არჩევნები,მთავარი,სიახლეები

„ოცნების“ კოორდინატორი ახალ სქემაზე – ვინ რისთვის მიჰყავთ „ოცნების ქალაქიდან“ საჯარო რეესტრში | ვიდეო

06.09.2024 •
„ოცნების“ კოორდინატორი ახალ სქემაზე – ვინ რისთვის მიჰყავთ „ოცნების ქალაქიდან“ საჯარო რეესტრში | ვიდეო

„ოცნების“ კოორდინატორებმა ადგილზე მოიყვანეს მარშუტკები და რეესტრში წაგვიყვანეს – დაგვარეგისტრირეს. რა დოკუმენტიც იუსტიციაში მოგვცეს, ყველაფერი კოორდინატორებს დავუტოვეთ, ასე გვითხრეს, ჩვენ უნდა ჩაგვაბაროთო,“ – ერთნაირად გვიყვებიან ახალ ამბავს „ოცნების ქალაქის“ ახალ კორპუსებში შესახლებულები.

ე.წ. ოცნების ქალაქში 12-წლიანი ლოდინის შემდეგ საარჩევნო, 2024 წელს წელს, 600-მდე ოჯახს ბინა გადასცეს. ამჯერად ბინები ამ ოჯახების საკუთრება ფორმდება.

ქოხებში დარჩენილებიც წაიყვანეს რეესტრში საცხოვრებელი მისამართის რეგისტრაციისთვის. საცხოვრებელ მისამართზე რეგისტრაცია ნებაყოფლობითი პროცესია. თუ ადამიანს არ აქვს საკუთრება და არც ჩაწერილია სადმე, იმისთვის, რომ მან არჩევნებში მონაწილეობა შეძლოს, კონკრეტულ მისამართზე რეგისტრაციის გავლაა საჭირო. დასახლებაში, სადაც მრავალწლიანი ლოდინის შემდეგ ადამიანებმა ბინა მიიღეს, ასევე, ასეულობით ოჯახი ახლაც ბინის მიღების მოლოდინშია, სამოქალაქო რეესტრში „ოცნების“ კოორდინატორებმა წაიყვანეს.

რას აჩვენებს ის ფაქტი, რომ ამ პროცესით „ქართული ოცნება“ არათუ უშუალოდ დაინტერესებულია, არამედ ამ პარტიის კოორდინატორები აორგანიზებენ მოქალაქეების მისვლას სამოქალაქო რეესტრში?

რატომ უტოვებდნენ „ოცნების“ კოორდინატორებს მოქალაქეები იუსტიციის სახლებში გაცემულ დოკუმენტებს? – იურისტები, რომლებიც საარჩევნო გარემოს აკვირდებიან, მიიჩნევენ, რომ ეს შემთხვევა ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს შეიცავს, ასევე პერსონალური მონაცემების დამუშავების წესების დარღვევას.

თავად „ოცნების ქალაქში“ კი, პასუხებს გაურბიან და მხოლოდ იმის მკაფიოდ დაფიქსირება სურთ, რომ „ქართულ ოცნებას“ უჭერენ მხარს, ანგარიშვალდებული ვართ „ოცნებასთანო“. ამას გეტყვით ისიც, ვინც 12 წელია ქოხში, ჭაობსა და გაუსაძლის სიღარიბეში ცხოვრებას და მორიგი კორპუსების აშენებას ელის.

ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა წინასაარჩევნო პერიოდში „ქართული ოცნება“ ე.წ. „ოცნების ქალაქს“ სათავისოდ იყენებს. „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ოჯახების, მცირეწლოვანი ბავშვების პრობლემების მოგვარების ნაცვლად, ხელისუფლება ამ ადამიანებს არჩევნებიდან არჩევნებამდე მხოლოდ დაპირებებს აძლევდა. 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნების ბედი პრაქტიკულად „ოცნების ქალაქმა“ გადაწყვიტა – მას შემდეგ, რაც ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი, ნუგზარ ფუტკარაძე გარდაიცვალა და ეს ფაქტი დღემდე გამოუძიებელია, შუალედური არჩევნები ჩატარდა. 

საბოლოოდ, „ოცნების ქალაქის“ გამოყენებით ბათუმის საკრებულოში უმრავლესობა „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა. 

ახალი კორპუსები „ოცნების ქალაქში“

„ოცნების ქალაქში“ დარჩენილი ქოხები – ხედი ახალი კორპუსიდან

„რეგისტრაცია ასე ხდება: გვემსახურება მარშუტკები, მივყავართ და გვარეგისტრირებენ. ჩვენ „ბენზეში“ ვიყავით, რკინიგზის სადგურის შენობაში, ამის უკან ალბათ ბატონი რამაზი დგას, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე,“, – გვიყვება მაია დავითაძე, ის ერთ-ერთი მათ შორის, ვისაც ახალ კორპუსში ბინა მოუწია.

მოქალაქეები გვიყვებიან, ჩვენთვის არავის აუხსნია, თუ რატომ ჩაერთნენ საერთოდ ამ პროცესში „ოცნების“ კოორდინატორები, ან რატომ უთხრეს, რომ იუსტიციაში გაცემული ფურცლები ისევ კოორდინატორებს უნდა დაუტოვონ.

„არავის არაფერი არ აუხსნია, ჩაწერა იქნებაო ასე გვითხრეს… მანამდე კორპუსში ჩამოიარეს, რეგისტრაციაზე უნდა გამოცხადდეთო.

ეს დოკუმენტი გადავეცი კოორდინატორს, არც კითხვა დამისვამს, რატომ. რაღაც ფურცელი მოგვცეს და ის გადავეცით მას [კოორდინატორს], რა მისამართზე ვართ ახლა, ის მისამართი ეწერა იქ, რეგისტრაციის ადგილი,“ – გვითხრა ლევან ალიბეგაშვილმა.

„ოცნების“ დასახლებაში მრავალწლიანი ლოდინის შემდეგ ბინები საარჩევნო წელს გაიცა

რა სამართლებრივი საფუძვლით ჩაერთნენ ამ პროცესში „ოცნების“ კოორდინატორები და რატომ დაიტოვეს რეესტრში მოქალაქეებისთვის მიცემული დოკუმენტაცია? – კითხვებით პარტია „ქართულ ოცნებას“ მივმართეთ, თუმცა აქ უპასუხოდ დაგვტოვეს.

შეკითხვებს არც აჭარის მთავრობაში უპასუხეს. აჭარის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროში კი გვითხრეს, რომ ისინი ბინების გადაცემის, ან საცხოვრებლის რეგისტრაციის პროცესში ჩართული საერთოდ არ არიან.

სამაგიეროდ „ოცნების ქალაქში“ ჟუჟუნა მოსიძე გვესაუბრა, ის „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი კოორდინატორია. მასაც შეხვდა ბინა ახალ კორპუსში.

„არაფერს არ მოვითხოვ, ვისაც სურვილი აქვს და ხედავს „ქართული ოცნების“ სიკეთეს, ვისაც მოსწონს „ოცნება“, ის მისცემს ხმას „ოცნებას“…“ – ჟუჟუნა მოსიძე გვიდასტურებს, რომ მართლაც კოორდინატორები აორგანიზებენ რეესტრში „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებია ადამიანების მისვლას. სიმართლეა ისიც, რომ იუსტიციის სახლებში მოქალაქეებისთვის მიცემულ დოკუმენტებს კოორდინატორები იტოვებენ.

„იმ ფურცლებს ვაგდებ, არ ვიტოვებ. სახლში მე რამე არ მომაქვს… მივდივარ, ვაფიქსირებ, რომ მაგალითად, „ოცნებას“ აძლევს კაცი ხმას, უნდა, რომ „ოცნებამ“ გაიმარჯვოს, როგორ გითხრა სხვანაირად? ძალიან ბევრ შეკითხვას მისვამ“, – გაღიზიანდა ჟუჟუნა მოსიძე.

ჟუჟუნა მოსიძე

„ეს ხომ საბიუჯეტო რესურსების გამოყენებაა?“ – ვეკითხებით „ოცნების“ კოორდინატორს.

„არანაირ რესურსს არ ვიყენებ არავის, არანაირად,“ – გაბრაზდა „ოცნების“ კოორდინატორი, თუმცა ამ დროს საუბარში ქოხში დარჩენილი მეზობლის კაცი ჩაერთო:

„ახლა იმას ხომ ვერ იტყვით, რომ „ოცნებას“ ხმას არ მივცემო, ბინა მოგცეს“, – კოორდინატორს მიმართა მეზობელმა და მიგვითითა, აგერ, მარტოხელა ქალის ქოხი ნახეთ, ამას თუ არ ეკუთვნოდა ბინა, სხვებმა როგორ მიიღესო.

„როგორ გეკადრებათ, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი მაქვს და ამიტომ მივიღე ბინა, როდის იყო, რომ „ოცნების“ კოორდინატორებს ბინას აძლევდნენ?“ – მეზობელს მიაძახა ჟუჟუნა მოსიძემ და ჩვენთან დამშვიდობება გადაწყვიტა.

თინა სურმანიძე

„მე გულის ტკივილი მაქვს, რომ სხვა მარტოხელებს მისცეს ბინა და მე არ მომცეს. არ ვიცი, სხვა ოჯახები როგორ შეარჩიეს,“  – გვითხრა თინა სურმანიძემ. ის და ქოხებში მცხოვრები სხვა ადამიანები ამბობენ, რომ რეგისტრაციის გასასვლელად ისინიც წაიყვანეს იუსტიციაში, ან უახლოეს დღეებში წავლენ, როცა სამარშრუტო მიკროავტობუსებს „ოცნების“ კოორდინატორები ისევ მოიყვანენ.

„ვისაც საშუალება ჰქონდა და ქვის სახლის ჰქონდა, შეიძლებოდა ისევ იმის დატოვება ცოტა ხანი. ვინც მართლა ჭაობში ცხოვრობს და არ ჰქონდა შესაძლებლობა, ის უნდა გადაეყვანათ. ბევრი ისეთი შეიყვანეს, საერთოდ არ უცხოვრია აქ“, – კონკრეტულ ოჯახებს ვერ გვისახელებს, თუმცა ახალ კორპუსებში ბინების უსამართლო გადანაწილებაზე მიუთითებს ნუგზარ ქამაშიძე.

ამ ეტაპზე უცნობია, როდის აშენდება ახალი კორპუსები „ოცნების დასახლებაში“.

„ოცნების ქალაქი“ – 2024 წლის 4 სექტემბერი

იმის გამო, რომ ბიუჯეტის ხარჯზე ბინა მიიღეთ, გრძნობთ ვალდებულებას ვინმესთან? – ერთი და იგივე შეკითხვა „ბათუმელებმა“ ახალ კორპუსში მცხოვრებ რამდენიმე ადამიანს დაუსვა. გამოკითხულების სრულმა უმრავლესობამ აღნიშნა, რომ ისინი ვალდებულებას „ქართულ ოცნებასთან“ გრძნობენ.

„გეთანხმებით, რომ ბიუჯეტის ხარჯზე გაკეთდა, მაგრამ რა ვიცი და,“ – გაღიმებას ცდილობს გურამ შაინიძე.

„სახელმწიფო მთავრობაა, გასაგებია, რომ თავისი ჯიბიდან არ ამოიღებს მილიონებს და არ გააკეთებს. რა თქმა უნდა, არის ბიუჯეტის დამსახურება, მაგრამ მთავრობამ უხელმძღვანელა ამ პროცესს,“ – კობა დიასამიძის პასუხში ჩანს, რომ როცა ხელისუფლებას სოციალური პოლიტიკა არ აქვს და ადამიანები წლობით თავშესაფარს ელიან, იზრდება ამომრჩეველზე გავლენის მოხდების მცდელობის რისკი.

განსხვავებული პოზიციაც მოვისმინეთ: მაგალითად, ლევან ალიბეგაშვილი მიიჩნევს, რომ კორპუსების აშენების გამო ანგარიშვალდებულებას ხელისუფლების მიმართ არ უნდა გრძნობდეს:

„არჩევნები რომ ვერ მოიგოს „ოცნებამ“, გაგვაგდებენ ამ სახლებიდან და გაგვასახლებენ? რაკი შემოგვასახლეს, კაციშვილი არ გაგვასახლებს, ჩვენ ჩვენი არჩევანი გვაქვს და შეგვიძლია ნებისმიერი ციფრი შემოვხაზოთ,“ – აღნიშნა ლევან ალიბეგაშვილმა „ბათუმელებთან“.

ახალი კორპუსის ეზო „ოცნების ქალაქში“

  • „ეს ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს შეიცავს“ – იურისტი 

მოსაძიებელია დოკუმენტაცია ამ უწყებებიდან, თუმცა რა ინფორმაციაც გვაქვს, ჩანს, რომ მმართველი პოლიტიკური პარტია უწევს მომსახურებას ამომრჩეველს ტრანსპორტირების სახით. ეს ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს შეიცავს. ეს უნდა გახდეს გამოძიების ინტერესის საგანი,“ – მიიჩნევს ირმა პავლიაშვილი, „ღია სივრცე კავკასიას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი.

ირმა პავლიაშვილი „სისხლის სამართლის კოდექსის“, ასევე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ კანონის იმ ჩანაწერებზე მიგვითითებს, რომლის მიხედვითაც ამომრჩევლის მოსყიდვა გულისხმობს საარჩევნო მიზნით, პირდაპირ ან არაპირდაპირ ფულის, ფასიანი ქაღალდის [მათ შორის, ფინანსური ინსტრუმენტის], სხვა ქონების, ქონებრივი უფლების, მომსახურების ან სხვა რაიმე უპირატესობის შეთავაზებას, დაპირებას, გადაცემას ან გაწევას, ან წინასწარი შეცნობით ასეთის მიღებას.

ირმა პავლიაშვილი ყურადღებას ამახვილებს პერსონალური მონაცემების დამუშავების წესის დარღვევაზეც, რაც შესაბამისმა სამსახურმა უნდა შეისწავლოს.

„როგორც თავად მოქალაქეები ჰყვებიან, ისინი გარკვეულ ინფორმაციას კოორდინატორებს უტოვებდნენ. თუმცა მოქალაქეებმა არ იციან, რა მიზნით ამუშავებენ ამ მონაცემებს. პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მიხედვით, მოქალაქემ, ვისი ინფორმაციაც მუშავდება, ზუსტად უნდა იცოდეს, რისთვის ხდება ამ ინფორმაციის დამუშავება, ასევე, პირმა, რომელიც ამ ინფორმაციას ამუშავებს, ინფორმაცია უნდა მიაწოდოს პირს, ვის პერსონალურ მონაცემებსაც ამუშავებს – უთხრას, რა ვადით შეინახავს ამ მონაცემს. უნდა არსებობდეს ინფორმირებული თანხმობა,“ – განმარტავს იურისტი ირმა პავლიაშვილი.

ირმა პავლიაშვილი

რამდენად გვაქვს საქმე ამომრჩევლის ნებაზე გავლენის მოხდენასთან, როცა 12-წლიანი პაუზის შემდეგ საარჩევნო წელს გადასცეს ადამიანებს ბინები, ხოლო ქოხებში დარჩენილებს ისევ ახალი კორპუსების აშენებას ჰპირდებიან?

„ჩვენ არაერთ არჩევნებზე გვინახავს მსგავსი პრაქტიკა, როცა წლების განმავლობაში არ კმაყოფილდება ამომრჩევლის მოთხოვნა, როცა კონკრეტულ ჯგუფს სერვისს არ აწვდიან და უშუალოდ საარჩევნო წელს ხდება ამ სერვისის მიწოდება. ეს ემსახურება იმას, რომ ამომრჩევლის კმაყოფილება გაიზარდოს და გავლენა მოახდინონ მის ნებაზე.

„ოცნების ქალაქის“ შემთხვევაშიც ეს ადამიანები გამოხატავენ კმაყოფილებას მმართველი პოლიტიკური პარტიის მიმართ. ეს ფაქტი შესწავლის საგანია,“ – გვითხრა ირმა პავლიაშვილი.

  • „ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანა და მანიპულაცია“ – საიას შეფასება 

„არანაირი პრაქტიკული ლოგიკით პარტია „ქართული ოცნების“ კოორდინატორები ამ პროცესში ჩართულები არ უნდა იყვნენ,“ – მიიჩნევს საიას ანალიტიკოსი, ნიკა ოდიკაძე. იურისტი განმარტავს, რომ ეს მავნე პრაქტიკაა, რასაც წლებია მიმართავს სახელისუფლებო პარტია. ამას გარდა, იურისტის აზრით, გამოძიება უნდა დაინტერესდეს, ხომ არ გვაქვს საქმე ამომრჩევლის ნებაზე გავლენის მოხდენასთან, რაც უკვე სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულია.

ნიკა ოდიკაძე

„ეს აზიანებს წინასაარჩევნო გარემოს, ეწინააღმდეგება საერთაშორისო გამოცდილებას და სტანდარტებს…

შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ, ხომ არ აქვს ადგილი რაიმე მანიპულაციას. კეთილი სურვილით და კარგი განზრახვის შემთხვევაში, იგივე სამოქალაქო რეესტრის მიერ მოქალაქეებისთვის მიცემული დოკუმენტაციასთან რა შეხება შეიძლება ჰქონდეთ კოორდინატორებს?

საჭირო იყო ეს პროგრამა და გადასცეს ბინები, ამის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, მაგრამ ეს შემთხვევაც აჩვენებს, რომ მოშლილია ზღვარი სახელმწიფოს და პარტიას შორის, როცა უსახლკარო ადამიანებმა ბინების გადაცემა აღიქვეს, როგორც მმართველი პარტიის – „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა და არა სახელმწიფოს მხარდაჭერა ბიუჯეტის ხარჯზე,“ – უთხრა ნიკა ოდიკაძემ „ბათუმელებს“.

  • „სახელმწიფოს ნაბიჯად კი არა, კონკრეტული პარტიის კეთილ ნებად აღიქმება“ – უფლებადამცველი 

უფლებადამცველი და უსახლკარობის საკითხებზე მომუშავე იურისტი, მარიამ ჯანიაშვილი „სოციალური სამართლიანობის ცენტრიდან“, პირველ რიგში, ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ხელისუფლებას უსახლკარობის საკითხზე სტრატეგიული დოკუმენტი, შესაბამისი კანონმდებლობა და ჩარჩო დოკუმენტი საერთოდ არ აქვს. ამ დროს კი, იზრდება მოწყვლად ჯგუფებზე წინასაარჩევნოდ გავლენის რისკი.

„მმართველი პარტია სიღარიბეს და სოციალურ მოწყვლადობას წინასაარჩევნოდ იყენებს, როგორც ინსტრუმენტალიზების და მანიპულაციის საშუალებას,“ – გვიყვება მარიამ ჯანიაშვილი. – „როცა ვსაუბრობთ „ოცნების ქალაქზე“, ცხადია, ამ ადამიანების მოთხოვნა წლების წინ უნდა დაკმაყოფილებულიყო, მაგრამ ისინი წლებია უშედეგოდ ითხოვდნენ ღირსეულ საცხოვრისს.

ამ მოთხოვნას საარჩევნო წელს ნაწილობრივ აკმაყოფილებენ, მაგრამ ეს არის სახელმწიფოს მიერ ადმინისტრირებული პროგრამა და არ შეიძლება იგი მიეწეროს რომელიმე პოლიტიკურ პარტიას. ჩვენ არ ვიცით ზუსტი წილი, ადამიანების რა რაოდენობა მიიჩნევს ახალი კორპუსების აშენებას „ქართული ოცნების“ დამსახურებად, მაგრამ ლოგიკურია, რომ ამ ვითარებაში ადამიანები მსგავს ინიციატივას აღიქვამენ კონკრეტული პოლიტიკური პარტიის კეთილ ნებად და არა საკუთარ უფლებად, რომ იცხოვრონ ღირსეულ საცხოვრისში. თითქოს ეს არის სახელმწიფოს საჩუქარი მოწყვლადი ჯგუფებისთვის და არა უფლება,“ – გვითხრა მარიამ ჯანიაშვილმა, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ პროექტების კოორდინატორმა, მკვლევარ-იურისტმა.

იურისტი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ კანონმდებლობასა და განმარტებით ბარათებშიც სახელმწიფო ჯერ კიდევ უსახლკარობის პრობლემის მოგვარებას არ უყურებს, როგორც უფლებას.

„უფრო საუბარია იმაზე, რომ ჩემი კეთილი ნებით, თითქოს ჩემი ჯიბიდან უნდა დაგეხმარო შენ, მოქალაქეს. ლოგიკურია, რომ ამ დამოკიდებულების დროს ადამიანებს უჩნდებათ ბენეფიტის დაკარგვის შიში… როცა, მაგალითად, „ოცნების ქალაქში“ ცხოვრობ და ბუნდოვანია შენი მომავალი, მოლოდინის რეჟიმში ხარ. ქვეყანაში არ არსებობს ჩარჩო, რომლის მიხედვითაც იქნება შემუშავებული შესაბამისი კანონმდებლობა და არა ის, რომ აი, როცა მომინდება, მაშინ შეიძლება გავაკეთო კონკრეტული პროგრამა,“ – აღნიშნა მარიამ ჯანიაშვილმა.

მარიამ ჯანიაშვილი

უფლებადამცველი კარგად იცნობს უსახლკარობის პრობლემის კუთხით ევროპულ გამოცდილებას. დასავლეთის ქვეყნების აქცენტია, მაგალითად, ადამიანის არათუ საცხოვრისით უზრუნველყოფა, არამედ მისი ადეკვატური მხარდაჭერა საცხოვრისს მიღმა.

ასევე, ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში უსახლკარო ადამიანებს ბინებს გადასცემენ არა საკუთრებაში, არამედ სარგებლობაში, ვიდრე ის გაძლიერდება და საცხოვრისით სარგებლობა სჭირდება.

„ჩვენთან, ერთი მუნიციპალიტეტის დონეზეც კი, განსხვავებული მიდგომაა: მაგალითად, „ოცნების ქალაქში“ ბინებს საკუთრებაში გადასცემენ, იმავე ბათუმში კი, შვეიცარიის სააგენტოს მიერ აშენებულ კორპუსში გრძელვადიან სარგებლობაშია გადაცემული ბინები. მიდგომები ნაციონალურ და ლოკალურ დონეც არ არის ნათელი და განჭვრეტადი.

ეს საკითხი ბედის ანაბარადაა მიტოვებული და პერიოდულად, ამგვარი ინიციატივებით, გარკვეულ ძვრებს ვხედავთ, რაც ამ მოცემულობაში, რაც ახლა „ოცნების ქალაქში“ არის, კონკრეტულ კითხვის ნიშნებს აჩენს.

ჩარჩო დოკუმენტში გაიწერებოდა მოკლე და გრძელვადიანი პერსპექტივები, რა პროგრამები და ინიციატივებს შეიძლება ველოდოთ. ეს ბუნდოვანება ისევ სიღარიბეში მყოფი, მოწყვლადი ჯგუფების ინსტრუმენტალიზების საფრთხეს ქმნის,“ – უთხრა მარიამ ჯანიაშვილმა „ბათუმელებს“.

————————-

მასალა მომზადებულია „სოციალური სამართლიანობის ცენტრთან” თანამშრომლობის ფარგლებში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: