მთავარი,სიახლეები

პესკოვი რუსეთში ინტერნეტის შეზღუდვაზე – „ახლა ასეთი დროა“

14.04.2026
პესკოვი რუსეთში ინტერნეტის შეზღუდვაზე – „ახლა ასეთი დროა“

რუსეთში ინტერნეტის მიწოდება სრულად აღდგება მას შემდეგ, რაც შეზღუდვები აღარ იქნება საჭირო, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის, პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა დღეს, 14 აპრილს ბრიფინგზე.

„ცხადია, რომ ინტერნეტის შეზღუდვა ბევრ მოქალაქეს უხერხულობას უქმნის. მაგრამ ახლა ასეთი დროა.

როგორც კი ამ ზომების საჭიროება გაქრება, [ინტერნეტის] მუშაობაც სრულად აღდგება და ნორმალიზდება“, – თქვა პესკოვმა.

მან აღნიშნა, რომ ამჟამად ინტერნეტი უსაფრთხოების გამოა შეზღუდული.

პესკოვმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის მოქალაქეების „უმრავლესობას ესმის ამის აუცილებლობა“.

დღეს, 14 აპრილს, „ბლუმბერგმა“ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის ხელისუფლება ინტერნეტის შეზღუდვებთან დაკავშირებით მიდგომის გადახედვას განიხილავს, რადგან ინტერნეტის შეზღუდვა პუტინის რეიტინგს აზიანებს.

სააგენტოს წყაროების თქმით, რუსეთის ხელისუფლებამ შესაძლოა შეაჩეროს რეპრესიები, რაც პოპულარულ სოციალურ ქსელს, Telegram-ს რუსეთში ოპერირების გაგრძელების საშუალებას მისცემს.

„როსკომნადზორმა“ (რუსეთის ფედერალური აღმასრულებელი სააგენტო) 10 თებერვალს დაიწყო Telegram-ის  მესენჯერის მუშაობის შეზღუდვა.

Telegram-ი ერთ-ერთი უკანასკნელი მესენჯერია რუსეთში, რომელიც დღემდე ლეგალურად მუშაობს. WhatsApp, FB/მესენჯერი, ინსტაგრამი და სხვა სოცქსელები ყველა უკვე დაბლოკილია. აკრძალულია youtube-იც.

ტელეგრამის გარდა, მოქალაქეები ჩივიან, რომ ქვეყანაში შეზღუდულია ინტერნეტთან წვდომა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: