ხელოვნური კუნძულის პროექტის ფარგლებში, კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ბათუმში, ყოფილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე, ბეტონის საწარმოს აშენებს. თავდაპირველი გეგმით, ქარხანა უშუალოდ ხელოვნურ ნახევარკუნძულზე უნდა განთავსებულიყო, თუმცა კომპანიამ გადაწყვეტილება შეცვალა.
„საპროექტო ტერიტორიაზე საწარმოო დანიშნულების ინფრასტრუქტურა და ყველა შესაბამისი ტექნიკა-დანადგარი უკვე განთავსებულია“, – აღნიშნავდა კომპანია სკრინინგის განცხადებაში, რომლითაც გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2026 წლის 25 თებერვალს მიმართა.
2026 წლის 6 აპრილს კი, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ კომპანიის მიერ წარდგენილ სკრინინგის განცხადებაზე ადმინისტრაციული წარმოება შეწყვიტა. უწყება საკითხის განხილვას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუბრუნდება, თუ „ამბასადორი“ პროექტის დეტალებს დააზუსტებს.
სკრინინგის პროცედურა საჭიროა იმისთვის, რომ სააგენტომ გადაწყვიტოს – საჭიროა თუ არა გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ] ჩატარება იმ საქმიანობაზე, რომელიც „ამბასადორს“ უკვე დაწყებული აქვს.
სააგენტოს მიერ „ამბასადორისთვის“ გაგზავნილ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სკრინინგის განცხადება ეხება ბათუმში სასარგებლო წიაღისეულის [გაბრო-დიორიტი], სასაქონლო ბეტონის და ბლოკის საწარმოების ექსპლუატაციას, რასთან დაკავშირებითაც კომპანიამ წარმოადგინა გათვლები იმის შესახებ, თუ რა სიმძლავრის ხმაური იქნება საწარმოების მუშაობისას.
თუმცა, სახელმწიფო უწყება ითხოვს დაზუსტებას, კონკრეტულად დღის რომელ მონაკვეთში იმუშავებენ ქარხნები. კანონით დღისით ხმაურის ერთი ნორმაა დაშვებული, ღამით კი – გაცილებით მკაცრი. ვინაიდან კომპანია ამბობს, რომ „აუცილებელ შემთხვევაში“ შეიძლება ღამითაც იმუშაონ, მისგან ზუსტი სამუშაო განრიგის წარდგენას ითხოვენ.
„სკრინინგის განცხადების თანახმად, ბეტონის საწარმოს ექსპლუატაციის ეტაპზე წარმოქმნილი წყლების შეკრებისთვის, ტერიტორიაზე მოწყობილია სალექარი, რომელშიც გაწმენდილი წყალი ისევ საწარმოო პროცესებში ბრუნდება.
ვინაიდან ბეტონის წარმოების პროცესში წყლის გამოყენება გათვალისწინებულია კომპონენტის სახით, გაუგებარია რა იგულისხმება „ბეტონის საწარმოს ექსპლუატაციის ეტაპზე წარმოქმნილ წყლებში“. ასევე დაზუსტებას საჭიროებს სალექარის ეფექტურობა“, – წერს სააგენტო „ამბასადორს“.
ამასთან, „დოკუმენტში არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია ტერიტორიაზე სანიაღვრე წყლების პოტენციური დაბინძურების წყაროების არსებობის და ასეთის შემთხვევაში, შემდგომი მართვის შესახებ“.
სკრინინგის განცხადებაში კანონმდებლობის შესაბამისად „არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია საქმიანობის პროცესში წარმოქმნილი ნარჩენების შესახებ [კოდები, დასახელებები, რაოდენობები, შემდგომი მართვის ღონისძიებები].
სააგენტო მიიჩნევს, რომ კომპანიამ გარემოზე ზოგადი ხასიათის ინფორმაცია წარადგინა.
„კერძოდ, დოკუმენტში არ არის მოცემული ინფორმაცია საპროექტო ტერიტორიაზე გავრცელებული ფლორისა და ფაუნის სახეობრივი შემადგენლობის შესახებ, მათ შორის „წითელი ნუსხით“ დაცული და საერთაშორისო მნიშვნელობის სახეობებზე.
შესაბამისად, სკრინინგის განცხადებაში წარმოდგენილი ინფორმაცია არ იძლევა ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედების მასშტაბის და მნიშვნელობის შეფასების შესაძლებლობას“, – წერს სააგენტო.

„ამბასადორი“ სკრინინგის განცხადებაში განმარტავს, რომ კომპანიას იჯარით აღებული აქვს დაახლოებით 34 ჰექტარი მიწა, საიდანაც „საწარმოო დანიშნულებით მხოლოდ ნაწილი იქნება გამოყენებული“.
ამ თემაზე
„ამბასადორი“ ხელოვნური კუნძულისთვის ბეტონის ქარხანას „ბენზეში“ აშენებს






