ბათუმში დღეს, 24 ნოემბერს [დილის 11:00 საათის მონაცემებით], ჰაერში მყარი ნაწილაკების – PM10 და PM2.5 შემცველობის მაჩვენებელი არის ცუდი და ძალიან ცუდი. ამ მონაცემს ტბელ აბუსერისძის ქუჩაზე მდებარე ავტომატური სადგური აფიქსირებს.
ბათუმის ცენტრალურ პარკში მდებარე სადგურის მონაცემებით კი ეს ორივე მაჩვენებელი არის „ცუდი“.
ჰაერში მყარი ნაწილაკების რაოდენობის ზრდა, გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, „უდაბნოს მტვრის მასების მცირედ გავრცელებას“ უკავშირდება.
„06 ნოემბრიდან, ზოგიერთ სადგურზე, ატმოსფერულ ჰაერში შეინიშნება მყარი ნაწილაკების [PM10 და PM2.5] კონცენტრაციის ზრდა. აღნიშნული პროცესი ტრანსსასაზღვრო ხასიათისაა და განპირობებულია სამხრეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით“ – წერია ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე.
სააგენტოს მიერ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე მოცემულია ასევე ჯანდაცვითი რეკომენდაციებიც.
ამ რეკომენდაციების მიხედვით:
თუ ჰაერში მტვრის ნაწილაკების შემცველობა არის „ცუდი“, ამ შემთხვევაში:
„ყველამ შეიძლება განიცადოს ზემოქმედება ჯანმრთელობაზე; ხოლო სენსიტიური ჯგუფების წევრები შესაძლებელია განიცდიდნენ უფრო სერიოზულ ზემოქმედებას, ვიდრე მოსახლეობა ზოგადად;
შემდეგმა ჯგუფებმა თავი უნდა აარიდონ გახანგრძლივებულ ან დატვირთულ გარე ფიზიკურ აქტივობას: გულის ან ფილტვის დაავადებების მქონე პირებმა, ბავშვებმა და ხანდაზმულებმა;
ყველა დანარჩენმა უნდა შეამციროს გახანგრძლივებული ან დატვირთული გარე ფიზიკური აქტივობა.“
თუ ჰაერში მტვრის ნაწილაკების შემცველობა არის „დამაკმაყოფილებელი“, ამ შემთხვევაში:
„ჰაერის დაბინძურებისადმი სენსიტიური ჯგუფები შესაძლებელია განიცდიდნენ ზემოქმედებას ჯანმრთელობაზე. თუმცა მთელი მოსახლეობისათვის მავნე ზეგავლენა მოსალოდნელი არ არის.
შემდეგმა ჯგუფებმა უნდა შეამცირონ გახანგრძლივებული ან დატვირთული გარე ფიზიკური აქტივობა: გულის ან ფილტვის დაავადებების მქონე პირებმა, ბავშვებმა და ხანდაზმულებმა“.
„ტრანსასაზღვრო დაბინძურების“ გარდა აღნიშნული ნაწილაკების ჰაერში გაფრქვევის ძირითადი წყაროა სამშენებლო პროცესები, ღია გრუნტი, შეშის ღუმელი, დიზელის ძრავები, მრეწველობის სექტორი, ქარის მიერ მიმოფანტული მტვერი. ასევე, ე.წ. მეორადი მყარი ნაწილაკები წარმოიქმნება სხვადასხვა დამაბინძურებლის ფოტოქიმიური რეაქციის შედეგად.
მტვრის ნაწილაკების გავლენა ჯანმრთელობაზე:
თვალის გაღიზიანება, ასთმა, ბრონქიტი, ფილტვის დაზიანება, სიმსივნე, მძიმე ლითონებით მოწამვლა, უარყოფითი ზემოქმედება გულსისხლძარღვთა სისტემაზე.
კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ისევ აფართოებს ბათუმის სანაპიროზე ხმელეთს კუნძულის მოსაწყობად, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი კი დარღვევებზე წერს.
მაგალითად, იმაზე, რომ კომპანიამ „ინტენსიური წვიმის გავლენაზე“ სააგენტოს არ წარუდგინა დოკუმენტები შესათანხმებლად.
ერთი მხრივ, 500, 2000 თუ 5 000-ლარით აჯარიმებს სახელმწიფო კომპანიას, მეორე მხრივ კი, ათავისუფლებს ამ ჯარიმებისა და წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან.
კომპანიამ ზღვის აკვატორიაში ხელოვნური ნახევარკუნძულისთვის თავიდან 8 ჰექტარი ტერიტორია ისე მოაწყო, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება არ იყო მიღებული. კომპანიის ინფორმაციით, დღეისათვის ჯამში 41 ჰექტარზე მეტი ფართობის ხმელეთია მოწყობილი.
ბათუმი, ხელოვნური ნახევარკუნძულის მშენებლობა [ხელოვნური კუნძულის პროექტი] / 22.11.2025კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდმა“ ზღვის აკვატორიაში ხელოვნური ნახევარკუნძულისთვის თავიდან 8 ჰექტარი ტერიტორია ისე მოაწყო, რომ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება არ იყო მიღებული. ამ გადაწყვეტილების გარეშე საქმიანობა კი უკანონობაა, რაზედაც შედგა კიდეც შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმი.
სამართალდარღვევის ოქმი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 2024 წლის 26 აგვისტოს შეადგინა. რამდენიმე დღეში კი, იგივე დეპარტამენტმა გამოსცა დადგენილება, რომლითაც „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მიმართ ადმინისტრაციული სამართალდერღვევის საქმის წარმოება შეწყვიტა და კომპანიას მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნა მისცა.
„შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ცნობილ იქნეს სამართალდამრღვევად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 797-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენაში, თუმცა ქმედება ჩაითვალოს მცირემნიშვნელოვნად და ამავე კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე გამოეცხადოს სიტყვიერი შენიშვნა“, – წერია ზედამხედველობის დეპარტამენტის 2024 წლის 4 სექტემბრის დადგენილებაში.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის 2024 წლის 4 სექტემბრის დადგენილებიდან
აღნიშნული კოდექსის 797-ე მუხლის პირველი ნაწილით: „გარემოზე ზემოქმედების შეფასებისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გარეშე განხორციელება ან სკრინინგის პროცედურისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის სკრინინგის გადაწყვეტილების გარეშე განხორციელება – გამოიწვევს დაჯარიმებას 7 000-დან 10 000 ლარამდე.“
თუმცა, „ამბასადორი ბათუმი აილენდს“, მიუხედავად იმისა, რომ მან კოდექსის ეს მოთხოვნა დაარღვია, 8 ჰექტარი მიწის ნაკვეთი და დამცავი ნაგებობა ზღვაში ისე მოაწყო, რომ მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნა მისცეს.
დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ „ამბასადორი ბათუმი აილენდმა“ წარადგინა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება, თუმცა ის გაცემული იყო გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის 2024 წლის 14 აგვისტოს ბრძანებით [ანუ, მას შემდეგ, რაც კომპანიამ ზღვაში 8 ჰექტარამდე ფართობის ნახევარკუნძული ხელოვნურად მოაწყო].
ამასთან, „ამბასადორი“ მიუთითებს, რომ მომავალი საქმიანობა განახლდება ამ ბრძანების [გადაწყვეტილების] შესაბამისად და პირობებით:
„ამბასადორის“ ახსნა-განმარტება / სამართალდარღვევის 2024 წლის 26 აგვისტოს ოქმიდან
მიუხედავად ზემოთ აღნიშნული განმარტებისა, „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობისთვისაც დააჯარიმეს 2025 წლის მარტში – გარკვეული დოკუმენტაცია დადგენილ ვადებში კომპანიამ არ წარადგინა გარემოს სააგენტოში.
„ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ“ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დადგენილებაში აღნიშნულია, რომ „საქმის განხილვაზე გამოცხადდა კომპანიის წარმომადგენელი და აღნიშნა, რომ ინტენსიურად მუშაობდნენ შესაბამის დოკუმენტაციაზე და მათ წარსადგენად გონივრული ვადა ითხოვეს.
ამასთან „ამბასადორმა“ ამ შემთხვევაშიც მოითხოვა მის მიმართ გამოეყენებინათ არა დაჯარიმება, არამედ „სიტყვიერი შემიშვნა“.
დადგენილებაში კი წერია, რომ კომპანიას უკვე მიღებული ჰქონდა სიტყვიერი შენიშვნა [797-ე მუხლის პირველი ნაწილის დარღვევის გამო], ამიტომ ის ამჯერად 798-ე მუხლის პირველი ნაწილით დააჯარიმეს 5 000 ლარით [ინფორმაციისთვის: კოდექსში შესულია ცვლილება, რომლითაც 2026 წლის 1-ლი სექტემბრიდან ჯარიმის ეს ოდენობა 10 ათასიდან 15 ათას ლარამდე გაიზრდება].
ბათუმი, ხელოვნური ნახევარკუნძულის მშენებლობა [ხელოვნური კუნძულის პროექტი] / რამდენიმე თვის წინ აქ ზღვა იყო /ფოტო: 22.11.2025
რა პირობები ვერ შეასრულა კომპანიამ [2025 წლის 31 მარტის დადგენილების მიხედვით]:
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დადგენილებაში აღნიშნულია, რომ მათთან გარემოს ეროვნული სააგენტოდან შევიდა 2025 წლის 10 და 25 მარტით დათარიღებული წერილები, სადაც აღნიშნული იყო, რომ გამოვლინდა შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდ“-ზე გარემოს ეროვნული სააგენტოს 2024 წლის 14 აგვისტოს ბრძანებით გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების დარღვევის ფაქტი, კერძოდ:
„ამბასადორი ბათუმი აილენდმა“ გადაწყვეტილების გაცემიდან ოთხი თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს მდ. კუბასწყლის წყალდიდობის ჰიდროგრაფისა და მოლოებით შემოსაზღვრულ აკვატორიაში ინტენსიური წვიმების შედეგად აკუმულირებული წყლის მოცულობის და ზღვაზე სხვადასხვა მეტეოროლოგიური პირობების სცენარების შესაბამისი, აკვატორიაში დამყარებული დონეების გაანგარიშებების სააგენტოში წარმოდგენა შესათანხმებლად“ – აღნიშნული პირობა არ არის შესრულებული.
„ამბასადორი ბათუმი აილენდმა“ გადაწყვეტილების გაცემიდან ორი თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს გარემოსდაცვითი მონიტორინგის გეგმით გათვალისწინებული გეოდეზიური დაკვირვებების ქსელის პროექტის სააგენტოში შესათანხმებლად წარდგენა“ – აღნიშნული პირობა არ არის შესრულებული.
„ამბასადორი ბათუმი აილენდმა“ გადაწყვეტილების გაცემიდან სამი თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს დაზუსტებული ინფორმაციის სააგენტოში წარმოდგენა ღრმა გრუნტების შეფასების მიზნით გაყვანილი დამატებითი ჭაბურღილის შესახებ“, – აღნიშნული პირობა არ არის შესრულებული. კომპანიამ გარემოს ეროვნულ სააგენტოში ინფორმაცია წარადგინა დაგვიანებით [2025 წლის 28 თებერვლის წერილით, ნაცვლად არაუგვიანეს 2024 წლის 14 ნოემბრისა].
„ამბასადორი ბათუმი აილენდმა“ გადაწყვეტილების გაცემიდან სამი თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს განახლებული გარემოსდაცვათი მონიტორინგის გეგმის სააგენტოსთან შეთანხმება“, – აღნიშნული პირობა არ არის შესრულებული [კომპანიის მიერ შესაბამისი დოკუმენტაცია წარდგენილია 2025 წლის 24 თებერვლის წერილით, ნაცვლად არაუგვიანეს 2024 წლის 14 ნოემბრისა].
„ამბასადორი ბათუმი აილენდმა“ უნდა უზრუნველყოს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემიდან 3 თვის ვადაში საქმიანობის დროებით ან ხანგრძლივი ვადით შეჩერების/შეწყვეტის შემთხვევაში განსახორციელებელი ღონისძიებების დეტალური გეგმა-გრაფიკის სააგენტოში შესათანხმებლად წარმოდგენა, ტერიტორიის სარემედიაციო ღონისძიებების, კონსერვაციის და პირველად მდგომარეობამდე აღდგენითი სამუშაოების მითითებით. ღონისძიებების მართვა უზრუნველყოს შეთანხმების შესაბამისად.“ – აღნიშნული პირობა არ არის შესრულებული.
„ამბასადორი ბათუმი აილენდმა“ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემიდან 3 თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს ფსკერდაღრმავების სამუშაოების მართვის გეგმისა და ფსკერდაღრმავების სამუშაოებისას ამოღებული დაბინძურებული ნალექების [გრუნტის] მართვის შესახებ [გრუნტის გაუწყლოება, განთავსება და ა.შ] დეტალური ინფორმაციის სააგენტოში შესათანხმებლად წარგენა“ – აღნიშნული პირობა არ არის შესრულებული.
ბათუმი, ხელოვნური ნახევარკუნძულის მშენებლობა [ხელოვნური კუნძულის პროექტი] / 22.11.2025
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ სხვა სამართალდარღვევები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ საქმიანობის მონიტორინგის შესახებ „ბათუმელებმა“ ინფორმაცია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისგან გამოითხოვა. დეპარტამენტისგან მიღებული ინფორმაციით:
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 18 ნოემბრის განკარგულებით, „ამბასადორი ბათუმი აილენდი,“ 10 თვის ვადით, გათავისუფლდა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან და მიეცა უფლება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მოეპოვებინა 600 000 კუბ/მეტრი ქვიშა-ხრეში. კომპანია ვალდებული იყო განკარგულების ვადის გასვლიდან 2 კვირის ვადაში, შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოსთვის წარედგინა ინფორმაცია მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ოდენობის შესახებ, რაც მათ მიერ არ იქნა შესრულებული.
2023 წლის 20 დეკემბერს,„ამბასადორი ბათუმი აილენდ“-ის მიმართ, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც განსახილველად გადაეგზავნა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს.
სასამართლომ, 2024 წლის 15 ნოემბრის დადგენილებით, „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ცნო სამართალდამრღვევად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 57-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუმცა ამავე კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე, გაათავისუფლა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან და გამოუცხადა სიტყვიერი შენიშვნა.
აღნიშნული განკარგულების ფარგლებში კომპანიამ ინფორმაცია წარმოადგინა დაგვიანებით.
მთავრობის 2023 წლის 4 დეკემბრის განკარგულებით, „ამბასადორი ბათუმი აილენდი“, 2024 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით, გათავისუფლდა სასარგებლო
წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან და მიეცა უფლება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მოიპოვოს 552 500 კუბ.მეტი ქვიშა-ხრეში. კომპანია ვალდებული იყო განკარგულების ვადის გასვლიდან 2 კვირის ვადაში, შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოსთვის წარედგინა ინფორმაცია მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ოდენობის შესახებ, რაც მათ არ შეასრულეს დადგენილ ვადაში [ინფორმაცია წარმოდგენილი იქნა დაგვიანებით].
აღნიშნულიდან გამომდინარე, მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს სალიცენზიო პირობების კონტროლის სამსახურის უფლებამოსილი პირის მიერ, 2025 წლის 30 იანვარს, „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მიმართ, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი, რომელიც განსახილველად გადაეგზავნა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს.
სასამართლომ, 2025 წლის 25 თებერვლის დადგენილებით, „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ცნო სამართალდამრღვევად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 57-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუმცა, ამავე კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე გაათავისუფლა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან და გამოუცხადა სიტყვიერი შენიშვნა.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის [სასკ] 22-ე მუხლი იძლევა „მცირემნიშვნელოვანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას დამრღვევის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების შესაძლებლობას“. თუმცა, იქვე აღნიშნულია, რომ „სიტყვიერი შენიშვნა არ გამოიყენება, თუ ჩადენილია იგივე ქმედება განმეორებით, ან თუ დამრღვევის მიმართ ადრე ჩადენილი იმავე ქმედებისათვის ამ მუხლის საფუძველზე გამოყენებული იყო სიტყვიერი შენიშვნა.“
ვიდრე ხელვაჩაურის სასამართლო 2025 წლის 25 თებერვალს „ამბასადორს“ სიტყვიერ შენიშვნას გამოუცხადებდა, იმავე ქმედებისთვის კომპანიას ანალოგიური შენიშვნა იმავე სასამართლოსგან 2024 წლის 15 ნოემბერსაც ჰქონდა გამოცხადებული.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 6 მაისის განკარგულებით, „ამბასადორი ბათუმი აილენდი“, 12 თვის ვადით, გათავისუფლდა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან და მიეცა უფლება ქობულეთის მუნიციპალიტეტში მოიპოვოს 1 500 000 კუბ/მეტი სასარგებლო წიაღისეული [კვირიკეს ტუფობრექჩიები და ანდეზიტო-ბაზალტი].
ამასთან, კომპანიის მიერ, ლიცენზიისაგან გათავისუფლებისთვის განკარგულებით განსაზღვრული თანხა 365 217 ლარი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილია განკარგულებით დადგენილი ვადის დარღვევით – 2025 წლის 14 ივლისს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ, 2025 წლის 15 ივლისს, „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მიმართ, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, სას კოდექსის 574 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, რომელიც განსახილველად გადაეგზავნა ქობულეთის მაგისტრატ სასამართლოს. ამ ეტაპზე სასამართლოს დადგენილება დეპარტამენტში წარმოდგენილი არ არის.
[თუმცა ამავე განკარგულებასთან დაკავშირებით დეპარტამენტმა მოგვაწოდა ბათუმის სასამართლოს 2025 წლის 9 სექტემბრის დადგენილება, სადაც აღნიშნულია: „შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ცნობილი იქნეს სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 574 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული გადაცდომის ჩადენაში და სახდელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.“
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“, აღნიშნული განკარგულების ფარგლებში, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადა ეწურება 2026 წლის 5 მაისს.
ბათუმი, ხელოვნური ნახევარკუნძულის მშენებლობა [ხელოვნური კუნძულის პროექტი] / 22.11.2025გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისგან მიღებული დოკუმენტებით ასევე ირკვევა, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მიმართ შედგა 2025 წლის მარტშიც – გადაცდომაზე, რაც გათვალისწინებულია „ნარჩენების მათვის კოდექსის“ 32-ე მუხლის 1-ელი ნაწილით.
დოკუმენტების მიხედვით, „2025 წლის 11 მარტს, ცხელ ხაზზე შესული შეტყობინების საფუძველზე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის თანამშრომლების მიერ ქ. ბათუმში, აფხაზეთის ქუჩაზე გამოვლენილი იქნა გარემოს დანაგვიანების ფაქტი. კერძოდ, შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდმა“ ღობის მშენებლობის დროს დააბინძურა გზის სავალი ნაწილი, 1 კუბ/მ-მდე მასით“.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2025 წლის 27 მარტის დადგენილებით კომპანიას 2 000 ლარის გადახდა დააკისრა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგელოდ. „ამბასადორმა“ ეს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა, თუმცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ კომპანიის საჩივარი არ დააკმაყოფილა.
სააპელაციო სასამართლოს დადგენილების მიხედვით, „ამბასადორი“ საჩივარში აღნიშნავდა, რომ „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მხრიდან რომც ჰქონოდა ადგილი სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, იგი არ წარმოადგენს იმგვარ ქმედებას, რასაც შეეძლო შეუქცევადი ზიანის მოტანა, ამდენად სასამართლოს [ბათუმისას] შეეძლო ეხელმძღვანელა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლის რეგულაციით“-ო [ანუ, კომპანიისთვის მიეცათ სიტყვიერი შენიშვნა].
„სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა არ იძლევა განმარტებას იმის თაობაზე, თუ რომელი სამართალდარღვევა მიეკუთვნება მცირემნიშვნელოვან სამართალდარღვევათა კატეგორიას, რაც ნიშნავს იმას, რომ გადაცდომის შეფასების ნაწილში სასამართლო სარგებლობს ფართო დისკრეციით და მას ეძლევა შესაძლებლობა საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური შესწავლის შედეგად, თავისი შინაგანი რწმენის საფუძველზე, განსაზღვროს გადაცდომის ხარისხი.“ – წერს სააპელაციო სასამართლო თავის დადგენილებაში.
ვიდრე სახელმწიფო უწყებები და სასამართლო „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ 500, 2000 თუ 5 000-ლარიანი ჯარიმების გადახდევინება-გათავისუფლებაზე მსჯელობს, კომპანიამ ხელოვნურად მოწყობილ მიწის ნაკვეთზე მრავალსართულიანი შენობების მშენებლობისთვის სამუშაოები უკვე დაიწყო.
სამშენებლო სამუშაოები ხელოვნურ ნახევარკუნძულზე / 22.11.2025
სამშენებლო სამუშაოები ხელოვნურ ნახევარკუნძულზე / 22.11.2025
„ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ქვიშა-ხრეშს ძირითადად მდინარე ჭოროხის კალაპოტიდან იღებს, მთავრობა კი წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან ათავისუფლებს.
სპეციალისტების მტკიცებით, ჭოროხიდან ხრეშის მშენებლობისთვის ამოღება არ შეიძლება და ეს მასალა მთლიანად ბათუმის ნაპირგამაგრებას უნდა მოხმარდეს, რასაც ხელისუფლება წლებია არ ითვალისწინებს. ბათუმის სანაპირო ზოლის დასაცავად და ხელოვნური კვებით პლაჟის შესანარჩუნებლად, ყოველწლიურად მინიმუმ 120 000 კუბური მეტრი ხრეშის შეტანაა აუცილებელი, რისთვისაც ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი უკვე დაიხარჯა და მომავალშიც უნდა დაიხარჯოს.
სამთავრობო და სახელმწიფო სტრუქტურებში ისიც კარგად იციან, რომ ბათუმის სანაპირო ზოლის ზღვისგან დასაცავად ახალი სტრატეგიაა შესამუშავებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში კატასტროფა გარდაუვალია.
თბილისის ფილიალის წარმატების შემდეგ, Robirent Group-მა, ბალტიის რეგიონში ერთ-ერთმა წამყვანმა სამშენებლო ტექნიკის ქირავნობის კომპანიამ, ოფიციალურად გახსნა ახალი ფილიალი ბათუმში. გაფართოების მიზანია ადგილობრივ კონტრაქტორებს, დეველოპერებსა და ინდუსტრიულ კომპანიებს ადგილზევე მიაწოდოს თანამედროვე, სანდო ტექნიკა და მაღალი ხარისხის მომსახურება.
„ბათუმი არის დინამიკური სამშენებლო ცენტრი, სადაც ინტენსიურად იზრდება საცხოვრებელი, კომერციული და ინფრასტრუქტურული პროექტები,“ — განაცხადა Robirent.Ge-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, გიორგი კურდღელიამ.
„ჩვენი ბათუმის ფილიალი დასავლეთ საქართველოს კომპანიებს კიდევ უფრო უახლოებს საერთაშორისო სტანდარტის ტექნიკასა და მომსახურებას.“
თანამედროვე ტექნიკა თითოეული პროექტისთვის
ბათუმის ფილიალი მომხმარებლებს სთავაზობს მრავალფეროვან ტექნიკას მცირე და მსხვილი პროექტებისთვის. ხელმისაწვდომია:
• თაღოვანი (Scissor) ამწეები — სტაბილური ვერტიკალური წვდომა
• დიზელზე მომუშავე ბუმ-ამწეები — მაღალი სიმაღლის სამუშაოები გარე და რთულ რელიეფზე
• ალუმინის საყრდენები/კოშკები — მსუბუქი, მედულარული და მარტივი მონტაჟის
• ტრეილერზე დასამაგრებელი ამწეები — გადაადგილებაში მოქნილი და პრაქტიკული
• ტელესკოპური ამწეები (Telehandlers) — ტვირთის აწევა, გადაზიდვა და გადატანა
• სატვირთოზე დამონტაჟებული პლატფორმები — მობილური სამუშაოები ქალაქში და რეგიონებში
ფილიალი უზრუნველყოფს ტექნიკის სწრაფ მიწოდებას, ტექნიკურ მხარდაჭერას და უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობას.
სამუშაო სიმაღლე
Robirent Batumi-ის ტექნიკა ახორციელებს სამუშაოებს 7.8 მეტრიდან 35 მეტრამდე, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო და ეფექტური მუშაობას სხვადასხვა სამშენებლო და ინდუსტრიულ ობიექტებზე.
სტრატეგიული პარტნიორი განვითარებისთვის
Robirent Group-ში აღნიშნავენ, რომ კომპანია მხოლოდ ტექნიკის მიმწოდებელი არ არის — იგი გრძელვადიანი პარტნიორია, რომელიც ხელს უწყობს პროექტების ეფექტურ და უსაფრთხო შესრულებას.
„ჩვენი მიზანია საქართველოში სამშენებლო ტექნიკის ქირავნობის სტანდარტის ამაღლება და თითოეული პროექტისთვის სანდო, პროფესიონალური მხარდაჭერის შეთავაზება,“ — აღნიშნა გიორგი კურდღელიამ.
ბათუმისა და დასავლეთ საქართველოს კონტრაქტორებისთვის, დეველოპერებისთვის და ტექნიკის პარტნიორებისთვის ფილიალი უკვე სრულად ოპერირებს და მზად არის უზრუნველყოს პროექტები თანამედროვე ტექნიკითა და ექსპერტული მხარდაჭერით.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 24 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 166 450 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 190. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
ტანკი – 11 366 ერთეული [+3]
ჯავშანტექნიკა – 23 620 ერთეული [+5]
საარტილერიო სისტემა – 34 626 ერთეული [+41]
MLRS – 1 549 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 248 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 428 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 347 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 83 769 ერთეული [+431]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 981 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 68 006 ერთეული [+84]
სპეცტექნიკა – 4 003 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 24 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
668 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
98 278 უპილოტო საფრენი აპარატი
638 საზენიტო სარაკეტო სისტემა
26 216 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 619 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
31 510 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
47 531 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობისას, სოფელ წკერესთან, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოებისას, სავარაუდოდ, მიწის მასის ჩამოშლის შედეგად, სამშენებლო კომპანიის ხუთი თანამშრომელი [თურქმენეთისა და ჩინეთის მოქალაქეები] მოყვა ჩამოშლილი მასის ქვეშ.
„ნაპოვნია ოთხი ცხედარი, ხოლო ერთი პირი გადაყვანილია კლინიკაში. ადგილზე მობილიზებული არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფები და საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები“, – ინფორმაცია 23 ნოემბერს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გაავრცელა.
„საავტომობილო გზების დეპარტამენტი კონტრაქტორი კომპანიისგან მოითხოვს უსაფრთხოების ნორმების დაცვის მაქსიმალურ გამკაცრებას და სამუშაო წარმოებისას რეგულაციების მკაცრად დაცვას. საავტომობილო გზების დეპარტამენტი თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს“, – წერს გზების დეპარტამენტი.
ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
—–
დაახლოებით 1 წლის წინ გზების დეპარტამენტი წერდა, რომ ქვეშეთი-კობის 23 კმ-იანი გზის მშენებლობა, ეტაპობრივად, 2024-2025 წლებში დასრულდებოდა. ამასთან, „პროექტი საქართველოს მთავრობის, აზიის განვითარების ბანკის (ADB) და გვირაბის მშენებლობის ნაწილში – ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტის საერთო ღირებულება 1.2 მილიარდი ლარია“- აღნიშნული იყო დეპარტამენტის ინფორმაციაში.
ძველ ბათუმში ფასადების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. შენობების დიდი ნაწილი ისევ ხარაჩოებშია ჩასმული. რამდენიმე ქუჩაზე პროცესი ნაწილობრივ დასრულებულია.
ძველი ბათუმის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დეტალური ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის მომზადება და შემდგომში ამ დოკუმენტის საფუძველზე სამუშაოების წარმოება მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2023 წელს შეისყიდა. ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან, შპს „საბა კონსტრაქშენთან“ 2023 წელს გააფორმეს.
პროექტი, რომელშიც ბიუჯეტიდან 200 მილიონი იხარჯება, საჯარო გაცნობისთვის არ გამოუქვეყნებიათ.
ახლახან „ოცნების“ მთავრობაში განაცხადეს, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდისთვის გადაცემული 214 მიმდინარე პროექტიდან 161 პროექტი პრობლემურია. თუმცა, არავის დაუზუსტებია ამ პრობლემურ პროექტებში ხომ არ არის ისტორიული ბათუმის რეაბილიტაციის ან ბათუმში, გმირთა ხეივნის მოწყობის პროექტი.
ძველ ბათუმში შენობები ისევ ხარაჩოებში და მწვანე ან შავ სამშენებლო ბადეშია გახვეულიტროტუარების ნაწილი ისევ გადათხრილია
ჯერ ისევ არ ვიცით, კონკრეტულად, რომელი სპეციალისტების ჩართულობით მოამზადა „საბა კონსტრაქშენმა“ ძველი ბათუმის რეაბილიტაციის პროექტი და მონაწილეობდნენ თუ არა ამ პროცესში ხელოვნებათმცოდნეები, ვისაც იმ საზოგადოების ნდობა აქვთ, რომლებიც ძეგლებს იცავენ და მათი ავთენტური სახით შესანარჩუნებლად ხან საპროტესტო აქციებს მართავენ, ხან კი სასამართლოში ასაჩივრებენ გადაწყვეტილებებს.
ზოგიერთ ქუჩაეზე სამშენებლო მტვრის ბუღი დგას
უფრო მეტიც, მუნიციპალური განვითარების ფონდიდან „ბათუმელებმა“ ვერ მიიღო ოფიციალურად გამოთხოვილი ინფორმაცია იმაზე, თუ კონკრეტულად რომელი სპეციალისტები იყვნენ ჩართული არქიტექტორულად და ისტორიულად მნიშვნელოვანი შენობების, კულტურული მემკვიდრეობის კანონით დაცული ძეგლების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე. ადგილზე მუშების ნაწილი, ვისთან გასაუბრებაც შევძელით, ამბობს, რომ რესტავრატორი არ არის.
სარეაბილიტაციო სამუშაოები ძველ ბათუმში
ამ საკითხზე მუშაობისას „ბათუმელები“ დავუკავშირდა „საბა კონსტრაქშენსაც“ , თუმცა აქ გვითხრეს, რომ ყველა კითხვით მუნიციპალური განვითარების ფონდისთვის, ანუ დამკვეთისთვის უნდა მიგვემართა.
მუნიციპალური განვითარების ფონდს ოფიციალურად წერილობით მოვთხოვეთ იმ პირთა ჩამონათვალი, ვინც ძველი ბათუმის რეაბილიტაციის პროექტი მოამზადა, მათი კვალიფიკაციის მითითებით. ასევე ფონდიდან გამოვითხოვეთ ინფორმაცია იმ პირთა შესახებ, ვინც ზედამხედველობას უწევს რეაბილიტაციის პროცესს, მათი სახელ-გვარების და კვალიფიკაციის მითითებით. ფონდიდან არასრულად გვიპასუხეს – თავი აარიდეს მთავარ კითხვას, კონკრეტულად ვინ, რომელმა სპეციალისტებმა მოამზადეს ძეგლების რეაბილიტაციის პროექტი.
ფონდის პასუხიფასადების სარეაბილიტაციო სამუშაოები ძველ ბათუმში გრძელდება
ამ პროექტის ფარგლებში უკვე დახარჯულია 179 მილიონი ლარი, ჯამში კი 200 მილიონი ლარია გამოყოფილი.
რამდენად ეფექტურია სამუშაოების მიმდინარეობის, ხარისხის და ხარჯვის კონტროლი? – კითხვები ამ და სხვა პროექტებზე, რომლებსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი ბათუმში ახორციელებს, „ბათუმელებს“ ადრეც ჰქონდა, თუმცა პასუხებს ვერ ვიღებდით. 2025 წლის ოქტომბერში, უკვე ოფიციალურად გავიგეთ, რომ საქმე არც ისე კარგად მიდიოდა.
„ოცნების“ მთავრობაში ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრის, რევაზ სოხაძის განცხადებით, მუნიციპალური განვითარების ფონდის 214 მიმდინარე პროექტიდან 161 პროექტი პრობლემურია. პროექტების ჯამური ღირებულება 1 მილიარდ ლარს აღემატება. ამის შესახებ მან პარლამენტში განაცხადა.
სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაკავებულ დავით ტაბიძეს, რომელიც საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილ დირექტორია, აღკვეთი ღონისძიების სახით 300 ათასი ლარისგირაო შეუფარდეს.
30 ოქტომბერს კი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე, კობა გაბუნია დააკავეს. ის საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის კურატორი იყო.
გამოძიების ფარგლებში პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკა ჩატარდა დაკავებულ კობა გაბუნიას, რეგიონული განვითარების ყოფილი მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის და სხვა პირების სახლებში – 20 სხვადასხვა ობიექტზე.
რაც შეეხება ძველი ბათუმის რეაბილიტაციასთან დაკავშირებულ პირობებს, ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ სამუშაოები სამი წლის ვადაში უნდა დასრულდეს. თუმცა, ხელშეკრულება მოქმედია 2029 წლამდე.
სატენდერო დოკუმენტების მიხედვით:
ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას საქართველოს ქალაქებისა და კურორტების განვითარების პროგრამის ფარგლებში, ბათუმში სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება და ამ დოკუმენტის საფუძველზე შესაბამისი სამუშაოების შესრულება ევალებოდა Design-Build მეთოდით.
ადგილზე არსებული ვითარების მიხედვით, სამუშაოების ნაწილი დასრულებულია მემედ აბაშიძისა და ირაკლი აბაშიძის ქუჩებზე, მიმდებარე ქუჩებზე კი გრძელდება. რამდენიმე ათეული შენობის ფასადის დამუშავება ჯერ ისევ საწყის ეტაპზეა, რიგ ქუჩებზე გადათხრილია ტროტუარებიც.
ხვალ, 24 ნოემბერს, 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილება მზია ამაღლობელის სარჩელი ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ.
ამ სარჩელით მზია ამაღლობელის ადვოკატები ირაკლი კობახიძისგან ითხოვენ მის მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაციის უარყოფას საჯაროდ.
საქმე ისაა, რომ „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი, ისე, როგორც სხვა უმაღლესი თანამდებობის პირები, მზია ამაღლობელის დაკავების შემდეგ მის წინააღმდეგ რეგულარულად ავრცელებენ დეზინფორმაციას, თითქოს მზია ამაღლობელმა „პოლიციელს მიაკრა სტკერი“, თითქოს მზია ამაღლობელი მოქმედებდა „დაკვეთით“, რომ „უცხოელ აგენტებს უნდა დაეკნინებინათ ქართული პოლიცია“ და ასე შემდეგ.
ადვოკატების შეფასებით, ეს განცხადებები არის „მკაფიოდ ცილისმწამებლური ხასიათის და პირდაპირ არღვევს მზია ამაღლობელის უდანაშაულობის პრეზუმფციას, ემსახურება საზოგადოებაში მის მიმართ ნეგატიური განწყობების შექმნას და რაც ყველაზე საგანგაშოა, ახალისებს საზოგადოებას, ირწმუნონ მზია ამაღლობელის დამნაშავეობა/ბრალეულობა მძიმე ძალადობრივ დანაშაულში და უფლებამოსილი სასამართლო ორგანოს მიერ განაჩენის გამოტანამდე, წინასწარი პოზიცია ჩამოიყალიბონ სასამართლოს მიერ ფაქტების შეფასებაზე.
აღნიშნული განცხადებები ემსახურება საქმის განმხილველ მოსამართლეზე და, ზოგადად, სასამართლო ხელისუფლებაზე ზემოქმედებას“.
საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით აკობიძე განიხილავს. სხდომა გაიმართება #46-ე დარბაზში.
__
18 ნოემბერს მზია ამაღლობელი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებმა – ნიკოლაზ მარგველაშვილმა (მომხსენებელი მოსამართლე), მარინა სირაძემ და ნანა ჯოხაძემ 2 წლით პატიმრობაში დატოვეს.
მზია ამაღლობელს 2-წლიანი პატიმრობა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სანქცირებულმა მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა მიუსაჯა.
ჩაქვის დასახლების ტერიტორიაზე, მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის კომპლექსის მოწყობის სამუშაოებზე მერიამ მორიგი ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ამჯერად 9 მილიონ 608 515 ლარია.
ტენდერით გათვალისწინებული პირობების მიხედვით წინადადებების მიღება 2025 წლის 7 დეკემბერს დაიწყება და ხუთ დღეში, 12 დეკემბერს დასრულდება.
მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრისა და იპოდრომის მოწყობა ბათუმში იქცა გამოწვევად, რომელსაც ბათუმის მერიამ წლების განმავლობაში თავი ვერ მოაბა. მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ტენდერი თავშესაფრის მოწყობაზე 2023 წელს ორჯერ ჰქონდა გამოცხადებული, თუმცა უშედეგოდ.
ცხოველთა მოყვარულებმა, დამცველებმა და კინოლოგებმა სხვადასხვა დროს ბათუმში არაერთი აქცია გამართეს. მათ მიუსაფარი/მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამაც გააპროტესტეს, რომელიც, მათივე თქმით, დაუგეგმავად დაიწყო და გაუმჭვირვალედ მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები ამბობდნენ, რომ საპილოტე პროგრამის ამოქმედების შემდეგ „ბათუმში ასობით ძაღლი გაქრა და მათ ვერსად მიაგნეს“.
ამ პროგრამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4,8 მილიონი ლარი იხარჯება. პროგრამას სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს სამ რეგიონში, მათ შორის აჭარაში.
ცხოველთა დამცველების აქცია ბათუმის ბულვარში / 23.08.2025
მერია განმარტავს, რომ საპროექტო დოკუმენტაცია, გარდა ტექნიკური დავალებისა, დამუშავებულია ამერიკის ვეტერინართა ასოციაციის გაიდლაინების მიხედვით და ინტერნეტში მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე.
პროექტის მიხედვით მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის კომპლექსი წარმოდგენილია ვოლიერების ორი ბლოკის სახით. ყოველ ბლოკში განთავსებულია 90 ერთეული ვოლიერი, სულ ორივე ბლოკში 180 დამოუკიდებელი ვოლიერია. თითოეული ვოლიერი გეგმაში მართკუთხა ტრაპეციის ფორმისაა, ზომით საშუალოდ 3,9X2,9 მ-ზე. ვოლიერები გაყოფილია ერთმანეთისგან 2,44 მ სიმაღლის ლითონის გისოსებით.
ესკიზი
პერიმტრის მხარეს მოქცეული კედლები ყრუა, ვოლიერების ერთმანეთში გამყოფი და დერეფნის მხარეს გამომავალი ტიხრების ქვედა ნახევარი ასევე ყრუა. ვოლიერი
გადახურულია ე.წ. „სენდვიჩპანელებით“.
ყველა ვოლიერი უზრუნველყოფილია წყალმომარაგებისა და სადრენაჟო სისტემით. ვოლიერები განლაგდა ნაგებობის პერიმეტრზე ორ რიგად, შუაში გამყოფი დერეფნით.
ნაგებობის შუაგულში განთვსებულია ძაღლების გასასეირნებელი შიდა ეზო, ის დაყოფილია ექვს სეგმენტად და ყოველ სეგმენტს გააჩნია დამოუკიდებელი შესასვლელი დერეფნიდან, რაც იძლევა ძაღლების სხვადასხვა [წონის/ასაკის მიხედვით] ჯგუფებად გასეირნების ორგანიზების საშუალებას.
მონიშნულია თავშესაფრის მშენებლობისთვის გამოყოფილი ტერიტორია
შესყიდვის პირობების მიხედვით ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს [შესყიდვაში მონაწილეობის მსურველ პირს] 2021 წლის 1-ელი იანვრიდან ტენდერის გამოცხადებამდე პერიოდში, შესრულებული უნდა ჰქონდეს შენობა-ნაგებობის მშენებლობის სამუშაოები, საერთო ღირებულებით არანაკლებ 10 მილიონი ლარის ოდენობით.
ასევე, ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2021 წლიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე ერთი ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული უნდა ჰქონდეს შენობა-ნაგებობის მშენებლობის სამუშაოები საერთო ღირებულებით არანაკლებ 3 მილიონი ლარის ოდენობით.
გამოცდილებაში ჩაითვლება მხოლოდ დასრულებული სამუშაოები, რაზედაც გაფორმებულია საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტები, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში განხორციელებულია სამუშაოები, როგორც ქვეკონტრაქტორის მიერ, განხორციელებული სამუშაოები მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება გამოცდილებად, თუ საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმებულია ძირითად კონტრაქტორებს შორისაც, ამასთან, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს აღნიშნული აქტი, თუ იგი არ არის განთავსებული შესაბამისი შესყიდვის გვერდზე.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დაკავებული ჟურნალისტის, გიორგი მამნიაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს. „ტვ პირველის“ ჟურნალისტი გიორგი მამნიაშვილი აქციაზე დააკავეს.
“ტვ პირველის” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, ნოდარ მელაძის თქმით, ამ დროს გიორგი მამნიაშვილი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა და ადგილზე პირდაპირ ჩართვაზე მყოფი ჯგუფის პარალელურად მუშაობდა.
გიორგი მამნიაშვილთან კავშირი რედაქციამ 22:30 წუთზე დაკარგა. დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე ჟურნალისტმა რედაქციას აქტივისტების დაკავების კადრები გაუგზავნა.
გიორგი მამნიაშვილს ეძებდნენ, ხოლო შსს-ს პრესსამსახური „ტვ პირველს“ მის დაკავებას არ უდასტურებდა.
მოგვიანებით გაირკვა, რომ დაკავებული ჟურნალისტი პოლიციამ დიღმის იზოლატორში გადაიყვანა.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შსს-ს მოუწოდებს, პასუხისმგებლობა აიღოს საპოლიციო თავნებობაზე, გამოავლინოს და შესაბამისად დასაჯოს პოლიციელები, რომლებიც ჟურნალისტებს აქციების გაშუქებაში ხელს უშლიან და, ზოგიერთ შემთხვევაში, აკავებენ კიდეც მათ.
პოლიციის მხრიდან ჟურნალისტების მიმართ ამგვარი დამოკიდებულება სრულიად მიუღებელია და ის მედიაზე ზეწოლის იმ კოორდინირებული სტრატეგიის ნაწილს წარმოადგენს, რომლის საბოლოო მიზანი საზოგადოების სანდო და მიუკერძოებელი, ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაციისა და ანალიზის გარეშე დატოვებაა.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სოლიდარობას უცხადებს გიორგი მამნიაშვილს და ყველა ჟურნალისტს, რომელთა პროფესიული უფლებები პოლიციამ ბოლო წლის განმავლობაში პროევროპული აქციების გაშუქებისას შელახა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 23 ნოემბრის 21 საათიდან 24 ნოემბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 23 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 165 260 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +920. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
ტანკი – 11 363 ერთეული [+2]
ჯავშანტექნიკა – 23 615 ერთეული [+8]
საარტილერიო სისტემა – 34 585 ერთეული [+26]
MLRS – 1 549 ერთეული [+2]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 248 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 428 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 347 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 83 338 ერთეული [+496]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 981 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 67 922 ერთეული [+80]
სპეცტექნიკა – 4 003 ერთეული [+1]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 23 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
668 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
97 933 უპილოტო საფრენი აპარატი
638 საზენიტო სარაკეტო სისტემა
26 195 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 618 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
31 487 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
47 425 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ უკრაინაში მშვიდობის დამყარების 28-პუნქტიანი წინადადების ავტორი შეერთებული შტატებია. „ის შემოთავაზებულია, როგორც მიმდინარე მოლაპარაკებების მყარი ჩარჩო. ის ეფუძნება რუსული მხარის პოზიციას, თუმცა, ის ასევე ეფუძნება უკრაინის წინა და მიმდინარე პოზიციას“, – დაწერა რუბიომ X-ზე.
ბათუმის მერიამ ვებგვერდზე ატვირთა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც „ბათუმის აეროპორტის“ გენერალური მენეჯერის მოადგილე, მერთ კანდიელი აეროპორტის ექსპლუატაციის ცვლილების პროექტზე წერს გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსს ელენე ღუბიანურს.
ამ წერილში მერთ კანდიელი ეროვნულ სააგენტოს უფროსს სთხოვს გაუზიაროს მოსაზრება აეროპორტის გაფართოების პროექტის გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის საჭიროების თაობაზე. იქვე მიუთითებს, რომ სკრინინგის ანგარიში უკვე გაგზავნილია.
მერთ კანდიელის ინფორმაციით, ამ წერილს თან ახლავს სკრინინგის 30-გვერდიანი ანგარიში და სხვა დანართები, თუმცა ისინი მერიას არ აუტვირთია. მითითებული თარიღის მიხედვით, ეს წერილი სააგენტოში 2025 წლის 4 ნოემბერს არის გაგზავნილი.
4 თვით ადრე, 2025 წლის 11 აგვისტო,ს გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ბრძანების მიხედვით, აეროპორტის ექსპლუატაციის შეცვლის პროექტი გარემოს ზემოქმედების ზედამხედველობის ანგარიშს არ დაექვემდებარა.
იგივე ბრძანების მიხედვით, დაგეგმილია თვითმფრინავების სადგომი ბაქნის და მგზავრთა მიმღები ტერმინალის შენობის გაფართოება. ასვე, ავტომობილების საწვავით გასამართი სადგურის ადგილმდებარეობის ცვლილება.
„თვითმფრინავების სადგომი ბაქნის გაფართოება/რეაბილიტაცია დაგეგმილია ბაქნის დასავლეთით, 8 200 მ2-ით. გაფართოების მიზანია „C“ კატეგორიის საჰაერო ხომალდების სადგომის მოწყობა, ასევე ვერტმფრენის სადგომის მოწყობა. ბაქნის გაფართოებისთვის გათვალისწინებული ტერიტორიის ნაწილი დაფარულია ძველი ასფალტის საფარით, ნაწილი – ტექნიკური გრუნტით. გაფართოების ტერიტორიაზე გათვალისწინებულია არსებული კომუნიკაციების – სანიაღვრე სისტემის, საკანალიზაციო ქსელის, ელექტრო მომარაგების, მიწისქვეშა ხაზების გაყვანის ადგილების ცვლილება და ახალი დაერთებების დაპროექტება.
წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, ექსპლუატაციის პირობების ცვლილების ფარგლებში, არსებულ მგზავრთა მიმღები ტერმინალის შენობას მიაშენებენ სამ სივრცეს: I სივრცე (194.3 მ2) გამოიყენება დასაქმებული პერსონალის საოფისედ; II სივრცე (126.4 მ2) – დამხმარე მიშენება დასაქმებული პერსონალისა და აეროპორტის ოპერირების გასაუმჯობესებლად; III სივრცე (103.0 მ2) – მგზავრთა ნაკადის კომფორტისა და მოწესრიგებისთვის.“
უცნობია, რატომ ითხოვს აეროპორტის მენეჯერის მოადგილე ოფიციალურად იმის კიდევ ერთხელ დადასტურებას, რომ პროექტი გარემოს ზედამხედველობის ანგარიშის მომზადებას არ საჭიროებს. ბათუმის მერიას სრული დოკუმენტები საჯარო გაცნობისთვის ჯერ არ აუტვირთია.
ამის პარალელურად სახელმწიფო კომპანია „საქაერონავიგაცია“ გეგმავს ჩაატაროს ახალი კვლევა იმის განსასაზღვრად, თუ როგორ უნდა შეიცვალოს ბათუმის აეროპორტის მიმდებარედ ტერიტორიის უსაფრთხოების ზონა.
კვლევის ერთ-ერთი მიზანი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტისათვის „მორგებული უსაფრთხოების ზედაპირების, მათ შორის სიმაღლის ზონირების შემუშავება“ იქნება, რომელიც უზრუნველყოფს როგორც ფრენების უსაფრთხოებას, ასევე ქალაქის „ურბანული განვითარების მეტ მოქნილობას“.
ბათუმის აეროპორტის დაცვის არეში, არსებული დაბრკოლებების შემზღუდველი ზედაპირების (OLS) მოდიფიკაციის, მორგებული დაბრკოლებების შემზღუდველი ზედაპირების (OLS) შემუშავებისა და მაქსიმალური დასაშვები დაბრკოლებების სიმაღლეების განსაზღვრისთვის სააერნაოსნო კვლევის მომსახურების შესყიდვაზე „საქაერონავიგაციამ“ ტენდერი უკვე გამოაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დელეგაცია დანიშნა აშშ-სთან, სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან და ასევე რუსეთის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებში მონაწილეობისთვის. დელეგაცია, რომელსაც პრეზიდენტის ოფისის უფროსი, ანდრეი ერმაკი უხელმძღვანელებს, კონსულტაციებს გამართავს ომის დასრულების საკითხებზე.
ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, რუსტემ უმეროვი საკუთარი ტელეგრამის ანგარიშზე წერს:
„ამ დღეებში შვეიცარიაში ვიწყებთ კონსულტაციებს უკრაინისა და აშშ-ის მაღალი თანამდებობის პირებს შორის მომავალი სამშვიდობო შეთანხმების შესაძლო პარამეტრებთან დაკავშირებით.
უკრაინა ამ პროცესს საკუთარი ინტერესების მკაფიო გაგებით უდგება. ეს დიალოგის მორიგი ეტაპია, რომელიც ბოლო დღეებია გრძელდება და, უპირველეს ყოვლისა, შემდგომი ნაბიჯების ხედვაზე შეთანხმებას ისახავს მიზნად.
ჩვენ ვაფასებთ ამერიკული მხარის მონაწილეობას და მის მზადყოფნას არსებითი საუბრისთვის. უკრაინა გააგრძელებს პასუხისმგებლობით, პროფესიონალურად და თანმიმდევრულად მოქმედებას – როგორც ამას ჩვენი ეროვნული უსაფრთხოება მოითხოვს“.
დელეგაციაში ასევე შედიან დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, კირილო ბუდანოვი, გენერალური შტაბის ხელმძღვანელი, ანდრი გნატოვი, საგარეო დაზვერვის უფროსი, ოლეგ ივაშჩენკო და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სერჰი კისლიცია.
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს აქტიურ კონსულტაციებს მართავს ევროპის ქვეყნების ლიდერებთან და პოლიტიკოსებთა. ცოტა ხნის წინ მან დაწერა, რომ ესაუბრა პოლონეტის პრემიერ მინისტრ დონალდ ტუსკს და გაუზიარა აშშ-სა და ევროპასთან დიპლომატიური მუშაობის დეტალები. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა პარტნიორი, რომელიც ამ ომის დაწყებიდან ჩვენთან იყო, ინფორმირებული იყოს სიტუაციის შესახებ. ჩვენ კოორდინაციას ვუწევთ ევროპის პროცესში ჩართვისთვის“ – წერს ზელენსკი.
ვოლოდიმირ და ელენა ზელენსკები მიმართვას ავრცელებენ მთელ მსოფლიოში მყოფი უკრაინელებისადმი. უკრაინის პრეზიდენტის სოციალური მედიის გვერდებზე გამოქვეყნდა მიმართვა ჰოლოდომორის ტკივილსა და ერთიანობაზე.
„დღეს, 16:00 საათზე, სადაც უკრაინელები არიან, ფანჯრებთან ხსოვნის სანთლები აინთება. კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი დანაშაულის მსხვერპლთა შესახებ ხსოვნის ეს მილიონობით მტკიცებულება იტყვის, რომ უკრაინელები არ ივიწყებენ ჰოლოდომორით დაღუპულ მილიონობით ადამიანს და არასდროს აპატიებენ მოსკოვს ამ გენოციდს.
ჩვენ ყველამ ვიცით, როგორ და რატომ დაიღუპა მილიონობით ჩვენი მოქალაქე, შიმშილით დაიღუპა, მილიონობით არ დიბადა. და ჩვენ კვლავ ვიცავთ თავს რუსეთისგან, რომელიც არ შეცვლილა და კვლავ მოაქვს სიკვდილი. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანები საკუთარი თავის დაცვაში, ისევე როგორც გავერთიანდით ჩვენი ეროვნული მეხსიერების შენარჩუნებაში.
მარადიული ხსოვნა ჰოლოდომორის გენოციდის ყველა მსხვერპლს. დღეს, 16:00 საათზე, სადაც არ უნდა იყოთ – უკრაინაში თუ მის ფარგლებს გარეთ – აანთეთ სანთელი თქვენს ფანჯარასთან, ყველა იმ ბავშვის, ქალისა და კაცის ხსოვნისთვის, ვინც ხელოვნური შიმშილით დაიღუპა.
ჩვენ ვიცავდით, ვიცავთ და ყოველთვის დავიცავთ უკრაინას, რადგან ჩვენი სახლი მხოლოდ აქ არის. რუსეთი კი ნამდვილად არ იქნება ჩვენი სახლის ბატონ-პატრონი“ – წერია უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ფეისბუქ გვერდზე.
ჰოლოდომორი (უკრ. Голодомор, შიმშილით სიკვდილი) არის მასობრივი შიმშილობა, რომელსაც წინ უძღოდა ძალადობრივი მეთოდებით იზოლირებული უკრაინელებისთვის საკვების სრული კონფისკაცია, რომელმაც 1933 წლის პირველ ნახევარში უკრაინის უდიდესი ტერიტორია მოიცვა. ჰოლოდომორმა მილიონობით ადამიანი იმსხვერპლა – ზოგიერთი მონაცემებით 10 მილიონი უკრაინელიც კი დაიღუპა შიმშილობით.
2008 წლის 23 ოქტომბერს ევროპის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელმაც ჰოლოდომორი კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად ცნო.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი აქტივისტ როსტო ზარანდიას დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოში იბარებს და წერილობით განუმარტავს, რომ ის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინების ტერიტორიაზე მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნის ფაქტზეა დაბარებული.
რისტომ და კიდევ ერთმა აქტივისტმა ანაკლიის პორტის პროექტის ტერიტორიასთან, მინდორზე, მასშტაბური წარწერა – Megobari act [მეგობარი აქტი]გამოსახეს.
380 მეტრი სიგრძის გეოგლიფის [გამოსახულება მიწაზე] მიზანი ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოებისთვის „მეგობარი აქტის“ მნიშვნელობის შეხსენება იყო, „მეგობარი აქტი“ სენატში კენჭისყრას ელოდება.კანონპროექტი კონგრესმენ ჯო უილსონის მიერაა მომზადებული.
წერილის მიხედვით, რომელიც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიდან მიიღო, როსტო სამმართველოში 24 ნოემბერს უნდა გამოცხადდეს.
როსტო „ბათუმელებთან“ საუბარში აცხადებს, რომ „არანარი ფენის მოხსნას ადგილი არ ჰქონია.“ მხოლოდ გამოსახულება გამოსახეს და არაფერი გაუტანიათ „ყველაფერი იქვე დარჩა.“
მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნა ნებართვის გარეშე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით ჯარიმდება. საინტერესოა როგორ განმარტავს ზედამხედველობის დეპარტამენტი რამდენად ჰქონდა ადგილი ამ შემთხვევაში ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოხსნას, როცა აქტივისტებს ადგილიდან არაფერი გაუტანიათ და არც გადაუადგილებიათ.
სპეციალისტების განმარტებით ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოხსნა ნიშნავს მიწის ზედა ბიოლოგიურად მდიდარი ფენის ამოღებას, მის გადაყრას ან გადატანას.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 22 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 164 340 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 170. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
ტანკი – 11 361 ერთეული [+4]
ჯავშანტექნიკა – 23 607 ერთეული [+7]
საარტილერიო სისტემა – 34 559 ერთეული [+9]
MLRS – 1 547 ერთეული [+1]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 248 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 428 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 347 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 82 842 ერთეული [+222]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 981 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 67 842 ერთეული [+74]
სპეცტექნიკა – 4 002 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 22 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
668 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
97 793 უპილოტო საფრენი აპარატი
637 საზენიტო სარაკეტო სისტემა
26 174 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 618 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
31 467 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
47 315 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
გასულ დღეებში რუსეთმა უკრაინის ორ ქალაქში დაბომბა საცხოვრებელი ზონები, რასაც 30-მდე ადამიანი ემსხვერპლა. უკრაინაში ომის პარალელურად შიდა-კორუფციული სკანდალია, რომელშიც უკრაინელი მაღალჩინოსნები არიან ჩართულები.
ამ ყველაფრის ფონზე ტრამპი ზელენსკის 28-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას სთავაზობს. საერთაშორისო მედია წერს, რომ უკრაინა ვაშინგტონის მხრიდან მძიმე ზეწოლას განიცდის. მედიის ცნობით, აშშ-ს წარმომადგენლები უკრაინას სადაზვერვო მონაცემების მიწოდების შეწყვეტით და იარაღის მიყიდვაზე უარის თქმით ემუქრებიან იმ შემთხვევაში, თუკი ქვეყანა არ დასთანხმდება „სამშვიდობო გეგმას“.
რა ხდება ფრონტის ხაზზე და რას შეცვლის ტრამპის „სამშვიდობო გეგმა“ – ამ თემაზე „ბათუმელები“ გადამდგარ გენერალს, ვახტანგ კაპანაძეს ესაუბრა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.
ბატონო ვახტანგ, რუსეთი კვლავ განაგრძობს მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმას. 19 ნოემბერს, ტერნოპოლში რუსული რაკეტა და დრონი ორ საცხოვრებელ შენობას მოხვდა, რის შედეგადაც 31 ადამიანი დაიღუპა. თქვენი აზრით, რატომ ირჩევს რუსეთი საცხოვრებელ ზონებს დასაბომბად? რა სტრატეგიული ან ფსიქოლოგიური მიზნები აქვს მსგავს შეტევას?
ექვსი რაკეტა მოხვდა ტერნოპოლში საცხოვრებელ კორპუსებს. ეს იყო პირდაპირ მიმართული მშვიდობიანი დასახლების წინააღმდეგ. X-101 ტიპის რაკეტებს, რომელიც თავდასხმისას გამოიყენეს, ოფიციალურად 12 მეტრი აქვს აცილების ალბათობა. შეიძლება 50-100 მეტრსაც მიაღწიოს, მაგრამ შეუძლებელია, რომ ექვსივე რაკეტა იყოს აცდენილი მიზანს.
სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს იყო მიზანმიმართული თავდასხმა, რომლის მიზანი იყო პანიკა მოსახლეობაში, რომ შეიქმნას შიში და ომისგან გადაღლის ეფექტი, რომ გამოიწვიოს მოსახლეობის უკმაყოფილების ზრდა ომის გაგრძელების მიმართ, უკრაინის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის მიმართ.
მაგრამ ჯერჯერობით ვერ აღწევს რუსეთი ამას. ეს პირველი შემთხვევა არ არის და, სამწუხაროდ, ამით არ დასრულდება, არ გაჩერდება.
რუსებმა საბავშვო ბაღსაც დაარტყეს, სამშობიაროსაც დაარტყეს და საავადმყოფოსაც. ხელი არ აკანკალებიათ, მათთვის ეს ახალი არ არის. ესაა ტერორიზმი, სიტყვა ტერორი არის ზუსტად იმ მნიშვნელობით, რათა გამოიწვიოს შიში მოსახლეობაში, გამოიწვიოს მორალური და ფსიქოლოგიური სულისკვეთების ვარდნა.
თქვენი აზრით, ეს თავდასხმა ხომ არ არის კავშირში ე.წ.სამშვიდობო გეგმასთან? Financial Times-ის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციისა და აშშ-ის წარმომადგენლებმა შეიმუშავეს ე.წ. სამშვიდობო გეგმა, რომელიც უკვე გადაეცა უკრაინას. გეგმა უკრაინისგან მოითხოვს დანარჩენი დონბასის, მათ შორის კიევის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების დათმობას, არმიის განახევრებას, რუსული ენის უკრაინის სახელმწიფო ენად აღიარებას და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიისთვის ოფიციალური სტატუსის მინიჭებას. რამდენად რეალისტურია, რომ ამ გეგმას დასთანხმდეს უკრაინა? [ინტერვიუ ვახტანგ კაპანაძესთან ჩაწერილია მანამ, სანამ გამოქვეყნდებოდა „სამშვიდობო გეგმა“ და ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა უკრაინელი ხალხისადმი].
რაც იკვეთება, არის ზუსტად ეს. ზუსტად ამ სამშვიდობო გეგმას წარდგენამდე მოხდა საცხოვრებელ ზონაზე დარტყმა, რომ უფრო მტკივნეული ყოფილიყო, რომ ზელენსკის დროულად მიეღო გადაწყვეტილება.
როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ზელენსკიმ ჩაიბარა ეს გეგმა განსახილველად. ვეჭვობ, იმ დოკუმენტში, რაც საჯაროდ გამოვიდა, ბევრი რამ შეიცვლება. ამასთან, რა ინფორმაციაც გამოვიდა ამ სამშვიდობო დოკუმენტზე, იქ ძალიან ბევრი ბუნდოვანი პუნქტია.
მე როგორც მახსოვს, ამ დოკუმენტში საუბარია არა რუსული ენის სახელმწიფო ენად აღიარებაზე, არამედ იმაზე, რომ უკრაინულ და რუსულ ენებს ექნებათ თანაბარი უფლება. რუსული არ იქნება აკრძალული ამ ქვეყანაში.
რაც შეეხება სამშვიდობო გეგმას, ბევრი კითხვა არსებობს. პირველ რიგში, ევროკავშირის და ნატოს გარეშე ეს დოკუმენტი როგორ შეიმუშავეს? ნატოს და ევროკავშირის ვალდებულებებს როგორ იღებს ამერიკა თავის თავზე?
გაუგებარია რას ნიშნავს პოლონეთში ევროპული გამანადგურებლების განლაგება. პოლონეთმა მისცა თანხმობა თუ არ მისცა?
უსაფრთხოების რა გარანტიები ექნება უკრაინას? ძალიან ბევრი ბუნდოვანებაა.
ჩემი აზრით, ეს უფრო არის მოსაზრებები და კონცეფციები, ვიდრე გეგმა – გეგმას აქვს ვადები და გეგმას ჰყავს შემსრულებლები.
ასევე, ცოტა გაუგებარია უკრაინამ თუ უნდა შეამციროს 600 000-მდე თავისი შეიარაღებული ძალები (დაახლოებით ამდენი ჰყავს ახლა, 650-დან 600 000) ფაქტობრივად, შემცირება არ უწევს, რუსებმა რატომღა არ უნდა შეამცირონ მაშინ? მარტო უკრაინამ რატომ უნდა შეამციროს? უამრავი კითხვა ჩნდება, რომელსაც ეს დოკუმენტი პასუხს ვერ სცემს.
ამ დოკუმენტში ალბათ ბევრი რამ დაიხვეწება, მაგრამ ჩემი გადასახედიდან, ზოგადად პოლიტიკა, მით უმეტეს მსოფლიო პოლიტიკა, ძალიან ხშირად არ არის სამართლიანი.
თქვენი აზრით, ეს არის გეგმა უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად თუ ეს არის კაპიტულაცია?
მე ჯერ კიდევ არ ვიცით უკრაინის შესწორებები რა იქნება, ხომ?! უკრაინის მხრიდან რა შესწორებები შევა.
ეს არის ხედვები. ეს არის უფრო ცუდი ვარიანტი, ვიდრე იყო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დოკუმენტი. ეს არის სამშვიდობო დოკუმენტი და როგორც სამშვიდობო დოკუმენტი, საკმაოდ ბუნდოვანია.
ნუ დაგვავიწყდება ისიც, რომ ევროკავშირის განწყობა უარყოფითია ამ დოკუმენტის მიმართ. ევროკავშირი აცხადებს, ჩვენს გარეშე როგორ იღებთ ამ გადაწყვეტილებას, ფულს ჩვენ ვიხდით, ჩვენ ვეხმარებით უკრაინას, უკრაინა წარმოადგენს ევროპის უსაფრთხოების ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს.
ასე რომ, მე ამ წუთას არ ვარ მზად მკვეთრი პასუხისთვის და არც სხვას ვურჩევდი, რომ რაღაც მკაცრი ტერმინები გამოიყენოს ამ დოკუმენტის მიმართ. ეს დოკუმენტი განსახილველია, აქვს მას არსებობის უფლება, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან ბევრი ბუნდოვანება და ხარვეზია მასში.
მეორე მხრივ, სუფთა სამხედრო თვალსაზრისით რა ხდება. მაგალითად, დონბასი რომ დათმოს უკრაინამ, როგორც ამას მოითხოვს ეს დოკუმენტი, უნდა იყოს ძალიან კონკრეტული დაწერილი ვალდებულებები უკრაინის უსაფრთხოების, ვინაიდან ამ შემთხვევაში რუსეთი ძალიან უახლოვდება ხარკოვის რაიონს.
დონბასის კონტროლი რუსეთის მიერ სამხედრო თვალსაზრისით დიდი საფრთხის მატარებელია უკრაინისათვის. როგორც იძახიან, ეშმაკი დეტალებშია. ეს უფრო არის ხედვები და რაღაცა ჩანაფიქრები, ვიდრე რაღაც გეგმა.
ამ დოკუმენტის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას წინ უძღოდა კორუფციული სკანდალი უკრაინაში. საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირების სახელები გაისმა, რომლებიც თითქოსდა ჩართული იყვნენ კორუფციაში. ეს ამბავი რაგავლენასმოახდენს ომზე? რამდენად ასუსტებს უკრაინას?
ეს მაინც პოლიტიკური სკანდალია ხელისუფლებისთვის. არ მგონია მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს ფრონტზე. ამასთან, ეს კორუფციული სკანდალი სამწუხაროდ არ არის პირველი უკრაინისათვის. მსგავსი სკანდალები პერიოდულად ხმაურდება უკრაინაში და ვერ ექნება შოკური გავლენა. ყოველ შემთხვევაში, ვფიქრობ ამაზე სხვა მიმართულების ექსპერტმა უნდა ისაუბროს.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში განვითარებული მოვლენების შეფასება მინდა გთხოვოთ, რა ხდება ფრონტზე? რომელი მხარე ინარჩუნებს ოპერატიულ უპირატესობას და როგორ?
ოპერატიული ინიციატივა აქვთ, რა თქმა უნდა, რუსებს. ინიციატივა ნიშნავს, რომ ისინი ახორციელებენ შეტევას, თვითონ ირჩევენ მიმართულებას, გარკვეული წინსვლა აქვთ, თუმცა წინსვლა არის საკმაოდ ნელი. ამასთან ტაქტიკურ დონეზე არის მონაკვეთები, სადაც უკრაინელებს აქვთ ტაქტიკური უპირატესობა, ტაქტიკური მოქმედების არჩევის შესაძლებლობა და კონტრშეტევებსაც ახორციელებენ.
ძალიან გრძელი ფრონტია, დიდი ფრონტია. აქ ერთმნიშვნელოვნად თქმა, სად მთლიანად, სად რა მონაკვეთში, რა ვითარებაა, ეს ცალ-ცალკე იქნება განსახილველი.
საბრძოლო მოქმედებების ძირითადი დატვირთვა მაინც მოდის პოკროვსკი-მირნოგრადის აგლომერაციის მიმართულებაზე. ანუ ის პოკროვსკის ჯიბე არის ყველაზე აქტიური მონაკვეთი ამ ფრონტის ხაზზე.
ზამთარი მოდის – ზამთრის პირობები როგორ შეცვლის ფრონტის დინამიკას, ვის სტრატეგიული უპირატესობა?
შემოდგომის მიწურული, ზამთრის წინა პირობები უფრო ართულებს საომარ მოქმედებებს, ვიდრე ზამთარი. ზამთარში გრუნტი მაგრდება, იყინება, მოწმენდილი ამინდებია. ახლანდელი ამინდები, ნისლიანი დღეებია, რუსებს აძლევს შესაძლებლობას, რომ გადაადგილდნენ დრონებისგან ფარულად. მეორე მხრივ ატალახიანებული გზები ხელს უშლის ტექნიკას გადაადგილებაში. ამიტომ ეს პერიოდი უფრო იქნება მოსამზადებელი გაზაფხული-ზაფხულის კამპანიისთვის, თუ მანამდე არ მოხდა ცეცხლის შეწყვეტა ან რაღაც გარკვეული შეთანხმება.
რა არის ყველაზე კრიტიკული სამხედრო რესურსი რუსეთისა და უკრაინისთვის? რა გავლენას ახდენს ეს ომის მიმდინარეობაზე?
ამ სიტუაციაში რუსეთისთვის სიძლიერის ცენტრი, ეს არის ადამიანური რესურსი, ხოლო უკრაინელების – დასავლეთის მხარდაჭერა.
რომელია ყველაზე სავარაუდო სცენარი 2025 წლის ბოლომდე სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით?
იდეალურ შემთხვევაში ცეცხლის შეწყვეტა. თუ ცეცხლი არ შეწყდა, რუსები ალბათ შეძლებენ პოკროვსკი-მირნოგრადის ჯიბის გაკონტროლებას. თუმცა ეს არ არის გარანტირებული. დანარჩენი დიდი ცვლილებები ფრონტის ხაზზე არ იქნება.
პოლიტიკური თვალსაზრისით არაფერი არ შეიცვლება, გაგრძელდება ისევ ეს ყველაფერი. სამშვიდობო მოლაპარაკებების იმპულსი ჩანს, ტრამპიდან მოდის თუ ტრამპი-რუსეთიდან მოდის, ეს იმპულსი ჩანს. შეიძლება ამ მიმართულებით გაგრძელდეს ეს პოლიტიკური ვითარება.
ქობულეთის შემოვლითი გზის ერთ მონაკვეთზე სადეფორმაციო ნაკერები ისეა დაზიანებული, რომ სქელი ლითონის ნაჭერითაა დაფარული.
საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ამ მონაკვეთის აღდგენა კერძო კომპანიას დაავალა, თუმცა ჯერ კიდევ უცნობია, როდის აღდგება დაზიანებული ნაწილი.
„ქობულეთის შემოვლით გზაზე დაზიანებული სადეფორმაციო ნაკერების აღდგენის სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას დაევალა“, – მოგვწერეს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან 20 ნოემბერს. თუმცა, როდის უნდა დასრულდეს სამუშაოები, დეპარტამენტი არ გვწერს.
კომპანიაში კი გვითხრეს, რომ დაზიანებული ადგილი ამ ეტაპზე დროებითაა დაფარული.
აღნიშნულ გზაზე სადეფორმაციო ნაკერები რამდენიმე თვეა დაზიანებულია.
სადეფორმაციო ნაკერი არის აუცილებელი ელემენტი, რომელიც ხიდის/ესტაკადის ცალკეულ სექციებს შორის მოძრაობის საშუალებას იძლევა და ამით მის სტრუქტურულ მთლიანობას ინარჩუნებს. ასეთი ლითონის ელემენტები იცავს ბეტონის კონსტრუქციას დაბზარვისგან და ხიდს აძლევს მოქნილობას ტემპერატურის ან დატვირთვის ცვლილების დროს.
„დეპარტამენტსა და შპს NEW ROAD-ს შორის 2025 წლის 20 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულების ობიექტს წამოადგენს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკისა და გურიის რეგიონებში საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე ჩასატარებელი საგზაო სამუშაოები. ამ ეტაპისთვის აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში კომპანიას დაევალა შემდეგი სამუშაოების წარმოება:
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის კმ45-დან კმ46-მდე რკინა-ბეტონის წყალასარიდებელი კიუვეტების მოწყობის სამუშაოები;
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ15+800, კმ19+250, კმ19+350-ზე დაზიანებული მონაკვეთების აღდგენის სამუშაოები;
საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი(ასაქცევი)-სარფი (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ85(84+500)-ზე სახიდე გადასასვლელის სადეფორმაციო ნაკერების აღდგენის სამუშაოები.“ – მოგვწერეს „ბათუმელებს“ გზების დეპარტამენტიდან 2025 წლის 20 ნოემბერს.
დაზიანებული სადეფორმაციო ნაკერები ქობულეთის შემოვლით გზაზე დროებითაა დაფარული /მარჯვნივ: დაზიანებული ადგილი რუკაზე / 18.11.2025
„ბათუმელები“ შპს NEW ROAD-საც დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ „ყველა დავალებაზე სამუშაოები შეთანხმებული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს“.
რაც შეეხება დაზიანებულ სადეფორმაციო ნაკერებს ქობულეთის შემოვლით გზაზე, კომპანიაში განაცხადეს, რომ საპრევენციო სამუშაოები ჩატარებულია, ახალი სადეფორმაციო ნაკერები კი საზღვარგარეთ შეუკვეთეს. რა დრო დასჭირდება ტრანსპორტირებას და შეცვლას – ვერც კომპანიაში დაგვიკონკრეტეს.
„მაგ ობიექტზე ჩვენ გვაქვს დავალება და მუშაობს ჩვენი ქვეკონტრაქტორი კომპანია. დროებითი სამუშაოები, რაც საპრევენციო იყო, უკვე ჩატარებულია – დროებითი სადეფორმაციო ნაკერები მოეწყო, რომ შეფერხება არ იყოს. შესაბამისი სადეფორმაციო ნაკერები ქვეყნის ფარგლებს გარეთ შეკვეთილია და ჩამოტანას სჭირდება დრო. როგორც კი მოხდება ტრანსპორტირება და ადგილამდე მიტანა, შესაბამის დროში უკვე მოხდება მისი დამონტაჟებაც. ზუსტად თარიღებს სამწუხაროდ ახლა ვერ გეტყვით, მაგრამ ყველაფერი გაკეთდება იმის შესაბამისად, როგორც დავალებაა და როგორც ეს ტრანსპორტირების დრო მოგვცემს საშუალებას“, – გვითხრეს NEW ROAD-ში.
რაც შეეხება გზის გადაკეტვას სადეფორმაციო ნაკერების შეცვლის პერიოდში, „ეს არის სამუშაოს თანმდევი პროცესი. უმეტეს შემთხვევაში ჩვენ პრაქტიკაში ტექნიკურად როგორც ხერხდება, ნაწილობრივი შეზღუდვა წესდება, რომ გზა სრულად არ ჩაიხერგოს და რაღაცა პრობლემა არ შეიქმნას, მით უმეტეს ასეთ ზონებში“,- გვითხრეს კომპანიაში.
დაზიანებული სადეფორმაციო ნაკერები ქობულეთის შემოვლით გზაზე დროებით დაფარულია / 18.11.2025
გზების დეპარტამენტსა და შპს „NEW ROAD“-ს შორის [აჭარისა და გურიის რეგიონებში საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე ჩასატარებელ საგზაო სამუშაოებზე] გაფორმებული ხელშეკრულება მრავალწლიანია.
„ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 80 მილიონ ლარს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით, მათ შორის, 2025 წელს იყო – 10 მილიონ ლარი, 2026 წელს – 35 მილიონი ლარი, 2027 წელს – 30 მილიონი ლარი და 2028 წელს – 5 მილიონი ლარი“, – აღნიშნულია ხელშეკრულებაში.
შესყიდვების პორტალზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, აღნიშნულ ხელშეკრულებაში ცვლილება უკვე ცხრაჯერ შეიტანეს. დღევანდელი, ანუ, 21 ნოემბრის მდგომარეობით კი, კომპანიისთვის 216 ათას 102 ლარია გადარიცხული.
ქობულეთის შემოვლითი გზა [სადაც დაშვებული სიჩქარე 70 კმ/საათამდე შეამცირეს] ჩოლოქთან გრიგოლეთი-ქობულეთის ოთხზოლიან ავტომაგისტრალს უერთდება, სადაც დაშვებული სიჩქარე 110 კმ/საათია. ამ მაგისტრალის 11 კილომეტრიან მონაკვეთზე არ არის გარეგანათება.
გზების დეპარტამენტიდან მოგვწერეს, რომ აღნიშნულ მაგისტრალზე კვლავ კომპანია Joint Venture POLAT YOL & MAPA ახორციელებს სამშენებლო სამუშაოებს და მაგისტრალის 11 კმ-იან მონაკვეთზე გარე განათების სამუშაოები 2025 წლის ბოლოს დასრულდება.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელებს განცხადებით მიმართა. მან თქვა, რომ უკრაინა ამჟამად თავისი ისტორიის ერთ-ერთ ურთულეს მომენტს განიცდის, რადგან რთული არჩევანის წინაშე დგას.
„ახლა ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი ურთულესი მომენტია. უკრაინაზე ზეწოლა ახლა ერთ-ერთი უმძიმესია.
უკრაინა ახლა შეიძლება ძალიან რთული არჩევანის წინაშე დადგეს – ან ღირსების დაკარგვა, ან მთავარი პარტნიორის დაკარგვის რისკი.
ან 28 პუნქტი, ან უკიდურესად რთული ზამთარი, ყველაზე რთული და შემდგომი რისკები. ცხოვრება თავისუფლების, ღირსების, სამართლიანობის გარეშე და იმის ნდობა, ვინც უკვე ორჯერ დაგვესხა თავს.
ჩვენგან პასუხს მოელიან.“
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის ეროვნული ინტერესები უნდა იქნას გათვალისწინებული.
„ჩვენ არ ვაკეთებთ ხმამაღალ განცხადებებს. ჩვენ მშვიდად ვიმუშავებთ აშშ-სთან და ჩვენს ყველა პარტნიორთან. იქნება ჩვენს მთავარ პარტნიორთან გადაწყვეტილებების კონსტრუქციულად ძიება. მე წარმოვადგენ არგუმენტებს, დავარწმუნებ, შევთავაზებ ალტერნატივებს, მაგრამ ჩვენ ნამდვილად არ მივცემთ მტერს რაიმე საბაბს იმის სათქმელად, რომ უკრაინას არ სურს მშვიდობა, რომ ის ხელს უშლის პროცესს და რომ უკრაინა არ არის მზად დიპლომატიისთვის“, – თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკის განცხადებას წინ უძღოდა 21 ნოემბრის ღამეს ამერიკულმა მედიაში გამოქვეყნებული აშშ-ის ახალი „სამშვიდობო გეგმის“ პუნქტების სრული სია, რომელიც უკრაინას გადაეცა განსახილველად.
25 ათასი ლარით დააჯარიმა ბათუმის მერიამ „ქართული ოცნების“ დეპუტატის გია ჭყონიას კუთვნილი კომპანია, უნებართვო მშენებლობის გამო.
„ქართული ოცნების“ დეპუტატი, გიორგი ჭყონია, ბათუმის მერის კაბინეტის ფანჯრების წინ უნებართვოდ აშენებს.
21 ნოემბერს, დაახლოებით შუაღამის 02 საათისთვის ასათიანი/მარჯანიშვილის ქუჩების კუთხეში მდებარე სახლთან ამწე მიიყვანეს და უნებართვოდ აშენებულ 2 სართულს ასევე უნებართვო კონსტრუქცია დაადგეს – კოლონადა, რომელსაც ზედ კოშკი აქვს დაშენებული.
სახლი, რომელსაც დეპუტატმა ორი სართული უნებართვოდ დააშენა, მარჯანიშვილისა და ლუკა ასათიანის ქუჩების კუთხეში დგას. შენობის მოპირდაპირე მხარეს, გორგილაძის ქუჩაზე ბათუმის მერიაა განთავსებული.
უნებართვო დაშენების სამუშაოებს შპს „სახლი ძველ ბათუმში“ ახორციელებს. საჯარო რეესტრის მიხედვით, ამ კომპანიის 100 %-იანი წილი „ქართული ოცნების“ დეპუტატს გიორგი ჭყონიას ეკუთვნის.
„ბათუმელებმა“ სცადა თავად დეპუტატისგან მოესმინა, რატომ აგრძელებს უნებართვო მშენებლობებს, მით უფრო, როცა ეს სამშენებლო ობიექტი ბათუმის მერიასთან მდებარეობს. გიორგი ჭყონიას ტელეფონი გამორთული ჰქონდა.
„ოცნების“ დეპუტატის კომპანია უკანონო მშენებლობის გამო ერთხელ უკვე იყო დაჯარიმებული, თუმცა ჯარიმასთან ერთად დავალებული ჰქონდა უკანონო მშენებლობის დემონტაჟი. „ბათუმელების“ ხელთ არსებული დოკუმენტებში ჯარიმის ოდენობა მითითებული არ არის.
დემონტაჟის შესახებ გადაწყვეტილება ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ 2023 წლის 19 აპრილს გამოიტანა.
გიორგი ჭყონიას კომპანიამ მუნიციპალური ინსპექციის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2023 წლის 10 მაისს გამოსცა განჩინება, რომლითაც “შეჩერებული იქნა შპს სახლი ძველ ბათუმში-ს დაჯარიმების და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის (დემონტაჟის) თაობაზე” დადგენილების მოქმედება, დავაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე”.
დეპუტატმა უნებართვო მშენებლობა გააგრძელა.
2025 წლის 11 ნოემბერს ლუკა ასათიანის #19-ში მცხოვრებლებმა წერილით მიმართეს ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციას და კიდევ ერთხელ იკითხეს, როდის აღსრულდებოდა კანონი და როდის მოხდებოდა უნებართვო მშენებლობის დემონტაჟი.
წერილიდან 10 დღეში, გვიან ღამით, დეპუტატის კომპანიამ უნებართვოდ აშენებულ 2 სართულზე კოშკის ტიპის კონსტრუქცია დადგა.
“ოცნების” დეპუტატის კომპანიამ ბათუმის მერიის წინ უკანონოდ აშენებულ 2 სართულზე კონსტრუქცია 21 ნოემბერს, გვიან ღამით დაადგა
როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები „ბათუმელებს“ უყვებიან, დეპუტატის კომპანია სამშენებლო სამუშაოებს გვიან ღამით ან შაბათ-კვირას აწარმოებს.
ბათუმის მერიას ვკითხეთ, როგორ აპირებს ადმინისტრაციული ორგანოს წინ მიმდინარე უნებართვო მშენებლობის საკითხის მოგვარებას.
„შპს სახლი ძველ ბათუმში“ მშენებლობის განმეორებით შეუჩერებლობის გამო დაჯარიმდა 25 ათასი ლარით,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ ბათუმის მერიაში.
„ბათუმელები“ დაუკავშირდა შპს „სახლი ძველ ბათუმშის“ დირექტორს ჯიმშერ ზოიძეს.
„უკანონო მშენებლობა არაა, გაირკვევა ყველაფერი,“ – გვითხრა ჯიმშერ ზოიძემ და ტელეფონი გაგვითიშა.
სინდისის პატიმარი რეზო კიკნაძე ციხიდან ეხმიანება საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის პოსტს, რომელშიც მან დაწერა, რომ დამარცხების შემდეგ „ყველაზე კარგად იგრძნობა, რა ბევრს ნიშნავს ერთმანეთის გვერდში დგომა“.
ეროვნული ნაკრების გულშემატკივარია სინდისის პატიმარი რეზო კიკნაძე. ციხიდან გამოგზავნილ წერილში ვკითხულობთ:
„გიორგი მამარდაშვილს ტაშს ჯერ კიდევ როდის ვუკრავდი იცით ტრიბუნიდან? მაშინ, როდესაც თითქმის არავინ იცოდა მასზე, დინამო თბილისმაც რომ გაუშვა გუნდიდან, სულ მთლად ბავშვი, და რუსთავის კარში იდგა მეორე ლიგაში.
ჯერ კიდევ წინ იყო ლოკომოტივში გადასვლა, კრანადასთან საოცრებები და ესპანეთიდან ინტერესი.
ეს შეიძლება დაგავიწყდა, გიო, მაგრამ მე გუშინდელი დღესავით მახსოვს თელავთან წაგებული საპლეიოფო მატჩები, უმაღლეს ლიგაში შემოსასვლელად. ანუ ყველაზე დიდი დაცემის და იმედგაცრუების დროს ვიდექი ჩემი გუნდის გვერდით.
ხვიჩა კვარაცხელიასაც მაშინ ვუკრავდი ტაშს — 2018 წელს, რუსთავი რომ ძლივს გადარჩა გავარდნას და მაგის ფანკლუბში მყოფი მე, საქართველოს ყველა ქალაქის სტადიონიდან ვუყურებდი რუსთავში მოთამაშე 17 თუ 18 წლის ხვიჩას თამაშებს (ცოტა ხნის წინ აღმოვაჩინე, თურმე იმ პერიოდში ფეისბუკზე შემთხვევით დამისინია ხვიჩა და ამის გამო ხომ არ გვემართება ეს ყველაფერი ნეტა).
ავტოსტოპებით დავდიოდით ხოლმე ხან ფოთში, ხან მარტვილში, ხან საჩხერეში მატჩების სანახავად. იმ დროს ვინ იცოდა, რას მიაღწევდა კვარა, მაგრამ მე მაშინვე მიყვარდა და ვგულშემატკივრობდი.
ოთარ ადეიშვილი, თუ არ ვცდები, 2015 ან 2014 წელს წავიდა რუსთავიდან დინამოში, და სკოლაში მყოფი მე იმ პერიოდიდან ვქომაგობდი. სკოლის მერე მივდიოდი სტადიონზე მისი თამაშების სანახავად.
ანუ სანამ ცნობილები გახდებოდით და სანამ რამეს მიაღწევდით, იქამდეც მიყვარდით და ტაშს გიკრავდით,ბიჭებო. ამიტომ, დიდი უმადურობაა, მომაძახო გასაჭირში გტოვებო, მაგრამ მიყვარდით იქამდე, სანამ თქვენ თავად დატოვებდით ამ გასაჭირს და პილატესავით ხელებს არ დაიბანდით.
საქართველოს თქვენი უბრალო ერთი პოსტი, ერთი კომენტარი, ერთი განცხადება სჭირდებოდა.
ახლა აღარ მიყვარხართ იმის გამო კი არა, რომ ბულგარეთთან წააგეთ ან თურქეთმა დიდი ანგარიშით მოგიგოთ — ბევრად უარესი შედეგების მქონე ნაკრებისა თუ გუნდის ფეხბურთელები მყვარებია —
არამედ იმიტომ, რომ თქვენ გოლის გატანა, ბურთის გაგორება და ამაში აღებული პრემიები საკუთარ მოქალაქეებზე, საკუთარ ქვეყანაზე წინ დააყენეთ. ფეხბურთელები მიდიან და მოდიან, გულშემატკივრები კი რჩებიან!
P.S. — 2024 წლის 15 აპრილს კინაღამ მოვკვდი ნერვიულობისგან, გერმანიაში წასასვლელი ბილეთის აღება რომ ვერ მოვასწარი. ბილეთის, რომლისთვისაც ფულის მოსაგროვებლად ჩემი საყვარელი წიგნები გავყიდე და დამატებით ჭურჭლის მრეცხავადაც ვმუშაობდი.
ორი კვირის შემდეგ პირიქით, მადლობას ვამბობდი, ორი კვირით ადრე ბილეთის ყიდვა რომ ვერ მოვასწარი იმისთვის, ვინაიდან მე იმ ფეხბურთელებს ტაშს ვეღარ დავუკრავ, ვინც ქვეყანა ფეხებზე დაიკიდა და, როცა მთავრობის მოგზავნილი ნიღბიანი მხეცები ქუჩაში ხალხს სასიკვდილოდ სცემდნენ, ხმა არ ამოიღო“ – წერს რეზო კიკნაძე ციხიდან გამოგზავნილ წერილში, რომელიც 21 ნოემბრით თარიღდება.
შეგახსენებთ, რომ 18 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში ბულგარეთთან დამარცხდა ანგარიშით 2:1. გიორგი მამარდაშვილის პოსტს ფეისბუქზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ათასობით ადამიანმა კომენტარებში გიორგი მამარდაშვილს შეახსენა, რომ მაშინ, როცა ქვეყანაში რეპრესიები მიმდინარეობს, ადამიანებს ქუჩებში სცემენ, პირბადის ტარების და ქუჩის გადაკეტვის გამო ასამართლებენ და ციხეში სვამენ, როცა სინდისის პატიმრებს რამდენიმე წელი აქვთ მისჯილი, ნაკრების ფეხბურთელების უმრავლესობას ხმა არ ამოუღია და მეტიც, რამდენიმე მათგანი „ოცნების“ საარჩევნო კლიპში გამოჩნდა, თავად მამარდაშვილი კი სამშენებლო კომპანიის, „დადიანი ინვესტის“ მეწილე გახდა – მან 1%-იანი წილი 1 ლარად “ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატისგან, ილია წულაიასგან იყიდა.
გიორგი მამარდაშვილმა ფეისბუქზე პოსტი გვიან ღამით გამოაქვეყნა. კომენტარების უმრავლესობა კრიტიკული იყო. ახსენეს ისიც, რომ „არასამუშაო საათების“ გამო „ოცნების“ პროპაგანდამ ნაკრების ფეხბურთელის ფეისბუქზე ტროლების მობილიზება ვერ შეძლო.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში პოლიტიკური პროცესების გამწვავება და „ოცნების“ პოლიტიკური ფერიცვალება დაემთხვა საქართველოს ნაკრების დიდ წარმატებას. 2024 წლის 26 მარტს საქართველოს ნაკრებმა დაამარცხა საბერძნეთის ნაკრები და ისტორიაში პირველად მოიპოვა ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება. რამდენიმე დღის შემდეგ, მაშინ როცა მთელი ქვეყანა საქართველოს ფეხბურთის ნაკრების წარმატებით ხარობდა, „ოცნებამ“ განაცხადა, რომ პარლამენტში განსახილველად აბრუნებდა „რუსულ კანონს“, რასაც ქვეყანაში მრავალათასიანი საპროტესტო აქციები და პოლიტიკური მღელვარება მოჰყვა. კრიზისმა პიკს მიაღწია 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ, როცა „ოცნებამ“ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოფიციალურად განაცხადა, რომ წყვეტდა ევროკავშირთან მოლაპარაკებას გაწევრიანებაზე.
საზოგადოებაში არსებობდა მოლოდინი, რომ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები ქვეყანაში მიმდინარე მრავალათასიან პროტესტს მხარდამჭერი განცხადებით მაინც გამოეხმაურებოდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა.
პროკურატურამ ოჯახში ჩადენილი ძალადობის და მუქარის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ზუგდიდში ბრალდებულმა მეუღლის მიმართ ფიზიკურად იძალადა და ასევე, სხვადასხვა დროს დაემუქრა მას სიცოცხლის მოსპობით, რაზეც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; მეორე ბრალდებულმა კი არასრულწლოვანის თანდასწრებით ფიზიკურად იძალადა რძალზე, რის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები 19 ნოემბერს დააკავეს.
„დაზარალებულის მეუღლეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა) და 11 პრიმა 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ მუქარა, სამი ეპიზოდი) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო მეორე პირს (მამამთილს) ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ბ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად ასევე, სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“ – წერს პროკურატურა.
სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 21 ნოემბრის 21 საათიდან 22 ნოემბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 21 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 163 170 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 050. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
ტანკი – 11 357 ერთეული [+0]
ჯავშანტექნიკა – 23 600 ერთეული [+3]
საარტილერიო სისტემა – 34 550 ერთეული [+20]
MLRS – 1 546 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 247 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 428 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 347 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 82 620 ერთეული [+150]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 981 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 67 768 ერთეული [+65]
სპეცტექნიკა – 4 002 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 21 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
668 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
97 638 უპილოტო საფრენი აპარატი
637 საზენიტო სარაკეტო სისტემა
26 156 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 618 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
31 452 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
47 253 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
„თუ აქამდე შეიძლებოდა, მთელი ზაფხული შეიძლებოდა, საარჩევნოდაც შეიძლებოდა, ახლა აღარ შეიძლება?” – სვამს კითხვას 63 წლის გარემოვაჭრე ნუნუ ბერიძე ბათუმიდან.
ის 14 წელია ბათუმში, ბონის ბაზრის წინ, ლიანდაგებთან ვაჭრობს.
18 ნოემბერს ნუნუსთან და სხვა გარემოვაჭრეებთან ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები მივიდნენ და გააფრთხილეს.
მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელთა თქმით, გარევაჭრობა „ტურისტული ქალაქის იერსახეს ამახინჯებს“.
არც ნუნუ ბერიძე და არც სხვა მოვაჭრეები არ აპირებენ, რომ მუნიციპალური ინსპექციის მოთხოვნებს დაემორჩილონ.
„4 შვილიშვილი მყავს, ცხოვრება ძალიან მიჭირს, მეუღლე არ მყავს და ბავშვები მყავს მოსავლელი.
სიმსივნიანი ქალი რომ 18 ქიმიას გაიკეთებს და მერე აქ დაჯდება, ამ ორპირში, ხომ ხვდებით როგორ დღეში ვარ…
სად ვიმუშაო? დამლაგებლად მუშაობა არ შემიძლია, მომვლელად მუშაობა არ შემიძლია. 20-30 ლარი შეიძლება იშოვო აქ დღეში და საღამოს სახლში ბოსტნეული მიგაქვს იაფად,“ – გვიხსნის თავის მდგომარეობას ნუნუ ბერიძე.
ნუნუ ბერიძე, გარემოვაჭრე
მოვაჭრეები ამბობენ, რომ არც მათ არ მოსწონთ მზეში, წვიმასა და ქარში ქუჩაში დგომა და ვაჭრობა, მაგრამ შემოსავლის ალტერნატიული წყარო არ აქვთ. შესაბამისად, არც არჩევანი აქვთ.
84 წლის ლამარა, რომელიც გვთხოვს, რომ სტატიაში მისი გვარი არ დავწეროთ, გვეუბნება, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია.
„ერთი მოვიდეს მერიიდან ვინმე და მითხრას, რომ არ უნდა ვივაჭრო. ვის რას ვუშავებ? ქედიდან ჩამოვდივარ ათ დღეში ერთხელ, ჩემი ოჯახის პროდუქტი ჩამომაქვს და ვყიდი. პენსია მაქვს, მაგრამ 6 სული მყავს სახლში და არ გვყოფნის. ბანკის ვალი მაქვს და ბავშვებს ვაძლევ პენსიის ფულს, რომ შეიტანონ ბანკში.
მე ვარ 1941 წელს დაბადებული. 41 ვარ. „ოცნებას“ ვუჭერ მხარს და ახლა მაგათ აქედან უნდა ამაგდონ?“ – სვამს კითხვას ის.
გარევაჭრობა ბონის ბაზრის წინ. აქ მერიამ მოვაჭრეები გააფრთხილა და უთხრა, რომ აღარ უნდა ივაჭრონ
ლამარას გვერდით მოვაჭრე ქალსაც არ სურს მისი სახელი და გვარი სტატიაში მოხვდეს, თუმცა გვეუბნება, რომ თუკი მერია რეალურ ალტერნატიულ ფართობს გამოუყოფს სავაჭროდ, თანახმაა გადავიდეს.
„ოღონდ ეგ ადგილი ისეთი უნდა იყოს, რომ ხალხი მოძრაობდეს. ბაზარშიც შევიდოდი, ადგილები რომ იყოს, მაგრამ არ არის. გარევაჭრობის უფლებას თუ არ მოგვცემენ, აბა რა ვქნათ? ხომ ხედავთ, ბოსტნეულით ვვაჭრობ, არაფერზე ვაწუხებ სახელმწიფოს, ჩემით ვირჩენ თავს. თუ ამ შემოსავლის წყაროს გადაგვიკეტავენ, მაშინ რას გვთავაზობენ?“ – გვეკითხება ის.
ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ გააფრთხილა „ბათუმი პლაზას“ მიმდებარედ მყოფი გარემოვაჭრეებიც. ასევე, მერია წერეთლის ქუჩაზე, გზის სავალი ნაწილის მხარეს მყოფ მოვაჭრეებს დახლების გაშლის უფლებას აღარ აძლევს, შენობების კედლის მხარეს მყოფი გარემოვაჭრეები კი მაქსიმალურად შეავიწროვა.
გარევაჭრობა წერეთლის ქუჩაზე
ნათელა აბაშიძე 20 წელია წერეთლისა და აკაკი ბერიძის ქუჩის კუთხეში ვაჭრობს. 72 წლის ქალი ამბობს, რომ პენსია მას და მის შვილიშვილებს არ ჰყოფნით, ამიტომ სხვა გამოსავალი, გარევაჭრობის გარდა, თავის რჩენისათვის არ აქვს.
„20 წელია აქ ვვაჭრობ. 72 წლის ვარ. ამ ასაკის ხალხს ქუჩაში რა გვინდა? არ მყოფნის პენსია. ამდენი ფული შეჭამეს ჩინოვნიკებმა და ჩვენ 20 ლარზე მეტი არ დაგვიმატეს.
ახლა მერია გვეუბნება არ შეიძლება გარევაჭრობაო. რა ვქნათ აბა? როგორ ვირჩინოთ თავი? 20 ლარი რომ დაგვიმატეს პენსია, არ გვეყო, არა,“ – ამბობს ნათელა აბაშიძე.
ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია გარევაჭრობის აკრძალვას „ტურისტული ქალაქის იერსახის დამახინჯების“ მოტივით იწყებს და გარემოვაჭრეებს „უფრო მკაცრი სამართლებრივი ღონისძიებებით“ ემუქრება.
„საზოგადოებრივი ადგილების თვითნებური შეზღუდვისა და გარევაჭრობის ფაქტზე მუნიციპალურმა ინსპექციამ ცენტრალური ბაზრისა და „ბათუმი პლაზას“ მიმდებარე ტერიტორიაზე, უნებართვო კომერციული საქმიანობისთვის მოვაჭრეები გააფრთხილა.
პროდუქციის უკანონო რეალიზაციის მიზნით ტროტუარზე მოწყობილი უსახური კონსტრუქციები, ტურისტული ქალაქის იერსახეს ამახინჯებს და მოქალაქეების უსაფრთხო გადაადგილებას უშლის ხელს.
უკანონო საქმიანობის აღკვეთის გაფრთხილების შემდგომ გარემოვაჭრეების წინააღმდეგ გატარდება უფრო მკაცრი სამართლებრივი ღონისძიებები და უსახურ სავაჭრო დახლებს ტერიტორიიდან გაიტანენ.
მუნიციპალური ინსპექციის ადმინისტრაციული ზედამხედველობის ოპერატიული რეაგირების ჯგუფი ეტაპობრივად უზრუნველყოფს ჭავჭავაძე-ლერმონტოვის, ინასარიძისა და სხვა ცენტრალურ ქუჩებზე უნებართვოდ, პროდუქციის რეალიზებაზე მონიტორინგს,“ – ნათქვამია ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის განცხადებაში.
მუნიციპალური ინსპექციის ცნობით, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის თვითნებური შეზღუდვა გამოიწვევს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 152² მუხლით, ფიზიკური პირის 500, ხოლო იურიდიული პირის 2 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას. გამოუსწორებლობა დაჯარიმებიდან 20 დღის ვადაში, გამოიწვევს ფიზიკურ პირთა დაჯარიმებას 3 000, იურიდიულ პირთა დაჯარიმებას კი 4 000 ლარის ოდენობით.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ბათუმის მერია ქალაქში გარევაჭრობის პრობლემის მოგვარებას იწყებს. ფაქტობრივად ყველა ახალი მერის პირველი ამოცანა გარემოვაჭრეებთან მოლაპარაკება და ამ საკითხის მოგვარებაა.
ყველაზე მეტი ძალისხმევა ამ მხრივ ბათუმის ყოფილმა მერმა, ლაშა კომახიძემ გასწია, რომელმაც ბათუმის ავტოსადგურში ალტერნატიული ფართობიც კი გამოყო გარემოვაჭრეებისთვის და თვეების განმავლობაში, მოლაპარაკებების და პოლიციის გზითაც კი ცდილობდა ამ პრობლემის გადაჭრას, თუმცა ამაოდ.
ფაქტია, უახლოესი წლების გამოცდილება აჩვენებს – ბათუმში მერები იცვლებიან, გარემოვაჭრეები კი ადგილზე რჩებიან.
ბათუმში დღეს, 20 ნოემბერს, ჰაერი მტვრის ნაწილაკებითაა დაბინძურებული. ჰაერში მყარი ნაწილაკების ზრდა, გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, „უდაბნოს მტვრის მასების მცირედ გავრცელებას“ უკავშირდება.
„06 ნოემბრიდან, ზოგიერთ სადგურზე, ატმოსფერულ ჰაერში შეინიშნება მყარი ნაწილაკების [PM10 და PM2.5] კონცენტრაციის ზრდა. აღნიშნული პროცესი, ტრანსსასაზღვრო ხასიათისაა და განპირობებულია სამხრეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით.“ – წერია ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე.
ამავე პორტალის მიხედვით ბათუმში 20 ნოემბერს [დღის 5 საათის მონაცემებით], ჰაერში მყარი ნაწილაკების – PM10 და PM2.5 შემცველობის მაჩვენებელი არის ცუდი. ამ მონაცემს ტბელ აბუსერისძის ქუჩაზე მდებარე ავტომატური სადგური აფიქსირებს.
ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე მდებარე სადგურის მონაცემები
რაც შეეხება ბათუმის ცენტრალურ პარკში განთავსებულ სადგურს, ის მონაცემებს არ აფიქსირებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით „ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ავტომატურ სადგურზე ტექნიკური ხარვეზის გამო დროებით შეზღუდულია სადგურის მონაცემთან წვდომა. ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრისთანავე პორტალზე მონაცემები ეტაპობრივად განახლდება“.
ბათუმში, ცენტრალურ პარკში მდებარე სადგური მონაცემებს დროებით არ ასახავს
ბათუმში ჰაერი მყარი ნაწილაკებით ნოემბრის დასაწყისშიც იყო დაბინძურებული.
სააგენტოს მიერ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე მოცემულია ასევე ჯანდაცვითი რეკომენდაციებიც.
2026 წლისთვის ბათუმის ბიუჯეტი მიმდინარე წელთან შედარებით 5,4 მილიონი ლარით გაიზრდება, მერიასა და მუნიციპალურ ორგანიზაციებში დასაქმებულთა ხელფასებისთვის საჭირო თანხა კი – 6,7 მილიონი ლარით.
ბათუმის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, რომელიც მერიის საბიუჯეტო სამსახურმა საკრებულოში უკვე გადააგზავნა, ქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტი 570 მილიონი ლარითაა განსაზღვრული.
მიმდინარე, 2025 წლის ბიუჯეტი 564,5 მილიონი ლარია.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში შრომის ანაზღაურების მუხლში თანხა გაზრდილია და 62 მილიონ 750 600 ლარს შეადგენს, რაც მერიის ფინანსისტების განმარტებით, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით არის განპირობებული: „საბაზო თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა 1 600 ლარის ოდენობით, ნაცვლად 1 460 ლარისა“.
2025 წლის ბიუჯეტში ხელფასებისთვის 55 მილიონ 977 300 ლარია გაწერილი.
მერიაში განმარტავენ, რომ შრომის ანაზღაურების ნაწილში თანხის გაზრდა ახალი საბავშვო ბაღების გახსნასაც უკავშირდება, თუმცა, ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მომავალ წელს „მომუშავეთა რიცხოვნობა“ არ იზრდება და კვლავ 2 975 რჩება.
პროექტის მიხედვით, მერია მომავალ წელს ერთი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობას და სამი ბაღის ეზოს კეთილმოწყობას გეგმავს. ახალ ბაღს ფრიდონ ხალვაშის გამზირზე #188-ში ააშენებენ, სადაც „ოცნების ქალაქია“, ინასარიძის, აღმაშენებლისა და პუშკინის ქუჩებზე კი, მოქმედი საბავშვო ბაღების ეზოებს მოაწყობენ.
სამომავლოდ „საქონლისა და მომსახურების გრაფაში“ – 101 მილიონ 354 300 ლარი გაითვალისწინეს. ეს საინტერესო მუხლია ბიუჯეტში, იმ თვალსაზრისით, რომ ხელშეკრულებით დასაქმებულებს ხელფასს ხშირად იმ თანხიდან უხდიან, რაც ბიუჯეტში „საქონლისა და მომსახურების“ მუხლშია გაწერილი.
მიმდინარე წლის 10 თვის ანგარიშის მიხედვით „საქონელსა და მომსახურებაზე“ გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 61 მილიონ 469 900 ლარი, მისი წილი მთლიან ასიგნებებში 18,1%-ია.
მერიის ფინანსისტების პროგნოზით, 2026 წელს შემოსავლებმა ბიუჯეტში 494 მილიონ 500 000 ლარი უნდა შეადგინოს, მათ შორის გადასახდელები – 134 მილიონ 903 ათას ლარს, გრანტები – 248 მილიონ 914 ათას ლარს და სხვა შემოსავლები 110 მილიონ 682 ლარს შეადგენს.
მერიის პროგნოზით, რამდენიმე მილიონით უნდა გაიზარდოს ბიუჯეტში ქონების გადასახადებიდან მიღებული შემოსავალი. 2025 წლის გეგმის მიხედვით ბიუჯეტში ქონების გადასახადებიდან 48 მილიონი უნდა შევიდეს, 2026 წლის გეგმა კი 57 მილიონია. მიმდინარე წელს 73 მილიონითაა განსაზღვრული დამატებითი ღირებულების გადასახადისგან [დღგ] მისაღები თანხა, 2026 წლის პროგნოზი კი 77 მილიონი ლარია.
გრანტის სახით მომავალ წელს მერიის ბიუჯეტში 248 მილიონ 914 300 ლარი უნდა აისახოს. აქედან 376 300 ლარს მერია საერთაშორისო ორგანიზაციებიდან ელოდება, 538 ათასი ლარს – სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხოლო 104 მილიონ 200 ათასი ლარი აჭარის ბიუჯეტიდან გადმოირიცხება, როგორც მიმდინარე დანიშნულების გრანტები. ამასთან, კაპიტალური ტრანსფერის სახით აჭარის ბიუჯეტიდან დამატებით 143 მილიონ 800 ათასი ლარი უნდა გადმოირიცხოს.
სხვა შემოსავლების სახით მომავალ წელს მერიამ 110 მილიონ 682 700 ლარი უნდა ამოიღოს, ეს თანხა ბიუჯეტში ადმინისტრაციულ მოსაკრებლებს, რენტისა და პროცენტებიდან შემოსულ თანხებს აერთიანებს, მათ შორის არის სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი და ჯარიმები.
პროექტის მიხედვით, მომავალი წლის ბიუჯეტში მთლიანი თანხის 42.2% – 240 მილიონ 540 300 ლარი არაფინანსური აქტივების ზრდაზე მოდის, სოციალურ უზრუნველყოფას კი 25 მილიონ 298 000 ლარით დააფინანსებენ.
პროექტის თანახმად, ბათუმის მომავალი წლის ბიუჯეტში სხვა ხარჯების პროგნოზი 59 მილიონ 738 300 ლარია. ადგილობრივი ბიუჯეტიდან სესხის დასაფარად 41 მილიონ 478 900 ლარი გაითვალისწინეს, რაც მთლიანი გადასახდელების 7.3 პროცენტია.
ამავე პროექტის მიხედვით, 2026 წლის ბიუჯეტში სარეზერვო ფონდი 3 მილიონ 500 ათასი ლარი იქნება.
საჯარო რეესტრმა შპს „იგლ ჰილს საქართველოს“ წესდებისა და იურიდიული მისამართის ცვლილების რეგისტრაციაზე მოთხოვნა დაუხარვეზა.
აღნიშნული გადაწყვეტილება საჯარო რეესტრმა 19 ნოემბერს მიიღო.
დოკუმენტაციით ირკვევა, რომ საჯარო რეესტრს ვერიკო ბერიკიშვილმა მიმართა და მოითხოვა შპს „იგლ ჰილს საქართველოს“ წესდებისა და იურიდიული მისამართის ცვლილების რეგისტრაცია.
საჯარო რეესტრის მიერ გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში კი ვკითხულობთ, რომ რეესტრს რეგისტრაციისთვის წარუდგინეს დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც, შპს „იგლ ჰილს საქართველო“-ს ერთპიროვნული დამფუძნებელი არის შპს „იგლ ჰილს დეველოპმენტ ჰოლდინგს ლიმიტედი“, ხოლო დამფუძნებლის უფლებამოსილი წარმომადგენელი თითქოს არის მოჰამედ ალი რაშიდ ალაბბარი. რეესტრს წარუდგინეს გადაწყვეტილება, რომლითაც ვერიკო ბერიკიშვილს ენიჭება უფლებამოსილება პარტნიორის (ანუ დამფუძნებლის) სახელით დაესწროს კრებებს და მიიღოს გადაწყვეტილებები.
თუმცა, საჯარო რეესტრი წერს, რომ ” წარმოდგენილი დოკუმენტაციით არ დგინდება მოჰამედ ალი რაშიდ ალაბბარის უფლებამოსილება წარმოადგინოს „შპს იგლ ჰილს დეველოპმენტ ჰოლდინგს ლიმიტედი“.
ამიტომ რეგისტრაციამდე გაჩნდა იურიდიული პრობლემა, რომ დადასტურებული წარმომადგენლობა არ არსებობს.
“ასევე წარმოდგენილ სადამფუძნებლო შეთანხმებაში და წესდებაში ნებადართული და განთავსებული კაპიტალი არ არის განსაზღვრული მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
კერძოდ, საზოგადოების განთავსებული კაპიტალი შეადგენს 10 000 ლარს, ხოლო ნებადართული კაპიტალი 1 000 ლარი,“ – ნათქვამია საჯარო რეესტრის მიერ გამოცემულ გადაწყვეტილებაში „სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ“.
მეწარმეთა შესახებ „საქართველოს კანონის თანახმად ნებადართული კაპიტალი არის კაპიტალის მაქსიმალური ოდენობა, რომლის ფარგლებშიც სააქციო საზოგადოებას შეუძლია მომავალში მიიღოს აქციების განთავსების შესახებ გადაწყვეტილება.
„ამდენად, სადამფუძნებლო შეთანხმებაში, კაპიტალის მაქსიმალურ ოდენობად 1 000 ლარის მითითება ეწინააღმდეგება განთავსებული კაპიტალის ოდენობას,“ – წერს საჯარო რეესტრი.
საჯარო რეესტრის განმარტებით, კომპანიის წესდების ორი მუხლი ეწინააღმდეგება სადამფუძნებლო შეთანხმებასა და გადაწყვეტილებას.
„გადაწყვეტილების თანახმად საზოგადოებას აქვს 10 000 ცალი A კლასის განთავსებული წილი, ხოლო წესდებაში მითითებულია, რომ საზოგადოებას აქვს 10 000 ცალი A კლასის გამოშვებული წილი,“ – ვკითხულობთ საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებაში.
ოფიციალური ინფორმაციით, „იგლ ჰილსი“ თბილისსა [კრწანისი] და ბათუმში [გონიო], ჯამურად, 6,6 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების დეველოპერულ პროექტებს განახორციელებს.
ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, საქართველო პროექტების პარტნიორად და კომპანიის 33%-იანი წილის თანამესაკუთრედ განისაზღვრა.
„სარგებელი, რასაც საქართველო „იგლ ჰილსის“ პროექტებიდან მიიღებს, ესაა 30 000-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი, 11 მილიარდი ლარის პირდაპირი გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე და საშუალოდ 700 მილიონი ლარის ყოველწლიური შემოსავალი ბიუჯეტში,“ – ამბობს „ქართული ოცნების“ ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი.
პროექტს 8,46 წუთიანი ვიდეო მიუძღვნა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, რომელმაც თქვა, რომ კრწანისსა და გონიოში დაგეგმილი პროექტი ითვალისწინებს დაახლოებით „16 ათასი საცხოვრებელი სახლისა და ბინის მშენებლობას. სასტუმროების მშენებლობას 1400-ზე მეტი სასტუმროს ნომრითა და აპარტამენტებით. საოფისე, სავაჭრო, გასართობი, სპორტული თუ სხვა კომერციული სივრცეების მშენებლობას“.
2025 წლის 29 ოქტომბერს „ბათუმელებმა“ წერილობით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და მოითხოვა არაბულ კომპანიასთან „საინვესტიციო შეთანხმებასა და საერთო კომპანიის ჩამოყალიბების შესახებ ხელშეკრულების“ ასლები, თუმცა სამინისტროს პასუხი ამ დრომდე არ მოუწერია.
მოგვიანებით გამოქვეყნდა საქართველოს მთავრობის განკარგულება, რომლითაც ყველა დოკუმენტი, რომელიც უკავშირდება არაბულ კომპანიას, მიჩნეულია კომერციულ საიდუმლოებად. შესაბამისად, არცერთ ამ დოკუმენტს საქართველოს მთავრობა აღარ გაასაჯაროებს.
ირაკლი კობახიძემ ვიდეორგოლში, რომელიც პროექტის მხარდასაჭერად ჩაწერა, მიზეზი შემდეგნაირად განმარტა.
„რაც შეეხება ხელშეკრულებისთვის კომერციული საიდუმლოების სტატუსის მინიჭებას. ეს ფაქტი ეფუძნება ერთის მხრივ საქართველოს კანონმდებლობას, ხოლო მეორე მხრივ საერთაშორისო პრაქტიკას. სახელმწიფოს არაფერი აქვს დასამალი საკუთარი მოქალაქეებისთვის და მზადაა უპასუხოს ყველა შეკითხვას ხელშეკრულებასთან დაკავშირებით.
თუმცა ნებისმიერი კომერციული კომპანიის ინტერესებშია საიდუმლოდ დარჩეს ხელშეკრულების დეტალები, რათა სამომავლოდ ჰქონდეს მეტი თავისუფლება სხვა პოტენციურ პარტნიორებთან მოლაპარაკებების წარმოებისას. სწორედ ეს არის ერთადერთი მიზეზი რატომაც ხელშეკრულებას კომერციული საიდუმლოების სტატუსი მიენიჭა“, – ამბობს „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.
მთავრობის ადმინისტრაციას საიდუმლო და პერსონალური ინფორმაციის მიღების უფლება მისცეს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების მიღების უფლებაც.
„მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში „ოცნების“ პარლამენტის მიერ შეტანილი ცვლილებით, მთავრობის ადმინისტრაციას უფლება აქვს ადმინისტრაციული ორგანოებისგან გამოითხოვოს საგადასახადო საიდუმლოების ან პერსონალური მონაცემების [მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების] შემცველი ინფორმაცია.
„ეს ინფორმაცია შეიძლება გამოთხოვილ იქნეს აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი მონაცემთა დამუშავების ავტომატური და არაავტომატური საშუალებებიდან ან/და მონაცემთა ბაზებიდან საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით“, – ჩაწერეს კანონში.
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილება „საკანონმდებლო მაცნეში“ 2025 წლის 17 ნოემბერს გამოქვეყნდა და შევიდა ძალაში. ცვლილება „ქართული ოცნების“ პარლამენტმა 12 ნოემბერს მიიღო და „ოცნების“ პრეზიდენტმაც ხელი იმავე დღეს მოაწერა.
ცვლილება მთავრობის საქმიანობის შესახებ კანონის მე-13 მუხლში შეიტანეს, რომელსაც შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი დაამატეს:
„მთავრობის ადმინისტრაციას უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოსგან/ორგანოებისგან გამოითხოვოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლის ხელშეწყობის ფუნქციის შესასრულებლად აუცილებელი ინფორმაცია, მათ შორის, შესაბამისი საგადასახადო საიდუმლოების ან პერსონალური მონაცემების (მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) შემცველი ინფორმაცია.
ეს ინფორმაცია შეიძლება გამოთხოვილ იქნეს აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი მონაცემთა დამუშავების ავტომატური და არაავტომატური საშუალებებიდან ან/და მონაცემთა ბაზებიდან საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით“.
აღნიშნული კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტი კი განსაზღვრავს, თუ რატომ არის შექმნილი მთავრობის ადმინისტრაცია:
„1. მთავრობის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის, ანალიტიკური, ინფორმაციული და სხვა მასალების მომზადების, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში ამ კანონით განსაზღვრული აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების/დაწესებულებების/თანამდებობის პირების (გარდა სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებებისა, მათი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და მათი მმართველობის სფეროში შემავალი/მათი სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა), აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფოს პირდაპირი ან/და არაპირდაპირი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი/მოქმედი საწარმოებისა და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის ხელშეწყობის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ძირითადი მიმართულებების განხორციელებისა და საჯარო სამსახურის სფეროში საქმიანობის კოორდინაციის ხელშეწყობის მიზნით იქმნება მთავრობის ადმინისტრაცია.“
ამავე კანონით, „მთავრობის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი, ხოლო მთავრობის ადმინისტრაციის მიმდინარე საქმიანობას უძღვება მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი.
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი.
პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია მთავრობის ადმინისტრაციის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ხელმძღვანელობითი უფლებამოსილებები დელეგირების უფლებით გადასცეს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს“.
„ქართული ოცნება“ აპირებს დასაჯოს 10-დან 14 წლამდე კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვები და „რეაბილიტაციის“ სახელით გამოკეტოს სპეციალურ დაწესებულებაში, რომელსაც ნებართვის გარეშე ვერ დატოვებენ.
ბავშვთა უფლებადამცველები ამ ინიციატივას აპროტესტებენ და მიიჩნევენ რეპრესიულად, რადგან მათი განცხადებით, 14 წლამდე ბავშვი სამართლებრივად ვერ ჩაიდენს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, რადგან კანონით მათთვის ასეთი პასუხისმგებლობა საერთოდ არ არსებობს. ამ ინიციატივით კი „ოცნების“ პარლამენტი ბავშვების სისხლის სამართლის წესით დასჯის მექანიზმს ქმნის.
ინიციატივა წინააღმდეგობაში მოდის ბავშვის უფლებათა კოდექსთან, გაეროს ბავშვთა უფლებათა კონვენციასთან, სისხლის სამართლის კოდექსთან და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსთან.
თამარ გაბოძე
ამ საკითხზე „ბათუმელები“ არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელს, თამარ გაბოძეს ესაუბრა, რომელიც წლებია ბავშვთა უფლებებს იცავს სასამართლოში.
ქალბატონო თამარ, გვინდა კარგად ავუხსნათ საზოგადოებას, რას უპირებს „ქართული ოცნება“ ბავშვებს ამ ინიციატივით?
დაანონსებულია საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის თანახმადაც ბავშვები, რომლებიც არიან 10-დან 14 წლამდე და პროკურატურა მიიჩნევს, რომ მათ ჩაიდინეს დანაშაული, დაიწყება ამ ბავშვების მიმართ გარკვეული პროგრამები, რომლებიც ასევე ითვალისწინებს ბავშვის დახურულ დაწესებულებაში გადაყვანას.
ეს ინიციატივა თავისთავად უკვე არის პრობლემა, რადგან 14 წლამდე ბავშვი ვერ ჩაიდენს დანაშაულს, იმიტომ, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკი არის 14 წელი.
ბავშვს ამ პასუხისმგებლობას დააკისრებენ „დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით“, მხოლოდ პროკურორის შემაჯამებელი გადაწყვეტილებით, რომ ბავშვმა, მათი გაგებით, ჩაიდინა დანაშაული.
14 წელს მიღწეული ბავშვების და სრულწლოვანების შემთხვევაში კი, დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი არ არის საკმარისი – გამამტყუნებელი განაჩენისთვის აუცილებელია უტყუარი მტკიცებულებების სტანდარტი, მანამდე ადამიანი მიიჩნევა უდანაშაულოდ.
ბავშვების შემთხვევაში მხოლოდ პროკურორი იმსჯელებს და ადვოკატი არ ეყოლება ბავშვს?
ამ ინიციატივაში მსგავსი არაფერი წერია. დიახ, პროკურორის შემაჯამებელი გადაწყვეტილებით მიიჩნევა ბავშვი დამნაშავედ. თანაც დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, რომელიც ძალიან მინიმალური სტანდარტია სისხლის სამართალში და ამ სტანდარტით გადაწყვეტენ, რომ დასაჯონ ბავშვები.
თითქოს არქვამენ ბავშვების რეაბილიტაციის და დახმარების შესახებ კანონს, მაგრამ ბავშვების რეაბილიტაცია და დახმარება სახელმწიფოს ისედაც ევალება. სახელმწიფოს ევალება თითოეული ბავშვის დახმარება, მისი რესოციალიზაცია, მისი საჭიროებების იდენტიფიცირება და ინდივიდუალურად მუშაობა.
შესაბამისად, ამაში ახალი არაფერია, მაგრამ როდესაც პასუხისმგებლობის ასაკს 10 წლიდან ადგენენ და მით უმეტეს, როდესაც ამ სახლს სარეაბილიტაციო სახლს ეძახი, ეს არის პრობლემა: არ აქვს მნიშვნელობა რა ერქმევა ამ დაწესებულებას, სადაც ბავშვებს იძულებით აცხოვრებენ – გამოიყვანენ ოჯახებიდან, მოაშორებენ მშობლიურ სივრცეს და გადაიყვანენ იძულებით საცხოვრისში. ამას სახლი ვერ ერქმევა.
სახლი არის ის ადგილი, სადაც ბავშვები ცხოვრობენ ოჯახებთან ერთად და არა ის ადგილი, სადაც ბავშვი იძულებით იქნება მოთავსებული. ასეთ შემთხვევაში, ეს ადგილი არის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება. მნიშვნელობა არ აქვს რა ფერის კედლები აქვს ამ დაწესებულებას და არის თუ არა იქ სათამაშოები. ეს მაინც იქნება ციხე.
ციხე 10 წლის ბავშვებისთვის არის გაუგონარი და დაუშვებელი რამ.
თუ არის ცნობილი, რამდენი ხნით გაამწესებენ ამ დაწესებულებაში ბავშვებს?
ექვს თვეზეა საუბარი, თუმცა შემაშფოთებელია ასევე ის, რომ პროკურორის გადაწყვეტილებით შესაძლებელია ეს ვადები გაგრძელდეს იმდენი ხნით, სანამ ბავშვი არ გახდება სრულწლოვანი.
შესაძლოა ეს იყოს 10-დან 18 წლამდე და გამოდის, რომ მთელი ბავშვობა შეიძლება ამ გამოკეტილ სივრცეში გაატაროს ბავშვმა, რომელსაც ედავებიან იმას, რომ რაღაც მათთვის მოსაწონი არ გააკეთა.
ამას ვერ დავარქმევთ დანაშაულს, რადგან 14 წელს მიუღწეველი ბავშვი ვერ ჩაიდენს დანაშაულს. მით უმეტეს, როცა ბავშვის უფლებებს ვერავინ დაიცავს. რეალურად, ეს გამოდის სისხლის სამართლის ალტერნატიული მექანიზმი.
გამოდის, დაცვის უფლებასაც ართმევენ ბავშვს?
ასე გამოდის. შესაძლებელია, რომ ბავშვი გაიყვანონ ოჯახიდან. მაგრამ ოჯახიდან ბავშვის გაყვანა ერთადერთ შემთხვევაში შეიძლება – თუ ამ ოჯახში აქვს ბავშვს საფრთხე. სხვა რამე ღონისძიებით ამ ბავშვს ვერ დაიცავს სახელმწიფო.
როცა ბავშვს არ შეუძლია ნებართვის გარეშე დატოვოს დაწესებულება, ეს უკვე პატიმრობაა.
არსებობს კი დღეს ისეთი დაწესებულებები, სადაც კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვების რეაბილიტაცია იქნება შესაძლებელი, მათი უფლებების სრული დაცვით?
ითქვა, რომ ამ სახლებს ააშენებენ, მაგრამ როგორი ინფრასტრუქტურაც არ უნდა იყოს, რა დიზაინიც არ უნდა ჰქონდეს, რა აღჭურვილობა და გარემოც არ უნდა იყოს, ბავშვის ოჯახიდან გაყვანა და მისი იძულებით ამ დაწესებულებაში ცხოვრება არის მისთვის თავისუფლების შეზღუდვა. ამას ვერ ერქმევა სახლი, ეს არის ციხე.
საბჭოთა კავშირში რომ ჰქონდათ ბავშვების „გამოსასწორებელი“ სახლები, რაღაც ისეთის გაკეთებას გეგმავენ?
დაახლოებით ასეთი შეიძლება იყოს. ეს არის ბავშვების არასათანადო მოპყრობა და წამება.
როცა ბავშვები ერთად არიან რაღაც ტიპის დახურულ დაწესებულებაში, იქ ყოველთვის არსებობს ბავშვების უფლებების დარღვევის რისკი.
ბავშვები, რომლებიც ცხოვრობენ ინსტიტუციებში, უთითებენ ხოლმე არასათანადო მოპყრობაზე, ხშირად ძალადობაზე, უფლებების დარღვევაზე. ოჯახიდან ბავშვი უნდა გაიყვანონ მხოლოდ ბავშვის უფლებათა კოდექსით და ბავშვთა უფლებათა კონვენციით გათვალისწინებული ნორმების გათვალისწინებით.
მთელი წელია „ქართული ოცნება“ რეპრესიული კანონების მთელ რიგ წყებას ქმნის, რომელიც ადამიანის უფლებების წინააღმდეგაა მიმართული. მათი ეს ინიციატივაც ამ საერთო რეპრესიების გაგრძელებაა, როგორ ფიქრობთ?
დიახ, ეს ინიციატივა პირდაპირ ეწინააღმდეგება ბავშვის უფლებათა კონვენციას, ეწინააღმდეგება ბავშვის უფლებათა კოდექსს, ჩვენ გვაქვს ეროვნული კანონმდებლობა კონვენციასთან ერთად. კონვენციას ძალიან ჰგავს ბავშვთა უფლებათა კოდექსი, ერთი და იგივე სტანდარტები და ნორმებია ორივეში ასახული და ორივეს თანახმად ბავშვის ოჯახიდან გაყვანის დაშვება შესაძლებელია მაშინ, როცა ბავშვის მიმართ არსებობს ამ ოჯახში საფრთხე.
სხვა შემთხვევაში უკანონოა. ეს ახალი საკანონმდებლო ინიციატივა ეროვნულ კანონმდებლობას და საერთაშორისო ხელშეკრულებებს, ბავშვთა უფლებების სახელმძღვანელო პრინციპებს ეწინააღმდეგება.
ასევე ეწინააღმდეგება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს და სისხლის სამართლის კოდექსს, რომლის თანახმადაც 14 წლამდე ბავშვებისთვის უბრალოდ არ არსებობს პასუხისმგებლობა. აი, ამ კოდექსის საწინააღმდეგოდ გადაწყვიტეს ალტერნატიული პასუხისმგებლობის დაკისრება ბავშვებისთვის.
ბავშვებს ნამდვილად სჭირდებათ დახმარება, როცა უჭირთ გაუმკლავდნენ სხვადასხვა გარემოებას და ამისთვის სახელმწიფოს ნამდვილად ევალება ბავშვების მხარდაჭერა, დაცვა, დახმარება და არა მათი ჩაკეტვა. ბავშვი არ უნდა მოწყდეს საოჯახო გარემოს, სასკოლო გარემოს და არ შეილახოს მისი საუკეთესო ინტერესი.
ამ „დანაშაულების“ ჩამონათვალი წერია სადმე, რის გამოც უპირებენ ბავშვებს გამოკეტვას?
დანაშაულს განსაზღვრავს სისხლის სამართლის კოდექსი და ამის მიხედვით, პურის მოპარვაც დანაშაულია და შოკოლადისაც. შესაბამისად, იხელმძღვანელებენ ამ კოდექსით და ამ კოდექსში ნებისმიერი მოძრავი ნივთის ფარულად აღება არის სისხლის სამართლის დანაშაული.
ბავშვებს ვეძახით არასრულწლოვანებს. მაშინ რატომ ვსჯით მათ იმ კანონებით, რომელიც სრულწლოვანებისთვის შეიქმნა?
არასრულწლოვანის მართლმსაჯულების კოდექსში არსებობს გარემოებები, რაც ითვალისწინებს შეღავათებს. მაგალითად, სასჯელის დანიშვნის დროს, არასრულწლოვანებს ენიშნებათ ნაკლები სასჯელი: როდესაც ბავშვი პირველად ცდება სამართალს, მის მიმართ გამოყენებული უნდა იყოს განრიდება და არ უნდა დაეკისროს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.
ეს ახალი საკანონმდებლო ინიციატივა კი სრულიად თავდაყირა აყენებს ბავშვის საუკეთესო ინტერესს, ბავშვის მართლა დახმარების და რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის ვალდებულებებს და უბრალოდ 10, 12, 11 წლის ბავშვებს თავისუფლებას უზღუდავს.
რის მიხედვით წყვეტს მაგალითად პროკურორი, 6 თვე უნდა დატოვოს დაწესებულებაში ბავშვი თუ 1 წელი? თუკი არ არის კონკრეტული კრიტერიუმები გაწერილი?
ყველა შემთხვევაში არ მოათავსებენ ბავშვს დაწესებულებაში. კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით იღებენ გადაწყვეტილებას ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ბავშვს სამოხელეო დანაშაულში ვერ დასდებენ ბრალს, ხომ? რაღაც საყოფაცხოვრებო ნივთების ან საკვები პროდუქტების აღებას ედავებიან უმეტეს შემთხვევაში და ამაზეა აგებული მთელი ეს ინიციატივა.
მშობელს რა შეუძლია მოიმოქმედოს ამ დროს – მასაც არ აქვს უფლება, შვილი დაიცვას?
ამ კანონის თანახმად, თუ მშობელი შეეწინააღმდეგება ბავშვის მიმართ ამ კანონის გამოყენებას, დაისჯება ადმინისტრაციული წესით და შესაძლოა გამოიყენონ ადმინისტრაციული პატიმრობაც.
რა შეგიძლიათ მოიმოქმედოთ ამის წინააღმდეგ თქვენ, ბავშვთა უფლებადამცველებმა?
ჩვენი უფლებამოსილების ფარგლებში, როგორც ბავშვთა უფლებადამცველები, ნამდვილად შევეწინააღმდეგებით ყველაფერს, რაც ბავშვებს აზიანებს. ყველა პროფესიონალი, რომელიც მუშაობს ბავშვების უფლებებზე, ანუ უბრალოდ ბავშვებთან, ყველამ უნდა შეაფასოს ეს ინიციატივა, მათ შორის ფსიქოლოგებმაც და სხვადასხვა სფეროს ექსპერტებმაც უნდა გააკეთონ შეფასება, რა უარყოფითი გავლენა შეიძლება გამოიწვიოს ამ კანონმა ბავშვების მიმართ.
ზოგიერთ შემთხვევაში ბავშვები შეიძლება მართლა აღმოჩნდნენ ცუდ სიტუაციაში და დასჭირდეთ დახმარება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი უნდა დაისაჯონ, მოხდეს მათი სტიგმატიზება და მოვიხსენიოთ დამნაშავეებად.
თითოეულ შემთხვევაში უნდა გამოიკვლიოს სახელმწიფომ, რატომ ხდება ეს, სად სჭირდება ბავშვს დახმარება, რა არის ის გარემოებები, რამაც შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს ბავშვზე და ებრძოლონ ამ გარემოებებს, ბავშვები კი არ უნდა განარიდონ.
_________________
მთავარი ფოტო: მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ბავშვებისთვის/UNICEF Georgia
უფლებადამცველ ამალ კლუნისა და მსახიობ ჯორჯ კლუნის ფონდი, რომელიც Trial Watch-ის ინიციატივის ფარგლებში მონიტორინგს უწევს მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს, სააპელაციო სასამართლოს განაჩენს ეხმაურება.
„გუშინდელი გადაწყვეტილება ჟურნალისტ მზია ამაღლობელის გამამტყუნებელი განაჩენის და 2-წლიანი პატიმრობის ძალაში დატოვების შესახებ, მორიგი დარტყმაა მედიის თავისუფლებაზე და შემაშფოთებელი ნიშანია.
სანამ მისი საქმე უზენაეს სასამართლოში გადაინაცვლებს, #TrialWatch უახლოეს კვირებში გამოაქვეყნებს ანგარიშს (Fairness Report), რომელიც შეაფასებს მის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესის სამართლიანობას“.
კლუნების ფონდი – TrialWatch, რომელიც უზრუნველყოფს უფასო იურიდიულ დახმარებას სიტყვის თავისუფლების მხარდასაჭერად მთელ მსოფლიოში, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესებს 2025 წლის მარტიდან აკვირდება.
მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ TrialWatch-ი მოამზადებს ანგარიშს, რომელიც შეაფასებს საქმეს სამართლიანი სასამართლოს საერთაშორისო და რეგიონული სტანდარტების შესაბამისად.
TrialWatch-ი არის კლუნის ფონდის ინიციატივა, რომელიც უფასო იურიდიულ დახმარებას უწევს უსამართლოდ დაპატიმრებულ ჟურნალისტებს.
ამალ და ჯორჯ კლუნების ფონდი 40-ზე მეტ ქვეყანაში უფასო იურიდიულ დახმარებას უწევს სიტყვის თავისუფლებასა და ქალთა უფლებებს. ფონდის დახმარებით ათობით ჟურნალისტი გაათავისუფლეს და ათასობით ქალმა მიიღო უფასო იურიდიული მხარდაჭერა საკუთარი უფლებების დასაცავად
წუხელ, 19 ნოემბრის ღამეს, პოლიციამ თბილისში პროევროპული საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავა.
შს სამინისტროს ცნობით, დაკავებულია 13 მოქალაქე ადმინისტრაციული წესით.
შსს წერს, რომ „დაკავებული პირები არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს“.
19 ნოემბერს, 19:00 საათზე, თსუ-დან დაანონსებული იყო პატიმრობაში მყოფი 21 წლის მათე დევიძის მხარდასაჭერი აქცია-მსვლელობა. აქციის მონაწილეებმა მელიქიშვილის გავლით, რუსთველის გამზირზე გადაინაცვლეს, შემდეგ კი ნაწილმა მსვლელობა პოლიკარპე კაკაბაძის ქუჩაზე განაგრძო, თუმცა პოლიცია დემონსტრანტებს გზის სავალ ნაწილზე გადასვლის შესაძლებლობას არ აძლევდა.
უცხოეთიდან საქართველოში 2025 წლის ოქტომბერში 318.71 მილიონი აშშ დოლარი გადმოირიცხა [დაახლოებით 865.6 მილიონი ლარი].
საქართველოს ეროვნული ბანკის [სებ] ინფორმაციით, 2025 წლის ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 13.4%-ით [37.6 მილიონი აშშ დოლარით] მეტია 2024 წლის ოქტომბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
„უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 96.4 პროცენტი იმ 26 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა ოქტომბერში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა,“ – წერს სებ-ი.
ამასთან, უშუალოდ ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში 143.26 მილიონი აშშ დოლარი ჩამოირიცხა, ხოლო დანაჩენი 175.45 მილიონი – სხვა დანარჩენი ქვეყნებიდან.
2025 წლის ოქტომბერში ყველაზე მეტი თანხა საქართველოში შემდეგი ქვეყნებიდან ჩამოირიცხა:
აშშ – 59.27 მილიონი აშშ დოლარი
იტალია – 53.17 მილიონი აშშ დოლარი
რუსეთი – 41.32 მილიონი აშშ დოლარი
გერმანია – 29.61 მილიონი აშშ დოლარი
საბერძნეთი – 25.81 მილიონი აშშ დოლარი
ისრაელი – 24.06 მილიონი აშშ დოლარი
თურქეთი – 10.71 მილიონი აშშ დოლარი
სებ-ის ინფორმაციით, 2025 წლის ოქტომბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 40.8 მილიონი აშშ დოლარი [110.9 მილიონი ლარი] გადაიგზავნა.
————
სამოქალაქო პლატფორმა 2025-ის წარმომადგენელი, ჰიბრიდული ომების მკვლევარი, დავით ძიძიშვილი, რომელიც ამჟამად ბელგიაშია ემიგრაციაში „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ემიგრანტები ქვეყნის ყველაზე მსხვილი დონორები არიან:
„არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, რაღაცა ოდენობის თანხის გადმორიცხვაზე კონტროლი დაწესდეს. ბიძინას არ უნდა, რომ ქვეყანაში არსებობდეს თავისუფალი ფული. ამ დროს რეალურად თავისუფალი ფულის ქვეყანაში შემომტანი არის ქართული ემიგრაცია.“
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1992 წელს დაბადებული ა.ფ. და 1995 წელს დაბადებული რ.გ. ჯგუფურად ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 1996 წელს დაბადებულ ნ.მ. – ს , რომელიც ავტომობილის შეძენით იყო დაინტერესებული, მანქანის საზღვარგარეთიდან ჩამოყვანაში დახმარების სანაცვლოდ, მოტყუებით, თაღლითურად გამოართვეს და მიისაკუთრეს დიდი ოდენობით თანხა, ჯამში – 50 000 -მდე აშშ დოლარი.
პოლიციამ ა.ფ. და რ.გ. ბრალდებულის სახით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა.“ – აცხადებს შსს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.
დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 20 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 162 120 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +890. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
ტანკი – 11 357 ერთეული [+1]
ჯავშანტექნიკა – 23 597 ერთეული [+2]
საარტილერიო სისტემა – 34 530 ერთეული [+19]
MLRS – 1 546 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 247 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 428 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 347 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 82 470 ერთეული [+384]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 981 ერთეული [+41]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 67 703 ერთეული [+68]
სპეცტექნიკა – 4 002 ერთეული [+1]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 20 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
668 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
97 515 უპილოტო საფრენი აპარატი
637 საზენიტო სარაკეტო სისტემა
26 134 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 618 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
31 426 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
47 170 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი განცხადებით ეხმიანება დღეს, 19 ნოემბრის ღამეს, თბილისში საპროტესტო აქციაზე დემონსტრანტების დაკავებას.
„პოლიციის მიერ დღეს განხორციელებული ქმედება — მათე დევიძის მხარდამჭერი მარშის მონაწილეთა წინააღმდეგ მიმართული უკანონო ხელშეშლა, პროტესტის ჩახშობა და ადამიანების უკანონო დაკავება — წარმოადგენს ე.წ. სამართალდამცავების მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას.
ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს არ მისცეს შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა. მიუხედავად საკმარისი რაოდენობისა, აქციის მონაწილეები ძალის გამოყენებით ჯერ ტროტუარებზე გადაიყვანეს, შემდეგ კი ტროტუარის დატოვებისკენაც მოუწოდეს. ამის პარალელურად, ფიზიკური ძალის გამოყენებით 10-მდე დემონსტრანტი დააკავეს“ – წერს დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი.
ორგანიზაცია განცხადებაში მიუთითებს საქართველოს სისხლის სამართლის 161-ე მუხლზე – „შეკრების ან მანიფესტაციის უფლების ხელყოფა“:
„შეკრების ან მანიფესტაციის მოწყობის ანდა მასში მონაწილეობის უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა ძალადობით, ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე“.
„დღევანდელი ქმედება არის დანაშაული.
„ქართული ოცნება“ მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ იყენებს ძალისმიერ მეთოდებს და საბოლოოდ ცდილობს პროტესტის მონაწილეებისთვის გამოხატვის უფლების წართმევას“ – ვკითხულობთ განცხადებაში.