მთავარი,სიახლეები

„5 წლის შვილი საკვების გარეშე დამიტოვეს, ანგარიშები დამიყადაღეს“ – სინდისის პატიმრის მეუღლე

16.04.2026
„5 წლის შვილი საკვების გარეშე დამიტოვეს, ანგარიშები დამიყადაღეს“ – სინდისის პატიმრის მეუღლე

სინდისის პატიმრის, გიორგი ოკმელაშვილის მეუღლე, თამთა ჩხეიძე 25 ათასი ლარით დააჯარიმეს და ანგარიშები დაუყადაღეს. თამთას 5 წლის შვილი ჰყავს და ოჯახში სხვა შემომტანი მის გარდა არავინაა.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება, რომელიც ტროტუარზე დგომის გამო აჯარიმებს და აპატიმრებს კიდეც ადამიანებს, არც მცირეწლოვანი ბავშვების მდგომარეობას ითვალისწინებს.

თამთას გარდა, ამ კვირაში კიდევ ერთი სინდისის პატიმრის, საბა სხვიტარიძის დედის ანგარიშებიც დააყადაღეს.

თამთა ჩხეიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ უკანონო ჯარიმები დღეს, 16 აპრილს, გაასაჩივრა და არ აპირებს ამ თანხების გადახდას. „არ მიმაჩნია, რომ რაიმე კანონი დავარღვიე“, – ამბობს თამთა.

„15 აპრილს, სადღაც 10:30-11:00-ის ნახევარზე დამირეკეს და მითხრეს, რომ მე მაქვს 5000-ლარიანი 5 ჯარიმა და გვაინტერესებს თუ გადაიხადეთო. თქვენგან გავიგე, რომ დაჯარიმებული ვარ-მეთქი, არც ვიცოდი.

აქ ჩანს, რომ ჯარიმის ოქმები ჩაბარებული გაქვთო. ვუთხარი, რომ არ ჩამბარებია და არც ინფორმაცია მქონდა ჯარიმების შესახებ. როგორც მითხრეს, 2025 წლის აგვისტოს, სექტემბრის და ოქტომბრის თვეებში გამოუწერიათ ჯარიმები ე.წ. „გზის გადაკეტვისთვის“.

ჯარიმების გარდა, გავიგე, რომ ანგარიშებიც დამიყადაღეს“, – ამბობს თამთა ჩხეიძე.

მისი თქმით, ოჯახში მხოლოდ თვითონ მუშაობს და ანგარიშების დაყადაღებით, ფაქტობრივად საკვების გარეშე დატოვეს მისი 5 წლის შვილიც.

„გუშინ მქონდა ხელფასის დარიცხვის დღე, ბანკში მერიცხება ხელფასი და აღმოჩნდა, რომ ანგარიში დაყადაღებული მაქვს. ჩემი ნებართვის გარეშე თანხის ჩამოჭრა არ შეუძლიათ, მაგრამ ვერც მე გამოვიყენებ ყადაღის გამო.

ამ ხელფასით ვაჭმევდი ბავშვს, ვასწავლიდი და ტანსაცმელს ვყიდულობდი. არ ვიცი, რატომ არის ჩემი შვილი რომელიმე დეპუტატის შვილზე ნაკლები, რომ ყველაფრის გარეშე დატოვეს.

ადვოკატი მარიკა არევაძე მეხმარება და დავწერე საჩივარი. ასევე გამოვითხოვე საპატრულოდან და სააღსრულებო ბიუროდან საბუთები, რომ დილით შევიტანო სასამართლოში“, – ამბობს თამთა.

დღეს არსებული რეპრესიული კანონების მიხედვით, ტროტუარზე დგომის გამო დაჯარიმებული ადამიანები შესაძლოა დააპატიმრონ კიდეც.

„15-დღიანი პატიმრობაა გათვალისწინებული ჯარიმების გადაუხდელობის შემთხვევაში, ამიტომ არც ის იქნება ამათგან გასაკვირი, რომ დამაკავონ. ჯარიმების გადახდას არ ვაპირებ, რადგან არ მიმაჩნია, რომ კანონი დავარღვიე და რაიმე დავაშავე. არ ვიმსახურებ არანაირ ჯარიმას“, – ამბობს თამთა ჩხეიძე.

მისი თქმით, საურავების ჩათვლით, ამ დროისთვის 26 400 ლარი ერიცხება ჯარიმად მთლიანობაში.

თამთას გარდა, ასევე დაყადაღებულია კიდევ ერთი სინდისის პატიმრის, საბა სხვიტარიძის დედის ელენე ახობაძის ანგარიშებიც. ჯარიმა გაასაჩივრა ელენე ახობაძემაც. „ვნახოთ სასამართლო რა გადაწყვეტილებას მიიღებს“- გვეუბნება ის.

მისი თქმით, პოლიცია 2025 წლის 2 ოქტომბერს „გზის გადაკეტვას“ ედავება. „ნამდვილად არ ვიყავი ამ დღეს რუსთაველზე, რადგან მეუღლის დაბადების დღე მქონდა და სტუმრები მყავდა.

დაყადაღების შესახებ 7 აპრილს გავიგე, 17:45 საათზე მომივიდა სმს-ი, პატიმრებისთვის ამანათების შეგზავნას, რომ ვაპირებდით. მანამდე არ მქონდა ინფორმაცია, რომ დაჯარიმებული ვიყავი“- ამბობს ელენე ახობაძე.

ე.წ „გზის გადაკეტვისთვის“ დაჯარიმებულია სინდისის პატიმრის მათე დევიძის და, ელენე დევიძეც. მას 2024-2025 წლებში გზის გადაკეტვას ედავებიან. იგივე მიზეზით ჰყავთ დაჯარიმებული სინდისის პატიმრის, ირაკლი ქერაშვილის დაც.

„ქართული ოცნების“ პარლამენტში გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ წარმომადგენლებს საკანონმდებლო ინიციატივა ჰქონდათ წარდგენილი, რომელიც ამ ჯარიმების ამნისტიას ითვალისწინებდა. თუმცა „ოცნების“ დეპუტატებმა ეს ინიციატივა ჩააგდეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: