მთავარი,სიახლეები

„უახლოეს დღეებში გამოჩნდება, რა გვაქვს ნაფიქრი და დაგეგმილი“ – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

15.04.2026
„უახლოეს დღეებში გამოჩნდება, რა გვაქვს ნაფიქრი და დაგეგმილი“ – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

მოლდოვისა და უნგრეთის შემდეგ, იქნება თუ არა საქართველო ის ქვეყანა, სადაც კიდევ ერთხელ დამარცხდება რუსული პოლიტიკა? – უნგრეთში პრორუსი ორბანის დამარცხებამ ეს იმედები ქართულ საზოგადოებაშიც გააჩინა. რა შეიძლება ისწავლოს უნგრეთის მაგალითიდან ქართულმა ოპოზიციამ? – „ბათუმელები“ ოპოზიციური ალიანსის წევრი პარტიის, „გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ესაუბრა.

  • ბატონო ზურაბ, უნგრეთის არჩევნებში მადიარის გამარჯვების შემდეგ, სოციალურ ქსელებში ბევრმა დაწერა, თავის დროზე ოპოზიციას აქაც რომ ევლო კარდაკარ, მისულიყვნენ თითოეულ ადამიანამდე, ჩვენც იგივე შედეგი გვექნებოდაო. რა შემთხვევაში შეიძლება გამოადგეს უნგრეთის მაგალითი ქართულ ოპოზიციას და რაში – არა?

მადიარის სტრატეგიას და მის კამპანიას თუ ვნახავთ, ცხადია არის რაღაც ელემენტები, რომლის გამოყენება საქართველოშიც შესაძლებელია. პირველ რიგში ეს ეხება მოქალაქეების მობილიზაციას და პირდაპირ კომუნიკაციას მოქალაქეებთან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამაზე ოპოზიციის ალიანსიც შეთანხმებულია.

როდესაც ეროვნული მობილიზაციის კამპანია დავაანონსეთ, პირველი აქცენტი სწორედ მაგაზე გავაკეთეთ, რომ მეტი პირდაპირი კომუნიკაციაა საჭირო მოქალაქეებთან. თუმცა ის, რომ საქართველოშიც ისეთივე სიტუაციაა, რაც უნგრეთში და რომ მადიარმა რაც გააკეთა, საქართველოშიც გაკეთდებოდა და იმსვე შედეგზე გავიდოდა, მე ამის არ მჯერა.

  • რატომ?

საქართველო არ არის უნგრეთი. ბელარუსსა და რუსეთთან შეიძლება გავავლოთ პარალელები, ვიდრე უნგრეთთან, რომელიც ევროკავშირის და ნატოს წევრი ქვეყანაა. ადამიანი, რომელმაც არჩევნები მოიგო, მათ შორის იყო ევროპარლამენტის წევრი.

ცხადია, რაღაც მსგავსებები შეიძლება დავინახოთ, რადგან ორბანს მორგებული ჰქონდა საარჩევნო სისტემა საკუთარ თავზე, მართლმსაჯულების სისტემას აკონტროლებდა სრულად, იქაც იყო მედია სრულად კონტროლის ქვეშ, მაგრამ არის ბევრი განსხვავებაც. ძალადობის ის მასშტაბი, რაც საქართველოშია, იქ არ ყოფილა და ის, რომ უნგრეთი არის ევროკავშირის და ნატოს წევრი, ამ ქვეყანას რაღაც კალაპოტში აქცევდა, რომელსაც ორბანიც კი ვერ გასცდა. საბოლოო ჯამში კი, მას მოუწია არჩევნების დათმობა.

ცხადია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაც მადიარმა გააკეთა, ყველაფერი არარელევანტურია – არა. ბევრი რაღაც შეიძლება რელევანტური იყოს საქართველოში, ოღონდ რაღაც გზები იქნება მოსაფიქრებელი, როგორ შეიძლება გაკეთდეს იგივე და სხვანაირად. მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეებთან პირდაპირი კომუნიკაცია, რასაც მადიარი ახერხებდა, საქართველოში უფრო რთულია.

  • იარეთ კარდაკარ, სცადეთ და არ გამოვიდა? 

კარდაკარ სიარულიც მიცდია, რეგიონებში შეხვედრებიც მიცდია არაერთხელ, მაგრამ არ მუშაობს ბევრი მიზეზის გამო. იყო ტიტუშკების პრობლემაც, მაგრამ მთავარი პრობლემა, ჩემი აზრით, არის ის, რომ თუ მსხვილ დასახლებაში არ შედიხარ, სოფლებში ფაქტობრივად აღარ არის მოსახლეობა, დაცლილია. დიდი ნაწილი ქვეყნიდან გასულია. ყველა ოჯახიდან ვიღაც გასულია ქვეყნიდან. რაღაც ნაწილი წამოსულია თბილისში ან შეიძლება წასული იყოს ბათუმში ან ქუთაისში.

ადამიანებს არ აქვთ დასაქმების ალტერნატიული წყარო, გარდა იმისა, რომ დასაქმდეს საბიუჯეტო ორგანიზაციაში ან ივანიშვილის რომელიღაც ფეოდალის ბიზნესში. ეს შეიძლება იყოს ინერტული მასალების მოპოვება მაგალითად. შესაბამისად, ამ ხალხს ეშინია გამოჩენის, კამერებზე დაფიქსირების – შეიძლება მისი ოჯახის წევრებმა დაკარგონ სამუშაო ადგილი და ერთადერთი შემოსავალი.

თუ სადმე მოახერხებ შეხვედრას, იქ, ცხადია, ჩნდებიან ხოლმე ტიტუშკები. ასეთი შემთხვევების გამო რთულია ხალხის გამოყვანა – ფიქრობს, რომ გავიდე, შეიძლება ვიღაცამ დამარტყას, ქვა შეიძლება მომხვდეს თავში. ეს ყველაფერი პრობლემას უქმნის ასეთი ტიპის შეხვედრების ორგანიზებას.

ამიტომ, მაინც და მაინც ასე პირდაპირ ვერ გადმოიღებ მადიარის მაგალითს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ თავისთავად გზა არის არასწორი. გზა სწორია, პირდაპირი კომუნიკაციის გზები არის მოსაძებნი. უბრალოდ, ამ ფორმით საქართველოში მგონია, რომ არ გამოვა და იდენტური გამოცდილება აქვთ სხვებსაც, რასაც ვუყურებ.

  • თუმცა მოქალაქეების რაღაც ნაწილს მაინც აქვს განცდა, რომ ოპოზიცია არ მიდის მათთან. „ესენი ტალახში ფეხს როგორ დაისვრიან“, „მადიარივით სატვირთო მანქანაზე ხომ არ დადგებიან?“ და მსგავს ფრაზები გვესმის.

ეს შესაძლოა სამართლიანად მიემართებოდეს გარკვეულ პოლიტიკოსებს, რომლებიც მართლა არ კადრულობენ ადამიანებთან მისვლას, მაგრამ ნიკა მელიას, რომელიც ახლა ციხეშია, საკუთარი ფეხით აქვს შემოვლილი მთელი საქართველო. მინახავს, როგორ დადიოდა და მეც დავყვებოდი საარჩევნო კამპანიის დროს. მასთან ერთად მაქვს მოვლილი სამეგრელო, იმერეთი, აჭარა და სხვა რეგიონები და ველაპარაკებოდით ხალხს.

კი, 2024 წლის არჩევნების წინ ხდებოდა ეს. თავისთავად სტრატეგია, რომ პირდაპირი კომუნიკაცია იყოს მოქალაქეებთან, ჩემი აზრით, ძალიან სწორია და მადიარმა ეს გააკეთა. უბრალოდ, ეს ფორმები მე მაქვს ნაცადი, ნანახი და ამ ქვეყანაში შეიძლება არ მუშაობდეს. ეს თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ პირდაპირ კომუნიკაციაზე უარი უნდა ითქვას. უბრალოდ, გზებია მოსაძებნი, როგორ შეიძლება გააკეთო იგივე სხვანაირად. საბოლოო ჯამში გამარჯვების გზა გადის მოქალაქეების მობილიზებაზე.

  • რაიმე ისეთი ტექნოლოგია თუ გამოიყენა მადიარმა ამ არჩევნებზე, რომელიც თქვენთვისაც სიახლე იყო, მაგალითად და შესაძლებელია ქართულ რეალობაშიც გამოგვადგეს?

კი, როგორ არა. მე რაც მომეწონა, იყო ის, რომ უჯრედები შექმნა რეგიონებში და დასახლებებში და სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით ჩართეს ახალგაზრდები. გეიმიფიკაციის ელემენტები აქვს ამ აპლიკაციას, რამაც საინტერესო და მიმზიდველი გახადა ახალგაზრდებისთვის ეს აქტივობები. კონკურენციაც გაჩნდა, ვინც რაიმე აქტივობას ჩაატარებდა ამ დასახლებებში, რაღაც ქულები ეწერებოდათ.

მსგავსი შეიძლება აქაც გაკეთდეს და სხვათა შორის, გვქონდა ლაპარაკი ალიანსის შიგნით, რომ  მსგავსი რამ შეიძლება ჩვენც მოვიფიქროთ.

  • თუმცა, ამას დასჭირდება ფინანსური რესურსები. რამდენად გასწვდება ალიანსი?

ფინანსური რესურსები დამატებითი პრობლემაა, მაგრამ ადამიანური რესურსები არსებობს და ხშირად, მოხალისეობრივ საწყისებზე გვეხმარებიან ხოლმე ის ადამიანები, რომლებსაც აქვთ ტექნოლოგიების ცოდნა.

მე მაინც მგონია, რომ 2024 წლის არჩევნებში ადამიანებმა სწორი არჩევანი გააკეთეს და ჯამში, ოთხმა კოალიციამ მოიგო ეს არჩევნები, უბრალოდ რეჟიმმა დაიწერა ის ციფრები, რაც უნდოდა. გამოიყენეს გაყალბების ყველა გზა – ძველიც და ახალიც. ამის მიუხედავად, ადამიანებმა მაინც დაძლიეს შიში და უმრავლესობამ ამ ქვეყნისთვის სწორი არჩევანი გააკეთა.

  • ხალხმა ოპოზიციას მისცა ხმა ბოლო არჩევნებზე, მაგრამ ვერ მოხერხდა ამ ხმების დაცვა. იყო ხალხის დიდი მობილიზაციაც, მაგრამ მაინც არ დადგა შედეგი. დღეს უკვე ამ ყველაფერს ემატება რეპრესიული კანონები. რა დარჩა მაშინ ოპოზიციას არჩევნების მოსაგებად. რა იქნება ის სიახლე, რის გამოც მოხერხდება კვლავ დიდი მობილიზაცია?

ჩემი აზრით, კომუნიკაციის ფორმები უნდა იყოს ახალი და ოპოზიციური ალიანსი გააკეთებს ამას. უახლოეს დღეებში გამოჩნდება რა გვაქვს ნაფიქრი და დაგეგმილი.

ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ არჩევნებამდე მივალთ. უბრალოდ, ამ არჩევნებს თუ ისევ „ოცნება“ ჩაატარებს, ეს აღარ იქნება არჩევნები და იქნება მასკარადი. თუ არჩევნებს ჩაატარებს თავისუფალი საზოგადოება, რეჟიმი დამარცხდება. უფრო სწორად, არჩევნებამდე დამარცხდება რეჟიმი.

რეჟიმი რომ ჩამოიშალოს, ამას სჭირდება ბევრი ადამიანის მობილიზება და ურყევი ნების დემონსტრირება. საქართველო უნგრეთი არ არის და ჩვენ ბევრად უფრო რთულ სიტუაციაში ვართ. მადიარმა, უბრალოდ, არჩევნებზე გაიფორმა გამარჯვება თორემ, რეალურად, ორბანი დამარცხებული იყო მანამდე, როცა მთელი უნგრეთი დადგა ფეხზე. როცა დადგება მთელი ქვეყანა ფეხზე, ერთ მუშტად შეიკვრება, დამარცხდება ივანიშვილიც.

ივანიშვილზე უარესი რეჟიმები დაუმარცხებიათ ადამიანებს. ეს გაუკეთებია ამ ქვეყანასაც. ორჯერ გვაქვს ეს ნანახი – ერთხელ 9 აპრილს, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და მეორე, ვარდების რევოლუციის დროს, როდესაც მთელი ქვეყანა დადგა ფეხზე.

  • თქვენ თქვით, რომ სოფლები იცლება და აქტიური საზოგადოებაც გადის ქვეყნიდან. ეს პროცესი ხომ არ შეუშლის ხელს საყოველთაო მობილიზებას, რისი იმედიც გაქვთ?

საბოლოო ჯამში ეს მათემატიკამდე დადის – ამ ქვეყნის ცივილური, განვითარებული ევროპული მომავლის მომხრე მინიმუმ ორჯერ მეტი ვართ ქვეყანაში, ვიდრე ის ადამიანები, რომლებიც ახლა პროპაგანდით და ფულით ჰყავს მიბმული რეჟიმს.

ეს ნიშნავს, რომ ამ ქვეყნიდან ყოველ ერთ გაქცეულ „ოცნების“ მხარდამჭერზე, აქეთა მხრიდან უნდა გაიქცეს „ოცნების“ სამი მოწინააღმდეგე, რომ ეს ბალანსი შეიცვალოს. მაგრამ ასე არ ხდება. სინამდვილეში „ოცნების“ მხარდამჭერები უფრო გარბიან ქვეყნიდან.

ამიტომ, მე ამის შიში არ მაქვს, რომ ბალანსი მათ სასარგებლოდ შეიცვლება.

  • პეტერ მადიარი იყო გამოკვეთილი ფიგურა, რომელმაც მოიპოვა ხალხის ნდობა. ეს დილემა, რომ საზოგადოების ერთ ნაწილს სჭირდება გამოკვეთილი ლიდერი, ნაწილი კი შესაძლოა კოალიციასაც იღებდეს ლიდერად, მაინც რჩება პრობლემად ქართულ რეალობაში. ამაზე რას ფიქრობთ?

მესმის, რომ ადამიანებს სხვადასხვანაირი განწყობა აქვთ. ზოგი ელოდება ერთი ლიდერის გამოჩენას, თუმცა ჩემ გარშემო ადამიანების დიდი ნაწილი აღარ ფიქრობს ასე, რადგან ის ერთი ლიდერი, ძალაუფლებას როცა ჩაიგდებს ხელში, პრობლემა ხდება ქვეყნისთვის.

ამიტომ არის კოალიციური მმართველობა უფრო მნიშვნელოვანი. განსხვავებული აზრები არსებობს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ მივალთ გამარჯვებამდე.

ალიანსის ფარგლებში საკმაოდ კარგად ვახერხებთ უკვე, რომ რაღაც აზრებზე შევჯერდეთ. თავიდან ცოტა რთული იყო, მაგრამ ნელ-ნელა შევთამაშდით და ახლა გაცილებით უკეთესად ვახერხებთ და უფრო სწრაფად მივდივართ საერთო აზრამდე, ვიდრე მაშინ, როცა დავიწყეთ ამ ალიანსის კეთება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: