შპს „კომუნა კონსტრაქშენი“ ბათუმში, ფიროსმანის #1-ში ორსართულიანი ისტორიული სახლის ჩანაცვლებას გეგმავს. აქ მცხოვრებლებთან საკუთრების კონკრეტული პირობით დათმობაზე ხელშეკრულებები კომპანიას 2023 წელს გაუფორმებია. როგორც რეესტრის ამონაწერში დაფიქსირებული ჩანაწერით ირკვევა, შეთანხმება ძველის ახლით ჩანაცვლებას გულისხმობს.
შპს „კომუნა კონსტრაქშენი“ იგივე „ტერასა ჰაუსია“ კომპანიამ სახელი ორჯერ შეიცვალა, დაფუძნებულია როგორც შპს „ემ-კვადრატი“, შემდეგ „ტერასა ჰაუსი“ დაარქვეს, შემდეგ კი „კომუნა კონსტრაქშენი“. 2025 წელს კომპანიის წილები მფლობელმა სრულად გაასხვისა, თავისი ვალდებულებით და იმ ქონებით, რაც ფიროსმანის #1-ში აქვს დარეგისტრირებული.
შეთანხმების თანახმად, ფიროსმანის #1-ში მდებარე ორსართულიანი სახლის მესაკუთრეებს ახალაშენებულ კორპუსში უნდა მიეღოთ ფართობები ძველის დათმობის სანაცვლოდ. მშენებლობის დასრულებამდე კი ახალ უსაფრთხო გარემოში ცხოვრებას შეძლებდნენ, რასაც მშენებელი კომპანია უზრუნველყოფდა.
ფიროსმანის #1-ში მდებარე ორსართულიან სახლში მცხოვრებლები სახლის უსაფრთხოების საკითხს წლების განმავლობაში აყენებდნენ დღის წესრიგში და შესაბამის რეაგირებას მერიისგან ითხოვდნენ.

ბათუმი, ფიროსმანის #1
ბათუმის მერიამ აქ მცხოვრებთა თხოვნით შენობის ექსპერტიზა სამხარაულის ეროვნულ ბიუროს 2021 წელს დაუკვეთა, ექსპერტიზის ბიურომ კი დასკვნაში ჩაწერა, რომ ორსართულიანი ისტორიული სახლი აღდგენას არ ექვემდებარება.
„ფიროსმანის ქუჩაზე #1-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი ავარიულ მდგომარეობაშია. არსებული სახით შენობის ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია. დაზიანებათა ხასიათისა და მოცულობიდან გამომდინარე შენობის აღდგენა არარენტაბელურია და არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად“, – დაწერა ექსპერტმა ალექსანდრე კაიფანჯიანმა.“
დოკუმენტებით ირკვევა, რომ შპს „კომუნა კონსტრაქშენმა“ [„ტერასა ჰაუსი“] მერიას ფიროსმანის #1-ში ახალი 18 სართულიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვა სწორედ ავარიული სახლების პროგრამის ფარგლებში სთხოვა. ბათუმში დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, კომპანიას ნებართვა უპრობლემოდ უნდა მიეღო, თუმცა ასე არ მოხდა. ეს პროგრამა აძლევს მერს შესაძლებლობას ზონაში პროექტის განაშენიანების ინტენსივობის დადგენილი კოეფიციენტის გაზრდას დასთანხმდეს.
აქ მცხოვრებთა ინფორმაციით, გადაწყვეტილების გაჭიანურების მიზეზი გახდა მომიჯნავედ არსებულ მაღალსართულიან კორპუსში მცხოვრებთა წინააღმდეგობა, რაც მათ ბათუმის ყოფილმა მერმაც დაუდასტურა. თუმცა ამ ორსართულიანი სახლის მცხოვრებლებისთვის არავის უკითხავს, როგორ შეცვლიდა მათ საცხოვრებელ გარემოს მაღალსართულიანი კორპუსი, როცა ამ კორპუსის მშენებლობის ნებართვა გასცა მერიამ.

ბათუმის ყოფილი მერის 2023 წლის 3 ნოემბრის ბრძანების მიხედვით, მერიამ ფიროსმანის # 1-ში მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები შეითანხმა. იგივე ბრძანებით ყოფილმა მერმა კომპანიას დაავალა:
„განემარტოს განმცხადებელს, რომ პროექტის შეთანხმების ეტაპზე საჭიროა წარმოადგინოს მომიჯნავე შენობა-ნაგებობებზე ზემოქმედების კვლევა, IV კლასის შენობა-ნაგებობის შემთხვევაში – 20 მეტრის რადიუსში, დაურთეთ შესაბამისი სქემა, რომლითაც შესაძლებელი იქნება შენობა-ნაგებობების იდენტიფიცირება.“
2024 წლის ივნისში მერმა ახალი ბრძანება გამოსცა, რომლითაც ფიროსმანის #1-ში 18 სართულიანი კორპუსის არქიტექტურული პროექტი შეითანხმა. თუმცა ფიროსმანის #1-ში მცხოვრებლებისთვის ამით არაფერი შეცვლილა.
„გვეშინია, ერთ დღესაც ეს სახლი თავზე არ ჩამოგვენგრეს“, – ამ შინაარსის შეტყობინება „ბათუმელებმა“ ფიროსმანის #1-ში მცხოვრებლებისგან ბოლო წლების განმავლობაში არაერთხელ, ბოლოს კი 2025 წლის ივლისში მიიღო, მას შემდეგ თბილისში ავარიული კორპუსის ნგრევას მსხვერპლი მოჰყვა.
კიდევ ერთი შეტყობინებით აქ მცხოვრებმა გასულ კვირას მოგვმართა: „ახლა გავიგეთ პროექტი გაყიდულა, დაზუსტებით არ ვიცით. გამოდის კიდევ ერთი ზამთარი ამ სახლში ვიქნებით, ვინმე გვაძლევს გარანტიას, რომ არ ჩამოინგრევა?“
საჯარო რეესტრის მონაცემებით ირკვევა, რომ 2025 წლის ივნისში შპს „კომუნა ჰოლდინგმა“ კომპანიის წილების ასივე პროცენტი გაყიდა. ამ გარიგების ნაწილი იყო ისტორიული სახლი ფიროსმანის #1-ში, უფრო სწორად მიწის ნაკვეთი, რომელზეც ეს სახლი მდებარეობს. კომპანიის ასივე პროცენტი „კომუნა ჰოლდინგმა“ 800 000 დოლარად გაყიდა, რაც 2 მილიონამდე ლარია. ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ მყიდველისთვის ცნობილია კომპანიის იმ ვალდებულებების შესახებ, რომლებიც რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში.
კომპანიის წილები 2 ახალ მფლობელზე გადანაწილდა, ყოფილი მფლობელი გია ბერიძე კი ერთ-ერთ დირექტორად რჩება. ახალი მფლობელები არიან ნათია დიასამიძე და ეკატერინა ხალვაში [50-50%].
კიდევ ერთი ინფორმაციით, მომიჯნავე ნაკვეთზე მდებარე მრავალბინიან სახლში მცხოვრებლები მშენებლობის დაწყების შეფერხებას ისევ ახერხებენ. „ბათუმელების“ ინფორმაციით, მათ გამოსდით ის, რაც სხვებს არ გამოუვიდათ, რადგან კორპუსში ცხოვრობენ საჯარო უწყებებში დასაქმებული პირებიც.
რეალურად, ფიროსმანის #1-ში დაგეგმილი 18-სართულიანი კორპუსის მშენებლობა, დრამატულად შეცვლის გარემოს მომიჯნავედ – #1ა კორპუსში. ამ სახლს აღარ ექნება ზღვის ხედი და მზის შუქი, ამოუშენდება კედელი, ისევე, როგორც სხვა ბევრ საცხოვრებელ კორპუსს ბათუმში.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, ფიროსმანის #1ა-ში მცხოვრებლებმა მოახერხეს, რომ მერია მოლაპარაკებებს აწარმოებს მშენებელ კომპანიასთან, რომ 18-სართულიანი კორპუსის პროექტი 6 სართულიანით ჩაანაცვლოს, საკომპენსაციოდ კი მერია კიდევ ერთ მიწის ნაკვეთს დაუთმობს სხვაგან, სადაც მაღალი კორპუსის მშენებლობას შეძლებს.
ამ ინფორმაციის გადამოწმება მერიაში ვცადეთ, თუმცა აქ პასუხი არ გაგვცეს. მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ცინცაძე დაჰპირდა ამომრჩეველს, რომ გამჭვირვალე იქნება მისი მუშაობა, თუმცა მერიის სამსახურები კითხვებს არ პასუხობენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ინფორმაციას მალავენ.
არის თუ არა ეს სიმართლე? „ბათუმელები“ ამის გასარკვევად კომპანიის დირექტორსაც დავურეკეთ. მან გვითხრა, რომ „კარგად არ ესმის და ხვალ დღის საათებში დავურეკოთ“.






