მომდევნო კვირას, 21 აპრილს ევროპის საბჭოში გაიმართება დახურული მოსმენა საქართველოს საკითხზე.
დახურულ სხდომას საქართველოზე საპარლამენტო ასამბლეის ორი კომიტეტი – იურიდიული და მონიტორინგის კომიტეტები მართავენ.
მოსმენას დაესწრება ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი.
შეხვედრის თემა საქართველოში 2024/2025 წლების დემონსტრაციების დროს ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ ბრალდებებისა და ამ ბრალდებების ეფექტური გამოძიების არარსებობა იქნება.
მანამდე, 14-15 აპრილს ევროკომისარი მაიკლ ო’ფლაერტი მეორედ იმყოფებოდა საქართველოში.
ის სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.
„საქართველოში მივემგზავრები, რათა მთავრობასთან, ხელისუფლებასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული მთელი რიგი მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილო“, – დაწერა მაიკლ ო’ფლაერტმა X-ზე, თბილისში გამომგზავრების წინ.
თბილისში ევროკომისართან შეხვედრაზე მივიდნენ სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მათ შორის „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“, საიას, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“.
მაიკლ ო’ფლაერტი ასევე შეხვდა სახალხო დამცველს და „ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებსაც.
შეხვედრა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან კონფიდენციალური იყო და მასში მონაწილეებს მხოლოდ მწირი ინფორმაციის გაზიარების საშუალება აქვთ.
„ბათუმელები“ ესაუბრა „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ დირექტორს, უჩა ნანუაშვილს და საქართველოს სახალხო დამცველის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ბურჯანაძე, რომლებიც ესწრებოდნენ შეხვედრას ევროკომისართან.
უჩა ნანუაშვილის თქმით, მაიკლ ო’ფლაერტს ბევრი საკითხი აინტერესებდა და სურდა ამ საკითხების შესახებ განახლებული ინფორმაცია მიეღო.
„ეს იყო მისი მეორე ვიზიტი საქართველოში. გასულ წელსაც დაახლოებით ამ დროს იმყოფებოდა და საკმაოდ კრიტიკული ანგარიში მოამზადა. ევროკომისარს სურდა ამ ერთი წლის განმავლობაში მომხდარი მოვლენების შესახებ, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე მიეღო უფრო ამომწურავი ინფორმაცია. ევროკომისარი ყოველთვის ხვდება უფლებადამცველებს ყველა ქვეყანაში და ყოველთვის ცდილობს თავისი მანდატი გამოიყენოს იმისთვის, რომ იმ ქვეყნებში, სადაც პრობლემები აქვთ უფლებადამცველებს, ყურადღება გამახვილდეს ამ პრობლემებზე,“ – ამბობს უჩა ნანუაშვილი.
სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე გიორგი ბურჯანაძე ხაზს უსვამს იმას, რომ მოკლე დროში მეორე ვიზიტი ჰქონდა ევროკომისარს საქართველოში.
„ადამიანის უფლებათა კომისარი ერთსა და იმავე ქვეყანაში ვიზიტით ხშირად არ ჩადის. ეს იშვიათია და ევროკომისრის მეორედ ჩამოსვლა, უკვე დასტურია იმისა, რომ ქვეყანაში არის ძალიან ცუდი მდგომარეობა ადამიანის უფლებების კუთხით.
შეხვედრას რაც შეეხება: მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ, რომ ჩამოსვლისთანავე პირველი შეხვედრა გამართა ქვეყანაში მოქმედ დარჩენილ ორგანიზაციებთან, მათ შორის მედია ორგანიზაციებთან.
მასაც ვუთხარი შეხვედრაზე: სახალხო დამცველს თქვენ უფრო ხშირად ჰყავხართ ნანახი, ვიდრე ამ შეხვედრაზე მყოფ ადამიანებს ჰყავთ ნანახი სახალხო დამცველი-მეთქი.
იმ ყველაფერზე, რაც ხდება ქვეყანაში, არანაირი შეხვედრა არ ყოფილა თუნდაც სახალხო დამცველთან, რომელიც არც განცხადებას აკეთებს ამ რეპრესიულ კანონებზე, არც ანგარიშშია რეკომენდაციები ამ კუთხით.
საუბრის თემატიკას რაც შეეხება, სამი ძირითადი საკითხი ჰქონდა, რაზეც ვიმსჯელეთ: სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების თავისუფლება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ადამიანის უფლებების მდგომარეობა და პოლიციის დაუსჯელობა“, – ამბობს გიორგი ბურჯანაძე.
კითხვაზე, რა გავლენას მოახდენს მსგავსი ტიპის შეხვედრები, საქართველოსთან დაკავშირებულ სამომავლო საერთაშორისო შეფასებებსა და რეკომენდაციებზე? -„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ დირექტორი უჩა ნანუაშვილი ამბობს, რომ ევროკომისრის ეს ვიზიტი არ იყო ამოვარდნილი საერთო დღის წესრიგიდან.
„მანამდე იყო არაერთი სხვადასხვა ანგარიში უფლებადაცვითი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, მათ შორის ეუთოს მხრიდან საკმაოდ კრიტიკული ანგარიში.
მე ვფიქრობ, ეს [ვიზიტი] არის გაგრძელება იმის, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები თვალს არ ხუჭავენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე. ცდილობენ, დააკვირდნენ გაძლიერებული ოპტიკით და დაინახონ ის გამოწვევები და ის პრობლემები, რომელიც არსებობს.
ევროკომისარს აქვს საკმაოდ სერიოზული მანდატი და რეპუტაციაც იმისთვის, რომ მოახდინოს გავლენა, თუნდაც იმაზე, რომ ევროსაბჭო იყოს უფრო მეტად აქტიურად ჩართული ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.
სხვათა შორის, ეს ერთ-ერთი რეკომენდაცია „მოსკოვის მექანიზმის“ ექსპერტისგანაც იყო ის, რომ ადამიანის უფლებათა კომისარი საქართველოში ჩამოსულიყო და შეესწავლა აქ განვითარებული მოვლენები.
რამდენიმე კვირაში მომზადდება ამ ვიზიტის ამსახველი დოკუმენტი, რომელიც გამოქვეყნდება და სადაც ალბათ მისი მოსაზრებები იქნება ბოლო დროს მომხდარ საკითხებზე. განსაკუთრებით ეს ეხება, როგორც მომხდარ ფაქტებს, ასევე იმ საკანონმდებლო ჩარჩოს, რომელიც რეპრესიულია და გაუსაძლისი პრაქტიკულად დამოუკიდებელი ორგანიზაციებისთვის,“ – ამბობს უჩა ნანუაშვილი.
სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე გიორგი ბურჯანაძე კი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ევროკომისრის ანგარიში არის მნიშვნელოვანი წყარო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის.
„ასევე მნიშვნელოვანი წყაროა სხვა ორგანოებისთვისაც – იქნება ეს საპარლამენტო ასამბლეა, მინისტრთა კომიტეტი თუ იქნება გენერალური მდივანი. ამიტომ, ყველა განზომილებაში, რომელიც ადამიანის უფლებებს და ანგარიშვალდებულებას ეხება, ეს დოკუმენტი იქნება მნიშვნელოვანი მტკიცებულება და იქ მოყვანილი ფაქტები. არაერთი ევროსასამართლოს გადაწყვეტილება არსებობს, სადაც მითითება ხდება უშუალოდ ევროკომისრის ანგარიშებზე.
სხვა ანგარიშებისგან განსხვავებით, ევროკომისრის ანგარიში ითვლება ყველაზე მაღალავტორიტეტულ ანგარიშად და მასში დაფიქსირებულ უფლებადარღვევებს სამართლებრივი რეაგირების მეტი საშუალება და შესაძლებლობა ეძლევათ მომავალში,“ – ამბობს გიორგი ბურჯანაძე.
გიორგი ბურჯანაძეს ვკითხეთ, შეხვედრაზე იყო თუ არა საუბარი 2024 წლის ნოემბერ/დეკემბერში ხელისუფლების მიერ მოქალაქეების წინააღმდეგ სავარაუდო ქიმიური მოწამვლის შესახებ.
„პოლიციის მიერ ამ შემთხვევაში ძალის გადამეტება არის ერთ-ერთი ის საკითხი, რაც ჩვენი განხილვის საგანი იყო. სხვათა შორის, კომისარი იყო ის, ვინც პირველად შარშან, დეკემბერში ტყუილში ამხილა „ქართული ოცნება“.
როდესაც 2025 წლის იანვარში ევროკომისარი პირველად ჩამოვიდა საქართველოში, მას განუცხადეს, რომ მომიტინგეების გამოყენებულ წყლის ჭავლში არაფერი არ შეურევიათ. ამის საპირისპიროდ სუს-მა თვითონ თქვა, წყალში რაღაცას ვურევდით, ოღონდ ნაკლებ საშიშ ნივთიერებასო.
ამიტომ სწორედ ევროკომისარი იყო ის, ვინც პირველად გამოიჭირა ტყუილში „ქართული ოცნება“.
კომისარი რას დაწერს ამ ვიზიტის შემდგომ, როგორ გამოაქვეყნებს და ასე შემდეგ, ეს მთლიანად მისი გადასაწყვეტია. მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულება მის მიერვე იქნა მოპოვებული „ქართული ოცნების“ გამოძიების ტყუილთან მიმართებით, იმედი მაქვს, რომ ამასაც დაუთმობს შესაბამის ყურადღებას,“ – ამბობს გიორგი ბურჯანაძე.
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ დირექტორი უჩა ნანუაშვილი ამბობს, რომ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში არსებული მდგომარეობის დამძიმებას ყველა კუთხით. მას იმედი აქვს, რომ ეს ყველაფერი აისახება ევროკომისრის ანგარიშში.
„ჩვენი მხრიდან იყო რეკომენდაციები, რომელთან დაკავშირებითაც მისი აქტიური მონაწილეობის იმედიც მაქვს, რომ უახლოესი თვეებში კიდევ უფრო მეტად გააქტიურდება და მისი ოფისი მოახდენს რეაგირებას კონკრეტულ დარღვევებზე.
მაგალითად, იგივე რაც ეხება თუნდაც სტრასბურგში მიმდინარე საქმეებს. მთელი რიგი კანონებია გასაჩივრებული. მოლოდინია, რომ ის გამოხატავს პოზიციას და ჩაერთვება საქმეში, როგორც მესამე მხარე,“ – ამბობს უჩა ნანუაშვილი.
ხომ არ ელოდებით, რომ ისევ დაგიბარებენ სუსში? – ჰკითხა „ბათუმელებმა“ უჩა ნანუაშვილს. უჩა ნანუაშვილი მიმდინარე წლის 17 მარტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს დაკითხვაზე, ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ექსპერტთან კომუნიკაციის გამო.
ამას წინ უძღოდა მმართველი პარტიის წარმომადგენლების თავდასხმები. 16 მარტს ირაკლი კობახიძემ მას აგენტი უწოდა.
„ბოლო ორი დღეა დაიწყო შემოტევა ტროლებისგან სხვადასხვა ჯგუფში სწორედ ამ ვიზიტთან დაკავშირებით. ამით გარკვეულწილად ნიადაგს ამზადებენ შემდგომი ზეწოლისთვის.
არაფერი არ არის გამორიცხული.
[თუ ისევ დამიბარებენ] ეს იქნება კიდევ ერთხელ ხაზგასმა იმის, რომ ეს ქვეყანა არ იმართება კანონით და სამართლით.
ხელისუფლება პრაქტიკულად გასულია ყოველგვარი სამართლებრივი ჩარჩოდან, რითაც საკუთარ საქმიანობას აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ.
განსხვავებით წინა წლების რეპრესიებისგან, როცა უკვე საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაციის გამო ხდება ადამიანებზე ზეწოლა, ეს ალბათ არის ახალი მწვერვალი. ეს უკვე ნიშნავს, რომ საქართველო მართლაც იმკვიდრებს ადგილს იმ რეპრესიულ დიქტატორულ რეჟიმებს შორის, სადაც საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და მათთან კომუნიკაცია, მაგალითად რუსეთში, ბელარუსში და სხვაგან, არის დასჯადი“, – ამბობს უჩა ნანუაშვილი.
___
ამავე თემაზე:
რის შესახებ ისაუბრეს სახალხო დამცველმა და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა






