ბათუმში და შემდეგ ხელწერილით გაათავისუფლეს.
“თქვენ ბათუმში რატომ იყავით?” – ჰკითხა მოსამართლემ ხელწერილით გათავისუფლებულს, რომელმაც მანამდე თქვა, რომ აშშ-ს მოქალაქეცა და კასპში ცხოვრობს.
“საქართველო ყველასია,” – რამდენიმემ ერთად წამოიძახა გისოსებს მიღმა.
“ფაქტია, რომ კომენდანტის საათი დაირღვა,” – პოლიციელებს გახედა მოსამართლემ.
“თბილისშიც დაირღვა მასე, მაგრამ იქ არავინ დაუკავებიათ, ესენი ცოტანი იყვნენ და მაგიტომ დააკავეს,” – აყვირდა ადვოკატი დავით ჯაფარიძე.
“მაგი მე არ ვიცი,” – მხრები აიჩეჩა მოსამართლემ.
“არ დაგვემორჩილენ, არ მოგვცეს პირის იდენტიფიკაციის შესაძლებლობა,” – მიმართეს პოლიციელებმა მოსამართლეს. მათი თქმით, პოლიციელებმა “გმირთა ხეივანში” დაინახეს რამდენიმე მოქალაქე და მათი გადამოწმება გადაწყვიტეს.
“არ ყოფილა ეს მოთხოვნა, პოლიციას ჩვენთვის არაფერი მოუთხოვია,” – ახმაურდნენ გისოსებს მიღმა მსხდომი დაკავებულები.
“სადაა მტკიცებულება, ერთი მტკიცებულება მაინც, რომ ესენი არ გემორჩილებოდნენ?” – პოლიციელებს მიაჩერდა ადვოკატი დავით ჯაფარიძე.
“ეტყობა, კოლეგა პოლიციელიც ვერ დაითანხმეს, რომ ცრუ ჩვენება მიეცა სასამართლოსთვის,” – დასძინა ადვოკატმა.
მოსამართლემ უარი თქვა ენახა აქციის მონაწილეების მიერ გადაღებული ვიდეოკადრები, სადაც არ ჩანს პოლიციელის მოთხოვნა და ისმის აქციის მონაწილეების ხმა, რომ თუ დასაჯარიმებელია, დააჯარიმონ.
“თუ ძალადობა იყო, ამისთვის უნდა მიმართოთ სახელმწიფო ინსპექტორს… ” – აღნიშნა მოსამართლემ.
სასამართლო ცალკე განიხილავს აქციაზე დაკავებული კიდევ რამდენიმე პირის საქმეს, მათ შორისაა ფირუზ წულუკიძე, რომელიც ბათუმის საპროტესტო აქციის მონაწილეა. ადვოკატ დავით ჯაფარიძის თქმით, ის რატომღაც გუშინ ღამით ქობულეთის იზოლატორში გადაიყვანეს.
დღევანდელ პროცესზე მოსამართლე კობა გოცირიძემ გადაღების უფლება მხოლოდ საზოგადოებრივ მაუწყებელს მისცა.
“მე კანონს ვიცავ,” – თქვა მოსამართლემ, რის შემდეგაც ადვოკატმა იკითხა:
“გამოდის, აქამდე სასამართლო კანონს არღვევდა, როცა ყველა იღებდა?”
ამ რეპლიკის შემდეგ მოსამართლემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ დარბაზში კამერების გარეშე დარჩენა შეეძლოთ.
___
არსებული შეზღუდვების, მათ შორის, კომენდანტის საათის წინააღმდეგ აქცია წუხელ თბილისშიც გაიმართა. აქციის მონაწილეებმა 21:00 საათიდან მსვლელობა მოაწყვეს თბილისის ქუჩებში, თუმცა ამისთვის ისინი პოლიციას არ დაუჯარიმებია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით 7 თებერვლის 21 საათიდან 8 თებერვლის 21 საათამდე, ბათუმსა და მთლიანად აჭარაში, მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა; უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში;
ჰაერის ტემპერატურა:
სანაპირო რაიონებში – ღამით 3-8 გრადუსი, დღისით 10-15 გრადუსი სითბო;
მთიან რაიონებში – ღამით 0-2 გრადუსი ყინვა. დღისით 5-10 გრადუსი სითბო.
ზღვის პროგნოზი – სამხრეთ დასავლეთის ქარი 6-11მ/წმ-ში. უმეტესად უნალექოდ. ხილვადობა კარგი. ტალღის
სიმაღლე 5-10 დმ(2-3 ბალი); ზღვის წყლის ტემპერატურა +9 გრადუსი.
მომდევნო 2 დღეს, 9 და 10 თებერვალს, აჭარის ზღვისპირა ზოლში და მთიან რაიონებში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.
აჭარაში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 2 პაციენტი. ისინი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდნენ.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 21 პაციენტი, ხოლო კლინიკა უკვე დატოვა 8 პაციენტმა. ამ დროისთვის კრიტიკულ მდგომარეობაშია 5 პაციენტი, კლინიკაში მკურნალობს – 174, კოვიდსასტუმროში – 124, ონლაინკლინიკაში – 160.
„დაადეთ ნარუშნიკები“, – ისმის კადრებში პოლიციელის ბრძანება, რომელიც აქციის მონაწილეს აქვს გადაღებული. 6 თებერვალს, საღამოს, ბათუმში, ისე როგორც თბილისში, აქცია გაიმართა „უაზრო რეგულაციების“, მათ შორის კომენდანტის საათის წინააღმდეგ.
თბილისში აქციის მონაწილეებმა რამდენიმე ქუჩა ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე გაიარეს. ბათუმში კი, როგორც გავრცელებული ვიდეოკადრებიდან ჩანს, აქციის მონაწილეებს პოლიციამ სცემა და, სავარაუდოდ, დააკავა კიდეც.
თვითმხილველმა მოქალაქეებმა „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ პოლიციელებმა განსაკუთრებით რამდენიმე ადამიანს სცემეს და ტანსაცმელიც შემოახიეს.
„ბათუმელებმა“ შს სამინისტროში სცადა იმის გარკვევა, 6 თებერვლის საღამოს აქციაზე რამდენი პირი დააკავეს და რა მოტივით. უწყებაში ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.
აქციის მონაწილეების ინფორმაციით კი, ბათუმის აქციაზე დააკავეს 11 ადამიანი, მათ შორის 2 ქალი.
___
განახლება: შს სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის აქციაზე, ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 11 პირი – მოტივი პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა.
მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „პრემიერ-მინისტრმა აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებს უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძის და საქართველოს სხვა მოქალაქეების გათავისუფლების მიზნითმაქსიმალურიმხარდაჭერასთხოვა“.
საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებას გთავაზობთ უცვლელად:
„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, სტრატეგიული პარტნიორების – ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩებთან, კელი დეგნანსა და კარლ ჰარცელთან მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს შეხვედრა გამართა.
მთავრობის მეთაურმა, დიპლომატებს უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძის და საქართველოს სხვა მოქალაქეების გათავისუფლებისა და სახლში უვნებლად დაბრუნების მიზნით მაქსიმალური მხარდაჭერა სთხოვა.
შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო დონეზე დიპლომატიური და სამართლებრივი ბერკეტის, სტრასბურგის ადამიანის უფლებების საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოყენების მნიშვნელობაზე, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და ინციდენტებზე პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში საკითხის უმაღლეს დონეზე დასმის აუცილებლობაზე, რათა შეწყდეს საოკუპაციო ხაზზე ადამიანთა უკანონო დაკავებები და ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევის ფაქტები.
დიპლომატებმა კიდევ ერთხელ ღრმა შეშფოთება გამოთქვეს ცხინვალის დე-ფაქტო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საქართველოს მოქალაქის პატიმრობის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვეს მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების აუცილებლობას.
„ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა უაღრესად სერიოზულ სიტუაციასთან დაკავშრებით. აშშ-ი გამოთქვამს ძლიერ შეშფოთებას და გმობს უკანონოდ დაპატიმრებული საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ გუშინ მიღებულ ზომას. იგი გასული წლის ივლისიდან მოყოლებული იმყოფება პატიმრობაში და მას წაყენებული აქვს სრულიად უსაფუძვლო, შეთითხნილი ბრალდებები, რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი. გამოვთქვამთ იმედს, რომ სერიოზულად იქნება განხილული ამ სიტუაციის დაუყოვნებლივ გადაჭრის და საქართველოს მოქალაქის მაქსიმალურად დროულად გათავისუფლების საკითხი“, – განაცხადა აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა.
„ეს ფაქტი დიდი შეშფოთების საგანია. უკვე რამდენიმე თვეა, რაც ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ამ საქმეს. ჩვენ ვმუშაობთ სხვადასხვა ინსტრუმენტის მეშვეობით: ინციდენტების პრევენციის და რეაგირების მექანიზმი, ცხელი ხაზი, ჟენევის მოლაპარაკებები. ეს ვერდიქტი, რომელიც მოჰყვა უკანონო დაკავებას, ცალსახად წარმოადგენს სიგნალს, რომელსაც ჩვენ ძალიან სერიოზულად ვეკიდებით. ჩვენ მოვითხოვთ ამ უკანანო პატიმრობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. ჩვენ მომავალშიც გავადევნებთ თვალყურს ამ საკითხს. ჩემთვის დიდი პატივია, რომ პრემიერ-მინისტრის აპარატში მომიწვიეს ამ სიტუაციის განსახილველად. ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ აუცილებელია ამ თემაზე თვალყურის დევნება, რადგან ის ძალიან საჭირბოროტო საკითხს წარმოადგენს“, – აღნიშნა ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა კარლ ჰარცელმა“.
ბათუმის აგრარული ბაზარში დასაქმებული პირების თქმით, სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე ფასები 10 %-ით მაინც გაძვირდა, ზოგიერთ პროდუქტზე კი 30-40%-ით. თუმცა ეს არ ეხება ადგილობრივი წარმოების ფასებს.
ერთ-ერთი მოვაჭრის, თამაზ დარჩიძის თქმით, თავად ყველზე ვაჭრობს, მაგრამ ყველი სახლში ვერ მიაქვს.
აქ გვეუბნებიან, რომ ადგილობრივი წარმოების პროდუქტებზე ის ფასებია, რაც შემოდგომაზე იყო – მაგალითად, კარტოფილზე, სტაფილოზე ფასები არ შეცვლილა.
„ბაზარში არაფერი გაძვირებულა, გარდა შემოტანილი პროდუქტისა. „ფასი გაძვირდა კიტრზე, პომიდორზე… რომ გახსნეს ცოტა მყიდველმა მოიმატა… ჯობია ხალხი გადარჩეს და მყიდველი ნაკლები იყოს… ალბათ მერე უკეთესად ვიქნებით“, – აცხადებს ერთ-ერთი მოვაჭრე აგრარული ბაზრიდან.
დღეს ბათუმის აგრარულ ბაზარში ნაწილობრივ არ მუშაობენ. ეს იმიტომ, რომ შაბათ-კვირას მუნიციპალური ტრანსპორტი არ მუშაობს და ბაზრის მოვაჭრეები გადაადგილებას ვერ ახერხებენ.
„შეწყდეს ბათუმის ბულვარის განადგურება“ – ამ მოთხოვნით არსებულ პეტიციას უკვე 5 152 ადამიანი აწერს ხელს. პეტიციით გათვალისწინებული ხელმომწერების რაოდენობა სულ 4 დღეში შეგროვდა – პეტიციაზე ხელმოწერები 30 იანვრიდან დაიწყო.
პეტიციის მოთხოვნა ბათუმის ძველ ბულვარში 16-სართულიან მშენებლობის შეჩერებაა, ასევე ის, რომ ბულვარის განაშენიანების გეგმის დამტკიცებამდე აღარ გაიცეს ბულვარის ტერიტორიაზე ნებისმიერ მშენებლობის ნებართვა.
„ხელმოწერების შეგროვება ისევ გრძელდება, თუმცა ამ ხელმოწერების საფუძველზე ორშაბათიდან ჩვენ მივმართავთ სახელმწიფო უწყებებს… ისინი ვალდებული არიან განიხილონ ჩვენი მიმართვა და ჰქონდეთ რეაგირება,“ – განმარტავს იურისტი, საინიციატივო ჯგუფის „დაიცავი ბათუმის ბულვარის“ წევრი ნათია აფხაზავა.
საინიციატივო ჯგუფის წევრები აპირებენ, რომ პეტიცია გაუგზავნონ: საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრს, ძეგლთა დაცვის ეროვნულ სააგენტოს, კულტურის სამინისტროს, აჭარის მთავრობას, ბათუმის თვითმმართველობას…
„თვითმმართველობასაც პასუხისმგებლობა აკისრია ბათუმის ბულვარის ზრუნვაზე, რადგან ბულვარი გადაცემულია თვითმმართველობის მიერ ავტონომიაზე. ჩვენ ვხედავთ, რა მდგომარეობაა ბულვარში, თვითმმართველობასაც უნდა ჰქონდეს რეაგირება და დაინტერესება ამ საკითხით“, – აღნიშნავს ნათია აფხაზავა.
ის, რომ ასეთ მოკლე დროში უკვე 5 ათასზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა, სამოქალაქო აქტივისტისთვის იმის მაჩვენებელია, რომ ბულვარის მიმართ მოქალაქეებს განსაკუთრებული მგრძნობელობა აქვთ.
„ეს ასე იყო ადრეც, ბულვარის გადასარჩენად მოქალაქეები ახლაც ითხოვენ საპროტესტო აქციის გამართვას, პანდემიის პირობებშიც გაიმართა აქცია… ერთი ადამიანის პროტესტიც უდნა იყოს ღირებული, თუმცა ჩვენ ხშირად გვესმის ხელისუფლებისგან, რომ აი, თქვენ 20 ხართ, 500 ხართ და ასე შემდეგ. ხელმოწერების შეგროვება ისევ გაგრძელდება, რადგან ეს არის საშუალება, მოქალაქეებმა გამოხატონ საკუთარი ხედვა, პროტესტი,“ – ამბობს საინიციატივო ჯგუფის „დაიცავი ბათუმის ბულვარის“ წევრი ნათია აფხაზავა.
საინიციატივო ჯგუფმა ელექტრონული ხელმოწერისთვის დამოუკიდებელი პლატფორმა შეარჩია და არა პეტიციების ოფიციალური პორტალი, სადაც კონკრეტული წესებია განსაზღვრული.
„შედეგობრივად ორივე შემთხვევაში განხილვის ვალდებულება აქვს სახელმწიფო უწყებას,“ – დასძინა „ბათუმელებთან“ ნათია აფხაზავამ.
„შვილს არ მაკავშირებენ, ის 25 იანვარს დააკავეს და მას შემდეგ არაფერი ვიცი, როგორაა, რას შვრება, 25 იანვარს ჩემი შვილი კი არ დააკავეს, არამედ მოიპარეს და სცემეს,“ – ამბობს ბათუმში მცხოვრები დ. ლ. ის 16 წლის არასრულწლოვნის ა.ბ.-ს დედაა, რომელსაც გამოძიება ტაქსტის მძღოლის ძარცვას ედავება. არასრულწლოვანს პატიმრობა მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ შეუფარდა.
დიანას თქმით, მას 25 იანვარს ოჯახის ახლობელი დაუკავშირდა და უთხრა, რომ მისი შვილი ბათუმში, იმედაშვილის ქუჩაზე „პოლიციელებმა მანქანაში ჩატენეს“.
„ჩემთვის პოლიციიდან არავის დაურეკავს, არავის შეუტყობინებია… საათ-ნახევრის შემდეგ ადვოკატის დახმარებით მივაგენით. მანამდე, როცა ჩემს შვილს ვურეკავდი, ისმოდა პოლიციელის ხმა, საიდან ითიშებაო, შემდეგ უწმაწურ სიტყვას ამბობს და გათიშე, ბიჭოო… ჩემმა ტელეფონმა ეს ხმა ჩაიწერა, ამის შემდეგ ჩემი შვილის ტელეფონი გაითიშა“ – ამბობს „ბათუმელებთან“ დ.ლ.
მშობლის თქმით, არასრულწლოვანს დაკავების დროს პოლიციელებმა ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს, რაც ამ დრომდე არავის შეუსწავლია.
„სისხლდენა ჰქონდა ცხვირიდან. თვითონ არ ამბობდა, რომ პოლიციელებმა სცემეს,“ – ამბობს არასრულწლოვნის დედა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება ამ საქმეზე ძარცვის მუხლით მიმდინარეობს, ხოლო პოლიციელების მხრიდან სავარაუდო ძალადობაზე უწყებაში კომენტარს არ აკეთებენ. დაიწყო თუ არა გამოძიება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, რომელიც მსგავს საქმეებს სწავლობს, უწყებიდან ინფორმაცია ჯერ არ მიგვიღია.
პენიტენციური სამსახურის პრესცენტრის ინფორმაციით კი, 16 წლის ა.ბ. მე-8 დაწესებულების საკარანტინე ნაწილშია. აქ ჯერჯერობით ვერ გვითხრეს, რატომ ვერ ხერხდება მშობელსა და არასრულწლოვანს შორის კომუნიკაცია. უწყებაში განმარტავენ, რომ ბრალდებულები პანდემიის გამო 16 დღით საკარანტინე სივრცეში აჩერებენ და შემდეგ PCR ტესტი უტარდებათ. პენიტენციური სამსახურის ცნობით, არასრულწლოვანს გარეგნული დათვალიერებით ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნებოდა.
ადვოკატ დავით ჯაფარიძის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე ფიზიკური დაზიანებების შესახებ მან ინფორმაცია უშუალოდ მოსამართლეს მიაწოდა.
„მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა სხდომაზევე მიმართა სახელმწიფო დაცვის ინსპექტორს, მაგრამ ამ დრომდე არაფერი გამორკვეულა,“ – ამბობს ადვოკატი დავით ჯაფარიძე.
ადვოკატ დავით ჯაფარიძის თქმით, პოლიციელებმა არასრულწლოვანზე ორჯერ იძალადეს.
„თავდაპირველად ის 19 დეკემბერს დააკავეს, მაშინ ედავებოდნენ ყაჩაღობას, მაგრამ მტკიცებულებები არ არსებობდა და მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა დარბაზიდან გაუშვა… მაშინ არასრულწლოვანი ოზურგეთში დააკავეს და პოლიციელმა მას პისტოლეტის ტარი ჩაარტყა თავში“, – გვიყვება ადვოკატი დავით ჯაფარიძე.
მეორე შემთხვევაში კი, ადვოკატის თქმით, პოლიციელები არასრულწლოვნისგან მისი თანატოლისთვის „ხელის დადებას“ ითხოვდნენ.
„უთხრეს, რომ დაადე ხელი, თორემ შენც დაგიჭერთო… საქმე ეხებოდა ტაქსით ერთად მგზავრობას, ოთხი არასრულწლოვანი იყო ერთად, დღეს სამი მათგანი დაკავებულია, მეოთხე – გირაოთი გაუშვეს… კადრებში ჩანს, რომ უთანხმოება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფსა და ტაქსის მძღოლს შორის არ ყოფილა, ეს მანქანიდან გადმოდის და შემდეგ არის სიტყვიერი დაპირისპირება… ამ კადრებს ჩვენ ამოვიღებთ, სადაც ჩანს დაკავება,“ – აცხადებს დავით ჯაფარიძე.
ადვოკატი მიიჩნევს, რომ სამართალდამცველები ტენდენციურად მოქმედებენ, რადგან ამ საქმეში დაზარალებულად ცნობილი ტაქსის მძღოლი ბათუმის პოლიციის მე-3 განყოფილების ოპერატიული მუშაკის მამაა.
განახლება: პენიტენციური სამსახურის პრესცენტრის განმარტებით, კომუნიკაცია არასრულწლოვანსა და მშობელს შორის ვერ ხერხდება იმის გამო, რომ ბრალდებულის საბანკო ბარათი ჯერ დამზადებული არ არის. არასრუწლოვანი 30 იანვარს მოათავსეს პენიტენციური დაწესებულების საკარანტინე სივრცეში. უწყების პრესცენტრის ცნობით, ბრალდებულს მინის ბარიერს მიღმა შესაძლოა შეხვდეს ადვოკატი, თუკი მას ამის სურვილი ექნება.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინფორმაციით, „შეტყობინების მიღებისთანავე სამსახურის გამომძიებელი დაუკავშირდა ა.ბ.-ს მშობელს, ასევე დაუკავშირდა ადვოკატს, რათა მომხდარიყო საკანონმდებლო მოთხოვნათა დაცვით არასრულწლოვანთან გასაუბრება, თუმცა არასრულწლოვან ა.ბ.-ს ადვოკატმა დ.ჯ-მ განაცხადა, რომ არც მას და არც მისი დაცვის ქვეშ მყოფ არასრულწლოვან ა.ბ.-ს არ სურთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამოძიებასთან თანამშრომლობა და ინფორმაციის მოწოდება, მისივე განმარტებით აღნიშნული პოზიცია გამომდინარეობდა დაცვის სტრატეგიიდან და შესაბამისად აღარ დაკავშირებოდა სამსახურის გამომძიებელი არასრულწლოვან ა.ბ.-ს ოჯახს. მიუხედავად აღნიშნულისა გამომძიებელი არაერთხელ დაუკავშირდა არასრულწლოვან ა.ბ.-ს ოჯახის წევრებს, ასევე გამოცხადდა მისამართზე, რათა უზრუნველყოფილი ყოფილიყო არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დაცვა და კანონიერი წარმომადგენლის მონაწილეობით განხორციელებულიყო შესაბამისი მოქმედებები, თუმცა დღემდე როგორც არასრუწლოვან ა.ბ.-ს კანონიერი წარმომადგენლები, ასევე ადვოკატი უარს აცხადებს შესაბამის მოქმედებებში მონაწილეობაზე. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელი გაესაუბრა არასრულწლოვან ა.ბ.-ს ბრალდების სისხლის საქმეში დაკავებულ მეორე პირს, რომელმაც განაცხადა, რომ არც დაკავებისას და არც დაკავების შემდეგ, პოლიციის განყოფილებაში გადაყვანისას არცერთი დაკავებულის მიმართ რაიმე სახის ძალადობას ადგილი არ ჰქონია,“ – აღნიშნულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებულ ინფორმაციაში.
კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების დარღვევისთვის ბოლო 24 საათის განმავლობაში 573 პირი დააჯარიმეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დაჯარიმებულს შორის ყველაზე მეტი შემთხვევა – 457 პირბადის ტარების წესის დარღვევას უკავშირდება.
პირბადის არქონა ან მისი ტარების წესის დარღვევა 20 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს.
შსს-ს მონაცემებით, პოლიციამ 116 პირი დააჯარიმა იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის. კანონი ამ შემთხვევაში ჯარიმას – 2 ათას ლარს ითვალისწინებს. განმეორებით შემთხვევაში კი, სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
დიდთოვლობის გამო გოდერძის უღელტეხილზე ჩარჩენილ მოქალაქეები მაშველებს გამოჰყავთ. ამ ეტაპზე 5 ავტომანქანის და მგზავრების გამოყვანას ცდილობენ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და საფრთხე არავის ემუქრება. მაშველებმა ბუქსირის დახმარებით უკვე გამოიყვანეს 8 ავტომობილი, რომელმაც სვლა განაგრძო, 2 ავტომანქანის მგზარები კი, უახლოეს სასტუმროში დააბინავეს.
“საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-დან შემოსული ინფორმაციით, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 32-ე კილომეტრზე მყოფი ავტომობილები ვერ ახერხებდნენ გადაადგილებას და ესაჭიროებოდათ მაშველების დახმარება.
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე სიტუაცია სრულად კონტროლდება და ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება,”- აღნიშნავენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
ბათუმის ბულვარში, კომპოზიციის – „მე, შენ და ბათუმის“ დასაბრუნებლად ბულვარის ადმინისტრაცია 19 750 ლარს გადაიხდის. დოკუმენტების მიხედვით, ეს თანხა კომპოზიციის აღდგენა-რესტავრაციას მოხმარდება.
„მომსახურების ექსკლუზიური უფლება ეკუთვნის ქანდაკების ავტორს ერეკლე წულაძეს, რომელმაც გონივრულ ვადაში უნდა გაწიოს მომსახურება“, – აღნიშნულია ბულვარის ადმინისტრაციის განაცხადში, რომლითაც შესყიდვების სააგენტოს მიმართა.
ბულვარი, კომპოზიციის რესტავრაციაზე, ხელშეკრულებას გამარტივებული წესით სწორედ ერეკლე წულაძესთან გააფორმებს. შესაბამის ბრძანებას ხელი ბულვარის დირექტორმა, ირაკლი ჯინჭარაძემ, დღეს, 2021 წლის 5 თებერვალს მოაწერა. ბულვარმაც სააგენტოს თანხმობისთვის დღესვე მიმართა.
„ბაულვარის ტერიტორიაზე, კერძოდ: ანბანის კოშკის მიმდებარედ, საოცრებათა მოედანზე 2012 წელს განთავსდა მოქანდაკე ერეკლე წულაძის საავტორო ქანდაკება: ორფიგურიანი კომპოზიცია – „მე, შენ და ბათუმი“. 2019 წელს ბათუმის მერიის მიერ ჩატარდა აქ არსებული გრანიტის ფილების აღება და ბეჭდური ბეტონის მოწყობის სამუშაოები, რის გამოც მოხდა ქანდაკების იძულებითი დროებითი დემონტაჟი და დასაწყობება, რა დროსაც ქანდაკებამ მიიღო რიგი დაზიანებები, ამასთან, ქალაქისთვის დამახასიათებელმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა 8 წლის განმავლობაში ზემოქმედება იქონია რკინის მეტალისგან ნაჭედ მაგიდასა და სკამებზე, რამაც გამოიწვია გადაბმების ჟანგვა და გატეხვა“, – აღნიშნულია ბულვარის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოხსენებით ბარათში.
ამავე წერილში აღნიშნულია, რომ „საოცრებათა პარკის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ ბათუმის ბულვარის უამრავი ვიზიტორი მოგვმართავს კითხვებით, თუ რატომ არ მოხდა ქანდაკების დაბრუნება ძველ მდგომარეობაში და ითხოვენ მის დაბრუნებას, რადგან აღნიშნული ქანდაკება წარმოადგენდა ერთ-ერთ თვალსაჩინო ღირსშესანიშნაობას, რაც დასტურდებოდა იმით, რომ უამრავი ადამიანი იყრიდა მის გარშემო თავს ფოტოების გადასაღებად“.
ამავე წერილის მიხედვით, ქანდაკების ავტორმა, ერეკლე წულაძემ, ბულვარს, 2020 წლის 3 აგვისტოს მიმართა განცხადებით, რომ „ქანდაკების აღსადგენად საჭიროა რკინის მაგიდისა და სკამების ჩანაცვლება ბრინჯაოს მასალით, რათა არ მოხდეს დაჟანგვა და ქანდაკება იყოს მუდმივი, რომლის ღირებულებაც შეადგენს 19 750 ლარს“.
აღნიშნული კომპოზიციის ფიგურები „ბათუმელებმა“ 2020 წლის იანვარში დააფიქსირა ახალ ბულვართან, სადაც სხვადასხვა დაზიანებულ სკულპტურასთან და ინვენტართან ერთად უწესრიგოდ ეყარა.
„სკულპტურა „მე, შენ და ბათუმი“ ანბანის კოშკთან მოედნის რეაბილიტაციის გამო მოვხსენით, ის არ არის ჩამოწერილი და დავაბრუნებთ თავის ადგილზე“, – გვითხრეს მაშინ ბულვარის ადმინისტრაციაში.
მთავარი ფოტო: „დასაწყობებული“ სკულპტურა „მე, შენ და ბათუმი“/ 8.01.2020 / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან
პუბერტატული, ანუ გარდატეხის ასაკი ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდია ადამიანის ცხოვრებაში. ამ დროს მოზარდის ორგანიზმში ჰორმონალური ცვლილებებია. ამას, ბუნებრივია, გუნება-განწყობილების მკვეთრი ცვლილებაც თან სდევს.
მშობელს არ უნდა გაუკვირდეს, როცა მოზარდი ინტერესს კარგავს ნებისმიერი საქმიანობის მიმართ, რაც ადრე მოსწონდა. გარდატეხის ასაკში სკოლაში სწავლის ინტერესს ხშირად კარგავენ, ან ითვალწუნებენ რომელიმე კონკრეტულ საგანს.
შესაძლოა ბავშვს ჰქონდეს სხვადასხვა სირთულე, რის გამოც ვერ კონცენტრირდება სწავლაზე
ბავშვთა ფსიქოლოგის, ქეთი დევაძის განმარტებით, შეფერხება სწავლის პროცესში გარდატეხის ასაკში დროებითია, მაგრამ თუ ხარვეზები გახანგრძლივდა, მშობელი უნდა დაინტერესდეს, რატომ ხდება ეს და ერთი შეხედვით სწავლისადმი ინტერესის დაკარგვის მიღმა რაიმე სხვა, უფრო მნიშვნელოვანი საზრუნავი ხომ არ იმალება – შესაძლოა ბავშვს ჰქონდეს სხვადასხვა სირთულე, რის გამოც ვერ კონცენტრირდება სწავლაზე.
მშობელი უნდა დაინტერესდეს, ხომ არ უკავშირდება სწავლისადმი ინტერესის დაკარგვა:
ბავშვის პირად პრობლემებს;
ბულინგს;
ოჯახურ ურთიერთობებს;
მის დამოკიდებულებებს მასწავლებლებთან;
ან პირიქით: მასწავლებლების დამოკიდებულებას მოზარდთან;
უნდა დავაკვირდეთ, ხომ არ არის პრობლემა დაკავშირებული თვითშეფასებასთან, საკუთარი თავის აღქმასთან.
ან შესაძლოა არცერთი ზემოთჩამოთვლილი პრობლემა არ იყოს სწავლისადმი ინტერესის დაკარგვის მიზეზი და საქმე გვქონდეს სულ სხვა მოტივთან.
როგორ მოიქცეს მშობელი, როცა მოზარდი კარგავს ინტერესს სხვადასხვა საგნის მიმართ
ფსიქოლოგი ქეთი დევაძე მშობლებს ურჩევს, სწავლის გეგმა შეიმუშაონ მოზარდებთან ერთად. არა ისეთი გეგმა, როგორიც მისთვის არსებობდა მცირე ასაკში, არამედ ახალ საჭიროებებს მორგებული. მნიშვნელოვანია ასევე სწავლასთან დაკავშირებული სამომავლო გეგმების ერთობლივად დასახვა.
„კარგი იქნება თუ მშობელი დაინტერესდება მოზარდის ყოველდღიური დავალებებით, თუ რას სწავლობს, რა მოსწონს, რა არ მოსწონს. კარგია თუ დავეხმარებით და აღმოვაჩენინებთ მოზარდს საკუთარ ძლიერ და სუსტ მხარეებს, არამხოლოდ სასკოლო, არამედ სხვა საქმიანობაშიც. უმრავლეს შემთხვევებში მოზარდებზე დადებითად მოქმედებს ასევე თუ მას მშობელი დაეხმარება წარმატებებისა და მიღწევების აღრიცხვაში, ასევე ხარვეზების აღრიცხვაშიც“, – ამბობს ქეთი დევაძე.
რა უნდა ვქნათ, როცა შვილის მეგობრები არ მოგვწონს
მოზარდის მშობელმა, პირველ რიგში საკუთარ თავს უნდა დაუსვას შეკითხვა, რატომ არ მოსწონს მისი შვილის ესა თუ ის მეგობარი, ხომ არ არის ეს დაკავშირებული თავად მშობლის გამოცდილებასთან, ან იქნებ შვილის მეგობრის საეჭვო ოჯახი, წარსული აფიქრებს მშობელს, შესაძლოა მივიჩნევდეთ, რომ მეგობარი ცუდ გავლენას ახდენს ჩვენს შვილზე.
ხანდახან მშობელი თვლის, რომ უკეთესი მეგობრები უნდა ჰყავდეს მის შვილს, ან შეიძლება ჰგონია, რომ შვილს ჩაგრავს მეგობარი და ის მისი გავლენის ქვეშაა.
ფსიქოლოგის აზრით, სასურველია მშობელმა გაიგოს რა მოსწონს მის შვილს ამ მეგობარში. რა საერთო ინტერესი აქვთ, რატომ გრძნობენ ერთად თავს კარგად.
ქეთი დევაძე მშობლებს ურჩევს, რომ როცა შვილის მეგობარი არ მოგვწონს, კარგი იქნება თუ ვთხოვთ მოზარდს მეგობრის შინ დაპატიჟებას. უნდა დავაკვირდეთ, ვცადოთ მეტი დრო გაატარონ ჩვენს სახლში და არა სხვა სივრცეში, უნდა ვიყოთ შორიახლოს, არა იმავე ოთახში, მაგრამ უნდა გრძნობდეს შვილიც და მეგობარიც, რომ იქვე ვართ.
ბავშვთა ფსიქოლოგის რჩევით:
ეცადეთ არ იყოთ კრიტიკული, დააფასეთ შვილის მცდელობა, რომ გაიფართოვოს სოციალური წრე. ეს შეიძლება მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყოს;
შეიკავეთ თავი მისი მეგობრის გაკრიტიკებისგან, ამან შეიძლება მოზარდის უარყოფითი ემოცია გამოიწვიოს;
რომელიმე ადამიანთან მეგობრობის აკრძალვამ შეიძლება საპირისპირო ეფექტი მოახდინოს და თქვენს შვილს უფრო მოუნდეს ამ მეგობართან ურთიერთობა;
დავფიქრდეთ, ჩამოვაყალიბოთ, რატომ გვგონია, რომ უარყოფით გავლენას ახდენს მეგობარი ჩვენს შვილზე, ჩამოვთვალოთ ეს გავლენები დაზუსტებით.
თუ მართლა ვფიქრობთ, რომ ვინმე ცუდ გავლენას ახდენს ჩვენს შვილზე, უნდა დავაკვირდეთ თუ არის მისი თვითშეფასება, თვითრწმენა ადეკვატური;
ხშირად თვითშეფასების პრობლემის მქონე მოზარდები იჩენენ მეგობრებს, რომლის გავლენის ქვეშაც ექცევიან ხოლმე.
კარგი იქნება თუ ბავშვებს ვასწავლით, როგორ იყვნენ ასერტიულები. ასერტიულობა ნიშნავს ვიცოდე, როგორ დავიცვა ჩემი ინტერესი ისე, რომ სხვას არ მივაყენო შეურაცხყოფა, არ დავარღვიო სხვისი უფლებები. უნდა ვასწავლოთ მოზარდებს, როდის და როგორ თქვან „არა“, როცა მას რაღაც არ უნდა, როდის დაიხიონ უკან ან გააჩერონ სხვა;
თუ მოზარდს ეცოდინება, როგორ სცეს საკუთარ თავს და საკუთარ გადაწყვეტილებას პატივი, ნაკლებად მოექცევა ვინმეს ზემოქმედების ქვეშ.
„შეიძლება უბრალოდ ვფიქრობდეთ, რომ ჩვენი შვილი თავისზე ჭკვიან, გამოცდილ, საინტერესო ადამიანთან მეგობრობის ,,ღირსია“, მაგრამ ჩარჩოებს მიღმა უნდა გავიხედოთ: იქნებ ჩვენი შვილიც ახდენს ვინმეზე რაიმე ნიშნით უარყოფით გავლენას? იქნებ დავფიქრდეთ იმაზეც, რომ ნებისმიერი ბავშვი იმსახურებს შანს ჰქონდეს ნამდვილი მეგობრობა და კარგი ურთიერთობა ვინმესთან“, – ამბობს ბავშვთა ფსიქოლოგი.
ხულო-თაგოს საბაგირო გზის პირველი სადგურის [დაბა ხულოში] ფასადის რეაბილიტაცია და ინტერიერის მოპირკეთება იგეგმება. სადგურის რეაბილიტაციისთვის ხულოს მუნიციპალიტეტმა ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 113 ათას 864 ლარია.
ასეთი იქნება ხულო-თაგოს საბაგირო გზის პირველი სადგური რეაბილიტაციის შემდეგ / ფოტოები პროექტიდან
სადგურის რეაბილიტაცია 2021 წლის პირველი აპრილიდან 90 კალენდარულ დღეში [ივლისამდე] უნდა დასრულდეს.
ტენდერში წინადადებების მიღება კი 18 თებერვალს დაიწყება და 23 თებერვალს დასრულდება.
ხულო-თაგოს საბაგირო გზის სადგური დაბა ხულოში – ფოტო ტენდერიდან
პროექტის მიხედვით, იგეგმება საბაგირო გზის „პირველი სადგურის სახურავის რეკონსტრუქცია, ბურვილის შეცვლა; ფასადის წიბოების შემოსვა ალუკობონდით; კიბის რეაბილიტაცია-კერამოგრანიტით შემოსვა; კიბის ხის მოაჯირების მოწყობა; ლითონის მოაჯირების მოწყობა ბაქანზე; კარნიზების შეფუთვა ხის მასალით; ფასადის კედლებიდან ამორტიზებული ეკლარის ფილების ჩამოყრა და შემოსვა დამუშავებული ტრავენტინით;
ასევე, ფასადებზე გამომავალი კარ-ფანჯრის ბლოკების შეცვლა ფერადი მეტალოპლასტმასის ბლოკებით; საყვავილეების მოწყობა; ფასადისა და შიგა სამღებრო სამუშაოები.
1719-მეტრიანი საბაგირო გზა დაბა ხულოს სოფელ თაგოსთან აკავშირებს.
—
ხულო-თაგოს საბაგირო გზა პანდემიის პირობებში იმ რეგულაციების დაცვით მუშაობს, რაც მთავრობას აქვს დაწესებული საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის:
„ბაბუა ბევრს მიყვებოდა ფარი ხანუმზე, როგორც ძლიერ ქალზე… ბაბუას განსაკუთრებით უყვარდა მამიდა. კაცი ფარი ხანუმს ეტყოდნენ, ასე მიმართავდნენო… როცა გაირკვა, რომ ფარი ხანუმი პირველი მუსლიმი ქალი იყო, რომელსაც დემოკრატიული არჩევნები მოუგია, ბაბუა ცოცხალი აღარ იყო,“ – გვიყვება ისმაილ სოფიევი. მისი ბაბუას მამიდა იყო ფარი ხანუმ სოფიევა – ერთ-ერთი პირველი მუსლიმი ქალი სამყაროში, რომელიც პირდაპირი არჩევნების გზით, 1918 წელს თბილისის მაზრის [ამჟამინდელი თვითმმართველობა] ერობის წევრი გახდა.
ფარი ხანუმი ისტორიაში პირველი მუსლიმი ქალია, რომელმაც არჩევნები მოიგო როგორც უპარტიო, დამოუკიდებელმა დეპუტატმა. ფარი ხანუმი საქართველოში, გარდაბანში, სოფელ ყარაჯალარში ცხოვრობდა.
ფარი ხანუმ სოფიევას შესახებ პირველად ისტორიულ დოკუმენტებში ინფორმაცია ისტორიკოსმა ირაკლი ხვადაგიანმა მოიპოვა. სოფიევას შესახებ, როგორც სასიხარულო ცნობას, წერდა იმდროინდელი პრესაც, მაგალითად, „სახალხო კრება“. აქ ეწერა, რომ 1918 წელს თბილისის მაზრის ერობის წევრი მუსლიმი ქალიც გახდა. იპოვეს ერთ-ერთი სხდომის ჩანაწერიც, სადაც სოფიევა ხელს რუსულად აწერს.
ფარიხანი, იგივე ფარი ხანუმ სოფიევა გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყარაჯალარში 1884 წელს დაიბადა. ის 34 წლის იყო, როცა დეპუტატი გახდა. ფარი ხანუმი 1953 წელს 69 წლის ასაკში გარდაიცვალა.
სამწუხაროდ, ფარი ხანუმის შესახებ ჯერ კიდევ ბევრი არაფერია ცნობილი. ისტორიკოსები მიიჩნევენ, რომ განსაკუთრებული ინფორმაცია უფრო ზეპირსიტყვიერებაში შეიძლება იყოს შემონახული, ვიდრე არქივებში. განსაკუთებით ახლა, როცა საქართველოს პირველი რესპუბლიკის პირველი კონსტიტუციის მიღებიდან 100 წელი გავიდა.
ისმაილ სოფიევი: ვამაყობ, რომ ბაბუას მამიდა იმ დროში ქალების გაძლიერებაზე ზრუნავდა
ფარი ხანუმ სოფიევას შთამომავალი ისმაილ სოფიევი, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლიტიკის მეცნიერებებს სწავლობს, აპირებს ფარი ხანუმის შესახებ წიგნი დაწეროს. ის ახლა მონაცემებს აგროვებს, ადამიანებს ხვდება, მათ შორის უხუცესებს, რომლებიც მხოლოდ აზეირბაიჯანულად საუბრობენ… ისმაილისთვის განსაკუთრებული ინტერესის საგანია იმის გამორკვევა, თუ რას აკეთებდა ფარიხანი ქალების გაძლიერებისთვის.
„სოფელში უხუცესებს ყველას ახსოვს ფარი ხანუმი, როგორც ქალი, რომელიც შეიარაღებული დადიოდა, ჩაიხანასაც ხშირად სტუმრობდა და ჩიბუხს ეწეოდა… პირველ რიგში, ისინი ამას გეტყვიან, თუკი სოფიევას გახსენებას სთხოვ,“ – გვიყვება ისმაილ სოფიევი. – „მითხრეს, რომ ფარი ხანუმს თბილისშიც უყიდია ბინა და იქ ჩვენი სოფლიდან რამდენიმე გოგო ჩაუყვანია, განათლება რომ მიეღოთ. მერე რამდენიმე მათგანი სკოლაში მასწავლებელი გახდა. დღეს ისინი ცოცხლები აღარ არიან…
ფარიხანი – არჩევნებში გამარჯვებული პირველი მუსლიმი ქალი. ეს ერთადერთი ფოტოა, რომელიც ისტორიას შემორჩა
სოფელში ასევე ჰყვებიან, რომ ფარი ხანუმი აპროტესტებდა ნაადრევ ქორწინებას და ქალის ჩაგვრას. თვითონ არასდროს გათხოვილა,“ – ამბობს ისმაილი.
ისმაილის ბაბუას მეხსიერებაში ფარი ხანუმი შემორჩენილა, როგორც ოჯახის ძლიერი წინამძღოლი და ქალი, რომელიც იმ დროშიც კი არღვევდა სტერეოტიპებს და კაცებთან ერთად დავების განხილვებში მონაწილეობდა.
„ბაბუა მიყვებოდა, რომ ფარი ხანუმს დედ-მამა მალე დაეხოცა, ერთი და ჰყოლია, 8 ძმა და ოჯახს თვითონ გაუძღვა, უპატრონა ყველას. ბაბუა იტყოდა, ასეა – ავტორიტეტი ჯერ ოჯახსა და სოფელში მოიპოვაო… იმ დროს მეცხვარეობა იყო, ბევრი ცხვარი და საქონელი ჰყოლიათ, ფარი ხანუმს საქმეც ჰყვარებია და სოფელში დავების გადაწყვეტაც… იმ დროს,მით უმეტეს ეს ქალისგან პრობლემა იყო,“ – გვიყვება ისმაილი.
ფარიხან სოფიევას საფლავი, სოფელი ყარაჯალარი
ისმაილი იხსენებს, რომ ბავშვობაში არამხოლოდ ბაბუასგან მოუსმენია ფარი ხანუმის, როგორც ავტორიტეტის და ძლიერი ფიგურის შესახებ, თუმცა სოფელ ყარაჯალარში არავის ახსოვდა მისი თბილისის მაზრის ერობის წევრობა.
„ვერ აღგიწერთ, რა ემოცია მქონდა, ამას სიტყვებით ვერ აღვწერ,“ – იმ ემოციას იხსენებს ისმალ სოფიევი, როცა სოფელ ყარაჯალარში ტელევიზორებიდან გაიგეს, ფარიხანი დეპუტატი რომ იყო. -„უკვე 17 წლის ვიყავი, როცა ეს გავიგე, ისტორიკოსმა ირაკლი ხვადაგიანმა აღმოაჩინა ეს, სოფელმაც გაიხარა, ყველას გაეხარდა და დღემდე ამაყობენ… უხუცესები დანანებით ამბობდნენ, რატომ არ ვიცოდით, რომ ჩვენი ფარი ხანუმი დეპუტატიც ყოფილაო,“ – ამბობს ისმაილ სოფიევი.
ისმაილ სოფიევი
ისმაილის აზრით, ფარიხანის დეპუტატობის ამბავი საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ დაიკარგა, რადგან აღარავის სურდა ესაუბრა ფარიხანის გაკულაკებული ოჯახის და მისი დახვრეტილი ძმების შესახებ.
„ვერ მეუბნებიან ამას, რატომ დაავიწყდათ, მაგრამ, ჩემი აზრით, საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ ჩაიკარგა ეს ამბავი. ჩემი წინაპრების ოჯახი გააკულაკეს, ქონება ჩამოართვეს, ფარი ხანუმის 5 ძმა დახვრიტეს…“ – ასრულებს ისმაილი თხრობას.
ირაკლი ხვადაგიანი: მან არჩევნები მოიგო, როგორც დამოუკიდებელმა კანდიდატმა
ისტორიკოს ირაკლი ხვადაგიანისთვის, რომელმაც დოკუმენტებში პირველად იპოვა „დეპუტატი ფარიხან სოფიევა“, განსაკუთრებით საინტერესო ის მომენტია, რომ ფარი ხანუმი დამოუკიდებლად გახდა თბილისის მაზრის ერობის წევრი.
„ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ავლენს მის ავტორიტეტს და პირდაპირი არჩევნების მნიშვნელობას… მოგვიანებით ის ხდება სოციალ-დემოკრატების პარტიის წევრი. არჩევნებში მან მმართველი პარტიის კანდიდატი დაამარცხა. ფარიხან სოფიევა სავარაუდოდ პირველი მუსლიმი ქალია, რომელიც წარმომადგენლობით ორგანოში აირჩიეს, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი,“ – გვიყვება ირაკლი ხვადაგიანი.
ისტორიკოსის თქმით, პირველად მუსლიმი ქალები წარმომადგენლობით ორგანოში ასტრახანში 1917 წელს აირჩიეს ქალაქის საბჭოს წევრებად, თუმცა ისინი პარტიას წარმოადგენდნენ.
ირაკლი ხვადაგიანი, ისტორიკოსი, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია
ზოგადად, ქალებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება პირველად ახალ ზელანდიაში მისცეს 1894 წელს, პირველი ქალი დეპუტატი კი, ფინეთში 1907 წელს აირჩიეს.
„სამწუხაროდ, დოკუმენტური მასალა მცირეა ფარიხანის შესახებ. სოფიევა ჩანს ერობის ყრილობებში, ფიქსირდება ხელმოწერები, მაგრამ არ ვიცით, რა ხდება თემის დონეზე… ჩანს, რომ მისი ავტორიტეტი განსაკუთრებით დიდი იყო. დოკუმენტებში ის ხელს აწერს რუსულად, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ კარგი განათლება ჰქონდა. არ არის ცნობილი, რა განათლება ჰქონდა ფარიხანს, მაგრამ სავარაუდოდ მან იცოდა ქართული და არაბულიც, რადგან ყურანს კითხულობდაო.
ირკვევა ისიც, რომ ფარიხანი აქტიურად მონაწილეობდა ადგილობრივ დონეზე დავების გადაწყვეტაში, ეწეოდა ჩილიმს… ეს ყველაფერი გვაჩვენებს, რომ ფარიხანი აქტიურად არღვევდა მაშინდელ კი არა, დღეს არსებულ სტერეოტიპებს,“ – მიიჩნევს ისტორიკოსი ირაკლი ხვადაგიანი.
ირაკლი ხვადაგიანის მიერ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ ფარი ხანუმ სოფიევას სამი ძმა ჯერ გადაასახლეს, ხოლო 1937 წელს დახვრიტეს.
„უცნობია, რას აკეთებდა ფარიხანი საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, მაგრამ ეს ფაქტი აჩვენებს, რომ ფარიხანის ოჯახი დაპირისპირებული იყო საბჭოთა რეჟიმთან. ამის შემდეგ ფარი ხანუმი არსად ფიგურირებს. ჩანს, რომ არ შედგა სიახლოვე მასსა და ბოლშევიკურ რეჟიმს შორის,“ – ასკვნის ირაკლი ხვადაგიანი.
ისტორიკოსი დანანებით აღნიშნავს იმასაც, რომ დღესაც კი, საქართველოს არქივი საბჭოთა არქივის მოწყობისაა და მკვლევარს ძიება განსაკუთრებით უჭირს.
„სახელის დონეზეც კი ვერ ეძებ… ვერ ვიტყვით, რომ მეტი არაფერია ცნობილი, მაგრამ ამ ძიებას შესაძლოა წლები დასჭირდეს, ეს არის ნემსის ძებნა თივის ზვინში,“ – გვითხრა ირაკლი ხვადაგიანმა.
ემინ იადიგაროვი: საბჭოთა ოკუპაცია რომ არა, ფარიხანი ძალიან ძლიერი პოლიტიკოსი გახდებოდა
ასე ემინ იადიგაროვი ფიქრობს. ეს ისტორიკოსიც ფარიხან სოფიევას შესახებ ამზადებს სამეცნიერო ნაშრომს. ემინი თურქეთში, „სელჩუკის უნივერსიტეტის“ სადოქტორო პროგრამაზე სწავლობს ერასმუსის პროგრამით. ის ამბობს, რომ ფარიხანის ამბავი ახლა განსაკუთრებით აქტუალურია აზეირბაიჯანულ თემში ქალთა ემანსიპაციის კუთხით.
ემინ იადიგაროვი მარნეულში ცხოვრობს.
ემინ იადიგაროვი, ისტორიკოსი
„ვესაუბრები უხუცესებს, რომლებსაც ჰქონიათ ურთიერთობა ფარი ხანუმთან. ისინი ჰყვებიან, რომ ფარი ხანუმის სიტყვა იყო კანონი და ურჩობას ვერავინ უბედავდა… აღნიშნავენ, რომ განსხვავებული ხასიათი ჰქონდა და კაც-ფარიხანს ეძახდნენ,“ – გვიყვება ემინი.
ისტორიკოსის ინფორმაციით, ფარი ხანუმმა განათლება ოჯახში მიიღო, რომელიც შეძლებული იყო და მასწავლებლები სახლში აკითხავდნენ.
„მას ჰქონდა კარგი რელიგიური განათლება, იცოდა ქართული და რუსულიც… ის არ იყო ქორწინებაში და არ ჰყოლია შვილი, თუმცა ზრდიდა ერთ-ერთ ძმისშვილს. ფარი ხანუმი აპროტესტებდა ნაადრევ ქორწინებასაც.
სოფელში ახსოვთ, რომ ის ეხმარებოდა გოგოებს განათლების მიღებაში და ცდილობდა, ისინი ნაადრევად არ დაქორწინებულიყვნენ. უხუცესებს ახსოვთ, რომ ფარი ხანუმი დავების გადაწყვეტაში აქტიურად მონაწილეობდა.
საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ მისი პოლიტიკური კარიერა სრულდება. ჩანს, რომ მას პოლიტიკოსისთვის ძალიან ბევრი კარგი უნარი ჰქონდა და რომ არა საბჭოთა ოკუპაცია, ფარი ხანუმი ძალიან ძლიერი პოლიტიკოსი იქნებოდა. თურმე ამბობდა, რომ საბჭოთა ოკუპაციამ მას ხელ-ფეხი შეუკრა…“ – ასრულებს ისტორიკოსი ემინ იადიგაროვი.
განათლების საერთაშორისო ცენტრი, პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, 2021-2022 სასწავლო წლისათვის ექვს სასტიპენდიო პროგრამაზე აცხადებს კონკურსს საზღვარგარეთ სწავლის მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის.
ეს პროგრამებია:
საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები
საერთაშორისო სადოქტორო პროგრამები
საერთაშორისო სახელოვნებო აკადემიური პროგრამები
საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა
სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში
აკადემიური პროგრამები იტალიაში
პროგრამები ითვალისწინებს როგორც სწავლის საფასურის, ასევე ცხოვრებისათვის საჭირო ხარჯების ანაზღაურებას.
ყოველწლიურად სასტიპენდიო პროგრამებით განათლების საერთაშორისო ცენტრი დაახლოებით 200 სტუდენტს აფინანსებს.
ექვსივე პროგრამის ელექტრონული განაცხადების მიღება ცენტრის ვებგვერდზე – www.iec.gov.ge 5 თებერვალს დაიწყო, საფრანგეთსა და იტალიაში სასტიპენდიო კონკურსის ფარგლებში განაცხადები 5 მარტის, ხოლო დანარჩენ პროგრამებზე 5 აპრილის ჩათვლით მიიღება.
პროგრამით დაინტერესებულ კონკურსანტებთან პერიოდულად გაიმართება ონლაინ საინფორმაციო შეხვედრები. კონსულტაციის გავლა შესაძლებელია ელექტრონული რესურსებითაც, ცენტრის ოფიციალურ გვერდზე სოციალურ ქსელში ან პროგრამული სამსახურის ელფოსტის: info-iec@iec.gov.ge მეშვეობით.
საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდი „დონალდ კუკი“ შემოვიდა.
ბათუმის პორტში ხომალდს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი, I რანგის კაპიტანი რამაზ პაპიძე და ამავე დეპარტამენტის წარმომადგენლები დახვდნენ.
შს სამინისტროს ცნობით, ვიზიტი აშშ-სა და საქართველოს შორის საზღვაო სფეროში თანამშრომლობის განმტკიცებას ემსახურება.
COVID19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, შეხვედრები დისტანციურად, ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართება.
შსს-ს ცნობით, Arleigh Burke-ს კლასის მართვადი სარაკეტო გამანადგურებელი „დონალდ კუკი“ აშშ-ის მეექვსე ფლოტის ოპერაციების სამოქმედო არეალში სხვადასხვა მისიაში მონაწილეობს და ხელს უწყობს შავი ზღვის რეგიონის საზღვაო უსაფრთხოების დაცვასა და ნატოს ოპერაციებისა და მისიების მხარდაჭერას.
„დონალდ კუკი“ საქართველოს ტერიტორიულ წყლებს ხვალ, 6 თებერვალს, საქართველოს სანაპირო დაცვასთან ერთად დაგეგმილი სწავლების დასრულების შემდგომ დატოვებს.
თვე-ნახევარზე მეტი დრო გავიდა, რაც ბათუმში რამდენიმე ცენტრალურ ქუჩაზე გარკვეული მონაკვეთები ცალმხრივი გახადეს და მუნიციპალური ავტობუსების სავალი ნაწილი [ე.წ. Bus lane] მონიშნეს. ახალი სქემა ამოქმედდა, თუმცა ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მოძრაობა მხოლოდ პირველი თებერვლიდან განახლდა.
ახალი სქემის მიუხედავად, ქალაქში ტრადიციული საცობების პრობლემა არ მოხსნილა. ჩანს, რომ მძღოლებმა, განსაკუთრებით ჭავჭავაძის ქუჩაზე, არ იციან ახალი სქემით დადენილი მოძრაობის წესების შესახებ.
ჭავჭავაძის ქუჩა / 5.02.2021
რა შედეგი გამოიღო ახალმა სქემამ ქალაქში მოძრაობის მოწესრიგების კუთხით? – მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ჯერ კიდევ დაკვირვების რეჟიმში არიან და გზებზე მონიტორინგი გრძელდება.
„არის პატარ-პატარა ნიუანსები, საცობებს ვგულისხმობ, თორემ სხვა რაიმე მნიშვნელოვანი პრობლემა ამ ეტაპისთვის არ გამოჩენილა. 5 დღე შედეგებისთვის არ არის საკმარისი და მონიტორინგი გრძელდება. როცა ჯავახიშვილის და აბუსერიძის ქუჩები მთლიანად გაიხსნება, გაცილებით უკეთ დავინახავთ [ახალი სქემის] შედეგს… ამ ეტაპზე საპატრულო პოლიცია ჩართულია და მაქსიმალურად გვეხმარება,“ – გვითხრა მერიის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის პოლიტიკის განყოფილების უფროსმა ემზარ ქავჟარაძემ.
რაც შეეხება მუნიციპალურ ავტობუსებსა და სამარშრუტო მიკროავტობუსებს, ემზარ ქავჟარაძის თქმით, „არც მათ მუშაობაში შექმნილა პრობლემა, მგზავრთა გადაყვანის მხრივ. ავტობუსები თავისუფლად მოძრაობენ“.
აბუსერიძისა და ჯავახიშვილის ქუჩების ნაწილობრივ ჩაკეტვის გამო ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია მიმდებარე ქუჩებზეც. თავისუფლად გადაადგილების პრობლემა აქვთ გორგილაძისა და ჭავჭავაძის ქუჩებიდან აღმაშენებლის წრიულისკენ მოძრავ ავტომანქანებს, ასევე პირიქით, აბუსერიძისა და ფიროსმანის ქუჩებიდან ქალაქის ცენტრის მიმართულებით მოძრავ ავტომანქანებსაც.
როდის დასრულდება სამუშაოები ჯავახიშვილისა და აბუსერიძის ქუჩებზე, ასევე აეროპორტის გზატკეცილზე? – როგორც „ბათუმელებს“ მერიაში უთხრეს, სამუშაოები, 2021 წლის მეორე კვარტალში, ანუ მაქსიმუმ აპრილიდან ივლისამდე პერიოდში უნდა დასრულდეს.
აბუსერიძის ქუჩა ბათუმში / 2.02.2021
ბათუმის მერიის ინფორმაციით:
[checklist]
„ჯავახიშვილის ქუჩაზე [აბუსერიძისა და ფიროსმანის ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთში] დასრულდა წყალარინების კოლექტორის მოწყობა და მიმდინარეობს ქუჩის რეაბილიტაცია. სამუშაოები მიმდინარე წლის მეორე კვარტალში დასრულდება.
ტბელ აბუსერიძის ქუჩიდან აღმაშენებლის ქუჩის წრიულამდე [ხოფის წრიული] არსებულ მონაკვეთში მიმდინარეობს წყალარინების E კოლექტორის მოწყობა. E კოლექტორის მშენებლობის სამუშაოები დაწყებულია ანგისის ქუჩაზეც, აღმაშენებლის ქუჩის წრიულის მიმართულებით. კოლექტორის მშენებლობა მიმდინარე წლის მეორე კვარტალში უნდა დასრულდეს.
წყალარინების სისტემის მოწყობა მიმდინარეობს აეროპორტის გზატკეცილზეც, სადაც მიწისქვეშა სამუშაოები მიმდინარე წლის პირველ კვარტალში დასრულდება, რის შემდეგაც დაიწყება ამ ქუჩის კეთილმოწყობა“.
[/checklist]
ჯავახიშვილის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ახალი სქემით ცალმხრივი გახდება მოძრაობა გრიბოედოვის ქუჩაზეც – ჭავჭავაძის გზაჯვარედინიდან [რესპუბლიკურიდან] რუსთაველის ქუჩის მიმართულებით.
რამდენად რთულია, როცა მსოფლიო პანდემიის დროს ასობით ადამიანის ბედი შენზე და იმ უწყების გამართულად მუშაობაზეა დამოკიდებული, რომელსაც ხელმძღვანელობ. გიორგი ჯანჯღავა, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში, თავის გამოცდილებას „ბათუმელებს“ უზიარებს ზეპირი ისტორიების სერიისთვის – „ადამიანები პანდემიის დროს“:
პირველი შეხება კორონავირუსთან
თავდაპირველად, როცა გავრცელდა ინფორმაცია ახალი კორონავირუსის შესახებ, ძნელად თუ წარმოიდგენდა ვინმე, რომ ვირუსი ამ მასშტაბებს მიაღწევდა. თუმცა მალევე აუცილებელი გახდა გლობალური პანდემიის გამოცხადება და მსოფლიო სრულიად ახალი რეალობის წინაშე აღმოჩნდა. ჩემი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, იმთავითვე ვადევნებდი თვალყურს ინფორმაციას და მალევე ჩვენც მოგვიწია ამ ვერაგი ვირუსის წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლაში ჩაბმა.
თურქეთის რესპუბლიკაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 11 მარტს, გარდაცვალების კი – 18 მარტს დაფიქსირდა. თუმცა საელჩოს გაცილებით ადრე მოუწია ამ საკითხთან შეხება. ალბათ გახსოვთ, რომ თურქეთმა პირველ თებერვალს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ უჰანიდან თურქეთის მოქალაქეთა ევაკუაცია განახორციელა. ქართული მხარის თხოვნით, თურქეთის მოქალაქეებთან ერთად გამოყვანილ იქნა საქართველოს 3 მოქალაქე. ამ პროცესში საელჩო, რა თქმა უნდა, აქტიურად იყო ჩართული. ეს იყო თურქეთის კეთილი ნება, რაც უაღრესად დასაფასებელია.
საელჩოს ყველა თანამშრომელი, ჩემი ჩათვლით, მიუხედავად მისი ფუნქცია-მოვალეობების სპეციფიკისა, ფაქტობრივად, კონსულის მოვალეობის შესრულებას შეუდგა. ყველანი ერთად ვინაწილებდით თურქეთის შესაბამის უწყებებთან კომუნიკაციისა და მოქალაქეთა საჭიროებებზე ზრუნვის ფუნქციას.
უჰანიდან მოქალაქეების გამოყვანის ორგანიზებაში, რასაკვირველია, ჩართული იყო ჩინეთში საქართველოს საელჩოც. თურქული მხარის თხოვნით, საელჩომ უზრუნველყო ჩვენი მოქალაქეების ტრანსპორტირება აეროპორტამდე. ალბათ გახსოვთ, იმ პერიოდში აბსოლუტურად ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდებოდა, არავინ იცნობდა ვირუსის ხასიათს, ჟღერდებოდა მხოლოდ ის, რომ მომაკვდინებელი ვირუსია. საინფორმაციო საშუალებებში ტრიალებდა ქუჩაში გარდაცვლილი ადამიანების კადრები. შესაბამისად, ამგვარ ქაოსურ სიტუაციაში საკმაოდ დიდი იყო შიში.
უჰანიდან ჩვენი მოქალაქეების ანკარაში ჩამოყვანის მომენტში, სამსახურებრივი მოვალეობის გამო, ქალაქგარეთ ვიმყოფებოდი და ვერ ვახერხებდი მათ მონახულებას. მიუხედავად რისკისა, მოქალაქეების გასამხნევებლად საავადმყოფოში იმყოფებოდნენ ანკარაში საქართველოს კონსული და ასევე, ჩემი თანაშემწე. ეს დასაფასებელი ჟესტი იყო მათი მხრიდან, რადგან ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა საჯარო მოხელე მოქალაქის საჭიროებას საკუთარ ჯანმრთელობაზე მაღლა აყენებს. საბედნიეროდ, ტესტის შედეგად დადასტურდა, რომ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებოდა და 15 დღეში ისინი მშვიდობიანად გამოვამგზავრეთ საქართველოში.
ჩაკეტილი საზღვრები თურქეთთან
საზღვრის ჩაკეტვა ძალზე რთულად მისაღები გადაწყვეტილებაა, რომელსაც მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში იღებს ქვეყანა. მარტის თვეში, როცა ამ რეალობის წინაშე აღმოვჩნდით, დღის წესრიგში დადგა საქართველოს მოქალაქეთა სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნების საკითხი. სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის დახურვის შემდეგ უქმდებოდა საჰაერო მიმოსვლაც, რაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ჩარჩენილ საქართველოს მოქალაქეებს ძალიან არასახარბიელო ვითარებაში აყენებდა – მოგეხსენებათ, სწორედ თურქეთის გავლით სრულდება ავიარეისების უმეტესობა ევროპის, აზიის, ამერიკის თუ სხვა ქვეყნების მიმართულებით. საელჩოს თხოვნის საფუძველზე, “თურქეთის ავიახაზებმა” გადაიტანა ფრენების შეწყვეტის თარიღი, რამაც ბევრ მოქალაქეს გაუადვილა სამშობლოში დაბრუნება.
შემდგომში, გადაადგილების შეზღუდვის პირობებშიც, თურქული მხარის მიერ გაცემული ნებართვების საფუძველზე, აქ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები დაბრკოლების გარეშე დაბრუნდნენ ქვეყანაში. თავის მხრივ, საქართველომ საგრძნობლად გაუადვილა ქვეყანაში თუ რეგიონში ჩარჩენილ თურქეთის მოქალაქეებს სამშობლოში დაბრუნების პროცესი.
ქალაქი ანკარა. საქართველოს საელჩო. შეხვედრა საქართველოს მოქალაქეებთან
მიუხედავად პანდემიისა, ორი ქვეყნის მთავრობების შეთანხმებით არ შეფერხებულა საერთაშორისო ტვირთბრუნვა, მათ შორის, ევროპის ქვეყნებიდან, ჩინეთიდან, შუა აზიიდან და სამხრეთ კავკასიიდან – მეზობელი ქვეყნებიდან. რასაკვირველია, საელჩო ამ პროცესებში აქტიურად იყო ჩართული.
თურქეთი არის ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე, N1 სავაჭრო პარტნიორი და მასთან უაღრესად მჭიდრო და კეთილმეზობლური ურთიერთობები გვაკავშირებს. ორი ქვეყნის მთავრობებს შორის არსებული აქტიური ურთიერთთანამშრომლობის გარდა, აღსანიშნავია ისიც, რომ ათეულობით ათასი ჩვენი მოქალაქე ცხოვრობს და საქმიანობს თურქეთში. აგრეთვე, შთამბეჭდავია ორ ქვეყანას შორის ვიზიტორთა მიმოსვლის სტატისტიკა. სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი კი, ვიზიტორთა ამ დიდი ნაკადის ერთ-ერთი მთავარი გამტარია და მისმა ჩაკეტვამ, რასაკვირველია, სერიოზული დაბრკოლებები წარმოქმნა.
ცალკე თემაა სამედიცინო ტურიზმი, რომლის მიმართულებით, ასევე, მაღალი სტატისტიკა გვაქვს. თურქეთში მცხოვრები ან დასაქმებული ადამიანების გარდა გვყავს მოქალაქეები, რომლებიც აქ მკურნალობის მიზნით ჩამოდიან. ონკოლოგიური თუ სხვა მძიმე დაავადებების მქონე ქართველი პაციენტებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ქვეყანაში შემოსვლის პრობლემის გადაწყვეტა. საელჩო მუდმივ კომუნიკაციაში იყო თურქეთის შესაბამის უწყებებთან, განსაკუთრებით, საერთაშორისო სამედიცინო მომსახურების სააგენტოსთან – USHAŞ, რათა უზრუნველგვეყო გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე პაციენტთა ქვეყანაში შემოყვანა.
თავდაპირველად, მკაცრი შეზღუდვების პირობებში, ეს ყველაფერი საკმაოდ რთულად ხერხდებოდა – საჭირო იყო საბუთების ვრცელი ჩამონათვალის წარდგენა და თან, მხოლოდ ერთეული ნებართვა გაიცემოდა. ერთ-ერთი მათგანი იყო, მაგალითად, ლეიკემიით დაავადებული მცირეწლოვანი პაციენტის შემთხვევა. საბოლოოდ, საელჩოს მიერ წარმოებული ინტენსიური მოლაპარაკებების შედეგად, მაისის თვიდან სამედიცინო ტურიზმი განახლდა.
მადლიერებით უნდა აღვნიშნო, რომ თურქულმა მხარემ გაითვალისწინა ამ საკითხის სენსიტიურობა და ქართველ პაციენტებს მიეცათ ქვეყანაში სამკურნალოდ შემოსვლის შესაძლებლობა, თანაც მიზნობრივი ვიზის აღების ვალდებულების გარეშე. საელჩო, ასევე, დახმარებას უწევდა პაციენტებს სახმელეთო გზით გადასაადგილებლად რეანომობილის მოძიებასა და მგზავრობისთვის საჭირო სხვა საკითხების ორგანიზებაში.
დღეს, მიუხედავად არსებული შეზღუდვებისა, პაციენტთათვის საკმაოდ გაადვილებულია თურქეთში შემოსვლის პროცედურები. ქართულ მხარესაც, მათ მხოლოდ თურქული კლინიკის მოწვევის წერილისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის – ფორმა 100-ის წარდგენა სჭირდებათ.
გლობალური პანდემიის პირველ თვეებში მთავარი პრობლემა იყო სხვადასხვა ქვეყანაში ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება. ზემოთაც აღვნიშნე, რომ მეც და საელჩოს ყველა თანამშრომელი, ფაქტობრივად, კონსულის მოვალეობას ვასრულებდით. ყოველდღიურ რეჟიმში საელჩოს გვერდზე ვაქვეყნებდით განახლებულ ინფორმაციასა და განცხადებებს, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით თურქეთის რესპუბლიკისა და გადაფარვის ქვეყნების მიერ შემოღებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით. ვცდილობდით, ხმა მიგვეწვდინა თითოეული მოქალაქისათვის. მიუხედავად საგრძნობლად გაზრდილი მომართვიანობისა, ვფიქრობ, უმეტესწილად ეს შევძელით. თუმცა, ბუნებრივია, მოქალაქეების მხრიდან იყო კრიტიკაც.
ჩვენთან მარტივად დაკავშირების მიზნით ავამოქმედეთ ცხელი ხაზის ორი ნომერი, რადგან ერთი არ აღმოჩნდა საკმარისი დიდ ნაკადთან გასამკლავებლად. გარდა ამისა, Facebook-ის პირად გვერდზე ვიღებდი ასობით შეტყობინებას. 300-მდე შეტყობინებაც კი შემოსულა დღის განმავლობაში. პრაქტიკულად, ყველას ვპასუხობდი. მომიტევონ იმ ადამიანებმა, ვისაც ამ ინტენსიური ტემპის და ან სხვა მიზეზების გამო სათანადო ყურადღება ვერ მივაქციეთ.
მაქსიმალურად ვიყენებდით კონტაქტის ნებისმიერ საშუალებას, იქნებოდა ეს საელჩოს, ქალაქისა და ცხელი ხაზის ტელეფონები, თუ სოციალურ ქსელებში პირადი ანგარიშები. ვცდილობდი, არც ერთი მოქალაქის შეტყობინება არ დამეტოვებინა უყურადღებოდ და უპასუხოდ.
იმ პერიოდში საელჩოს მწირი რესურსებით დავიწყეთ ამ ადამიანების დახმარება. ცალკე პრობლემა იყო ნამდვილად გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების იდენტიფიცირება ან იმის განსაზღვრა, ვის უფრო სჭირდებოდა დახმარება. აქედან გამომდინარე, იყო მოქალაქეთა მხრიდან უკმაყოფილებაც.
გარდა იმისა, რომ სამსახურის გარეშე დარჩენილ მოქალაქეებს საქართველოში გამგზავრებამდე საკვებითა და მედიკამენტებით უზრუნველვყოფდით, ფინანსური პრობლემების მქონე ადამიანებს ავტობუსის ბილეთებიც კი შევუძინეთ. აქაც რთული იყო ადამიანების კატეგორიებად დიფერენცირება, ჩვენი შესაძლებლობები კი ყველას ვერ სწვდებოდა.
განსაკუთრებულ ძალისხმევას, რასაკვირველია, მოქალაქეების საქართველოში გამგზავრებისთვის ტრანსპორტის მობილიზება და გამგზავრების პროცესის ორგანიზება მოითხოვდა.
მოქალაქეები საელჩოს ორგანიზებით მიემგზავრებიან იზმირიდან საქართველოში
საჰაერო მიმოსვლის საბოლოო აკრძალვის შემდეგ მოქალაქეებს ძირითადად სახმელეთო გზით ვამგზავრებდით საქართველოში. თურქეთის მთავრობის გადაწყვეტილებით აკრძალული იყო საქალაქთაშორისო მიმოსვლა და ქვეყანაში ჩარჩენილ უცხო ქვეყნების მოქალაქეებს უნდა აეღოთ გადაადგილების სპეციალური ნებართვა. საელჩო აქტიურად იყო ჩართული ამ საკითხების მოგვარებაში, რადგან მოქალაქეებს ჰქონდათ ენის არცოდნის თუ სხვა უამრავი პრობლემა, რომლებიც მყისიერად უნდა მოგვეგვარებინა.
მახსოვს, იყო შემთხვევა, როცა გადამზიდავი კომპანიის შეცდომით, შესაბამისი ნებართვის გარეშე სტამბოლიდან საქართველოში გამომგზავრებული ავტობუსი გააჩერა პოლიციამ, გადაადგილების ნება არ მისცა და უკან დააბრუნა. ჩვენი კონსული მაშინვე მივიდა მოქალაქეებთან, პრობლემის მოგვარებამდე ისინი საკონსულოს ხარჯით სასტუმროში დააბინავა და პირველადი საჭიროების ნივთებით უზრუნველყო. მოგვიანებით, ჩვენი ჩართულობით, შესაბამისი ნებართვაც გაიცა. ეს ყველაფერი არც ისე იოლი იყო, რადგან, ერთი მხრივ, ადგილსამყოფელი ქვეყნის კანონები უნდა დავიცვათ და მეორე მხრივ, მოქალაქეებს დროულად უნდა აღმოვუჩინოთ დახმარება, პრობლემის მყისიერი აღმოფხვრა კი ყოველთვის არ არის შესაძლებელი.
საქართველოს მოქალაქეები საელჩოს ორგანიზებით მიემგზავრებიან ანტალიიდან საქართველოში
საქართველოს მოქალაქეთა ძირითადი ნაწილი თავმოყრილია თურქეთის რამდენიმე დიდ ქალაქში – სტამბოლში, ანკარაში, იზმირსა და ანტალიაში. შესაბამისად, სამგზავრო ავტობუსების მობილიზება ხდებოდა საელჩოს მიმდებარე ტერიტორიასთან და ქვეყნის სხვადასხვა პროვინციიდან მოქალაქეები ჩამოგვყავდა გამგზავრების წერტილამდე. საელჩოსთან ერთად ამ პროცესში აქტიურად მონაწილეობდნენ სტამბოლსა და ტრაპიზონში ჩვენი გენერალური საკონსულოები, ასევე, იზმირში საქართველოს საპატიო კონსულის ოფისი. ამ უკანასკნელის ძალისხმევით, იზმირიდან და საპატიო კონსულის დაფარვის ოლქებიდან (აიდინი, ქუშადასი, მუღლა, მარმარისი, მანისა, ანტალია, ადანა) საქართველოს ასეულობით მოქალაქე სამშობლოში უსაფრთხოდ გამოვამგზავრეთ.
აქვე, განსაკუთრებული მადლიერებით უნდა აღვნიშნო, ამ რთულ პერიოდში ჩვენი მოქალაქეების მიერ ერთმანეთისადმი გამოჩენილი შესაშური სოლიდარობა და თანადგომა.
გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში იყვნენ ტრაპიზონსა და, ზოგადად, შავიზღვისპირეთის რეგიონებში მყოფი მოქალაქეები – ტერიტორიული სიახლოვიდან გამომდინარე უფრო იოლად მოახერხეს სამშობლოში დაბრუნება.
ანკარაში მდებარე საქართველოს საელჩოს წინ შეკრებილ საქართველოს მოქალაქეებს ელჩი სამშობლოში აცილებს
საქალაქთაშორისო მიმოსვლის შეჩერების გამო დაკეტილი იყო ავტოსადგურები. ამიტომ მოქალაქეები საელჩოსთან იკრიბებოდნენ და აქედან ვამგზავრებდით მათ საქართველოში. ჩვენი მწირი შესაძლებლობებით მაინც ვახერხებდით თითოეული მგზავრი პირბადეებითა და სადეზინფექციო საშუალებებით მოგვემარაგებინა.
განსაკუთრებით დამამახსოვრდა 21 მაისი, ხუთშაბათი დღე, რამადანის დღესასწაულის წინა საღამო, როცა მორიგი ავტობუსით 50-მდე ჩვენი მოქალაქე უნდა გაგვემგზავრებინა საქართველოში. მგზავრებს შორის იყვნენ მცირეწლოვნები, მოხუცები, ორსულები და სხვადასხვა საჭიროების მქონე ადამიანები. ავტობუსი გასამგზავრებლად უკვე მზად იყო, როცა გამოცხადდა რეგულაციების ცვლილების შესახებ. წარმოიდგინეთ, 50-მდე ადამიანია შეკრებილი საელჩოსთან… ამას ისიც ემატებოდა, რომ მეორე დღიდან ქვეყანაში, რამადანის დღესასწაულთან დაკავშირებით, უქმეები ცხადდებოდა. ამასთან, ეს სწორედ ის პერიოდია, როცა სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიც განსაზღვრულ საათებში მუშაობს და თუ ავტობუსი დროულად არ ჩავიდოდა საზღვარზე, მგზავრებს ქუჩაში მოუწევდათ ღამის გათევა. ჩვენ მაშინვე დავუკავშირდით თურქეთის საგარეო და შინაგან საქმეთა სამინისტროებს და საბოლოოდ, იმავე დღეს მოხერხდა საჭირო ნებართვების მოპოვება. საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დროულად გამოემგზავრნენ.
5 ქვეყნის გავლით სამშობლოსკენ
ანკარაში საქართველოს საელჩო თურქეთის გარდა ფარავს ალბანეთის რესპუბლიკასა და ბოსნია და ჰერცეგოვინას (სულ ცოტა ხნის წინ დაგვემატა სუდანისა და მავრიტანიის ისლამური რესპუბლიკებიც). შესაბამისად, ამ ქვეყნებიდანაც მოგვიწია რამდენიმე მოქალაქის გამოყვანა. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო ბოსნიაში მყოფი ჩვენი 5 მოქალაქის შემთხვევა. ჩაკეტილი საზღვრების, გაუქმებული შიდა და საქალაქთაშორისო გადაადგილებისა და მოქმედი რეგულაციების გამო ისინი 5 ქვეყნის – ბოსნია – სერბეთი – უნგრეთი – ავსტრია – ბელორუსი – სომხეთის გავლით დავაბრუნეთ სამშობლოში. ამ პროცესში, რა თქმა უნდა, ჩამოთვლილ ქვეყნებში ჩვენი საელჩოებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი და ასეთი გრძელი მარშრუტის გავლით მოქალაქეთა უსაფრთხოდ დაბრუნება სწორედ ერთობლივი ძალებით მოხერხდა. მნიშვნელობა არ ჰქონდა, დახმარება სჭირდებოდა ერთ თუ ათეულობით ადამიანს, ჩვენი მოვალეობა იყო ნებისმიერი მათგანისთვის გაგვეწვდინა დახმარების ხელი.
რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ასევე სტუდენტები. მათი გარკვეული ნაწილი საკვებითა და მედიკამენტებით მოვამარაგეთ. ასევე, მათთვის დავიქირავეთ საცხოვრებელი ფართობიც, რადგან სტუდენტური საერთო საცხოვრებლები დაიკეტა.
თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი შესაძლებლობები ლიმიტირებული იყო. ბუნებრივია, ამას მოჰყვა კიდეც მოქალაქეთა უკმაყოფილება. ეს ყველაფერი გასაგებიცაა. მესმის, რომ რთულ სიტუაციაში მყოფ ადამიანს უჭირს იმის გაგება, თუ რატომ არის ერთი მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი დახმარება და მისთვის არა.
ცალკე პრობლემა იყო თურქეთის თუ სხვა ქვეყნების დროშით მცურავ გემებზე მყოფი მეზღვაურების საკითხი. მარტი-ივნისის პერიოდში, თურქეთში არსებული რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, აკრძალული იყო როგორც თურქი, ასევე უცხოელი მეზღვაურების თურქეთის ტერიტორიაზე შემოშვება. გარკვეული პერიოდი რამდენიმე მათგანი დარჩა გემზე. ცხადია, გაჩნდა საკვებისა და სასმელი წყლის პრობლემა, რაც ჩვენი ძალებით მოვაგვარეთ. საბოლოოდ, ანკარაში საქართველოს საელჩოს დიდი ძალისხმევითა და თურქეთის რესპუბლიკის შესაბამისი უწყებების დახმარებით, შესაძლებელი გახდა ქართველი მეზღვაურების ქვეყნის ტერიტორიაზე შემოყვანა და შემდგომ სამშობლოში უსაფრთხოდ გამგზავრება.
მეზღვაურთა ერთ-ერთი ჯგუფი, რომელიც საელჩოს დახმარებით დაბრუნდა საქართველოში
საელჩოს სტატისტიკით, ამ რთულ პერიოდში თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს დიპლომატიურმა მისიებმა სხვადასხვა სახის დახმარება აღმოუჩინეს საქართველოს 7 ათასამდე მოქალაქეს.
საელჩო 24 – საათიან რეჟიმზე
2020 წლის 18 მარტიდან, როცა ქვეყანაში გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, გადავწყვიტეთ მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში გავსულიყავით გარეთ. შეიძლება ითქვას, სწორედ იმ დღიდან, ფაქტობრივად, დავსახლდით საელჩოში. მოქალაქეთა დახმარების პარალელურად, რა თქმა უნდა, უნდა გვეზრუნა თურქეთის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფ პატიმრებზე. ამავდროულად, პერიოდულად, ვმუშაობდით თურქეთში გარდაცვლილი მოქალაქეების საქართველოში გადასვენების საკითხზე.
უმნიშვნელოვანესი იყო თურქეთთან თანამშრომლობა ეპიდემიის ეფექტურად მართვის პროცესში. ამ პერიოდში თურქეთმა გაგვიწია მართლაც ფასდაუდებელი დახმარება. ანკარაში საქართველოს საელჩოს ძალისხმევითა და თურქული მხარის დახმარებით, საქართველოში პირბადეების საწარმოებლად საჭირო ყველა შრის, განსაკუთრებით, დეფიციტური ფილტრატორი შრის, ე. წ. Melt Blown-ის შესაძენად მოვიპოვეთ შესაბამისი ნებართვა და აღნიშნული ნედლეული აპრილში გაიგზავნა საქართველოში. ეს ფაქტი განსაკუთრებით იმითაა გამორჩეული, რომ სწორედ იმ პერიოდში, თურქეთის პრეზიდენტის განკარგულებით, აიკრძალა სამედიცინო აღჭურვილობის, განსაკუთრებით კი პირბადეების საწარმოებლად საჭირო ნედლეულის, ასევე, ხელოვნური სუნთქვის აპარატების და მსგავსი დეფიციტური საქონლის ექსპორტზე გატანა. თურქეთში მოძიებული ამ მასალის გამოყენებით დამზადდა საქართველოში 4 მილიონამდე პირბადე.
ნოემბრის თვეში თურქული მხარის დახმარებით, საელჩოსა და ასევე, ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ჩართულობით, საქართველოში გაიგზავნა ქართული კლინიკებისთვის სამედიცინო ჟანგბადის საწარმოებლად საჭირო დანადგარები.
მნიშვნელოვანი იყო ასევე, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობებს შორის ჯანდაცვის სფეროში დონაციის შესახებ შეთანხმება: თურქულმა მხარემ საქართველოს მთავრობას გადასცა სხვადასხვა სახის სამედიცინო აღჭურვილობა. ამ შეთანხმებაზე ხელის მოწერის პატივი, პრემიერ-მინისტრის მიერ გაცემული დელეგირების შესახებ ბრძანების საფუძველზე, მე მერგო.
მარტო პანდემიის პირისპირ
როგორც ერთ ჩვეულებრივ ადამიანს, ყველაზე მეტად გამიჭირდა ოჯახისგან მოშორებით ყოფნა. ჩემი ოჯახი საქართველოში იმყოფებოდა. მაშინ 14-დღიანი სავალდებულო კარანტინი მოქმედებდა. 1-თვიანი შვებულების პირობებში, ფაქტობრივად, საქართველოში ყოფნის პერიოდის ნახევარზე მეტი ოჯახისგან იზოლირებულს უნდა გამეტარებინა. იმ კრიტიკულ პერიოდში, როგორც მისიის ხელმძღვანელი, ამდენი ხნით თურქეთსაც ვერ დავტოვებდი, რადგან მართლაც არაორდინარულ რეჟიმში გვიწევდა მუშაობა. შესაბამისად, რამდენიმე თვე ოჯახის გარეშე გატარება მომიწია და ემოციურად ეს, რა თქმა უნდა, ძალზე რთული იყო. ამასთან, ვღელავდი ასაკოვან დედაზე, რომელიც მაღალ რისკჯგუფს მიეკუთვნება.
მოქალაქეების საჭიროებებზე ზრუნვის გარდა, საელჩოს თანამშრომლების უსაფრთხოება და ჯანმრთელობაც ცალკე საზრუნავი იყო. ვცდილობდით, მაქსიმალური სიფრთხილე ისე გამოგვეჩინა, რომ არ შეფერხებულიყო საელჩოს საქმიანობაც. პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან მოკლე ხანში თურქეთში დაინფიცირებულთა რაოდენობამ საგრძნობლად იმატა. მარტი-ივნისის პერიოდში, რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, ქვეყანაში დაწესდა საგანგებო რეჟიმი, კვირების განმავლობაში მოქმედებდა სრული კომენდანტის საათი, მოქალაქეებს ეკრძალებოდათ სახლიდან გასვლა.
ამ კრიტიკულ პერიოდში საელჩოს თანამშრომლების თანადგომა და თავდაუზოგავი შრომა დამატებით მოტივაციას მმატებდა. შეიძლება ითქვას, რომ საელჩოში ვაღამებდით და ვათენებდით და ეს რთული გამოცდაც ერთად გავიარეთ. მართალია, ივნისის თვიდან ქვეყანაში ნორმალიზაციის პროცესი დაიწყო, მაგრამ მეორე ტალღის დაწყების შემდეგ კვლავ ამოქმედდა წერტილოვანი შეზღუდვები და ჯერ კიდევ მუშაობის საგანგებო რეჟიმში ვიმყოფებით.
რა შეცვალა პანდემიამ
ამ პერიოდში, ვფიქრობ, ყველამ უკეთ გააცნობიერა, რომ გულწრფელი ადამიანური სოლიდარობითა და ურთიერთთანადგომით, ფაქტობრივად, შეუძლებელი არაფერია. ბუნებრივია, მოიმატა აგრესიულმა ფონმა, თუმცა იმედი მაქვს, კრიზისული პერიოდის დაძლევის შემდეგ ესეც გაივლის.
პანდემიამ ასევე გვასწავლა, რომ ამგვარ კრიტიკულ ვითარებაში აუცილებელია კანონმორჩილება და წესების დაცვა. საქართველოშიც და თურქეთშიც თავდაპირველად საზოგადოების მხრიდან იყო გარკვეული წინააღმდეგობა და პრობლემები, პირბადეების ტარებასთან და პანდემიის გამო დაწესებული სხვა შეზღუდვების ან წესების დაცვასთან დაკავშირებით. თუმცა მოგვიანებით საზოგადოებამ გააცნობიერა, რომ ვირუსის დამარცხება მხოლოდ ერთიანი ძალებით იყო შესაძლებელი. დღესდღეობით პირბადე, სოციალური დისტანცია ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.
მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ გარკვეული ხნის შემდეგ ადამიანებმა ვისწავლეთ ვირუსთან ერთად თანაცხოვრება და ამ პერიოდში ბევრი მნიშვნელოვანი ღონისძიებაც, თუნდაც პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების ფონზე, მაინც განვახორციელეთ. ერთ-ერთი ასეთი დასამახსოვრებელი მოვლენა იყო სტამბოლში ქართული საკვირაო სკოლის გახსნის ცერემონია, რომელსაც მისი უწმინდესობა, მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსიც უნდა დასწრებოდა, თუმცა გამომდინარე იქედან, რომ ასაკის გამო მაღალ რისკჯგუფს განეკუთვნება, ექიმების რეკომენდაციით, თავი შეიკავა. ცერემონიაზე დასასწრებად საგანგებოდ ჩავედით სტამბოლში, შემდეგ კი, პირბადეებითა და სოციალური დისტანციის დაცვით, თავად ვეახლეთ პატრიარქს რეზიდენციაში. მან დაგვლოცა და გვთხოვა, გავფრთხილებოდით ჯანმრთელობას. როცა მსოფლიო პატრიარქის დონის მნიშვნელოვანი პიროვნება მოგიწოდებს სიფრთხილისკენ, გასათვალისწინებელია.
შეხვედრა მსოფლიო პატრიარქთან
ინტერვიუს დასასრულს, კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ მიუხედავად 2020 წლის სირთულეებისა, ყოველ დღეს ახალი შემართებითა და უკეთესი მომავლის იმედით ვიწყებთ.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს ცნობით, სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა დაბადებისას ქალებში – 78.4 წელი, კაცებში კი – 69.8 წელია.
საქსტატი ეყრდნობა 2009 -2019 წლის სტატისტიკურ მაჩვენებლებს საქართველოში ქალისა და კაცის სიცოცხლის მოსალოდნელ ხანგძლივობაზე. მონაცემები საქართველოს ეროვნულმა სააგენტომ სტატისტიკურ პუბლიკაციაში – „ქალი და კაცი საქართველოში“ გამოაქვეყნა.
საქართველოში სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა დაბადებისას აღემატება დსთ-ს მაჩვენებელს და ნაკლებია ევროპის რეგიონის მაჩვენებელზე.
ევროპის რეგიონში ქალის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 80 წელს აღემატება, კაცისა კი – 70 წელს.
საქსტატის პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ჯანმრთელობის გაზომვების და შეფასების ინსტიტუტის პროგნოზით, რომელიც ეყრდნობა ავადობის გლობალური ტვირთის 2017 წლის მონაცემებს, საქართველოში სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა ზრდის ტენდენციას შეინარჩუნებს.
ამავე ინსტიტუტის პროგნოზის თანახმად, 2100 წლისთვის საქართველოში ქალის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 85.7 წელს მიაღწევს, კაცის კი – 78.2 წელს.
აჭარაში ყველაზე ხანდაზმული ადამიანი ქალია, 115 წლის ფიქრიე ირემაძე.
ბოლო მონაცემებით, აჭარაში ას წელს გადაცილებული 48 მოქალაქეა, მათ შორის 46 ქალი და 2 კაცია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ცნობით, დღეს, 5 თებერვლის 21 საათიდან 6 თებერვლის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი. ღამით და დილით იწვიმებს, მთაში – მოთოვს.
ხვალ, 6 თებერვალს, დღისით უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 8 – 13 გრადუსი სითბო
ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო
მთიან მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია:
დღისით: 3 – 8 გრადუსი სითბო
ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა
სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 7-8 თებერვალს, აჭარაში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზის თანახმად, ბათუმში 9-დან 11 თებერვლამდე უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
5 თებერვლის დილის მონაცემებით აჭარაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა აჭარაში არის – 188, მძიმე პაციენტია – 45, აქედან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 6 პაციენტი.
ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე საქართველოს მთავრობა 8 თებერვლიდან გარკვეულ შეზღუდვებს ხსნის, ხოლო არსებულ შეზღუდვებზე/რეგულაციებზე კონტროლს ამკაცრებს.
5 თებერვლის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 538 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში გარდაიცვალა 18 პაციენტი.
stopcov.ge-ის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა 261 018-მდე გაიზარდა. მათ შორის გამოჯანმრთელებულია – 252 246, ბოლო 24 საათში – 498.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე სულ ქვეყანაში გარდაიცვალა 3258 პირი.
ბოლო 24 საათში ჩატარდა კვლევა ტესტით – 16 808, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 9163, PCR ტესტით – 7645.
ამ დროისთვის ქვეყანაში დადებითობის მაჩვენებელია: დღიური – 3,2%, ბოლო 14 დღის – 4,2%, ბოლო 7 დღის – 3,75%.
კარანტინის რეჟიმშია – 478, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 2 287, ხოლო კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 274 პირი.
—
2021 წლის 4 თებერვალს მთავრობამ განაცხადა, რომ 8 და 15 თებერვლიდან შეზღუდვების ნაწილი შემსუბუქდება. თუმცა 21:00 საათიდან 5:00 საათამდე გადაადგილების შეზღუდვა, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ძალაში დარჩა.
NGO-ების შეფასებით, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა იმ ფორმით, როგორც ის დღეს მოქმედებს, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას:
გარდატეხის ასაკის ბავშვების ურთიერთობა მშობლებთან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა საზოგადოებრივ ურთიერთობებში. ხშირად მშობლები ფიქრობენ, რომ მოზარდებს მათი აღარ ესმით, შვილები აღარ უსმენენ და მეტიც, თითქოს გაურბიან მშობლებს და სძულთ კიდეც ისინი. თუმცა, სინამდვილეში, მოზარდებს აქვთ ბუნებრივი მოთხოვნილება მშობლებისგან გამოყოფის ე.წ. სეპარაციისა. ისინი ცდილობენ შეიქმნან ფსიქოლოგიური ავტონომია.
ხანდახან მშობლები მიიჩნევენ, რომ ბავშვები გაჯეტებს არიან მიჯაჭვულები და სმარტფონების გარდა აღარაფერი აინტერესებთ, აქვთ მომეტებული მგრძნობელობა და ემოციებს არაადეკვატურად გამოხატავენ.
როგორ უნდა მოიქცეს ამ დროს მშობელი და მოზარდთან კომუნიკაციის რა ფორმა უნდა აირჩიოს. ამის შესახებ ოჯახისა და ბავშვთა ფსიქოლოგს, ქეთი დევაძეს ვკითხეთ.
ქეთი დევაძე, ბავშვთა ფსიქოლოგი
ფსიქოლოგის განმარტებით, მნიშვნელოვანია მშობელმა განსაზღვროს, რას ნიშნავს გაჯეტებზე მიჯაჭვულობა, რადგან ვცხოვრობთ გარემოში, სადაც გაჯეტები იქცა ყველაფრის შესახებ ინფორმაციის მიღებისა და განათლების მიღების წყაროდაც კი.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გაჯეტები სოციალური ურთიერთობების უმნიშვნელოვანესი საშუალებაა. ნებისმიერი ადამიანი ჩვენს დროში და განსაკუთრებით მოზარდები, სმარტფონის, კომპიუტერის დახმარებით, სოცქსელებით ახერხებენ დაიკმაყოფილონ სხვადასხვა სახის სოციალური ურთიერთობების სურვილი: ეძებენ მათი ინტერესების შესაბამის წრეს, ეცნობიან ახალ ადამიანებს, იუმჯობესებენ სხვადასხვა უნარს და ა.შ. როცა ბავშვს ვართმევთ ტელეფონს დასჯის მიზნით, მას რაღაც ნივთს კი არ ვაშორებთ, არამედ ვაშორებთ ყველა ამ ზემოაღნიშნულ სიტუაციას.
მნიშვნელოვანია კარგად დაფიქრდეს მშობელი, სანამ ტელეფონის ჩამორთმევას დასჯის საშუალებად გამოიყენებს, რადგან ხშირად ბავშვი ამ საქციელს აღიქვამს მშობლის მხრიდან არა პრობლემის მოგვარების მცდელობად, არამედ მისგან ძალაუფლების მტკიცებად და სურვილად – აკონტროლოს შვილი.
ტელეფონის ჩამორთმევა შეიცავს იმის რისკს, რომ მშობელმა დაარღვიოს ბავშვის საზღვრები და შეიჭრას მის პირად სივრცეში, რაც მოზარდისთვის უპატიებელი რამ არის, მათთვის პირადი სივრცე და ცხოვრება, პირადი ინფორმაცია და აქ მშობლის შეჭრა ძალიან მტკივნეული, მიუღებელია.
კარგი იქნება, თუ ოჯახის ყველა წევრი შეიმუშავებს გაჯეტების მოხმარების ლიმიტს და მათ ექნებათ ჩამოყალიბებული წესები, როგორ მოიხმარონ სმარტფონები თუ კომპიუტერი. დააწესონ ლიმიტები, თუმცა ეს წესები უნდა გაითვალისწინოს ოჯახის ყველა წევრმა.
წესი შეიძლება იყოს, მაგალითად, ის, რომ არავინ გამოიყენოს ტელეფონი საუზმის, სადილის, ვახშმის დროს. წესებს უნდა იცავდეს ყველა და არამხოლოდ ბავშვები. ქეთი დევაძის თქმით, ბავშვთა ფსიქოლოგებს ხშირად მიმართავენ მშობლები ტელეფონის ჭარბი მოხმარების გამო მაშინ, როცა თავადაც დღის დიდ ნაწილს გაჯეტებთან ატარებენ. ფსიქოლოგის თქმით, ეს არ არის სამართლიანი ბავშვის მიმართ.
„აუცილებელია არ დაგვავიწყდეს, რომ ინტერნეტსივრცე, სოციალური ქსელი, შეიცავს ბევრ საფრთხეს ჩვენი შვილების, განსაკუთრებით მოზარდებისთვის და შეიძლება იყოს წყარო კიბერბულინგის, კიბერძალადობისა. შეიძლება ბავშვმა გაავრცელოს პირადი, პერსონალური ინფორმაცია სხვადასხვა სახით, ამიტომ ჩვენ ხშირად და არა ერთჯერადად უნდა მივაწოდოთ ბავშვს ინფორმაცია ინტერნეტის უსაფრთხო მოხმარების შესახებ: როგორ უნდა დაიცვას თავი ინტერნეტში, ვის და რა სახის ინფორმაცია შეიძლება გაუზიაროს და როგორ უნდა მოიქცეს, თუ რომელიმე სახის ძალადობის მსხვერპლია ინტერნეტსივრცეში“, – ამბობს ბავშვთა ფსიქოლოგი.
მისივე თქმით, გარდატეხის ასაკში მოზარდების ემოციური ფონი ძალიან არაერთგვაროვანია. აქვთ სრულიად საწინააღმდეგო გრძნობები, მოზღვავებული ემოციები და უჭირთ ამა თუ იმ ემოციის იდენტიფიცირება, არ იციან, როგორ გამოხატონ ეს ემოცია და შედეგად გაბრაზებისას ყვირიან, ტირიან, იჯახუნებენ კარს, იკეტებიან ოთახში – მათი ემოციების გამოხატვა არაადეკვატურია. ამას ემატება ისიც, რომ პუბერტატული ასაკის [12-დან 16 წლამდე პერიოდი] ფიზიოლოგიური ცვლილებები იწვევს ემოციურ ცვლილებებსაც.
მნიშვნელოვანია ემოციებთან გასამკლავებლად უფროსები დაეხმარონ მოზარდებს. პირველ რიგში აუცილებელია მათი წახალისება საკუთარი ემოციების გამოსახატად, მშობლები კი ხშირად შვილებს პირიქით ასწავლიან, რომ ემოციები არ უნდა გამოხატონ.
ხშირია ფრაზები: „ნუ ტირი“, „ნუ გეშინია“, ვასწავლით ბავშვებს, რომ ემოციების გამოხატვა სისუსტეა – გოგოებსაც და ბიჭებსაც.
როგორ წავახალისოთ მოზარდები გამოხატონ საკუთარი ემოციები? ფსიქოლოგი მიიჩნევს, რომ ამისთის საჭიროა თავად ვაძლევდეთ მოზარდებს მაგალითს:
„თავად უნდა გამოვხატავდეთ ემოციებს: როცა გვეშინია, ვწუხვართ ან გვიხარია.
ასევე უნდა ვკითხოთ მოზარდებს მათ ემოციებზე: დავინტერესდეთ, რას გრძნობენ და როგორ არიან, რა აღელვებთ, რა ახარებთ და ა.შ.
მოზარდის მოჭარბებული მგრძნობელობა ქარბორბალასავითაა, უნდა დავარქვათ ამ გრძნობებს, ემოციებს სახელი: როცა ვხედავთ ძალიან გაბრაზებულია, ვუთხრათ, მაგალითად, რომ ვგრძნობთ მის სიბრაზეს და ეს ნორმალურია. ვაჩვენოთ, რომ ეს ემოცია ნორმალიზებულია, რომ ამაში უცნაური არაფერია.
კარგია, თუ ავირეკლავთ ბავშვის ემოციებს. თუ ვხედავთ, რომ ბრაზობს, ვაგრძნობინოთ, რომ ეს ჩვენთვის სულერთი არ არის, ვუთხრათ, რომ ჩვენც ვგრძნობთ ხოლმე იგივენაირ სიბრაზეს, გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება და მოვუყვეთ თუნდაც რაიმე ისტორია: რამ გაგვაბრაზა, მერე რა მოვიმოქმედეთ, როგორ მოვაგვარეთ პრობლემა და ა.შ.“ – ამბობს ქეთი დევაძე.
2020 წელს საქართველოში 450 ადამიანი დაიღუპა ავტოავარიის შედეგად.
ავტოავარიაში დაღუპული 450 ადამიანიდან 45 ავტომანქანით არ გადაადგილდებოდა, ისინი ქვეითები იყვნენ.
ავტოავარიით 450 გარდაცვლილიდან 19 ბავშვია, მათი ასაკი 0-დან 16 წლამდე იყო.
სტატისტიკის თანახმად, ავტოავარიის დროს სიკვდილის ყველაზე ხშირად გამომწვევი მიზეზი რკინიგზის გადასასვლელის გავლის წესის დარღვევაა – საქართველოში გასულ წელს 122 ადამიანი დაიღუპა ამ მიზეზით.
სიჩქარის გადაჭარბება გახდა 56 ადამიანის ავარიაში დაღუპვის მიზეზი გასულ წელს, შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლის ან გასწრების წესების დარღვევის შედეგად 37 ადამიანი მოკვდა, 12 ადამიანი დაიღუპა ქვეითად მოსიარულის გადასასვლელის გავლის წესების დარღვევის გამო, 9 ადამიანი – საგზაო ნიშნის დაუმორჩილებლობის შედეგად და 9 – საჭის მთვრალ მდგომარეობაში მართვის გამო.
ავარიაში დაღუპვის მიზეზი დანარჩენ შემთხვევებში სხვადასხვა იყო.
მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელს საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები მოქმედებდა – მათ შორის კომენდანტის საათი, რომლის ფარგლებშიც ღამით გადაადგილება შეზუდული იყო, ასევე შეზღუდული იყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, 2019 წელთან შედარებით ავარიით გარდაცვალების სტატისტიკა მხოლოდ მცირედით შემცირდა: 2019 წელს საქართველოში 481 ადამიანი დაიღუპა ავარიის შედეგად, 2020 წელს კი – 450.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2021 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 1.1 %, ხოლო წლიური ინფლაციის დონე 2.8 % -ია.
საქსტატის მიხედვით, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებელზე ძირითადი გავლენა იქონია ფასის მატებამ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე.
ამ ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.0 %-ით, რაც თვის ინფლაციაზე 0.63 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა შემდეგ პროდუქტებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (6.1 %), ხილი და ყურძენი (4.4 %), ზეთი და ცხიმი (4.3 %), რძე, ყველი და კვერცხი (4.0 %), თევზეული (1.1 %).
სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ჯგუფების ფასების პროცენტული ცვლილება და შესაბამისი წვლილი ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში წინა თვესთან შედარებით:
რაც შეეხება წლიური ინფლაციის ფორმირებას, ამ მაჩვენებელზეც ყველაზე დიდი გავლენა სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასების ცვლილებამ იქონია.
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები:
სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 6.4 %-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.06 პროცენტული პუნქტით აისახა.
ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (27.3 %), ყავა, ჩაი და კაკაო (12.6 %), თევზეული (10.4%), რძე, ყველი და კვერცხი (9.1 %), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (8.9 %), პური და პურპროდუქტები (7.5 %), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (5.6 %). ამასთან, ფასები შემცირებულია ხილსა და ყურძენზე (-3.2 %);
ჯანმრთელობის დაცვა:
ჯგუფში ფასები მომატებულია 9.7 პროცენტით, რაც 0.76 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის (14.0 %) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (11.9 %) ქვეჯგუფებზე;
ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 10.8-პროცენტიანი მატება, რაც წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0.61 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: საოჯახო საფეიქრო ნაწარმი (26.7 %), მინის ჭურჭელი, მაგიდის და საოჯახო ჭურჭელი (12.5 %), ყოველდღიური საყოფაცხოვრებო საჭიროების საქონელი და მომსახურება (12.2 %), ავეჯი, საოჯახო ნივთები, ხალიჩები და სხვა იატაკის საფარი და რემონტი (9.7 %), ინსტრუმენტები, მოწყობილობა და ტექნიკა სახლისა და ბაღისთვის (9.6 %), გამათბობელი და საჭმლის მოსამზადებელი მოწყობილობა, მაცივრები, საყინულეები, სარეცხი მანქანები და სხვა საყოფაცხოვრებო საგნები, დაყენებისა და რემონტის ჩათვლით (7.1 %);
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო:
ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 6.9-პროცენტიანი მატება. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.45 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (9.1 %), ასევე ალკოჰოლურ სასმელებზე (5.2 %);
სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ჯგუფების ფასების პროცენტული ცვლილება და შესაბამისი წვლილი 2021 წლის იანვრის წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში:
ასევე, იხილეთ ინფლაციის საშუალო წლიური მაჩვენებელი წინა წლის საშუალო წლიურ მაჩვენებელთან შედარებით.
გარემოს ეროვნული სააგენტო ბათუმში ადმინისტრაციულ შენობას „მელკი მორიას“ ნაცვლად ადლიის ქუჩაზე ააშენებს. მიწის ნაკვეთი, სადაც შენობა უნდა აშენდეს, აჭარის საკუთრებაა და ის სააგენტოს სარგებლობის უფლებით გადაეცა. სააგენტოს ახალი შენობის აშენებაზე ტენდერი აქვს გამოცხადებული. სატენდერო თანხა 1 619 060 ლარია.
ადრე სააგენტოს ახალი შენობის აშენება „მელკი მორიაზე“ [ბათუმის თევზის ბაზრის მიმდებარედ], ზღვის პირას იგეგმებოდა, თუმცა სააგენტომ აქ მშენებლობა იმ მიზეზის გამო ვერ დაიწყო, რომ ეს ტერიტორია აჭარის მთავრობას ინვესტორისთვის გადასაცემად სჭირდება. შესაბამისად, სამინისტრომ სააგენტოს ტერიტორია ადლიაში გადაუცვალა.
ბათუმი / ტერიტორია ადლიაში, სადაც გარემოს ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული შენობა უნდა ააშენონ / ფოტო ტენდერიდან
ახალი შენობა ბათუმში, ადლიის ქუჩა N102ა-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე აშენდება. ნაკვეთის ფართობი 2 703 კვ/მ-ია.
არქიტექტურული პროექტის შეთანხმებაზე ბრძანებას ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, არჩილ ჩიქოვანმა, ხელი 2021 წლის 29 იანვარს მოაწერა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული შენობა ბათუმში / პროექტი / ფოტო ტენდერიდან
სააგენტოს ტენდერის მიხედვით, წინადადებების მიღება 2021 წლის 23 თებერვალს დასრულდება. ტენდერში გამარჯვებულმა შენობა სამუშაოების დაწყების შესახებ სააგენტოს წერილობითი მოთხოვნიდან 10 თვეში უნდა ააშენოს.