მთავარი,სიახლეები

აჭარის ბიუჯეტიდან 250 ათასი ლარი დაიხარჯება ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატის გახსნაში

13.04.2026
აჭარის ბიუჯეტიდან 250 ათასი ლარი დაიხარჯება ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატის გახსნაში

19-26 აპრილს ბათუმში ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის ჩატარებაა დაგეგმილი. ღონისძიების გახსნის ოფიციალური ცერემონიისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 250 ათასი ლარი დაიხარჯება.

შესაბამის მომსახურებას აჭარის კულტურის სამინისტრო ტენდერის გარეშე, გამარტივებული წესით შეისყიდის „ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების“ მიზნით. სამინისტრომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თანხმობის მისაღებად უკვე მიმართა.

„აჭარის კულტურის სამინისტროში 2026 წლის 25 და 31 მარტს შემოვიდა საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის კორესპონდენციები, რომლებიც ეხება 2026 წლის 19-26 აპრილს, ბათუმში, ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატის გამართვასთან დაკავშირებით დაგეგმილი გახსნის ცერემონიისთვის კულტურის ღონისძიების ორგანიზების მხარდაჭერის საკითხს.

სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის მიერ დეტალურად იქნა შესასყიდი მომსახურების აღწერილობა გაწერილი, დადგენილ იქნა მომსახურების საბაზრო ღირებულება, თუმცა მომსახურების შესყიდვა ელექტრონული ტენდერის გზით არ ესწრება“, – წერს სამინისტრო.

აჭარის კულტურის სამინისტრომ ფედერაციის წერილები, რომლებსაც ამავე ფედერაციის პრეზიდენტი და „ოცნების“ პარლამენტარი ლაშა ტალახაძე აწერს ხელს, 25 და 31 მარტს მიიღო.

თუმცა, მანამდე, 2026 წლის 18 მარტს, სამინისტროში აჭარის მთავრობის განკარგულებაც მიუღიათ იგივე თხოვნით, ანუ – „2026 წლის 19-26 აპრილს, ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატის ორგანიზებულად და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.“

„წარმოდგენილი ღონისძიების ორგანიზებისთვის საჭირო თანხა შეადგენს 250 000 ლარს გადასახადებისა და გადასახდელების ჩათვლით“, – წერს ელისო ბოლქვაძეს ამავე სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის უფროსი ნათია ბლაგიძე.

„ცერემონიას დაესწრებიან როგორც სპორტსმენები, ასევე, მოწვეული სტუმრები, მათ შორის დელეგაციების წარმომადგენლები და ევროპის ფედერაციების ხელმძღვანელი პირები.

ღონისძიების განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე და ჩემპიონატის პოპულარიზაციის უზრუნველსაყოფად, მიზანშეწონილია ჩემპიონატის გახსნის ცერემონიისთვის კულტურის ღონისძიების ორგანიზება, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ქართული ფოლკლორი, როგორც ქორეოგრაფიული, ასევე, მუსიკალური ნომრები.

აღნიშნული ღონისძიება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, როგორც ჩემპიონატის პოპულარიზაციას, ასევე, ქართული კულტურის, ტრადიციებისა და ქვეყნის იმიჯის ღირსეულად წარმოჩენას საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე“, – წერს სამინისტრო.

ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის წერილით ირკვევა, რომ „ღონისძიების ოფიციალური გახსნის ცერემონია იგეგმება 20 აპრილს“.

———————————————

მთავარი ფოტო არქივიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: