მთავარი,სიახლეები

„ოცნებამ“ 2028 წელს მოგცემთ ბინებსო“ – ვის შეხვდება ოზთურქის ბინები ბათუმში და სოციალური სახლები ქობულეთში

14.04.2026
„ოცნებამ“ 2028 წელს მოგცემთ ბინებსო“ – ვის შეხვდება ოზთურქის ბინები ბათუმში და სოციალური სახლები ქობულეთში

მას შემდეგ, რაც ბიზნესმენ გალიფ ოზთურქს „ოცნების“ მთავრობამ ბათუმში უკანონოდ აშენებული კორპუსები ჩამოართვა და განაცხადა, ამ ბინებს უსახლკაროებს გადავცემთო, უსახლკაროები ერთ ვერსიას განიხილავენ: „2028 წელს აპირებენ ბინების გადმოცემას, ასე გვითხრეს მთავრობაში, ჯერ რემონტია საჭირო, ბინების გადაკეთება და ოჯახების შერჩევაო. სინამდვილეში კი, სპეციალურად ამთხვევენ არჩევნებს. ხომ ხვდებით, რატომაც?“ – უთხრა „ბათუმელებს“ ერთ-ერთმა უსახლკარომ.

ადამიანებს, რომლებიც ამბობენ, რომ უსახლკარო არიან, „ოცნების“ დამოკიდებულებაზე ღიად საუბარი უჭირთ, მათ შორის, ამ თემაზე: „ოცნების ქალაქის“ შემდეგ „ოცნება“ უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანების დაქვემდებარებას ხომ არ ცდილობს?

საგულისხმოა ისიც, რომ, მაგალითად, ქობულეთში უსახლკაროდ დარჩენილ ადამიანებს ორ მრავალსართულიან კორპუსში ბინებს 2028 წელს გადასცემენ – მომავალი საპარლამენტო არჩევნების წელს. ეს რომ ასეა, სატენდერო დოკუმენტებითაც ჩანს და ქობულეთის მერიის პრესცენტრშიც გვითხრეს: ბინების გადაცემა 2028 წლისთვის იგეგმებაო.

ბათუმში უსახლკაროების ნაწილს ბათუმის მერია ქირის ფულს უხდის დროებით და აიმედებს: შეიძლება ოზთურქისთვის ჩამორთმეულ კორპუსებში ბინა მოგიწიოთო. ამ ადამიანებს ოზთურქისთვის ჩამორთმეული ბინების გადაცემას „ოცნება“ 2026 წლის იანვარში დაჰპირდა.

ამ დრომდე „ოცნების“ მთავრობას არ შეურჩევია ოჯახები, ვინ მიიღებს ბინას, ასევე, არ გამოცხადებულა ტენდერი სარემონტო სამუშაოებზე – აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა 2026 წლის 27 იანვარს უსახლკაროებს უთხრა, რომ ოზთურქის კორპუსები ამ ეტაპზე საცხოვრებელი ბინის პირობებს არ აკმაყოფილებს: „საჭიროა დამატებითი სამუშაოების ჩატარება, რასაც სჭირდება გარკვეული დრო“.

რა ეტაპზეა ოზთურქისთვის ჩამორთმეული ბინების უსახლკარო ადამიანებისთვის გადაცემის პროცესი? მიიღო ექსპლუატაციაში მერიამ 7 კორპუსი, რომლებიც თავის დროზე უკანონოდ აშენდა და ამის გამო ბათუმის მერიას ოზთურქის კომპანიის წინააღმდეგ სასამართლო დავა ჰქონდა? გამოცხადდა ტენდერი სარემონტო სამუშაოებზე? – შეკითხვებით ბათუმის მერიის პრესცენტრს მივმართეთ, თუმცა დღის განმავლობაში პასუხი არ მიგვიღია.

თამაზ ბაკურიძე, სამოქალაქო ორგანიზაციის „ჩვენი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი „ბათუმელებთან“ საუბრის დროს პარალელს „ოცნების ქალაქთან“ ავლებს და არ გამორიცხავს, რომ უსახლკაროებმა ბინები მართლაც 2028 წელს მიიღონ. თამაზ ბაკურიძე ხშირადაა უსახლკაროების აქციებზე და მათ პრობლემებზე საუბრობს.

საუბარია უსახლკაროებზე, რომლებიც სოციალურად დაუცველი ადამიანები არიან, მათ შორის, მარტოხელა დედები, შშმ პირები, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალები… ეს ადამიანები რამდენიმე წლის განმავლობაში მართავდნენ აქციებს ბათუმის მერიასთან და აჭარის მთავრობასთან, თუმცა წლებია მათი საცხოვრებელი პირობებით, შემოსავლებით, ან მოთხოვნის რეალურობით „ოცნების“ მთავრობა არ დაინტერესებულა.

„არაფერი არ ხდება ამ ეტაპზე, არანაირი სამუშაოები არ დაუწყიათ,“ – გვიყვება თამაზ ბაკურიძე. – „არ არის კრიტერიუმები, ვის როგორ მისცემენ. ცნობილი მხოლოდ ისაა, რომ პირველ მაისამდე მერია იღებს განცხადებებს.

ჩემი ინფორმაციით, უპირატესობას მიანიჭებენ ეკომიგრანტებს და დევნილებს. 160 დევნილი ოჯახია დასაკმაყოფილებელი, ამას დაემატება ეკომიგრანტები. უსახლკაროები, როგორც ასეთი, სავარაუდოდ, ნაკლები იქნება, ვინც ბინას მიიღებს.

საბოლოოდ „ოცნების ქალაქთან“ დაკავშირებითაც არ შექმნილა კომისია, უფრო სწორად, მანამდე შეიქმნა არასამთავრობო ორგანიზაციების და სახალხო დამცველის წარმომადგენლის მონაწილეობით კომისია, მაგრამ სახელმწიფომ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, კიდევ კონკრეტულმა თანამდებობის პირებმა გაანაწილეს ეს ბინები. აქაც არ იქნებიან მიწვეული სამოქალაქო ორგანიზაციები, სახალხო დამცველი, ან წითელი ჯვარი, სახელმწიფო გადაწყვეტს, ვის როგორ უნდა მისცეს…

პირველ მაისს არის დაგეგმილი უსახლკაროების შეკრება, ვისაც განცხადება აქვს დაწერილი,“ – გვითხრა თამაზ ბაკურიძემ.

ბათუმის მერია ოზთურქისთვის ჩამორთმეულ კორპუსებს 2026 წლის თებერვლიდან იცავს. ქალაქის ბიუჯეტიდან დაცვის პოლიციას, მიმდინარე წლის მაისის ჩათვლით, ჯამში, 373 ათას 860 ლარს გადაუხდიან. „მოქალაქეთა მხრიდან აღნიშნული ფართის თვითნებურად [უკანონოდ] დაკავების თავიდან აცილების მიზნით [რისი მცდელობაც ბოლო პერიოდში არაერთხელ ყოფილა] მიზანშეწონილია ზემოაღნიშნული ობიექტების დაცვით უზრუნველყოფა,“ – წერს ბათუმის მერია დასაბუთებაში, როცა მან ტენდერის გარეშე ითხოვა მომსახურების შესყიდვა.

„ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების [ქ. ბათუმი, ნ. გოგოლის ქ. №11] დაცვის მომსახურების განხორციელების მიზნით, დაევალოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის შესყიდვების განყოფილებას გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობის მიღების მიზნით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსათვის მიმართვა,“ – წერია ბათუმის მერის 2026 წლის 3 აპრილის ბრძანებაში.

ბათუმში, გოგოლის ქ. №11-ში მდებარე კორპუსები საჯარო რეესტრის მიხედვით, ჯერ ბათუმის მუნიციპალიტეტის ქონებად დარეგისტრირებული არ არის. ბათუმის საკუთრებად რეესტრში მხოლოდ მიწის ნაკვეთია რეგისტრირებული და მასზე მდებარე შენობები არ არის მითითებული. შენობები არც ოზთურქის საკუთრებად იყო რეგისტრირებული.

საუბარია იმ კორპუსებზე, რომლებიც ოზთურქის კომპანიამ 2021 წელს უკანონოდ ააშენა და სახელმწიფოს მისთვის ხელი არ შეუშლია.

მას შემდეგ, რაც „ოცნების“ მთავრობას ბიზნესმენთან ურთიერთობა დაეძაბა, ამ კორპუსების კანონიერებაზე დაიწყო ადმინისტრაციული დავა ბათუმის საქალაქო სასამართლოში.

ბიზნესმენ გალიფ ოზთურქს, რომელიც არის თურქეთის და საქართველოს მოქალაქე, ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე უკანონოდ აშენებული საცხოვრებელი კორპუსები 2025 წლის ბოლო საპროცესო შეთანხმების საფუძველზე ჩამოართვეს. „ოცნებასთან“ საქმის გაფუჭების შემდეგ, გალიფ ოზთურქი ნარკოდანაშაულისთვის 2023 წელს გაასამართლეს, მას ბათუმის საქალაქო სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. პარალელურად, პროკურატურამ მას ბრალი ფინანსურ დანაშაულზე წარუდგინა.

გალიფ ოზთურქი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან 2025 წლის 27 ივნისს გათავისუფლდა, ფინანსურ დანაშაულზე კი, საპროცესო შეთანხმება 2025 წლის დეკემბერში შედგა. ბოლო საპროცესო შეთანხმებით ჩამოართვეს ოზთურქის 7 კორპუსი გოგოლის ქუჩაზე.

ჩამორთმეულ კორპუსში დაახლოებით 500-მდე ოჯახს მოუწევს ბინა.

რაც შეეხება ქობულეთს: პოპოვის ქუჩა N12-ში მრავალბინიანი სოციალური სახლების მშენებლობაზე ქობულეთის მუნიციპალიტეტმა ტენდერი თავდაპირველად 2023 წელს გამოაცხადა. პირველი ტენდერი შეწყდა და 2025 წელს შესყიდვა ხელახლა გამოცხადდა. სოციალურ სახლებს ქობულეთში 23 მილიონ 348 014 ლარად აშენებს შპს „ფორუმ კონტრაქტს ლიმიტედი საქართველოს ფილიალი“.

სამშენებლო სამუშაოები კომპანიამ 2028 წლის იანვარში უნდა დაასრულოს.

ქობულეთის მერიის პრესცენტრში ვერ გვითხრეს, როდის შეირჩევიან კონკრეტული ოჯახები, რომლებსაც ახალაშენებულ კორპუსებში მოუწევთ ბინა.

——————

უფლებადამცველების შეფასებით, „ქართული ოცნება“ რეალურად არასდროს არ ინტერესდება სოციალური პრობლემების მოგვარებით. ამის ნათელი მაგალითია „ოცნების ქალაქი“ – „ოცნების“ მთავრობა 10 წლის განმავლობაში, 2012 წლიდან აიგნორებდა უსახლკარო ადამიანებს ე.წ. მუყაოს ქალაქში, სადაც ასეულობით ოჯახი მცირეწლოვანი ბავშვებით ახლაც უკიდურეს სიღატაკეში ცხოვრობს. 2022 წელს კი, „ქართულმა ოცნებამ“ „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები სოციალურად დაუცველი ადამიანები საარჩევნო სქემაში ჩართო: „ოცნების ქალაქის“ მაცხოვრებლები თვითმმართველობის წინა არჩევნებზე მასობრივად დაარეგისტრირეს ბათუმში და დაჰპირდნენ ბინების გადაცემას, თუ „ქართულ ოცნებას“ დაუჭერდნენ მხარს.

2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნების ბედი ბათუმში პრაქტიკულად „ოცნების ქალაქმა“ გადაწყვიტა – მას შემდეგ, რაც ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი, ნუგზარ ფუტკარაძე გარდაიცვალა – ეს ფაქტი დღემდე გამოუძიებელია – შუალედური არჩევნები ჩატარდა. საბოლოოდ, „ოცნების ქალაქის“ გამოყენებით, ბათუმის საკრებულოში უმრავლესობა „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა. 

„ოცნების ქალაქის“ ამ სქემის გამოყენების შედეგად მაშინ არჩევნებში ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სწორედ რამაზ ჯინჭარაძე გახდა, რომელიც მანამდე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე იყო. მას დევნილებთან და ეკომიგრანტებთან მუშაობის გამოცდილება ჰქონდა. რამაზ ჯინჭარაძე ახლა „ოცნების“ უმაღლესი საბჭოს დეპუტატია.

„ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ოჯახების ნაწილს ბინები დაურიგეს, ნაწილი ბინებს ისევ ელოდება.

__

ამ თემაზე:

„ოცნების“ კოორდინატორი ახალ სქემაზე – ვინ რისთვის მიჰყავთ „ოცნების ქალაქიდან“ საჯარო რეესტრში | ვიდეო

გადაბეჭდვის წესი


ასევე: