თურქეთში, ქაჰრამანმარაშის სკოლაში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, რის შედეგადაც 9 ადამიანი დაიღუპა, 8 მოსწავლე და 1 მასწავლებელი, ხელისუფლებამ მასშტაბური გამოძიება დაიწყო.
შემთხვევა 15 აპრილს მოხდა – მერვე კლასის მოსწავლემ სკოლაში ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც 9 ადამიანი დაიღუპა და 20-მდე – დაშავდა.
სავარაუდოდ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე თავდამსხმელმაც, 14 წლის მოზარდმა, რომელიც ამავე სკოლაში სწავლობდა.
დღეს, 16 აპრილს, საქმის პროკურორებმა განაცხადეს, რომ სკოლის მოსწავლემ, სავარაუდოდ, წინასწარ დაგეგმა თავდასხმა.
მედიის ცნობით, პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ მოზარდის კომპიუტერში 11 აპრილით დათარიღებული დოკუმენტი აღმოაჩინეს, რომელიც სკოლაზე თავდასხმის განზრახვას მიუთითებს.
პოლიციამ ასევე განაცხადა, რომ მოზარდს თავის WhatsApp-ის პროფილში დაყენებული ჰქონდა ელიოტ როჯერსის ფოტო, ახალგაზრდის, რომელიც 2014 წელს შეერთებულ შტატებში, კალიფორნიის უნივერსიტეტის მახლობლად, ექვსი ადამიანი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.
თურქი მოზარდის მამა ყოფილი პოლიციელია, სწორედ მისი ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა მოზარდმა. პოლიციამ მოზარდის დედ-მამა დააკავა გამოძიების ფარგლებში.
მამის ჩვენების თანახმად, ცეცხლსასროლი იარაღი, რომლითაც მოზარდი თანასკოლელებს დაესხა თავს, მას ეკუთვნოდა და სახლში ინახებოდა.
მან თქვა, რომ მის შვილს ბოლო დროს გაუჩნდა ინტერესი იარაღის მიმართ და დაადასტურა, რომ ამავე კვირის დასაწყისში შვილი საგანგებოდ წაიყვანა, რომ ბავშვს მისი ზედამხედველობის ქვეშ გაესროლა.
მამის თქმით, როცა ამბის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, ფიქრობდა, რომ მისი შვილი მსხვერპლთა შორის იყო და მხოლოდ მოგვიანებით გაიგო, რომ ტრაგედიის მიზეზი მისი შვილი იყო და, ასევე, მისი სიკვდილის შესახებაც.
თურქეთში სკოლაში იარაღით თავდასხმები გავრცელებული არ არის, თუმცა კიდევ ერთი მსგავსი შემთხვევა 14 აპრილს, ქაჰრამანმარაშის პროვინციის მეზობელ რეგიონში, შანლიურფას პროვინციაში მოხდა, სადაც 19 წლის ბიჭის თავდასხმის შედეგად სკოლაში 16 ადამიანი დაშავდა.
თურქული მედიის ცნობით, მთავრობა საგანმანათლებლო დაწესებულებებზე განხორციელებული თავდასხმების სერიას ებრძვის.
თურქეთის პარლამენტი სკოლაში ძალადობის გამოსაძიებლად სპეციალური კომისიის შექმნას გეგმავს მსგავსი ინციდენტების თავიდან ასაცილებლად.
ამავე დროს, ქვეყნის იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ გამოავლინეს მრავალი ანგარიში, რომლებიც პანიკას თესავდნენ, აკრძალულ კადრებს ავრცელებდნენ ან ძალადობას ახალისებდნენ.
ამ საქმეზე პროკურატურამ დაიწყო გამოძიება 130 ანგარიშის მფლობელის მიმართ, დაკავებულია 95 პირი, 1100-ზე მეტ სოციალური მედიის ანგარიშზე წვდომა შეიზღუდა.






