საქართველოში პირველი აპრილიდან ამოქმედდა ახალი რეგულაცია, რომლითაც 6 წელზე მეტი ხნის ავტომობილების განბაჟების საფასური გაიზარდა.
როგორ აისახა განბაჟების გაძვირება ავტოიმპორტიორებზე, ავტომფლობელებზე და სფეროში დასაქმებულ ასობით ადამიანზე? – ამ თემაზე „ბათუმელები“ საქართველოს ავტოიმპორტიორთა და ავტომფლობელთა ასოციაციის ხელმძღვანელს, ალექს ნონიაძეს ესაუბრა.
- ბატონო ალექს, ორი კვირაა რაც მოქმედებს ახალი რეგულაციები საქართველოში. ამ მოკლე პერიოდზე დაკვირვებით, რა შეიცვალა ავტობაზარზე, როგორი სიტუაციაა?
პირველ რიგში დავიწყოთ ალბათ იმით, რომ აღდგომის დღესასწაულებს დაემთხვა, დასვენების დღეები იყო. ყველა ისვენებდა – მომხმარებელიც, დილერიც და კომპანიაც.
რთული იქნება საერთო შეფასების გაკეთება, ამიტომ დავეყრდნობი იმ ინფორმაციას, რომელიც მოდის უშუალოდ კომპანიებიდან.
საქართველოს ავტობაზარი შეგვიძლია სამ ნაწილად გავყოთ, ეს არის დილერები, რომლებიც მუშაობენ რეექსპორტზე, ადგილობრივი მომხმარებელი, რომელსაც ჩამოჰყავს თავისთვის და ეგრეთ წოდებული დამშლელები, რომლებსაც ავტომობილები ჩამოჰყავთ დასაშლელად.
დავიწყოთ დილერებით, რომლებიც ამ ეტაპზე ნაკლებად აქტიურობენ.
დაგეგმილმა საკანონმდებლო ცვლილებებმა გარკვეული ნეგატიური მოლოდინები შექმნა, ყველა ცდილობდა, პირველ აპრილამდე მოესწრო და ჩამოეყვანა ავტომობილი.
ამიტომ ვისაც ყიდვა სურდა, როგორც თავისთვის, ასევე გასაყიდად, ექვს წელზე მეტი ასაკის ავტომობილის, შეიძლება ითქვას, რომ შეიძინეს. ამიტომაც დილერების ნაწილში აქტიურობა ნაკლებია და ჯერ კიდევ მოლოდინის რეჟიმში არიან, არ იციან რა მოხდება და რა მიმართულებით განვითარდება ბაზარი, რომელ სეგმენტზე მოუწევთ მუშაობა.
რაც შეეხება მომხმარებლებს, ეს მიმართულება შედარებით აქტიურია, თუმცა აქაც თავშეკავება იგრძნობა.
როგორ გითხრათ, ყველას არ აქვს საშუალება, რომ ექვს წელზე ქვემოთ ავტომობილი შეიძინოს. ვინც ყიდულობს, ისევ კომპანიების მონაცემებიდან გამომდინარე შემიძლია გითხრათ, რომ ადრე თუ ყიდულობდა შედარებით უფრო მაღალი კლასის ავტომობილებს, 2016-იანს, 2017-იანს, ახლა ყიდულობენ ექვსი წლის ქვემოთ, მაგრამ შედარებით დაბალი კლასის ავტომობილებს.
ახლა რაც შეეხება დამშლელებს, ასევე კომპანიების მონაცემებით რაც ვიცი, დამშლელების მუშაობაც არ შეფერხებულა, ისევ აგრძელებენ, როგორც მუშაობდნენ.
მაგრამ სექტემბერში ველოდებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან ტექნიკური რეგლამენტის შემოტანას, რომელშიც ჩვენც ვართ ჩართული.
სამწუხაროდ, ჯერჯერობით, ჩვენი რეკომენდაციები არ არის გათვალისწინებული.
ახალი მოცემულობა – წარმოების გაფართოებული ვალდებულება იქმნება და ე.წ. დამშლელების ბაზრობები, რომელიც არის ამ სახით, ვეღარ იმუშავებს.
სხვა ორგანიზაციულ ფორმას იღებს – ამ ეტაპზე უცნობია, სად იქნება დამშლელების ადგილი და როგორ დასაქმდებიან. ეს საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
ვსვამთ ამ კითხვას სამინისტროს წინაშე და მინდა გითხრათ, რომ ჯერჯერობით პასუხი არ გვაქვს.
ამ ეტაპზე სექტემბერია ნათქვამი, მაგრამ შესაძლოა ვადა წლის ბოლომდე გადაიწიონ. მერე რა იქნება, არ ვიცით არავინ.
გრძელვადიანი პერსპექტივა ცოტა ბუნდოვანია. ამ ეტაპზე რაც ვიცით, სექტემბრამდე დამშლელებს მუშაობის საშუალება აქვთ, შემოჰყავთ ავტომობილები, არ განაბაჟებენ და შლიან.
მართალია, განბაჟების თანხა გაიზარდა, მაგრამ ეს დააკომპენსირა იმან, რომ დილერები არ შემოდიან ამ ბაზარზე და ამ ეტაპზე შედარებით იაფად ყიდულობენ.
მაგრამ ესეც მოკლევადიან პერიოდში ხდება, გრძელ ვადაში კი, შეიძლება ამის საშუალებაც აღარ იყოს.

ალექს ნონიაძე
- არსებული რეალობის გათვალისწინებით, რა მთავარი გამოწვევა უდგათ ახლა ავტოიმპორტიორებს და ავტომფლობელებს?
ავტოიმპორტიორებისთვის ამ ეტაპზე მთავარი გამოწვევა ის არის, რომ არაპროგნოზირებადია სიტუაცია. დილერების ნაწილი, სამომავლოდ უნდა ჩამოყალიბდეს ავტომობილების რა სეგმენტზე იმუშავებს.
სავარაუდოდ, მაღალი კლასის ავტომობილებზე ვერ იქნება აქცენტირება. იმუშავებენ ახალ, მაგრამ უფრო დაბალი კლასის ავტომობილებზე.
არის ორი ვარიანტი – შიდა ბაზარი და რეექსპორტი. რეექსპორტის ბაზარზე რამდენად იქნება მოთხოვნა ამაზეც ბევრი რამაა დამოკიდებული.
რა მიმართულებით იმუშავებენ ეს ადამიანები, ეს არის მათთვის ერთგვარი გამოწვევა.
ხედვა არის საჭირო, რომ ჩამოყალიბდნენ, რას გააკეთებენ და როგორ. ჯერჯერობით, გაურკვეველია მათთვის მომავალი, ანუ დარჩებიან ამ ბაზარზე თუ არ დარჩებიან. რაც შეეხება მომხმარებელს, მათ შემდეგი პრობლემა აქვთ – შეეძლებათ იყიდონ ახალი, მაგრამ დაბალი კლასის მანქანა ძვირად.
ავტოიმპორტიორებისთვის მთავარი გამოწვევა კი მაინც გაურკვევლობაა. ვინ და როგორ გააგრძელებს მუშაობას, რამდენად მოერგებიან ახალ ბაზარს და ა.შ.
ეს გაურკვევლობა გამოიწვევს იმას, რომ სავარაუდოდ რაღაც ნაწილი, კომპანიებისა და დილერებისა, დატოვებს სექტორს. შესაბამისად, კიდევ უფრო გაუძვირდება მომხმარებელს მომსახურება და გაძვირდება ავტომობილიც.
- ახალმა რეგულაციამ რა ცვლილებები გამოიწვია სექტორში სამუშაო ადგილების კუთხით?
ჯერჯერობით მხოლოდ სოციალურ ქსელებში არსებულ ჯგუფებში გაჩნდა პოსტები, რომ გარკვეულმა კომპანიებმა თანამშრომლების ნაწილი დაითხოვეს და ეს ხალხი ახლა სამუშაოს ეძებს.
მეორე მხრივ, მსხვილი კომპანიებთან ვნახეთ ახალი ვაკანსიები – ისინიც ცდილობენ მცირე კომპანიებიდან გადაიბირონ კარგი თანამშრომლები.
მაგრამ ეს მაინც მოკლევადიან პერიოდში ხდება და მალე გადანაწილდება სამუშაო ბაზარი. სამწუხაროდ, ჩვენი პროგნოზით, ალბათ უფრო ბევრი ადამიანი დაკარგავს სამუშაოს, ვიდრე კომპანიებს აქვთ რესურსი დამატებითი თანამშრომლები აიყვანონ.
ვიღაცა უშვებს თანამშრომლებს, ვიღაცა იღებს, მაგრამ გაშვებული თანამშრომლების რაოდენობა ბევრად უფრო მეტი იქნება, ვიდრე მიღებული თანამშრომლების. ეს, სამწუხაროდ, გაზრდის უმუშევრობას ამ სფეროში.
- თუ არაფერი შეიცვალა, როგორი იქნება ახალი რეგულაციის ეფექტი 6-12 თვის ვადაში?
ის ავტომობილები, რომელიც უკვე გზაშია და უახლოეს პერიოდში შემოვა ქვეყანაში, დილერებს მისცემს საშუალებას დაახლოებით ექვსი თვე კიდევ იმუშაონ.
ჩამოყვანა, ტექნიკურად გამართვა, გაყიდვა – მინიმუმ ექვსი თვის სამუშაო ექნებათ. აი, ამის შემდეგ კი უნდა დაფიქრდნენ, რას იზამენ.
ოღონდ უნდა დაფიქრდნენ ახლავე, რომ არ დაირღვეს ციკლი.
მაგალითად, უკვე დღეს თუ არ შეიძინეს ავტომობილები, ციკლი დაირღვევა და ექვსი თვის შემდეგ უმუშევრები დარჩებიან.
რას ნიშნავს ციკლური მუშაობა – ავტომობილების ნაწილს ყიდულობ, ნაწილი გზაში გყავს, ნაწილს არემონტებ, ნაწილს ყიდი. აი, თუ ეს ჯაჭვი დაირღვა, რაღაც პერიოდი თამაშგარე მდგომარეობაში ხარ.
ამიტომ ახლა უნდა გადაწყვიტონ, როგორ იმუშავებენ ექვსი თვის შემდეგ. ახლა თუ არ შეიძინეს მანქანები, ექვსი თვის თავზე აღარაფერი ეყოლებათ გასაყიდი.
რაც შეეხება კომპანიებს, ბევრი რამ დამოკიდებულია რეექსპორტის ბაზარზე როგორი იქნება ავტომობილებზე მოთხოვნა.
დიდი ალბათობით ამას უცხოელები გადაიბარებენ.
ადგილობრივ მომხმარებელზე მოთხოვნა ვერ გაიზრდება. ამიტომ სადღაც ექვსი თვის შემდეგ უკვე რეგრესს უნდა ველოდოთ. წლის ბოლოს კი გამოჩნდება, რა ნეგატიურ შედეგებს გამოიწვევს ეს ყველაფერი.


