მთავარი,სიახლეები

ბათუმის აეროპორტთან კორპუსების ზეგავლენა ფრენის უსაფრთხოებაზე 2026 წლის ბოლომდე უნდა შეფასდეს

15.04.2026
ბათუმის აეროპორტთან კორპუსების ზეგავლენა ფრენის უსაფრთხოებაზე 2026 წლის ბოლომდე უნდა შეფასდეს

ბათუმის აეროპორტის დაცვის არეში არსებული შენობა-ნაგებობების ფრენის უსაფრთხოებაზე ზეგავლენა „საქაერონავიგაციამ“ 2026 წლის 31 დეკემბრამდე უნდა შეაფასოს.

ეს შეფასება 2026 წლის 31 მაისამდე უნდა გაკეთებულიყო, თუმცა „ოცნების“ მთავრობამ 8 აპრილის დადგენილებით ეს ვადა გადაწია.

ახალი დადგენილებით:

„ბათუმის აეროდრომზე, სააერნაოსნო მომსახურების გამწევმა საწარმომ [„საქაერონავიგაციამ“], ბათუმის აეროდრომის დაცვის არეში, 2026 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყოს არსებული შენობა-ნაგებობების ფრენის უსაფრთხოებაზე ან/და რეგულარულობაზე ზეგავლენის შეფასებისა და ბათუმის აეროდრომის დაცვის არის პოტენციური მოდიფიცირების მიზნით სააერნაოსნო კვლევის განხორციელება და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთვის წარდგენა“.

სააერნაოსნო კვლევას „საქაერონავიგაცია“ ტენდერის გარეშე შეისყიდის. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 518 167 ლარს შეადგენს.

მომსახურების გამარტივებული წესით შესყიდვაზე თანხმობა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ „საქაერონავიგაციას“ 2026 წლის 27 მარტს მისცა.

„საქაერონავიგაცია“ თანხმობის მიღების ეტაპზე სააგენტოს წერდა, რომ აღნიშნული ტიპის კვლევის განხორციელებისთვის საჭირო იყო 7 თვე და ვადის 31 დეკემბრამდე გადაწევის შუამდგომლობა უკვე დაყენებული იყო მთავრობაში.

ეს „მიზნად ისახავს რეალისტური და შესრულებადი ვადის განსაზღვრას, ისე, რომ არ შეილახოს არც კვლევის ხარისხი და არც ფრენის უსაფრთხოების სტანდარტები“, – წერდა მაშინ „საქაერონავიგაცია“.

შესყიდვების პორტალის მიხედვით, ამ დროისთვის „საქაერონავიგაციას“ აღნიშნული კვლევის ჩატარებაზე ხელშეკრულება გაფორმებული არ აქვს.

გამარტივებული შესყიდვა ტენდერების ჩავარდნის შემდეგ გადაწყდა. „საქაერონავიგაციამ“ კვლევის ჩატარებაზე გასულ წელს ტენდერი ორჯერ გამოაცხადა, თუმცა ორივე ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა.

სააერნაოსნო კვლევის ერთ-ერთი მიზანი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტისათვის „მორგებული უსაფრთხოების ზედაპირების, მათ შორის სიმაღლის ზონირების შემუშავება“ იქნება.

ოფიციალურ დოკუმენტებში წერია, რომ „ამ დავალების წარმატებით შესრულება უზრუნველყოფს, როგორც საჰაერო მოძრაობის უსაფრთხო ოპერირებას, ასევე ბათუმისა და მის გარშემო რეგიონის მდგრად ურბანულ განვითარებას / ქალაქის ურბანული განვითარების მეტ მოქნილობას“.

ამავე თემაზე:

„იგლ ჰილსის“ პროექტი გონიოს ყოფილ პოლიგონზე, სადაც მშენებლობა შეზღუდულია აეროპორტის გამო

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: