მთავარი,სიახლეები

მერია კვარიათში მიწას ყიდის – წინასწარ ცნობილი მყიდველი 17-სართულიანი სასტუმროს აშენებას აპირებს

14.04.2026
მერია კვარიათში მიწას ყიდის – წინასწარ ცნობილი მყიდველი 17-სართულიანი სასტუმროს აშენებას აპირებს

კვარიათის დასახლებაში, მომაღლო, კარგად გამწვანებულ ადგილზე, ბათუმის მერია 691 კვ.მეტრ ფართობს აუქციონზე 181 500 ლარად ყიდის. ამას დაემატება ბიჯის ოდენობაც. თუმცა კონკურენტული გარემოს შექმნა ფაქტობრივად შეუძლებელი იქნება, რადგან გასაყიდი მიწის ნაკვეთის მომიჯნავე ტერიტორიები კონკრეტულ კომპანიას ეკუთვნის და მას უკვე გაცხადებული გეგმებიც აქვს.

ცვლილება საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში საკრებულომ 2026 წლის 30 მარტს დაამტკიცა.

საწყისი ფასის მიხედვით, კვ. მეტრის ფასი 262 ლარია, ამ ფასად კვარიათში მიწის ნაკვეთის ყიდვა ზღვის ხედით ფაქტობრივად შეუძლებელია. რა იქნება გაყიდვის პირობა, ჯერჯერობით, არ ვიცით. ეს ინფორმაცია საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში და მის განმარტებით ბარათში მოცემული არ არის.

მყიდველი, სავარაუდოდ, შპს „ბიზნეს ინოვეიშენ სთრათეჯი“ იქნება, რადგან სწორედ ეს კომპანია ფლობს გასაყიდი მიწის ნაკვეთის მეზობლად მიწის ნაკვეთებს.

კომპანიის ასი პროცენტი შპს „აჭარა ლენდს“ ეკუთვნის. ამ კომპანიის 80 პროცენტი სტანისლავ ცეცხლაძის საკუთრებაა, 20 პროცენტი კი არმაზ ხოზრევანიძის სახელზეა.

წითელი ფერით მონიშნულია მიწის ნაკვეთი, რომელიც მერიამ საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში შეიტანა, მის ირგვლივ მონიშნული ნაკვეთები კი შპს „ბიზნეს ინოვეიშენ სთრათეჯის“ საკუთრებაა.

კომპანიამ თავის საკუთრებაში არსებულ 6 მიწის ნაკვეთზე სასტუმრო კომპლექსის მშენებლობის მიზნით მერიას გეგმარებითი დავალების გაცემის თხოვნით უკვე მიმართა. თან აცნობა, რომ აქ ერთი 17-სართულიანი სასტუმროს და 18 ერთეული დასასვენებელი კოტეჯის აშენებას გეგმავს. დაგეგმილი აქვს ასევე მიწისქვეშა პარკინგის მოწყობაც.

კომპანია მერიას ასევე სწერს, რომ „საპროექტო ტერიტორიის არეალი წარმოადგენს საშუალო ინტენსივობის საცხოვრებელ ზონას (სზ-3) და მასში დადგენილი კ2 კოეფიციენტი სამშენებლოდ დასახული მიზნის სრულყოფილად ხორცშესხმის საშუალებას არ იძლევა“.

შესაბამისად, კ2 კოეფიციენტის გაზრდას ითხოვს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: