„ქართული ოცნების“ რუსული კანონების გამო, ყველა პროექტი დამეხურა. დონორმა კონტრაქტები შეგვიწყვიტა“, – ამბობს „შშმ ქალთა ალიანსის“ აღმასრულებელი დირექტორი დეა ერემაშვილი, რომლის ორგანიზაციაც წლების განმავლობაში აქტიურად იცავდა რეგიონში შშმ პირთა უფლებებს და ზრუნავდა მათ საჭიროებებზე.
„ბათუმელებთან“ დეა ერემაშვილი ამბობს, რომ შვედურ ფონდთან „კვინა ტილ კვინა“ (Kvinna till Kvinna), ორწლიანი კონტრაქტი 2025 წლის 25 იანვარს გააფორმა, თუმცა „ქართული ოცნების“ მიერ გრანტების კანონში შეტანილი ბოლო ცვლილების შემდეგ, დონორმა კონტრაქტის გაუქმება მოითხოვა.
„მანამდე ეს ორგანიზაცია სამი წელი გვაფინანსებდა და გვეხმარებოდა შშმ ქალების მხარდაჭერაში. როგორიცაა მაგალითად, იურიდიული და ფსიქოლოგიური დახმარების სერვისების უზრუნველყოფა. ასევე, ამ პროექტის ფარგლებში შევძელით უამრავი აქტივობის განხორციელება. მაგალითად, მთაში ექიმების ჩაყვანა, ქალების დასაქმების ხელშეწყობა. მარტო შარშან, 15 შშმ ქალი დავასაქმეთ მაღალანაზღაურებად სამსახურში არა მხოლოდ აჭარაში, არამედ თბილისშიც.
მომსახურების სექტორში დავასაქმეთ სმენადაქვეითებული პირები და შევძელით ჟესტური ენის კურსები დაგვეფინანსებინა, რომ ამ ადამიანებს სამომავლოდ დასაქმება შესძლებოდათ. ამან კარგი შედეგი გამოიღო იმის გამო, რომ სამმა ადამიანმა იდეალურად იმუშავა. 11 ადამიანი თბილისში დასაქმდა და კიდევ ვაგრძელებთ მუშაობას, რომ უფრო მეტი ადამიანი დავასაქმოთ სხვადასხვა ფილიალში.
ეს ორწლიანი კონტრაქტი კი კანონში შესული ცვლილებების გამო გაგვიუქმეს, რადგან დონორი ორგანიზაციის თანამშრომლებს ექმნებოდათ რისკი, „კვინა ტილ კვინას“ დირექტორი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ საზღვარზეც კი არ შემოუშვა. ამიტომ დონორმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ დროზე ადრე მოეშალა კონტრაქტი.
საერთოდ გააუქმა თბილისში ოფისი, რომელიც 20 წელზე მეტი არსებობდა და უამრავ ქალს დახმარებია, მათ შორის მსხვერპლი ქალებისთვის თავშესაფარს აფინანსებდა და ასე შემდეგ“, – ამბობს დეა ერემაშვილი.
მისი თქმით, 2025 წლის აგვისტოს მერე, მოხალისეობრივად მუშაობენ, რადგან არცერთი პროექტი აღარ აქვთ.
„შვედების გარდა ბრიტანული დონორი ორგანიზაცია „ზინკ ნეთვორქი“ (Zinc Network) გავიდა, რომელიც ქმნიდა ანტიგენდერული დეზინფორმაციის ალიანსს საქართველო-სომხეთში და პოლონეთში. მათაც დროზე ადრე გადაწყვიტეს საქართველო დატოვება.
ხუთი თანამშრომელი დარჩა უხელფასოდ, მათ შორის, სამი შშმ პირი და ერთი შშმ პირის მშობელი. ასევე კონტრაქტით გვყავდა ჟესტური ენის მასწავლებელი დაქირავებული, რომელიც ახალგაზრდებს ასწავლიდა ენას და ძალიან პოპულარული იყო ეს კურსები. 40-მდე ადამიანი გვყავდა მომლოდინეთა სიაში, მაგრამ ვეღარ ვახერხებთ პროგრამის გაგრძელებას, რადგან ფიზიკურად არ აქვს ორგანიზაციას არანაირი რესურსი.
მე „დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრში“ ვარ ასევე დასაქმებული და იქაც ფაქტობრივად 80%-ით შემცირდა შემოსავალი“, – ამბობს დეა ერემაშვილი.
მისი თქმით, რუსული კანონების ნეგატიური ეფექტი უკვე აისახა შშმ თემზე, რადგან უკვე პრობლემაა იურიდიული სერვისის მიღება შშმ პირებისთვის. „ჩვენი იურისტი, ჯერჯერობით მოხალისეობრივად მუშაობს, რადგან ვერ დავტოვებთ ადამიანებს სრულიად დაუცველად. განსაკუთრებით რეგიონებში დარჩნენ ადამიანები იურიდიული სერვისის გარეშე, ფსიქოლოგის დახმარებაზე კი საერთოდ ლაპარაკიც არ არის.
ჩვენი ორგანიზაცია ახალ პროგრამებს ნერგავდა, ადვოკატირებას უწევდა სხვადასხვა საკითხს და ამიტომ იყო, რომ აჭარაში შედარებით კარგი პროგრამებია დანერგილი. მაგალითად, დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფა, რომელიც მხოლოდ აჭარაში ფინანსდება.
პირადად ჩემი ინიციატივა იყო, რომ შშმ მშობლები 2000 ლარის მხარდაჭერას იღებენ სახელმწიფოსგან და ეს იყო მნიშვნელოვანი სტიმული შშმ პირებისთვის, რომ ოჯახი შეექმნათ და დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ ნაბიჯი გადაედგათ“, – ამბობს დეა ერემაშვილი.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მონაწილეობა არ მიუღიათ, რადგან მათთვის მიუღებელია „ოცნების“ ხელისუფლების ანტიდასავლური პოლიტიკა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს აყენებს ზიანს.
„ასეთი ხელისუფლების მიერ გამოცხადებულ კონკურსში ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ.
ის ორგანიზაციები, რომლებსაც ბიუჯეტიდან მისცეს გრანტი და თითქოს შშმ საკითხებზე მუშაობენ, არც კი ვიცით ვინ არიან. მხოლოდ ერთ ორგანიზაციაზე გვაქვს ინფორმაცია, მაგრამ დანარჩენ ორგანიზაციებზე წარმოდგენა არ გვაქვს ვინ არიან, რა გაუკეთებიათ ან რას გააკეთებენ. შინაარსობრივადაც რომ შევხედოთ, ისეთი დაბალი დონის პროექტებია, ვერცერთი დონორისგან ვერ მიიღებდნენ ალბათ დაფინანსებას.
„ინვალიდ-დიაბეტიანთა ორგანიზაციას“ რომ აძლევ გრანტს, წესით უნდა ხვდებოდე, როგორ იმუშავებს ეს ორგანიზაცია შშმ პირების უფლებებზე.
წლებია დისკრიმინაციული ტერმინების აღმოფხვრაზე ვმუშაობთ და ესენი ახლა იყენებენ ტერმინს, რომელიც შშმ პირს უსარგებლოდ მოიხსენიებს. ამ დასახელებით უკვე ყველაფერი ნათქვამია“, – ამბობს დეა ერემაშვილი.
დეას თქმით, „ოცნება“ ცდილობს ყველაფერი მოიმოქმედოს ამ ქვეყანაში თავისუფალი, სამოქალაქო საზოგადოების დასაზიანებლად, თუმცა შშმ პირების უფლებადამცველებიც გააგრძელებენ საკუთარი უფლებების ბრძოლას, „რადგან ეს ჩვენი ცხოვრებაა და არა მხოლოდ სამსახური“.






