მთავარი,სიახლეები

საკონსტიტუციომ რუსული კანონის მოქმედება არ შეაჩერა

09.10.2024 •
საკონსტიტუციომ რუსული კანონის მოქმედება არ შეაჩერა

დღეს, 9 ოქტომბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც არ შეაჩერა რუსული კანონის მოქმედება.

„არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე მხარეების შუამდგომლობა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე“, – წერია სასამართლოს დადგენილებაში.

ამავე გადაწყვეტილებით, საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად  მიიღო ოთხივე კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც სასამართლოში იყო შესული.

რუსულ კანონზე საკონსტიტუციოში დავობს საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის წევრები: თამარ კორძაია, ანა ნაცვლიშვილი, ლევან ბეჟაშვილი და სხვები (სულ 38 დეპუტატი), ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“, ა(ა)იპ „უფლებები საქართველო“, ა(ა)იპ „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“ და სხვები (სულ 122 მოსარჩელე), შპს „საინფორმაციო ცენტრების ქსელი“ და ა(ა)იპ „სტუდია მონიტორი“.

როგორც სასამართლოს გადაწყვეტილებიდან ჩანს, 8 მოსამართლიდან ორს ჰქონდა განსხვავებული აზრი სადავო ნორმების შეჩერების შესახებ.

„საოქმო ჩანაწერს დაერთოს მოსამართლეების – გიორგი კვერენჩხილაძისა და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი სადავო ნორმების შეჩერების შესახებ მოსარჩელე მხარის შუამდგომლობის არდაკმაყოფილების თაობაზე,“ – ნათქვამია გადაწყვეტილებაში.

შესაბამისად, რუსული კანონის მოქმედების შეჩერებას მხოლოდ ამ ორმა მოსამართლემ – გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა დაუჭირეს მხარი.

კიდევ ერთ მოსამართლეს კი განსხვავებული აზრი აქვს დაფიქსირებული საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლთან მიმართებაში.

„საოქმო ჩანაწერს დაერთოს მოსამართლე ევა გოცირიძის განსხვავებული აზრი №1828 და №1834 კონსტიტუციური სარჩელების „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლთან მიმართებით, არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნის ნაწილში არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით,“ – ვკითხულობთ გადაწყვეტილებაში.

მოსამართლეთა მიერ დაწერილი განსხვავებული მოსაზრებები ამ ეტაპზე ხელმისაწვდომი არაა.

რუსული კანონის შეჩერებას მხარი არ დაუჭირეს შემდეგმა მოსამართლეებმა: ვასილ როინიშვილმა, მერაბ ტურავამ, მანანა კობახიძემ, ევა გოცირიძემ, გიორგი თევდორაშვილმა და ხვიჩა კიკალიშვილმა.  

კიდევ ერთი მოსამართლე – ირინა იმერლიშვილი სარჩელის განხილვაში არ მონაწილეობდა.

საკონსტიტუციო სასამართლოს 8 მოსამართლე სამი დღის განმავლობაში, 29-31 აგვისტოს, უსმენდა მოსარჩელეებს, რომლებიც სასამართლოს წინაშე წარდგნენ და სცადეს სასამართლოს დარწმუნება იმაში, რომ რუსული კანონი, რომელიც „ოცნებამ“ მიიღო, შეუთავსებელია ადამიანის უფლებებთან და ანადგურებს საქართველოს ევროპულ მომავალს.

ოთხივე მოსარჩელე ითხოვდა, საკონსტიტუციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეეჩერებინა რუსული კანონი. მოსარჩელეთა თქმით, ამ შემთხვევაში გადარჩებოდა სამოქალაქო და მედიასექტორში მომუშავე ასობით ორგანიზაცია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: