მთავარი,სიახლეები

როგორ აისახა ირანის ომი ტურიზმზე – „ოცნება“ ამბობს, რომ გვაქვს „რეკორდული მაჩვენებელი“

15.04.2026
როგორ აისახა ირანის ომი ტურიზმზე – „ოცნება“ ამბობს, რომ გვაქვს „რეკორდული მაჩვენებელი“

როგორ აისახა ირანის ომის საქართველოში ტურიზმზე? – ბათუმის სასტუმროებსა თუ ტურისტულ სააგენტოებში ამ შეკითხვის პასუხად გვითხრეს, რომ ყველაფერს საქართველოს აეროპორტების დაფაზე გაუქმებული ფრენების ჩამონათვალი აჩვენებს, მათ შორის, ისრაელიდან, საიდანაც შემოსული ტურისტები სოლიდურ ფულს ხარჯავდნენ საქართველოში.

„ჯავშნები შემცირებულია“, – გვითხრეს, მაგალითად, სასტუმრო „ჰილტონ ბათუმში“. ერთ-ერთი ტუროპერატორი, ლაშა ბერეკაშვილი კი გვესაუბრა, ასეთი რთული პერიოდი კორონას პერიოდს მახსენებს, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებასაც, ირანის ომი პირდაპირ და ნეგატიურად აისახა ჩვენს შემოსავლებზეო.

დღეს, 15 აპრილს, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ახალი სტატისტიკა გამოაქვეყნა: მილიონამდე გაიზარდა საერთაშორისო ტურისტის ვიზიტების რაოდენობა და „რეკორდული მაჩვენებელი“ დაფიქსირდაო.

„2026 წლის იანვარი-მარტის მონაცემებით, საქართველოში 997,529 საერთაშორისო ტურისტის ვიზიტი შედგა, რაც 4%-ით [38 582 ვიზიტით] მეტია 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით,“ – ვკითხულობთ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ მონაცემებში.

ამ სტატისტიკის მიხედვით, 2026 წლის პირველ კვარტალში – ანუ ირან-ისრაელ-აშშ-ს ომის და გაუქმებული ფრენების პარალელურად – ჯამში სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ფიქსირდება +8.2% ვიზიტორთა ზრდა.

  • რა გვითხრეს ტურიზმის სექტორში? 

„ქვეყნებიდან, სადაც კონფლიქტია, რა თქმა უნდა, შეიზღუდა შემოსვლა – გაუქმდა ყველა გაყიდული პაკეტი, გაუქმდა სასტუმროს ჯავშნები,“ – გვიყვება ტუროპერატორი ლაშა ბერეკაშვილი. მას ძირითადად უცხოეთში მიჰყავს ტურისტები საქართველოდან, ასევე ჩამოჰყავს უცხოელები. იგი განმარტავს, რომ ფრენების გაუქმება და ომის დაწყება ირანში ყველა სერვისზე აისახა.

„გვქონდა ჯავშნები თბილისში, სხვადასხვა ქალაქში, ორიენტირებული ვიყავით არაბეთის ქვეყნებიდან შემოსვლაზე – ეს ყველაფერი გაუქმდა. კონფლიქტი ჯერ კიდევ წინაა. რა შედეგით დასრულდება, არავინ იცის.

არაბეთის ქვეყნებში საკმაოდ ბევრი ჯგუფი გვყავდა დაორგანიზებული – დაახლოებით 20-25-კაციანი ჯგუფების გამგზავრება საქართველოდან. ბევრი ჯგუფი ჩარჩენილიც კი, გამოვიყვანეთ, საელჩოს დახმარებით დაბრუნდნენ. იორდანიის, კატარის და ემირატების ტურები გაუქმდა. ეს საკმაოდ დიდი ზარალი იყო ჩვენთვის, ანუ უკვე დაჯავშნილი პაკეტების, გაყიდული პაკეტების გაუქმება. საკმაოდ დიდი ზარალია კოვიდის შემდეგ. რუსეთ-უკრაინის ომიც ერთ-ერთი დიდი ზარალი იყო ჩვენთვის, იმიტომ, რომ გვქონდა ჯავშნები უკრაინიდანაც შემოსვლის მხრივ,“ – ამბობს ლაშა ბერეკაშვილი.

იმის იმედად, რომ ომი მალე დასრულდება და ზღვის სეზონი ტურისტულად „ჩავარდნილ“ გაზაფხულს დააკომპენსირებს, პირდაპირ ზარალსა და დეტალებზე საუბარი უჭირთ სასტუმროების წარმომადგენლებს, ტუროპერატორებს ბათუმში. ტელეფონით გასაუბრების დროს ისინი ადასტურებენ, რომ ჯავშნების დიდი ნაწილი გაუქმდა, ზაფხულის ბედი  გაურკვეველია.

„ჯავშნები შემცირებულია, სხვა დეტალებზე ვერ მოგაწვდით ინფორმაციას,“ – გვითხრა, მაგალითად, „ჰილტონის“ ერთ-ერთმა მენეჯერმა.

ტუროპერატორებმა კი, გასაუბრების დროს ებრაელი ტურისტების „მაღალ მხარჯველუნარიანობას“ გაუსვეს ხაზი.

„შესაძლოა, იზრდება რუსი და ყაზახი ტურისტების რაოდენობა, მაგრამ ისრაელიდან შემოსული ტურისტები ყველაზე მეტს ხარჯავდნენ. ისინი დადიოდნენ ძირითადად კაზინოებში, ზოგიერთი კაზინო ახლა დახურვის პირასაა, დადიოდნენ ძვირადღირებულ რესტორნებში, ყიდულობდნენ ბინებს და ასე შემდეგ,“ – გვითხრეს ერთ-ერთ ტურისტულ სააგენტოში.

„უკვე რამდენი დრო გავიდა და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას არ გაუვრცელებია განცხადება, რომ საქართველო არის უსაფრთხო ქვეყანა. ამ განცხადებას ჩვენს პარტნიორებთან, ტურისტებთან გამოვიყენებდით კარგ არგუმენტად, რომ საქართველო არის უსაფრთხო. ეს გააკეთეს, მაგალითად, ჩვენმა მეზობელმა ქვეყნებმა…

ჩვენთან ყოველთვის აცდენილი არიან ტურიზმის საჭიროებებს და მოთხოვნებს,“ – ამბობს ტუროპერატორი ლაშა ბერეკაშვილი.

  • რას ამბობს კვლევები ომის გავლენაზე? 

„2026 წელს რეგიონიდან ტურისტული ნაკადი შეიძლება შემცირდეს 6-27 %-ით, რასაც თან ახლავს ვიზიტორთა ხარჯების მნიშვნელოვანი კლება,“ – აღნიშნულია „თიბისი კაპიტალის“ მიერ 2026 წლის მარტში გამოქვეყნებულ კვლევაში: „ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის გავლენა ტურიზმის სექტორზე“.

ამ კვლევის მიხედვით, თუ ომი 1-2 თვეში დასრულდება, ტურიზმის სექტორის შემოსავლები საქართველოში 220 მლნ აშშ დოლარით შემცირდება, ხანგრძლივი კონფლიქტის შემთხვევაში კი, „არასტაბილურობა გამოიწვევს მოგზაურობისგან თავის არიდებას და ტურისტულ ნაკადებზე ხანგრძლივ ზეწოლას“.

ტურიზმის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 100 მლნ დოლარით შეამცირა Galt & Taggart-მა. საინვესტიციო ბანკი ირანის ომამდე 2026 წელს ტურიზმის შემოსავლების 5 მლრდ დოლარს პროგნოზირებდა, განახლებული შეფასებით კი, საერთაშორისო მოგზაურებისგან წელს ქვეყანა 4.9 მლრდ დოლარს მიიღებს.

სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2025 წელს საქართველომ საერთაშორისო მოგზაურობიდან 4.69 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო, ეს 6%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. შარშან საქართველომ ყველაზე მეტი შემოსავალი რუსეთიდან მიიღო 694 მლნ დოლარი – 2024 წელთან შედარებით კლება 18%-ია. მეორე ადგილზეა თურქეთი 606 მლნ დოლარით, მესამე ადგილზეა ისრაელი 586.3 მლნ დოლარით, 2024 წელთან შედარებით ზრდა 34%-ია, მეოთხე ადგილზეა აზერბაიჯანი 223 მლნ დოლარით, წლიური ზრდა შემოსავლებში 33%-ს შეადგენს. მეხუთე ადგილზეა სომხეთი, საიდანაც შარშან საქართველომ 169.5 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, წლიური ზრდა 8%.

  • რას აჩვენებს ტურიზმის ადმინისტრაციის ახალი სტატისტიკა? 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ დღეს, 15 აპრილს გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2026 წლის იანვარი-მარტის მონაცემებით, საქართველოში 997,529 საერთაშორისო ტურისტის ვიზიტი შედგა, რაც 4%-ით, [38 582 ვიზიტით მეტია 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით,“ – აღნიშნულია ტურიზმის სტატისტიკაში.

ტურიზმის ადმინისტრაცია ყურადღებას ამახვილებს ირანში მიმდინარე ომსა და გაუქმებულ ფრენებზე. ადმინისტრაციის ცნობით სამი ქვეყნიდან გვაქვს ნეგატიური მაჩვენებელი:

  • ირანი -48.8%
  • ინდოეთი -29.5%
  • ისრაელი -17.5%

თუმცა, ტურიზმის ადმინისტრაციის ცნობით, 2026  წლის I კვარტალში, ჯამში სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ფიქსირდება +8.2% ვიზიტორთა ზრდა:

  • საუდის არაბეთი +36.3%
  • ბაჰრეინი +20.9%
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები -19.8%
  • ქუვეითი -18.7%
  • კატარი -7.4%
  • ომანი +1.1%

განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა  შემდეგი სტრატეგიული ბაზრებიდან:

  • ჩინეთი +48.6%
  • ამერიკის შეერთებული შტატები +19.3%
  • კორეის რესპუბლიკა +67.2%
  • შვეიცარია +33.7%

ამ სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი ვიზიტი საქართველოში თურქეთიდან დაფიქსირდა – 238 368.

ტურიზმის ადმინისტრაციის ცნობით, დაფიქსირებულია ვიზიტორთა ზრდა ევროკავშირის ქვეყნებიდანაც:

„ვიზიტორთა ტოპ 15-ში მეზობელ ქვეყნებთან ერთად არიან:  აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, პოლონეთი, ისრაელი, ყაზახეთი, ჩინეთი, ინდოეთი და სხვა მიზნობრივი ქვეყნები.

2026 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და 96,226 ვიზიტი შეადგინა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან  შედარებით +30.2%-ით მეტია:

  • გერმანია +37.6%
  • პოლონეთი +34.3%
  • გაერთიანებული სამეფო +45.7%
  • იტალია +70.7%
  • საბერძნეთი +21.7%
  • საფრანგეთი +24.7%
  • სლოვაკეთი +87.6%
  • ლიეტუვა +29.9%
  • ესპანეთი +44.4%
  • ნიდერლანდები +25.8%

„სექტორის წარმომადგენლები აქტიურად წერენ კომენტარებს: ეს ციფრი – 1 მილიონი ვიზიტორი საიდან მოვიდა?“

ტუროპერატორი ლაშა ბერეკაშვილისთვის არ არის დამაჯერებელი სტატისტიკა, რასაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქვეყნებს.

„რაღაც ძალიან დიდი აცდენაა სექტორსა და ოფიციალურ წყაროს შორის. საკმაოდ დიდი ნაპრალია. თუ ჩვენ გვინდა ზუსტი მონაცემები მივიღოთ, ტურიზმის დეპარტამენტმა უნდა ამოიღოს სტატისტიკა Booking-იდან, Airbnb-იდან, ასევე ტურების დაჯავშნის სისტემა Tripadvisor-იდან, სადაც კარგად ჩანს, რამდენი ღამე გაათია ტურისტმა ამა თუ იმ ქალაქში, რეგიონში; რამდენი ტურისტი შემოდის და რამდენ თანხას ტოვებს? Tripadvisor-ის სტატისტიკა მოგვცემს ამის შესაძლებლობას, დავითვალოთ, რამდენი ადამიანი ინტერესდება საქართველოში მოგზაურობით, რამდენს ხარჯავენ,“ – ამბობს ლაშა ბერეკაშვილი „ბათუმელებთან“.

ტუროპერატორი მიიჩნევს, რომ თუ სახელმწიფოს რეალურად ტურიზმის განვითარება და მართლაც მდგრადი განვითარება სურს, ევროპელების დაინტერესებაზე უნდა იზრუნოს, რასაც ტურიზმის დღევანდელი ადმინისტრაცია არ აკეთებს.

„მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეკონომიკა არის ევროზონა, რაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი ტურიზმისთვის.

არასაკმარისად მუშაობს ტურიზმის ადმინისტრაცია: არასწორი მესიჯებია, პიარკამპანიების დაგეგმარების კუთხით პრობლემებია… როდესაც სახელმწიფო საკმაოდ მნიშვნელოვნად აფინანსებს ტურიზმის ცენტრებს, შედეგიც უნდა იყოს საყოველთაო, რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ.

ზაფხული მოდის და ამის იმედი გვაქვს მხოლოდ, რომ რაღაც აქტივობა იქნება. თუმცა ზამთრის სეზონში კვლავ ველოდებით რთულ მდგომარეობას, იმიტომ რომ როცა მოგზაურობის ინტენსივობა იკლებს, შემოდგომის ბოლოდან ველოდებით ამ პრობლემების გამწვავებას,“ – აღნიშნა ლაშა ბერეკაშვილმა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: