მთავარი,სიახლეები

„უნგრეთი მოქალაქეებმა გაიყვანეს სამშვიდობოზე, ეს უნდა შეძლოს საქართველოს მოსახლეობამაც“ – ინტერვიუ

14.04.2026
„უნგრეთი მოქალაქეებმა გაიყვანეს სამშვიდობოზე, ეს უნდა შეძლოს საქართველოს მოსახლეობამაც“ – ინტერვიუ

რა შეიძლება ისწავლოს ქართულმა ოპოზიციამ უნგრეთის მაგალითზე, აკლია თუ არა ოპოზიციას ხალხთან კომუნიკაცია და როგორ შეიძლება მიაღწიოს საქართველომ ახალ არჩევნებს დემოკრატიულ გარემოში? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ექსპერტს საერთაშორისო საკითხებში, ეკა აკობიას ესაუბრა.

  • ქალბატონო ეკა, რა შეიძლება ასწავლოს ქართულ ოპოზიციას უნგრეთის, კონკრეტულად კი პეტერ მადიარის მაგალითმა. ითქვა, რომ მისი წარმატება ხალხთან ახლო ურთიერთობამ განაპირობა. თქვენი აზრით, ახერხებს იმავეს ქართული ოპოზიცია და თუ არის შესაძლებელი საქართველოს კონტექსტში იმ პოლიტიკის წარმოება, რაც გამოადგა თუნდაც მადიარს არჩევნების მოგებაში?

ზოგადად, საგარეო პოლიტიკას და მით უმეტეს, საშინაო პოლიტიკას არ უყვარს პირდაპირი პარალელები. პირდაპირი პარალელები შეიძლება ვეძიოთ მხოლოდ ისეთ ზოგადსაკაცობრიო კონცეფციებსა და ფენომენებში, როგორიცაა პატრიოტიზმი, მოქალაქეების სამსახური, კანონის უზენაესობა, ევროპისკენ და ევროკავშირისკენ სწრაფვა.

ეს მუშაობს კარგად და, საბოლოო ჯამში, განაპირობებს ხალხის არჩევანს. ყველა სხვა მოცემულობა ძალიან კონტექსტურია, შესაბამისად, ინდივიდუალური ქვეყნის მაგალითიდან უნდა ამოვიდეთ.

მე, როგორც საგარეო ურთიერთობების სპეციალისტი, არ მივესალმები პირდაპირ პარალელებს, თუმცა შეგვიძლია ვისაუბროთ კარგად ნასწავლ გაკვეთილებზე ამ ორ ვითარებაში.

  • რატომ არ იმუშავებს სხვისი გამოცდილება, მაგალითად, ჩვენთან?

იმიტომ, რომ კონტექსტი და მოცემულობა განსხვავდება. სხვისი გამოცდილება შეიძლება რელევანტური იყოს, შეიძლება – არა. ამ კონკრეტულ სიტუაციაშიც შეიძლება რაღაც მსგავსებებზე ვისაუბროთ და ასევე ვისაუბროთ განსხვავებებზეც. აი, მაგალითად, უნგრეთის შემთხვევაში რაც სიახლე და განსაკუთრებული მოცემულობა იყო, არის ის, რომ [პეტერ მადიარი] ორბანის მთავრობიდან წამოსული პიროვნებაა, რომელმაც ახალი პარტია გააკეთა.

საქართველოს შემთხვევაშიც იყო ასეთი მოცემულობა, როცა გახარია წამოვიდა მთავრობიდან და ცალკე პარტია გააკეთა, რომელიც მონაწილეობდა 2024 წლის არჩევნებში, არც კოალიციას შეუერთდა, მაგრამ მაინც არ იმუშავა ამ ფაქტორმა, ანუ არ იყო საკმარისი სიახლე ამომრჩევლისთვის. თუმცა სხვა სიტუაციაში შეიძლება რაღაც სხვამ იმუშაოს.

ეკა აკობია

დიდმა კოალიციამ არც უნგრეთში იმუშავა 2022 წელს და დავინახეთ, რომ საქართველოს შემთხვევაში ისეთი ფართო კოალიცია, როგორიც უნგრეთში იყო, არც გვქონია. თუმცა, რომც გვქონოდა, შესაძლოა უნგრეთის ბედი გაეზიარებინა, ანუ ზედმეტ იდეოლოგიურ სიჭრელეს შესაძლოა პირიქით – უარყოფითი შედეგი მოეტანა.

მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი და განმასხვავებელი უნგრეთ-საქართველოს შორის არის ის, რომ უნგრეთი ევროკავშირის წევრია. შესაბამისად, უნგრეთი მაინც რჩებოდა ელექტორალურ დემოკრატიად, ანუ იქ არჩევნებს თავისი არსი დაკარგული არ ჰქონია.

იქ არსებობს ინსტიტუციები, მათ შორის ცენტრალური საარჩევნო კომისია და ძლიერი ადგილობრივი პოლიტიკა. დეცენტრალიზაცია შედარებით დაწინაურებულია, საქართველოსგან განსხვავებით. საქართველოში ზედმეტად ცენტრალიზებულია პოლიტიკა და პრაქტიკულად საერთო შედეგს ყოველთვის პირდაპირპროპორციულად აირეკლავს ადგილობრივი პოლიტიკა, უნგრეთში ასე არ არის ბოლომდე. 16 წლის მანძილზე ორბანმა აქაც სერიოზული გარდატეხა შეიტანა, მაგრამ მაინც.

ევროკავშირის წევრობამ და ამდენი წლის განმავლობაში დემოკრატიის მშენებლობაში ჩადებულმა რესურსმა მოიტანა ის შედეგი, რომ არჩევნები, მიუხედავად მრავალწლიანი ავტოკრატიული საკანონმდებლო ცვლილებებისა, უნგრეთში მაინც ფეთქავდა და გავლენა ჰქონდა შედეგებზე.

საქართველო ჯერ არც კი იყო გადასული წესიერად ევროკავშირთან პირობითობის ეტაპზე, ისე შეაჩერეს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები – 2024 წლის ნოემბრის იმ საბედისწერო განცხადებით, რომ 2028 წლამდე არ მივმართავდით ევროკავშირს ამ საკითხზე.

ჩვენ ეს – სერიოზული განმავითარებელი ეტაპი, რაც უნგრეთმა თავის დროზე გაიარა, არც არასდროს გაგვივლია. შესაბამისად, აქ მეტად მოწყვლადია ინსტიტუტები და პოლიტიკურ პარტიებსაც ფუნქციონირების იმხელა ისტორია არ გააჩნიათ, როგორც უნგრეთში.

აუცილებელია აღინიშნოს საზოგადოებრივი განწყობებიც. უნგრელები მთლიანობაში ბევრად უფრო ღია არიან დემოკრატიული ღირებულებებისადმი, ბევრად უფრო გათავისებული აქვთ თანასწორობის მნიშვნელობა, უმცირესობების უფლებები, რელიგიური თავისუფლება, ვიდრე ქართულ საზოგადოებას. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში იქაც ხდებოდა ფორსირებულად კონსერვატიული ღირებულებების არა მარტო წინ წამოწევა, არამედ მწვავე დაპირისპირება ევროკავშირის ფასეულობებთან და პოპულისტურ ინსტრუმენტად გამოყენება.

ზუსტად ასე აქვს კოპირებული საქართველოშიც „ქართულ ოცნებას“. უბრალოდ, ჩვენთან უფრო დრამატულ შედეგებს ვიღებთ სწორედ ამ განსხვავებული საწყისი წერტილებიდან გამომდინარე.

  • მაშინაც შეეძლო პროპაგანდას ასე ეფექტურად ემუშავა, თუ ოპოზიცია სათანადოდ შეძლებდა ხალხთან ურთიერთობას?   

მე ვაკვირდები პოლიტიკას და ვფიქრობ, რომ ქართულ პოლიტიკაშიც ყოფილა აქტიური კარდაკარისა და რეგიონებში გასვლის პერიოდები, მაგრამ ბოლო წლები და ბოლო არჩევნები იმდენად ეგზისტენციალური პრობლემებით იყო გაჯერებული, იმდენად პოლარიზაციის და ამავდროულად სუპერცენტრალიზაციის პირობებში ტარდებოდა, რომ გასაკვირი არ არის, ოპოზიციას არ ჰქონოდა თავისუფალი წვდომა რეგიონებთან.

იმდენად ბევრი ცვლილებაა შესული საარჩევნო კანონმდებლობაში, რომ ეს მნიშვნელოვნად აუარესებს სამოქმედო გარემოს პოლიტიკოსებისთვის.

მეორე მხრივ, ხალხთან პირდაპირი კომუნიკაცია და მათთან ინფორმაციის აქტიურად მიტანა აუცილებელია. ასევე მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა პოლიტიკური დღის წესრიგი ააგონ შიდა, სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე. გასაგებია, რომ ჩვენს პოლიტიკურ დღის წესრიგში დიდი აქცენტი კეთდება საგარეო საფრთხეებზე, საგარეო ორიენტაციაზე, თუმცა ეს არ უნდა ანაცვლებდეს შიდა პოლიტიკურ საჭიროებებს და უფრო აქტიურად უნდა იყოს წინ წამოწეული ოპოზიციური პოლიტიკოსების და პარტიების ხედვები განვითარების მომავალ ტრაექტორიასთან დაკავშირებით.

  • რეპრესიული კანონების ფონზე დარჩა დღეს ოპოზიციას ის რესურსი, რომ ივანიშვილის ხელისუფლება შეცვალოს ხალხთან დიალოგით?

ამ თვალსაზრისით ვითარება რთულია იმიტომ, რომ ზოგადად, პარტიულ აპარატებს განვითარებისა და ფუნქციონირებისთვის სჭირდებათ თანასწორი გარემო, როგორც კანონის, ასევე რესურსებზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. ეს საქართველოში სერიოზული პრობლემაა, კანონებში შეტანილი მთელი რიგი ცვლილების გამო,

იცით, რომ მეწარმეებს და ბიზნესის წარმომადგენლებსაც კი ეზღუდებათ მათთვის სასურველი პოლიტიკური სუბიექტების მხარდაჭერა უნგრეთისგან განსხვავებით. ეს არის სწორედ ის განმაპირობებელი გარემოებები, რაც ხელს უშლის ოპოზიციას. მაგრამ, ჩემი აზრით, შეუძლიათ ჰქონდეთ უფრო აქტიური კომუნიკაცია ხალხთან.

უნგრეთშიც ბოლომდე იყენებდნენ ადმინისტრაციულ რესურსს ორბანი და „ფიდესის“ ადგილობრივი წარმომადგენლობები, მაგრამ საქართველოს არ გაუვლია ევროინტეგრაციის ეტაპი. შესაბამისად, დემოკრატიის ხარისხი და ინსტიტუციური მდგრადობა აქ ისეთი მაღალი არ არის, როგორც უნგრეთში და მოსახლეობის მოწყვლადობაც უფრო მაღალია, ვიდრე უნგრეთში.

ასევე უნდა გავაცნობიეროთ, რომ ოპოზიციური პარტიების დისკრედიტაცია, სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან იქნება ეს თუ პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან, მრავალწლიანი მიზანმიმართული საქმიანობის შედეგია და გასაკვირი არ არის, თუ ოპოზიცია დასუსტებულია.

უნგრეთის მაგალითი შეიძლება განმეორდეს იმ შემთხვევაში, თუ ფხიზლად და დაკვირვებულად იქნება, როგორც პოლიტიკური აქტივი, ასევე საზოგადოება. თუ საზოგადოება გაიაზრებს ცვლილებების მნიშვნელობას და საჭიროებას, თავის როლსაც დაინახავს ამ პროცესში და ასევე დაინახავს ოპოზიციური ფლანგის სისუსტის რეალურ მიზეზებსაც.

  • თქვენ თქვით, რომ უნგრეთში არჩევნებს ფუნქცია არ დაუკარგავს და ამიტომ დადგა ეს შედეგი. თუ საქართველოში დემოკრატიული ცვლილებების შანსები აღარ არსებობს, მაშინ როგორ იმუშავებს ოპოზიცია?

ხშირად, საბოლოო შედეგი ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული: ჩემი აზრით, ქვეყანაში დღეს პროტესტი ზუსტად იმაზეა, რომ არჩევნები ჩატარდეს, მაგრამ ჩატარდეს უფრო თანაბარ და გაუმჯობესებული საკანონმდებლო პირობებში. თუ იგივე პირობებში ჩატარდება, იმავე შედეგს მივიღებთ. ამიტომ, ამის ასე დავიწროება, რომ  არჩევნებს აზრი არ აქვს, არასწორია – ასე ცალსახად და ხაზგასმით არ დგას საკითხი.

საქართველოში ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს გაუმჯობესებული კანონმდებლობით, მათ შორის ვენეციის კომისიის, ევროსაბჭოს და ევროკავშირის რეკომენდაციების გათვალისწინებით. ამას მიემართება ეს მასშტაბური აქციები, რომელიც 500 დღეზე მეტია იმართება. მარტო არჩევნების დღე არ არის პოლიტიკური ბრძოლის ნიშანსვეტი. მნიშვნელოვანია ყოველდღიური ბრძოლა მეტი თანასწორობისთვის, კანონის უზენაესობისა და სხვა აუცილებელი სამოქალაქო უფლებებისა და თავისუფლებებისთვის.

ცხადია, ოპოზიციური სპექტრიდან მეტი აქტიურობაა საჭირო სოციალურად აქტუალურ თემებზე და მათი ხედვა იმაზე, ეს საკითხები როგორ უნდა გაიმართოს, რა გზით, რა შედეგებამდე მივალთ.

თუმცა, მარტო პოლიტიკური პარტიები დემოკრატიას ვერ განავითარებენ ქვეყანაში, მით უმეტეს ისეთ ქვეყანაში, რომელიც გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე არაერთ საგარეო საფრთხესთან დგას პირისპირ. უნდა გვახსოვდეს, რომ, როგორც უნგრეთში მოქალაქეებმა გაიყვანეს თავიანთი ქვეყანა უსაფრთხო ფონზე და დააბრუნეს ევროპულ რელსებზე, ზუსტად ასევე უნდა შეძლოს საქართველოს მოსახლეობამაც.

უნდა შედგეს სიმბიოზი პოლიტიკურ ალტერნატივებსა და ამომრჩეველს შორის.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: